30 – ე მუხლის მე – 2 პუნქტი

„საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი ავალდებულებს სახელმწიფოს ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას, რაც სათანადო საკანონმდებლო ბაზის შექმნით ხორციელდება.“

ალექსანდრე დანელია და გიორგი ცომაია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ, №2/6-23, 7 მაისი, 199

 

„სასამართლო მიუთითებს, რომ „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის „უ“ პუნქტში ნათქვამია, რომ „სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასური დაკავშირებულია საქართველოს კანონმდებლობით ადმინისტრაციისათვის მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების შესრულებასთან, მათ შორის, სანებართვო და სარეგისტრაციო საქმიანობასთან, ტარიფის შემუშავებასთან, სატრანსპორტო საქმიანობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელებასთან“ ე.ი. „რეგულირების ყოველწლიური საფასურის“ გადახდევინება ხდება ასევე სატრანსპორტო ადმინისტრაციის მიერ სანებართვო და სარეგისტრაციო საქმიანობის განხორციელებისათვის, მაშინ როდესაც ამგვარი ნებართვების გაცემასა და რეგისტრაციის განხორციელებისათვის, ასევე ცალკე საფასურია დადგენილი. ამიტომ, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ნორმატიული აქტებით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ვალდებულია, ხელი შეუწყოს თავისუფალ მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას.“

შპს „აირზენა საქართველოს ავიახაზები“ საქართველოს პარლამენტის და საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს წინააღმდეგ. N2/1/187-188, 10 იანვარი, 2003

„საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, არ გამორიცხავს მონოპოლიურ საქმიანობას, სააქციო საზოგადოება „თბილგაზი“, რომელიც თავისი საქმიანობით ფაქტობრივად ბუნებრივ მონოპოლისტს წარმოადგენს, საქართველოს კონსტიტუციით დაშვებულ და საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ამ გამონაკლის შემთხვევად უნდა იქნეს მიჩნეული.“

მოქალაქე კახაბერ ძაგანია საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ, №2/2/245, 22 ივნისი, 2004

 

„კონსტიტუციური სარჩელის საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მეორე პუნქტის იმ ნაწილთან მიმართება, რომლის შესაბამისადაც „მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით“, სასამართლო კოლეგია თვლის, რომ კონსტიტუციის აღნიშნული მუხლის აზრიდან გამომდინარე, სწორედ კანონმა უნდა გაითვალისწინოს ამ უფლების დაცვასთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებები. „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესავალ ნაწილში განსაზღვრულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებელთა უფლებების დაცვა მოიცავს სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ საფუძვლებს, ამდენად მოპასუხის მოსაზრება, რომ სოციალური დაცვა სახელმწიფოს ფუნქციაა და იგი არ შედის ეკონომიკის, მათ შორის მარეგულირებელი ორგანოების მოვალეობაში, არ ემყარება კანონს.

კოლეგია თვლის, რომ საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული მუხლის დებულებაში კანონით დადგენილი ამ და სხვა უფლების დაცვა იგულისხმება. სამართლიანი ტარიფის არსებობა შესაბამისი სფეროს ნორმალური და სტაბილური სამოქალაქო ბრუნვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ამასთან ერთად, კოლეგია ეთანხმება მოპასუხეს, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვაში მხოლოდ ტარიფების შემცირების მოაზრება სწორი არ იქნებოდა. გაზის ქსელის გამართულ მდგომარეობაში ყოფნა ბუნებრივი გაზის განუწყვეტელი მიწოდების უზრუნველყოფაა, ავარიების თავიდან აცილება და სხვა მომხმარებელთა უფლებების დაცვისკენ მიმართულ საქმიანობას წარმოადგენს.“

საქართველოს მოქალაქე კახაბერ ძაგანია საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ, №2/2/245, 22 ივნისი, 2004

 

„საკონსტიტუციო კოლეგია აღნიშნავს, რომ მომხმარებელის უფლებების დაცვა არ წარმოადგენს ერთიან სამართლებრივ მატერიას. მისი შინაარსი განსაზღვრულია როგორც კერძო, ისე საჯარო სამართლის ნორმებით, რომლებიც შეიცავენ სხვადასხვა სახის (კატეგორიის) სავალდებულო დანაწესებს, რის შესაბამისადაც უნდა მოქმედებდნენ საამისოდ უფლებამოსილი პირები, მათ შორის სახელმწიფო.

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი აღიარებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის კონსტიტუციურ აუცილებლობას. მასში გადმოცემული დებულება, რომ ეს უფლებები დაცულია კანონით, გულისხმობს მათ დაცვას სათანადო კონსტიტუციური პრინციპებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. საერთაშორისო სამართალში მიღებული პრაქტიკის თანახმად, მომხმარებლის უფლებები მოიცავს მომხმარებლის უფლებას უსაფრთხოებაზე, არჩევანზე, განხილვაზე, სამომხმარებლო განათლებაზე და სამართლებრივ დაცვაზე.

სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ თანამედროვე სამართალში ადგილი აქვს მომხმარებელთა უფლებების დაცვის უნიფიკაციასა და ჰარმონიზაციას, ევროკავშირის დონეზე შემუშავებული აქტების მიზანმიმართულებაა დაიცვას მომხმარებელი, როგორც საბაზრო ურთიერთობის სუსტი მხარე, ძლიერი მხარის მიერ შეთავაზებული უთანასწორო პირობებისგან. ამ მიმართულებით სახელმწიფო ჩარევები სამართლიანი და მოწესრიგებული სამოქალაქო ბრუნვის უზრუნველსაყოფად, კონსტიტუციურად გამართლებულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს. გართულებული საბაზრო ურთიერთობის პირობებში სახელმწიფო არ შეიძლება გვერდზე გადგეს ამ პროცესისაგან. ეს გარემოება მიგვანიშნებს კერძო სამართლის კონსტიტუციონალიზაციის პროცესზე. როცა სამოქალაქო ბრუნვის ნორმატიულად დადგენილი პირობები არღვევს ბრუნვის მონაწილეების ინტერესთა ბალანსს, მაშინ ურთიერთობათა კერძოსამართლებრივი მოწესრიგება შესაძლებელია განიხილებოდეს კონსტიტუციური უფლების ჭრილში.

აღნიშნული მიგვანიშნებს იმაზე, რომ მომხმარებელთა უფლებები, რომლებიც ხშირად თავისუფალი და მოწესრიგებული სამოქალაქო ბრუნვის უმნიშვნელოვანესი ფასეულობაა, წარმოადგენს კონსტიტუციური დაცვის საგანს. ნებისმიერი ნორმატიული აქტი, რომელიც უშუალოდ მომხმარებლის უფლებებს შეეხება, უნდა იცავდეს მას ძლიერი მხარისაგან და აფუძნებდეს ინტერესთა დაბალანსებული და მშვიდობიანი თანაარსებობის პირობებს.

ამდენად, სახელმწიფოს პოზიტიური, კონსტიტუციურ-სამართლებრივი ვალდებულებაა, დაიცვას მომხმარებელი მესამე პირთა უსამართლო ძალაუფლებისაგან. სახელმწიფო, რომელიც ვერ ახერხებს ამას, თავად გამოდის აღნიშნული უფლების დამრღვევის როლში. სახელმწიფო, ნებისმიერ შემთხვევაში, ამ მიმართულებით პოზიტიური ეფექტის მისაღწევად უნდა იყენებდეს მის ხელთ არსებულ ყველაზე გონივრულ და ყველაზე გამართლებულ საშუალებებს.

სამართალში აღიარებული თანაზომიერების პრინციპის თანახმად, სახელმწიფოს მოქმედება უნდა იყოს დასახული მიზნის მისაღწევად დასაშვები, აუცილებელი, მინიმალური ზიანის მომტანი, უფლების შეზღუდვა შეზღუდვის მიზნის პროპორციული.

