ევროპის მართლმსაჯულების სასამართლო (ECJ): კომპანიის შიდა წესები, რომელიც კრძალავს ფილოსოფიური, რელიგიური თუ პოლიტიკური ნიშნით ტანსაცმლის ტარებას, პირდაპირი დისკრიმინაციის გამომხატველი არ არის1

გადაწყვეტილება C-157/15 – სამირა აჩბიტა “G4S Secure Solutions”-ის წინააღმდეგ
ლუქსემბურგი, 2017 წლის 14 მარტი

2003 წლის 12 თებერვალს მუსულმანი სამირა აჩბიტა დაიქირავა კომპანია “G4S“-იმ მდივნის პოზიციის დასაკავებლად. ეს კომპანია მიერ მომხმარებლებს სთავაზობდა სხვადასხვა სერვისით მომსახურებას საჯარო და კერძო სექტორებში. მაგ დროისთვის “G4S” კომპანიაში მოქმედებდა დაუწერელი კანონი, რომელიც უკრძალავდა მომუშავე პერსონალს სამუშაო ადგილზე ეტარებინა ნებისმიერი სიმბოლო, რომელიც გამოხატავდა რელიგიურ, პოლიტიკურ თუ ფილოსიურ მრწამსს.

 

2006 წლის აპრილში ქალბატონმა აჩბიტამ დამქირავებელს შეატყობინა, რომ სამუშაო საათების დროს ისლამური თავსაბურავის ტარებას აპირებდა. საპასუხოდ, “G4S“-ის მენეჯენტმა განუცხადა, რომ ეს ყოვლად  დაუშვებელი იქნებოდა, ვინაიდან ამით საფრთხე შეექმნებოდა კომპანიის პოლიტიკურად, რელიგიურად თუ ფილოსოფიურად ნეიტრალურ სტატუსს. 2006 წლის 12 მაისს, მას შემდეგ, რაც ავადმყოფობის გამო მისის აჩბიტა სამსახურში სიარულს ვერ ახერხებდა, დამქირავებელს მან შეატყობინა, რომ სამსახურში 15 მაისს გამოცხადდებოდა და თან თავსაბურავის ტარებასაც გააგრძელებდა.

 

2006  წლის 13 ივნისს კომპანია “G4S”-მა მიიღო ახალი რეგულაციები, რომელთაგან ერთ-ერთი გულისხობდა: „თანამშრომლებს ეკრძალებათ, სამუშაო ადგილას,  შესამჩნევი ნიშნის მქონე ტანსაცმლის ტარება, რომელიც მათ რელიგიურ, პოლიტიკურ თუ ფილოსოფიურ მრწამსს გამოხატავს ან/და მათი რწმენიდან გამომდინარე, სამუშაო ადგილას, რაიმე სახის რიტუალის შესრულება“. მისის აჩბიტას არ შეუწყვიტავს სამსახურში თავსაბურავის გარეშე სიარული, რის შედეგადაც, ის წესებისადმი დაუმორჩილებლობის მოტივით, სამსახურიდან გაათავისუფლეს. მისის აჩბიტამ მიმართა ბელგიის საერთო სასამართლოებს.

 

საქმის განხილვის პროცესში, ბელგიის საკასაციო სასამართლო დაინტერესდა ევროკავშირის იმ დირექტივის ინტერპრეტაციით, რომელიც დასაქმებასა და საქმიანობაში თანასწორ მოპყრობას გულისხმობს.2 ინტერპრეტაციის არსი მდგომარეობდა შემდეგში: დამსაქმებლისგან განსაზღვრული, მსგავსი ხასიათის აკრძალვები უნდა ჩათვლილიყო თუ არა პირდაპირ დისკრიმინაციად.

 

ევროპის მართლმსაჯულების  სასამართლომ (ECJ), პირველ რიგში, განმარტა „ყველას მიმართ თანასწორად მოპყრობის“ ევროკავშირის დირექტივა და განაცხადა, რომ მასში იგულისხმება ყველანაირი დისკრიმინაციის აკრძალვა, იქნება ეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი, მათ შორის, აგრეთვე რელიგიური.  მუხედავად იმისა, რომ ზემოხსენებული დირექტივა არ იძლევა  „რელიგიის“ ზუსტ განმარტებას, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციაზე დაყრდნობით, აგრეთვე, ევროკავშირის წევრთა კონსტიტუციური გამოცდილების მიხედვით, ECJ-მ მიიჩნია, რომ რელიგიის კონცეფცია განმარტებული უნდა იყოს, როგორც რელგიური რწმენის ქონა და ამ რწმენის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა საზოგადოებაში.

“G4S“-ის მიერ მიღებული შიდა რეგულაცია ავალდებულებდა კომპანიის ყველა დასაქმებულს, რომ სამუშაო საათებში ნეიტრალურად ყოფილიყვნენ წარმოდგენილნი. სასამართლოს ხელში არსებული მტკიცებულებების თანახმად, არ დადასტურდა, რომ კომპანიის ხელმძღვანელობა მისის აჩბიტას, ამ წესის რეალიზებისას თანმშრომლებისგან განსხვავებულად მოეპყრო. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ასეთი შიდა წესი არ გამოხატავს განსხვავებულ დამოკიდებულებას, რომელიც პირდაპირ დამყარებულია რელიგიასა ან რწმენაზე.

სასამართლოს მოსაზრებით, დამქირავებლის სურვილი – ჰქონდეს ნეიტრალური რეპუტაცია, სრულიად ლეგიტიმურია და ეს აკრძალვა ამ ლეგიტიმური მიზნის მიღწევას ემსახურება.
სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ისლამური თავსაბურავის აკრძალვა რომელიც გამომდინარეობს კომპანიის შიდა რეგულაციისგან და კრძალავს ფილოსოფიური, რელიგიური თუ პოლიტიკური ნიშნით ტანსაცმლის ტარებას, დირექტივის ფარგლებში, პირდაპირი დისკრიმინაციის გამომხატველი არ არის.

მსგავსი აკრძალვა, სასამართლოს შეფასებით, შეიძლება იყოს არაპირდაპირი დისკრიმინაციის გამომხატველი თუ დადასტურდება, რომ ნეიტრალურობის ვალდებულება იწვევს დასაქმებულის არახელსაყრელ პირობებში აღმოჩენას რწმენისა თუ რელიგიის დაცვის გამო. თუმცა, ამგვარი არაპირდაპირი დისკრიმინაციაც შესაძლებელია ობიექტურად გამართლებული იყოს იმ ლეგიტიმური მიზნის არსებობისას, როგორიცაა დამსაქმებლისგან მომხმარებლების მიმართ რელიგიური, პოლიტიკური თუ ფილოსოფიური ნეიტრალურობის შენარჩუნება. ამ მიზნის მიღწევის გზები კი უნდა შეესაბამებოდეს თანაზომიერების სტანდარტს და იყოს ადეკვატური და საჭირო დემოკრატიულ საზოგადოებაში საჯარო და კერძო ინტერესთა დაბალანსებისთვის. აღნიშნული თანაზომიერების შემოწმება კი, უპირველეს ყოვლისა, უნდა მოხდეს ეროვნულ დონეზე – იქნება ეს თითოეული ქვეყნის საერთო თუ საკონსტიტუციო სასამართლოები.

 

ავტორი: სანდრო გერმანიშვილი

1  http://curia.europa.eu/jcms/upload/docs/application/pdf/2017-03/cp170030en.pdf

2  Council Directive 2000/78/EC of 27 November 2000 establishing a general framework for equal treatment in employment and occupation (OJ 2000 L 303, p. 16).

 

Share Button