დელფის საქმე – გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა კიბერ-სფეროში

2006 წელს, ესტონურმა ელექტრონულმა საინფორმაციო პორტალმა „დელფიმ“ გამოაქვეყნა მორიგი სტატია, რომელიც უკავშირდებოდა კერძო კომპანიის საქმიანობას.აღნიშნულ სტატიას გამოეხმაურა რამდენიმე ასეული მომხმარებელი. მათი კომენტარების ნაწილი მოიცავდა შეურაცხყოფასა და მუქარას. კერძო კომპანიამ სასამართლო წესით მოითხოვა კომენტარების წაშლა და მორალური ზიანის ანაზღაურება 500 000 კრონას ოდენობით. საინფორმაციო პორტალმა, მართალია წაშალა კომენტარები, მაგრამ უარი თქვა ზიანის ანაზღაურებაზე.

ესტონეთის სასამართლოს აზრით, მომხმარებლების მიერ კომენტირების სივრცე გამიჯნულია ჟურნალისტური სივრციდან. თუმცა, შემდგომში სააპელაციო სასამართლომ წინა ინსტანციის გადაწყვეტილება მცდარად ჩათვალა და საქმე ხელახლა გადაისინჯა.  ახალი გადაწყვეტილების მიხედვით, საინფორმაციო პორტალი ჩაითვალა კომენტარების „გამომქვეყნებლად“ და შესაბამისად, ვერ გაექცეოდა პასუხისმგებლობას მის გამო.  სასამართლომ მიიჩნია რომ კომენტარების მიმართ არსებული რეგულაციები არ იყო საკმარისი ხალხის უფლებების დასაცავად. აღსანიშნავია, რომ თვითონ სტატიის შინაარსის მიმართ სასამართლოებს არ ჰქონიათ პრეტენზია. საბოლოოდ, ესტონეთის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა რომ სიტყვის თავისუფლება არ ვრცელდება შეურაცხმყოფელ კომენტარებზე და აღიარა კერძო კომპანიის უფლებების დარღვევა, რომელსაც აკრიტიკებდნენ საინფორმაციო პორტალის – „დელფის“ მომხმარებლები. სასამართლომ დელფი გაამტყუნა მიუხედავად იმისა, რომ კომენტარების წინასწარი მოდერირება არ ხდებოდა; საიტზე მითითებული იყო, რომ პორტალი არ იღებდა პასუხისმგებლობას მომხმარებლების კომენტარებზე და არ გამოხატავდა სააგენტოს პოზიციას; ნებისმიერ მომხმარებელს საშუალება ეძლეოდა შეტყობინება გაეგზავნა სააგენტოსთვის, მიეთითებინა შეურაცხმყოფელი კომენტარი და მოეთხოვა წაშლა (რაზეც რედაქცია რეაგირებდა მუდმივად); პირს, რომელსაც შეელახებოდა რეპუტაცია აღნიშნული კომენტარებით, ასევე შეეძლო მოეთხოვა კომენტარების წაშლა.

2009 წელს, საინფორმაციო პორტალმა „დელფიმ“ სახელმწიფოსთან დავა გააგრძელა ევროპის სასამართლოში. პორტალი ასაბუთებდა, რომ ესტონეთის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არღვევდა ევროპული კონვენციის მეათე მუხლს, ინფორმაციის თავისუფლად გავრცელების უფლებას. პორტალის, და არა კომენტარების ავტორების „დასჯა“, არ პასუხობდა ლეგიტიმურ საჯარო მიზანსა და არ აყენებდა დემოკრატიულ საზოგადოებას საფრთხეს. არსებული რეგულაციები საკმარისი იყო აღნიშნულის დასაცავად.  ესტონეთის სასამართლოს გადაწყვეტილების გამო სააგენტო იძულებული გახდა ყველა კომენტარის კონტროლი სათითაოდ მოეხდინა, იმ პირობებში, როდესაც დღიურად სააგენტოს ვებ- გვერდზე მომხმარებლების 10 000-მდე კომენტარი თავსდება.

საქმის განხილვისას ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ „დელფის“ გონივრულ ფარგლებში უნდა განესაზღვრა ის მოსალოდნელი შედეგები, რომელიც შეეძლო საინფორმაციო პორტალზე დატოვებულ კომენტარებს გამოეწვია. სასამართლომ მიიჩნია, რომ „დელფის“ მიმართ ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით დაცული უფლების შეზღუდვა სრულებით პასუხობდა ლეგიტიმურ საჯარო მიზანს, კონკრეტულად კი მესამე პირების რეპუტაციის დაცვას. ასევე, სასამართლომ აღნიშნა რომ საინფორმაციო სააგენტოს მიმართ დაკისრებული პასუხისმგებლობა (რადგან დაუშვა მისი გამოქვეყნება) არ გამორიცხავდა კომენტარების ავტორების მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრებასაც. სასამართლომ დაადგინა, რომ კომენტარები ერთმნიშვნელოვნად შეურაცხმყოფელი იყო და სააგენტოს არ გაუტარებია არანაირი ზომა მის წასაშლელად; სააგენტოს მოქმედებებს ხელს უწყობდა ის მომენტი რომ საიტზე ანონიმურადაც შეიძლებოდა კომენტარის დატოვება, რაც ართულებდა პასუხისმგებლობის დაყენების საკითხს მომხმარებლების მიმართ; და ესტონეთის სასამართლოს მიერ დაკისრებული ზიანის ანაზღაურება 320 ევრო არ ყოფილა არაპროპორციული ჯარიმა.

ევროპის სასამართლო ერთსულოვნად მივიდა დასკვნამდე, რომ ადგილობრივი სასამართლოების გადაწყვეტილება იყო პროპორციული გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროში ჩარევის საკითხში.

ამ გადაწყვეტილებას მრავალი კრიტიკა მოყვა, რადგან სასამართლომ არ გაითვალისწინა ეროვნული სასამართლოს სიტყვის თავისუფლების დაცვის სტანდარტები. ასევე, იმის გამო, რომ “დელფის” ცნობა მოხდა როგორც კომენტარების გამომქვეყნებლის , რომელზეც არ გავრცელდა ინტერნეტ სერვისებზე დადგენილი შეზღუდული პასუხისმგებლობა, რომელიც განსაზღვრულია ევროკავშირის სამართლით და მრავალი საერთაშორისო აქტით.

2014 წელს საქმე გადაეცა ევროპული სასამართლოს დიდ პალატას. მისი გადაწყვეტილება 2015 წლის 16 ივნისს გამოქვეყნდა (Delfi AS v. Estonia (no.64569/09).) დიდმა პალატამ გაიზიარა წინამორბედი გადაწყვეტილება და 15 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაადასტურა, რომ ამ საქმეში არ გვხვდებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა.

დელფი ყველა ინსტანციის სასამართლოში მსჯელობას ამყარებდა იმ ლოგიკაზე, რომ გამოხატვის თავისუფლება ეხება ინტერნეტ მომხმარებლების შექმნილ შინაარსსაც ისეთი შუამავლისთვის, როგორიც საინფორმაციო პორტალია. წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფოებმა შეიძლება გადაწყვიტონ რის გავრცელება შეიძლება ინტერნეტში და რის არა. „ყოველ წუთს ვიდეო პორტალ youtube-ზე იტვირთება 130 საათის ხანგრძლივობის ვიდეო ჯამში, Facebook-ზე თავსდება 40 000 შეტყობინება, wordpress-ზე 2000 ბლოგი. ეს ციფრები ნათლად აჩვენებს მისი მიდევნებისა და გადამუშავების ფაქტობრივ შეუძლებლობას.“ – „დელფის“ ადვოკატი კარმენ ტურკი.

