25 – ე მუხლის პირველი პუნქტი

„კონსტიტუციის თანახმად გამოხატვის თავისუფლების ეს ფორმა-შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება, აღიარებულია ყველა პირისთვის, გარდა სამხედრო ძალების და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში მყოფი პირებისა. აღნიშნული აკრძალვა უკავშირდება პირის სტატუსს, მის სამსახურებრივ საქმიანობას, ზემო დასახელებული სტრუქტურებისადმი მის კუთვნილებას. შესაბამისად, ამ უფლების მატარებელი ნებისმიერი პირი, მისი პროფესიული საქმიანობის არჩევის და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში ჩარიცხვის შემთხვევაში, ნებაყოფლობით ამბობს უარს კონსტიტუციური უფლებით სარგებლობაზე, ვინაიდან კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების (მანიფესტაციის) უფლება არ ვრცელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაზე. ასეთი არჩევანის წინაშე პირს თავად კონსტიტუცია აყენებს.“

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები -ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/482,483,487,502, 18 აპრილი, 2011

 

„საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში, უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ“. კონსტიტუციის აღნიშნული დებულება განამტკიცებს ადამიანთა უფლებას მშვიდობიან, საჯარო შეკრებაზე… გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების არსებობისთვის აუცილებელი და  განუყოფელი ელემენტია. მისი დაცვა  ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს. შესაბამისად, გამოხატვის თავისუფლების უფლების დაცვა საზოგადოების თითოეული წევრის ინდივიდუალური ინტერესებისა და მისწრაფებების პატივისცემას ემსახურება და, ამდენად, სახელმწიფოს ანგარიშვალდებულებისა   და  დემოკრატიულობის ხარსიხს განსაზღვრავს.  

გამოხატვის თავისუფლების დაცვის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე დემოკრატიულ საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი არსებობს. შესაბამისად, მისი რომელიმე ასპექტის შეზღუდვა უნდა იყოს მნიშვნელოვანი კონსტიტუციური სიკეთის დაცვისთვის აუცილებელი, დასაბუთებული და მკაცრად პროპორციული ქმედება.“

პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/3/538, 24 ივნისი, 2014

 

„შეკრების კონსტიტუციური უფლების შინაარსიდან გამომდინარე, იგი არა მხოლოდ ავალდებულებს სახელმწიფოს, ხელი არ შეუშალოს მშვიდობიანი შეკრების პროცესს, არამედ კონსტიტუცია ქმნის თავად ამ პროცესის მშვიდობიანად წარმართვის დაცვის ვალდებულებას. შეკრების მონაწილეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სახელმწიფო ვალდებულია, მიიღოს საჭირო ზომები, მათ შორის, შესაბამისი კანონმდებლობის შექმნისა და მისი ეფექტური იმპლემენტაციის გზით.“

პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/3/538, 24 ივნისი, 2014

Back to Top