24 -ე მუხლის მე – 4 პუნქტი

„გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი ნორმები უნდა იყოს გათვალისწინებული  ნათელი და განჭვრეტადი, ვიწროდ მიზანმიმართული კანონით. სასამართლოსადმი მიმართვის უფლება გარანტირებული უნდა იყოს, როდესაც უფლების დარღვევას მაუწყებლის ბრალეული ქმედება იწვევს, ამასთან, გამოკვეთილი უნდა იყოს ის უფლება, რომლის დასაცავადაც გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს. ზნეობრივი საკითხების სასამართლო წესით განსჯადობა უარყოფით ეფექტს იქონიებს მაუწყებლის თავისუფლებაზე იმდენად, რამდენადაც, უმეტეს შემთხვევაში, ძნელია ობიექტურად იმის განსაზღვრა, რა შეესაბამება ზნეობრივ ნორმებს და რა არა. ასეთი საკითხების სასამართლო წესით განსჯადობა გამყინავ ეფექტს იქონიებს მაუწყებლის თავისუფლებაზე და შედეგად დააზარალებს მთლიანად საზოგადოებას.

საქართველოს მოქალაქეები გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე  საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, № 1/3/421,422,  10 ნოემბერი, 2009

 

„საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის თანახმად, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. მოსამართლის დამოუკიდებლობა, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, მასზე გავლენის მოხდენის მიზნით, მის პროფესიულ საქმიანობაში ან/და პირად ცხოვრებაში ჩაურევლობასაც გულისხმობს. მოსამართლე თანაბრად დისტანცირებული და დაცული უნდა იყოს როგორც ხელისუფლების, ასევე სხვადასხვას საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ჯგუფების ან/და პიროვნული ინტერესებისაგან. ამავე დრომ მოსამართლის, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ზრუნვა არ გულისხმობს მოსამართლის პროფესიულ საქმიანობის ან სასამართლო გადაწყვეტილების კრიტიკის აკრძალვას. საკონსტიტუციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სასამართლოს საქმიანობის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, მათ შორის, სასამართლოს სიახლოვეს შეკრებების (მანიფესტაციების) გზით, ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა. მოსამართლის საქმიანობასთან დაკავშირებით აზრის გამოხატვა კონსტიტუციურ უფლებას წარმოადგენს. როგორც საჯარო პირს, მოსამართლეს თმენის ვალდებულება მართლაც გააჩნია, რამდენადაც მისი საქმიანობის კრიტიკა, მის პროფესიულ, თუ პირად თვისებებზე მსჯელობა საზოგადოებრივი ინტერესით შეიძლება იყოს განპირობებული.

გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია, როდესაც მოსამართლის პროფესიული საქმიანობის კრიტიკა, მასზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, მის პირად ცხოვრებაში გაუმართლებლად იჭრება.“

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები -ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/482,483,487,502, 18 აპრილი, 2011

 

„კონსტიტუციის 24-ე მუხლის თანახმად, აზრისა და ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვა გამართლებულია სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად და დანაშაულის თავიდან ასაცილებლად. შესაბამისად, საკაბელო ქსელის ან/და თანამგზავრული სისტემების გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზირება კონსტიტუციით გათვალისწინებული ამ მიზნებიდან ერთ-ერთის მიღწევას მაინც უნდა ემსახურებოდეს.

რეგულირების სხვადასხვა ფორმების, მათ შორის, საქმიანობის ლიცენზირების უფლებამოსილება სახელმწიფოს მიერ მისი ძირითადი ფუნქციის შესრულებას შეიძლება უკავშირდებოდეს, თუმცა ამ უფლებამოსილების განხორციელებისას სახელმწიფო პირის კონსტიტუციური უფლებებითა და თავისუფლებებით არის შეზღუდული. ამ უფლებებსა და თავისუფლებებში ჩარევა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში არის გამართლებული. როდესაც ჩარევა გარდაუვალია კონსტიტუციით განსაზღვრული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, სახელმწიფომ მიზნის მიღწევის პროპორციულ და ნაკლებად მზღუდავ საშუალებას უნდა მიმართოს.

სახელმწიფოს მიერ მაუწყებლის რეგულირება უნდა განხორციელდეს გამოხატვის თავისუფლების იმგვარი შეზღუდვით, რომელიც აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. იმ შემთხვევაში თუ შეზღუდვა ლეგიტიმურ მიზანს ლოგიკურად არ უკავშირდება – შეზღუდვა გაუმართლებელია. მხოლოდ ასეთი კავშირის არსებობის შემთხვევაში გადის სასამართლო სადავო ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობის შეფასების შემდეგ საფეხურზე: დაცულია თუ არა პროპორციულობა ინდივიდის უფლებასა და საჯარო ინტერესებს შორის. ამასთანავე, სახელმწიფო ვალდებულია ამტკიცოს, რომ საკაბელო ქსელით მაუწყებლის ლიცენზირება მიზნის პროპორციულ, ვიწროდმიმართულ და ნაკლებადმზღუდავ საშუალებას წარმოადგენს. შეზღუდვა კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია, თუ ის დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების პირობებში კონსტიტუციით დაცული სიკეთის უზრუნველსაყოფად არის აუცილებელი და გამოხატვის შეზღუდვის შედეგად დაცული სიკეთე აღემატება შეზღუდვით გამოწვეულ ზიანს.“

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/468, 11 აპრილი, 2012

 

„მაუწყებლობის დაწყება თავისთავად გულისხმობს მაუწყებელზე კანონით დადგენილი ვალდებულებების გავრცელებას, მისი მოთხოვნები თანაბრად სავალდებულოა როგორც ლიცენზირებული, ასევე ლიცენზიის გარეშე მოქმედი მედიისთვის. ამავე დროს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკაბელო ქსელის გამოყენებით სამაუწყებლო ლიცენზია არ ითვალისწინებს რაიმე სახის დამატებით არსებით (შინაარსობრივ) შეზღუდვას.

სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის დარღვევასთან დაკავშირებული შედეგების გააზრება ყოველი პირის ვალდებულებაა, ამისათვის საკაბელო მაუწყებლის ლიცენზირება (ნებართვის მიღების სახით დამატებითი მექანიზმების შექმნა) აუცილებლობას არ წარმოადგენს. შესაძლოა ლიცენზირება გარკვეულწილად ამარტივებდეს მაუწყებლის რეგულირებას. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მაუწყებლის ლიცენზირება ლეგიტიმური მიზნების მიღწევის აუცილებელ პირობას წარმოადგენს.

იმ შემთხვევაში, თუ მაუწყებლის საქმიანობა კანონსაწინააღმდეგო ხასიათს იღებს, საფრთხეს უქმნის სხვათა უფლებებს, სახელმწიფო უშიშროებას, საზოგადოებრივ წესრიგს ან/და სხვა ლეგიტიმურ მიზნებს, სახელმწიფო უფლებამოსილია, მიმართოს კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებულ შემზღუდველ ზომებს, განურჩევლად იმისა, წარმოადგენს თუ არა კანონდამრღვევი ლიცენზიის მქონე მაუწყებელს თუ სხვა „არალიცენზირებად“ მედიას. ამ მხრივ, საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობისთვის სანებართვო სისტემის დაწესება ვერ ჩაითვლება ლეგიტიმური მიზნების მიღწევის აუცილებელ საშუალებად. სასამართლო იაზრებს მოსარჩელის პოზიციას, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლით განსაზღვრული სუბიექტებისათვის მაუწყებლობის უფლების შესაზღუდად ლიცენზირების შემოღება აუცილებლობას არ წარმოადგენს. ამდენად, სადავო ნორმა დამატებით გაუმართლებელ შეზღუდვას აწესებს სამაუწყებლო საქმიანობის განხორციელების მსურველ იმ პირებზე, რომელიც აღნიშნული კანონის 37-ე მუხლით განსაზღვრულ სუბიექტთა წრეს არ განეკუთვნებიან. შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც, ის მიზნის მიღწევის არაპროპორციულ საშუალებას წარმოადგენს.“

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/468, 11 აპრილი, 2012

 

„ხელისუფლება უფლებამოსილია, დააწესოს ფორმალური, შინაარსობრივად ნეიტრალური შეზღუდვები გამოხატვის თავისუფლების უფლების განხორციელებაზე, თუმცა ასეთი შეზღუდვა (რეგულირება) ლეგიტიმური მიზნის მიღწევისკენ უნდა იყოს მიმართული და ამ მიზნის მიღწევის აუცილებელ წინა პირობას უნდა წარმოადგენდეს.“

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/468, 11 აპრილი, 2012

 

„საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და სხვათა უფლებების დაცვის მიზნით, სახელმწიფო (მარეგულირებელი ორგანო) უფლებამოსილია, მოითხოვოს სამეწარმეო სუბიექტისგან, მათ შორის, საკაბელო ქსელით მაუწყებლობის განხორციელების მსურველისგან ინფორმაცია მისი ვინაობის შესახებ. თუმცა ის ამ მიზანს სცდება, როდესაც საკაბელო ქსელის მეშვეობით მაუწყებლობის (მათ შორის, კონკრეტული შინაარსით მაუწყებლობის) დაწყებას ადმინისტრაციული ორგანოსგან ნებართვის მიღებას უკავშირებს. საკაბელო მაუწყებლობის დასაწყებად ნებართვის მიღების ვალდებულება გამოხატვის თავისუფლების უფლებაში გაუმართლებელ ჩარევას წარმოადგენს.

სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას, რომ მოპასუხის მიერ დასახელებული (და მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული) ლეგიტიმური მიზნების მიღწევა და შესაბამისად, შესაძლებელია უფლებისათვის ნაკლებად მზღუდავი საშუალებით სრულყოფილად განხორციელდეს. ასეთ საშუალებას მაუწყებლობის მსურველი პირებისათვის კომისიაში გარკვეული ინფორმაციის წარდგენის ვალდებულების დაწესება შეიძლება წარმოადგენდეს.“

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/468, 11 აპრილი, 2012

 

„საკაბელო ქსელის საშუალებით მაუწყებელი პირის დავალდებულება, რომ მაუწყებლობა განახორციელოს ლიცენზიის საფუძველზე, არ წარმოადგენდა მოპასუხის მიერ დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის აუცილებელ და პროპორციულად მზღუდავ საშუალებას.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამგზავრული სიხშირით მაუწყებლობის წესი უკავშირდება სახელმწიფოს სწრაფვას, მოახდინოს შიდა კანონმდებლობის ჰარმონიზება საერთაშორისო სამართლის ნორმებთან და ამ ნორმებით გათვალისწინებული ვალდებულებების გაზიარების სანაცვლოდ, საქართველოს მოქალაქის აზრისა და ინფორმაციის თავისუფლების რეალიზებას შეუწყოს ხელი. მოცემულ შემთხვევაში თანამგზავრის საშუალებით მაუწყებლობის (საერთო და სპეციალიზებული) სახეობის ლიცენზიის დადგენა იმავე მიზნებს ემსახურება, რომელსაც თავად მაუწყებლობის ლიცენზირება. ამდენად, სადავო ნორმებს კონსტიტუციით გათვალისწინებული ლეგიტიმური საფუძველი გააჩნია. სასამართლო მიიჩნევს, სახელმწიფომ ფორმალური, შინაარსობრივად ნეიტრალური, გონივრულად მზღუდავი წესი დაადგინა და, ამდენად, მიზნის მიღწევის პროპორციული საშუალება გამოიყენა.“

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/468, 11 აპრილი, 2012

 

„გამოხატვის თავისუფლების უფლებიდან გამომდინარე, შეუძლებელია იმის ზუსტად განსაზღვრა, ლიცენზიის გაცემისათვის რა ვადის დადგენა ჩაითვლება უფლების შეზღუდვის პროპორციულ საშუალებად, დაწესებული ვადა კონსტიტუციური უფლების დარღვევას მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში შეიძლება იწვევდეს. უფლებაში გაუმართლებელი ჩარევა სახეზე იქნება, თუ ლიცენზიის გაცემისათვის დაწესებული ვადა აშკარად არაგონივრული და იმდენად ხანგრძლივია, რომ გამოხატვის თავისუფლების უფლების რეალიზებისათვის გაუმართლებელ ბარიერს ქმნის, მაუწყებლობის მსურველს გაუმართლებლად მძიმე ტვირთად აწვება და აზრისა და ინფორმაციის გავრცელების კონსტიტუციური უფლების დარღვევას ლიცენზირების ფაქტისგან დამოუკიდებლად იწვევს.

მაუწყებლობის საქმიანობის 30 დღის ვადაში დაწყება არ წარმოადგენს უფლების იმგვარ შეზღუდვას, რომელის რაიმე ფორმით ეჭქვეშ აყენებს მის ეფექტურობას ან შეიცავს აზრისა და ინფორმაციის გავრცელების იმგვარ შეზღუდვას, რომელიც გაუმართლებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.“

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/468, 11 აპრილი, 2012

 

„გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება და იგი შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კონსტიტუციაში მოცემული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, მიზნის მიღწევის თანაზომიერი საშუალებების გამოყენებით. კანონმდებელი ვალდებულია, უფლებაშემზღუდველი ნორმების დადგენისას, დაიცვას გონივრული ბალანსი მისაღწევ მიზანსა და შეზღუდულ უფლებას შორის, რათა ადამიანის უფლება იმაზე მეტად არ შეიზღუდოს, ვიდრე ეს აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური უფლებების არსებობა მხოლოდ ფორმალურ, დეკლარაციულ ხასიათს შეიძენდა. დემოკრატიული სახელმწიფო პატივისცემით უნდა მოეკიდოს ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, მისი შეზღუდვა უნდა იყოს დასაბუთებული, საჭირო და აუცილებელი თავად დემოკრატიული საზოგადოების არსებობის, ადამიანთა თანაცხოვრებისათვის. უდავოა, რომ გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის უფლებამოსილება არსებობს, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ თანაზომიერების პრინციპის მკაცრი დაცვის პირობით.“

საქართველოს მოქალაქეები – ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/516,542, 14 მაისი, 2013

„ლეგიტიმური მიზნის არსებობა ყოველთვის არ არის საკმარისი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის გასამართლებლად. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებიდან გამომდინარე, შეზღუდვა არ უნდა იწვევდეს პირის უფლების იმაზე მაღალი ხარისხით შეზღუდვას, რაც უკიდურესად აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის. უნდა შემოწმდეს, რამდენად აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების უზრუნველსაყოფად, გამოხატვის თავისუფლების ამ ფორმით შეზღუდვა, ხომ არ არსებობს პირის უფლების უფრო ნაკლებად მზღუდავი საშუალება, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელი იქნებოდა იმავე მიზნის მიღწევა.“

საქართველოს მოქალაქეები – ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/516,542, 14 მაისი, 2013

 

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, კონსტიტუციის შესაბამისად მოხდეს. თუმცა ეს არ არის საკმარისი სადავო ნორმის კონსტიტუციურად მიჩნევისათვის. როგორც აღინიშნა, გამოხატვის თავისუფლების სფეროში პასუხისმგებლობის დაწესებისას, იგი აუცილებლად უნდა პასუხობდეს განსაზღვრულობის ისეთ სტანდარტს, რომელიც გამორიცხავს „მსუსხავ ეფექტს” პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი რეგულირების გარეთ მოქცეული გამოხატვის თავისუფლების მიმართ. სადავო ნორმა გარკვეული წინაპირობების არსებობისას (საქართველოს ინტერესებისთვის საზიანოოობა) პირთა ფართო ჯგუფთან (უცხოეთის ორგანიზაციები) ურთიერთობისათვის აწესებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. თუმცა საკითხს, უცხოეთის რომელი ორგანიზაციის დავალებით ინფორმაციის შეგროვება და გადაცემა შეიძლება იყოს დანაშაული, კანონმდებელი, ერთი მხრივ, სამართალშემფარდებლის, მეორე მხრივ კი, ნორმის შესაძლო სუბიექტთა განმარტების ამარა ტოვებს. გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მოქმედი პირი შესაძლებელია სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ აღიქვამდეს უცხოეთის ორგანიზაციების იმაზე ფართო სპექტრთან თანამშრომლობას, ვიდრე ამას სადავო ნორმა ითვალისწინებს. შესაძლებელია პირმა უარი თქვას რიგ უცხოეთის ორგანიზაციებთან ურთიერთობაზე იმის შიშით, რომ ეს შეიძლება სახელმწიფოსთვის საზიანო იყოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმას გააჩნია “მსუსხავი ეფექტი” გამოხატვის თავისუფლებაზე, რადგან რეალურად აქვს უფლების შეზღუდვის იმაზე გაცილებით ფართო ეფექტი, ვიდრე ეს სადავო ნორმითაა გათვალისწინებული, რისი შეზღუდვაც კანონმდებელს უნდოდა და რომელიც აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობისთვის.“

საქართველოს მოქალაქეები – ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/516,542, 14 მაისი, 2013

 

„ზოგადად, კონფლიქტი ისეთ კონსტიტუციურ ღირებულებებს შორის, როგორებიცაა ადამიანის სახელის, რეპუტაციის, პატივის უფლება და გამოხატვის თავისუფლება, ობიექტურად გარდაუვალია. ასეთ დროს კონსტიტუციის მიზანი არის მათი გონივრული დაბალანსება, ორივე სიკეთის უზრუნველყოფა, ხოლო ხელისუფლების ვალდებულებაა ასეთი ბალანსის დაცვა.“

საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/6/561,568, 30 სექტემბერი, 2016

 

„თუმცა თავისუფლება, იმავდროულად, უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, რადგან ის ყველა ადამიანისთვის ერთნაირი სიკეთეა, ერთნაირი ღირებულებაა. თავისუფალი საზოგადოება თითოეული ინდივიდის თავისუფლებას ეფუძნება, ამიტომ ადამიანებმა უნდა შეძლონ, იცხოვრონ ერთმანეთის თავისუფლების პატივისცემით. შესაბამისად, არც ერთი ადამიანის თავისუფლება არ  შეიძლება ეფუძნებოდეს სხვისი თავისუფლების ხელყოფას. ამიტომ გამოხატვის თავისუფლების ზღვარიც სხვათა უფლებებია. გამოხატვის თავისუფლების, როგორც საზოგადოების, ისე ინდივიდის განვითარებისთვის, უდიდესი მნიშვნელობის მიუხედავად, ის არ სარგებლობს თავისთავადი უპირატესობით რომელიმე სხვა კონსტიტუციურ სიკეთესთან მიმართებით. მაშინ როდესაც ამ უფლებით შეუზღუდავად სარგებლობამ რეალური დარღვევის საფრთხე შეიძლება შეუქმნას ამა თუ იმ უფლებას, გამოხატვის თავისუფლებაც შეიძლება შეიზღუდოს და ესეც დემოკრატიის ერთი-ერთი მთავარი წესია.“

საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/6/561,568, 30 სექტემბერი, 2016

 

„კონსტიტუციური წესრიგი არ იცნობს იერარქიას ადამიანის უფლებებს შორის, კონსტიტუცია არ ითვალისწინებს და ვერ დაუშვებს რომელიმე უფლების თავისთავად უპირატესობას სხვა უფლებასთან/უფლებებთან მიმართებით.

ამიტომ, მიუხედავად გამოხატვის თავისუფლების უდიდესი მნიშვნელობისა, როგორც დემოკრატიული საზოგადოებისათვის, ისე თითოეული ადამიანის პიროვნული ავტონომიისა და თვითრეალიზაციისთვის, ცალკეულ შემთხვევაში სახელმწიფო უფლებამოსილია და ვალდებულიც, ჩაერიოს გამოხატვის თავისუფლებაში, რათა უზრუნველყოს სხვათა ავტონომიის პატივისცემა, ცალკეული ინდივიდებისა თუ საზოგადოების ლეგიტიმური ინტერესების დაცვა.

მაშასადამე, გამოხატვის თავისუფლების უდიდესი მნიშვნელობის მიუხედავად, ის არ არის აბსოლუტური და შეიძლება შეიზღუდოს სხვათა უფლებების, მათ შორის, რეპუტაციის დასაცავად.“

საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/6/561,568, 30 სექტემბერი, 2016

 

„როგორც უკვე აღინიშნა, გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს ადამიანის სახელის, პატივის, რეპუტაციის დაცვის მიზნით, მათ შორის, სასამართლოში დავის გზით. კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას ადამიანის პატივის უფლების დაცვის ლეგიტიმური ინტერესი, როდესაც ის ცილისწამების მსხვერპლი ხდება. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გამოხატვის თავისუფლების უსაფუძვლოდ და მომეტებულად შეზღუდვის თავიდან აცილების მიზნით, ხელისუფლება ვალდებულია, ჩაერიოს ამ თავისუფლებაში მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანის სახელის და რეპუტაციის უფლებას საფრთხე რეალურად ემუქრება, ამასთან, მხოლოდ იმ ინტენსივობით და ფორმით, რაც ობიექტურად საკმარისია ამ სიკეთის დასაცავად. მაშასადამე, ისევე როგორც ზოგადად, გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა გამართლებულია მხოლოდ მაშინ და იმ ფორმით, როდესაც და რა ინტენსივობითაც ეს აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.“

საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/6/561,568, 30 სექტემბერი, 2016

 

„ზოგადად, სიტყვის მართლმსაჯულების ობიექტად ქცევა უკიდურეს შემთხვევაში უნდა ხდებოდეს, როდესაც ეს ობიექტურად აუცილებელია. არ შეიძლება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მართლმსაჯულების გზით მხოლოდ იმის გამო, რომ არ ვეთანხმებით, გვეშინია, გვძულს, მიგვაჩნია, რომ საზოგადოების მორალისა თუ ტრადიციების შეუსაბამოა. გამოხატვის თავისუფლების და, მაშასადამე, დემოკრატიის სიცოცხლისუნარიანობისთვის განსაკუთრებული სიფრთხილე სწორედ ასეთი ნეგატიური განწყობებისა თუ დამოკიდებულებების განმაპირობებელი მოსაზრებების მიმართ სამართლის დამოკიდებულებას მართებს. გამოხატვის თავისუფლების დაბალანსების საუკეთესო გზა ისევ გამოხატვაა – რადგან ნებისმიერი მოსაზრება, გამონათქვამი, რომელსაც არ ეთანხმები, არ მოგწონს ან, შენი აზრით, სიმართლეს არ შეესაბამება, შეიძლება უარყო საწინააღმდეგო მოსაზრებებითა და იდეებით, რომელთაც იზიარებ, მოგწონს ან სწორად მიგაჩნია.

სწორედ საჯარო დისკუსია, განსხვავებულ იდეათა ჭიდილი, დაპირისპირებული მოსაზრებების კონკურენცია აჯანსაღებს ჭეშმარიტების ძიების პროცესს, უზრუნველყოფს სიტყვის თავისუფლებას, მაშინ, როდესაც სასამართლო დავა სიტყვის სისწორე-სიმცდარის დადგენის მიზნით, მით უფრო მაშინ როდესაც სიტყვის სისწორის ექსპერტიზა იმთავითვე მყიფე კრიტერიუმებს ეფუძნება, საფრთხეს უქმნის სიტყვის თავისუფლებას.“

საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/6/561,568, 30 სექტემბერი, 2016

 

„ინტერესები, რომელთა დაცვის საჭიროებაც ცილისწამების დროს აქტუალურია, ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, არ არსებობს გარდაცვლილი პირის შემთხვევაში. შედეგად, გარდაცვლილის ცილისწამების თაობაზე სასამართლო დავის დაშვების შემთხვევაში  გამოხატვის თავისუფლებას გაუმართლებელი ტვირთი დაეკისრება, საფრთხე შეექმნება თავისუფალ სიტყვას. პირები/პირთა ჯგუფები მომეტებულ სიფრთხილეს გამოიჩენენ გარდაცვლილი პირის თაობაზე კომენტარების გაკეთებისას, ინფორმაციის გავრცელებისას, ვინაიდან მათ ექნებათ შიში იმისა, რომ გარდაცვლილის ოჯახის წევრები ან ახლობლები არაადეკვატურად, არასწორად შეაფასებენ როგორც ფაქტებს (ვინაიდან მათ შეიძლება უბრალოდ არ იცოდნენ სიმართლე), ისე გარდაცვლილის ემოციას, გრძნობას, შესაბამისად, მათ შეიძლება იდავონ მაშინაც, როდესაც განცხადება არ არის ცილისმწამებლური, ეყრდნობა ნამდვილ ფაქტებს  ან/და როდესაც პირი, ვისზეც ინფორმაცია გავრცელდა (გარდაცვლილი პირი), არ იდავებდა.

ცხადია, საკონსტიტუციო სასამართლო კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შესაძლებლობას ადამიანის პატივისა და ღირსების სასამართლოში დაცვის გზით, როდესაც ეს უკიდურესად აუცილებელია და ობიექტურად შესაძლებელი. ასეთ პირობებში უდავოა მართლმსაჯულების მნიშვნელობა და პოზიტიური როლი ცილისწამებისაგან ადამიანის დაცვის პროცესში. თუმცა პირის გარდაცვალების შემდეგ მასზე გავრცელებული ინფორმაციის სისწორისა თუ ცილისმწამებლური ხასიათის სასამართლოში გარკვევისთვის არ არსებობს არც ობიექტური საფუძველი და არც ეფექტური ინსტრუმენტები. კომპრომისი სიტყვის თავისუფლებასთან უადგილოა და სიტყვის დამაზარალებელია, თუ მართლმსაჯულება მაღალი ალბათობით საეჭვო, სათუო მოსაზრებებს და ემოციებს დაეფუძნება.

მაშასადამე, როგორც უფლების ბუნება, ისე კონსტიტუციით დადგენილი ბალანსი არ იძლევა გარდაცვლილი პირის პატივის უფლების სუბიექტად მიჩნევის შესაძლებლობას. შესაბამისად, არ არსებობს საფუძველი ამ სიკეთის სასამართლოში დაცვისთვისაც.“

საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/6/561,568, 30 სექტემბერი, 2016

„სადავო ნორმები მოსამართლეს ანიჭებს უფლებამოსილებას, მასობრივი ინფორმაციის საშუალებაში მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ დანიშნოს დროებითი მმართველი და მიანიჭოს მას მისი მართვის სრული უფლებამოსილება, მათ შორის, საკადრო და სარედაქციო ფუნქციები. აღნიშნული შესაძლებლობის დაშვება ზღუდავს მასობრივი ინფორმაციის საშუალების თავისუფლებას, შესაბამისად ერევა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცულ სფეროში. საკანონმდებლო ნორმა, რომელიც აზრისა და ინფორმაციის გავრცელებას ზღუდავს, 24-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას უნდა ემსახურებოდეს.“

„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/5/675,681, 30 სექტემბერი, 2016

 

„არსებობს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისათვის კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული  საფუძველი – მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელების გზით სხვისი უფლებების დაცვა. თუმცა ლეგიტიმური მიზნის არსებობასთან ერთად, შეზღუდვის კონსტიტუციური გამართლებისათვის აუცილებელია იგი აკმაყოფილებდეს პროპორციულობის ტესტის მოთხოვნებს. მოცემულ შემთხვევაში კი უკვე დადგენილია, რომ სადავო ნორმა არაპროპორციულ შეზღუდვას ადგენს და შედეგად შესაძლოა, უფლების შეზღუდვით შელახული ინტერესი მნიშვნელოვნად აღემატებოდეს დაცულ სიკეთეს. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმის საფუძველზე დროებითი მმართველის დანიშვნამ გამოიწვია მოსარჩელის გამოხატვის თავისუფლებაში გაუმართლებელი ჩარევა.“

„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/5/675,681, 30 სექტემბერი, 2016

Back to Top

%d bloggers like this: