ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-16 ოქმი

european_union___grunge_flag__1955_____by_undevicesimus-d6s5qfrდაახლოებით ორი წლის წინ, 2013 წლის 12 ივლისს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციისათვის მე-16 ოქმის დამატებას და მისი შემუშავების ძირითად მოტივად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა(ECHR) და ეროვნულ სასამართლოებს შორის ურთიერთკავშირის ხელშეწყობა დაასახელა.

მე-16 ოქმი ხელმოსაწერად გაიხსნა 2013 წლის 2 ოქტომბერს და დღემდე მას, ევროპის საბჭოს წევრმა თექვსმეტმა სახელმწიფომ მოაწერა ხელი, რატიფიკაცია კი მათ შორის სამი სახელმწიფოს ანგარიშზეა, რომელთაგანაც ერთ-ერთს საქართველოს წარმოადგენს.

ქართულ კანონმდებლობაში მე-16 ოქმის ამოქმედება იძლევა შესაძლებლობას, მართლმსაჯულების განმახორციელებელმა უმაღლესი ინსტანციის ორგანოებმა, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმებით აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით, საკონსულტაციო დასკვნის მისაღებად, მიმართონ ECHR-ს. ოქმის რატიფიცირებისას, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველომ ECHR-ისადმი მიმართვის სუბიექტებად დაასახელა საქართველოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოები.

ოქმში გაწერილია ECHR-ისადმი მიმართვის დასაშვებობის კრიტერიუმები. მართლმსაჯულების ეროვნულმა ორგანოებმა საკონსულტაციო დასკვნა უნდა მოითხოვონ მხოლოდ “პრინციპულ საკითხებზე“. მათ ევალებათ დაასაბუთონ საკონსულტაციო დასკვნის მოთხოვნა. დასკვნის გაცემა ECHR-ს შეუძლია მხოლოდ მიმმართველი სუბიექტის წარმოებაში არსებულ საქმეზე. მართლმსაჯულების ორგანომ დასკვნის მისაღებად ECHR-ს უნდა გადაუგზავნოს მის წარმოებაში არსებული საქმის „სათანადო“ სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები.

საკონსულტაციო დასკვნის მოთხოვნის დასაშვებობას განიხილავს ECHR-ის დიდი პალატის კოლეგია ხუთი მოსამართლის შემადგენლობით და თუ კოლეგია თანხმობას განაცხადებს მოთხოვნის მიღებაზე, ECHR-ის  დიდი პალატა მოამზადებს და გამოსცემს საკონსულტაციო დასკვნას.”

მოთხოვნის დასაშვებობის განმხილველ კოლეგიასა და დიდ პალატაში ოფიციალურად შედის მოსამართლე, არჩეული იმ მაღალი ხელშემკვრელი მხარისგან, რომელსაც განეკუთვნება მოთხოვნის წარმდგენი სასამართლო ან ტრიბუნალი. ამ მოსამართლის არყოფნის ან მის მიერ საქმის განხილვაში მონაწილეობის შეუძლებლობის შემთხვევაში, მოსამართლის უფლებამოსილებით განხილვაში მონაწილეობს სასამართლოს თავმჯდომარის მიერ ამ მხარის წინასწარ წარდგენილი კანდიდატების სიიდან შერჩეული პირი.

ქართულ საპროცესო კანონმდებლობაში მე-16 ოქმის რატიფიკაციამ გამოიწვია შესაბამისი ცვლილებები, თუმცა არა ისეთი, რომ რაიმის განვრცობა ან დეტალიზება მომხდარიყო. საკანონმდებლო აქტებში აისახა ოქმის ძირითადი პრინციპები და უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მიერ ECHR-ისადმი მიმართვის შემდეგ დასკვნის მიღებამდე ათვლილი დრო არ ჩაითვალა გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადების დინებაში.

ოქმის შინაარსში მისი მოწინააღმდეგეები ხედავენ მართლმსაჯულების ეროვნულ სისტემებში ECHR-ის ჩარევის საფრთხეს, აგრეთვე არსებობს მოსაზრებები რომ დასკვნის მოთხოვნისა და შემუშავების პროცედურები სწრაფი მართლმსაჯულების განხორცილებისთვის ხელისშემშლელი იქნება.

ოქმის ამოქმედების თავდაპირველ შემთხვევებში, შესაძლებელია ასევე პრობლემური იყოს გამოცემული დასკვნის განმარტების, ურთიერთგაგების საკითხი. არსებობს ასევე ვარაუდი, რომ მართლმსაჯულების ეროვნულ ორგანოებს ექნებათ შესაძლებლობა გავლენა მოახდინონ ECHR-ს მიერ გამოცემული საკონსულტაციო დასკვნის შინაარსზე. ამის საფუძველს ის გარემოება იძლევა, რომ დასკვნის მომთხოვნი ორგანო თავად წყვეტს, წარმოებაში არსებული საქმის რომელი სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები გადაუგზავნოს ECHR-ს.

ოქმს ბუნებრივია აქვს დადებითი მხარეებიც. ECHR-ისადმი მიმართვა და შემდეგ მისგან საკონსულტაციო დასკვნის მიღება ხელს შეუწყობს სასამართლოებს შორის დიალოგს, რაც, თავის მხრივ, გლობალური კონსტიტუციონალიზმის ჩამოყალიბებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

საქმის განხილვის ისეთ შემთხვევებში, როდესაც მართლმსაჯულების ორგანო ჩიხშია შესული და ვერ აყალიბებს მტკიცე პოზიციას, დაირღვა თუ არა კონვენციით აღიარებული უფლებები და თავისუფლებები, დაბალი ხარისხის მქონე გადაწყვეტილების გამოტანის ნაცვლად, ბევრად გონივრულია, მან საკონსულტაციო დასკვნისთვის მიმართოს ECHR-ს და მოისმინოს მასში შემავალი მოსამართლეების კომპეტენტური აზრი.

არსებობს ასევე მოსაზრება, რომ მართლმსაჯულების ეროვნული ორგანოების მიერ საკონსულტაციო დასკვნების გათვალისწინება შეამცირებს ECHR-ში შეტანილი სარჩელების რიცხვს და სახელმწიფოების მხრიდან უფრო მეტად იქნება უზრუნველყოფილი ადგილობრივ დონეზე კონვენციით აღიარებული უფლებების დაცვა.

იურიდიული შედეგის თვალსაზრისით, საკონსულტაციო დასკვნების გათვალისწინება სახელმწიფოებს დაეხმარებათ კონვენციის დარღვევის თავიდან აცილებაში. ამის საფუძველზე კი მოსალოდნელია სახელმწიფოებში მართლმსაჯულების სისტემის მიმართ ნდობის ამაღლება და ევროპის საბჭოს სამართლებრივი  სტანდარტების სწრაფი გავრცელება. ამ პროცესების მიმდინარეობით, ევროპის საბჭოში შემავალ სახელმწიფოებში ხელი შეეწყობა წევრ სახელმწიფოებს შორის დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებების ერთგვაროვან განმარტებასა და ადგილობრივი საკანონმდებლო აქტების მასთან შესაბამისობაში მოყვანას.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-16 დამატებითი ოქმი ძალაში შედის კონვენციის ათი მაღალი ხელშემკვრელი მხარის მიერ მის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობის გამოხატვიდან სამი თვის გასვლის შემდეგ, მომდევნო თვის პირველ დღეს. მე-16 დამატებითი ოქმი, მის ძალაში შესვლამდე წარმოდგენილია პროექტის სახით.

გიორგი ჩიფჩიური

გამოყენებული ლიტერატურა:

http://www.echr.coe.int/Documents/Protocol_16_ENG.pdf

http://www.echr.coe.int/Documents/Protocol_16_explanatory_report_ENG.pdf

http://conventions.coe.int/Treaty/Commun/ChercheSig.asp?NT=214&CM=8&DF=&CL=ENG

Share Button