„გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ძირითად ფუნდამენტს და მისი პროგრესისა და თითოეული ინდივიდის თვითრეალიზაციის ძირითად პირობას. აღნიშნული უფლება შეესაბამება საჯარო ხელისუფლების ვალდებულებას, ხელმისაწვდომი გახადოს საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ინფორმაცია გონივრული შეზღუდვების ფარგლებში.
ინფორმაციის მიღების უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და შეიძლება შეიზღუდოს საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე. რამდენად გამართლებულია აზრის გამოხატვის თავისუფლებაში ხელისუფლების მხრიდან ჩარევა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გადასაწყვეტი საკითხია.
ინფორმაციის მიღების უფლება რა მოცულობით აკისრებს სახელმწიფოს ვალდებულებას, გაავრცელოს ესა თუ ის ინფორმაცია, პრაქტიკულად სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული. ადამიანებს არ აძლევს უფლებას მოიპოვოს პოლიციის საიდუმლო რეესტრის ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია და არც სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ხელმისაწვდომი გახადოს ასეთი ინფორმაცია პირებისათვის.“
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/359, 6 ივნისი, 2006
კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია ინფორმაციის თავისუფლება. მისი თავისუფალი გავრცელება და მიღება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან, ინფორმაციის მატარებლებიდან, რომლებიც გამოსადეგია ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელებისათვის. თავისუფალი ინფორმაციის გარეშე შეუძლებელია თავისუფალი აზრის ჩამოყალიბება. ეს არის ნორმა, რომელიც კრძალავს საზოგადოებისათვის, ადამიანის გონებისათვის „ინფორმაციული ფილტრის“ დაყენებას, რაც დამახასიათებელია არადემოკრატიული რეჟიმებისათვის. თუმცა, აზრის თავისუფლების მსგავსად, ეს უფლებაც კონსტიტუციურ შეზღუდვას ექვემდებარება კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტთან შესაბამისად.
„ზოგადად სახელმწიფოს არ შეუძლია, შეზღუდოს ინფორმაციის თავისუფლება იმ საფუძვლით, რომ გარკვეული ინფორმაცია ან იდეები შეიძლება ემოციურად გამაღიზიანებელი აღმოჩნდეს ან მიუღებელი საქციელის წამახალისებელი იყოს. ადამიანებს უფლება აქვთ, მიიღონ და გაავრცელონ იდეები და თავად გადაწყვიტონ, რა არის მათთვის მისაღები ან მიუღებელი. აღნიშნული რაციონალის საფუძველზე დემოკრატიული საზოგადოების ფუნქციონირებისთვის აუცილებელი გარკვეული აკრძალვების გარდა, პირები, მათ შორის მაუწყებლებიც, უფლებამოსილნი არიან, გადასცენ ნებისმიერი ინფორმაცია და ითვლება, რომ ადამიანებს ამ იდეებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ.
„მე-10 მუხლის დაცვის სფერო მოიცავს არა მხოლოდ იმ „ინფორმაციას“ ან „იდეებს” რომელთაც იზიარებს საზოგადოება ან არ არის შეურაცხმყოფელი, ან მისდამი ინდიფერენტული დამოკიდებულებაა, არამედ ასევე ისეთს, რომელიც შეურაცხყოფს, შოკის მომგვრელია და აწუხებს სახელმწიფოს ან საზოგადოების ნებისმიერ ჯგუფს. ასეთია პლურალიზმის, ტოლერანტობისა და შემწყნარებლობის მოთხოვნები, რომელთა გარეშეც არ არსებობს დემოკრატიული საზოგადოება“ (Handyside v. UK, p. 48)
უნდა აღინიშნოს, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შედარებით ფართო დისკრეცია სახელმწიფოს შეიძლება მიენიჭოს მაშინ, როდესაც შეზღუდვას დაქვემდებარებული გამოხატვა უხამსი შინაარსისაა. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას დასაშვებად მიიჩნევს მაშინაც, თუ გამოხატვა ეწინააღმდეგება დამკვიდრებულ მორალურ ნორმებს. შესაძლოა სახელმწიფოს ასეთი შეზღუდვის დაწესების უფლება ჰქონდეს, მაგრამ საქართველოს კონსტიტუცია და ევროპული კონვენცია ასეთ შემთხვევებში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ვალდებულებას არ აწესებს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოსთვის მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში დაწესებული ნებისმიერი ასეთი შეზღუდვა საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის ტესტს უნდა აკმაყოფილებდეს.“
„საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლი გამოხატვის თავისუფლების სხვადასხვა ასპექტებს შეიცავს. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტით დაცულია აზრის და ინფორმაციის გავრცელების უფლება „ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით“, ის გამოხატვის თავისუფლების, აზრის გავრცელების შესაძლებლობის გარანტიებს შეიცავს. ამ მუხლით დაცულია ადამიანის შეხედულებები, მისი რწმენა, ინფორმაცია, ასევე ის საშუალებები, რომლებიც მათი გამოთქმისა და გავრცელებისთვის არის შერჩეული, მათ შორის არის პრესა, ტელევიზია, ინფორმაციის და აზრის გავრცელების სხვა საშუალებები.“
„საქართველოს კანონმდებლობით, საჯარო სივრცეში (შეკრებებისა და ნაგებობების ფასადებზე, ქუჩებსა და სხვა ტერიტორიაზე, რომელიც საჯარო სივრცეს განეკუთვნება) წარწერის, ნახატების თუ სიმბოლოების განთავსების შესაძლებლობა მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს თანხმობის შემთხვევაშია დაშვებული. კანონმდებლობის შესაბამისად, ამ ფორმით აზრის გამოხატვის შესაძლებლობა ყველასთვის თანაბრად არის ხელმისაწვდომი.“
„საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლი იცავს საყოველთაო უფლებას, პირმა თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით.
