ნიდერლანდების სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლება “იყო დავიწყებული”, სისხლის სამართლის დამნაშავეებზე არ ვრცელდება

2015 წლის 1 მაისს ნიდერლანდების საოლქო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სისხლის სამართლის დანაშაულში მსჯავრდებულ პირებზე არ ვრცელდება უფლება “იყო დავიწყებული” (Right to be forgotten). განსხვავებით ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს (ECJ) 2014 წლის გადაწყვეტილებისგან, ამ შემთხვევაში სასამართლომ ინფორმაციის გავრცელების თავისუფლება უფრო მაღლა დააყენა, ვიდრე პირადი ცხოვრებისა და ინფორმაციის დაცვის უფლება.1

საქმეში მოსარჩელეს წარმოადგენდა პირი, რომელსაც 2007 წელს საკუთარი მეუღლის მკვლელობისათვის მიესაჯა 12 წლით თავისუფლებლის აღკვეთა  და სპეციალური მკურნალობის კურსი.  მოსაპუხე სამი ასოციაციის გაერთიანება იყო, რომელთა მიზანიც ძალადობის მხვერპლთა გადარჩენილი ნათესავების დაცვას წარმოადგენს. მათ დააარსეს „ძალადობრივი დანაშაულის მსხვერპლთა გადარჩენილ ნათესავთა ფედერაცია“ [“Federation of Surviving Relatives of Violent Crimes”]. მთავარი მოპასუხე იყო მსხვერპლის მამა, რომელიც ფედერაციასთან დიდი ხანია თანამშრომლობს. 2

2014 წლის დეკემბერში მსჯავრდებულმა სასამართლოს გადაწყვეტილებით დატოვა როგორც ციხე, ისე სამკურნალო დაწესებულება. თუმცა, Google-ის საძიებო სისტემა მისი სახელის ძიებისას კვლავ აჩვენებდა ინფორმაციას მკვლელობისა და მის შემდგომი პროცესების შესახებ. მოსარჩელემ Google-ს მოსთხოვა აღნიშნული ინფორმაციის წაშლა, რაც კომპანიამ დააკმაყოფილა.

თუმცა ფედერაციამ [მოპასუხე] საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება მოსარჩელის შესახებ და თან დაურთო 2007 წლის პროცესების ამსახველი მასალა. მოსარჩელემ ამ შემთხვევაშიც მოითხოვა ინფორმაციის წაშლა იმ მიზეზით, რომ მათი გავრცელება ხელს უშლიდა პირის ინტეგრაციას საზოგადოებაში.

სასამართლომ იმსჯელა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის სამართლებრივ საფუძვლებზე და დაადგინა, რომ მისი შეზღუდვა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებშია დასაშვები, მაგალითად, როდესაც მხარე ამ უფლებას სხვებისათვის ზიანის მიყენების მიზნით იყენებს.3 დაცვის მხარე დაობდა, რომ გამოხატვის თავისუფლების ერთ-ერთი ფუქციაა საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება განსაკუთრებით მძიმე სახის დანაშაულებისა და ამავე საზოგადოების წევრების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, რასაც მოსამართლეთა კოლეგია დაეთანხმა.4

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ და 2014 წლის დავებს საერთო სამართლებრივი საფუძვლები გააჩნდათ, მნიშვნელოვანია რამდენიმე გარემოება, რომლის გათვალისწინებითაც ნიდერლანდების სასამართლომ მართლმსაჯულების სასამართლოსგან განსხვავებული განაჩენი გამოიტანა.

Google-ის საქმეში პირი, რომელიც თავის შესახებ ინფორმაციის წაშლას ითხოვდა, არ იყო სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პირი. ის მხოლოდ იმ ინფორმაციის ამოღებას ითხოვდა, რომელიც მის ცუდ საკრედიტო ისტორიას უსვამდა ხაზს და რაც დავის მომენტისათვის სიმართლეს აღარ შეესაბამებოდა.5

სასამართლომ განიხილა ორი ძირითადი საკითხი: 1) დირექტივა 95/46-ის თანახმად, რადმენად წარმოადგენდა Google ინფორმაციის გადამამუშავებელ პირს და 2) ვრცელდებოდა თუ არა მასზე პირადი ინფორმაციის დაცვის ვალდებულება ამავე დირექტივის თანახმად. გადაწყვეტილების მიხედვით, ორივე კითხვას დადებითი პასუხი გაეცა6.

ამსტერდამის სააპელაციო სასამართლომ ზემოთ აღნიშნული საქმის ინტერპრეტაციის შედეგად კიდევ ერთი გადაწყვეტილება გამოიტანა Google-ის სასარგებლოდ და განამტკიცა პრაქტიკა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში მსჯავრდებული პირები არ სარგებლობენ უფლებით “იყო დავიწყებული”. მან ნიდერლანდების საოლქო სასამართლოს მსგავსად აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის დანაშაულების შემთხვევაში არსებობს განსაკუთრებული საჯარო ინტერესი და შესაბამისად, ინფორმაციის გავრცელების თავისუფლების შეზღუდვა არაა დაშვებული.7

დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ უფლება “იყო დავიწყებული” არსებობს და სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე, ძირითად შემთხვევებში ის უფრო მაღლა დგას, ვიდრე ინფორმაციის გავრცელების თავისუფლება. თუმცა, გამონაკლის შემთხვევებში, როგორიცაა სისხლის სამართლის დანაშაულში მსჯავრდებული პირების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, ეს უფლება იზღუდება ინფორმაციის თავისუფლების უფლების სასარგებლოდ.

მიუხედავად ზემოთქმულისა, რთული დასადგენია, რამდენად რეალურია არსებობა უფლებისა “იყო დავიწყებული” სოციალური მედიის ეპოქაში, მაშინ როდესაც Twitter-ის, Facebook-ისა და სხვათა მეშვეობით ინფორმაციის გავრცელების სისწრაფემ მაქსიმუმს მიაღწია.

ნიკა გიგაშვილი

1 Court applies Google Spain again: no right to be forgotten for convicted criminals. http://merlin.obs.coe.int/iris/2015/7/article22.en.html

2 იქვე.

3 საქმე ნომერი C18 / 155 241 / KG ZA 15-73. პარაგრაფი 4:10.

4 იქვე. პარაგრაფი 4:5

5 Google Spain SL, Google Inc. v Agencia Española de Protección de Datos (AEPD),Mario Costeja González, CJEU, პარაგრაფი 10 http://curia.europa.eu/juris/document/document.jsf;jsessionid=9ea7d2dc30dd419f2b013c044ce4b488e906e962d405.e34KaxiLc3qMb40Rch0SaxuRa3j0?text=&docid=152065&pageIndex=0&doclang=en&mode=lst&dir=&occ=first&part=1&cid=1130301

6 იქვე. პარაგრაფები 26 და 60

7 საქმე ნომერი C / 13/569654 / KG ZA 14-960, პარაგრაფები 3.10, 3.12 და 3.18

http://uitspraken.rechtspraak.nl/inziendocument?id=ECLI:NL:GHAMS:2015:1123

Share Button