მუხლი 17

კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ამ ნორმის შესაბამისად, მთავარი ღირებულება არის ადამიანი, როგორც თვითმყოფადი, თავისუფალი და სხვა ადამიანების თანასწორი სუბიექტი. ადამიანის ღირსების დაცვა არის ის, რაც უპირობოდ ეკუთვნის ყველა ადამიანს სახელმწიფოსგან. ღირსებაში იგულისხმება სოციალური მოთხოვნა სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის რესპექტირებაზე. ღირსება ადამიანს აქვს იქედან გამომდინარე, რომ ის ადამიანია და ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ გააჩნია საზოგადოების შეხედულებას მასზე, ან მის სუბიექტურ თვითშეფასებას. ადამიანის ღირსების პატივისცემა გულისხმობს ყოველი ადამიანის პიროვნულ აღიარებას, რომლის ჩამორთმევა და შეზღუდვა დაუშვებელია. სახელმწიფოსათვის ადამიანი არის უმთავრესი მიზანია, პატივისცემის ობიექტი, მთავარი ფასეულობა და არა მიზნის მიღწევის საშუალება და ექსპლუატაციის ობიექტი.

ღირსება ასევე არ შეიძლება იქნეს განხილული, როგორც მხოლოდ ერთ-ერთი სუბიექტური კონსტიტუციური უფლების ობიექტი. ღირსება არის ის უფლება და ამავე დროს ის ფუნდამენტური კონსტიტუციური პრინციპი, რომელსაც ეყრდნობა და უკავშირდება ძირითადი უფლებები. პირის სამართლებრივი სტატუსის საფუძველში დევს ღირსების იდეა, ხოლო სამართლებრივი დაცვის პრინციპის, როგორც პიროვნების სოციალურ-სამართლებრივი დაცვის საშუალების, საფუძველი არის პიროვნების ღირსების უზრუნველყოფის პრინციპი. ღირსების ხელყოფა, ფაქტობრივად, ყოველთვის უკავშირდება სხვა ძირითადი უფლების ან უფლებების დარღვევას.

ნორმა უნდა იყოს ნათელი და განსაზღვრულობის მოთხოვნებთან შესაბამისი. ადამიანს უნდა შეეძლოს ზუსტად გაარკვიოს, თუ რას მოითხოვს მისგან კანონმდებელი და მიუსადაგოს ამ მოთხოვნას თავისი ქცევა. საკონსტიტუციო სასამართლომ, კონსტიტუციის სხვადასხვა ნორმებთან სადავო ნორმების შესაბამისობის ანალიზისას უნდა დაადგინოს, ხომ არ გამოუწვევია უფლების დარღვევა ნორმის განუსაზღვრელობას.“

საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ, N2/2-389, 26 ოქტომბერი, 2007

 

„ადამიანის ღირსება ყველა ძირითადი უფლების საფუძველია, არ წარმოადგენს მხოლოდ განყენებულ, აბსტრაქტულ კატეგორიას და პრაქტიკულ რეალიზებას ადამიანის უფლებებში პოვებს.

დემოკრატიულ სახელმწიფოს აქვს ყველა შესაბამისი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ აღმოფხვრას ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხელყოფს ფუნდამენტურ კონსტიტუციურ ღირებულებებს. კანონმდებელს გააჩნია გარკვეული დისკრეცია, განსაზღვროს კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგიის აღმოსაფხვრელი და ამ იდეოლოგიაზე დაფუძნებული  რეჟიმის აღდგენის პრევენციის მექანიზმები. თუმცა ნებისმიერი ასეთი რეგულირება კონსტიტუციის მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს და დაექვემდებაროს კონსტიტუციურ-სამართლებრივ შემოწმებას.  წინააღმდეგ შემთხვევაში,  სახელმწიფო თავად დაემსგავსება იმ რეჟიმს, რომლის აღმოფხვრისკენაც მიისწრაფვის.

პატივი და ღირსება ადამიანის სოციალური იდენტობის არსებითი ატრიბუტებია, რომლებიც განსაზღვრავენ ადამიანის მორალურ მდგომარეობას საზოგადოებაში. აღნიშნული უფლება ბუნებით უფლებათა კატეგორიას განეკუთვნება, შესაბამისად, ნებისმიერ ადამიანს ღირსების უფლება აქვს იმიტომ, რომ იგი ადამიანია.“

საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, № 2/5/560, 28 ოქტომბერი, 2015

 

„თავისუფლების სამართლებრივ მასშტაბს ადამიანის ღირსება ქმნის, ამიტომ თავისუფალი ადამიანების საზოგადოება იმ სახელმწიფოთა უპირატესობაა, სადაც ადამიანის ღირსება ღირებულებათა სისტემის საფუძველია. ღირსება არის თითოეული ადამიანის თვითმყოფადობის საფუძველი და თანაბარი გარანტია, იყოს სხვებისგან განსხვავებული საკუთარ უნარებზე, შესაძლებლობებზე, გემოვნებაზე, განვითარების გზის ინდივიდუალურ არჩევანზე დამოკიდებულებით. საქართველოს  კონსტიტუციის მე-17 მუხლი ადამიანის ღირსების ფუნდამენტური პრინციპის აღიარებით სწორედ ასეთი წესრიგის გარანტირებას ემსახურება“

საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/4/592, 24 ოქტომბერი, 2015

 

„დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომლის საფუძველი და მიზანი თავისუფალი ადამიანია, შეუძლებელია არსებობდეს ადამიანის წამების, არაჰუმანური, სასტიკი, ღირსების შემლახველი მოპყრობის მოთხოვნილება, საჭიროება და, მით უფრო, კონსტიტუციური გამართლება. დემოკრატიას ვერ შექმნის, ვერ დაიცავს და ვერ უზრუნველყოფს ისეთი ხელისუფლება და სამართალი, რომელიც ადამიანის წამებას, არაადამიანურ, ღირსების და პატივის შემლახველ მოპყრობას და სასჯელს დასაშვებად მიიჩნევს დემოკრატიისვე ინტერესებში, რადგან შეუძლებელია დემოკრატიისა და ღირსების შელახვის ურთიერთთავსებადობა. დემოკრატიის იდეა თავისუფალ და, შედეგად, ღირსებადაცულ ადამიანს, საზოგადოებას ეფუძნება და ემსახურება. ამიტომ საფუძველშივე მცდარი და ცინიკურია იმის დაშვება, რომ თავისუფალი ადამიანების საზოგადოება მიიღწევა ადამიანის წამებით, არაჰუმანური მოპყრობით, სასტიკი და ღირსების შემლახველი სასჯელებით.“

საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/4/592, 24 ოქტომბერი, 2015

Back to Top

%d bloggers like this: