„სამართლებრივი წერის“ სახელმძღვანელოზე ერთწლიანი მუშაობა ნაშრომის გამოქვეყნებითა და საჯარო პრეზენტაციით დასრულდა

მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრმა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, დაასრულა მუშაობა სახელმძღვანელოზე „სამართლებრივი წერა“. სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა 2017 წლის 19 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, „ლიგამუსში“.

ავტორთა ჯგუფმა, 1 წლის განმავლობაში, თავი მოუყარა იურისტების წერის პროცესში გამოვლენილ პრაქტიკულ გამოწვევებს, რომლებზე დაყრდნობითაც შემუშავდა სახელმძღვანელოს  სტრუქტურა. წიგნში განხილულია ისეთი საკითხები, როგორებიცაა: სამართლებრივი პრობლემის იდენტიფიცირება, წერის სტრუქტურა, ფაქტების გადმოცემის მეთოდოლოგია და დროის მენეჯმენტი, წერის სტილისტური მხარე და ციტირების მნიშვნელობა. ნაშრომი, ასევე, მიმოიხილავს სამართლებრივი კვლევის ძირითად საძიებო სისტემებს (როგორც ქართულს, ისე უცხოურს), საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის ფორმებსა და წესებს, საკანონმდებლო წინადადებისა თუ განმარტებითი ბარათის შედგენის ტექნიკას.

სახელმძღვანელო სამართლებრივი წერის სფეროში სისტემატიზებული ნაშრომის შექმნის ერთ-ერთი პირველი ცდაა. მისი მიზანია, გაუმარტივოს სტუდენტებსა და სამართლის სპეციალისტებს სამართლებრივ ტექსტებზე მუშაობის პროცესი, ძირითადი სტანდარტებისა და არასწორი ტენდენციების განხილვა-მითითებით.

სახელმძღვანელოს საფუძველზე ავტორთა შემდგომი ნაბიჯი იქნება სასწავლო კურსის შემუშავება და დაგეგმვა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე.

Share Button