ჰომოსექსუალ პირთა ქორწინების უფლება – რა ლოგიკას დაეყრდნო აშშ-ს უზენაესი სასამართლო?

ობერგეფელი ჰოჯესის წინააღმდეგ არის ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილება, რომლითაც ჰომოსექსუალ პირებს დაქორწინების უფლება მიენიჭათ, სრულიად აშშ-ს მასშტაბით.1

განმცხადებელ_ ჯეიმს ობერგეფელს პარტნიორ ჯონ არტურთან ხანგრძლივი თანაცხოვრება აკავშირებდა, როდესაც ამ უკანასკნელს ამიოტროფული ლატერალური სკლეროზის (ინგლ. Amyotrophic lateral sclerosis (ALS), დიაგნოზი დაუსვეს. ეს დაავადება ხასიათდება მზარდი პროგრესიით, განკურნების შანსები კი ძალზე მცირეა. სწორედ ამიტომ, 2014 წელს პარტნიორებმა გადაწყვიტეს, ქორწინებით დაესრულებინათ თანაცხოვრება, ვიდრე არტური გარდაიცვლებოდა. ვინაიდან ოჰაიოს შტატში ლგბტ ქორწინება დაშვებული არ იყო, წყვილი გაემგზავრა მერილენდში, სადაც, არტურის სისუსტის გამო, საფრენ ბილიკზე მყოფ თვითმფრინავში მოაწერეს ხელი. 3 თვის შემდეგ არტური გარდაიცვალა.

ოჰაიოს კანონმდებლობა ჯეიმს ობერგეფელერს არ სცნობდა გარდაცვლილი არტურის მეუღლედ და, შესაბამისად, გარდაცვალების ცნობაში მისი სახელი არ დაფიქსირდა. სწორედ ეს ფაქტი გაასაჩივრა განმცხადებელმა სასამართლოში და მოითხოვა არტურის გარდაცვალების ცნობაში მისი, როგორც კანონიერი მეუღლის მითითება. საქმის უზენაეს სასამართლოში განხილვის ეტაპზე, ჯეიმს ობერგეფელერთან ერთად უკვე დაფიქსირდნენ სხვა განმცხადებლებიც, რომელთა საქმეც გაერთიანდა ერთ განაცხადად. როგორც უზენაესი სასამართლო უთითებს, განმცხადებლები ეძიებენ არა ქორწინების ინსტიტუტის შებღალვას, არამედ იბრძვიან ღირსეული ცხოვრებისა და გარდაცვლილი მეუღლეებისთვის პატივის მიგებისთვის.2

აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ უშუალოდ საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე მსჯელობამდე ფართოდ მიმოიხილა ქორწინების ინსტიტუტი, მისი განვითარების გზა და ეტაპები. სასამართლომ აღნიშნა, რომ ქორწინების უძველესი ისტორია ცხადყოფს მის მნიშვნელობას, თუმცა განვითარების გზა გვიჩვენებს, რომ იგი სტატიკური ინსტიტუტი არასდროს ყოფილა. მაგალითად, იყო დრო, როდესაც ქორწინების აუცილებელ წინაპირობას მშობელთა წინასწარი თანხმობა და „გარიგება“ წარმოადგენდა, მაშინ, როდესაც შემდგომში პარტნიორთა ნების თავისუფლება გახდა ამომავალი წერტილი და გადამწყვეტი ფაქტორი.3

სასამართლო შემდგომში შეეხო ჰომოსექსუალობას, როგორც ისტორიულად დევნილ იდენტობას. ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში, ჰომოსექსუალური კავშირი ითვლებოდა სისხლის სამართლით დასჯად ქმედებად, ხოლო ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაცია თავად ჰომოსექსუალობას 1973 წლამდე განიხილავდა ფსიქიკურ დაავადებად.

ამ ფონზე, გარდამტეხი იყო ჰავაის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება 1993 წელს, სადაც სასამართლომ მიუთითა, რომ ქორწინების უფლების მინიჭება მხოლოდ საპირისპირო სქესის პარტნიორებისთვის გაუმართლებელ დისკრიმინაციას წარმოადგენდა.4 დისკუსიების ახალმა ტალღამ შედეგი გამოიღო და 2013 წელს, მასაჩუსეტსის შტატის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ შტატის კონსტიტუცია უშვებდა ჰომოსექსუალთა ქორწინებას.5 ამ გადაწყვეტილებამ, თავის მხრივ, ბიძგი მისცა ინიციატივას, რომ არაერთ შტატში საკანონმდებლო ცვლილების დონეზე დაეშვათ ერთი და იგივე სქესის ადამიანთა ქორწინება.6

უზენაესი სასამართლო, ქორწინების ამერიკული ისტორიის მიმოხილვის შემდგომ თავის მსჯელობას წარმართავს აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორებისკენ, რომელიც კრძალავს პიროვნების სიცოცხლის, თავისუფლების, საკუთრების ხელყოფას ჯეროვანი სამართლებრივი პროცედურის გარეშე.7 ამასთან, აღნიშნავს, რომ: „თაობები, რომლებმაც მოახდინეს ადამიანის უფლებათა საყოველთაო ბილის რატიფიკაცია და შექმნეს კონსტიტუციის მე-14 შესწორება, არ განიხილავდნენ ამ დოკუმენტებს სტატიკურ ტექსტებად და შემდგომ თაობებს მიანდეს მათი განმარტება, დროის მსვლელობის ფეხდაფეხ.“8 კონტრაცეფციის, გამრავლების, ბავშვის მიკუთვნების საკითხების მსგავსად, ქორწინებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებიც პიროვნული არჩევანის ერთ-ერთი ყველაზე ინტიმური და ფუნდამენტური გამოხატულებაა.9 მსგავსი გადაწყვეტილებები აყალიბებს პიროვნების ბედს. როგორც მასაჩუსეტსის უზენაესმა სასამართლომ განმარტა, სამოქალაქო ქორწინება დაკავშირებულია პიროვნულ უსაფრთხოებასთან, ადამიანურობასთან, პრინციპების ერთიანობასთან, რის გამოც გადაწყვეტილება დაქორწინების თაობაზე წარმოადგენს პიროვნული შეცნობის გამოხატულებას.10

სასამართლო ასევე შეეხო ჰომოსექსუალ წყვილთა ოჯახში აღზრდილი ბავშვის უფლებებს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების არსს ბავშვის აყვანის უფლებაზე მსჯელობა არ წამოადგენდა, სასამართლომ მაგალითად მოიყვანა არაერთი შემთხვევა, როდესაც ლგბტ ოჯახები ზრდიან ბავშვს, მათთვის მოსიყვარულე, მზრუნველი გარემოს შექმნით. ამასთან, აშშ-ს შტატების ნაწილი უშვებს გეი და ლესბოსელი წყვილებისთვის ბავშვის აყვანის უფლებას, რაც, უზენაესი სასამართლოს აზრით, კიდევ ერთხელ, ნორმატიულადაც ადასტურებს იმ მსჯელობას, რომ გეი და ლესბოსელ წყვილებს შეუძლიათ ბავშვისთვის აღზრდისთთთვის სათანადო გარემო შექმნან. მეორეს მხრივ, ამგვარი წყვილებისთვის ქორწინების უფლების აკრძალვით, სახელმწიფო სწორედ ბავშვის ინტერესების წინააღმდეგ ილაშქრებს, აიძულებს რა მათ იცხოვრონ უსტატუსო მშობლების სტიგმის ქვეშ, ყოველგვარი სოციალური გარანტიების გარეშე.11

უზენაესი სასამართლო მსჯელობას განაგრძობს სწორედ სოციალურ გარანტიებზე საუბრით, რომელიც საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა ქორწინებისა და ოჯახის თანამდევ ბენეფიტებად. ეს გარანტიები 2 ადამიანის პიროვნული არჩევანის სიმბოლურ აღიარებას წარმოადგენენ საზოგადოების მხრიდან და აერთიანებენ საგადასახადო, მემკვიდრეობით, საკუთრების, მკურნალობის მიმდინარეობისას გადაწყვეტილების მიღების, საკუთარი მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემისგან თავის შეკავების, დაზღვევის, ბავშვის მიკუთვნებისა და მეურვეობის უფლებებს.12 პარტნიორობის შესახებ ინდივიდუალური გადაწყვეტილება და სოციალური გარანტიების მიკუთვნება, სახელმწიფოს მხრიდან სქესის მიხედვით არ უნდა წყდებოდეს.

სწორედ იმის გამო, რომ არაერთ შტატში ლგბტ წყვილებს ეკრძალებათ დაქორწინება, მათთვის ოჯახის ტრადიციული ინსტიტუტის კარი დაკეტილია. ქორწინების უფლებაზე შეზღუდვა სქესის მიხედვით შესაძლოა გამართლებული ყოფილიყო საუკუნეების მანძილზე, თუმცა დღეის მდგომარეობით არსებულ თავისუფლების გაგებასთან ეს შეზღუდვა თანხვედრაში აღარ მოდის.13

შესაბამისად, უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ პიროვნული თავისუფლების აღიარებიდან გამომდინარე, კონსტიტუციის მე-14 შესწორების ინტერპრეტაცია ისე უნდა მოხდეს, რომ ჰომოსექსუალ წყვილებს დაქორწინების უფლებას მიენიჭოთ. იმის გათვალისწინებით, რომ კონკრეტული შტატით ამ უფლების შეზღუდვა თავად კონსტიტუციურ დანაწესს შეეწინააღმდეგებოდა (ტერიტორიული იურისდიქციის შეზღუდვიდან გამომდინარე), გადაწყდა, რომ გეი და ლესბოსელი ადამიანების დაქორწინების შეზღუდვა გაუქმდეს სრულიად აშშ-ის მასშტაბით.

გადაწყვეტილებას ხმა მისცა ხუთმა მოსამართლემ, ოთხის წინააღმდეგ. მოწინააღმდეგეთა შორის არის აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარე_ ჯონ რობერტსიც. მათი მხრიდან გადაწყვეტილების კრიტიკის ძირითადი საფუძველია სასამართლოს მიერ „კანონშემოქმედის“ როლის მორგება და კონსტიტუციის მე-14 შესწორების ფართოდ განმარტება. მოწინააღმდეგე მოსამართლეთა რიგებშია ასევე მოსამართლე ანტონინ სკალია, რომელიც 2003 წელს ჰომოფობიური მიდგომით გამოირჩეოდა. 12 წლის წინ, სკალიამ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ლოურენსი ტეხასის წინააღმდეგ14 , გადაწყვეტილება, რომელმაც წერტილი დაუსვა ჰომოსექსუალური კავშირის აკრძალვას და დასჯადობას.

სოფიო წაქაძე

 

1 ობერგეფელი ჰოჯესის წინააღმდეგ, აშშ-ის უზენაესი სასამართლო, 2015 წლის 26 ივნისი.

2 იქვე, გვ. 6.

3 იქვე.

4 Baehr v. Lewin, 74 Haw. 530, 852, P. 2d 44.

5 ობერგეფელი ჰოჯესის წინააღმდეგ, აშშ-ის უზენაესი სასამართლო, 2015 წლის 26 ივნისი, გვ.9.

6 პრეცედენტების სრული ჩამონათვალი მოცემულია გადაწყვეტილების დანართში.

7 აშშ-ს კონსტიტუცია შეიცავს ჯეროვანი სამართლებრივი პროცედურის ორ მუხლს. პირველი, რომელსაც კონსტიტუციის მე-5 შესწორება ითვალოისწინებს, შეეხება ფედერალურ ხელისუფლებას, ხოლო მეორე მე-14 შესწორებაშია წარმოდგენილი და ვრცელდება შტატებზე.

8 ობერგეფელი ჰოჯესის წინააღმდეგ, გვ. 11.

9 იქვე, გვ. 12.

10 იქვე, გვ. 13.

11 ობერგეფელი ჰოჯესის წინააღმდეგ, გვ. 15.

12 იქვე, გვ 17.

13 იქვე

14 ლოურენსი ტეხასის წინააღმდეგ, აშშ-ის უზენაესი სასამართლო, 2003 წლის 26 ივნისი.

Share Button