მხედველობაშია მისაღები ის ფაქტი, რომ დროებითი, გარდამავალი წესები ერთგვარ აუცილებლობას წარმოადგენს საზოგადოებრივი ურთიერთობის ახლებურად მოწესრიგების სხვადასხვა შემთხვევაში. ამასთან, აუცილებელია, რომ ნებისმიერი ღონისძიება (მოწესრიგება), რომელიც ადამიანის კონსტიტუციურ უფლებას შეეხება, არ ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციას. სულერთია, ეს ღონისძიება დროებითი ხასიათის იქნება თუ მუდმივი. ყველა შემთხვევაში, გარკვეული მიზნის მისაღწევად გამოყენებული გზა (საშუალება) უნდა იყოს ოპტიმალური და სამართლიანი. დაუშვებელია იმ ანტიპრინციპით სარგებლობა, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას.

დროებითი ხასიათის ნორმატიული აქტის მოქმედების არაგონივრული ვადით გახანგრძლივება გამოიწვევს მომხმარებელთა უფლებების შელახვას, გარდა ამისა, იგი ძირს უთხრის საკანონმდებლო წესრიგს, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისებაა საკანონმდებლო ნებისადმი ნდობაუნარიანობა. ამ წესრიგის მოშლა უარყოფითად აისახება ადამიანთა ცხოვრებაში და გამოიწვევს მათ გაუცხოებას სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი.

საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო აქტის კონსტიტუციურობის შეფასება ემყარება მხოლოდ მასში ჩადებულ ნებას და არა მისი მოქმედების სავარაუდო გაგრძელების შესაძლებლობას.“

საქართველოს მოქალაქეები – შალვა ნათელაშვილი და აკაკი მიქაძე საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) წინააღმდეგ, №1/1/374,397, 9 თებერვალი, 2007

 

„კონსტიტუციის 30-ე მუხლიდან გამომდინარე, თავისუფალი კონკურენცია ორგანულადაა დაკავშირებული მეწარმეობის თავისუფლებასთან და წარმოადგენს საბაზრო მეურნეობის საძირკველს. კონკურენციის განვითარების ხელის შეწყობა, ცალკეულ შემთხვევაში, სახელმწიფოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს ეკონომიკური ურთიერთობების იმ სფეროშიც, რომელშიც ბუნებრივი მონოპოლიებია გაბატონებული. დემონოპოლიზაციის პოლიტიკით, სახელმწიფო ხელს უწყობს თავისუფალი მეწარმეობის განვითარებას და მომხმარებელთა მხრიდან არჩევანის თავისუფლებას. კონკურენტული ბაზრის პირობებში თავად ბაზრის კანონებია სამეწარმეო წესრიგის საფუძველი და ზედმეტი ხდება სახელმწიფოს მხრიდან მეურვეობა რეგულირების გზით.“

შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ, №1/2/411, 19 დეკემბერი, 2008

 

„კონსტიტუციის 30-ე მუხლის მეორე  პუნქტის მიზანმიმართულებაა თავისუფალი  ბაზარი. მხოლოდ ასეთი ბაზრის პირობებში შეიძლება ავლენდეს სუბიექტი მეწარმისათვის დამახასიათებელ ყველა ნიშანთვისებას. კონკურენციისადმი ხელის შეწყობით სახელმწიფო ახალისებს ბაზარზე სიცოცხლისუნარიანი სუბიექტების საქმიანობას. ეს კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს, ჯანსაღი სამოქალაქო ბრუნვის ჩამოყალიბებას. მეწარმის საქმიანობა არ შეიძლება იმაზე მეტად შეიზღუდოს საჯარო ინტერესებით, რაც აუცილებელია კერძო ინტერესების ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ნებისმიერი ნორმატიული ჩარევა, რომელიც გაუცხოვდება და დაუპირისპირდება ბაზრის ბუნებრივ კანონებს, ხელოვნურად თავსმოხვეული და არაეფექტიანი იქნება.“

შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ, №1/2/411, 19 დეკემბერი, 2008

 

„საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადება განამტკიცებს სახელმწიფოს ვალდებულებას, ხელი შეუწყოს მეწარმეობის თავისუფლებას.

