ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ყარაბაღის საქმეზე

2015 წლის 16 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა ორი გადაწყვეტილება (Sargsyan v. Azerbaijan No.40167/06; Chiragov and others v. Armenia No13216/05) დევნილების შესახებ, რომლებსაც მოუხდათ საკუთარი სახლ-კარისა და სხვა ქონების მიტოვება 1992 წლის სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის დროს, მთიან ყარაბაღში. აღნიშნულ ორ საქმეში მსჯელობა იყო მათ დაბრუნების შეუძლებლობასა და კომპენსაციის/სათანადო ანაზღაურების არ არსებობაზე. ევროპის სასამართლოს დიდმა პალატამ ორივე საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო უმრავლესობით 15-2-ის წინააღმდეგ (მოწინააღმდეგეებმა წარადგინეს ცალკეული აზრები საქმესთან დაკავშირებით)

„სარგსიანი აზერბაიჯანის წინააღმდეგ“ საქმეში მოსარჩელეს წარმოადგენდა სომეხი დევნილი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სოფელი აზერბაიჯანში, ხოლო „ჩირაგოვი და სხვები სომხეთის წინააღმდეგ“ საქმეში მოსარჩელეები იყვნენ 6 აზერბაიჯანელი ქურთი, რომლებმაც დატოვეს აზერბაიჯანის ტერიტორია, სომხეთის მიერ ოკუპაციის შედეგად.

ორივე საქმეში აპლიკანტები დავობდნენ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის N1 დამატებითი ოქმის 1-ელ (საკუთრების დაცვა), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება) და მე-14 მუხლებთან (დისკრიმინაციის აკრძალვა) დაკავშირებით.

სასამართლომ დაადგინა, რომ სომხეთი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს მთიან ყარაბაღსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. მიუხედავად იმისა, რომ სარგსიანის სოფელი მდებარეობდა სადავო ტერიტორიაზე, მასზე ეფექტურ კონტროლს სწორედ აზერბაიჯანი ახორციელებდა და, შესაბამისად, ავრცელებდა მასზე იურისდიქციას.

რამდენადაც აპლიკანტებს არ ჰქონდათ წვდომა თავიანთ საკუთრებაზე, სახელმწიფოს ჰქონდა ვალდებულება მიეღო ალტერნატიული ზომები, რათა დაეცვა მათი საკუთრების უფლება „საჯარო და კერძო ინტერესის სამართლიანი ბალანსის მიღწევის მიზნით“

მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანმა უარი უთხრა სარგსიანს და სხვა მოქალაქეებს გულისტანში დაბრუნებაზე, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე (რაშიც გამართლდა), აუცილებელი იყო, მიეღო ალტერნატიული ზომები, რათა უზრუნველეყო მათი უფლებების დაცვა.

სასამართლოს აზრით, ის ფაქტი რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, არ ათავისუფლებს არცერთ მთავრობას დევნილების მიმართ ვალდებულებებისგან. აპლიკანტების მიერ ხელმისაწვდომობის არ არსებობა საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე, სადაც გაატარეს სიცოცხლის უმეტესი ნაწილი და განავითარეს სოციალური კავშირები, მიემართება ევროპული კონვენციის მე-8 მუხლს – პირად და ოჯახურ ცხოვრების პატივისცემის უფლებას. სასამართლომ ასევე მიმდინარე დარღვევად მიიჩნია ეფექტური, ადგილობრივი სამართლებრივი საშუალებების არ-არსებობა არცერთი მთავრობის მიერ, რომელიც მოახდენდა აპლიკანტების საჩივრების განხილვას.

ეს მდგომარეობა განსაკუთრებით საგრძნობი იყო ორ ქვეყანას შორის მიმდინარე მტრული დამოკიდებულების ფონზე, რომელიც არ ბადებდა პერსპექტივას პოლიტიკური სტაბილიზაციისთვის. იგივე მიზეზის გამო, სასამართლომ მიიჩნია, რომ ასევე სახეზეა საკუთრებისა (კონვენციის N1 დამატებითი ოქმის 1. მუხლი) და პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების (კონვენციის მე-8 მუხლი) დარღვევა. სასამართლომ არ გაიზიარა აპლიკანტების აზრი მე-14 მუხლთან დაკავშირებით. მისი აზრით, არცერთ საქმეში არ იქნებოდა სწორი მე-14 მუხლის (დისკრიმინაციის აკრძალვა) ცალკეული განხილვა და მსჯელობა.

აღნიშნული უფლებების დარღვევის აღკვეთისათვის, სასამართლომ ორივე ქვეყანის მთავრობას შესთავაზა საკუთრების დაცვის მექანიზმების დანერგვა, რომელიც იქნება მარტივად წვდომადი და მოქნილი სტანდარტებით აღჭურვილი, რათა აპლიკანტებმა და ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფებმა აღიდგინონ საკუთრების უფლება. ასევე, უნდა უზრუნველყოფილი იყოს კომპენსაცია უფლების შეზღუდვის გამო. თუმცა, სასამართლომ გადადო გადაწყვეტილების მიღება კონვენციის 41-ე მუხლთან დაკავშირებით (სამართლიანი დაკმაყოფილება), საქმის განსაკუთრებული ბუნებიდან გამომდინარე, იმ მოლოდინით, რომ კონფლიქტის მხარეებს შორის, 1 წლის განმავლობაში, მიღწეული იქნება რაიმე შეთანხმება, რომელიც მოაწესრიგებს აღნიშნულ პრობლემას.

აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით ECHR-ში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით 1000-ზე მეტი საჩივარია შესული, რომელიც წლების განმავლობაში ელოდება რიგს სასამართლო განხილვისთვის.

ფოტოზე გამოსახულია ომის შედეგად დანგრეული ქალაქი აღდამი.

გიორგი ნონიაშვილი

გამოყენებული ლიტერატურა:
http://hudoc.echr.coe.int/sites/eng/pages/search.aspx?i=001-155353
http://hudoc.echr.coe.int/sites/eng/pages/search.aspx?i=001-155662
http://www.ecre.org/topics/elena/elena-weekly-legal-update.html
http://www.avim.org.tr/analiz/en/the-nagorno-karabakh-issue-from-a-juridical-point-of-view-the-case-of-chiragov-and-others-v-armenia/4133

Share Button