26 – ე მუხლის პირველი პუნქტი

„გასათვალისწინებელია ის, რომ მოქალაქის კონსტიტუციური უფლება ირღვევა არამარტო მაშინ, როდესაც მას უსაფუძვლოდ უარს ეუბნებიან ამა თუ იმ საზოგადოების წევრობაზე, არამედ მაშინაც, როცა უკანონოდ უწყვეტენ ამ საზოგადოების წევრობის უფლებას.“

ლევან შარაშენიძე, დავით წიკლაური და სხვები საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ, №1/3/113, 25 დეკემბერი, 2001

 

საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი არ მოიცავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, ვინაიდან იგი წარმოადგენს საჯარო – სამართლებრივ გაერთიანებას და შესაბამისად ემყარება სავალდებულო წევრობის პრინციპს. კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტში კი მოიაზრება მხოლოდ კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომელთა უმთავრესი დამახასიათებელი ნიშანია გაერთიანების ნებაყოფლობითობა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ კონსტიტუციის ფარგლებში სახელმწიფოს შეუძლია კანონით შექმნას ადვოკატთა გაერთიანება საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით – სავალდებულო წევრობის დაწესებით და, რაც მეტად მნიშვნელოვანია, მის საქმიანობაზე მკაცრი სახელმწიფო კონტროლის გაუვრცელებლობის პირობით.“

საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ვაჭარაძე, არტურ კაზაროვი,  ლევან ჩხეიძე,  გიორგი ბერიშვილი, შორენა ოსკოპელი და ნინო არჩვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/5/323, 30 ნოემბერი, 2005

 

„იძულებით წევრობა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში კონსტიტუციურ- სამართლებრივად გამართლებულია იმით, რომ ეს გაერთიანება სახელმწიფომ ლეგიტიმური საჯარო ამოცანების შესასრულებლად დააარსა. მასში შერწყმულია კერძო და საჯარო ინტერესები, რომელთაც ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ვერ განახორციელებს ვერც სახელმწიფო და ვერც ცალკეული პიროვნება თავისი ინდივიდუალური ინიციატივით.“

საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ვაჭარაძე, არტურ კაზაროვი,  ლევან ჩხეიძე,  გიორგი ბერიშვილი, შორენა ოსკოპელი და ნინო არჩვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/5/323, 30 ნოემბერი, 2005

 

„კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტი იცავს ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლების ერთ-ერთ გამოვლინებას, მისი ჯგუფური განხორციელების ფორმას. გაერთიანების თავისუფლების საშუალებით, პირი თავისი მიზნებისა და მისწრაფებების ხორცშესხმას ახდენს სხვებთან ერთად, მათთან კომუნიკაციისა და აზრთა გაცვლა-გამოცვლის გარემოში.

თავისი არსით, გაერთიანების თავისუფლება მრავალწახნაგოვანი ძირითადი უფლებაა. მას ასევე აქვს დაცვითი ფუნქცია, რომლის შინაარსი მოიცავს სახელმწიფოს ვალდებულებას, არ ჩაერიოს გაერთიანების თავისუფლებაში (STATUS NEGATIVUS). მეცნიერებასა და პრაქტიკაში გავრცელებული აზრით, რასაც კოლეგია იზიარებს გაერთიანების თავისუფლებაში მოიაზრება, ასევე, ე.წ. „ჯგუფური ძირითადი უფლება“, რაც იმას ნიშნავს, რომ გაერთიანების თავისუფლების რეალიზაციით შექმნილი კოლექტივიც სარგებლობს კონსტიტუციურ-სამართლებრივი დაცვით.“

საქართველოს მოქალაქე ომარ ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/439, 15 სექტემბერი, 2009

 

„კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი პირდაპირ არ ახსენებს უფლებას, არ დაექვემდებარო იძულებას გაერთიანებისას. თუმცა, გაერთიანების ნეგატიური თავისუფლება გამომდინარეობს თავად თავისუფლების არსიდან. თავისუფლება ნიშნავს აკეთო ის, რაც გსურს და არ აკეთო ის რაც არ გსურს. ე.ი. თავისუფლებას ყოველთვის აქვს როგორც პოზიტიური ისე ნეგატიური კომპონენტი. ეს არის ერთი და იგივე მონეტის ორი აუცილებელი მხარე, თავისთავად ის ფაქტი, რომ პირს ენიჭება უფლება შევიდეს საზოგადოებრივ გაერთიანებაში, ნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუცია თავად მას მიიჩნევს გაერთიანების წევრობის თაობაზე გადაწყვეტილების მიმღებ სუბიექტად. შესაბამისად, გქონდეს გაერთიანების უფლება, იმავდროულად, გულისხმობს თანმდევ უფლებას, თავი აარიდო რომელიმე გაერთიანებაში შესვლას ან თავისუფლად მიიღო გადაწყვეტილება გაერთიანების დატოვების თაობაზე.

გაერთიანების ნეგატიური თავისუფლება იცავს იმგვარი რეგულირების შემოღებისაგან, რაც კერძოსამართლებრივ გაერთიანებებში იძულებით წევრობას დაადგენდა. საზოგადოებრივი ჯგუფების შექმნა არასაჯარო ამოცანების განსახორციელებლად თავისუფალი უნდა იყოს ნებისმიერი კონსტიტუციურსამართლებრივად გაუმართლებელი სახელმწიფო ჩარევისა და მანიპულაციისაგან.“

საქართველოს მოქალაქე ომარ ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/439, 15 სექტემბერი, 2009

 

„გაერთიანებისათვის დამახასიათებელი უმთავრესი ნიშანი, კოლეგიის აზრით, არის ის, რომ გაერთიანება მისი შექმნა და  საქმიანობა ეფუძნება პირთა თავისუფალ ნებას, თავისუფალია ნებისმიერი იძულებისაგან  თავისუფალი ნების მომენტს აქვს არა მხოლოდ ფორმალური, არამედ უპირატესად, შინაარსობრივი დატვირთვა. გაერთიანების შექმნაში წამყვანია სუბიექტური ფაქტორი, რომელიც თავს უყრის გაერთიანების წევრებს და გადამწყვეტია მათი გაერთიანებაში შესვლის, ყოფნის, საქმიანობისა და გაერთიანების დატოვებისათვის. გაერთიანება არ არის პირთა უბრალო ერთობა – ეს არის პირთა სუბიექტური მისწრაფებებით განპირობებული ერთობა საერთო იდეებისა და მიზნების გარშემო. როგორც უკვე აღინიშნა, დაცულია თავისუფალი საზოგადოებრივი ჯგუფების შექმნისა და საქმიანობის სფერო და არა ზოგადად, ნებისმიერი პირთა ჯგუფი, რომელიც აკმაყოფილებს გაერთიანების რამოდენიმე ფორმალურ ნიშანს, მაგრამ გაერთიანებული სხვა საფუძვლით, ვიდრე ეს მისი წევრების სუბიექტური მისწრაფებები და თავისუფალი ნებაა.

წევრობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობაში ეფუძნება არა პირის სუბიექტურ გადაწყვეტილებას, არამედ იმ ობიექტურ გარემოებას, რომ მას აქვს საკუთრება ბინაზე მრავალბინიან სახლში. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრობა, ამ შემთხვევაში, პირის თვითრეალიზაციის, თავისუფალი განვითარების უფლების ჯგუფური განხორციელების ფორმა კი არ არის, არამედ თავად საკუთრების ობიექტის ბუნებიდან გამომდინარე და ელემენტარული საყოფაცხოვრებო და საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ობიექტური გარემოებით განპირობებული რეალობა. ბინათმესაკუთრეთა გაერთიანება ხდება უძრავი ნივთებისადმი სამართლებრივი დამოკიდებულების ობიექტური ფაქტორის გამო. გაერთიანების წევრობა წყდება ავტომატურად, ბინაზე საკუთრების უფლების დაკარგვისთანავე, ანუ ამ ობიექტური ფაქტორის გაქრობისთანავე.“

საქართველოს მოქალაქე ომარ ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/439, 15 სექტემბერი, 2009

Back to Top