29 – ე მუხლის მე – 2 პუნქტი

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მიხედვით: „1. ყოველი სახელმწიფოს მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. 2. სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით“. მაშასადამე თვით საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული მუხლი სახელმწიფო თანამდებობის დაკავებას კანონით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილებას უკავშირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით, დაშვებულია კანონით დამატებითი მოთხოვნების გათვალისწინება.“

საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტიის თავმჯდომარე თემურ ჟორჟოლიანი და იგორ გიორგაძის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/3/250-269, 9 ივლისი, 2004

 

„საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი იცავს მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს – არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან.

ამ მიზნებისთვის, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის ფარგლებში, კანონი, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო სამსახურის პირობებს, უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციურ სტანდარტებს. საკანონმდებლო ხელისუფლების კონსტიტუციურ-სამართლებრივი შეზღუდვა გულისხმობს, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციის მოთხოვნებს, როგორც ფორმალურ-სამართლებრივი კუთხით, ისე მატერიალურ-სამართლებრივი შინაარსით.“

საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/574, 23 მაისი, 2014

 

„სადავო ნორმა თანამდებობის დაკავების შეზღუდვას უკავშირებს არა გამოძიების ხელშეშლის კონკრეტული საფრთხის არსებობას, არამედ ბლანკეტურად ადგენს შეზღუდვას გამოძიების ქვეშ მყოფი ყველა პირის მიმართ. პირის სამსახურებრივ საქმიანობას შესაძლოა საერთოდ არ ჰქონდეს კავშირი დანაშაულის გამოძიებისა და მართლმსაჯულების განხორციელების პროცესთან, მისი ფუნქციონალური დატვირთვა არ იძლეოდეს საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების/დოკუმენტებისადმი ხელმისაწვდომობის შესაძლებლობას ან სამსახურებრივი იერარქიიდან, ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლებიდან და თანამშრომლებთან ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, გამორიცხავდეს მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხის რეალურობას. სადავო ნორმით დადგენილია უფრო ფართო შეზღუდვა, ვიდრე ეს საჭიროა ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, კრძალავს თანამდებობის დაკავებას მაშინაც, როდესაც სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესი ამას არ მოითხოვს. შესაბამისად, სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების ხელშეშლის აღკვეთის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის არაპროპორციულ საშუალებას წარმოადგენს.“

     საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/1/572, 31 ივლისი, 2015

 

„საკონსტიტუციო სასამართლო აღიარებს საჯარო სამსახურში კადრების სტაბილურობის მნიშვნელობას, თუმცა ამავე დროს განმარტავს, რომ კადრების სტაბილურობა არ არის თვითმიზანი და იგი თავისთავად არ მოიაზრებს საჯარო სამსახურის ეფექტიანობის და კომპეტენტურობის ზრდას. კადრების სტაბილურობა ხელს უწყობს საჯარო სამსახურში პროფესიონალიზმისა და კომპეტენციის ამაღლებას, მაგრამ სტაბილურობა თავისთავად არ გულისხმობს ეფექტიანობას ან გაწეული მომსახურების ხარისხს. შესრულებული სამუშაოს ხარისხი, პირველ რიგში, უკავშირდება მოხელის განათლებას, მის პიროვნულ მახასიათებლებს, ნაკისრი მოვალეობისადმი კეთილსინდისიერ და პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას, კარიერული ზრდის მოტივაციას და ა.შ.“

     საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/1/572, 31 ივლისი, 2015

 

„როგორც წესი, სამუშაო გამოცდილება ხელს უწყობს მოხელის პროფესიონალიზმის ზრდას და შესრულებული სამუშაოს ეფექტიანობას, ცალკეულ შემთხვევაში საჯარო სამსახურში დასაქმებული ნაკლები სამუშაო გამოცდილების მქონე თანამშრომლის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი, მისი განათლების და სხვა პროფესიული უნარებიდან გამომდინარე, შესაძლებელია აღემატებოდეს ხანგრძლივი სამუშაო  გამოცდილების, მაგრამ ნაკლები განათლებისა და უნარების მქონე თანამშრომლის მიერ შესრულებულ სამუშაოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო a priori კონსტიტუციურად ვერ მიიჩნევს ნორმას, რომელიც საჯარო სამსახურში კადრების სტაბილურობის ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება. უნდა შეფასდეს, რამდენად სამართლიანია სადავო ნორმის საფუძველზე დადგენილი სახელმწიფო თანამდებობის დაკავების პირობა და რამდენად უზრუნველყოფს ყველაზე შესაფერისი პირის მიერ თანამდებობის დაკავებას, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს საჯარო სამსახურის ეფექტიანი ფუნქციონირების წინა პირობას.“

     საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/1/572, 31 ივლისი, 2015

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კონკურსის შედეგად თანამდებობაზე ინიშნება პირი, რომელიც სხვა კანდიდატებზე მეტად აკმაყოფილებს ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად არსებულ საკვალიფიკაციო  მოთხოვნებს.  მსგავსი პრეზუმფცია მოქმედებს პირის თანამდებობაზე კონკურსის გარეშე დანიშვნის შემთხვევაშიც.  ის, რომ ვაკანტურ თანამდებობა უნდა დაინიშნოს ის პირი, რომელსაც სხვა მსურველებთან შედარებით, გააჩნია მეტი პროფესიული გამოცდილება/კვალიფიკაცია ან/და შესაბამისი თანამდებობისათვის მნიშვნელოვანი სპეციფიკური უნარები წარმოადგენს კანონის მოთხოვნას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმა ფაქტობრივად კრძალავს იმ პირის თანამდებობაზე დანიშვნას, რომელიც სხვა კანდიდატებზე უფრო მეტად კვალიფიციურია, ყველაზე უკეთ აკმაყოფილებს საკონკურსო პირობებს, სხვა კანდიდატებზე მეტად გაჩნია საჭირო უნარ-ჩვევები და მნიშვნელოვანი სამუშაო გამოცდილება, თუმცა გამოძიების ქვეშაა.“

     საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/1/572, 31 ივლისი, 2015

 

„საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, რომ ზოგიერთი სახელმწიფო თანამდებობა, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, მოითხოვდეს თანამშრომლის გრძელვადიანად დანიშვნის აუცილებლობას. ასეთ პირობებში თანამშრომლის შესაძლებლობა, ხანგრძლივი ვადით გარანტირებულად შეეძლოს საჯარო მოსამსახურის ფუნქციების შესრულება, შეიძლება წარმოადგენდეს კონკრეტული ვაკანტური თანამდებობით გათვალისწინებული სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელების აუცილებელ წინა პირობას/მოთხოვნას. ამ პირობებში გამოძიების ქვეშ მყოფი პირის სამსახურში არმიღება შესაძლოა გამართლებულიც იყოს. თუმცა აღნიშნული უნდა გამომდინარეობდეს თავად კონკრეტული სახელმწიფო თანამდებობის თავისებურებიდან/სპეციფიკიდან და  უკავშირდებოდეს ობიექტურ საჭიროებას.“

     საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/1/572, 31 ივლისი, 2015

 

„სადავო ნორმა არ ტოვებს თავისუფალი მოქმედების ფარგლებს. დაპირისპირებულ ინტერესებს შორის იგი უპირობო უპირატესობას ანიჭებს საჯარო სამსახურის სტაბილურობას. კერძოდ, სადავო ნორმა ზოგად შეზღუდვას ადგენს და კრძალავს გამოძიების ქვეშ მყოფი ნებისმიერი  პირის ნებისმიერ საჯარო სამსახურში მიღებას. პირებისთვის სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლება იზღუდება გამოძიების მთელი ხანგრძლივობით, რაც შესაძლებელია აღემატებოდეს რამდენიმე თვეს/წელს. გამოძიების ქვეშ მყოფი პირის დანიშვნა იკრძალება იმ შემთხვევაშიც, როდესაც საკონკურსო კომისიის ან/და თანამდებობაზე დანიშვნაზე უფლებამოსილი პირის აზრით, შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკის, კანდიდატის პროფესიული უნარების, შესაბამის სფეროში კვალიფიციური კადრების ნაკლებობის ან სხვა მიზეზების გამო, გამოძიების ქვეშ ყოფნა არ წარმოადგენს თანამდებობის დაკავების შემაფერხებელ გარემოებას.“

  საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/1/572, 31 ივლისი, 2015

 

„თანამდებობაზე დასანიშნი პირების შერჩევასა და დანიშვნაზე უფლებამოსილ პირს შეუძლია, განსაზღვროს საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში რელევანტური გარემოებების გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება, ვაკანტურ თანამდებობაზე განსახორციელებელი ფუნქციების მიზნებისთვის რომელი ინტერესია უფრო ღირებული. საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრის კანონიერების საკითხი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გადამოწმებადია საერთო სასამართლოების მიერ. აღნიშნული სისტემა უზრუნველყოფს, რომ თანამდებობის დაკავების უფლება შეიზღუდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც თანამდებობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ამის საჭიროება რეალურად და ობიექტურად არსებობს და არა ბლანკეტურად, ინდივიდუალური გარემოებების შეფასების გარეშე.“

  საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/1/572, 31 ივლისი, 2015

 

„ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანო შექმნილია კონკრეტული საჯარო ამოცანების შესასრულებლად და მის უმთავრეს ფუნქციას არ წარმოადგენს ამ ადმინისტრაციულ ორგანოში დასაქმებული პირის მიმართ დისციპლინური წარმოების ჩატარება, საბოლოოდ კი მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხზე გადაწყვეტილების მიღება. იმ პირობებში, როდესაც ზეპირი მოსმენის ჩატარება გარკვეული დროით თუ ადამიანურ რესურსს მოითხოვს, მისი ჩატარებით, შესაძლოა მნიშვნელოვანი საფრთხე შეექმნას თავად ადმინისტრაციულ ორგანოზე დაკისრებული ფუნქციების გამართულად და შეუფერხებლად შესრულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებლის მიერ შემოთავაზებული მოდელი, რომლის მიხედვითაც, დისციპლინური გადაცდომის საფუძვლით მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის განსახილველად ადმინისტრაციული წარმოება ზეპირი მოსმენის ჩატარებას არა ყველა შემთხვევაში, არამედ თავად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსაზღვრული მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ითვალისწინებს, უნდა ჩაითვალოს დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებად.“

საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/5/595, 4 აგვისტო, 2016

 

“საჯარო მოხელე დაცულია არა მხოლოდ მისი თანამდებობიდან უკანონოდ გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებიდან მომდინარე უარყოფითი სამართლებრივი შედეგებისაგან, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მტკიცებულებათა არასრულყოფილად გამოკვლევის საფრთხისგანაც. ასეთი ვითარების არსებობისას, ადმინისტრაციული ორგანო, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ხდება ვალდებული, თავიდან ჩაატაროს მარტივი ადმინისტრაციული წარმოება და დამატებით გამოიკვლიოს სადავო საკითხი.   კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი ვალდებულება არ შემოიფარგლება მხოლოდ საჯარო სამსახურის გავლის პირობების ფორმალურად კანონის ფორმით დადგენით.“

საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/5/595, 4 აგვისტო, 2016

 

„მოხელის კადრების განკარგულებაში გადაყვანა უნდა ემსახურებოდეს მოხელისთვის სხვა თანამდებობის შერჩევის მიზანს ისე, რომ ახალი თანამდებობის შერჩევისას გათვალისწინებული იქნეს როგორც დამსაქმებლის საჯარო სამსახურის ეფექტურობის საერთო ინტერესები, ასევე თავად მოსამსახურის კვალიფიკაცია, განათლება და შრომითი უნარები.“

საქართველოს მოქალაქეები – გიგა ბარათაშვილი და კარინე შახპარონიანი საქართველოს თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ,  №1/4/614,616, 30 სექტემბერი, 2016

 

„საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით  სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით. აღნიშნული დანაწესი მოიცავს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების სხვადასხვა უფლებრივ კომპონენტს, მათ შორის, სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისგან დაცვის გარანტიას.“

საქართველოს მოქალაქეები – მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/2/717, 7 აპრილი, 2017

 

„რიგ შემთხვევებში თავად საქართველოს კონსტიტუციის პირდაპირ მოთხოვნას წარმოადგენს კონკრეტული თანამდებობის პირების გარკვეული თანამდებობაზე ვადით არჩევა/დანიშვნა. სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა, ისევე როგორც ხალხის მიერ სახელმწიფოს მართვის პროცესში მონაწილეობის უზრუნველყოფა. სხვა შემთხვევაში გარკვეული კატეგორიის თანამდებობების შესაბამისი პერიოდულობით ცვალებადობა შესაძლოა არ იყოს დემოკრატიის არსებობისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი, თუმცა თავად ამ თანამდებობათა ბუნება განაპირობებდეს შეზღუდული ვადით განხორციელების საჭიროებას. შესაძლოა კონკრეტული თანამდებობა არ წარმოადგენდეს პოლიტიკური ხასიათისას, მაგრამ აღნიშნულის მიუხედავად, მასზე დაკისრებული ფუნქციებისა თუ მიზნების გათვალისწინებით, მჭიდროდ იყოს დაკავშირებული კონკრეტული, სხვა თანამდებობის პირის მიერ განხორციელებულ საქმიანობასთან. ამგვარად,  საჯარო თანამდებობის პირების მიმართ შესაძლებელია განსხვავებული იყოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებული უფლებამოსილების განხორციელების ვადასთან დაკავშირებული სტანდარტები.“

საქართველოს მოქალაქე ოლეგ ლაცაბიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/5/626, 17 ოქტომბერი, 2017

 

„გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის არსის, მისი ფუნქციების და მიზნების ანალიზის საფუძველზე აშკარაა, რომ, მართალია, ეს უკანასკნელი წარმოადგენს გამგებლის/მერის წინაშე პასუხისმგებელ პირს, თუმცა არის სრულიად დამოუკიდებელი ფუნქციების მქონე თანამდებობის პირი, რომლის მიერ უფლებამოსილების კვალიფიციურად განხორციელება არ არის დამოკიდებული გამგებლის/მერის პიროვნებაზე. გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებს გააჩნიათ დამოუკიდებელი ამოცანები, მოქმედების არეალი, სფერო. მათი ფუნქციები, აგრეთვე თავად თანამდებობის არსი, მიზანი, არის არა ზემდგომი თანამდებობის პირის საქმიანობის ადმინისტრაციული ორგანიზება, მისი ფუნქციების განხორციელებაში ფორმალური ხელშეწყობა, არამედ გააჩნია თვითმყოფადი ბუნება.

ამ თანამდებობის არსი გულისხმობს არა კონკრეტული პოლიტიკური გუნდისა თუ გამგებლის/მერის პოლიტიკური შეხედულებებისადმი ერთგულებას, არამედ მისი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის კანონმდებლობის შესაბამისად გაძღოლას. პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო სამსახურის განხორციელების მოთხოვნა ერთ-ერთ ძირეულ პრინციპს წარმოადგენს საჯარო მოსამსახურეებისათვის, რომელიც განმტკიცებულია აგრეთვე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით. ამგვარი თვითმყოფადი საჯარო თანამდებობისთვის კანონმდებლობით უფლებამოსილების განხორციელების ვადის დაწესება წარმოადგენს სახელმწიფო თანამდებობის განხორციელების უფლების შეზღუდვას.

ვინაიდან გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ავტომატურად შეწყვეტა, ახალი გამგებლის/მერის უფლებამოსილების დაწყების მომენტიდან, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ სფეროში ჩარევას, სასამართლომ უნდა დაადგინოს ის ლეგიტიმური საჯარო მიზნები, რომლის მიღწევასაც ემსახურება სადავო ნორმა.

სადავო ნორმა, რომელიც შესაბამისი თანამდებობის პირის კვალიფიკაციის, გამოცდილებისა თუ სხვა უნარების შემოწმების/შეფასების გარეშე ადგენს უფლებამოსილების ავტომატურად შეწყვეტას ახალი გამგებლის/მერის მიერ უფლებამოსილების დაწყების მომენტიდან, წარმოადგენს გამოუსადეგარ საშუალებას ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტური ფუნქციონირების მიზნისათვის და წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საწინააღმდეგო რეგულაციას.“

საქართველოს მოქალაქე ოლეგ ლაცაბიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/5/626, 17 ოქტომბერი, 2017

 

„დემოკრატიის არსებობა უპირველესად ხალხის მმართველობას, ხალხის მიერ საჯარო ფუნქციების უშუალოდ ან არჩეული წარმომადგენლების საშუალებით განხორციელებას გულისხმობს. მისი მთავარი მახასიათებელი სწორედ იმაში ვლინდება, რომ პასიური თუ აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციის გზით მოხდეს ხალხის ნების გამოხატვა და შემდგომში ხალხის ნების, მათ მიერ წარმომადგენლებისთვის გადაცემული მანდატის პრაქტიკული განხორციელება.

დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა უპირობოდ მოითხოვს დემოკრატიული არჩევნების გზით კონსტიტუციით გათვალისწინებული ზოგიერთი თანამდებობის პირების არჩევნების საშუალებით არჩევას. ამგვარი მოთხოვნის დაცვით მიიღწევა მიზანი, არ მოხდეს კონკრეტული თანამდებობის და ხელისუფლების უზურპაცია, მისი სამუდამოდ დაკავება, არამედ ამ თანამდებობაზე განწესებული პირები იცვლებოდნენ საზოგადოების ნების, მათი განწყობების შესაბამისად. დემოკრატიის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია პერიოდული წარმომადგენლობითობა. ბუნებრივია, თავად უმაღლესი ხელისუფლების განმახორციელებელი პირების ცვლილება არ წარმოადგენს თვითმიზნურ მოთხოვნას და შესაძლებელია, თუკი ამომრჩეველი განმეორებით ანდობს მანდატს, უფლებამოსილების რამდენიმე ვადის განმავლობაში არჩევითი თანამდებობა დაიკავოს ერთი და იგივე პიროვნებამ, თუმცა ეს არ გულისხმობს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპთან წინააღმდეგობას. დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპის მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნება მაშინ, როდესაც არჩევნების შედეგები ასახავს ხალხის მიერ გამოვლენილ ნამდვილ ნებას.

იმავდროულად, დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა არ გულისხმობს ყოველი არჩევნების შემდგომ ყველა საჯარო მოსამსახურის ჩანაცვლებას ახალი კადრებითა და ახლად არჩეული თანამდებობის პირების პოლიტიკური გუნდის წევრებით. შეუძლებელია დემოკრატიულ სახელმწიფოში პროფესიული კადრების ცვლილება პოლიტიკური გუნდის ცვლილებასა თუ, ზოგადად, პოლიტიკურ პროცესებზე იყოს დამოკიდებული. აღნიშნული არათუ დემოკრატიის მოთხოვნას არ წარმოადგენს, არამედ პრინციპულად ეწინააღმდეგება მას.

ყოველი არჩევნების შემდგომ გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების ახალი კადრებით ჩანაცვლების რეალური შესაძლებლობა, არ წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოს და, ზოგადად, კონსტიტუციის მოთხოვნას, ისევე, როგორც ის არ არის სახელმწიფოს ამოცანა, რომლის გამოც შესაძლებელია, შეიზღუდოს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ძირითადი უფლება.

პროფესიული კადრების თვითნებური ჩანაცვლებადობა საერთოდ ვერ გამოდგება ლეგიტიმურ მიზნად, რომლის მისაღწევადაც შესაძლებელია საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით დაცული უფლების შეზღუდვა გამართლდეს. შესაბამისად, სადავო ნორმებით დადგენილია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში თანამდებობის დაკავების თვითმიზნური შეზღუდვა, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტს.“

საქართველოს მოქალაქე ოლეგ ლაცაბიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/5/626, 17 ოქტომბერი, 2017

 

„საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით დაცულია საქართველოს მოქალაქის მიერ სახელმწიფო თანამდებობის დაკავებისა და მის ფარგლებში საქმიანობის განხორციელების უფლება. კონსტიტუციის ამ დანაწესის მნიშვნელობა ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე მხოლოდ კონკრეტული ინდივიდის შრომითი უფლების დადგენა. ის ქმნის მნიშვნელოვან საფუძველსა და გარანტიას დემოკრატიული მმართველობის განმტკიცებისა და დემოკრატიული სახელმწიფოს რეალურად ჩამოყალიბების პროცესში.

სადავო ნორმატიული აქტის ის ნორმები, რომლებიც ადგენენ მოსამართლის სამსახურიდან გათავისუფლების წესს და პირობებს, ზღუდავენ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ პირის უფლებას და, შესაბამისად, საჭიროებენ კონსტიტუციურ სამართლებრივ გამართლებას.“

საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/5/658, 16 ნოემბერი, 2017

 

„საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით დაცული უფლების განმარტება, მათ შორის, ფორმალური გარანტიების კონტექსტში, არ უნდა მოხდეს იზოლირებულად. მოსამართლის თანამდებობაზე საქმიანობისა და თანამდებობიდან გათავისუფლების ფორმალური გარანტიების განმარტება უნდა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციის მეხუთე თავით, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დებულებების კონტექსტში.

აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი სახის თანამდებობის პირის მიმართ საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი მოთხოვნები არ არის ერთნაირი. გარკვეული კატეგორიის სახელმწიფო თანამდებობის პირების მიმართ მოთხოვნები განსაკუთრებით მკაცრია, რასაც თავად ამ თანამდებობათა კონსტიტუციური სტატუსი, დანიშნულება თუ განსახორციელებელი ფუნქციები განაპირობებს.

მოსამართლე წარმოადგენს მართლმსაჯულების განმახორციელებელ სახელმწიფო თანამდებობის პირს, რომლის მიერ საკუთარი ფუნქციების მიუკერძოებლად, დამოუკიდებლად და მაღალი პროფესიონალიზმით განხორციელებაზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ნებისმიერ სახელმწიფოში კანონის უზენაესობის, სამართლებრივი სახელმწიფოს და, ზოგადად დემოკრატიის არსებობა და მათი სრულყოფილი რეალიზაცია. საქართველოს კონსტიტუციის მეხუთე თავი სწორედ სასამართლო ხელისუფლებას ეთმობა და ცალკე არეგულირებს ზოგადად სასამართლო ხელისუფლებასთან, მის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობასთან და პერსონალურ ხელშეუხებლობასთან დაკავშირებულ ფორმალურ თუ მატერიალურ გარანტიებს.“

საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/5/658, 16 ნოემბერი, 2017

Back to Top