21 – ე მუხლის მე – 3 პუნქტი

„კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას და მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით“.

მაშასადამე, საკუთრების ჩამორთმევისათვის აუცილებელია რამდენიმე პირობა:

საკუთრების ჩამორთმევა გამოწვეული უნდა იყოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებით; კანონით პირდაპირ უნდა იყოს დადგენილი შემთხვევები, როცა დასაშვებია საზოგადოებრივი საჭიროებისას საკუთრების ჩამორთმევა; აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევისას სავალდებულოა სასამართლოს გადაწყვეტილება; საკუთრების ჩამორთმევა შესაძლებელია გადაუდებელი აუცილებლობისას; გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევები უნდა დაადგინოს ორგანულმა კანონმა; საკუთრების ჩამორთმევა დაუშვებელია სათანადო ანაზღაურების გარეშე.“

ალექსანდრე დანელია და გიორგი ცომაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/2-14/19, 30 დეკემბერი, 1996

„სასამართლო კოლეგია ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მიერ განვითარებულ დებულებას – ნოტარიუსის საკუთრების უფლება ვრცელდება მხოლოდ იმ შემოსავალზე, რომელიც მას რჩება გადასახადების გადახდის შემდეგ. სასამართლოს მიაჩნია, რომ ნოტარიუსის საკუთრებას შეადგენს სანოტარო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით მიღებული ყველა შემოსავალი. ნოტარიუსი, „ნოტარიატის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ სანოტარო ბიუროს შენახვის ხარჯებს, კანონით დადგენილ გადასახადებსა და სანოტარო საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა სავალდებულო გადასახადებს იხდის სწორედ იმ ქონებიდან, რომელიც მის საკუთრებას წარმოადგენს. წინააღმდეგ შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულების ობიექტი იქნება ქონება, რომელიც ჯერ კიდევ არ წარმოადგენს ნოტარიუსის საკუთრებას. ნოტარიუსის საკუთრებაა როგორც დასაბეგრი, ისე გადასახადის გადახდის შემდეგ დარჩენილი ქონება. გადასახადზე სახელმწიფოს საჯარო-სამართლებრივი უფლების ობიექტია გადამხდელის საკუთრებაში არსებული ქონება. საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის საფუძველი სწორედ საკუთრების უფლების წარმოშობაა. გადასახადის გადახდით გადამხდელი თავის საჯარო-სამართლებრივ ვალდებულებას სწორედ, რომ თავის საკუთრებაში არსებული ქონებიდან ასრულებს. ამიტომაც, გადასახადის გადახდით საკუთრების ჩამორთმევა კი არ ხდება, რაც კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტითაა გათვალისწინებული, არამედ სრულდება ის საგადასახადო ვალდებულება, რომელიც სახელმწიფომ გადამხდელს დააკისრა.“

ლელა ინწკირველი და ეკატერინე ჩაჩანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/107, 25 იანვარი, 2000

 

„როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, ასევე სხვადასხვა სახელმწიფოების საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი, ასევე სასამართლოს სხდომაზე სპეციალისტის მიერ წარმოდგენილი დასკვნა მეტყველებს, რომ 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საკუთრების ჩამორთმევის ინსტიტუტს მკვეთრად გამოხატული ფორმალური ნიშნები ახასიათებს. ამ ცნებაში ვერ თავსდება ნებისმიერი შემთხვევა, რაც პირის მიერ, მისი ნების საწინააღმდეგოდ საკუთრების დაკარგვას გულისხმობს.

21-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება საკუთრების ქონებრივ კომპონენტს. საკუთრების ჩამორთმევის ურთიერთობისათვის მახასიათებელია, რომ სახელმწიფო არა მხოლოდ ადგენს საკუთრების ჩამორთმევის სამართლებრივ რეჟიმს, არამედ პირდაპირ ან ირიბად მონაწილეობს საკუთრების ჩამორთმევის პროცესში.

საკუთრების ჩამორთმევისას ურთიერთობები მესაკუთრესა და ხელისუფლებას შორის თავისი არსით საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობებია, როდესაც ურთიერთობები აქციონერებს შორის კერძოსამართლებრივ სფეროს განეკუთვნება. საკუთრების ჩამორთმევის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან ან გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, საჯარო მიზნების მისაღწევად.“

საქართველოს მოქალაქეები – ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/1-370,382,390,402,405, 18 მაისი, 2007

 

„ტერმინი „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება“ ასევე გამოყენებულია კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტიც, საკუთრების ჩამორთმევის მიზანთან დაკავშირებით. საკუთრების ჩამორთმევის კონტექსტში „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება“ მკაცრ და კონკრეტულ განმარტებას ექვემდებარება. ეს გამოხატულია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ჩამორთმევის წესის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ ამომწურავ ჩამონათვალშიც.“

საქართველოს მოქალაქეები – ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/1-370,382,390,402,405, 18 მაისი, 2007

 

„საკუთრების ჩამორთმევისას კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევები ამომწურავად არის განსაზღვრული „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით და „საზოგადოებრივი საჭიროებისთვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლით.

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია: ა) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით და სათანადო ანაზღაურებით; ბ) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, სათანადო ანაზღაურებით.

ნიშანდობლივია, რომ ფორმალურად ერთი და იგივე შედეგი – ქონების ჩამორთმევა ყოველთვის არ წარმოადგენს ჩამორთმევას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის მნიშვნელობით. ამ დროს გასათვალისწინებელია უფლებაში ჩარევის მიზანი, შინაარსი, ფორმა. ზოგჯერ, საკუთრების ჩამორთმევა უფლების შეზღუდვის შედეგი შეიძლება იყოს. არასწორი იქნება ასეთი შემთხვევების ცალსახად არაკონსტიტუციურად მიჩნევა 21-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით მხოლოდ იმის გამო, რომ ჩამორთმევა ხდება კომპენსაციის გარეშე.

ექსპროპრიაციად ჩაითვლება მხოლოდ ისეთი ჩამორთმევა, რომელიც ფორმითა და შინაარსით სრულად დააკმაყოფილებს „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.“

საქართველოს მოქალაქეები- დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/2/384, 2 ივლისი, 2007

 

„21-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით საკუთრების ჩამორთმევისას, კანონმდებელი კონკრეტული აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების არსებობის შემთხვევაში პირის საკუთრების მიმართ მოქმედებს ინდივიდუალურად მიზანმიმართულად, ანუ განსაზღვრული საჯარო ინტერესის მიღწევა ხდება კონკრეტული პირის (პირების) საკუთრების ჩამორთმევის ხარჯზე. ამასთან, ეს ღონისძიება ერთჯერად ხასიათს ატარებს. მაშინ როდესაც 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ფარგლებში კანონმდებელი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისას ადგენს საკუთრებით სარგებლობის ზოგად ფარგლებს, მესაკუთრეთა გარკვეულ ვალდებულებებს და საკუთრების ასეთი პირობებით შეზღუდვა ვრცელდება პირთა წრეზე მანამ, სანამ კონკრეტული გარემოება ან მიზანი, რომელიც საზოგადოებრივ საჭიროებად არის მიჩნეული არ მიიღწევა, არ ამოიწურება მისი ასეთად მიჩნევის აუცილებლობა.

მე-3 პუნქტი გამორიცხავს კანონის მოთხოვნათა დაცვით და სათანადო კომპენსაციით ჩამორთმეული ქონების უკან მოთხოვნის უფლებას, რადგან მესაკუთრე კარგავს არა მარტო კონკრეტულ ქონებას, არამედ უფლებასაც ამ ქონებაზე. მაშინ როდესაც მე-2 პუნქტის ფარგლებში საკუთრების უფლების შეზღუდვისას, რომელიც ქონების ჩამორთმევით სრულდება, მესაკუთრე ყოველთვის არ კარგავს უფლებას კონკრეტულ საკუთრებაზე, მას შეუძლია ჰქონდეს ქონების ან სათანადო ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

21-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჩამორთმევის აუცილებელი პირობაა შესაბამისი ანაზღაურება. მე-2 პუნქტში არ არის პირდაპირი მითითება საკუთრების შეზღუდვისთვის სავალდებულო კომპენსაციის თაობაზე. თუმცა ასეთი შესაძლებლობა არ გამოირიცხება გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც, მართალია საზოგადოებრივი საჭიროების გამო, მესაკუთრის შეზღუდვა გამართლებულია, მაგრამ ეს შეზღუდვა ზომაზე მეტად იწვევს პირის საკუთრების უფლებაში ჩარევას. ასეთ დროს შეზღუდვის გაწონასწორების მიზნით სახელმწიფოსათვის ფულადი ვალდებულების დაკისრება ემსახურება კერძო და საჯარო ინტერესებს შორის თანაზომიერი დამოკიდებულების უზრუნველყოფას.“

საქართველოს მოქალაქეები- დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/2/384, 2 ივლისი, 2007

Back to Top