ნიკა გურინი – შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვა მოწმის გამოკითხვისას

ქართულ მართლმსაჯულებაში პირველად შეჯიბრებითობის პრინციპი განმტკიცდა 1998 წლის კოდექსით, კერძოდ, მე-15 მუხლის თანახმად: „1. სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე; 2. ბრალდების, დაცვისა და საქმის გადაწყვეტის ფუნქციები გამოყოფილია ერთმანეთისგან და არ შეიძლება დაეკისროს ერთსა და იმავე ორგანოს ან ერთსა და იმავე თანამდებობის პირს; 3. მხარეებს სრული თანასწორობის საფუძველზე უფლება აქვთ წარმოადგინონ მტკიცებულებანი, მონაწილეობა მიიღონ მათ გამოკვლევაში, განაცხადონ შუამდგომლობა და აცილება, გამოთქვან საკუთარი აზრი სისხლის სამართლის საქმის ნებისმიერ საკითხზე; 4. შეჯიბრებითობა წინასწარ გამოძიებაში უზრუნველყოფილია იმით, რომ: ბრალდების ფუნქცია ეკისრება პროკურორს, აგრეთვე დაზარალებულს, დამცველს, სამოქალაქო მოპასუხესა და მის წარმომადგენლებს. დაცვის უფლება აქვთ ბრალდებულს, დამცველს, სამოქალაქო მოპასუხეს და მის წარმომადგენელს; 5. სასამართლო არ არის სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანო, არ ასრულებს დაცვისა და ბრალდების ფუნქციას. სასამართლო ბრალდებისა და დაცვის მხარეებს უქმნის საჭირო პირობებს მტკიცებულებათა წარდგენისათვის, მათი ყოველმხრივი და სრული გამოკვლევისათვის; 6. სასამართლო შებოჭილი არ არის მხარეთა მოსაზრებებით“. წინამდებარე კოდექსში, მხარეთა შორის შეჯიბრებითობის მიუხედავად, სასამართლო შებოჭილი არ იყო მხარეთა მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით. სასამართლო განაჩენით ადგენდა „ობიექტურ ჭეშმარიტებას“, შესაბამისად, პროცესში ბრალდებისა და დაცვის მხარის  თანასწორუფლებიანობას ნაკლები ყურადღება ექცეოდა.

2009 წლის 9 ოქტომბერს მივიღეთ ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რომელმაც სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ქართულ სისტემაში შეჯიბრებითობის პრინციპის ახლებურად გააზრებას შეუწყო ხელი. კერძოდ, 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: „სასამართლოს ეკრძალება ბრალდების დამადასტურებელ ან დაცვის ხელშემწყობ მტკიცებულებათა დამოუკიდებლად მოპოვება და გამოკვლევა. მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა. მოსამართლე უფლებამოსილია გამონაკლის შემთხვევაში, მხარეებთან შეთანხმების შედეგად, დასვას დამაზუსტებელი კითხვა, თუ ეს აუცილებელია სამართლიანი სასამართლოს უზრუნველსაყოფად“. ფაქტობრივად, სისხლის სამართლის ახალმა პროცესმა სასამართლო სრულად შეზღუდა გამოძიების სტადიაზე, რაც თავისმხრივ გულისხმობს 1998 წლის კოდექსის მე-15 მუხლის მე-6 ნაწილის თვისობრივ ცვლილებას, ვინაიდან, მოქმედი კანონმდებლობით სასამართლო შებოჭილია მხარეთა მოსაზრებებითა და მტკიცებულებებით. მაშასადამე, სასამართლო აღარ ადგენს ობიექტურ ჭეშმარიტებას და ხელმძღვანელობს მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით. დღის წესრიგში, მხარეებს შორის საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფის საკითხმა არსებითი მნიშვნელობა შეიძინა.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად:  „სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. მაშასადამე, მხარეებს თანაბარი უფლება აქვთ მოიპოვონ მტკიცებულებები. გარდა, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა, რომელიც ბრალდების მხარის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა.  მხარეებს სხვა ნებისმიერი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების ჩატარების თანაბარი უფლება გააჩნიათ.  სისხლის სამართალწარმოებაში შეჯიბრებითობა გულისხმობს ორივე მხარის შესაძლებლობას, მოიპოვოს და წარმოადგინოს საკუთარი მტკიცებულებები. შესაბამისად, შეჯიბრებითი პროცესის ფარგლებში, სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზებისთვის  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაცვის მხარეს გააჩნდეს ბრალდების არგუმენტების გაქარწყლების ადეკვატური და რეალური შესაძლებლობა, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს როგორც უფლებას, ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა-გაბათილებაზე, ასევე ამავე მიზნით, უფლებას მტკიცებულებათა მოპოვებაზე.  საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით: „შეჯიბრებითობის პრინციპი ეფუძნება მხარეთა თანაბრ შესაძლელობას აღიჭურვონ სათანადო საპროცესო ინსტრუმენტებით და გამოიყენონ ისინი საიმისოდ, რათა წარადგინონ მათი პოზიციების სასარგებლო არგუმენტები. იმავდროულად ამ პრინციპის უმთავრესი მიზანი არის სწორი გადაწყვეტილების მიღების  ხელშეწყობა და ამ მიზნისთვის ეს პრიცნიპი ეყრდნობა ორივე  მხარის მიერ არგუმენტების თავისუფლებად წარდგენის შესაძლებლობას“. ( საქართველოს საკონტიტუციო  სასამართლოს 2016 წლის 30 ოქტმობრის გადაწყვეტილება N1/8/594 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღდმეგ“, II, 27). თანაბარი შესაძლებლობების  შეფასებისას, აუცილებელია ვიხელმძღვანელოთ მხარეთა შედარებით არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენების ინდექსით. ანუ, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება არის თუ არა არსებითად მნიშნველოვანი მხარის პოზიციის დასაცავად.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 2016 წლის 20 თებერვლიდან ამოქმედდა გამოძიების ეტაპზე დაკითხვის ახალი წესი, რომელიც რეგულირდება ამავე კოდექსის, 113-ე და 114-ე მუხლებით. კერძოდ, 113-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „ნებისმიერი პირი, რომელიც შესაძლებელია ფლობდეს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, ნებაყოფლობით შეიძლება გამოკითხულ იქნეს მხარეთა მიერ. დაუშვებელია, გამოსაკითხი პირი აიძულონ, წარმოადგენის მტკიცებულება ან გასცეს ინფორმაცია“. მაშასადამე, არავინ არის  ვალდებულები გამოკითხვაში მიიღოს მონაწილება, რადგან გამოკითხვის ოქმის შედგენა დამოკიდებულია გამოსაკითხი პირის სურვილზე.  ცხადია, გამოკითხვის წარმოების უფლება აქვს, როგორც დაცვის, ასევე, ბრალდების მხარეს. თუმცა, გასაკვირი არ არის, ის ფაქტი, რომ ყველა მოქალაქეს არ სურს თანამშრომლობა მხარეებთან, ამ შემთხვევაში სახელმწიფომ აამოქმედა იძულების ბერკეტი. კერძოდ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: „ბრალდების მხარის შუამდგომლობით გამოძიების ადგილას ან მოწმის ადგილსაყმოფელის მიხედვით მაგისტრატი მოსამართლის წინაშე შეიძლება ასევე დაიკითხოს გამოსაკითხი პირი, თუ არსებობს ფაქტი ან/და ინფორმაცია, რომელიც დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს, რათა დაესკვნა პირის მიერ სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო ინფორმაციის შესაძლო ფლობის ფაქტი და ეს პირი გამოკითხვაზე უარს ამბობს.“  ფაქტობრივად, სახელმწიფომ  სასამართლოს წინაშე დაკითხვის ექსკლუზიური უფლებამოსილება მხოლოდ ბრალდების მხარეს მიანიჭა.  საინტერესოა,  ბრალდებულმა და მისმა დამცველმა, ამ შემთხვევაში, რა საგამოძიებო მოქმედება უნდა ჩაატარონ იმისათვის, რომ გამოსაკითხი პირისგან მოიპოვონ ინფორმაცია. მოცემული რეგულაციით, ცალსახად ირღვევა თანასწორუფლებიანობა, თუმცა მსჯელობის საკითხია, რამდენად არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს დაცვის მხარეს წინამდებარე რეგულაცია.  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს: „მიუხედავად იმისა, რომ სსსკ ითვალისწინებს მტკიცებულებათა გაცვლის წესს და ადგენს ბრალდების მხარის ვალდებულებას მიაწოდოს დაცვის მხარეს მის ხელთ არსებული გამამართლებელი მტკიცებულებები, იმისდა მიუხედავად აპირებს თუ არა სასამართლოში მათ გამოყენებას, საპროცესო კანონმდებლობა ფუნქციათა მკაფიო გამიჯვნის პირობებში, ბრალდების მხარეს არ აკისრებს ბრალდებულის გამამართლებელი მტკიცებულებების მოძიების ცალსახა ვალდებულებას. მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებათა გამჟღავნება უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია ბრალდებულის საპროცესო გარანტიების დაცვისათვის, ის სრულად ვერ უზრუნველყოფს „შესაძლებლობათა ბალანსის“ დაცვას სისხლისსამართლებრივ პროცესში.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, 27.01.2017,  N1/1/650/699 II,27). შესაბამისად, ბრალდების მხარე ვალდებული არ არის დააკმაყოფილოს დაცვის მხარის მიერ დაყენებულ მოთხოვნა, რომ გამოსაკითხი პირი სავალდებულოდ დაკითხოს სასამართლოს წინაშე. დაცვის მხარეს რჩება ერთადერთი ბერკეტი, გამოსაკითხი პირი, რომელმაც უარი განაცხადა ინფორმაციის ნებაყოფლობით მიწოდებაზე, შეიყვანოს დასაკითხ პირთა სიაში, თუმცა, დაცვის მხარე ვალდებულია სასამართლოზე ამტკიცოს მოწმის შემხებლობა სისხლის სამართლის საქმესთან, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული პირი ამორიცხული იქნება დასაკითხ პირთა სიიდან.

მაშასადამე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის მე-2 ნაწილის „სადავო“ რეგულირება ზღუდავს დაცვის მხარეს მოიპოვოს მოწმის ჩვენება, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებად მიიჩნევა.

 

ნიკა გურინი
ილიაუნის სამართლის სკოლა
მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრი