21 – ე მუხლის მე – 2 პუნქტი

„საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. კონკრეტულ შემთხვევაში საქმე არა გვაქვს აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებასთან, რადგან საქართველოს კონსტიტუცია, უკვე აღარ ავალდებულებს სახელმწიფოს უზრუნველყოს მოქალაქენი საცხოვრებელი ბინით.“

ლევან ფურცხვანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/31-5, 25 მარტი, 1997

 

„თუ „შეზღუდვას“ ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით განვმარტავთ, მაშინ კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი მხოლოდ საკუთრების უფლებაში ნეგატიური ჩარევისგან დამცავ და სახელმწიფოს შემზღუდველ ნორმად იქცევა. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია სწორად იქნეს გაგებული 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიზანმიმართულობა. სწორედ ამ პუნქტის საფუძველზეა უფლებამოსილი სახელმწიფო საკუთრების სოციალური ბუნებიდან გამომდინარე, დაადგინოს საკუთრების უფლების შინაარსი და ფარგლები. „შეზღუდვა“ უნდა გავიგოთ, როგორც საკანონმდებლო ჩარჩოების დადგენა სახელმწიფოს მიერ. სხვა შემთხვევაში, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის რეგულირების სფეროდან გავიდოდა ურთიერთობების მთელი კომპლექსი, რომელთა მიმართაც ვერ მოხდება „შეზღუდვის“ მისადაგება მისი პირდაპირი მნიშვნელობით. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემთხვევაში საკუთრების ჩამორთმევისაგან განსხვავებით, სახელმწიფო ადგენს სამართლებრივ რეჟიმს, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ პირდაპირ ან ირიბად მონაწილეობა მიიღოს კონკრეტულ ურთიერთობაში.“

საქართველოს მოქალაქეები – ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/1-370,382,390,402,405, 18 მაისი, 2007

 

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება“ არ არის მყარი და ყველა საზოგადოებაზე უნივერსალურად მორგებული ცნება. ის ცვალებადია დროსა და სივრცეში პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური მოცემულობების გათვალისწინებით. აქედან გამომდინარე, ის, რაც ერთ საზოგადოებაში შეიძლება ჩაითვალოს „აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებად“, შეიძლება სხვა საზოგადოებაში ასეთად არ იქნეს მიჩნეული. გარდა ამისა, ის, რაც მოცემული მომენტისათვის გაგებულია როგორც „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება“, შესაძლოა მომავალში ასეთად აღარ ჩაითვალოს ან პირიქით – დღეისათვის არსებულმა მიზანმა, რომელსაც ვერ მივანიჭებთ „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების ხარისხს“ მიიღოს ასეთი დატვირთვა. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების“ განსაზღვრისას დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა არის საკუთრების უფლების ობიექტი, როგორია მისი ბუნება და სოციალური დატვირთვა. ამ თვალსაზრისით, ის გარემოებები, რომლებიც წარმოადგენენ „აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას საკუთრების ერთი ობიექტის მიმართ, ასეთ საჭიროებას შეიძლება არ წარმოადგენდნენ სხვა ობიექტის მიმართ.

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების“ შინაარსს კონკრეტულ შემთხვევაში კანონმდებელი განსაზღვრავს. მოქმედება „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის“ არ ნიშნავს, რომ ის არის მიმართული საზოგადოებისათვის გარკვეული და გარდაუვალი უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად. კანონმდებელი „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის“ შეიძლება მოქმედებდეს, როდესაც მას ამოძრავებს საზოგადოებისათვის ან მისი ნაწილისათვის დადებითი შედეგების მომტანი მიზნები. ამასთანავე, არ არის აუცილებელი, რომ კანონმდებელმა კონკრეტულად მიუთითოს ნორმაში, თუ რა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის“ იღებს მას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების“ არსებობა შეიძლება გაირკვეს ნორმის ანალიზის, მისი განმარტების შედეგად. პირი, რომელიც იყენებს ნორმას, თვითონ კი არ ადგენს „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების“ არსებობას ან არარსებობას, არამედ მიიჩნევს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არსებობს კანონმდებლის მიერ მოაზრებული „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება“. ხოლო იმას, არის თუ არა კანონმდებლის მოსაზრება „აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებასთან“ დაკავშირებით მართებული და კონსტიტუციასთან შესაბამისი, საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს.“

საქართველოს მოქალაქეები – ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/1-370,382,390,402,405, 18 მაისი, 2007

 

„21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ფარგლებში „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების“ შინაარსი უფრო ფართოდ უნდა იქნეს გაგებული საკუთრების სოციალური ბუნებიდან გამომდინარე. თუ არ მოხდება 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების“ შედარებით ფართო და თავისუფალი ინტერპრეტაცია, მაშინ კერძოსამართლებრივი ურთიერთობების მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმები მიიღებენ სიხისტის ისეთ მაღალ ხარისხს, რაც აქვს საჯაროსამართლებრივი ურთიერთობების მარეგულირებელ ნორმებს. ამ სფეროში კანონმდებელი გაცილებით უფრო თავისუფალია, ვიდრე საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირების სფეროში. თუმცა, ეს არ ნიშნავს კანონმდებლის სრულ თავისუფლებას და ამოვარდნას კონსტიტუციურ-სამართლებრივი ჩარჩოებიდან. კანონმდებლის მიერ გამოხატული პოზიცია უნდა იყოს დაბალანსებული, მკაფიო, გარკვეული და არ უნდა იძლეოდეს თვითნებობისა და ნორმის არამიზნობრივად გამოყენების შესაძლებლობას.

კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი შეზღუდვას განიხილავს არა მიზნად, არამედ მისი მიღწევის საშუალებად.“

საქართველოს მოქალაქეები – ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/1-370,382,390,402,405, 18 მაისი, 2007

 

„მაშასადამე, საკუთრების უფლების შეზღუდვის დასაბუთების ფორმალურ-იურიდიულ საფუძველს წარმოადგენს: ა) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევების კანონით გათვალისწინება; ბ) შეზღუდვის წესის კანონით დადგენა.

ეს პუნქტი კანონმდებელს აძლევს საკუთრების შინაარსის განსაზღვრის უფლებამოსილებას, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ კანონმდებლის ნება კონსტიტუციური მოთხოვნის ადეკვატური იქნება. სწორედ აქ იჩენს თავს შეზღუდვის მატერიალური კრიტერიუმი, რომელიც კანონმდებელს ავალდებულებს კერძო და საჯარო ინტერესების გონივრულ დაბალანსებას. კონსტიტუციის 21-ე მუხლის მეორე პუნქტით დაკისრებული ვალდებულების შესრულებისას კანონმდებელი დგას ამოცანის წინაშე, თანაბრად გაითვალისწინოს კონსტიტუციით განსაზღვრული უფლების გარანტია და სოციალური საკუთრებითი წესრიგის მოთხოვნა და დააბალანსოს ინტერესები. დაუშვებელია  საკუთრების სოციალური ფუნქციის უგულვებელყოფა, იმავდროულად შეუძლებელია მესაკუთრის ზედმეტად, არათანაზომიერად შეზღუდვის გამართლება.

დაუშვებელია იმაზე მკაცრი შეზღუდვის დაწესება, ვიდრე ამას კონკრეტული საზოგადოებრივი საჭიროება მოითხოვს. კანონმდებელმა ორივე მოთხოვნა უნდა დააბალანსოს თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით. ცალმხრივი პრივილეგირება არ შეესაბამება კერძო საკუთრების იმ კონსტიტუციურ-სამართლებრივ გაგებას, რომელიც მისი სოციალური ფუნქციით დატვირთვას ითვალისწინებს. იმავდროულად, დაწესებული შეზღუდვების კონსტიტუციურობის თვალსაზრისით გამართლებისთვის მნიშვნელოვანია  ის, თუ რამდენად საჭიროა კონკრეტული რეგულირების სფეროში მათი შემოღება და რამდენად ადეკვატურ ზომას წარმოადგენენ ისინი. ამდენად, ინდივიდის საკუთრებაში ჩარევა გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს საზოგადოების მიერ მისაღებ სარგებელთან.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების კონკრეტული რეგლამენტაციის უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ კანონმდებელს. სწორედ მისი გადასაწყვეტია, თუ რა ღონისძიებების გატარებაა აუცილებელი საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე. ის შესაბამის დასკვნებს აკეთებს ეკონომიკური, სოციალურ-პოლიტიკური შეხედულებებისა და მიზნების საფუძველზე.

ამასთან, კანონმდებელი არ არის აბსოლუტურად თავისუფალი ამ ცნებისთვის კონკრეტული შინაარსის მიცემისას. ეს ასე რომ ყოფილიყო, შესაძლებელი გახდებოდა, ნებისმიერი გარემოებისთვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების დარქმევა და მისთვის საკუთრების უფლების შეზღუდვის საჭიროდ მიჩნევა. ანუ ამა თუ იმ გარემოების აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებად კანონში მოხსენიება არ არის საკმარისი საკუთრების შეზღუდვის გამართლებისა და კონსტიტუციურობის მტკიცებისთვის.

საკუთრების უფლების შეზღუდვისას კანონმდებლის მიერ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების განსაზღვრის  დიაპაზონი გაცილებით ფართოა. ამ დროს კანონმდებლის მიერ, პირველ რიგში, მხედველობაში მიიღება საკუთრების მიერ შესასრულებელი ფუნქცია. რაც უფრო მეტად არის საზოგადოება, მისი ნორმალური არსებობა და განვითარება სხვის საკუთრებაზე დამოკიდებული, კანონმდებელს მით მეტი უფლებამოსილება აქვს საკუთრების შეზღუდვის სფეროში.

ამავდროულად, აუცილებლად გასათვალისწინებელია თავად საკუთრების უფლების ობიექტის არსი, მისი შესაძლო სოციალური დატვირთვა, რაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მასთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოების „აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებად“ მიჩნევის საკითხს.“

საქართველოს მოქალაქეები- დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/2/384, 2 ივლისი, 2007

 

„მაშასადამე, საკუთრების უფლების შეზღუდვისას კანონმდებელს ევალება იზრუნოს და დეტალურად განსაზღვროს კერძო და საჯარო ინტერესების გონივრული გაწონასწორებისთვის საჭირო პირობები, მათ შორის შესაძლოა იყოს ფულადი კომპენსაციაც. ზოგიერთ შემთხვევაში სწორედ ფულადმა კომპენსაციამ შეიძლება წარმატებით დააბალანსოს კერძო და საჯარ ინტერესები, რათა კანონმდებელს არ მოუხდეს არჩევანის გაკეთება საზოგადოებრივ საჭიროებასა და მესაკუთრის ინტერესს შორის.“

საქართველოს მოქალაქეები- დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/2/384, 2 ივლისი, 2007

 

„…მე-2 პუნქტის ფარგლებში საკუთრების უფლების შეზღუდვისას, რომელიც ქონების ჩამორთმევით სრულდება, მესაკუთრე ყოველთვის არ კარგავს უფლებას კონკრეტულ საკუთრებაზე, მას შეუძლია ჰქონდეს ქონების ან სათანადო ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.“

საქართველოს მოქალაქეები- დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/2/384, 2 ივლისი, 2007

 

„…მე-2 პუნქტში არ არის პირდაპირი მითითება საკუთრების შეზღუდვისთვის სავალდებულო კომპენსაციის თაობაზე. თუმცა ასეთი შესაძლებლობა არ გამოირიცხება გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც, მართალია საზოგადოებრივი საჭიროების გამო, მესაკუთრის შეზღუდვა გამართლებულია, მაგრამ ეს შეზღუდვა ზომაზე მეტად იწვევს პირის საკუთრების უფლებაში ჩარევას. ასეთ დროს შეზღუდვის გაწონასწორების მიზნით სახელმწიფოსათვის ფულადი ვალდებულების დაკისრება ემსახურება კერძო და საჯარო ინტერესებს შორის თანაზომიერი დამოკიდებულების უზრუნველყოფას.“

საქართველოს მოქალაქეები- დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/2/384, 2 ივლისი, 2007

 

„უფლებაში ჩარევა უნდა გამართლდეს შესაბამისი საჯარო ინტერესით, თუმცა ის არ უნდა მოხვდეს ადამიანის უფლების ხელყოფის ხარჯზე. კანონმდებელმა სამართლიანად უნდა დააბალანსოს კერძო და საჯარო ინტერესი, ინდივიდის სამართლებრივი პოზიცია და საკუთრების სოციალური დატვირთვა. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ლოგიკური კავშირი სადავო ნორმასა და მოპასუხის მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზნებს შორის. სადავო ნორმით იზღუდება უფლება, რომლის ხარჯზეც არ ხდება მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის უზრუნველყოფა. აქედან გამომდინარე, ირღვევა გონივრული ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის და სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა არის არაპროპორციული, სცდება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირის უფლების შეზღუდვის დასაშვებ ფარგლებს და ეწინააღმდეგება მას.“

დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/512, 26 ივნისი, 2012

 

„საკუთრების უფლების შეზღუდვის გამართლების კონსტიტუციური სტანდარტი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმაზე, თუ უფლების შეზღუდვის რომელი ფორმაა გამოყენებული სახელმწიფოს მიერ. შესაბამისად, შეზღუდვის პროპორციულობის შეფასებამდე უმნიშვნელოვანესია გაირკვეს თავად შეზღუდვის ბუნება. მოსარჩელე მხარე მიუთითებს რომ სადავო რეგულირებით ხდება მისი საკუთრების საყოველთაო უფლების გაუქმება, რაც ყოველგვარი გამონაკლისის დაშვების გარეშე არის კონსტიტუციით აკრძალული.

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას შეიცავს, გადაწყვეტილებას კერძო საკუთრების აღიარებისა და დაცვის კონტექსტში. ეს ნორმა გამოხატავს საკუთრების კონსტიტუციური უფლების სუბიექტებთან დაკავშირებით არსებულ თანხმობას და აწესებს, რომ საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების უფლება საყოველთაო ხასიათს ატარებს და ამ ელემენტის გაუქმება დაუშვებელია.

საკუთრების უფლების შეზღუდვისას ან საკუთრების ჩამორთმევისას საქმე გვაქვს უფლებაში ჩარევასთან, რომლებიც, შემოწმების კონსტიტუციურ სტანდარტებთან მიმართებით, მათი შეფასების შედეგად, შესაძლოა გამართლდნენ, ან პირიქით. რაც შეეხება საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმებას, ამ შემთხვევაში სახეზეა მთლიანად კონსტიტუციურ ღირებულებათა წესრიგის გარკვეული „დაძლევა“.

დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/512, 26 ივნისი, 2012

 

„საკუთრების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვისთვის საჭიროა საზოგადოებრივი საჭიროებით განპირობებული შეზღუდვის წესის კანონით რეგლამენტირება. სწორედ საზოგადოებრივი საჭიროების არსებობა იძლევა საკუთრების უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურ-სამართლებრივ ლეგიტიმაციას. ამასთანავე, საკუთრების უფლების შეზღუდვისას კანონმდებელმა საჯარო ინტერესის შემადგენელი კომპონენტები თითოეულ შემთხვევაში ნათლად და მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბოს. მხოლოდ ამგვარი მიდგომის შედეგად არის შესაძლებელი ჩარევის თანაზომიერების დაცვა. დაუშვებელია უფლების უფრო მეტად შეზღუდვა, ვიდრე ამას თითოეულ, ცალკე აღებულ შემთხვევაში მოითხოვს საჯარო ინტერესი.“

დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/512, 26 ივნისი, 2012

 

„საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლეგიტიმური მოლოდინის ნებისმიერი ფორმით შეზღუდვა, კანონით მინიჭებული უფლების გაუქმება წარმოადგენს საკუთრების უფლების შეზღუდვას…

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების შეზღუდვა დასაშვებია აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.

…ისეთ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა სახელმწიფოს მიერ მინიჭებულ სარგებელზე საკუთრების უფლების მოპოვების ლეგიტიმური მოლოდინი, განსხვავებული და სპეციფიკური იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომა და უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურ-სამართლებრივი სტანდარტები.

ცალკეული სახელმწიფო სარგებლის მინიჭება, ბენეფიციარების ლეგიტიმური მოლოდინის მიუხედავად, დამოკიდებულია გარკვეულ ეკონომიკურ რესურსებზე. ეკონომიკური რესურსების განკარგვასა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში კანონმდებელს განსაკუთრებით ფართო მიხედულება გააჩნია. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მსგავს შემთხვევაში საკუთრების უფლების დარღვევას დაადგენს მხოლოდ მაშინ, როდესაც კანონმდებელი უხეშად სცდება საკუთარი დისკრეციის ფარგლებს და აშკარაა ლეგიტიმური მოლოდინის გაუმართლებელი, დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

საკუთრების შეზღუდვის კონსტიტუციურობის უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმია აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების არსებობა. კერძოდ, უფლების შეზღუდვა უნდა ემსახურებოდეს აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას, მისი არსებობა იძლევა საკუთრების უფლების შეზღუდვის ლეგიტიმაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკუთრების უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურ-სამართლებრივი შემოწმებისას ცენტრალურია საკითხი, რით არის განპირობებული სადავო ნორმის მიღების აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება.“

სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/3/522,553, 27 დეკემბერი, 2013

 

„საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, კონსტიტუციის მოთხოვნაა, რომ საკუთრების უფლების შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისადმი ვიწროდ მიზანმიმართული შეზღუდვის არსებობის შემთხვევაში.“

შპს „მეტალინვესტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/543, 29 იანვარი, 2014

 

„…სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და კეთილსინდისიერი კონტრაგენტის ინტერესების დაცვა წარმოადგენს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებით განპირობებულ ლეგიტიმურ  მიზნებს, რაც, ზოგადად, შესაძლებელია იყოს საკუთრების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის გამამართლებელი საფუძველი. …ზოგადად, ხანდაზმულობის ვადის დაწესებით, სადავო ნორმა ეფექტურად იცავს კეთილსინდისიერი კოტრაგენტის ინტერესებს უსაფუძვლო სარჩელებისგან, რასაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს ასეთი ვადის არარსებობის შემთხვევაში.“

შპს „მეტალინვესტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/543, 29 იანვარი, 2014

 

„საკუთრებაში მოაზრებული უფლებამოსილებები მოიცავს, მათ შორის, საკუთრებაში არსებული ქონების (მათ შორის მოძრავი და უძრავი ქონება, საბანკო ანგარიშები, ქონებრივი უფლებები) განკარგვას მათ შორის განადგურებას მესაკუთრის გადაწყვეტილებით, სარგებლობას და მფლობელობასთან ერთად. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებს საკუთრების უფლების შეზღუდვის  კუმულატიურად ორ სავალდებულო წინაპირობას: 1. საკუთრების უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას მხოლოდ კანონის მიერ უფლების შეზღუდვის ფორმალური და მატერიალური კრიტერიუმების განსაზღვრისას  და 2. უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას იმგვარად რომ არ დაირღვეს თავად უფლების არსი.“

საქართველოს მოქალაქეები – თეიმურაზ ჯანაშია და გიული ალასანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,  №2/1/631, 18 აპრილი, 2016

 

„საპროცესო-სამართლებრივი იძულების ღონისძიებად  სამართლებრივ დოქტრინაში მოიაზრება პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფენ პროცესის მონაწილეების მხრიდან თავიანთი მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას და მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლის პრევენციას გამოძიების, სისხლის სამართლებრივი დევნის ან/და სასამართლო განხილვის სტადიებზე.

საპროცესო იძულების ღონისძიებების დამახასიათებელ თავისებურებად მიიჩნევა მათი გამოყენება მხოლოდ სისხლის სამართალწარმოების ფარგლებში; კონკრეტული უფლება-თავისუფლებების შემზღუდველი ხასიათი; საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენების წესის, საფუძვლის, უფლებამოსილი სუბიექტის, პროცედურის და გამოყენების ფარგლების მკაცრად რეგლამენტირება საპროცესო კანონმდებლობით; გამოყენება სამართალწარმოების მონაწილე იმ პირების მიმართ, რომელთა არაჯეროვანი ქცევა ან ასეთი ქცევის შესაძლებლობა ქმნის ან შეუძლია შეუქმნას საფრთხე მართლმსაჯულების განხორციელებას; სპეციალური მიზანი, რომელიც გამომდინარეობს სამართალწარმოების მიზნებიდან. მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებულია აღნიშნული ღონისძიებების გამოყენების კონკრეტული მიზნები და საფუძველი, ყველა მათგანს აერთიანებს საპროცესო იძულების ღონისძიებებისათვის დამახასიათებელი  საერთო მიზანი –  გამოძიებისთვის  ხელშეშლის თავიდან აცილება და მართლმსაჯულების ჯეროვანი განხორცილებისათვის პირობების შექმნა.

იმავდროულად, ქონებაზე ყადაღის დადების მიზანი შეიძლება იყოს არა მხოლოდ უკვე მოპოვებული/აღმოჩენილი ნივთმტკიცების დაცვა მისი შემდგომი ჩამორთმევის მიზნებისთვის, არამედ თავად მტკიცებულების მოძიებაც.“

საქართველოს მოქალაქეები – თეიმურაზ ჯანაშია და გიული ალასანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,  №2/1/631, 18 აპრილი, 2016

 

„ყადაღის დადების თვითკმარ საფუძველს წარმოადგენს ქონების „დანაშაულებრივი ხასიათი“ იმისდამიუხედავად არსებობს თუ არა დასაბუთებული ვარაუდი (საკმარისი მონაცემები) მისი გახარჯვის ან  გადამალვის შესახებ; 2. ყადაღა შეიძლება ასევე დაედოს ქონებას, თუ დასაბუთებული ვარაუდით დადასტურებულია (არსებობს საკმარისი მონაცემები), რომ დანაშაულებრივ ქონებას ან გადამალავენ ან დახარჯავენ. ამ შემთხვევაში, გახარჯვის ან გადამალვის საფრთხის პარალელურად ქონებაზე ყადაღის დადებისთვის აუცილებელია მისი შესაძლოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვების მტკიცება, მაგრამ არა პირიქით. სწორედ აღნიშნულზე მიუთითებს სადავო ნორმაში გამოყენებული კავშირი „ან/და“. აქედან გამომდინარე, კეთილსინდისიერი გამოყენების პირობებში ნორმა იძლევა გონივრული განმარტების შესაძლებლობას.“

საქართველოს მოქალაქეები – თეიმურაზ ჯანაშია და გიული ალასანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,  №2/1/631, 18 აპრილი, 2016

 

„ყადაღის დადება შესაძლებელია გამოყენებული იქნეს როგორც საჯარო-სამართლებრივი მიზნებისთვის სასჯელის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების, ასევე  კონკრეტული საპროცესო იძულების ღონისძიების მიზნებისათვის  –  მტკიცებულების მოპოვება, ნივთმტკიცებას მიკუთვნებული ქონების დაცვა და სხვა. ამასთან, დაუშვებელია ყადაღის თვითნებურად დადება. იგი განპირობებული უნდა იყოს დანაშაულებრივი ქმედებისადმი კონკრეტული პირის შემხებლობით ან ქონების სავარაუდო დანაშაულებრივი ხასიათით, ან  შესაბამისი პირის მატერიალური პასუხიმგებლობით ბრალდებულის ქმედებაზე.“

საქართველოს მოქალაქეები – თეიმურაზ ჯანაშია და გიული ალასანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,  №2/1/631, 18 აპრილი, 2016

 

„ქონებაზე ყადაღის დადებაზე სასამართლო კონტროლის მიზანია კონსტიტუციით დაცული ღირებულებების ბალანსის უზრუნველყოფა, ქონების მესაკუთრის საკუთრების უფლების არათანაზომიერი მოცულობით ან გაუმართლებელი/დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება. შესაბამისად, სასამართლო კონტროლი ნებართვაზე უნდა იყო ეფექტური და არა ფორმალური ხასიათის, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მესაკუთრის უფლებების თანაზომიერი შეზღუდვა მხოლოდ საჯარო მიზნების მიღწევისათვის აუცილებელი მოცულობით მესაკუთრის უფლებებში გადამეტებული ჩარევის გარეშე.“

საქართველოს მოქალაქეები – თეიმურაზ ჯანაშია და გიული ალასანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,  №2/1/631, 18 აპრილი, 2016

 

„ქონებაზე ყადაღის დადებისას სასამართლო უნდა ითვალისწინებდეს და უზრუნველყოფდეს ქონების მესაკუთრისათვის ქონებაზე ყადაღის დადებით მიყენებული ზიანის მინიმიზაციის პრინციპს და ყადაღის დადებას ახდენდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც წარმოდგენილი მტკიცებულებებით აშკარად და ცხადად დასტურდება აღნიშნული საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა და არა შესაძლებლობა.“

საქართველოს მოქალაქეები – თეიმურაზ ჯანაშია და გიული ალასანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,  №2/1/631, 18 აპრილი, 2016

 

„გაეროს კონვენცია „ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ ყურადღებას ამახვილებს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონებით სარგებლობის აღსაკვეთად პრაქტიკული ღონისძიებების გატარების აუცილებლობაზე და ამ მიზნით ერთერთ უმნიშვნელოვანეს გზად მიიჩნევს „ძლიერი კონფისკაციის რეჟიმის არსებობის უზრუნველყოფას, რომელიც შესაძლებელს ხდის უკანონოდ მოპოვებული კაპიტალის და ქონების იდენტიფიცირებას, მასზე ყადაღის დადებას, ამოღებას და კონფისკაციას“. ხოლო „ფულის გათეთრების, დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების მოძიების, ამოღების და კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის თანახმად, ამავე კონვენციის მე-4 მუხლით გათვალისწინებული საგამოძიებო და წინასწარი ზომები „ემსახურება ქონების დახარჯვის რისკების მინიმუმადე შემცირებას რათა უზრუნველყოფილი იქნეს შემდგომი კონფისკაციის მოთხოვნის აღსრულება“. გაეროს კონვენცია „ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ მიუთითებს უკანონო ქონებით სარგებლობის აღმკვეთი მექანიზმების აუცილებლობაზე, ვინაიდან უკანონო ქონებით სარგებლობამ „ხშირ შემთხვევაში, შესაძლოა, შეინარჩუნოს კრიმინალური გაერთიანებების სიცოცხლისუნარიანობა, [ბრალდებულის] მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის და მსჯავრდების განხორციელების მიუხედავად“. ევროკავშირის 2014 წლის 3 აპრილის EU/2014/42 დირექტივის მე-5 მუხლი ყურადღებას ამახვილებს, მინიმალური საკანონმდებლო გარანტიების საჭიროებაზე რათა შესაძლებელი იყოს ფულადი თანხების ანგარიშზე „გაყინვა“ (ყადაღის დადება) და მათი კონფისკაცია. ქონებაზე ყადაღის დადებით მესაკუთრის საკუთრების უფლების ინტენსივობის შეფასებისას ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლო ითვალისწინებს საკუთრების უფლების შეზღუდვის ფორმას, ქონების სახეს, ბუნებას და როლს (objectum sceleris, instrumentum sceleris, productum sceleris), დაყადაღებული ქონების მოცულობას და მნიშვნელობას მესაკუთრის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, სხვა საკუთრების/შემოსავლის არსებობას, დანაშაულის ხასიათს და სხვა. პრეცედენტული სამართლის თანახმად, სასამართლო უფლებაში მომეტებულ ჩარევად, როგორც წესი, მიიჩნევს შემთხვევებს, როდესაც ქონების განკარგვასთან ერთად მესაკუთრეს ეკრძალება  აღნიშნული ქონებით სარგებლობის უფლებაც.“

საქართველოს მოქალაქეები – თეიმურაზ ჯანაშია და გიული ალასანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,  №2/1/631, 18 აპრილი, 2016

 

„სსსკ-ით ქონებაზე ყადაღის დადების ინსტიტუტის მარეგულირებელი ცალკეული ნორმები შესაძლებელია ქმნიდეს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ცალკეული უფლებების მომეტებული შეზღუდვის შესაძლებლობას, თუმცა მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან სასამართლო შეზღუდულია სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებით, ის მოკლებულია აღნიშნულ ინსტიტუტთან დაკავშირებული სსსკ რელევანტური ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმების შესაძლებლობას საკუთარი ინიციატივით.“

საქართველოს მოქალაქეები – თეიმურაზ ჯანაშია და გიული ალასანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,  №2/1/631, 18 აპრილი, 2016

 

„21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებს საკუთრების უფლების შეზღუდვის სავალდებულო წინაპირობებს: საკუთრების შეზღუდვის ფორმალური კრიტერიუმი მოითხოვს, რომ შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. შესაბამისად, აუცილებელია, არსებობდეს „კანონი“ უფლების შეზღუდვის და აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების განსაზღვრისთვის.  ამასთან, კანონით უფლების შეზღუდვა დასაშვებია ისე და იმ ზღვრამდე, რომ არ დაირღვეს თავად უფლების არსი.“

შპს „მადაი” და შპს “პალიასტომი 2004” საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის წინააღმდეგ, №1/3/611, 30 სექტემბერი, 2016

 

„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის სახით ფინანსური ვალდებულების დაწესება წარმოადგენს რა ჩარევას შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელის საკუთრების უფლებაში მისაღებ/მიღებულ შემოსავალზე, ასეთი ჩარევა ემსახურება მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზნებს. თუმცა, აღნიშნული არ გულისხმობს შავ ზღვაში თევზის რესურსით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გამოთვლისა და გადახდის სადავოდ გამხდარი წესის თავისთვად გამართლებას კონსტიტუციურობის თვალსაზრისით. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, სადავო ნორმით გათვალისწინებული ჩარევა აკმაყოფილებს თუ არა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი უფლების შეზღუდვის ფორმალურ და მატერიალურ კრიტერიუმებს, არსებობს თუ არა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება, რომლისთვისაც დაიშვება საკუთრების უფლების შეზღუდვა იმგვარად, რომ არ დაირღვეს თავად უფლების არსი.“

შპს „მადაი” და შპს “პალიასტომი 2004” საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის წინააღმდეგ, №1/3/611, 30 სექტემბერი, 2016

 

„ლეგიტიმური საჯარო მიზნის მისაღწევად ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა ყოველთვის საკმარისი არ არის საკუთრების უფლების შეზღუდვის გასამართლებლად, კონსტიტუცია ასევე მოითხოვს, რომ შეზღუდვა იყოს ვიწროდ პროპორციული, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა არ განხორციელდეს უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე, უფლებისათვის მიყენებული ზიანი არ უნდა აღემატებოდეს იმ ინტერესს, რომლის დაცვისათვისაც ის იზღუდება. კანონის ნორმა, რომელიც მოსამართლეს ავალდებულებს, გამოიყენოს უზრუნველყოფის ღონისძიება, მათ შორის, იმ შემთხვევაში, როდესაც მოწინააღმდეგე მხარისათვის მიყენებული ზიანი მნიშვნელოვნად აღემატება უზრუნველყოფის ღონისძიებით დაცულ სიკეთეს, ეწინააღმდეგება საქართვლოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის მოთხოვნებს.“

„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/5/675,681, 30 სექტემბერი, 2016

 

„საკუთრების უფლება, მისი უდიდესი კონსტიტუციური მნიშვნელობის მიუხედავად, არ ატარებს აბსოლუტურ ხასიათს. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს საკუთრების უფლების შეზღუდვის დასაშვებობის კრიტერიუმებს, მათ შორის, რომ შეზღუდვა უნდა ემსახურებოდეს აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას.“

საქართველოს მოქალაქე შოთა ჯიბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/6/666, 22 ივნისი, 2017

“საქართველოს კონსტიტუცია არ იძლევა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების“ განმარტებას გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოებრივი ინტერესი, რომელიც საკუთრების უფლების შეზღუდვის საფუძველს წარმოადგენს, შესაძლოა შეიცვალოს საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების კვალდაკვალ და მას ვერ ექნება განსაზღვრული, ჩარჩოში მოქცეული ხასიათი. ყოველ შემთხვევაში, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების“ არსებობა უნდა დადგინდეს ნორმით დადგენილი შეზღუდვის, რეგულირების სფეროს, სახელმწიფოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.“

საქართველოს მოქალაქე შოთა ჯიბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/6/666, 22 ივნისი, 2017

„მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესის დასაცავად საკუთრების უფლების შეზღუდვა დასაშვებია, თუმცა, ამავე დროს, არსებობს საკუთრების უფლების ფარგლების ნორმატიული მოწესრიგების გზით საზოგადოებრივ ინტერესსა და მესაკუთრის ინდივიდუალურ ინტერესს შორის ბალანსის დადგენის ობიექტური აუცილებლობა. აღნიშნული არ აძლევს კანონმდებელს მოქმედების უსაზღვრო თავისუფლებას, საქართველოს კონსტიტუცია მკაცრად განსაზღვრავს, რომ საკუთრების უფლების მიმართ დადგენილმა შეზღუდვამ არ უნდა შელახოს საკუთრების უფლების ზოგადი არსი და მნიშვნელობა.”

საქართველოს მოქალაქე შოთა ჯიბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/6/666, 22 ივნისი, 2017

 

„საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი თავად განსაზღვრავს საკუთრების უფლებაში ჩარევის ფორმალურ და მატერიალურ საფუძვლებსა და ფარგლებს. უფრო კონკრეტულად, საკუთრების უფლების შეზღუდვა დასაშვებია აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში და დადგენილი წესით, ისე, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.“

„შპს იუ-სი-ჯი გრინ ფაუერი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/3/680, 21 ივლისი, 2017

 

„სარგებლობის აკრძალვის საჭიროება შესაძლოა გამოიწვიოს დასაყადაღებელი ქონების ბუნებამ/თავისებურებამ. კერძოდ, შესაძლებელია მხედველობაში იყოს მისაღები ის გარემოება, ქონებით სარგებლობა ხომ არ იწვევს მის მნიშვნელოვან ცვეთას, შესაბამისად,  გაუფასურებას ან იმდენად შემცირებას, რაც შემდგომში ნაკლებად ეფექტურს გახდის ქონების ჩამორთმევის მექანიზმს.“

„შპს იუ-სი-ჯი გრინ ფაუერი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/3/680, 21 ივლისი, 2017

 

„საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, მართალია, მხოლოდ განკარგვის უფლების აკრძალვა საკუთრების უფლების ნაკლებად მზღუდავი საშუალებაა, თუმცა მას არ აქვს რესურსი ყველა შემთხვევაში უზრუნველყოს ყადაღის დადების მიზნების მიღწევა და გარკვეულ პირობებში აუცილებლობას წარმოადგენს ასევე ქონებით სარგებლობის აკრძალვაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, იქმნება საფრთხე, ყადაღის ინსტიტუტი იქცეს არაეფექტურ, ილუზორულ მექანიზმად, რაც მნიშვნელოვნად შეაფერხებდა, ზოგადად, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას.

ქონებაზე ყადაღის დადებით საკუთრების უფლებაში ჩარევის ინტენსივობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მრავალი ფაქტორი, მათ შორის, საკუთრების უფლების შეზღუდვის ფორმა. ცხადია, ქონების განკარგვასთან ერთად სარგებლობის უფლების აკრძალვა ქონების მესაკუთრეს/მფლობელს ართმევს შესაძლებლობას ქონება გამოიყენოს სამოქალაქო  ბრუნვაში და მიიღოს მისგან სარგებელი. ამდენად, ქონებით სარგებლობის აკრძალვა საკუთრების უფლებაში ინტენსიური ხასიათის ჩარევას წარმოადგენს და მისი გამართლება მხოლოდ უმნიშვნელოვანესი ლეგიტიმური ინტერესების არსებობის პირობებში არის შესაძლებელი.“

„შპს იუ-სი-ჯი გრინ ფაუერი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/3/680, 21 ივლისი, 2017

 

„ტერმინი „აუცილებლობის შემთხვევაში“ გულისხმობს სარგებლობის აკრძალვის დასაშვებობას მხოლოდ იმ ვითარებაში, როდესაც ის საფრთხეები, რომლის აღსაკვეთადაც ხდება ყადაღის გამოყენება, ვერ იქნება მიღწეული მხოლოდ განკარგვის აკრძალვის შემთხვევაში. ამდენად, გარემოება, თუ რაში გამოიხატება აუცილებლობა, საჭიროებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დაკონკრეტებასა და დასაბუთებას (იხ. მაგალითად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის №12/1486 განჩინება). ამდენად, მიუხედავად საკუთრების უფლებაში ინტენსიური ჩარევისა, სარგებლობის აკრძალვა დაიშვება საგამონაკლისო წესით, მხოლოდ აუცილებლობისას, შესაბამისად, ყადაღის დადებისას სარგებლობის აკრძალვისათვის დადგენილია შედარებით მაღალი დასაბუთებულობის სტანდარტი, ვიდრე ეს არის განკარგვის აკრძალვის შემთხვევაში.“

„შპს იუ-სი-ჯი გრინ ფაუერი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/3/680, 21 ივლისი, 2017

 

„საკუთრების უფლების შეზღუდვისას საჯარო და კერძო ინტერესებს შორის ბალანსის დადგენა კანონმდებელმა შეიძლება მიანდოს საქმის განმხილველ სასამართლოს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სწორედ ინდივიდუალური საქმის განმხილველმა მოსამართლემ შეიძლება ყველაზე კარგად შეაფასოს, მიუხედავად იძულების ღონისძიების გამოყენების აუცილებლობისა, ხომ არ არსებობს მეორე მხარის მომეტებული ინტერესი, რომელიც უფლების შეზღუდვის პროპორციულობას გამორიცხავს. თუმცა საერთო სასამართლოს მოსამართლისათვის მსგავსი დისკრეციის მინიჭების საჭიროება არ არსებობს, როდესაც იძულების ღონისძიების გამოყენების შედეგად დაცული საჯარო ინტერესი ყველა შემთხვევაში გადაწონის ქონებაზე ყადაღის დადების შედეგად შეზღუდული მესაკუთრის ინტერესს. მსგავს შეთხვევებში შესაძლებელია, კანონმდებელმა პოტენციური ინტერესების  შეჯერება მიანდოს არა სასამართლოს, არამედ ამ ინტერესებს შორის ბალანსი თავად გადაწყვიტოს იმთავითვე ყადაღის მიზნების სასარგებლოდ.“

„შპს იუ-სი-ჯი გრინ ფაუერი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/3/680, 21 ივლისი, 2017

 

„სადავო ნორმის საფუძველზე ქონებით სარგებლობის აკრძალვა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც იგი გარდაუვლად საჭიროა დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლისათვის და, ამასთან, ამოწურულია ყველა სხვა საშუალება/მექანიზმი ყადაღის მიზნების მისაღწევად (მაგალითად, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ქონების ექსპლუატაციის შედეგად მიღებული შემოსავლით უნდა დაფინანსდეს ტერორისტული აქტი. ცხადია, ამ შემთხვევაში დანაშაულის პრევენციისათვის მხოლოდ განკარგვის აკრძალვა არ არის საკმარისი და სახეზეა, ასევე, სარგებლობის აკრძალვის მომეტებული საჭიროება). ამავე დროს, სადავო ნორმა მიემართება უკანონოდ, დანაშაულებრივად მოპოვებულ ქონებას ან/და იმ ქონებას, რომლის გამოყენების საფრთხეც არსებობს მძიმე დანაშაულის ჩასადენად. კერძო პირის ინტერესი, ისარგებლოს საკუთარი ქონებით, ვერ გადაწონის საზოგადოებრივი უსაფრთხოების და დანაშაულის თავიდან აცილების საჯარო ინტერესებს იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ქონების სარგებლობით შეიძლება მოხდეს მძიმე დანაშაულის ჩადენა და სარგებლობის აკრძალვა აუცილებელია აღნიშნულის პრევენციისათვის. ასევე არ არსებობს ინტერესი, რომელიც გაამართლებდა დანაშაულებრივად მოპოვებული ქონებით სარგებლობის დაშვებას მაშინ, როდესაც სარგებლობის აკრძალვა ამ ქონების ჩამორთმევის უზრუნველყოფის, ანუ მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელების აუცილებელი წინაპირობაა.“

„შპს იუ-სი-ჯი გრინ ფაუერი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/3/680, 21 ივლისი, 2017

„ტერმინ „აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებასთან“ ერთად, კერძოსამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელი კანონმდებლობის შეფასებისას შედარებით ფართო და თავისუფალია პროპორციულობის მოთხოვნებიც. კერძოსამართლებრივი კანონმდებლობის სიხისტის თავიდან ასაცილებლად და გონივრული ბალანსის დასადგენად აუცილებელია, კანონმდებელს მიეცეს უფრო მაღალი შეფასების ზღვარი, ვიდრე ეს საჯაროსამართლებრივი ურთიერთობების ფარგლებში დადგენილი საკუთრების უფლების შეზღუდვისას ხდება.“

სს “სილქ როუდ ბანკი” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,  №2/2/656, 21 ივლისი, 2017

 

„სადავო ნორმები არეგულირებს უძრავ ქონებაზე საკუთრების შეძენისას წარმოშობილ კერძოსამართლებრივ ურთიერთობებს. სახელმწიფო, როგორც საჯარო ხელისუფლების განმახორციელებელი პირი, ამ ურთიერთობებში არ მონაწილეობს როგორც საკუთრების შემძენი ან გამსხვისებელი. ამ თვალსაზრისით, სახელმწიფოს ჩართულობა მხოლოდ ურთიერთობის მოწესრიგებით შემოიფარგლება. სადავო ნორმების საფუძველზე უძრავი ნივთების შეძენის სამართლებრივი რეჟიმის დადგენით სახელმწიფო განსაზღვრავს საკუთრების შინაარსს. კერძოდ, სადავო ნორმის მიხედვით, უძრავ ქონებაზე არაუფლებამოსილ გამსხვისებელთან დადებული გარიგებით საკუთრებას მოიპოვებს კეთილსინდისიერი შემძენი იმ პირობებში, როდესაც სახეზე არ არის ნამდვილი მესაკუთრის თანხმობა. შედეგად, ნამდვილი მესაკუთრე თავად კარგავს უფლებას, გამოითხოვოს ქონება კეთილსინდისიერი შემძენისგან. რეგულაცია, რომელიც საკუთრების შინაარსს განსაზღვრავს იმგვარად, რომ მესაკუთრეს ართმევს ქონებას მისი ნების გამოვლენის გარეშე, წარმოადგენს საკუთრების უფლების შეზღუდვას. შესაბამისად, სადავო ნორმა ზღუდავს საკუთრების უფლებას და მისი კონსტიტუციურობა უნდა შეფასდეს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კონსტიტუციურსამართლებრივი სტანდარტებით.“

საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/4/550, 17 ოქტომბერი, 2017

 

„საკუთრების უფლების სრულყოფილი რეალიზება შეუძლებელია სტაბილური სამოქალაქო ბრუნვის გარეშე. სტაბილური სამოქალაქო ბრუნვა წარმოადგენს არა მხოლოდ საკუთრების უფლებით სარგებლობის, არამედ, ზოგადად, სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან წინაპირობას. სახელმწიფო უფლებამოსილი და ხშირ შემთხვევაში ვალდებულიც არის, მიიღოს ზომები სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. არსებული სისტემის თავისებურებების გათვალისწინებით, უძრავი ქონების კონტექსტში საჯარო რეესტრის მონაცემების სისწორე და სანდოობა ორგანულ კავშირშია სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობასთან. საჯარო რეესტრი, როგორც უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო წარმოადგენს უძრავ ქონებაზე საკუთრების რეგისტრაციის ერთადერთ სამართლებრივ საშუალებას. შესაბამისად, უძრავი ქონების ბრუნვის სტაბილურობის დაცვა სწორედ რეესტრის მონაცემების სანდოობის უზრუნველყოფით ხდება. სამოქალაქო ბრუნვა სტაბილურობასთან ერთად სათანადო სიმარტივით უნდა გამოირჩეოდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ბრუნვა არ შეფერხდეს.“

საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/4/550, 17 ოქტომბერი, 2017

 

„ზედმეტი ტრანზაქციული ხარჯებითა და არაგონივრული დაყოვნებებით. წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე შეექმნება უძრავი ქონების ეფექტიანად განკარგვას. სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს საკუთრების უფლებით სარგებლობასა და განკარგვაზე ზედმეტი ბარიერების შემოღებისგან.“

საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/4/550, 17 ოქტომბერი, 2017

 

„თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად, შემზღუდველი ნორმით გათვალისწინებული ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს ლეგიტიმური საჯარო მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებას. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმები განსაზღვრავს უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის მარეგლამენტირებელ წესს. კერძოდ, ნორმები ადგენს საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობის პრეზუმფციას და იცავს უძრავი ქონების კეთილსინდისიერ შემძენს. სადავო ნორმები ქმნის შემძენის დაცვის გარანტიას იმ შემთხვევაში, როდესაც ქონების გასხვისება ხდება საჯარო რეესტრში მესაკუთრედ არასწორად რეგისტრირებული პირის მიერ  რომელიც, არ წარმოადგენს ნამდვილ მესაკუთრეს და რეალურად არ არის უფლებამოსილი, გაასხვისოს ქონება. სადავო ნორმები იცავს კეთილსინდისიერ შემძენს, რომელიც ენდობოდა საჯარო რეესტრის არაზუსტ ჩანაწერს. სადავო ნორმების საფუძველზე შემძენი იძენს საკუთრების უფლებას უძრავ ქონებაზე, იმ გარემოების მიუხედავად, რომ გამსხვისებელი არაუფლებამოსილი იყო, ხოლო საჯარო რეესტრის ჩანაწერი არაზუსტი.“

საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/4/550, 17 ოქტომბერი, 2017

 

„სადავო ნორმების არარსებობის შემთხვევაში თავდაპირველი მესაკუთრე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის სხვა ნორმების საფუძველზე, უფლებამოსილი იქნებოდა, კეთილსინდისიერი შემძენისაგან მოეთხოვა უძრავი ნივთის დაბრუნება. ასეთ პირობებში უძრავი ქონების შემძენს არ ექნებოდა გარანტია, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერის შესაბამისად მოქმედებისას მან ნამდვილად შეიძინა ნივთზე საკუთრების უფლება. სადავო ნორმებიდან გამომდინარე კი – უძრავი ქონების კეთილსინდისიერი შემძენი დაცულია ქონების არასწორად რეგისტრაციასთან დაკავშირებული რისკებისგან. ამგვარი სისტემა, რა თქმა უნდა, ზრდის ნდობას საჯარო რეესტრის მონაცემებისადმი და ამ თვალსაზრისით ხელს უწყობს უძრავი ქონების ბაზრის სტაბილურობას. სხვაგვარად, საჯარო რეესტრის ჩანაწერს არ ექნებოდა ნდობა, რადგან ყოველთვის იარსებებდა მისი უზუსტობის გამო შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დაკარგვის რისკი. სასამართლო იზიარებს სპეციალისტის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერის უზუსტობის რისკის შემძენზე გადატანა უარყოფითად აისახება მთელი უძრავი ქონების ბაზრის ფუნქციონირებაზე. ასეთი სისტემის დანერგვის შემთხვევაში უძრავი ქონების შემძენები გარიგების დადებისას გახდებიან უფრო ფრთხილი, მოუწევთ, მიიღონ წინასწარი ზომები უძრავი ნივთის შეძენამდე.“

საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/4/550, 17 ოქტომბერი, 2017

 

„საკუთრების გადაცემის სისტემაში, სადაც მონაცემის უზუსტობის ტვირთი აწევს შემძენს, ნივთის შეძენისას საჭირო ხდება საჯარო რეესტრის ჩანაწერის სისწორის შემოწმება, რეგისტრირებული მესაკუთრის მიერ ნივთის გასხვისების მართლზომიერების შესწავლა, რაც დამატებითი მოკვლევის განხორციელების საჭიროებას აჩენს. ამასთანავე, შესაძლებელია, არაუფლებამოსილი იყოს არა უშუალოდ გამსხვისებელი, არამედ ის პირი, ვისგანაც გამსხვისებლებმა შეიძინა უძრავი ნივთი და ასე უსასრულოდ, სანამ არ გადამოწმდება ნივთის პირველი გამსხვისებლის მიერ მისი გასხვისების მართლზომიერება. შესაბამისად, საჭირო იქნება გარიგებების მთელი ჯაჭვისა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოძიება და შესწავლა, რაც, ცხადია, დამატებით ხარჯებთან და დროსთან არის დაკავშირებული. ამრიგად, სადავო ნორმებით დადგენილი კეთილსინდისიერი შემძენის დაცვის გარანტიების არარსებობა ასევე გაზრდის ხარჯებს და რამდენადმე გაართულებს უძრავ ქონებაზე გარიგებების დადებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიება ემსახურება მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზნებს და წარმოადგენს დასახული მიზნების მიღწევის გამოსადეგ საშუალებას.“

საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/4/550, 17 ოქტომბერი, 2017

 

„ტერმინ „აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებასთან“ ერთად, კერძოსამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელი კანონმდებლობის შეფასებისას შედარებით ფართო და თავისუფალია პროპორციულობის მოთხოვნებიც. კერძოსამართლებრივი კანონმდებლობის სიხისტის თავიდან ასაცილებლად და გონივრული ბალანსის დასადგენად აუცილებელია, კანონმდებელს მიეცეს უფრო მაღალი შეფასების ზღვარი, ვიდრე ეს საჯაროსამართლებრივი ურთიერთობების ფარგლებში დადგენილი საკუთრების უფლების შეზღუდვისას ხდება.“

საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/4/550, 17 ოქტომბერი, 2017

 

„უძრავი ქონების ბაზარი სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სეგმენტს წარმოადგენს. სამეწარმეო თუ არასამეწარმეო დანიშნულების უძრავ ქონებას უდიდესი გავლენა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. ზოგადად, უძრავი ქონების ბაზრის ერთ-ერთ ფუნდამენტს აყალიბებს საკანონმდებლო სისტემა, რომელიც განსაზღვრავს უძრავი ქონების შეძენის სამართლებრივ ფორმებს. მსოფლიოში არსებობს უძრავ ქონებაზე საკუთრების შეძენის არაერთი სისტემა. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან სტაბილურობით, გარიგებების დადების ფორმებით, პროცედურებით, სირთულით და სხვა. განსხვავებული კონფიგურაციის სისტემები, ცხადია, განსხვავებულ გავლენას ახდენენ უძრავი ქონების ბაზარზე და მთლიანად ეკონომიკაზე. კონსტიტუციური კონტროლის ფარგლებში სასამართლო არ და ვერ განსაზღვრავს უძრავი ქონების შეძენისა და გასხვისების რომელიმე სისტემის არსებობის ან არარსებობის მიზანშეწონილობას. კანონმდებელი უფლებამოსილია, ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკური გამოწვევების შესაბამისად დაადგინოს ესა თუ ის სისტემა. ცხადია, კანონმდებლის მიხედულება ამ სფეროში შეუზღუდავი არ არის და ექვემდებარება შემოწმებას კონსტიტუციური სტანდარტების შესაბამისად. კერძოდ, კანონმდებლის მიერ შერჩეულმა და დანერგილმა სისტემამ არ უნდა დაადგინოს არაგონივრული და უსამართლო ბალანსი და არ უნდა გამოიწვიოს საკუთრების უფლების დარღვევა.“

საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/4/550, 17 ოქტომბერი, 2017

 

„სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული იმ სამართლებრივი ურთიერთობის ბუნება, რომლის მოწესრიგებასაც ისახავს იგი მიზნად. სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და სიმარტივის საჯარო ინტერესების გარდა, მოცემულ შემთხვევაში ერთმანეთს უპირისპირდება ორი კერძო პირის ინტერესი. უძრავ ქონებაზე თავდაპირველი მესაკუთრის საკუთრების უფლებას უპირისპირდება კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესი. სადავო ურთიერთობის ფარგლებში თავდაპირველ მესაკუთრეს არანაირი უმართლობა არ მიუძღვის, მან კანონის დაცვით დაარეგისტრირა უძრავი ქონება და არ ჰქონდა გონივრული საფუძველი ეფიქრა, რომ მისი საკუთრების უფლება დაცული არ იქნებოდა. ჩადენილ უმართლობაში ბრალი არ მიუძღვის არც კეთილსინდისიერ შემძენს, იმდენად, რამდენადაც იგი უზუსტობის ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია, მან არ იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო უფლებამოსილი მესაკუთრე. ამდენად, სადავო ქონებაზე სამართლებრივი პრეტენზია გააჩნია ორ კეთილსინდისიერ მხარეს. ამავე დროს, ნებისმიერი სამართლებრივი გადაწყვეტის პირობებში ბუნებრივად შეუძლებელია ორივე მხარის ინტერესის სრულყოფილად დაკმაყოფილება. ამ შემთხვევაში ცენტრალურია სადავო ნორმით მოწესრიგებული საკითხი – ამ ორი სუბიექტიდან რომელ სუბიექტს დარჩება საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, ხოლო რომელს – ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა.

ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება დამოკიდებულია არაზუსტი ჩანაწერის გამომწვევ მიზეზებზე. შესაძლებელია არსებობდეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება სახელმწიფოსგან, თუ დადგინდა, რომ არაზუსტი ჩანაწერის არსებობა სახელმწიფო ორგანოს ან თანამდებობის პირის უმართლობის შედეგია ან კერძო პირისგან, რომელმაც არამართლზომიერი ქმედება ჩაიდინა. ამავე დროს, ზიანის ანაზღაურების მექანიზმი ყოველთვის სრულყოფილად ვერ ახდენს შეზღუდული უფლების კომპენსირებას, ასევე არის შემთხვევები, როდესაც რიგი გარემოებების გამო ვერ ხერხდება არამართლზომიერი ქმედების ჩამდენი პირისაგან ანაზღაურების მიღება.

სადავო ნორმებით განსაზღვრულია კეთილსინდისიერი შემძენის დაცვის გარანტია, რომელიც მიზნად ისახავს უძრავი ქონების ბრუნვის სტაბილურობის, სიმარტივისა და სიიაფის ლეგიტიმური მიზნების მიღწევას. სადავო ნორმების არარსებობის პირობებში საჯარო რეესტრის მონაცემის სიმცდარის შემთხვევაში კეთილსინდისიერი შემძენი ვერ შეიძენდა საკუთრებას უძრავ ქონებაზე. შესაბამისად, გაჩნდება უძრავი ქონების შეძენისას რისკები, რაც გაართულებს და გააძვირებს უძრავი ნივთების შეძენის პროცესს. ასეთ შემთხვევაში ფუნქცია დაეკარგება საჯარო რეესტრის ჩანაწერს როგორც სანდო მონაცემების ერთობლიობას. ქონების შემძენები გადამოწმების გარეშე ვეღარ დაეყრდნობიან საჯარო რეესტრის მონაცემებს, რაც, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, გააჩენს დამატებითი მოკვლევის ჩატარების საჭიროებას და რამდენადმე გააძვირებს, შეაფერხებს უძრავი ქონების თაობაზე გარიგებების დადებას.“

საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/4/550, 17 ოქტომბერი, 2017

 

„მნიშვნელოვანია, არ მოხდეს ქონების შეძენის სიმარტივის და სამოქალაქო ბრუნვის ხელშეწყობის  მნიშვნელობის აღრევა ქონების შემძენის გულგრილობის წახალისებასა და არაკეთილსინდისიერი ქცევის ხელშეწყობაში. კეთილსინდისიერი შემძენის დაცვის მიზანია ქონების ყიდვაზე ხელოვნური ბარიერების თავიდან აცილება, თუმცა კანონმდებლის მიერ შემოთავაზებულმა რეგულირებამ არ უნდა გამორიცხოს ის მინიმალური, გონივრული გადამოწმების ვალდებულება, რაც უძრავ ნივთებთან დაკავშირებით გარიგების დადებას ახლავს თან. დაუშვებელია თავდაპირველი მესაკუთრის საკუთრების უფლება შეიზღუდოს იმ შემთხვევაში, როდესაც არაუფლებამოსილი პირის მიერ გასხვისებისას შემძენი იჩენს აშკარა გულგრილობას და არ იღებს ელემენტარული წინდახედულობის ზომებს.“

საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/4/550, 17 ოქტომბერი, 2017

 

„ურთიერთობის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, კანონმდებლის მიერ დადგენილი ნებისმიერი რეგულირება გამოიწვევს რომელიმე მხარის ინტერესების ხელყოფას. თუმცა ამავე დროს გონივრული ბალანსის დასაცავად აუცილებელია დადგენილი რეგულირება მაქსიმალურად ახალისებდეს მხარეებს შესაძლო უარყოფითი შედეგების თავიდან აცილებისაკენ და საკუთარი გულგრილობის შედეგად დამდგარი შესაძლო რისკების საკუთარ თავზე აღებისკენ. ერთი მხრივ, აშკარაა, რომ მყიდველისათვის გამსხვისებლის უფლების ნამდვილობის ყოველმხრივ გადამოწმების ვალდებულების დადგენა შეუსაბამოდ გაზრდის ხარჯებს და გაართულებს საბაზრო ბრუნვას, თუმცა, მეორე მხრივ, როდესაც მას აქვს ინფორმაცია გამსხვისებლის უფლების შესაძლო ნაკლის შესახებ, ასეთი ინფორმაციის იგნორირების შესაძლებლობის მინიჭება ხელოვნურად ახალისებს მყიდველის მიერ გულგრილ დამოკიდებულებას და ხელოვნურად ზრდის სადავო ნორმებით რეგულირებული შემთხვევების რაოდენობას. ამდენად, გონივრული ბალანსის უზრუნველსაყოფად, იმ პირობებში, როდესაც მყიდველი ინფორმირებულია საჯარო რეესტრის ჩანაწერის სისწორის შესახებ დავის არსებობაზე, მან უნდა გადაამოწმოს უფლების ნამდვილობის შესახებ ინფორმაცია და თავად ატაროს ის რისკი, რომელიც შესაძლოა დავის შედეგად საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაბათილებას მოჰყვეს.“

საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/4/550, 17 ოქტომბერი, 2017

 

„საჯარო რეესტრის ჩანაწერის წინააღდეგ შეტანილი საჩივრის არსებობა მიუთითებს, რომ სადავო ქონების რეალურმა მესაკუთრემ მიიღო სათანადო ზომები საჯარო რეესტრის ჩანაწერის უზუსტობის აღმოსაფხვრელად. ამავე დროს, სახელმწიფოსა და ქონების თავდაპირველი მესაკუთრის ერთობლივი მოქმედების შედეგად მარტივი მისაღწევია, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერის ნამდვილობის შესახებ დავის არსებობის ფაქტი შემძენისათვის თავისთავად გახდეს ცნობილი. ჩანაწერის ბათილობის შესახებ ადმინისტრაციული დავის პირობებში საჯარო რეესტრისათვის ყოველთვის ცნობილია საჩივრის შესახებ. ხოლო ქონებაზე საკუთრების შესახებ კანონით დადგენილი წესით დავის შემთხვევაში შესაძლებელია, სარჩელის წარმდგენს მიეცეს შესაძლებლობა საჯარო რეესტრს შეატყობინოს დავის დაწყების ფაქტი. ხოლო ის, რაც ცნობილია საჯარო რეესტრისათვის, შესაძლებელია მან მარტივად მიაწოდოს მყიდველს საჯარო რეესტრის ამონაწერში მსგავსი ინფორმაციის ასახვით ან სხვა მეთოდით.

სისტემა, რომელიც კეთილსინდისიერ შემძენზე საკუთრების უფლების გადასვლას გამორიცხავს იმ შემთხვევაში, როდესაც იგი ინფორმირებულია საჩივრის შესახებ, წარმოადგენს მხარეთა შორის ინტერესების დაბალანსების და ამავე დროს სადავო ნორმებით განსაზღვრული შემთხვევების მინიმუმამდე შემცირების საუკეთესო შესაძლებლობას. იგი ახალისებს ურთიერთობის ორივე მხარეს, აქტიური მოქმედებით გამორიცხონ არაუფლებამოსილი მესაკუთრის მიერ საკუთრების განკარგვის შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, ეს სისტემა ვერ გამორიცხავს შემთხვევებს, როდესაც თავდაპირველმა მესაკუთრემ არ იცის მის ქონებაზე სხვა პირის საკუთრების უფლების არასწორად რეგისტრაციის შესახებ, თუმცა როგორც უკვე აღინიშნა, თეორიულად შეუძლებელია არსებობდეს რეგულირება, რომელიც სადავო ნორმით დადგენილ ყველა შემთხვევაში დაიცავს ორივე მხარის ინტერესებს. შესაბამისად, გონივრულად უნდა მივიჩნიოთ რეგულირება, რომელიც სადავო ნორმით განსაზღვრული შემთხვევების შემცირებისკენ არის მიმართული.“

საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/4/550, 17 ოქტომბერი, 2017

 

„სადავო ნორმების მიზანია ხელი შეუწყოს სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლებას. თუ მყიდველს ექნება დიდი რაოდენობით ინფორმაციის გადამოწმების ვალდებულება, ეს, ერთი მხრივ, გაზრდის მის ხარჯებს, ხოლო, მეორე მხრივ, ქმნის რისკებს, რომ გარკვეულ შემთხვევაში იგი დაკარგავს ნაყიდ ქონებას. შესაბამისად, კეთილსინდისიერი შემძენის დაუცველობის პირობებში პირები ხშირ შემთხვევაში თავს შეიკავებენ საკუთრების ყიდვისგან, რაც სამოქალაქო ბრუნვას შეაფერხებს.  ამავე დროს, მოცემულ შემთხვევაში  სასამართლო აფასებს მხოლოდ სადავო ნორმების იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც კეთილსინდისიერ შემძენს იცავს საბაზრო გარიგების დადებისას.“

საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/4/550, 17 ოქტომბერი, 2017

 

„საბაზრო გარიგებების გზით უძრავი ქონების შემძენისათვის რეესტრის მონაცემის სიმცდარის ტვირთის დაკისრება მნიშვნელოვნად დააზარალებს უძრავი ქონების ბაზარს. იმის თუნდაც მცირე  ალბათობა, რომ კეთილსინდისიერმა შემძენმა დაკარგოს საკუთრების უფლება საჯარო რეესტრის მონაცემის საფუძველზე სასყიდლით შეძენილ უძრავ ქონებაზე, გამოიწვევს მთელი უძრავი ქონების ბაზრის, ყველა გარიგების შეფერხებას, გართულებას და გააძვირებს სამოქალაქო ბრუნვას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაზრო გარიგებების ნაწილში უნდა ჩაითვალოს, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული შემძენის ინტერესების დაცვის გარანტიები წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის აუცილებელ საშუალებას.“

საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/4/550, 17 ოქტომბერი, 2017

 

„საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს მოწმისა და სპეციალისტის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ პრაქტიკაში შეუძლებელია, სრულად გამოირიცხოს უძრავი ქონების არაზუსტი რეგისტრაციის შემთხვევები. ამის მიზეზი მრავალგვარი შეიძლება იყოს – მიწის რეფორმის შედეგად შექმნილი ტექნიკური სირთულეები, საჯარო რეესტრის მოსამსახურეთა ან/და სხვა პირების არამართლზომიერი ქმედება და ა.შ. უნდა აღინიშნოს, რომ სადავო ნორმები შეეხება და აწესრიგებს სწორედ ისეთ შემთხვევებს, როდესაც სახეზეა რომელიმე მიზეზით გამოწვეული უმართლობა – საჯარო რეესტრის არაზუსტი ჩანაწერი, რომლის საფუძველზეც არაუფლებამოსილი პირი ასხვისებს უძრავ ნივთს.

იმის გათვალისწინებით, რომ საჯარო რეესტრის უზუსტობისას ნეგატიური შედეგები აუცდენელია როგორც ერთი, ისე მეორე მხარისათვის და საკითხის ნებისმიერი გადაწყვეტა შეიცავს რისკებს ამა თუ იმ მიმართულებით,  იმ პირობებში, როდესაც უზრუნველყოფილია შემძენის მიერ გულისხმიერების გამოჩენის ვალდებულება და იმ ფაქტების (რეესტრის ჩანაწერის ხარვეზის ან საჩივრის წარდგენის ფაქტის ცოდნა) იგნორირების გამორიცხვა, რომელზეც შემძენს ინფორმაცია გააჩნია  და, ამავე დროს, სადავო რეგულირებები შეეხება მხოლოდ საბაზრო გარიგებებს, კანონმდებელი  უფლებამოსილია, უპირატესობა მიანიჭოს კეთილსინდისიერი შემძენისა, სამოქალაქო ბრუნვისსტაბილურობისა და სიმარტივის დაცვას. ამ პირობებში დადგენილი ბალანსი არ არის უსამართლო და არ ეწინააღმდეგება თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს.“

საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/4/550, 17 ოქტომბერი, 2017

 

“საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა წარმოადგენს სამართლებრივი დატვირთვის ფორმას და მნიშვნელოვნად ზღუდავს პირის უფლებას, სამართლებრივი ტვირთის გარეშე, შეუფერხებლად განკარგოს საკუთარი ქონება. ცალკეულ შემთხვევაში, ამგვარმა რეგულირებამ შესაძლოა არა მხოლოდ ქონების განკარგვის შეზღუდვა გამოიწვიოს, არამედ – შეაფერხოს გადასახადის გადამხდელის ესა თუ ის საქმიანობა, უარყოფითად აისახოს მიმდინარე საწარმოო პროცესებზე და შეუქმნას მნიშვნელოვანი ფინანსური პრობლემები. შეზღუდვის მაღალი ინტენსივობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, მისი გამოყენება ემყარებოდეს მკაფიო კრიტერიუმებს და განხორციელდეს იმ ფარგლებში, რაც აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, რათა მომეტებულად არ შეიზღუდოს გადასახადის გადამხდელის საკუთრების უფლება, სამეწარმეო, ფინანსური და სხვა ინტერესები.

როდესაც გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმების ფარგლებში ვლინდება, რომ პირს შესაძლოა, სამომავლოდ დაერიცხოს საგადასახადო დავალიანება, რომლის გადახდევინების უზრუნველსაყოფად ხდება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის გამოყენება, შესაძლებელია, მოხდეს აღნიშნული სავარაუდო დავალიანების ოდენობის იდენტიფიცირება. როგორც წესი, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის გამოყენება ეფუძნება სავარაუდო საგადასახადო დავალიანების შესახებ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებს და არ ხდება აბსტრაქტულად, კონკრეტული მონაცემებისაგან მოწყვეტით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ საგადასახადო ორგანომ არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, განსაზღვროს  საგადასახადო დავალიანების სავარაუდო ოდენობა, რომელსაც შემდგომ მიესადაგება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის ფარგლები.

საგადასახადო შემოწმების გარკვეული ეტაპის განხორციელებისა და გადასახადის გადამხდელის შესახებ გარკვეული ცნობების შეგროვების შემდგომ საგადასახადო ორგანოსათვის შეიძლება ცხადი გახდეს სავარაუდო საგადასახადო დავალიანების მოცულობა. სადავო ნორმა არც იმის ვალდებულებას ადგენს, რომ საგადასახადო ორგანომ სავარაუდო დავალიანების მოცულობის გამოვლენის შემდგომ მოახდინოს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის მოდიფიცირება და მხოლოდ სავარაუდო საგადასახადო დავალიანების ფარგლებში დატოვოს იგი ძალაში. ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული გარემოების გადამოწმებისა და შეცვლის მოთხოვნის შესაძლებლობა არც თავად გადასახადის გადამხდელს აქვს. შესაბამისად, არც საგადასახადო ორგანოა ვალდებული და არც გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილი, მოითხოვოს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის ფარგლების შემცირება სავარაუდო საგადასახადო დავალიანების პროპორციულად, თუნდაც მას შემდეგ, რაც დადგინდება ეს ოდენობა.

გადასახადის ეფექტური ადმინისტრირებისა და საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ლეგიტიმური მიზნების მიღწევა შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, თუ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის გავრცელება მოხდება სავარაუდო საგადასახადო დავალიანების ოდენობის პროპორციულად და არა გადასახადის გადამხდელის მთელ ქონებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმით გათვალისწინებული ღონისძიება არ არის  ლეგიტიმური საჯარო მიზნის მიღწევის ყველაზე ნაკლებად მზღუდავი საშუალება.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საგადასახადო კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადებით გათვალისწინებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის დადების ღონისძიება ემსახურება მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზნებს. კერძოდ, აღნიშნული ღონისძიების საშუალებით საგადასახადო ორგანო ახდენს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფას იმ შემთხვევაში, როდესაც, მართალია, პირს არ ერიცხება კონკრეტული დავალიანება, თუმცა არსებობს სამომავლო, სავარაუდო დავალიანების არაჯეროვანი გადახდისა და ამ გზით საგადასახადო ადმინისტრირების შეფერხების რისკი. აქედან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების დაუყოვნებლივ ძალადაკარგულად ცნობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო დაკარგავს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების ეფექტურ ინსტრუმენტს, რამაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას გამართულ საგადასახადო ადმინისტრირებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საგადასახადო კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ძალადაკარგულად ცნობა უნდა გადავადდეს 2018 წლის პირველ ივლისამდე, რათა საქართველოს პარლამენტს მიეცეს შესაძლებლობა, საკითხი მოაწესრიგოს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისად.

ააიპ „ფრემა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/8/734 , 28 დეკემბერიმ, 2017

Back to Top