21 – ე მუხლის პირველი პუნქტი

„მართალია, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტში, არ არის ნახსენები სიტყვა „შეზღუდვა“ (საკუთრების უფლების), მაგრამ ამ პუნქტში აღნიშნული – „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“ ნიშნავს, რომ საკუთრების უფლების შეზღუდვა დაუშვებელია.“

ლევან ფურცხვანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/31-5, 25 მარტი, 1997

„საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებიდან და ნორმებიდან გამომდინარე, საკუთრების უფლება წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებაა, საყოველთაოდ აღიარებული ძირითადი უფლება, დემოკრატიული საზოგადოების, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს ქვაკუთხედია. საკუთრება ადამიანის ყოფიერების არსებითი საფუძველია. საქართველოში თავისუფალი მეწარმეობის განვითარების პირობებში შესაძლებელი გახდა საკუთრების უფლების დაცვის კონსტიტუციურად განმტკიცება. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.“ ქონების კონფისკაციის დაკანონება კი საკუთრების უფლების დაუცველობის გამოვლენაა. ამიტომ ქონების კონფისკაციის არსებობა დამატებითი სასჯელის სახით ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტს.“

ქალაქ თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება, №1/51, 21 ივლისი, 1997

 

„საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მესაკუთრეს მინიჭებული აქვს თავისი ქონების თავისუფლად განკარგვის უფლება. როდესაც მესაკუთრე იურიდიული პირის დასაფუძნებლად საკუთარ ქონებას თავისი ნებით გადასცემს იურიდიულ პირს, ის თვითონ განკარგავს ამ დროს თავის საკუთრებას. ამრიგად, სახეზეა საკუთრების უფლების სახელშეკრულებო ბოჭვა და საკუთრების კონსტიტუციური უფლება არ შეიძლება ამ დროს დარღვეულად იქნეს მიჩნეული.“

იური კირაკოსიანი, სპირიდონ ვართანიანი და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/36-7, 29 იანვარი, 1998

 

„საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს სადავო აქტის კონსტიტუციურობას არა სამოქალაქო კოდექსთან, არამედ კონსტიტუციასთან მიმართებით. კონსტიტუციით კი, ადამიანის უფლებები საერთოდ და კერძოდ კი საკუთრებითი უფლებები შედარებით ფართოდ, პოლიტიკურ-სამართლებრივ ჭრილში არის გააზრებული. სახელდობრ, კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტში ლაპარაკია საკუთრების საყოველთაო უფლების, მისი შეძენისა და გასხვისების საყოველთაო უფლების შესახებ. კონსტიტუციაში აღნიშნული დებულებები არ შემოიფარგლება საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრებით. აქ იგულისხმება, აგრეთვე, არა მარტო თანამესაკუთრეთა უფლებები, არამედ საკუთრებითი უფლებამოსილებანი, რომლებიც საყოველთაოა.“

ლევან შარაშენიძე, დავით წიკლაური და სხვები საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ, №1/3/113, 25 დეკემბერი, 2001

 

„მხედველობაშია მისაღები ის თავისებურებანი, რაც დამახასიათებელია უსასყიდლობის ნიადაგზე წარმოშობილი საკუთრებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაშიც საკუთრების უფლება, როგორც წესი, სახეზეა ყველა მისი ნიშან-თვისებით, ზოგჯერ იგი ნაკლები მოუდევრობითა და სიმტკიცით ხასიათდება, ვიდრე ამას ადგილი აქვს საკუთრების სასყიდლიანი გზით შეძენისას. ამიტომაცაა, რომ ისტორიულად ერთ-ერთ ყველაზე მტკიცე და მოუშლელ საკუთრებად „ნასყიდი“ ითვლებოდა. ნაჩუქრობა წარმოადგენს სამართლისა და ზნეობის ურთიერთკავშირის იდეალურ გამოვლინებას. აქ ის შემთხვევა გვაქვს, როდესაც ეთიკურ-ზნეობრივი იმპერატივებითაა დატვირთული მთელი ურთიერთობა, მისი წარმოშობიდან გაუქმების მომენტის ჩათვლით. ამიტომაცაა, რომ მჩუქებლის მიერ ქონებრივი სიკეთის უსასყიდლოდ გაცემა პირდაპირ ენასკვება დასაჩუქრების მხრიდან, მართალია არა სამაგიერო, მაგრამ ზნეობრივად ქცევის ვალდებულებას. ზნეობრივად სავალდებულო მოქმედების შესრულება არ შეიძლება განვიხილოთ თავისუფლების შეზღუდვად.

როგორც ნაჩუქრობის შემთხვევიდან გამოჩნდა, საკუთრების უფლება სხვადასხვა სამართლებრივად ანგარიშგასაწევი საფუძვლით შეიძლება დაკავშირებული (მიბმული) იყოს იმ სახელშეკრულებო ურთიერთობასთან, რომლის საფუძველზეც იგი წარმოიშვა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში სახელშეკრულებო თავისუფლების შინაარსიდან გამომდინარე შესაძლებელია, ახალი საკუთრების შემდგომი სამართლებრივი კავშირ-ურთიერთობა მისი წარმოშობის წყაროსთან. სწორედ ასეთ ვითარებასთან გვაქვს საქმე ნაჩუქრობისას. ნაჩუქრობა, როგორც სახელშეკრულებო ურთიერობა ავალდებულებს დასაჩუქრებულს. ეს ვალდებულება 529-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კონკრეტული პირობის სახით კი არაა მოცემული, არამედ ზნეობრივ-სამართლებრივი ვალდებულების სახით არსებობს და გარდა საზოგადო ხასიათისა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ნაჩუქრობის სუბსტანციის იმანენტურ ნიშან-თვისებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება სადავო მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მჩუქებლის მიმართ მძიმე შეურაცხყოფის მიყენებისა და დიდი უმადურობის გამოჩენისგან თავის შეკავებაში მდგომარეობს და ვადით შეზღუდული არაა.

529-ე მუხლის შინაარსიდან ჩანს, რომ იგი ეხება მხარეთა შორის არსებული ნაჩუქრობის ურთიერთობის გაუქმებას, რაზედაც მეტყველებს გამოთქმები – „ჩუქება შეიძლება გაუქმდეს“, „თუ ჩუქება გაუქმდება“. ჩუქების ფაქტის შემდეგ მხარეთა შორის ურთიერთობა დამთავრებული რომ ყოფილიყო, მაშინ არც ჩუქების გაუქმებაზე იქნებოდა საუბარი, ვინაიდან შეუძლებელია გაუქმდეს ის, რაც არ არსებობს. საჩუქრის დაბრუნება სწორედ რომ ნაჩუქრობის გაუქმების შედეგია. 529-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად „თუ ჩუქება გაუქმდება, მაშინ გაჩუქებული ქონება შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მჩუქებლის მიერ“. აქედან ჩანს, რომ ნაჩუქარზე საკუთრების უფლების შეწყვეტა ჩუქების გაუქმებას მოსდევს და ნაჩუქრობის სახელშეკრულებო ურთიერთობისათვის დამახასიათებელი მოვლენაა. ამიტომაცაა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახელშეკრულებო ურთიერთობის ერთი მხარის მიერ თავისი უფლების განხორციელება, რასაც დასაჩუქრებულისგან საკუთრების დაბრუნება მოსდევს შედეგად, არ შეიძლება განვიხილოთ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გათვალისწინებული საკუთრების უფლების დარღვევად. მხედველობაშია მისაღები ის, რომ საკუთრების უფლების ჩამორთმევის წესი ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც ამას ადგილი აქვს საამისოდ უფლებამოსილი სუბიექტების (სახელმწიფო ორგანოების) მხრიდან საჯარო ამოცანების შესასრულებლად. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად საკუთრების ჩამორთმევა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებით უნდა იყოს განპირობებული. 529-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეუძლებელია ვილაპარაკოთ საკუთრების ჩამორთმევაზე. არ შეიძლება საკუთრების ჩამორთმევად განვიხილოთ ის შემთხვევა, როდესაც ქონების უკან დაბრუნებას სახელშეკრულებო ურთიერთობა განაპირობებს.

სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ ჩუქების მოშლას იწვევს არა ყოველგვარი შეურაცხყოფა და უმადურობა, რაც თავისთავად ზნეობის საწინააღმდეგო მოქმედებად ითვლება, არამედ დასაჩუქრებულის ისეთი ქცევა, რაც სეროზულ საფრთხეს უქმნის საზოგადოების არსებობის ზნეობრივ საფუძვლებს. ასეთად კი, 529-ე მუხლის პირველი ნაწილი მიიჩნევს მძიმე შეურაცხყოფასა და დიდ უმადურობას. საკუთრება როგორც სიკეთე, მეტ ფასეულობას წარმოადგენს, ვიდრე ზნეობრივი ქცევა როგორც ღირებულება. ჩუქების გაუქმებით ამ შემთხვევაში სასამართლო ასრულებს ზნეობრივ ფასეულობათა მხარდაჭერისა და დაცვის ფუნქციას. ამ საფუძვლით ჩუქების გაუქმება ერთობ მიღებული წესია სამართლის სხვადასხვა სისტემებში. ის, თუ კონკრეტულად რითი გამოიხატება დასაჩუქრებულის მხრიდან სამართლებრივად მნიშვნელოვანი გასაკიცხი მოქმედების განხორციელება, ეს კონკრეტული ფაქტის საქმეა და სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე უნდა დადგინდეს.“

საქართველოს მოქალაქე აკაკი საღირაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,  №1/2/155, 1 აპრილი, 2003

 

„იმისთვის, რომ სახელმწიფოს მხრიდან საკუთრების კონტროლი შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ საკუთრების კონსტიტუციური დაცვის ფარგლებს, ამ კონტროლის მიზნებთან ერთად უნდა არსებობდეს გონივრული თანაზომიერება, პროპორციულობა მისი განხორციელების საშუალებებსა და დასახულ მიზანს შორის.“

1) მოქალაქეები: ლილი თელია, არჩილ მეფარიძე და გურამ თოხაძე საქართველოს   პარლამენტის წინააღმდეგ; 2) მოქალაქე სერგო გოგიტიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 3) მოქალაქე როსტომ ბოლქვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/5/309,310,311, 13 ივლისი, 2005

 

„მემკვიდრეობის უფლება განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით და, ამდენად, იგი წარმოადგენს უმაღლესი რანგის სამართლებრივ სიკეთეს. მემკვიდრეობის უფლების გარანტია ავსებს საკუთრების გარანტიას როგორც ასეთს და ამ უკანასკნელთან ერთად ქმნის კონსტიტუციით გათვალისწინებულ კერძო საკუთრებითი წესრიგის საფუძველს. საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება ერთად ქმნიან იმ საზოგადოებრივი წყობილების არსებით, ძირითად ელემენტებს, რომლებიც ადამიანის კერძო ავტონომიის პრინციპს ემყარება.

