25 – ე მუხლის მე – 2 პუნქტი

„მიუხედავად თავისი მნიშვნელობისა, შეკრების თავისუფლება არ არის გარანტირებული შეზღუდვების გარეშე, კანონის სადავო მუხლები იძლევა მხოლოდ საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის, სხვა ადამიანების კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის შემთხვევაში თავისუფლების გარანტიას და ამავდროულად, ამ თავისუფლებას საკანონმდებლო შეზღუდვას უქვემდებარებს, ამით კონსტიტუციის 25–ე მუხლი ანგარიშს უწევს იმ გარემოებებს, რომ შეკრების თავისუფლების განხორციელებისათვის, გარე სამყაროსთან შეხების გამო, განსაკუთრებული, სახელდობრ, ორგანიზაციული და პროცესუალურ–სამართლებრივი რეგულირების საჭიროება არსებობს, რათა ერთი მხრივ, თავისუფლების განხორციელების რეალური წინაპირობები შეიქმნას, ხოლო მეორე მხრივ, სხვათა ინტერესები იქნეს დაცული, კანონმდებელს უფლება აქვს, შეზღუდოს შეკრების თავისუფლების განხორციელება მხოლოდ სხვა თანაბარი ფასეულობების მქონე სამართლებრივი სიკეთეების დასაცავად და პროპორციულობის პრინციპის მკაცრი გათვალისწინებით, შეკრების თავისუფლების სფეროში თავისუფლების შემზღუდავი ჩარევის აუცილებლობა შეიძლება იქიდან გამომდინარეობდეს, რომ დემონსტრანტი ამ უფლების განხორციელებისას მესამე პირთა ინტერესებს აყენებს ზიანს.

ამგვარი ჩარევის დროსაც კი სახელმწიფო ორგანოები ძირითადი უფლების და თავიანთი ღონისძიებების განხორციელებისას შეზღუდულები უნდა იყვნენ იმით, რაც თანაბარი ფასეულობის მქონე სამართლებრივი სიკეთეების დასაცავადაა აუცილებელი. გაფრთხილების ვალდებულების შემოღება განსაკუთრებული ზომების მიღებისათვის არის აუცილებელი. კერძოდ, გაფრთხილებასთან დაკავშირებულმა მონაცემებმა სახელმწიფო ორგანოებს საჭირო ინფორმაცია უნდა მიაწოდოს მხოლოდ იმისათვის, რომ მათ წარმოდგენა შეექმნათ ერთი მხრივ იმაზე, თუ რა განკარგულებები უნდა გაიცეს მოძრაობის მოწესრიგებისა და სხვა ღონისძიებებისათვის, რათა შეკრების მიმდინარეობა შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფილი იქნეს, მეორე მხრივ კი შეფასდეს, თუ რა არის საჭირო მესამე პირთა, ასევე საზოგადოების ინტერესების დასაცავად და როგორ უნდა შეუთავსდეს ეს ორი გარემოება ერთმანეთს.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გაფრთხილების მოვალეობა (გამონაკლისის გარდა) არ გამოიყენება და მისი დარღვევა უკვე სქემატურად არ იძლევა ღონისძიებების აკრძალვის ან დაშლის საფუძველს.

თავად ფორმულირება „გაფრთხილების არმიღება“ გაფრთხილების ინსტიტუტს ნებართვას უთანაბრებს. გაფრთხილება ზოგადად გულისხმობს ხელისუფლების ინფორმირებას შეკრების ჩატარების თაობაზე მხოლოდ იმ მიზნით, რომ ამ უკანასკნელმა  უზრუნველყოს ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა, ანუ ეს ცალმხრივი ქმედებაა, რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ მოიცავს ხელისუფლებისგან პასუხის მოლოდინის ვალდებულებას. თავისთავად, როდესაც კანონმდებელი ხელისუფლებას აძლევს გაფრთხილების არმიღების შესაძლებლობას, ვარაუდობს, რომ ხელისუფლება პრაქტიკულად უარს ეუბნება კონკრეტულ პირებს ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობაზე, ანუ ნებას არ აძლევს, ჩაატარონ შეკრება ან მანიფესტაცია.

ვინაიდან გაფრთხილების არმიღების ინსტიტუტი თავისთავად კონსტიტუციის საწინააღმდეგოა, ბუნებრივია არა აქვს მნიშვნელობა, რა საფუძვლით ხდება გაფრთხილების არმიღება, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში ხელისუფლებას ასეთი კონსტიტუციური უფლებამოსილება არ გააჩნია.“

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ზაალ ტყეშელაშვილი, ლელა გურაშვილი და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/180-183, 5 ნოემბერი, 2002

Back to Top

%d bloggers like this: