25 -ე მუხლის მე – 3 პუნქტი

„სასამართლოს მიაჩნია, რომ კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოს უფლება აქვს, შეკრება გარკვეული პირობების შესრულებას დაუკავშიროს, თუ შესამჩნევი გარემოების გამო, შეკრების ან მსვლელობის მიმდინარეობისას უშუალო საფრთხე ემუქრება საჯარო უსაფრთხოებას ან საჯარო წესრიგს. საჯარო უსაფრთხოება კი მოიცავს ისეთ სამართლებრივი სიკეთეების დაცვას, როგორებიცაა: სიცოცხლე, ჯანმრთელობა, თავისუფლება, ღირსება, საკუთრება და ქონება, ასევე მართლწესრიგისა და სახელმწიფო ორგანოთა ხელშეუხებლობა და როდესაც ამ დაცულ სიკეთეებს ხელყოფის საფრთხე ემუქრებათ, როგორც წესი, საფრთხე საჯარო უსაფრთხოებისათვის საშიშად მიიჩნევა. საჯარო წესრიგი კი წარმოადგენს დაუწერელი წესების ერთობლიობას, რომელთა შესრულება გაბატონებული სოციალური და ეთიკური შეხედულების თანახმად, განსაზღვრულ ტერიტორიაზე ადამიანთა მოწესრიგებული თანაცხოვრების აუცილებელ წინაპირობად აღიქმება.

საქართველოს კონსტიტუციის 25–ე მუხლის მე–3 პუნქტი ითვალისწინებს ხელისუფლების მიერ შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო. შეწყვეტა კი შესაძლებელი ხდება მხოლოდ ქმედების განხორციელების შემდგომ. ჯერ უნდა დადასტურდეს, რომ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო და ამის შემდეგ არის შესაძლებელი გამოყენებულ იქნეს შეწყვეტის საშუალებები.

სასამართლო ვერ დაეთანხმება მოსარჩელეებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება შეიძლება გაგებულ იქნეს, როგორც აბსოლუტური, ანუ შეუზღუდავი. ეს უფლება გარკვეულწილად თვით საქართველოს კონსტიტუციის 25–ე მუხლის ყველა პუნქტში თავისებურად იზღუდება, ისევე როგორც მოსარჩელის მიერ მოყვანილ კონსტიტუციის მე–19 მუხლში, რომლის მე–3 პუნქტით, „დაუშვებელია ამ მუხლში ჩამოთვლილ თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს“, ანუ აქვეა მითითებული შემთხვევა, რომლის დადგომისას ამ უფლებით აბსოლუტურად და განუსაზღვრელად სარგებლობა შეუძლებელია. ზემოაღნიშნულის საფუძველი იგივე საქართველოს კონსტიტუციის მე–7 მუხლია, სადაც ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვასა და ცნობასთან ერთად აღნიშნულია, რომ „ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით“, რომ არაფერი ვთქვათ კონსტიტუციის 44–ე მუხლის მე–2 პუნქტის მოთხოვნაზე, სადაც ნათქვამია: „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები და თავისუფლებები.“

ყოველივე ზემოაღნიშნული ნათელი მაგალითია იმისა, რომ ადამიანისათვის მინიჭებული და აღიარებული უფლება ვერ იქნება განუსაზღვრელი და არ შეიძლება იქნეს აბსოლუტური. ისეთ სამართლებრივ ურთიერთობებში, სადაც ხელისუფლების განხორციელებისას სახელმწიფო იზღუდება ადამიანის უფლებებითა და თავისუფლებებით, შესაბამისად, ეს უფლებები ვერც ხალხისათვის განხორციელდება აბსოლუტურად, შეუზღუდავად და უპირობოდ.

ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ ჩამოთვლილ უფლებებში ჩარევა არა მხოლოდ გარკვეული მიზნის მიღწევისთვის, არამედ დემოკრატიული საზოგადოებისთვისაც უნდა იყოს აუცილებელი. ამდენად, შეკრების აკრძალვა ან ძალისმიერი დაშლა არის უკიდურესი საშუალება მას შემდეგ რაც სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელის გამოყენებამ შედეგი ვერ გამოიღო.

ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ზემოჩამოთვლილი ქმედებების მართლწინააღმდეგობის შეფასება სასამართლომ უნდა მოახდინოს და არა ადგილობრივი მმართველობის ორგანოს წარმომადგენელმა ერთპიროვნულად. საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამგვარი მიდგომა არის დემოკრატიული საზოგადოების ღირებულების ხარისხობრივად უფრო მაღალ დონეზე დაცვა.“

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ზაალ ტყეშელაშვილი, ლელა გურაშვილი და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/180-183, 5 ნოემბერი, 2002

 

„შეკრებისა და მანიფესტაციების გამართვა მჯდომარე ბლოკადის სახით, აღნიშნულ ადგილებში ტრანსპორტისა და ხალხის მოძრაობის მიზანდასახული ხელის შეშლაა, რათა იძულებით იქნეს მიქცეული საზოგადოების ყურადღება პოლიტიკურ მიზნებზე, რაც მნიშვნელოვნად უშლის ხელს მესამე პირებს და ამიტომ მართლსაწინააღმდეგო ქმედებად უნდა ჩაითვალოს.“

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ზაალ ტყეშელაშვილი, ლელა გურაშვილი და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/180-183, 5 ნოემბერი, 2002

 

„სახელმწიფო, იღებს რა ვალდებულებას ერთნაირად უზრუნველყოს პირთა ჯგუფის თუ ცალკეულ პირთა უფლება, აზრის მათთვის სასურველი ფორმით თავისუფლად გამოხატვაზე, იმავდროულად ვალდებულია, უზრუნველყოს სხვა პირთა უფლებების დაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი, კონსტიტუციით და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით აღიარებული სხვა სიკეთეები.“

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ზაალ ტყეშელაშვილი, ლელა გურაშვილი და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/180-183, 5 ნოემბერი, 2002

 

„საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 25–ე მუხლი იცავს მხოლოდ მშვიდობიან შეკრებებსა და მანიფესტაციებს. ყველა კონკრეტულ შემთხვევაში სათანადო ორგანოების მხრიდან უნდა არსებობდეს საფრთხის პროგნოზი შესამჩნევი გარემოებებით, რაც უნდა ეყრდნობოდეს ფაქტებს, საქმის გარემოებებსა და სხვა დეტალებს. თუ გავითვალისწინებთ შეკრების თავისუფლების მნიშვნელობას, ეჭვი ან ვარაუდი არ უნდა იქნეს შეკრების ან მანიფესტაციის დაშლის საფუძველი. სახელმწიფო ორგანომ, განსაკუთრებით, პრევენციული აკრძალვის განხორციელებისას, არ უნდა გამოიყენოს საშიშროების პროგნოზის შეფასებისადმი ძალიან მსუბუქი კრიტერიუმები, მით უმეტეს, რომ მცდარი შეფასების შემთხვევაში, კვლავ რჩება მისი დაშლის მოგვიანებით განხორციელების შესაძლებლობა. კონსტიტუციამ განსაზღვრა გაფრთხილების ინსტიტუტი, რომელიც „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებათა საერთაშორისო პაქტის“ კომენტარების მიხედვით, თავისთავად ითვალისწინებს კანონით დადგენილ შემთხვევებში აკრძალვის დაშვებას. აკრძალვის საფუძვლები ესადაგება საერთაშორისო პაქტითა და ევროპული კონვენციით გათვალისწინებული შეზღუდვის საფუძვლებს. ზემოხსენებული დოკუმენტები ითვალისწინებენ იმ პირობებს, რომელთა საფუძველზეც ეს უფლება შეზღუდვას ექვემდებარება. თუ რა კრიტერიუმის გამოყენებაა აუცილებელი ცალკეულ შემთხვევებში, მათი განსაზღვრა კონსტიტუციის შესაბამისად რთულია და მას კონსტიტუცია ვერ გაითვალისწინებდა.

კონსტიტუცია ქვეყნის ძირითადი კანონია, ეს არის ძირეული პრინციპების ერთობლიობა და წარმოუდგენელია კონსტიტუციით ყველა საკითხის დეტალურად მოწესრიგება.

აზრის გამოხატვის თავისუფლებისგან განსხვავებით, შეკრების თავისუფლება მისი დაცვის შედარებით ვიწრო ფარგლებით არის შეზღუდული. შეკრება, რომელიც არამშვიდობიანია კონსტიტუციით არ იქნება დაცული და შეიძლება აკრძალვას, დაშლას ან სხვა სანქციებს დაექვემდებაროს.“

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ზაალ ტყეშელაშვილი, ლელა გურაშვილი და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/180-183, 5 ნოემბერი, 2002

 

„შეკრების (მანიფესტაციის) მშვიდობიანი ხასიათის უზრუნველყოფის მიზნით, კანონმდებელი უფლებამოსილია დააწესოს გარკვეული შეზღუდვები, თუმცა თითოეული ასეთი შეზღუდვა, ბუნებრივია, შეფასებადი იქნება კონსტიტუციით დაცული უფლების ჭრილში, ხოლო მისი არსებობა – გამართლებული, თუ ის მიზნის მიღწევის ადეკვატურ და თანაბარ საშუალებას წარმოადგენს. როდესაც შეკრების ორგანიზატორების განზრახვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისკენ არის მიმართული და ასეთი ქმედების განხორციელების ალბათობა მაღალია, კანონმდებელი უფლებამოსილია, დააწესოს შეზღუდვა. სადავო ნორმა, რომელიც შეკრების ორგანიზებისას დამხობისაკენ მოწოდებებს კრძალავს, სწორედ კონსტიტუციით გათვალისწინებული შეზღუდვების ამ კატეგორიას განეკუთვნება.“

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები -ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/482,483,487,502, 18 აპრილი, 2011

 

„როდესაც მანიფესტაციის განხორციელების შესაძლებლობა სხვათა უფლებებს შეულახავად და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გარეშე არის შესაძლებელი იმ ადგილას, სადაც მანიფესტაციის პროტესტის ან მხარდაჭერის ადრესატი იმყოფება, ხელისუფლება უფლებამოსილია, შეზღუდოს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება, თუ ის ქუჩის ბლოკირებაში, მის გადაკეტვაში გამოიხატება, რომელიც სხვათა უფლებების და თავისუფლებების დარღვევას იწვევს ან საზოგადოებრივ წესრიგს და უსაფრთხოებას უპირისპირდება.“

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები -ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/482,483,487,502, 18 აპრილი, 2011

 

„დაუშვებელია, რომ კონსტიტუციური უფლება თავად კონსტიტუციით დაცული დემოკრატიული წესწყობილების ხელყოფისაკენ იყოს მიმართული და კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების საფუძველს ქმნიდეს. გამოხატვის თავისუფლების ზღვარი გაივლის იქ, სადაც გამოხატვა კონსტიტუციით დაცულ სიკეთეს, კონსტიტუციით გაცხადებულ პრინციპებსა და ღირებულებებს შეუქმნის საფრთხეს. კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა კონსტიტუციით დაცული სიკეთის უზრუნველსაყოფად შეიძლება განხორციელდეს.“

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები -ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/482,483,487,502, 18 აპრილი, 2011

 

„საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას გარკვეული აზრის (პროტესტის, სოლიდარობის, მოთხოვნის და ა.შ) გამოსახატავად ადამიანთა მშვიდობიანი და უიარაღო შეკრების (მანიფესტაციის) შესაძლებლობას უკავშირებს. ამავე დროს, კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა, როგორც ძალადობრივი და დანაშაულებრივი ქმედება, ისევე, როგორც ასეთი ქმედების განზრახვა, უპირისპირდება შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების „მშვიდობიან“  ხასიათს. შეკრების მომზადების ეტაპზე ინიციატორების ან ორგანიზატორების მიერ ასეთი მოწოდებების გაკეთება გარდაუვალად მიუთითებს ძალადობრივ განზრახვაზე და, შესაბამისად, შეკრების არამშვიდობიან ხასიათზე. ამიტომ შეკრება, რომლის მიზანი და სავარაუდო (სასურველი) შედეგი იქნება კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა, თავისთავად გადის კონსტიტუციით დაცული სფეროდან.“

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები -ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/482,483,487,502, 18 აპრილი, 2011

 

„შეკრების (მანიფესტაციის) შეწყვეტის უფლებამოსილება წარმოიშობა: 1. როდესაც დარღვეულია „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 111 მუხლი მთლიანობაში; 2. ასევე მაშინაც, როდესაც დარღვეულია ამ მუხლით (მუხლის ერთ-ერთი პუნქტით) დადგენილი მოთხოვნა.

ხელისუფლების დისკრეცია შემოიფარგლება სხვათა უფლებების დაცვის, საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების აღდგენის აუცილებლობით. ხელისუფლება უფლებამოსილია, ჩაერიოს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების რეალიზაციაში, როდესაც უფლებებს შორის არსებული კონფლიქტის გადაჭრის სხვა, ნაკლებად მკაცრი საშუალება არ არსებობს ან, როდესაც ის უშედეგო აღმოჩნდება, ან აშკარაა, რომ ის არ იქნება ეფექტური.“

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები -ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/482,483,487,502, 18 აპრილი, 2011

„მოქალაქეებს კონსტიტუციით აქვთ გარანტირებული უფლება, შეიკრიბონ და გამოხატონ საკუთარი ნება, დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ, რაც, თავის მხრივ, შეიძლება გავლენას ახდენდეს მიმდინარე პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ პროცესებზე, იწვევდეს მთავრობის ან მისი წევრის გადადგომას, პოლიტიკური წესწყობილების ან მმართველობის ფორმის შეცვლას. არსებითად არასწორია დემოკრატიული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ასეთი პროცესის „ხელისუფლების დამხობასთან“ გაიგივება, მასთან გათანაბრება.

სახელმწიფო უფლებამოსილია, დანაშაულის, სხვათა უფლებების დარღვევის პრევენციის მიზნით, ჩაერიოს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების რეალიზაციაში, როდესაც შეკრება კანონის მოთხოვნების დარღვევით მიმდინარეობს. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანის ქმედება იწვევს უსაფრთხოების და სხვათა უფლებების დარღვევის რეალურ საფრთხეს, სახელმწიფოს მხრიდან რეაგირების ვალდებულება ჩნდება.

კონსტიტუციით დაცულია კრიტიკული აზრი, მათ შორის ისეთიც, რომელსაც საზოგადოების ნაწილი შეიძლება ზედმეტად მკაცრად ან არაადეკვატურად აღიქვამდეს. ხელისუფლების, მისი კონკრეტული წევრის ან მმართველობის ფორმის შეცვლის მოთხოვნა ვერ გახდება გამოხატვის თავისუფლების, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვის საფუძველი.“

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები -ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/482,483,487,502, 18 აპრილი, 2011

Back to Top

%d bloggers like this: