იუკოსი რუსეთის, რუსეთი კი ECHR-ის წინააღმდეგ

ათწლიანი განხილვის შემდგომ, 2014 წლის 24 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) მიიღო გადაწყვეტილება გახმაურებულ დავაზე, რომელიც ქონებრივი უფლებების დასაცავად ნავთობის კომპანია იუკოსსა და რუსეთის ფედერაციას შორის მიმდინარეობდა1 (OAO Neftyanaya Kompaniya YUKOS v. Russia No.14902/04). ECHR-მა რუსეთის ფედერაცია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევაში ამხილა და მომჩივანის მიმართ, ამ დრომდე რეკორდული თანხის – 1,8 მილიარდი ევროს ანაზღაურება დააკისრა. სასამართლოს მიერ დაზარალებულთა შორის დასახელდა კომპანია იუკოსის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ხადარკოვსკიც, რომელიც ათწლიანი პატიმრობიდან 2013 წელს გათავისუფლდა და დასავლური მედიის მიერ დაკავებისთანავე შეფასებული იყო, როგორც ვლადიმერ პუტინის პირადი პოლიტპატიმარი.2

1992 წელს რუსეთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის, ბორის ელცინის ბრძანებით3 სახელმწიფოში მოქმედი ნავთობისა და ბუნებრივი აირის მომპოვებელი დაწესებულებები გაერთიანდა და ჩამოყალიბდა ერთ ორგანიზაციად, რომელსაც ეწოდა იუკოსი (ЮКОС შემოკლებული ვერსიაა ძველი დასახელებებიდან Юганскнефтегаз და Куйбышевнефтеоргсинтез). 1994 წელს იუკოსი დაფუძნდა სააქციო საზოგადოებად და 1995 წელს, ანატოლი ჩუბაისის ხელმძღვანელობით მიმდინარე “დიდი პრივატიზაციის” დროს, მისი აქციები სახელმწიფოს მიერ სრულად გაიყიდა და საკონტროლო პაკეტის (აქციათა 59,5%-ის) მესაკუთრე გახდა ებრაული წარმოშობის რუსი ბიზნესმენი მიხეილ ხადარკოვსკი.4

კომპანიის სწრაფმა განვითარებამ გამოიწვია მისი აქციებით დაინტერესება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ფასების ზრდა იუკოსის ფასიან ქაღალდებზე 2003 წლამდე მიმდინარეობდა და ამ დროის მანძილზე დიმიტრი ხადარკოვსკი რუსეთის ფედერაციაში ყველაზე მდიდარ, მსოფლიო რეიტინგში კი სიმდიდრით მე-16 ადგილზე მყოფ ადამიანად დასახელდა.5

2000 წელს რუსეთში შეიცვალა პოლიტიკური ხელისუფლება და ქვეყნის სათავეში, საპრეზიდენტო არჩევნების გზით, ვლადიმერ პუტინი მოვიდა. 2000 წელსვე დაიწყო გამოძიება იუკოსის მიერ გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით, რასაც მოჰყვა გახმაურებული სასამართლო პროცესები 2003 წელს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის – დიმიტრი ხადარკოვსკის დაპატიმრება. კომპანიისათვის ქონების დაყადაღებამ და მის წინააღმდეგ წარმოებულმა სისხლისსამართლებრივმა დავებმა იუკოსი მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო, რაც 2007 წელს მისი გაკოტრებით დასრულდა.6

სააქციო საზოგადოება იუკოსმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2004 წლის 23 აპრილს მიმართა (Application number: 14902/04) და სახელმწიფოს მიერ მიყენებული ზიანის საკომპენსაციოდ 98 მილიონი აშშ დოლარის ანაზღაურება მოითხოვა. მოსარჩელე მხარე აცხადებდა, რომ მის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6(სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება), მე-7(არავითარი სასჯელი კანონის გარეშე), მე-13(სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალების უფლება), მე-14(დისკრიმინაციის აკრძალვა), მე-18(უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფაქტები) მუხლები და ასევე კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი(საკუთრების დაცვა).7

ECHR-მა საქმის ხანგრძლივი განხილვის შემდგომ, სააქციო საზოგადოება იუკოსის მიმართ დაადგინა მხოლოდ საკუთრების უფლების დარღვევა და მხოლოდ ერთ შემთხვევაში სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების შელახვა, როდესაც კომპანიის იურისტებს ოთხდღიანი ვადით დასამუშავებლად 43 000 გვერდიანი დოკუმენტი გადაეცათ. რაც შეეხება მოსარჩელეთა დანარჩენ მოთხოვნებს, წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ECHR-მა ვერ დაადგინა კონვენციით აღიარებული სხვა უფლებებისა და თავისუფლებების შელახვა, მათ შორის, კომპანიის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის არსებობა.8

გადაწყვეტილებაში, რომელიც ECHR-მა 2014 წლის 24 ივნისს მიიღო, რუსეთის ფედერაციას დაეკისრა კომპანია იუკოსის მიმართ 1,866,104,634 ევროს ანაზღაურება და მიეცა სამთვიანი ვადა მისი ECHR-ის დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის.9 რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ 2014 წლის 29 ნოემბერს მოითხოვა საქმის ხელახალი განხილვა ECHR-ის დიდ პალატას მიერ, რაზეც უარი მიიღო.

