რა ბედი ელის აშშ – ირანის ხელშეკრულებას ირანის ატომური პროგრამის შესახებ?

2015 წლის 14 ივლისს, ქალაქ ვენაში, გაეროს უშიშროების საბჭოს 5-მა მუდმივმა წევრმა (აშშ, ჩინეთი, საფრანგეთი, რუსეთი, გაერთიანებული სამეფო), გერმანიამ და ირანმა ხელი მოაწერეს ეთანხმებას (Joint Comprehensive Plan of Action – შემდგომში „JCPoA“) ირანის ატომური პროგრამის შესახებ. აღნიშნულ 7 ქვეყანას შორის მოლაპარაკებები 22 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და არაერთხელ ჩაიშალა.

159-გვერდიანი ხელშეკრულება ვრცლად განიხილავს ხელმომწერი ქვეყნების უფლება-მოვალეობებს ირანის ბირთვულ პროგრამასთან მიმართებაში. თავის მხრივ, ირანი იღებს ვალდებულებას:1

  • 65%-მდე შეამციროს ურანის გამდიდრების მოცულობა უახლოესი 15 წლის განმავლობაში;
  • 10,000 კილოგრამიანი ურანის მარაგი შეამციროს 3.67%-იან 300 კგ მოცულობის მარაგამდე შემდეგი 15 წლის განმავლობაში;
  • საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს (IAEA) მისცეს წვდომა მის ყველა გამდიდრების ინფრასტრუქტურასა და ცენტრიფუგაზე;
  • არ ააშენოს ურანის გამდიდრების ახალი ობიექტები შემდეგი 15 წლის განმავლობაში;
  • შეწყვიტოს ურანის გამდიდრება ფორდოუს (Fordow) ობიექტზე და გარდაქმნას ის ატომური ფიზიკის კვლევის ცენტრად;
  • არ იკვლიოს ურანის გამდიდრებასთან დაკავშირებული საკითხები შემდეგი 15 წლის განმავლობაში;
  • არ ჰქონდეს რაიმე სახის ბირთვული მასალა ფორდოუს ობიექტზე;

დანარჩენი ხელმომწერი ქვეყნები კი ვალდებულებას იღებენ, ირანს მოუხსნან ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული ყველა ეკონომიკური თუ სხვა ტიპის სანქცია და გააუქმონ გაეროს ყველა რეზოლუცია, რომელიც ეხება ირანის ბირთვული პროგრამის საფრთხეებს. თუმცა, აშშ უფლება იტოვებს, სანქციები, რომელიც დაკავშირებულია ტერორიზმთან, ადამიანის უფლებათა დარღვევასა და ბალისტიკურ რაკეტებთან, უცვლელად დატოვოს მიღწეული შეთანხმების მიუხედავად2.

მხარეები თვლიან, რომ აღნიშნული ხელშეკრულება მნიშვნელოვანია მსოფლიო მშვიდობისა და ატომური უსაფრთხოების მიღწევისათვის, რასაც არ ეთანხმებიან რესპუბლიკერი კონგრესმენები, რომლებიც ობამას ადმინისტრაციის მიერ მიღწეული შეთანხმების ანულირების შესაძლებლობას განიხილავენ.3

აშშ-ის კანონმდებლობის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებებზე მოლაპარაკებებს ქვეყნის პრეზიდენტი აწარმოებს, თუმცა მისი რატიფიცირება კონგრესის მიერ ხდება. მოსალოდნელი წარუმატებლობის გამო, თეთრი სახლის ადმინისტრაციამ მიმართა გაეროს, მიიღოს უშიშროების საბჭოს 15 წევრი ქვეყნისათვის შესასრულებლად სავალდებულო რეზოლუცია, რომელიც მხარს დაუჭერს ირანის ატომურ პროგრამასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას.4 ეს კი ნიშნავს შემდეგს: მიუხედავად იმისა, თუ რას გადაწყვეტს კონგრესი ან/და მხარს დაუჭერს თუ არა ამ შეთანხმებას აშშ-ის შემდეგი პრეზიდენტი, აშშ ვალდებული იქნება, დაემორჩილოს გაეროს რეზოლუციას5 და ამით რატიფიცირებასთან დაკავშირებული პრობლემები თავიდანვე აღმოიფხვრება.

ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც რესპუბლიკელი სენატორები მიიჩნევენ, რომ აშშ-მ ამ ხელშეკრულების რატიფიცირება არ უნდა მოახდინოს, მისი სამართლებრივი შინაარსია. კერძოდ ის, რომ JCPoA რეალურად არ აწესებს დამატებით სავალდებულო ხასიათის სამართლებრივ შეზღუდვებს ირანისათვის, რაც ობამას ადმინისტრაციის განცხადებებიდანაც ნათლად ჩანს.6 ირანმა 1970 წელს მოახდინა რატიფიცირება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების,7 ხოლო დამატებით პროტოკოლს კი 2003 წელს მოაწერა ხელი.8 ამ ორი დოკუმენტის საფუძველზე ირანი უკვე საკმარისად შეზღუდულია, როგორც ატომური იარაღის წარმოების, ისე ურანის გამდიდრების მხრივ.

ხელშეკრულების მოწინააღმდეგეთა კიდევ ერთი არგუმენტი არის ის, რომ რაც აქამდე მსოფლიო მშვიდობის წინააღმდეგ მიმართულ საფრთხედ მიიჩნეოდა (ირანის ატომური პროგრამა), დღეს უკვე მსოფლიოს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საგანია და შესაბამისად, ირანს აღიარებენ ატომური ტექნოლოგიების მქონე ქვეყნად, რომელიც მშვიდობიანი ატომური პროგრამის ფარგლებში გარკვეული უფლებებითაც კი იქნება აღჭურვილი.

თუმცა, ყველაზე მნიშვნელვანი პრობლემა, რასაც ხელშეკრულების მოწინააღმდეგენი ხედავენ, ირანის მიერ ვალდებულებების თავის არიდების შესაძლებლობაა. ხელშეკრულების 78-ე პარაგრაფის მიხედვით, საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს მიერ ატომურ ობიექტებზე წვდომის მოთხოვნა შეუძლია ირანს 25 დღით დააყოვნოს, რაც საკმარისი იქნება ისეთი მტკიცებულებების განადგურებისათვის, რომლებიც შესაძლოა ხელშეკრულების დარღვევაზე მიუთითებდნენ.9

სწორედ ამ საკითხებზე იმსჯელებს კონგრესი შემდეგი 60 დღის განმავლობაში მანამ, სანამ კენჭს უყრის ხელშეკრულების რატიფიცირების საკითხს. პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, ის უფლებას არ მისცემს კონგრესს საფრთხე შეუქმნას ამ შეთანხმების სისრულეში მოყვანას, თუნდაც ამისათვის ვეტოს უფლების გამოყენება დასჭირდეს10.

1 თეთრი სახლის კორესპონდენცია Joint Comprehensive Plan of Action-ის შესახებ. გვ 1

https://www.whitehouse.gov/sites/default/files/docs/parametersforajointcomprehenisveplanofaction.pdf

2 იქვე, გვ 3

3Republican candidates vow to repeal conclusion on Iran nuclear program

http://www.iran-daily.com/News/122529.html?catid=3&title=Republican-candidates-vow-to-repeal-conclusion-on-Iran-nuclear-program

4 Obama Turns to U.N. to Outmaneuver Congress http://foreignpolicy.com/2015/07/15/obama-turns-to-u-n-to-outmaneuver-congress-iran-nuclear-deal/?utm_content=buffer85ece&utm_medium=social&utm_source=facebook.com&utm_campaign=buffer

5 იქვე

6 Adam B. Lerner, State Department: Iran Deal ‘Nonbinding’, Politico (Mar. 11, 2015, 11:37 AM) http://www.politico.com/story/2015/03/state-department-iran-deal-nonbinding-115978.html

7 Esther Pan, IRAN: Curtailing the Nuclear Program, Council on Foreign Relations (May 13, 2004),   http://www.cfr.org/iran/iran-curtailing-nuclear-program/p7821

8 Conclusion of Additional Protocols: Status as of 14 May 2015, International Atomic Energy Agency, available at https://www.iaea.org/safeguards/documents/sir_table.pdf

9 This might be the single most important paragraph of the Iran deal

Read more: http://uk.businessinsider.com/iran-deal-the-most-important-paragraph-2015-7?r=US#ixzz3gPvsDbWh

10 იქვე #3

Share Button