ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-16 ოქმი

ოქმის შემუშავების საჭიროება, შემუშავების ოფიციალური მიზნები და პროცედურები.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) უფლებამოსილებების ზრდის შესახებ მსჯელობა ევროპის საბჭოში ჯერ კიდევ 2005 წელს, ვარშავაში მიმდინარე სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურთა მე-3 სამიტზე დაიწყო. შეხვედრაზე მიღებულ სამოქმედო გეგმაში ჩაიწერა, რომ “საჭიროა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კონტროლისათვის გრძელვადიანი ეფექტურობის მიღწევა”.1

კონფერენციიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში შექმნილმა მრჩეველთა საბჭომ მორიგ ანგარიშში2 მიუთითა, რომ “საჭიროა შეიქმნას სისტემა, რომლის ფარგლებშიც სარეკომენდაციო დასკვნის მოთხოვნით წევრი სახელმწიფოების სასამართლოები მიმართავენ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების განმარტებასთან დაკავშირებით”.3 საბჭომ ასევე აღნიშნა, რომ “რეკომენდაციის მისაღებად ევროპულ სასამართლოს შეიძლება მიმართოს მხოლოდ წევრი სახელმწიფოს საკონსტიტუციო თუ ბოლო ინსტანციის სასამართლომ. შემუშავებული რეკომენდაციები ყოველთვის იქნება ნებაყოფლობითი და მათი მოთხოვნა ხელს შეუწყობს სასამართლოებს შორის დიალოგისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს “კონსტიტუციური” როლის ზრდას.”4

მორიგი ოფიციალური შეფასება, მე-16 ოქმის შემუშავებასთან დაკავშირებით იზმირში 2011 წელს გამართულ ECHR-ის მომავლისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გაკეთდა. მიღებული დეკლარაციის საბოლოო ტექსტში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მართლმსაჯულების სისტემაში საკონსულტაციო დასკვნების დამკვიდრება დადებითად შეაფასა  და აღნიშნა – “იმის გათვალისწინებით, რომ ეროვნულ დონეზე ადეკვატური მართლმსაჯულების არსებობა ამცირებს ქვეყნიდან წარმოდგენილი სარჩელების რიცხვს, მინისტრთა კომიტეტი  მიზანშეწონილად მიიჩნევს უმაღლესმა ეროვნულმა სასამართლოებმა ECHR-ისგან მოითხოვონ საკონსულტაციო განმარტება იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება კონვენციისა თუ მისი დამატებითი ოქმების ინტერპრეტაციას. საკონსულტაციო დასკვნები ხელს შეუწყობს ევროპული სამართლის ერთგვაროვან განმარტებას და დაეხმარება სახელმწიფოებს კონვენციის დარღვევის თავიდან აცილებაში”.5

იზმირში (თურქეთი) გამართულ კონფერენციაზე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ინიციატივით ასევე გადაწყდა, რომ ოქმის შემუშავებაში მონაწილეობა მიეღო ადამიანის უფლებათა წამყვან კომიტეტს (CDDH). მას დაევალა “წარმოედგინა კონკრეტული წინადადებები და მოსაზრებები სარეკომენდაციო დასკვნის გაცემის პროცედურებთან დაკავშირებით.”6

CDDH-მა 2012 წლის 15 თებერვალს გამოქვეყნებულ ანგარიშში7 დადებითად შეაფასა მართლმსაჯულების ეროვნული ორგანოების შესაძლებლობა მიმართონ ECHR-ს კონსულტაციისთვის და აღნიშნა, რომ “სარეკომენდაციო დასკვნების მექანიზმი ECHR-სა და მართლმსაჯულების ეროვნულ ორგანოებს მიიყვანს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებამდე, რომლებიც ევროპული სასამართლოსა და კონვენციური სისტემის სამომავლო განვითარებისთვის იქნება საჭირო. კოორდინაცია გამოავლენს ეროვნულ სასამართლოებში არსებულ სისტემურ და სტრუქტურულ პრობლემებს, ასევე ეროვნული კანონმდებლობის კონვენციასთან შესაბამისობის ხარისხს.” CDDH მინისტრთა კომიტეტისადმი ანგარიშში დამატებით მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ “სახელმწიფომ მკაფიოდ უნდა განსაზღვროს ECHR-ისადმი მიმართვის სუბიექტი, რათა არ მოხდეს შინაარსობრივად განმეორებად საქმეზე ხელახალი დასკვნის მოთხოვნა”.8

სარეკომენდაციო დასკვნების შესახებ მსჯელობა 2012 წელს ბრაიტონში (დიდი ბრიტანეთი) ECHR-ის მომავალთან დაკავშირებულ მორიგ მაღალი დონის შეხვედრაზეც გაიმართა. კონფერენციაზე დეტალურად განიხილებოდა საკონსულტაციო დასკვნებისათვის ECHR-ისადმი მიმართვის პროცედურა. ბრაიტონის დეკლარაციის საბოლოო ტექსტში აღინიშნა, რომ “ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და ეროვნულ ხელისუფლებებს შორის ურთიერთობა შესაძლებელია გაძლიერდეს ECHR-ისთვის დასკვნის გაცემის უფლების მინიჭებით. წევრი სახელმწიფოები უფლებამოსილნი არიან ეროვნული დონის სპეციფიკურ საქმეებზე სურვილისამებრ მიიღონ ECHR-ის საკონსულტაციო მოსაზრებები იმ რწმენით, რომ ისინი არ ატარებენ სავალდებულო ხასიათის.”9

ბრაიტონის კონფერენციაზევე გადაწყდა, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს 2013 წლის დასასრულამდე უნდა შეემუშავებინა და წარმოედგინა მე-16 დამატებითი ოქმის პროექტი.

საწყის ეტაპზე, მე-16 ოქმის სამუშაო დოკუმენტი მისმა შემდგენელმა ჯგუფმა შეზღუდული შემადგენლობით ორ შეხვედრაზე განიხილა და პროექტი შესაფასებლად სასამართლოს რეფორმირების საკითხზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფს (DH-GDR) გადაუგზავნა. ამის შემდგომ პროექტი განიხილა ადამიანის უფლებათა წამყვანმა კომიტეტმა (CDDH), მხარი დაუჭირა მის მიღებას და განხილვისათვის 2012 წლის მაისში, მინისტრთა კომიტეტის 122-ე სესიაზე წარმოადგინა.

მორიგ პროცედურად მინისტრთა კომიტეტის მხრიდან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოწვევა და ოქმის პროექტის მიღებაზე მისი მხარდაჭერის მოპოვება განისაზღვრა, რაც წარმატებით განხორციელდა 2013 წლის 28 ივნისს.10

შემუშავების ბოლო ეტაპზე ოქმის სამუშაო დოკუმენტმა მხარდაჭერა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის წევრებისაგან მიიღო,11 რის საფუძველზეც ის საერთაშორისო ხელშეკრულების – ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-16 დამატებითი ოქმის ოფიციალურ პროექტად ჩამოყალიბდა.

კონვენციის მე-16 დამატებითი ოქმი ხელმოსაწერად 2013 წლის 2 ოქტომბერს გაიხსნა და დღემდე მას ევროპის საბჭოს ვებ-გვერდზე განთავსებული მონაცემების თანახმად საქართველოს ჩათვლით თექვსმეტმა სახელმწიფომ მოაწერა ხელი.12 რაც შეეხება ოქმის რატიფიკაციას, ოფიციალური მონაცემებით ეს მხოლოდ სან მარინოსა და სლოვენიის ხელისუფლებს ანგარიშზეა, თუმცა თუ გადავხედავთ საქართველოს პარლამენტის 2015 წლის 4 მარტს 3139-IIს დადგენილებას,13 აღმოვაჩენთ რომ მე-16 დამატებითი ოქმის რატიფიცირება საქართველოს პარლამენტმაც მოახდინა, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო ამის შესახებ ინფორმაცია ევროპის საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ჯერ არ არის. მე-16 დამატებითი ოქმის ძალაში შესვლის პირობად განსაზღვრულია მისი რატიფიცირება ევროპის საბჭოს მინიმუმ 10 წევრი სახელმწიფოს მიერ.

 

საკონსულტაციო დასკვნის არსი და მისი ოქმით განსაზღვრული შინაარსი

 ძირითადი საკითხები, რომლებიც მე-16 დამატებითი ოქმის შემუშავების პროცესში ევროპის საბჭოს მაღალი დონის შეხვედრებსა თუ კონფერენციებზე განიხილებოდა, იყო ის, თუ:

  • რომელ სახელისუფლებო ორგანოს უნდა ჰქონოდა ECHR-ისადმი მიმართვის უფლება;
  • რა ტიპის კითხვებზე შეეძლებოდა ECHR-ს სარეკომენდაციო დასკვნის მომზადება;
  • დასაშვებობის რა კრიტერიუმები უნდა დაეკმაყოფილებინა სარეკომენდაციო დასკვნის მოთხოვნას;
  • როგორი უნდა ყოფილიყო სარეკომენდაციო დასკვნის შემუშავების პროცედურები;
  • ექნებოდათ თუ არა გავლენა ECHR-ის მიერ გაცემულ სარეკომენდაციო დასკვნებს მართლმსაჯულების ეროვნული ორგანოების გადაწყვეტილებებზე.

მე-16 დამატებით ოქმის ხელმოსაწერად გამოქვეყნებული პროექტის საბოლოო ტექსტმა ჩამოთვლილ გარემოებებს ნათელი მეტ-ნაკლებად მოჰფინა. მასში განსაზღვრა ECHR-ის იურიდიული მოქმედებები, რომლებიც მან მართლმსაჯულების ეროვნული ორგანოების მიმართვის შემთხვევაში უნდა განახორციელოს. კონვენციის მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა აირჩიონ ECHR-ისადმი მიმართვის სუბიექტი, ხოლო რაც შეეხება სარეკომენდაციო დასკვნების სასამართლოს გადაწყვეტილებებზე შესაძლო გავლენის შეფასებას, ეს საკითხი თეორიულად გაურკვეველია და გაურკვეველად დარჩება მანამ, სანამ საკონსულტაციო დასკვნის გათვალისწინების ან გაუთვალისწინებლობის პრაქტიკა არ ჩამოყალიბდება.

ოქმი თავისი არსით ზოგადი რეგულაციური ხასიათისაა, მისი ამჟამინდელი პროექტი შეიცავს პრეამბულასა და 11 მუხლს. მე-9 მუხლში მითითებულია, რომ ოქმის ხელმოწერის ან რატიფიკაციისას დაუშვებელია ხელშემკვრელი მხარის მიერ რაიმე სახის დათქმის გაკეთება.14

ყველაზე მნიშვნელოვანი და შინაარსობრივი ხასიათის მატარებელი დებულებები ოქმის 1-5 მუხლებშია გაწერილი. აგრეთვე მნიშვნელოვანია ოქმის პრეამბულა, რომელიც ნორმათა თელეოლოგიური განმარტების საფუძვლებს აყალიბებს და უთითებს, რომ დადგენილი დებულებების მიზანი “საკონსულტაციო დასკვნების გაცემის თვალსაზრისით სასამართლოს უფლებამოსილების გაფართოებაა”, რაც “კიდევ უფრო გააღრმავებს ურთიერთქმედებას სასამართლოსა და ეროვნულ ორგანოებს შორის და ამგვარად, გაამყარებს კონვენციის განხორციელებას სუბსიდიარობის პრინციპის შესაბამისად.”15

მე-16 ოქმის პირველი მუხლის პირველი პუნქტი უთითებს  ECHR-ისადმი მიმართვის უფლების მქონე სახელმწიფო ორგანოთა წრეზე და აღნიშნავს, რომ დასკვნის მომთხოვნი სუბიექტები შეიძლება იყვნენ ხელშემკვრელი მხარის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოები და ტრიბუნალები. ოქმის მე-10 მუხლის საფუძველზე ხელშემკვრელი მხარეები, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისთვის წარდგენილი განცხადებით, თავად განსაზღვრავენ ECHR-ისადმი მიმართვის უფლების მქონე მართლმსაჯულების ეროვნულ ორგანოს ან სურვილის შემთხვევაში ორგანოებს.16

პირველი მუხლის პირველი პუნქტი აკეთებს არაპირდაპირ მითითებას ECHR-ის გაცემული დასკვნების შინაარსსა და მართლმსაჯულების ეროვნული ორგანოების მოთხოვნათა დასაშვებობის კრიტერიუმის შესახებ. მუხლის ფორმულირებით, ხელშემკვრელი მხარის მართლმსაჯულების ორგანოები უფლებამოსილნი არიან ECHR-ისგან მოითხოვონ დასკვნა “პრინციპულ საკითხებზე, რომლებიც ეხება კონვენციითა და მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების განმარტებას ან გამოყენებას.17

ციტირებული დათქმისა და ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების ანალიზით დგინდება ECHR-ში საკონსულტაციო დასკვნის მისაღებად გაგზავნილი მიმართვის დასაშვებობის ხუთი კრიტერიუმი:

  1. ხელშემკვრელი მხარის მართლმსაჯულების ორგანო ECHR-ისგან უნდა ითხოვდეს საკონსულტაციო დასკვნას განსახილველი საქმის მხოლოდ “პრინციპულ საკითხებზე”;
  2. დასკვნა მოთხოვნილი უნდა იყოს კონვენციითა და მისი დამატებითი ოქმებით აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით;
  3. მართლმსაჯულების ორგანომ ECHR-ის შეფასება უნდა მოითხოვოს მხოლოდ მის წარმოებაში არსებულ საქმეზე;18
  4. მართლმსაჯულების ორგანოს ევალება დაასაბუთოს საკონსულტაციო დასკვნის მოთხოვნა;19
  5. საკონსულტაციო დასკვნის მისაღებად მართლმსაჯულების ორგანომ ECHR-ს უნდა გადაუგზავნოს მის წარმოებაში არსებული საქმის სათანადო სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები.20

ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით, ECHR-მა საკონსულტაციო დასკვნის გაცემისას გადაგზავნილი სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეაფასოს კონვენციითა და დამატებითი ოქმებით აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების არსთან მიმართებით. ვინაიდან მართლმსაჯულების ეროვნულ ორგანოებს, ოქმის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, უფლება აქვთ ECHR-ს დასკვნის გაცემა მოსთხოვონ მხოლოდ “პრინციპულ საკითხებზე”, ბუნებრივია, ECHR დასკვნაში არ უნდა გასცდეს მოთხოვნას და არ უნდა იმსჯელოს იმ საკითხებზე, რაც საბოლოოდ მართლმსაჯულების ეროვნული ორგანოების გადასაწყვეტია და რაზეც ის პასუხისმგებლობას არ იღებს.

მე-16 ოქმის მოწინააღმდეგეები მისი ამოქმედების ყველაზე დიდ საფრთხედ ECHR-ის მხრიდან ეროვნული მართლმსაჯულების სისტემების დამოუკიდებლობაში ჩარევას მოიაზრებენ, რაც ზემოთ მოყვანილი მსჯელობის საფუძველზე იურიდიულად შეუძლებელია.

კრიტიკა ხვდა წილად აგრეთვე ECHR-ისთვის საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გადაგზავნის მოთხოვნას. ამ საკითხზე მე-16 ოქმის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ “საქმის სათანადო სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების გადაგზავნა ECHR-ს გაუადვილებს დასმულ შეკითხვებზე ფოკუსირებას.”21 ამ ჩანაწერის ოფიციალური განმარტების კომენტირებისას შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქმის შესახებ რაც უფრო მეტი ინფორმაცია გადაეგზავნება ECHR-ს, მისგან მით უფრო კვალიფიციურ დასკვნებს უნდა მოველოდეთ. ყურადღება გასამახვილებელია იმ დეტალზეც, რომ ECHR დასკვნის მომზადებისათვის ითხოვს წარმოებაში არსებული საქმის მხოლოდ “სათანადო” სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებს და თუ რა გარემოებები შეიძლება შეაფასონ მართლმსაჯულების ეროვნულმა ორგანოებმა „სათანადოდ“ ეს ცალსახად, დამოუკიდებლად მათი გადასაწყვეტია, ისევე როგორც ზოგადად ECHR-ისადმი მიმართვა.

ოქმის მე-2 მუხლში განსაზღვრულია თუ რა პროცედურის დაცვით უნდა მოხდეს ECHR-ის მიერ საკონსულტაციო დასკვნის გაცემა. რეგლამენტირებულ დებულებებში “დიდი პალატის კოლეგია ხუთი მოსამართლის შემადგენლობით, პირველი მუხლის გათვალისწინებით, განიხილავს საკონსულტაციო დასკვნის მოთხოვნის მიღებაზე თანხმობის საკითხს”22 და “თუ კოლეგია დაეთანხმება მოთხოვნის მიღებას, დიდი პალატა გასცემს საკონსულტაციო დასკვნას.”23

მოთხოვნის დასაშვებობის განმხილველ კოლეგიასა და დიდ პალატაში ex officio შედის მოსამართლე, არჩეული იმ მაღალი ხელშემკვრელი მხარისგან, რომელსაც განეკუთვნება მოთხოვნის წარმდგენი სასამართლო ან ტრიბუნალი. ამ მოსამართლის არყოფნის ან მის მიერ საქმის განხილვაში მონაწილეობის შეუძლებლობის შემთხვევაში, მოსამართლის უფლებამოსილებით განხილვაში მონაწილეობს სასამართლოს თავმჯდომარის მიერ ამ მხარის წინასწარ წარდგენილი კანდიდატების სიიდან შერჩეული პირი.24

ოქმის მე-3 მუხლი ადგენს, რომ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარსა და მოთხოვნის წარმდგენ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს უფლება აქვთ წარმოადგინონ წერილობითი მოსაზრებები და მონაწილეობა მიიღონ მოთხოვნის ზეპირ განხილვაში. ECHR-ის თავმჯდომარეს, მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელების მიზნით, შეუძლია შესთავაზოს ნებისმიერ სხვა მაღალ ხელშემკვრელ მხარეს ან პირს, საკონსულტაციო დასკვნის მოთხოვნის განხილვისას წარმოადგინონ წერილობითი მოსაზრებები ან მონაწილეობა მიიღონ ზეპირ განხილვაში.25

ECHR-ს ოქმის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით ევალება საკონსულტაციო დასკვნის დასაბუთება. თუ საკონსულტაციო დასკვნა, მოსამართლეების მიერ ერთხმად არ არის მიღებული, ნებისმიერი მოსამართლე უფლებამოსილია მას განსხვავებული აზრი დაურთოს.26

მნიშვნელოვანია ასევე მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, “საკონსულტაციო დასკვნა უნდა გამოქვეყნდეს”27. განმარტებით ბარათში ამ დათქმას მითითებული აქვს, რომ დასკვნის გამოქვეყნებისას ECHR-ის მხრიდან დაცული იქნება მონაცემთა კონფიდენციალობის წესები.28

მე-16 ოქმის მე-5 მუხლი კი მიუხედავად ეტიმოლოგიურად გამომდინარე სიცხადისა, ხაზს  უსვამს, რომ “საკონსულტაციო დასკვნას არ აქვს სავალდებულო ხასიათი.”29

აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს სამართლისა და ზოგადად ECHR-სათვის საკონსულტაციო დასკვნის გაცემის პროცედურა უცხო არ არის.  ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის 47-59 მუხლები ECHR-ს ანიჭებენ უფლებას, მინისტრთა კომიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში, გასცეს სარეკომენდაციო დასკვნები კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების განმარტების სამართლებრივ საკითხებზე.30

განსხვავება საკონსულტაციო დასკვნების გაცემის უკვე არსებულსა და მე-16 ოქმით ასამოქმედებელ მექანიზმს შორის იკვეთება დასკვნის შინაარსობრივ ფარგლებში. თუკი მე-16 ოქმით მოთხოვნილი დასკვნა შესაძლებელია რომ ECHR-ს დაუბრუნდეს წარმოებაში არსებული საქმის გასაჩივრების შემთხვევაში, მის მიერ მინისტრთა კომიტეტისთვის გაცემული საკონსულტაციო დასკვნა არ უნდა შეიცავდეს კონვენციითა და მისი დამატებითი ოქმებით განსაზღვრული უფლებებისა და თავისუფლებების შინაარს31და შესაბამისად, არ უნდა უკავშირდებოდეს ისეთ საკითხებს, რომელთა განხილვაც სასამართლოს ან მინისტრთა კომიტეტს შესაძლოა მოუწიოს კონვენციით გათვალისწინებულ შემთხვევებში.32

საკონსულტაციო დასკვნის გაცემის უფლებამოსილებით აღჭურვილია ასევე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის  მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო (ICJ).33 დასკვნის მისაღებად ICJ-სადმი მიმართვის უფლება აქვთ გაეროს ძირითად და სპეციალიზებულ ორგანოებს.34 ICJ-ის დასკვნები სარეკომენდაციო ხასიათისაა, მათ არ გააჩნიათ იურიდიული ძალა, თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ მიმდინარე პროცესებზე დასკვნებს აქვთ სამართლებრივი ეფექტი, ვინაიდან გამოხატავენ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს ავტორიტეტულ აზრს.

ICJ საკონსულტაციო დასკვნის მოთხოვნაზე მსჯელობს თითქმის იმავე პროცედურების დაცვით, რაც გაეროს წესდებით მისთვის წარდგენილი სარჩელის განხილვისთვის არის დადგენილი. ICJ-ის დასკვნები მიმართულია რთული და კომპლექსური საერთაშორისო-სამართლებრივი პრობლემების გადასაჭრელად. ECHR-ის მსგავსად, მოდავე მხარეების მიერ სარჩელის ICJ-ში შეტანის შემთხვევაში, ICJ-ს შესაძლოა მოუწიოს მსჯელობა იმავე საკითხზე, რომელთან დაკავშირებითაც მან სარეკომენდაციო დასკვნა შეიმუშავა.

განსხვავებით ICJ-ის საკონსულტაციო დასკვნებისაგან, თავისი არსით ECHR-ის საკონსულტაციო დასკვნა რადიკალურად განსხვავდება ევროპის კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში (ECJ) დამკვიდრებულ წინასწარი გადაწყვეტილების პროცედურისგან. ECHR-ის საკონსულტაციო დასკვნასა და ECJ-ის წინასწარ გადაწყვეტილებას შორის მთავარი განმასხვავებელი არის ის, რომ ECJ-ის წინასწარი გადაწყვეტილება სავალდებულო ხასიათისაა. მისი გამოყენება ასევე დაუშვებელია იმ სარჩელებზე, რომლებიც ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ შეიძლება განიხილებოდეს.35

 

ოქმის რატიფიცირება და მისი ამოქმედების შესაძლო დადებითი და უარყოფითი მხარეები

საქართველომ მე-16 ოქმის რატიფიცირებისას, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ECHR-ისადმი მიმართვის უფლების მქონე ორგანოებად საქართველოს უზენაესი სასამართლო და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დაასახელა.36 რატიფიკაციას მოჰყვა ცვლილებების აუცილებლობა იერარქიით მასზე დაბალი იურიდიული ძალის მქონე საქართველოს კანონებში. საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით იდენტური შინაარსის ცვლილებები შევიდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო,37 საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო38 და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში,39 ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში.40

ეროვნულ კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებს ძალაში შესვლის თარიღად მიეთითა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის მე-16 ოქმის საქართველოს მიმართ ამოქმედების დრო. მათში განმეორდა ოქმის ძირითადი პრინციპები და მართლმსაჯულების ორგანოების მიერ ECHR-ისადმი მიმართვის შემდეგ დასკვნის მიღებამდე ათვლილი დრო არ ჩაითვალა გადაწყვეტილების გამოტანისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადების დინებაში.

რაც შეეხება ეროვნული მართლმსაჯულების ორგანოებისათვის ECHR-ისგან საკონსულტაციო დასკვნების მიწოდების მექანიზმს, სხვადასხვა გადასახედიდან შესაძლოა მასში დადებითი და უარყოფითი მხარეები დაინახო. ეროვნულ მართლმსაჯულების სისტემაში მისი ამოქმედების შესახებ თოთოეულმა სახელმწიფომ გადაწყვეტილება საკონსულტაციო დასკვნის მექანიზმის მხარდამჭერი და საწინააღმდეგო არგუმენტების დისბალანსის საფუძველზე და ასევე, მოცემულ სიტუაციაში მისი საჭიროების გათვალისწინებით უნდა მიიღოს.

ECHR-ის მიერ ეროვნული მართლმსაჯულების ორგანოებისათვის, მათივე მოთხოვნის საფუძველზე, საკონსულტაციო დასკვნის მიწოდება ზოგადი შეფასებით ხელს შეუწყობს სასამართლოებს შორის დიალოგს, რაც, თავის მხრივ, გლობალური კონსტიტუციონალიზმის ჩამოყალიბებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. იმ შემთხვევაში, თუკი მართლმსაჯულების ორგანო წარმოებაში არსებული საქმის განხილვისას ჩიხშია შესული და ვერ აყალიბებს მტკიცე პოზიციას ფაქტობრივ გარემოებებზე  დაყრდნობით დაირღვა თუ არა კონვენციით აღიარებული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, ბევრად გონივრულია, სასამართლოს წევრებმა დასაბუთების დაბალი ხარისხის მქონე გადაწყვეტილების გამოტანის ნაცვლად მიმართონ კოლეგებს ECHR-ში და მოისმინონ მათი სარეკომენდაციო რჩევები.

არსებობს მოსაზრება, რომ მართლმსაჯულების უმაღლესი ინსტანციების დონეზე საკონსულტაციო დასკვნების გათვალისწინება შეამცირებს ECHR-ში შეტანილი სარჩელების რიცხვს და ეროვნულ დონეზე უფრო მეტად იქნება სახელმწიფოების მიერ უზრუნველყოფილი კონვენციით აღიარებული უფლებების დაცვა. რაც შეეხება იმ საკითხზე აპელირებას, რომ დასკვნის გათვალისწინების შემთხვევაში, სახელმწიფო დიდი ალბათობით აღარ დამარცხდება საქმის სტრასბურგში გასაჩივრებისას, ამან შესაძლოა მხოლოდ ეროვნული მართლმსაჯულების სისტემის პრესტიჟზე იქონიოს გავლენა, რადგან დამდგარი შედეგის თვალსაზრისით, სახელმწიფოს ადგილობრივ დონეზე დაეკისრება მოქმედებების განხორციელების ვალდებულება თუ საერთაშორისო სასამართლოს მიერ განხილვისას, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

ECHR-ის საკონსულტაციო დასკვნების გათვალისწინება დაეხმარება სახელმწიფოებს კონვენციის დარღვევის თავიდან აცილებაში. ამის საფუძველზე მოსალოდნელია სახელმწიფოებში მართლმსაჯულების სისტემის მიმართ ნდობის ამაღლება და სახელმწიფოებში ევროპის საბჭოს სამართლებრივი  სტანდარტების სწრაფი გავრცელება. ამ პროცესების მიმდინარეობით თავის მხრივ ხელი შეეწყობა ევროპის საბჭოს სამართლის ერთგვაროვან განმარტებასა და ეროვნული საკანონმდებლო აქტების მასთან შესაბამისობაში მოყვანას.

რაც შეეხება ეროვნულ დონეზე მე-16 ოქმის ამოქმედებით წარმოქმნილ შესაძლო პრობლემებს, უმთავრესი, რის გამოწვევაც ECHR-ისგან დასკვნის მოთხოვნას შეიძლება მოჰყვეს, არის სწრაფი მართლმსაჯულების პროცესზე გავლენის მოხდენა. მე-16 ოქმით განსაზღვრული არ არის ვადები, თუ მიმართვიდან რა პერიოდში უნდა გამოსცეს ECHR-მა საკონსულტაციო დასკვნა. ბუნებრივია, ეს საკითხი მოუწესრიგებელია ქართულ საპროცესო კანონმდებლობაშიც, ECHR-ისადმი მიმართვიდან დასკვნის მიღებამდე მართლმსაჯულების ორგანოსათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადების დინება გაურკვეველი დროით ჩერდება.

საკონსულტაციო დასკვნების მექანიზმის ამოქმედების თავდაპირველ შემთხვევებში შესაძლებელია პრობლემატური გახდეს ECHR-სა და მიმმართველ ორგანოს შორის ევროპული კონვენციით აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების განმარტების ურთიერთგაგების საკითხი. ამის დამზღვევ მექანიზმად შეგვიძლია დავასახელოთ განხილული საქმის ECHR-ში გასაჩივრების შესაძლებლობა. თუ მხარე მიიჩნევს, რომ მართლმსაჯულების ეროვნულმა ორგანომ არაადეკვატურად აღიქვა ECHR-ის მიერ მიწოდებული საკონსულტაციო დასკვნა, მას დარღვეული თუ დარღვევის საფრთხის ქვეშ მყოფი უფლების დაცვა ECHR-ში შეუძლია, რომელიც ივარაუდება, რომ თუ საქმის სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები მკვეთრად არ შეიცვალა, საკონსულტაციო დასკვნაში დაფიქსირებულ პოზიციას შეინარჩუნებს.

არსებობს ასევე ვარაუდი, რომ მართლმსაჯულების ეროვნულ ორგანოებს ოქმით დამკვიდრებული სისტემის ფარგლებში აქვთ შესაძლებლობა გავლენა მოახდინონ ECHR-ს მიერ გამოცემული საკონსულტაციო დასკვნის შინაარსზე. ამის საფუძველს ის გარემოება იძლევა, რომ დასკვნის მომთხოვნი ორგანო ოქმის პირველი მუხლის მესამე პუნქტის საფუძველზე თავად წყვეტს თუ წარმოებაში არსებული საქმის რომელი სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები გადაუგზავნოს ECHR-ს.

ეს შესაძლოა პრობლემაა, თუმცა სხვაგვარად მისი დარეგულირება არალოგიკურია. თავისი არსით საკონსულტაციო დასკვნები ემსახურებიან არა სასამართლო პროცესში მონაწილე რომელიმე მხარის კონვენციით აღიარებული უფლების ან თავისუფლების დაცვას, არამედ თავად მართლმსაჯულების ორგანოს ფუნქციონირების ხელშეწყობას, მის მიერ ადეკვატური მართლმსაჯულების განხორციელებას. იმ შემთხვევაში, თუ კონსულტაციის მომთხოვნი ორგანო ბოროტად გამოიყენებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული საკონსულტაციო დასკვნის მოთხოვნის შესაძლებლობას და ევროპულ სასამართლოს გადაუგზავნის მხოლოდ ერთი მხარის სასარგებლოდ არსებულ გარემოებებს, რაციონალურ გამოსავლად მოცემულ სიტუაციაშიც დამარცხებული მხარის მიერ საქმის ECHR-ში გასაჩივრება რჩება.

როგორც აღინიშნა, ისევე როგორც ყველაფერს სოციალურ მეცნიერებებში, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-16 ოქმსაც აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. საკონსულტაციო დასკვნების მექანიზმი მართლმსაჯულების ეროვნულმა ორგანოებმა თანაბარი წარმატებით შეიძლება გამოიყენონ როგორც მართლმსაჯულების ხარისხის ასამაღლებლად, ისე საქმის განხილვის პასუხისმგებლობის მოსახსნელად. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ოქმის ხელმოწერისა და რატიფიცირების გადაწყვეტილება თითოეულმა სახელმწიფომ არსებულ ვითარებაში საჭიროებასა და მოსალოდნელ სიკეთეთა უპირატესობაზე უნდა დააფუძნოს და რაც შეეხება ოქმით განსაზღვრული უფლებამოსილებების ეფექტურ გამოყენებას, ეს ცალსახად მართლმსაჯულების უმაღლესი ინსტანციის ეროვნულ ორგანოებზე იქნება დამოკიდებული.

გიორგი ჩიფჩიური

 

1 იხ. CM(2005)80 final 17 may  2005, part I. Warsaw.

2 იხ. CM(2006)203.

3 იხ. CM(2006)203, para. 81.  Warsaw.

4 იხ. CM(2006)203, para. 81. Warsaw.

5 იხ. High Level Conference on the Future of the European Court of Human Rights, Izmir Declaration, D, 1.

6 იხ. CM/Del/Dec(2011)1114/1.5, Izmir.

7 იხ. CDDH(2012)R74.

8 იხ. CDDH(2012)R74 Addendum III, para. 17.

9 იხ. High Level Conference on the Future of the European Court of Human Rights, Brighton Declaration, 12, d.

10 იხ. Parliamentary Assembly, adopted opinion No. 285(2013).

11 იხ. CM/Del/Dec(2013)1176/4.4E, 1176th meeting of the Ministers’ Deputies, 12 July 2013.

12 ხელმომწერი ქვეყნებია: ალბანეთი, სომხეთი, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, იტალია, ლიტვა, ნიდერლანდები, ნორვეგია, რუმინეთი, სან-მარინო, სლოვაკეთი, სლოვენია, თურქეთი და უკრაინა.

http://conventions.coe.int/Treaty/Commun/ChercheSig.asp?NT=214&CM=8&DF=&CL=ENG

13 იხ. საქართველოს პარლამენტის დადგენილება 3139-IIს “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-16 ოქმის რატიფიცირების თაობაზე”.

14 იხ. “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის  კონვენციის” მე-16 დამატებითი ოქმი, მ.9.

15 იქვე პრეამბულა, აბზაცი 3.

16 იქვე, მ.10.

17 იქვე, მ.1.

18 იქვე, მ.1.პ.2.

19 იქვე, მ.1.პ.3.

20 იქვე, მ.1.პ.3.

21 იხ. Explanatory Report for the Protocol No. 16 to the Convention for the Protection of Human Rights and Fundamental Freedoms, para. 11.

22 იქვე, მ.2.პ.1.

23 იქვე, მ.2.პ.2.

24 იქვე, მ.2.პ.3.

25 იქვე, მ.3.

26 იქვე, მ4.პ.2.

27 იქვე, მ4.პ4.

28 იხ. Explanatory Report for the Protocol No. 16 to the Convention for the Protection of Human Rights and Fundamental Freedoms, para. 24.

29 იხ. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის  კონვენციის მე-16 დამატებითი ოქმი. მ.5.

30 იხ. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია. მ.47.პ.1.

31 იქვე, მ.47.პ.2.

32 იქვე, მ.47.პ.2.

33 იხ. Charter of the united nations and statute of the international court of justice, Article 96. a.

34 იქვე, Article 96. b.

35 იხ. ევროპული კავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულება. მ.267.

36იხ. საქართველოს განცხადება “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის” N16 ოქმის მე-10 მუხლის შესაბამისად.

37 იხ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი. მ.4021.

38 იხ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი. მ.34.პ5.

39 იხ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. მ.3041.

40 იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონი. მ.213.

Share Button