რუსეთის ფედერაცია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ხელშემკვრელ მხარეს 1998 წლიდან წარმოადგენს10 და ამავე კონვენციის მე-4 დამატებითი ოქმის მე-16 მუხლის საფუძველზე ის ვალდებულია დაემორჩილოს ECHR-ის საბოლოო გადაწყვეტილებას ნებისმიერ საქმეზე. თუმცა, მიუხედავად ამ ვალდებულებისა და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მორიგი გაფრთხილებისა11, რუსეთმა 2015 წლის 15 ივნისს ევროპის საბჭოს არ წარუდგინა მის წინააღმდეგ ECHR-ის გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების გეგმა.

15 ივნისს რუსეთის სახელმწიფო დუმის 90-მა დეპუტატმა მიმართა თხოვნით რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო სასამართლოს შეემოწმებინა ECHR-ის აღსასრულებელი გადაწყვეტილების კონსტიტუციურობა,12 რასაც რამდენიმე დღეში მოყვა უპრეცედენტო გადაწყვეტილება იმ ნორმატიულ წესრიგზე მითითებით, რომ “რუსეთის ფედერაციას შეუძლია თავიდან აიცილოს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, თუ ის წინააღმდეგობაშია რუსეთის კონსტიტუციასთან.”13

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 დამატებითი ოქმის მე-16 მუხლის თანახმად, თუ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი მიიჩნევს, რომ მაღალი ხელშემკვრელი მხარე უარს აცხადებს, დაემორჩილოს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას იმ საქმეზე, რომლის მხარესაც ის წარმოადგენს, მინისტრთა კომიტეტს, ამ მხარისათვის ფორმალური შეტყობინების გაგზავნის შემდეგ, კომიტეტის უფლებამოსილი წარმომადგენლების ხმათა ორი მესამედის უმრავლესობით, შეუძლია წარუდგინოს ECHR-ს საკითხი, შეასრულა თუ არა ამ მხარემ  დაკისრებული ვალდებულება.14

კონვენციის თანახმად, თუ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაადგენს სახელმწიფოს მიერ მისი გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარის თქმის ფაქტს, იგი მინისტრთა კომიტეტში წარადგენს მოხსენებას გასატარებელ ღონისძიებათა განსახილველად. თუ რა შეიძლება იყოს ე. წ. “გასატარებელი ღონისძიებები”, ამას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია არ აკონკრეტებს და მათი განსაზღვრა ECHR-ის დისკრეციული უფლებამოსილებაა.15

დასასრულს, აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სააქციო საზოგადოება იუკოსის აქციონერები მხოლოდ ECHR-ში გასაჩივრებით არ დაკმაყოფილებულან, ამ დროისთვის დავები მიმდინარეობს რამდენიმე საერთაშორისო არბიტრაჟში და მათი დიდი ნაწილი ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

გიორგი ჩიფჩიური

1 http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-106308#{“itemid”:[“001-106308”]}

2 http://www.theguardian.com/commentisfree/2010/dec/28/mikhail-khodorkovsky-vladimir-putin; http://world.time.com/2013/12/20/meet-mikhail-khodorkovsky-russias-freed-political-prisoner/;

3 იხ. Указ Президента РФ № 1403

4 https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%AE%D0%9A%D0%9E%D0%A1

5 http://www.forbes.com/forbes/2002/0318/110.html; http://www.forbes.com/2004/07/21/cz_pkl_0721russianintro.html;

6 http://news.bbc.co.uk/2/hi/business/5233664.stm

7 http://hudoc.echr.coe.int/eng#{“appno”:[“14902/04″],”itemid”:[“001-106308”]}

8 იქვე.

9 იხ. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, მ. 43, პ.1.

10http://conventions.coe.int/Treaty/Commun/ChercheSig.asp?NT=005&CM=&DF=&CL=ENG

11https://wcd.coe.int/ViewDoc.jsp?Ref=CM/Del/Dec%282015%291230/18&Language=lanFrench&Ver=original&Site=CM&BackColorInternet=DBDCF2&BackColorIntranet=FDC864&BackColorLogged=FDC864

12 http://sputniknews.com/world/20150626/1023892911.html

13 http://doc.ksrf.ru/decision/KSRFDecision201896.pdf

14იხ. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-14 დამატებითი ოქმი, მ.16

15 იქვე.

Share Button