მუხლი 39

„სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნები შეეხება მათი იმ კატეგორიის სოციალური უფლებების დაცვას, რაც მართალია ცალკე არაა გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციით, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ მისი პრინციპებიდან. საქართველოს კონსტიტუციის 39–ე მუხლის ძალით „საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან.“ ამ პრინციპების ერთ–ერთი მთავარი გამოხატულება, როგორც ეს ჩანს პრეამბულიდან, ისაა, რომ საქართველოს მოქალაქეთა „ურყევი ნებაა დაამკვიდრონ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველყონ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი“.

სოციალური უფლებები უნდა მივიჩნიოთ კონსტიტუციის 39–ე მუხლის შინაარსით გათვალისწინებულ და სახელმწიფოს მიერ აღიარებულ იმ უფლებებად, რომელთა დაცვის მძლავრი მექანიზმების შესაქმნელად სახელმწიფო ვალდებულია გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა მართებული საშუალება.

ყოველი სახელმწიფო ვალდებულია არსებული რესურსების ფარგლებში მოსახლეობის სოციალური უფლებების დასაცავად მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავდეს, რათა ამ უფლებათა დაცვის, სულ მცირე, მინიმალურად აუცილებელი დონე მაინც რომ უზრუნველყოს. სხვანაირად, აზრი ეკარგება სახელმწიფოთა საერთაშორისო–სამართლებრივ ვალდებულებებს, რაც გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფოს მოქმედებანი ამ მიმართულებით სტაბილურ, ევოლუციურ ხასიათს უნდა ატარებდეს და დადებითი დინამიკით გამოირჩეოდეს.

საბაზრო ეკონომიკის პირობებში სიკეთეთა სამართლიანი განაწილება სულაც არ გამორიცხავს გარკვეული კატეგორიის მოქალაქეთათვის ისეთი შეღავათების დაწესებას, რაც საზოგადოებრივი სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამოხატულებად შეიძლება ჩაითვალოს.“

ბაჭუა გაჩეჩილაძე, ვლადიმერ დობორჯგინიძე, გივი დონაძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/126,129,158, 18 აპრილი, 2002

 

„საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან დაკავშირებით აღვნიშნავთ, რომ იგი, ცალკე, არ შეიცავს ადამიანისა და მოქალაქის უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს. კონსტიტუციის 39-ე მუხლი მხოლოდ მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს იმ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციით, მართალია ცალკე არ არის გათვალისწინებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს მისი პრინციპებიდან. მიგვაჩნია, რომ შეუძლებელია ვიმსჯელოთ სადავო აქტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის უშუალო დარღვევაზე, ვინაიდან როგორც უკვე აღინიშნა, იგი არ არის უფლებათა და თავისუფლებათა მტვირთველი ნორმა. საკონსტიტუციო სასამართლომ, კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნული დავის საგნის კონსტიტუციურობის დადგენისას, კონსტიტუციის 39-ე მუხლიდან გამომდინარე, შესაძლებელია იმსჯელოს მხოლოდ იმ უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევაზე, რაც საქართველოს კონსტიტუციით უშუალოდ არ არის გათვალისწინებული, მაგრამ გამომდინარეობს მისი პრინციპებიდან და ზოგადი სულისკვეთებიდან. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელემ თვითონ უნდა განსაზღვროს მისი ის დარღვეული უფლება, რომელსაც კონსტიტუცია პირდაპირ არ ითვალისწინებს, მაგრამ რაც გამომდინარეობს მისი არსიდან.“

ავთანდილ რიჟამაძე და ნელი მუმლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/6/205,232, 3 ივლისი, 2003

Back to Top

%d bloggers like this: