42-ე მუხლის მე-9 პუნქტი

„საქართველოს კონსტიტუციის 42- მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან.““. აქედან გამომდინარე: ყველასათვის გარანტირებულია უკანონოდ მიყენებული ზარალის ანაზღაურება; ზარალი მიყენებული უნდა იყოს სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან; მიყენებული ზარალი ანაზღაურდება სასამართლო წესით; ანაზღაურება მოხდება სრულად სახელმწიფო სახსრებიდან.“

საქართველოს მოქალაქეები ალექსანდრე დანელია და გიორგი ცომაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/2-14/19,  30 დეკემბერი, 1996

 

„საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში საუბარია, ზოგადად, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ მიყენებულ ზიანზე. ამ ნორმით გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება – სასამართლოსთვის მიმართვა, ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს.“

საქართველოს სახალხო დამცველი  საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/3/423, 7 დეკემბერი, 2009

 

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის უპირველეს მიზანს წარმოადგენს  დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში  გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ  მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას.“

საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/3/630,  31 ივლისი, 2015

 

„საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას  რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი;  2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით;  3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის.“

საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/3/630,  31 ივლისი, 2015

 

საჯარო მოხელის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში ჩამოთვლილ სუბიექტთა მიერ ჩადენილი უკანონო ქმედების შედეგს. შესაბამისად, კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და თვითმმართველობის ორგანოებს ეკისრება პირის უკანონოდ გათავისუფლების ყველა შემთხვევაში, იმისდა მიუხედავად, გათავისუფლებისას დაირღვა თუ არა მატერიალური თუ საპროცესო ნორმების მოთხოვნები, უკანონობა უკავშირდება გათავისუფლების საფუძვლის უკანონობას თუ გათავისუფლების პროცედურის მარეგულირებელი ნორმების უხეშ დარღვევას.“

საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/3/630,  31 ივლისი, 2015

 

„უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისათვის მიყენებული ზარალი შესაძლოა სხვადასხვა სახით იყოს გამოხატული, მათ შორის, არამატერიალური ფორმით. უკანონოდ განთავისუფლებული პირი, გარდა იმისა, რომ ვერ იღებს იძულებითი გაცდენის პერიოდში ნავარაუდებ ანაზღაურებას, განიცდის მის მიმართ განხორციელებული უკანონობის თანმხლებ უარყოფით შედეგებსაც, რაც ცალკეულ შემთხვევაში, შესაძლოა გამოხატულ იქნეს, საზოგადოების ან/და პოტენციური დამსაქმებლების მხრიდან, მის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებაში, რაც ნეგატიურად აისახება გათავისუფლებული მოხელის როგორც ქონებრივ მდგომარეობაზე, ასევე მის სამსახურებრივ რეპუტაციაზე. შესაბამისად, უკანონოდ განთავისუფლება შესაძლოა პირს აყენებდეს როგორც ქონებრივ, ასევე მორალურ ზიანს, რაც წარმოადგენს ზარალს, რომლის ანაზღაურებაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით.  საჯარო მოხელის თანამდებობრივი სარგო არის გასაცემელი, რომელსაც სახელმწიფო გასცემს საჯარო მოხელის ინდივიდუალური მახასიათებლების ან/და კვალიფიკაციის მიუხედავად. აღნიშნულისგან განსხვავებულია კანონმდებლობით განსაზღვრული ხელფასის შემადგენელი  პრემიებისა და დანამატების ბუნება, რომლებიც მოხელეზე გაიცემა  კანონით გათვალისწინებული პირობების და საფუძვლის არსებობის შემთხვევაში და  მათი გაცემა კონკრეტულ გარემოებებზეა დამოკიდებული.“

საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/3/630,  31 ივლისი, 2015

 

„კონსტიტუციის  დებულება იმპერატიულად ადგენს მიყენებული  ზარალის სრულად ანაზღაურების ვალდებულებას. მისი მოქმედება არ შემოიფარგლება რომელიმე კონკრეტულ სფეროში მიყენებული ზარალის ანაზღაურების საკითხის მოწესრიგებით და მისი  რეგულირების სფეროში ექცევა ნებისმიერი ზარალი, რომელიც გამოწვეულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველი ერთეულების თანამდებობის პირთა ქმედებით. საქართველოს  კონსტიტუციით განსაზღვრული ზარალის  სრული ანაზღაურების ვალდებულება გულისხმობს არა კონკრეტული სუბიექტის (თუნდაც კანონმდებლის მიერ) მიერ წინასწარ დადგენილი ზღვრული ოდენობით, არამედ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირისათვის რეალურად მიყენებული ზარალის სრული მოცულობით  ანაზღაურების ვალდებულებას. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა დამოკიდებულია სხვადასხვა გარემოებებზე და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იგი შესაძლებელია განსხვავებული იყოს პირის ფუნქციური დატვირთვიდან,  კვალიფიკაციიდან, საქმიანობის სფეროდან და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე.  პირს ზარალის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება ენიჭება იმისდა მიუხედავად, სასამართლოსთვის მიმართვის ან/და გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის ის ფაქტობრივად დასაქმებულია თუ არა. კერძოდ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გათავისუფლებული პირი მოგვიანებით დამსაქმებლის ინიციტივით აღდგენილი  ან დანიშნული იქნება სხვა თანამდებობაზე, აღნიშნული არ ართმევს პირს უფლებას, მოითხოვოს უკანონოდ გათავისუფლებით მისთვის რეალურად მიყენებული ზარალის ანაზღაურება. შესაბამისად, სამსახურში ფაქტობრივად აღდგენა, ისევე როგორც პირის სხვა სამსახურში (მათ შორის კერძო სექტორში) დასაქმება, ვერ გაათავისუფლებს სახელმწიფოს  უკანონოდ გათავისუფლებით პირისათვის მიყენებული ზარალის სრული მოცულობით ანაზღაურების ვალდებულებისგან, თუმცა შესაძლებელია, განსხვავებული იყოს ასანაზღაურებელი ზარალის კონკრეტული ოდენობა.“

საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/3/630,  31 ივლისი, 2015

 

„ზარალის ოდენობა იზრდება იძულებითი გაცდენის ხანგრძლივობასთან ერთად და მისი მოცულობა დამოკიდებულია   სხვადასხვა ობიექტურ თუ სუბიექტურ გარემოებებზე, რომლებიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსხვავებული იქნება თავად ურთიერთობის, შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკის, დასაქმებულის პიროვნებისა თუ შესაძლებლობების გათვალისწინებით. საჯარო მოხელე შრომის ანაზღაურებას იღებს მის მიერ შესრულებული სამუშაოსათვის. იძულებითი გაცდენის დროს არ ხდება პირის მიერ სამუშაოს შესრულება და  ამ დროს მიყენებული ზარალი შეიძლება ყოველთვის არ იყოს იძულებითი გაცდენის პერიოდში მისაღები ხელფასის იდენტური. შესაბამისად, თითოეულ ინდივიდუალურ შემთხვევაში განსაზღვრული უნდა იქნეს უკანონოდ განთავისუფლებით პირისთვის მიყენებული ზარალის კონკრეტული ოდენობა. ზარალის მოცულობა შეიძლება გაიზარდოს იმ შემთხვევაშიც, როდესაც  პირის სამსახურში აღდგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების არსებობის მიუხედავად, დაწესებულება აჭიანურებს მის აღსრულებას.“

საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/3/630,  31 ივლისი, 2015

 

„საკანონმდებლო წესით პირის უკანონოდ გათავისუფლების შემთხვევაში ასანაზღაურებელი ზიანის ერთიანი, კონკრეტულად განსაზღვრული ოდენობის დადგენა ნებისმიერი უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის და ნებისმიერი უკანონოდ გათავისუფლების შემთხვევისათვის, საქმის და მოხელის კონკრეტული ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინების გარეშე, ვერ უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას. რეალურად მიყენებული ზარალის ოდენობა არ არის დამოკიდებული მხოლოდ განაცდური პერიოდის ხანგრძლივობაზე და ყოველ კონკრეტულ მოხელესთან მიმართებით შესაძლებელია, განსხვავებული იყოს.  შესაბამისად, მისი ოდენობა შესაძლოა იყოს 3 თვის თანამდებობრივ სარგოზე ნაკლები ან მნიშვნელოვნად აღემატებოდეს მას.“

საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/3/630,  31 ივლისი, 2015

 

„საბიუჯეტო სახსრების სწორად და საჭიროებისამებრ გადანაწილებაზე დიდწილად არის დამოკიდებული სახელმწიფოს და ადგილობრივ მუნიციპალიტეტთა განვითარება და სხვადასხვა პროექტების განხორციელება.  სასამართლო აღნიშნავს (ეთანხმება მოპასუხეს), რომ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა უნდა განხორციელდეს რაციონალურად, პრიორიტეტების სწორი გადანაწილების და, თითოეული მოქალაქის კანონიერი ინტერესების შეძლებისდაგვარად გათვალისწინებით.  კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი უფლება და საბიუჯეტო ხარჯი განუყოფელია ერთმანეთისაგან და სახელმწიფოს მიერ ასეთი ხარჯების გაწევის ვალდებულებას დასახელებული უფლება თავისთავად მოიაზრებს. შესაბამისად, საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვა თავისთავად ვერ გახდება ამ უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზეზი. ცალკეულ შემთხვევაში, როდესაც ზიანის ანაზღაურების ხარჯი იმდენად მძიმე ტვირთად აწვება სახელმწიფო ბიუჯეტს, რომ მისი ანაზღაურება საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს ფუნქციონირებას, ფისკალურ და ეკონომიკურ უსაფრთხოებას, შესაძლებელია მსჯელობა ზიანის ანაზღაურების უფლების შეზღუდვაზე,  გადახდის განაწილვადებისა თუ სხვა ფორმებით. სახელმწიფო ფისკალური და ეკონომიკური უსაფრთხოება მნიშვნელოვან ლეგიტიმურ ინტერესს წარმოადგენს და მისთვის საფრთხის შექმნა თავისთავად არ მოიაზრება კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით დაცული უფლების ნაწილად, შესაბამისად,  გონივრული ბალანსის დაცვის მიზნით, უფლების გარკვეულწილად შეზღუდვა შესაძლებელია გამართლებული იყოს, თუმცა, თავისთავად, ცალკე აღებული საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის ინტერესი ვერ გამოდგება კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით დაცული უფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ საფუძვლად. 

საბიუჯეტო სახსრების სიმცირის მოტივით სახელმწიფოს გათავისუფლება მისი სახელით მოქმედი თანამდებობის პირების უკანონო ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისგან, ქმნის საფრთხეს, რომ შესაბამისმა სუბიექტებმა, კონკრეტულ შემთხვევაში, საკუთარი თვითნებური ქმედებები გაამართლონ საბიუჯეტო სახსრების სიმწირისა და მისი დაზოგვის მიზნით. ამგვარი შესაძლებლობის მინიჭება თავად უფლების არსებობას დაუკარგავდა აზრს, ვინაიდან ხშირ შემთხვევებში შეუძლებელი გახდებოდა მიყენებული ზიანის  ანაზღაურება.“

საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/3/630,  31 ივლისი, 2015

 

„კერძო პირის ინტერესი, აინაზღაუროს ზიანი, უკავშირდება შესაბამისი პირებისა და ორგანოების უკანონო ქმედებას, რომელშიც თავად გათავისუფლებული პირი, როგორც წესი, არ მონაწილეობს. სადავო ნორმით დადგენილ განთავისუფლების შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს მოხელის მხრიდან განხორციელებული არამართლზომიერი ქმედება. ერთადერთი უკანონო ქმედება ჩადენილია გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები მოხელის მიერ, რომელიც არამართლზომიერად ათავისუფლებს მისთვის სამსახურებრივად დაქვემდებარებულ პირს. შესაბამისად, მოხელე საფუძველშივე მოკლებულია შესაძლებლობას, გავლენა მოახდინოს და თავიდან აირიდოს მისთვის ზიანის მიყენება ან შეამციროს მისი მოცულობა, რაც მისი დაცვის მომეტებულ საჭიროებას ქმნის. მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება ზიანის წყარო, პირის ინტერესს წარმოადგენს თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენა და ზიანით მიყენებული  მატერიალური დანაკლისის შევსება.

გათავისუფლებულ პირს არც სამართლებრივი დავის ხანგრძლივობაზე შეუძლია ზემოქმედების მოხდენა, ვინაიდან მხარისთვის ამგვარ შესაძლებლობას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს. შესაბამისად, თავად უკანონოდ გათავისუფლებულ პირს,  არ შეუძლია რაიმე სახის აქტიური ქმედებით შეამციროს ან შეინარჩუნოს არსებული ზიანი, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს პროცესზე მისი  ზეგავლენა.“

„უკანონოდ გათავისუფლებული პირის უფლება, მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე, გათვალისწინებულია რიგი საერთაშორისოსამართლებრივი აქტებითაც. მათ შორის – სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლით; შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 1982 წლის C 158 კონვენციის (Termination of Employment Convention) მე-10 მუხლი სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ პირს ანიჭებს უფლებას სასამართლოს მიერ მისთვის სამართლიან და ადეკვატურ კომპენსაციაზე, ხოლო 1963 წლის რეკომენდაციის R 118 (Termination Of Employment Recommendation) მე-6 პარაგრაფი ითვალისწინებს სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული პირის უფლებას მიუღებელ ხელფასზე.  საქართველოსა და ევროკავშირს,  ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის 2014 წლის 27 ივნისს დადებული შეთანხმების 228-ე და 229-ე მუხლები აღიარებენ და იცავენ შრომის საერთაშორისოდ დამკვიდრებულ, მათ შორის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ დადგენილ სტანდარტებს, განამტკიცებენ თითოეული დასაქმებული პირისათვის ღირსეული შრომის უფლების საკანონმდებლო იმპლემენტაციის ვალდებულებას სახელმწიფოთათვის.

საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/3/630,  31 ივლისი, 2015

 

„პირისთვის მიყენებულ ზარალთან ერთად აუცილებელია, დადგინდეს მიზეზობრივი კავშირის არსებობაც. კერძოდ, მიზეზობრივიკავშირი გულისხმობს, რომდამდგარიშედეგი – ზარალი უნდაიყოს უშუალოდ სახელმწიფო ორგანოს უკანონო ქმედებით (აქტით) გამოწვეული და არ დადგებოდა, რომ არა შესაბამისი ორგანოს უკანონო ქმედება (აქტი).“

საქართველოს მოქალაქეები  მერი გიორგაძე და ფიქრია მერაბიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, № 2/4/735 , 21 ივლისი, 2017

 

„უნდა დადგინდეს, რა შემთხვევებში არ იღებს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული ორგანო პირის სამსახურში აღდგენის შესახებ. უპირველეს ყოვლისა, ასეთი შემთხვევა სახეზეა მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო (დაწესებულება) საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად დაასკვნის, რომ პირის გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი არსებობდა და პირი არ უნდა აღდგეს სამსახურში. ასეთ შემთხვევებში ხელფასის მიუღებლობა გამოწვეული არ არის ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით, ვინაიდან პირის სამსახურიდან გათავისუფლება საქმისთვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოების შესწავლის პირობებშიც მოხდებოდა. შესაბამისად, აშკარაა, რომ არ არსებობს მიზეზობრივი კავშირი განაცდური ხელფასის მიუღებლობასა და უკანონო აქტს შორის. აქტის უკანონობა განაპირობა არა იმ გარემოებამ, რომ პირის გათავისუფლებას რეალურად არ გააჩნდა შესაბამისი მატერიალურსამართლებრივი საფუძვლები, არამედ იმან, რომ პროცესუალურად ამ საფუძვლების გამოკვლევა და დადგენა არ განხორციელდა სრულყოფილად.“

საქართველოს მოქალაქეები  მერი გიორგაძე და ფიქრია მერაბიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, № 2/4/735 , 21 ივლისი, 2017

 

„საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციურსამართლებრივი გარანტიის დანიშნულებაა, რომ პირს გააჩნდეს ეფექტური, ქმედითი მექანიზმი, რათა აინაზღაუროს სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების უკანონო ქმედებებით მიყენებული მატერიალური და არამატერიალური ზარალი. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის მიზანი არ გულისხმობს პირისათვის რაიმე კომპენსაციის მიცემას იმ შემთხვევაში, როდესაც არ დასტურდება, რომ არსებობს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ ზარალსა და სახელმწიფო ორგანოსა თუ თანამდებობის პირის მიერ ჩადენილ უკანონო ქმედებას შორის.“

საქართველოს მოქალაქეები  მერი გიორგაძე და ფიქრია მერაბიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, № 2/4/735 , 21 ივლისი, 2017

 

„ისეთ შემთხვევებში, როდესაც სახელმწიფო დაწესებულება საქმის გარემოებების სრულყოფილი შეფასების შედეგად მივა დასკვნამდე, რომ არსებობდა პირის სახელმწიფო სამსახურიდან გათავისუფლების მატერიალურსამართლებრივი საფუძველი, არ იკვეთება მიზეზობრივი კავშირი დამდგარ ზარალსა და პირის თანამდებობიდან უკანონო გათავისუფლებას შორის. ასეთ შემთხვევაში პირის მიერ ხელფასის მიუღებლობა ვერ შეფასდება როგორც სახელმწიფო ორგანოების უკანონო ქმედებით მიყენებული ზარალი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის მიზნებისთვის.“

საქართველოს მოქალაქეები  მერი გიორგაძე და ფიქრია მერაბიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, № 2/4/735 , 21 ივლისი, 2017

 

„სადავო ნორმა განაცდურის ანაზღაურების საკითხს უკავშირებს მოხელის სამსახურში აღდგენის ფაქტს და არა იმ გარემოების დადგენას, არსებობდა თუ არა პირის გათავისუფლების მატერიალურსამართლებრივი საფუძველი. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებიდან სასამართლოს დავალების შედეგად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისი აღდგენის საკითხის განხილვის მომენტამდე, როგორც წესი, დროის გარკვეული პერიოდი გადის. შესაძლებელია, ამ დროში ფაქტობრივი მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვალოს და უსაფუძვლოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელი გახადოს. ამდენად, სადავო ნორმაში მითითებული სამსახურში აღდგენის ფაქტი შესაძლოა, უსაფუძვლოდ გათავისუფლების ყველა შემთხვევაში არ დადგეს და არსებობდეს შემთხვევები, როდესაც დადგინდება, რომ პირი უსაფუძვლოდ განთავისუფლდა, თუმცა რიგი ობიექტური გარემოებების გამო შეუძლებელია მისი სამსახურში აღდგენა. 

სადავო ნორმა ზღუდავს განაცდურის მიღების უფლებას იმ შემთხვევაშიც, როდესაც დაწესებულების მიერ საქმის სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად დადგინდება, რომ არ არსებობდა პირის განთავისუფლების კანონიერი საფუძველი. შესაბამისად, დაწესებულებას პირი უკანონოდ რომ არ გაეთავისუფლებინა, იგი გააგრძელებდა საქმიანობას დაკავებულ თანამდებობაზე და მიიღებდა თანამდებობრივ სარგოს. ამგვარად, ასეთ შემთხვევებში სახეზეა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ზარალის ანაზღაურების კომპონენტი – მიზეზობრივი კავშირი დაწესებულების უკანონო აქტსა და მიყენებულ ზარალს – იძულებით განაცდურს შორის.“

საქართველოს მოქალაქეები  მერი გიორგაძე და ფიქრია მერაბიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, № 2/4/735 , 21 ივლისი, 2017

Back to Top