გადაწყვეტილების საპასუხოდ, ორგანიზაცია „19-ე მუხლის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თომას ჰაგსმა აღნიშნა, რომ : „ევროპის სასამართლომ სერიოზული დარტყმა მიაყენა გამოხატვის თავისუფლებას ონლაინ სივრცეში, გამოამჟღავნა რა, შემაშფოთებლად ნაკლები ცოდნა საკითხების, რომელიც მოიცავს შუალედურ პასუხისმგებლობებს და მიმართულებებს, თუ როგორ მუშაობს ინტერნეტი.

მათი პოზიციით, ევროპის სასამართლომ გამოამჟღავნა ღრმა მარცხი ევროკავშირის საკანონმდებლო ბაზის ცოდნაში, შუალედური პასუხისმგებლობების ასპექტში. „მე-19 მუხლი“ შიშობს, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას ექნება მტკივნეული ეფექტები გამოხატვის თავისუფლების კუთხით. ის ასევე ძირს გამოუთხრის ახალი ამბების გამომცემლების ბიზნეს მოდელს, იმ დროს, როცა ახალი ამბების ინდუსტრიას ისედაც უწევს გადარჩენისთვის დიდი ბრძოლა.

მიუხედავ იმისა, რომ „დელფიმ“ შეურაცხმყოფელი კომენტარები წაშალა, როგორც კი ამის შესახებ შეატყობინეს პორტალს, ესტონეთის სასამართლომ მას დააკისრა პასუხისმგებლობა  იმისთვის, რომ ვერ შეძლო მომხმარებლების მხრიდან არაკანონიერი კომენტარების (რომელიც კომენტარების განყოფილებაში ქვეყნდება) კეთების თავიდან აცილება. აქედან გამომდინარე, ევროპის სასამართლოს დიდმა პალატამ დაადასტურა გადაწყვეტილება, რომელიც არამარტო არსებითად უთხრის ძირს ევროპულ საკანონმდებლო ბაზას, არამედ ადგენს გამოხატვის თავისუფლების დაცვის უფრო დაბალ ზღურბლს, ვიდრე „შემჩნევა- წაშლის“ ევროკავშირის რეჟიმი (notice-and-takedown regime).

მნიშვნელოვანია, რომ ელექტრონული ურთიერთობების დირექტივის მიხედვით (E-commerce directive (ECD) ), რომ “„დელფი” პასუხისმგებლობისგან უნდა განთავისუფლდეს, ვინაიდან უზრუნველყო კომენტარების წაშლა, მათი იდენტიფიცირებისთანავე. რეგულაციის მიხედვით, პასუხისმგებლობის საკითხი დგება თუ არ იქნება მიღებული შესაბამისი ზომები შემჩნევის შემდეგ, რომლის შედეგადაც უნდა შეიზღუდოს მესამე მხარე ( ამ შემთხვევაში მომხმარებელი, რომელიც კომენტარს აკეთებს პორტალზე).

გადაწყვეტილება პასუხისმგებლობას აკისრებს საინფორმაციო სააგენტოს, მისი მომხმარებლების კომენტარების გამო, რომელიც არამარტო ცდება შუალედური პასუხისმგებლობის არსებულ რეგულაციებს, არამედ ხელს უშლის საინფორმაციო პორტალებს კომენტარების განყოფილების შენარჩუნებისთვის, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ წერონ თავისუფლად და ანონიმურად. ეს დააბრკოლებს მნიშვნელოვან სივრცეს გამოხატვისთვის, დისკუსიისთვის და ონლაინ ჩართულობისთვის. ეს დანერგავს არსებით ლიმიტს გამოხატვის თავისუფლებისთვის ინტერნეტ სივრცეში.

გიორგი ნონიაშვილი

 

გამოყენებული ლიტერატურა:

http://www.lawtrend.org/information-access/otvetstvennost-internet-portala-za-kommentarii-polzovatelej-delfi-as-protiv-estonii-v-evropejskom-sude-po-pravam-cheloveka

http://www.article19.org/resources.php/resource/37998/en/europe:-european-court-confirms-delfi-decision-in-blow-to-online-freedom

http://hudoc.echr.coe.int/sites/eng/pages/search.aspx?i=001-155105

Share Button