საიდუმლო მიყურადების შესახებ გერმანიის ფედერალრი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

მიმდინარე წლის 13 ნოემბერს, გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ გერმანიის ბუნდესტაგის საგამოძიებო კომიტეტის მოთხოვნა მისთვის გერმანიის მთავრობის მიერ საიდუმლო მიყურადების სისტემის საძიებო ცნებების გადაცემაზე უსაფუძვლოა.

საქმე ეხება მიყურადების იმ სისტემებს, რომელთა ფუნქციონირებაც გათვალისწინებული იყო გერმანიასა და მოკავშირეთა შორის (აშშ და დიდი ბრიტანეთი) 1950-იანი წლებში დადებული შეთანხმებებით. ამ შეთანხმების მიზანი იყო საბჭოთა კავშირისა და მაშინდელი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკისაგან მომდინარე საფრთხის გაუვნებელყოფა წინასწარი მიყურადების, საიდუმლო მოსმენებისა და ამ გზით ინფორმაციის შეგროვების საშუალებით.

კონსტიტუციური სარჩელის ავტორები იყვნენ გერმანიის ბუნდესტაგის მწვანეთა და მემარცხენე პარტიების ფრაქციები, ასევე ამერიკის უშიშროების სააგენტოსა (NSA) და გერმანიის ფედერალური საინფორმაციო სამსახურის (BND) ზემოთ აღნიშნული საქმიანობის საკითხზე შექმნილი ბუნდესტაგის საგამოძიებო კომიტეტის ორი წევრი.

სასამართლოს განმარტებით, საიდუმლო მიყურადების სისტემის „საძიებო ცნებების სია“ პირდაპირ ეხება აშშ-ის საიდუმლო ინფორმაციის შენახვის ინტერესს და, აქედან გამომდინარე, არ შედის მხოლოდ გერმანიის მთავრობის ექსკლუზიური უფლებამოსილების სფეროში.

„საძიებო ცნებების სია“ არის სია, რომლის მეშვეობითაც გერმანიის საინფორმაციო სამსახური (BND) აშშ-ის უშიშროების სააგენტოს (NSA), ამერიკული მხარის მიმართვის საფუძველზე, აწვდის მონაცემებს პოტენციურად მნიშვნელოვანი ინფორმაციების შესახებ. არსებობს ეჭვი, რომ ამ ცნებების დიდი ნაწილი პრობლემატურია, რადგან მიმართულია ევროპული სახელმწიფო უწყებებისა და კორპორაციების წინააღმდეგ. ბუნდესტაგის საგამოძიებო კომიტეტს სურდა გაერკვია აღნიშნული საკითხი, თუმცა გერმანიის მთავრობამ უარი უთხრა ინფორმაციის მიწოდებაზე.

გადაწყვეტილების დასაბუთების ნაწილში საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საძიებო ცნებების სიის გაცემა გერმანიის მთავრობის მიერ აშშ-ის თანხმობის გარეშე წარმოადგენს შეთანხმებით აღებული ვალდებულების – საიდუმლო ინფორმაციების შენახვისა და გაუთქმელობის – დარღვევას, რაც შეასუსტებს გერმანიის საიდუმლო სამსახურების ფუნქციონირებისა და თანამშრომლობის უნარს, ეს კი, თავის მხრივ, მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას მოახდენს გერმანიის მთავრობის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გატარების შესაძლებლობაზე. ამდენად, მთავრობის ინტერესი ინფორმაციების საიდუმლოდ შენახვაზე უპირატესია პარლამენტის საინფორმაციო ინტერესის მიმართ.

Share Button