კონსტიტუციის 24-ე მუხლი უზრუნველყოფს არა ინფორმაციის პროაქტიულად მოპოვების უფლებას დაცული წყაროებიდან, არამედ იცავს ინდივიდებს ინფორმაციის თავისუფალი მიმოცვლის დროს ნეგატიური ჩარევისგან. გამოხატვის თავისუფლება ინფორმაციის პროაქტიულად მოთხოვნის უფლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოიცავდეს, თუ ინფორმაცია საჯარო მნიშვნელობის არის და არსებითია გამოხატვის თავისუფლებისათვის. ერთი პირის შესახებ პერსონალურ ინფორმაციას, როგორც წესი, ამგვარი ხასიათი არ გააჩნია.
საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების დაცული სფეროს იდენტიფიცირების პროცესში, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სადავო ნორმებით მოწესრიგებული სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსსა და სპეციფიკას. რიგ შემთხვევებში, შესაძლებელია, ესა თუ ის სამართლებრივი ურთიერთობა თავის თავში მოიცავდეს ინფორმაციის მიმოცვლას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ასეთი შემთხვევა უკავშირდება გამოხატვის თავისუფლებას და უნდა შეფასდეს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან მიმართებით. ხშირ შემთხვევაში რეგულაცია, თავისი შინაარსით, მიმართულია არა გამოხატვის თავისუფლების, არამედ არსებითად სხვა სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებისკენ.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმა აწესრიგებს ჯანდაცვის სფეროში არსებული სამედიცინო მომსახურების კონკრეტული სფეროს – ფსიქიატრიული სამედიცინო დახმარების გაწევის პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს. სადავო კანონი შეეხება ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა ფსიქიატრიული დახმარების გაწევის ფორმებსა და პირობებს. ამ შემთხვევაში, პაციენტსა და ფსიქიატრიული დახმარების დაწესებულებას შორის ინფორმაციის მიმოცვლა, იქნება ეს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, დასმული დიაგნოზი, გაწეული სამედიცინო მომსახურების ისტორია თუ სხვა, წარმოადგენს ფსიქიატრიული დახმარების გაწევის კომპონენტებს და არა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში სუბიექტებს შორის ინფორმაციის გავრცელებას.“
„დროებითი მმართველის დანიშვნა, როგორც უზრუნველყოფის ღონისძიება, გარკვეულ შეთხვევებში, გამართლებული შეიძლება იყოს. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ დროებითი მმართველი შესაძლოა დაინიშნოს მედიაში, მიეცეს შესაძლებლობა, განსაზღვროს საინფორმაციო და სარედაქციო პოლიტიკა, მედიის მესაკუთრის შეხედულებებისაგან განსხვავებით, მიანიშნებს იმაზე, რომ დროებითი მმართველის უფლებამოსილებების განსაზღვრა განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა განხორციელდეს, რათა შეცდომისა თუ თვითნებობის შედეგად საფრთხე არ დაემუქროს მედიის დამოუკიდებლობას, მისი გამოხატვის კონსტიტუციურ უფლებას.
კონსტიტუციური უფლებების პრაქტიკაში რეალიზების, მათი დაცვის შესაძლებლობას სწორედ სამართლაშემფარდებელი უზრუნველყოფს. კერძოსამართლებრივი დავების განხილვისას და სარჩელის/გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საკანონმდებლო ნორმების ინტერპრეტირებისას სამართალშემფარდებელმა უნდა გაითვალისწინოს ის შედეგი, რომელიც გადაწყვეტილებამ შეიძლება იქონიოს კონსტიტუციური უფლებების რეალიზებაზე და არ უნდა დაუშვას სამართალწარმოების ერთი მხარისთვის სარგებლის მინიჭება სხვა პირთა კონსტიტუციური უფლების, მათ შორის გამოხატვის თავისუფლების, გაუმართლებელი შეზღუდვის ხარჯზე.“