მემკვიდრეობის უფლების ფუნქციას წარმოადგენს იმის უზრუნველყოფა, რომ მესაკუთრის გარდაცვალებასთან ერთად არ მოხდეს კერძო საკუთრების, როგორც საკუთარი ცხოვრების დამოუკიდებლად წარმართვის საფუძველის დაკარგვა, არამედ ის შენარჩუნდეს სამართალმემკვიდრეობის გზით. იმ შემთხვევაში, თუ არ იარსებებდა მემკვიდრეობის უფლება, კერძო საკუთრება ავტომატურად გადავიდოდა სახელმწიფოს ხელში, რაც, საბოლოო ჯამში, გამოიწვევდა კერძო საკუთრების ინსტიტუტის დასუსტებას. მემკვიდრეობის უფლების გარეშე თავად საკუთრების უფლების არსი დაიყვანება მფლობელობამდე, რომელიც ადამიანის სიცოცხლის ვადით შემოიფარგლება და რომელსაც ფაქტობრივი დასასრული აქვს და არა სამართლებრივი.

მემკვიდრეობის უფლების გარანტია განამტკიცებს პირთა მიერ საკუთრების შეძენის სპეციფიკურ შესაძლებლობას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მამკვიდრებლის უფლება, ანდერძის საფუძველზე განკარგოს საკუთარი ქონება და მემკვიდრის უფლება, შეიძინოს შესაბამისი საკუთრება მემკვიდრეობის გზით, წარმოადგენს ძირითადი უფლების სახით რეგლამენტირებული თავისუფლების გარანტიის განუყოფელ შემადგენელ ნაწილს. ამასთანავე, მემკვიდრეობის უფლება წარმოადგენს პიროვნული თავისუფლების უზრუნველყოფის მნიშვნელოვან ასპექტს.

მემკვიდრეობა წარმოადგენს საკუთრების შეძენის ან მისი განკარგვის ერთ-ერთ ფორმას. საკუთრების შეძენის უფლების მსგავსად, მემკვიდრეობით მიღებულს უფლებაც საკუთრების წარმოშობამდე მიმდინარე პროცესებს არეგულირებს, შესაბამისად, ეს უფლებაც იცავს პირის შესაძლებლობას, გახდეს მესაკუთრე მემკვიდრეობის გზით. უფლება რეალიზებულად უნა მივიჩნიოთ პირზე მემკვიდრეობის გზით საკუთრების უფლების გადასვლის მომენტიდან. ამის შემდგომ პიროვნების ქონება დაცულია საკუთრების თავისუფალი ფლობისა და განკარგვის კონსტიტუციური გარანტიით.“

დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/512, 26 ივნისი, 2012

 

„რაც შეეხება კონსტიტუციური ნორმის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებას, რომელიც დაუშვებლად აცხადებს საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმებას, ეს დანაწესი ორ უმთავრეს ფუნქციას ასრულებს. ერთი მხრივ, ის გარკვეულწილად განავრცობს საკუთრების ინსტიტუტის შინაარს და მიუთითებს მის ძირითად ასპექტებს, მეორე მხრივ, კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი, რომელიც დაუშვებლად აცხადებს ზემოხსენებული გამოვლინების, საყოველთაო უფლების გაუქმებას, შეიცავს ზოგადი ხასიათის დებულებას, რომელშიც განცხადებულია სახელმწიფოს არჩევანი კერძო საკუთრების სასარგებლოდ. აქედან გამომდინარე, აღნიშნული კონსტიტუციური ნორმა წარმოადგენს კერძოსამართლებრივ წესრიგს, საკუთრებითი ურთიერთობის საფუძველს და მისი ეს ფუნქცია განპირობებულია კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი და მეორე წინადადების მჭიდრო ურთიერთქმედებით.“

დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/512, 26 ივნისი, 2012

 

„საკუთრების უფლება წარმოადგენს თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების განვითარების საყრდენს, რომელსაც ეფუძნება საბაზრო ეკონომიკა და სტაბილური სამოქალაქო ბრუნვა. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს საკუთრების როგორც ინსტიტუტის კონსტიტუციურ-სამართლებრივ გარანტიას, ხოლო, მეორე მხრივ, წარმოადგენს ინდივიდის ძირითად უფლებას.“

სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/3/522,553, 27 დეკემბერი, 2013

 

„საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის კერძო სამართლის იურიდიული პირის სარგებლობაში გადაცემა არ ქმნის სუბიექტის იმდენად მყარ სამართლებრივ კავშირს ქონებასთან, რომ აღნიშნული გარემოება შეფასდეს როგორც უკვე შეძენილი საკუთრება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მიზნებისთვის.“

სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/3/522,553, 27 დეკემბერი, 2013

 

„საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი  განამტკიცებს საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლებას. აღსანიშნავია, რომ დემოკრატიული საზოგადოების არსებობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საკუთრების, როგორც ბუნებითი უფლების არსებობაზე.“

შპს „მეტალინვესტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/543, 29 იანვარი, 2014

 

„საკუთრება არ არის აბსოლუტური და შეუზღუდავი  უფლება. კანონმდებელი უფლებამოსილია, კონსტიტუციურ-სამართლებრივი ნორმებისა და პრინციპების დაცვით, დაადგინოს ნორმები, რომლებიც განსაზღვრავს საკუთრების შინაარსსა და ფარგლებს.“

შპს „მეტალინვესტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/543, 29 იანვარი, 2014

 

„ამავე დროს კანონმდებლობა, რომელიც საკუთრებით სარგებლობას, მის განკარგვას უკავშირდება, უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დადგენილ სტანდარტებს. დაუშვებელია საკუთრების შინაარსის ისეთი რეგულირება, რომელიც დააზიანებს უფლების არსს და საფუძველს გამოაცლის უფლების არსებობას.“

შპს „მეტალინვესტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/543, 29 იანვარი, 2014

 

„არსებული კონსტიტუციურ-სამართლებრივი წესრიგის პირობებში გაუმართლებელი იქნებოდა კონსტიტუციის 21-ე მუხლს დაეცვა ისეთი ქონებრივი სიკეთე, რომელიც დანაშაულებრივი გზით მოიპოვა ამა თუ იმ პირმა. ამასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლო თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ  21-ე მუხლი იცავს საკუთრებას, აქ იგულისხმება მხოლოდ კანონიერი საკუთრება. უკანონო საკუთრება 21-ე მუხლით დაცულ სფეროში ვერ ექცევა, რადგან ამ დროს თავად საკუთრების უფლების არსებობაა საეჭვო.

ამგვარად, კონტრაგენტის მიერ დანაშაულებრივი გზით დადებული გარიგებით მიღებული სარგებელი არ წარმოადგენს არც საკუთრების უფლებით დაცულ ღირებულებას და არც რაიმე სხვა ინტერესს, რომელიც შეიძლება გამოდგეს მეწარმე სუბიექტის საკუთრების უფლების შეზღუდვის საპირწონედ.“

შპს „მეტალინვესტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/543, 29 იანვარი, 2014

 

„მოცემულ შემთხვევაშიც, მოპასუხემ ვერ წარმოადგინა არგუმენტაცია, რომელიც წარმოაჩენდა კავშირს უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენის აკრძალვასა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის აღრიცხვას ან სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის განკარგვის პოლიტიკის შემუშავებას შორის. საკონსტიტუციო სასამართლო არც ამჯერად გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ კონკრეტული გეოგრაფიული მდებარეობის ან კონკრეტული ტიპის მიწის ნაკვეთზე სახელმწიფომ დაადგინოს განსხვავებული წესი, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე უცხოელებისთვის. თუმცა მოპასუხემ ვერ წარმოადგინა დამაჯერებელი არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ რა შემხებლობა აქვს ასეთი მიწების იდენტიფიცირების საკითხს უცხოელთათვის, მიწის შეძენის თუნდაც დროებით აკრძალვასთან. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან მიმართებაში სახელმწიფო პოლიტიკის ის კომპონენტი, რომელიც განსაზღვრავს იმას, თუ რა ტიპის მიწები უნდა დარჩეს მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში და არ გასხვისდეს, არ არის კავშირში სადავო ნორმით განსაზღვრულ მორატორიუმთან. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების გასხვისების უფლებამოსილებას ფლობს მხოლოდ სახელმწიფო და, შესაბამისად, უცხოელებისადმი ამ მოტივით მიწის შეძენის უფლების თუნდაც დროებითი აკრძალვა, გაუგებარია. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთი უკვე იმყოფება კერძო პირის საკუთრებაში, გაუგებარი ხდება, როგორ შეუშლის ხელს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის აღრიცხვიანობის მოწესრიგებას მესაკუთრის ცვლილება.

უნდა აღინიშნოს, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის აღრიცხვიანობის მოწესრიგება, მონაცემების სისტემატიზება და დაზუსტება  მნიშვნელოვან საჯარო ამოცანას წარმოადგენს და მისი განხორციელება შესაძლოა გარკვეულ დროს  საჭიროებდეს. თუმცა კადასტრის დაზუსტება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის კრიტერიუმების განსაზღვრა და სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბება, თავისთავად, არ შეიძლება იქნეს განხილული როგორც თვითმყოფადი ლეგიტიმური საჯარო მიზანი. აღნიშნული ზომები/ქმედებები წარმოადგენს  კონკრეტული მიზნის, საჯარო ინტერესის მიღწევის საშუალებებს.“

ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/2/563, 24 ივნისი, 2014

 

„სხვისი ქონებით უნებართვო სარგებლობას სახელმწიფომ შეიძლება დაუკავშიროს სხვადასხვა სამართლებრივი შედეგები. აღნიშნული ქმედებით, ერთი მხრივ, ილახება ქონების მესაკუთრის უფლება, გამოიყენოს იგი საკუთარი სურვილისამებრ, ხოლო, მეორე მხრივ, სხვისი ქონების უნებართვოდ სარგებლობა შესაძლოა, გარკვეულწილად დაკავშირებული იყოს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკუთრების დაცვის მიზნით გატარებული ღონისძიებები შეიძლება იყოს როგორც საჯარო სამართლებრივი ხასიათის ანუ, როდესაც საჯარო ინტერესების (მათ შორის ადამიანის უფლებების) დაცვის მიზნით სახელმწიფო ადგენს გარკვეული ქმედებების აკრძალვას, მათ შორის მათ კრიმინალიზაციას (მაგალითად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული ქურდობა, ამავე კოდექსის 178-ე მუხლი – ძარცვა და ა.შ.) და კერძო სამართლებრივი ხასიათის ანუ, როდესაც სახელმწიფო კერძო პირს აღჭურავს სათანადო მექანიზმებით, მოახდინოს მისი დარღვეული უფლების აღდგენა, მისი ქონების უნებართვო სარგებლობის შედეგად სათანადო კომპენსაციის მიღება, მესამე პირებისათვის სარგებლობის აკრძალვა და ა.შ.“

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე, №3/4/641, 29 სექტემბერი, 2016

 

„გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება სამართლებრივი თვალსაზრისით არ ართმევს მხარეს უფლებას, ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივროს გადაწყვეტილება, სრულად ისარგებლოს შესაბამისი სამართალწარმოების ფარგლებში სამართლიანი სასამართლოს გარანტიებით და სადავო გადაწყვეტილების შეცვლის შემთხვევაში მიაღწიოს გაუქმებული გადაწყვეტილებით გამოწვეული შედეგების აღმოფხვრას, რამდენადაც ეს პრაქტიკულად განხორციელებადი იქნება.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იმასთან დაკავშირებით, თუ რა ითვლება „ქონებად“ კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის მიზნებისთვის. საქმეში Stran Greek Refineries S.A. and Stratis Andreadis v Greece (No. 13427/87) სასამართლომ გამოარკვია წარმოშობს თუ არა ვალის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლო და არბიტრაჟის გადაწყვეტილება საკუთრების უფლებას ქონებაზე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც მოხდა იმის აღიარება, რომ სახელმწიფოს ჰქონდა განმცხადებლების ვალი, ჯერ კიდევ არ ქმნიდა ქონებრივ უფლებას, რადგან გადაწყვეტილების სამართლებრივი ეფექტი იყო მოსარჩელეთა მოთხოვნის აღიარება. თუმცა იქნებოდა თუ არა თავად ვალი აღსრულებადი, დამოკიდებული იყო ორი ზემდგომი სასამართლოს მიერ საკითხის შეფასებაზე (No. 13427/87). მეორე მხრივ, ჩაითვალა, რომ არბიტრაჟის გადაწყვეტილება ადასტურებდა განმცხადებლების ქონების არსებობას, რადგან გადაწყვეტილება იყო საბოლოო და მბოჭავი. ის არ მოითხოვდა აღსრულების რაიმე სხვა ღონისძიების გატარებას და მის შესაცვლელად რაიმე ჩვეულებრივი ან განსაკუთრებული გასაჩივრების პროცესი არ არსებობდა. აღნიშნული მიდგომა მეორდება სასამართლოს კარგად დამკვიდრებულ პრაქტიკაში, რომლის თანახმადაც, პირის მოთხოვნა იმ შემთხვევაში ჩაითვლება „ქონებად“, თუ ის „აღიარებული და განსაზღვრულია სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც საბოლოო გახდა“ (Arvanitaki-Roboti and Others V. Greece,   პარ. 21, 27278/03, 2006 წლის 18 მაისი). შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების არსებობა და გასაჩივრების მექანიზმების ამოწურვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პირის მოთხოვნა ქონებაზე ჩაითვალოს „ქონებად“.

„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/5/675,681, 30 სექტემბერი, 2016

 

„იმ სამართალწარმოების ფარგლებში, რომელიც მიმართულია ქონებრივი დავის გადაწყვეტისკენ, საკუთრების უფლების გადასვლა ერთი პირიდან მეორეზე უნდა მოხდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე. კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის საკუთრების უფლების მატარებელმა პირმა არ უნდა დაკარგოს უფლება საკუთრებაზე სანამ შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილება არ შევა ძალაში. ამ მხრივ, სადავო ნორმა, რომელიც ითვალისწინებს საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, წარმოადგენს ჩარევას კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტში.“

„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/5/675,681, 30 სექტემბერი, 2016

 

„იმის შეფასებისას, რამდენად თანაზომიერია საკუთრების უფლებაში სადავო ჩარევა სადავო ნორმის შეფასებისას, უნდა განვასხვაოთ სადავო ნორმის გამოყენების ორი საფუძველი: ა. გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნების გამო გადამხდევინებლისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების შესაძლებლობა; ბ. დაყოვნების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობა. სადავო ჩარევა რამდენად ემსახურება ღირებულ საჯარო მიზანს და რამდენად პროპორციულია ამ მიზნისა, დამოუკიდებლად უნდა შეფასდეს ამ ორი საფუძვლის მიმართ.“

„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/5/675,681, 30 სექტემბერი, 2016

 

„კერძო-სამართლებრივი დავების გადაწყვეტის, სამოქალაქო უფლებების განსაზღვრისთვის სასამართლოსთვის მიმართვა იქნებოდა არაეფექტური, თუ დავუშვებთ, რომ სასამართლოს საბოლოო, მბოჭავი გადაწყვეტილება შეიძლება აღუსრულებელი დარჩეს. სახელმწიფოს აღნიშნული პოზიტიური ვალდებულების გათვალისწინებით, საზოგადოებრივი საჭიროება იმისა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებები აღუსრულებელი არ დარჩეს, ცალსახაა.

თუ დავის განმხილველი სასამართლო დაადგენს, რომ აღსრულების დაყოვნება გამოიწვევს შემდგომში გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობას, თუნდაც ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვონ შემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა, საკუთრების მოწინააღმდეგე მხარისთვის გადაცემა გადაწყვეტილების ეფექტურობის მნიშვნელოვანი გარანტიაა და სხვათა, ამ შემთხვევაში გადამხდევინებლის უფლებების დაცვის ვარგისი საშუალება.“

„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/5/675,681, 30 სექტემბერი, 2016

 

„სასამართლო იზიარებს მოსარჩელეთა არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები, მართალია, შეიძლება იწვევდეს არსებული მესაკუთრის ცალკეული უფლებების და მისი მოქმედების თავისუფლების შეზღუდვას სადავო ქონებასთან მიმართებით, თუმცა საკუთრების და მისგან გამომდინარე ყველა უფლების სხვა პირისთვის გადაცემასთან შედარებით, რაც ერთიანად წყვეტს არსებული მესაკუთრის კავშირს ქონებასთან, ნაკლებად მზღუდავ საშუალებად უნდა ჩაითვალოს. შესაბამისად, კანონი უნდა ავალებდეს მოსამართლეს, პირველ რიგში გამოიკვლიოს, ხომ არ შეიძლება გადამხდევინებელის ინტერესების დაცვა და გადაწყვეტილების ეფექტურობის უზრუნველყოფა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებით. სადავო ნორმატიული შინაარსის ფარგლებში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები ვერ უზრუნველყოფს სამომავლოდ გადამხდევინებლისთვის გადაწყვეტილების აღსრულებას.“

„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/5/675,681, 30 სექტემბერი, 2016

 

„სამართალშემფარდებელი, როგორც სახელმწიფო ხელისუფლების განმახორციელებელი, კონსტიტუციური უფლებების პრაქტიკაში რეალიზების შესაძლებლობას ქმნის, მათ შორის,  კერძო-სამართლებრივი დავების გადაწყვეტისას. საკანონმდებლო ნორმების ინტერპრეტირების შედეგად, მან არ უნდა დაუშვას  ხელშეკრულების ერთი მხარისთვის  სარგებლის მინიჭება  სხვა პირთა საკუთრების კონსტიტუციური უფლების გაუმართლებელი შეზღუდვის ხარჯზე. იმ შემთხვევაში, თუ მოდავე მხარეებს თანაბრად წონადი უფლებრივი ინტერესი აქვთ, სამართალშემფარდებელი განსაკუთრებულად რთული პრობლემის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს. თუმცა თანაბრად წონადი უფლებრივი ინტერესების არსებობის შემთხვევაში, დავის ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ გადაწყვეტა მეორე მხარის კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების სრული იგნონირებით, კონსტიტუციის მოთხოვნებთან არ იქნება თავსებადი.“

„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/5/675,681, 30 სექტემბერი, 2016

 

„სარჩელის/გადაწყვეტილების უზრუნველყოფა წარმოადგენს სამოქალაქო სამართალწარმოების მნიშვნელოვან ინსტიტუტს და ემსახურება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას. იმის გათვალისწინებით, რომ ხშირად სამოქალაქო პროცესი საკმაოდ ხანგრძლივ პროცედურებთან არის დაკავშირებული, არსებობს რისკი, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დავის საგანი განადგურდეს, გასხვისდეს, უფლებრივად დაიტვირთოს ან სხვაგვარად შეეშალოს ხელი საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სწორედ ამ საფრთხეების პრევენციას ემსახურება. სამოქალაქო საქმეზე მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელება მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს წარმოადგენს, ამავე დროს, მართლმსაჯულების ეფექტურობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე, შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული მექანიზმები, რომლებიც ემსახურება სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების უზრუნველყოფას, ემსახურება უმნიშვნელოვანეს ლეგიტიმურ მიზანს – მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფას.“

„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/5/675,681, 30 სექტემბერი, 2016

 

„სამოქალაქო ურთიერთობების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, არაგონივრულია, კანონმდებელს მოვთხოვოთ, წინასწარ მოახდინოს უზრუნველყოფის თითოეული შემთხვევის იდენტიფიცირება, მათი დეტალური გაწერა. საქმის განმხილველ სასამართლოს უნდა გააჩნდეს გარკვეული თავისუფლება, რათა თავად განსაზღვროს, რა ღონისძიება შეიძლება გახდეს საჭირო ამა თუ იმ სამოქალაქო საქმეზე. უზრუნველყოფის ღონისძიებების წინასწარ ამომწურავად განსაზღვრა წაართმევდა მოსამართლეს შესაძლებლობას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გადაეწყვიტა უზრუნველყოფის აუცილებლობა და შესაძლოა წარმოიშვას სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხე, ვინაიდან მოსამართლეს არ ექნებოდა შესაძლებლობა, გამოეყენებინა სარჩელის უზრუნველყოფისათვის აუცილებელი ესა თუ ის ღონისძიება.

უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას სასამართლო დისკრეცია ვერ იქნება უსაზღვრო. სასამართლო  შებოჭილია, ერთი მხრივ, კონსტიტუციური უფლებებითა და პრინციპებით, ხოლო, მეორე მხრივ,  კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცესუალური ნორმებით. სამოქალაქო ურთიერთობების მრავალფეროვნების მიუხედავად, კანონმდებელმა მკაფიოდ და ამომწურავად განსაზღვრა საფუძვლები და კრიტერიუმები, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოსაყენებლად. ეს უცილებელი იმისთვის, რათა შეცდომისა თუ თვითნებობის შედეგად არ მოხდეს საკუთრების უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა. სამოქალაქო ურთიერთობების მრავალფეროვნება არ ათავისუფლებს კანონმდებელს ვალდებულებისაგან, აჭღურვოს დავის განმხილველი სასამართლო შეძლებისდაგვარად მკაფიოდ გაწერილი სამართლებრივი ნორმებითა და განჭვრეტადი კრიტერიუმებით, რომელიც შესაძლებლობას მისცემს სასამართლოს, სწორად შეარჩიოს, ხოლო მხარემ შუამდგომლობის საფუძველზე მოითხოვოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.

დროებითი მმართველის დანიშვნა წარმოადგენს უზრუნველყოფის ღონისძიებათა კომპლექსს, რომლის გამოყენების შემთხვევაში კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია, დარწმუნდეს თითოეული მათგანის გამოყენების კანონიერებაში და მის აუცილებლობაში. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დარწმუნდა, რომ მას კანონი უფლებამოსილებას ანიჭებს, დანიშნოს დროებითი მმართველი, ის ასევე ვალდებულია, დროებით მმართველს განუსაზღვროს მხოლოდ ის უფლებამოსილებები, რომლებიც აუციელებლია უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნებისათვის. შესაბამისად, დავის განმხილველი მოსამართლის მიხედულების ფარგლებში ექცევა იმის განსაზღვრა, თუ რა უფლებამოსილებებით შეიძლება იყოს აღჭურვილი დროებითი მმართველი.“

„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/5/675,681, 30 სექტემბერი, 2016

 

„კერძო საკუთრების იძულებით წესით სხვა პირისთვის გადაცემა წარმოადგენს საკუთრების უფლებაში ერთ-ერთ ყველაზე მკაცრს ჩარევას.“

„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/5/675,681, 30 სექტემბერი, 2016

 

„დროებითი მმართველის (ან მსგავსი უფლებამოსილებების მქონე დროებითი ადმინისტრაციის) დანიშვნა, თავისთავად, არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მოთხოვნებს, როდესაც ეს აბსოლუტურად აუცილებლია მართლმსაჯულების განხორციელებისთვისა და სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტურობის უზრუნველსაყოფად. ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ, რაც უფრო მკაცრია უზრუნველყოფის ღონისძიება, მით უფრო მაღალია კანონმდებლის ვალდებულება, შეძლებისდაგვარად დეტალურად გაწეროს ასეთი ღონისძიების გამოყენების საფუძვლები და წესი. მოცემულ შემთხვევაში, არც სადავო ნორმა და არც საპროცესო კანონმდებლობა შეიცავს წესს, რომელიც დროებითი მმართველის დანიშვნის შედეგად უზრუნველყოფდა საკუთრების უფლების პროპორციულ შეზღუდვას. სადავო ნორმა არ შეიცავს საკმარისად ცხად წესს, რაც ესოდენ მკაცრი ღონისძიების გამოყენებისათვის არის აუცილებელი და ამდენად, ვერ პასუხობს კონსტიტუციის მოთხოვნებს. ამგვარად, დროებითი მმართველის როგორც უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, დასაშვებია სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა სადავო ნორმებით განსაზღვრული წესით. ასევე საყურადღებოა ის გარემოება, რომ დროებითი მმართველის დანიშვნა განხორციელდა სამაუწყებლო კომპანიაში და, სხვა უფლებამოსილებებთან ერთად, ის აღიჭურვა ისეთი უფლებამოსილებებით, რომლებიც გავლენას მოახდენდა მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაზე, მის გამოხატვის თავისუფლებაზე. ამდენად, დროებითი მმართველის დანიშვნისას საქმის განმხილველი სასამართლო ვალდებულია, მხედველობაში ასევე მიიღოს ამ გადაწყვეტილების შედეგად გამოწვეული პოტენციური ზიანი, რომელიც კონსტიტუციური უფლებების რეალიზებას, მათ შორის, გამოხატვის უფლებას შეიძლება მიადგეს.“

„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/5/675,681, 30 სექტემბერი, 2016

 

„კანონით დადგენილი ზარალის უზრუნველყოფის ინსტიტუტი მნიშვნელოვან სამოქალაქო საპროცესო ინსტიტუტს წარმოადგენს და ხშირ შემთხვევაში იგი შესაძლებელია გახდეს კიდეც მოწინააღმდეგე მხარის ინტერესების დაცვის ეფექტური საშუალება. თუმცა, ასევე აღსანიშნავია, რომ მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის განსახორციელებლად აუცილებელია იდენტიფიცირებულ იქნეს სავარაუდოდ მოსალოდნელი ზარალის არსებობა, რომელიც რიგ შემთხვევებში შეუძლებელია.“

„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/5/675,681, 30 სექტემბერი, 2016

 

„უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად მოწინააღმდეგე მხარის შელახული ინტერესი ყოველთვის არ გამოითვლება ფულადი ფორმით, იგი შეიძლება უკავშირდებოდეს რეპუტაციის რისკებს, მძიმე ფსიქოლოგიურ განცდებს და ა.შ. გაურკვეველია, რატომ არ უნდა ჰქონდეს მოსამართლეს ვალდებულება ან მიეცეს შესაძლებლობა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეაფასოს, რამდენად არის ზარალის უზრუნველყოფა სამოქალაქო პროცესის მონაწილის ინტერესების დაბალანსებისათვის საკმარისი. კანონმდებელი სამოქალაქო საქმის განმხილველ სასამართლოს შესაძლებლობას ართმევს, გამოიყენოს უზრუნველყოფის ღონისძიების პროპორციულობის შეფასების სხვა კრიტერიუმი,  გარდა „აუცილებლობის“ ტესტისა. აშკარაა, რომ მოქმედი კანონმდებლობის პირობებში, მოსამართლე იმ შემთხვევაშიც კი ვალდებულია გამოიყენოს აღნიშნული ღონისძიება, თუ მივა დასკვნამდე, რომ შეუძლებელია სავარაუდო ზარალის იდენტიფიცირება, ან ზარალის უზრუნველყოფის მიუხედავად, უზრუნველყოფის ღონისძიება მაინც უფლების მომეტებული შეზღუდვის წყაროს წარმოადგენს.“

„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/5/675,681, 30 სექტემბერი, 2016

 

„აუცილებელია, კანონმდებლობაში გვხვდებოდეს კრიტერიუმი, რომლითაც მოსამართლე ვალდებული იქნება, აწონ-დაწონოს მოსარჩელისა და მოპასუხის ინტერესები, ასევე დავის საგნის ბუნების მიხედვით გაითვალისწინოს ის კერძო და საჯარო ინტერესები, რომლებიც შესაძლოა შეზღუდოს სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებამ. დროებითი მმართველის დანიშვნა, როგორც უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, უნდა განხორციელდეს სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში.“

„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/5/675,681, 30 სექტემბერი, 2016

 

„ლეგიტიმური საჯარო მიზნის მისაღწევად ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა ყოველთვის საკმარისი არ არის საკუთრების უფლების შეზღუდვის გასამართლებლად, კონსტიტუცია ასევე მოითხოვს, რომ შეზღუდვა იყოს ვიწროდ პროპორციული, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა არ განხორციელდეს უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე, უფლებისათვის მიყენებული ზიანი არ უნდა აღემატებოდეს იმ ინტერესს, რომლის დაცვისათვისაც ის იზღუდება. კანონის ნორმა, რომელიც მოსამართლეს ავალდებულებს, გამოიყენოს უზრუნველყოფის ღონისძიება, მათ შორის, იმ შემთხვევაში, როდესაც მოწინააღმდეგე მხარისათვის მიყენებული ზიანი მნიშვნელოვნად აღემატება უზრუნველყოფის ღონისძიებით დაცულ სიკეთეს, ეწინააღმდეგება საქართვლოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის მოთხოვნებს.“

„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/5/675,681, 30 სექტემბერი, 2016

 

„საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. აღნიშნული ნორმით დეკლარირებულია საკუთრების ინსტიტუტის, როგორც დემოკრატიული საზოგადოების საფუძვლად არსებული ღირებულების, კონსტიტუციური მნიშვნელობა, რომელიც დამკვიდრებული მართლწესრიგის ფარგლებში პირის მოქმედების თავისუფლებისა და ინდივიდუალური თვითრეალიზების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.

საკუთრების ინსტიტუტის კონსტიტუციური სტანდარტი განსაზღვრავს სახელმწიფოს მოწყობისა და საზოგადოების ფუნქციონირების უმთავრეს ეკონომიკურ პრინციპს, რაც საქართველოს საბჭოთა ტოტალიტარული წარსულის გათვალისწინებით, წარმოადგენს დამოუკიდებელი, დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული სამართლებრივი სახელმწიფოს შენარჩუნებისა და განვითარების უმნიშვნელოვანეს გარანტს.“

საქართველოს მოქალაქე შოთა ჯიბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/6/666, 22 ივნისი, 2017

 

„საკუთრების უფლების სპექტრი განსაზღვრავს რა მესაკუთრის მიერ მის საკუთრებასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების შეხედულებისამებრ მიღების გარანტიებს, სხვა უფლებამოსილებებთან ერთად, აგრეთვე მოიცავს საკუთრებით შეუზღუდავ სარგებლობას, მათ შორის, მესაკუთრის უფლებას, მიიღოს საკუთრებაში არსებული მიწის სხვადასხვა მიზნით გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება.“

საქართველოს მოქალაქე შოთა ჯიბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/6/666, 22 ივნისი, 2017

Back to Top