ევროპის მართლმსაჯულების სასამართლო ახალი გადაწყვეტილებით მოქალაქეთა პირადი ინფორმაციის დაცვის სტანდარტებს ამკაცრებს

2015 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით1, ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ (ECJ) ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მიანიჭა კიდევ უფრო მეტი ძალაუფლება, აკონტროლონ პირადი ინფორმაციის „გადამამუშავებელი“ კომპანიები, თუნდაც ისინი დაფუძნებულები იყვნენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ.

Weltimmo არის სლოვაკეთში დაფუძნებული კომპანია, რომელიც ფლობს სარეკლამო ვებ გვერდს. უნგრეთის მოქალაქეებს, მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში, შეუძლიათ უფასოდ განათავსონ რეკლამა აღნიშნულ ვებ გვერდზე, რის შემდეგაც მომსახურება ფასიანი ხდება. ბევრმა განმცხადებელმა, ერთ თვიანი ვადის გასვლის შემდეგ,  Weltimmo-ს ელექტრონული ფოსტით შეატყობინა უარი მათი მომსახურებით სარგებლობის გაგრძელებაზე და მოსთხოვა საკუთარი პირადი მონაცემების წაშლა. კომპანიამ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მათთვის დავალიანების დარიცხვა დაიწყო. თანხის არ გადახდის გამო კი მომხმარებლების პირადი მონაცემები დავალიანების ამოღების სააგენტოს გადასცა.

განმცხადებლებმა უნგრეთის მონაცემთა დაცვის სააგენტოს მიმართეს, რომელმაც კომპანია დაახლ. €32 000-თი დააჯარიმა. Weltimmo-მ, თავის მხრივ, ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა იმ მოტივით, რომ სააგენტოს მასზე იურისდიქცია არ გააჩნდა. საბოლოოდ, უნგრეთის უზენაესმა სასამართლომ ECJ-ს მიმართა  კითხვით, ჰქონდა თუ არა უნგრეთის მაკონტროლებელ ორგანოს უფლება დაეჯარიმებინა კომპანია, რომელიც დაფუძნებულია სლოვაკეთში, 95/46/EC დირექტივიდან გამომდინარე.2

სასამართლომ მსჯელობის შედეგად რამდენიმე მნიშვნელოვანი პრინციპი დაადგინა, რაც ახლებურად განმარტავს დირექტივას და მისი მოქმედების ფარგლებს. პირველ რიგში, მან ფართოდ განმარტა მე-4 მუხლის 1-ლ პუნქტში აღნიშნული ტერმინი „დაწესებულება“ – როგორც ნებისმიერი კომპანია, რომელიც ეფექტურად ახორციელებს საქმიანობას წევრ ქვეყანაში, მიუხედავად მისი იურიდიული რეგისტრაციის ადგილისა. იმისათვის, რომ იურიდიულმა პირმა აღნიშნული მუხლის პირობა დააკმაყოფილოს, საკმარისია წევრ სახელმწიფოში ეფექტური და რეალური საქმიანობის, თუნდაც მინიმალური ოდენობით, განხორციელება.3

განხილული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ Weltimmo-ს უნგრეთში ჰყავდა წარმომადგენელი სხვადასხვა დავასა თუ სახელშეკრულებო ურთიერთობაში და ჰქონდა უნგრული საბანკო ანგარიში. სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს გარემოებები შეიძლება საკმარისად ჩათვალოს 4(1) მუხლის პირობის დასაკმაყოფილებლად. თუმცა სასამართლოს კონკრეტულად არ უმსჯელია, Weltimmo რამდენად აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმს. მან მხოლოდ ნორმა განმარტა, უნგრეთის უზენაესი სასამართლოს კითხვის შესაბამისად.4

გარდა ამისა, სასამართლომ იმსჯელა ამავე დირექტივის 28-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებიდან გამომდინარე წევრი სახელმწიფოების მონაცემთა დაცვის ორგანოების ვალდებულებაზე.5 კერძოდ, მან დაადგინა, რომ ორგანომ უნდა განიხილოს ყველა პირადი მონაცემების დაცვასთან დაკავშირებული საჩივარი, მიუხედავად მოქალაქის6 ან/და პირადი მონაცემების მაკონტროლებლის ადგილსამყოფელისა.7 წევრი სახელმწიფოს შესაბამისი ორგანო ვალდებულია 4(1) მუხლის მიხედვით თვითონ გადაწყვიტოს შეუძლია თუ არა საკუთარი ეროვნული კანონმდებლობის გავრცელება თითოეულ საქმეზე. 8 თუკი ორგანო დაადგენს, რომ უფლების სავარაუდო დამრღვევზე არ აქვს იურისდიქცია, ის დირექტივის 28(6) მუხლის მიხედვით ვალდებულია მიმართოს იურისდიქციის მქონე შესაბამის ორგანოს.9

ECJ-ს მიერ მსგავსი გადაწყვეტილების გამოტანა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები დირექტივის ნორმებს ეროვნულ კანონმდებლობაში განსხვავებულ ინტერპრეტაციას უკეთებენ. მაგალითად, ირლანდია და გაერთიანებული სამეფო, მონაცემთა დაცვის კუთხით, ყველაზე ბიზნეს-მეგობრული კანონმდებლობითაა ცნობილი. სწორედ აქაა რეგისტრირებული  Facebook-სა და Google-ის წარმომადგენლობებიც. ამ გადაწყვეტილების გამოტანამდე, აღნიშნულ კომპანიებს, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეეძლოთ საქმიანობა განეხორციელებინათ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში.10 თუმცა ECJ-მ ეს პრაქტიკა შეცვალა.

შედეგად, კომპანიები, რომლებიც მომსახურებას სხვადასხვა ქვეყანაში აწვდიან, თუნდაც იქ მუდმივი დაწესებულება არ ჰქონდეთ, დაექვემდებარებიან თითოეული ქვეყნის შიდა კანონმდებლობას, რაც რეალურად მათ დანახარჯებს ზრდის და ეფექტურობას ამცირებს.

აღნიშნული საფრთხე უფრო ნათელი ხდება ECJ-ს კიდევ ერთი გადაწყვეტილების ფონზე, რომელიც სოციალური ქსელი Facebook-ის წინააღმდეგ გამოიტანა.11

ავსტრიის მოქალაქე მაქსიმილიან შრემსმა სარჩელი შეიტანა Facebook-ის წინააღმდეგ იმ მიზეზით, რომ მისი მდებარეობის შესახებ ინფორმაცია გადაეცემოდა სათაო ოფისს ა. შ. შ.-ში, რაც, მოსარჩელის აზრით, მონაცემთა არასათანადო დაცვას წარმოადგენს, დირექტივის მიხედვით.12

სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ზედამხედველობის კომისია ვალდებულია პირად მონაცემთა დაცვის უფლებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საჩივარი განიხილოს. რაც ასევე გულისხმობს იმის შეფასებას, მესამე ქვეყნა (ამ შემთხვევაში, ა. შ. შ.)  წარმოადგენს თუ არა უსაფრთხო მხარეს მონაცემთა გადაცემისათვის.13

ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს ეს ორი გადაწყვეტილება ცალსახად ამკაცრებს პირადი მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებულ წესებს. უმთავრესად იმიტომ, რომ ის მონაცემთა ეროვნული დაცვის სააგენტოებს აძლევს უფრო მეტ ძალაუფლებას ნებისმიერი პირი დაუქვემდებარონ თავიანთ ეროვნულ კანონმდებლობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, Facebook-ისა და Google-ის მსგავსი კომპანიები თავს ვეღარ აარიდებენ ეროვნულ რეგულაციებს მათი წარმომადგენლობების უფრო ლიბერალური კანონმდებლობის მქონე ქვეყნებში დაარსებით, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.

ეს გადაწყვეტილებები მნიშვნელოვნად განსაზღვრავს შედეგს Facebook-ის წინააღმდეგ ამჟამად მიმდინარე დავებზე, რომელიც ეხება არა მომხმარებელი და არა აქტიური პირების სარეკლამო მიზნებისათვის თვალყურის დევნებას.14

ნიკა გიგაშვილი

 

1 European Court of Justice (ECJ) Weltimmo s. r. o. v Nemzeti Adatvédelmi és Információszabadság Hatóság, 1 October 2015 http://curia.europa.eu/juris/document/document.jsf;jsessionid=9ea7d2dc30ddaeee4666aaf8474e8ec3817bab8f982e.e34KaxiLc3qMb40Rch0SaxuRb3j0?text=&docid=168944&pageIndex=0&doclang=en&mode=req&dir=&occ=first&part=1&cid=305205

2 Court of Justice of the European Union, PRESS RELEASE No 111/15. პარაგრაფი 2, http://curia.europa.eu/jcms/upload/docs/application/pdf/2015-10/cp150111en.pdf

3 იქვე. პარაგრაფები 5, 6

4 Court of Justice of Europe (ECJ) Weltimmo s. r. o. v Nemzeti Adatvédelmi és Információszabadság Hatóság, 1 October 2015. პარაგრაფი 41.

5 იქვე. პარაგრაფი 42-59

6 იქვე. პარაგრაფი 66 -1

7 იქვე. პარაგრაფი 60

8 იქვე

9 იქვე

10 The Guardian. Landmark ECJ data protection ruling could impact Facebook and Google http://www.theguardian.com/technology/2015/oct/02/landmark-ecj-data-protection-ruling-facebook-google-weltimmo

11 Court of Justice of Europe, Maximillian Schrems v Data Protection Commissioner, 6 October 2015

http://curia.europa.eu/juris/document/document.jsf?docid=157862&doclang=en

12 Court of Justice of the European Union, PRESS RELEASE No 117/15, 6 October 2015, პარაგრაფი 2

http://curia.europa.eu/jcms/upload/docs/application/pdf/2015-10/cp150117en.pdf

13 იქვე. პარაგრაფი 12

14 The Guardian. Belgium takes Facebook to court over privacy breaches and user tracking http://www.theguardian.com/technology/2015/jun/15/belgium-facebook-court-privacy-breaches-ads

Share Button