თავის მხრივ, სამეწარმეო საქმიანობა აერთიანებს საქმიანობათა მრავალ სახეობას, რომლებიც შესაძლებელია არსობრივად, საქმიანობის შინაარსით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან, თუმცა მათ აერთიანებთ ერთი ძირითადი საერთო ნიშანი – მოგებაზე ორიენტირებულობა (კომერციული მიზანი). ერთ-ერთ ასეთ საქმიანობას წარმოადგენს ვაჭრობა. სავაჭრო საქმიანობა სამეწარმეო საქმიანობის სახეა, რომელიც საქონელბრუნვას, საქონლის მიმოქცევას, მის ყიდვა-გაყიდვას და ამ პროცესში მყიდველთა მომსახურებას გულისხმობს. ამდენად, სამეწარმეო თავისუფლება, inter alia, მოიცავს ვაჭრობის თავისუფლებასაც.“

საქართველოს მოქალაქე ხათუნა ფხალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/5/826, 21 აპრილი, 2017

 

„სავაჭრო საქმიანობის თავისუფლება მრავალასპექტიანი უფლებაა და მასში ჩარევა შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა სახის აკრძალვებით/შეზღუდვებით, რომელთაგან ერთ-ერთი პროდუქციის რეალიზაციის ცალკეულ ტერიტორიაზე აკრძალვაა.“

საქართველოს მოქალაქე ხათუნა ფხალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/5/826, 21 აპრილი, 2017

 

„კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადებით, რეგლამენტირებული მეწარმეობის თავისუფლება არ წარმოადგენს აბსოლუტური ხასიათის უფლებას და შესაძლებელია, ლეგიტიმური საჯარო მიზნის მისაღწევად დაექვემდებაროს თანაზომიერ შეზღუდვას.“

საქართველოს მოქალაქე ხათუნა ფხალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/5/826, 21 აპრილი, 2017

 

„არასრულწლოვნებში თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზაციისა და რეკლამირების შეზღუდვა ნამდვილად წარმოადგენს იმ ღირებულ საჯარო მიზანს, რომლის მისაღწევადაც შესაძლებელია თავისუფალი მეწარმეობის უფლების შეზღუდვა.“

საქართველოს მოქალაქე ხათუნა ფხალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/5/826, 21 აპრილი, 2017

 

„საკონსტიტუციო სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა დაადგინოს სადავო ნორმით განსაზღვრული რეგულირება შეფასებადია თუ არა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. კერძოდ, შესაძლებელია სახეზე იყოს მეწარმე სუბიექტი, რომლის საკუთრების უფლებაც იზღუდება სადავო რეგულირებით, თუმცა აღნიშნულს თავისთავად კავშირი არ ჰქონდეს ასეთი სუბიექტის მეწარმის სტატუსთან და მის მიერ განხორციელებულ საქმიანობასთან, შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით დაცულ სფეროსთან. განსახილველ შემთხვევაში სადავოდ გამხდარი ნორმის შინაარსის, ფარგლებისა და მიზანმიმართულების გათვალისწინებით აშკარაა, რომ აღნიშნული რეგულირებით დადგენილი შეზღუდვის მიზნებისათვის პირის სამეწარმეო სტატუსი არარელევანტურია. ამ შემთხვევაში საკუთრების უფლების შეზღუდვა არ უკავშირდება პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას.

ელექტროენერგიის, როგორც ენერგიის უმნიშვნელოვანესი ალტერნატივის მოხმარება არაერთი სიკეთის გამოყენების წინაპირობაა. შესაძლოა, მის გამოყენებას უკავშირდებოდეს საყოფაცხოვრებო, სამეცნიერო, სამეწარმეო და სხვა არაერთი მიზანი. აღნიშნული, ცხადია, იმას არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი ბარიერი ელექტროენერგიასთან დაკავშირებით ხელშეკრულების თავისუფლად დადებაზე, თავისთავად ჩაითვლება იმ უფლებრივი სიკეთის შეზღუდვად, რომლისთვისაც პირს ელექტროენერგია სჭირდება.“

შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/9/745მ,  28 დეკემბერი, 2017

 

„მეწარმეთა დიფერენცირებულ მდგომარებაში ჩაყენებამ ან/და საკუთრების უფლებით სარგებლობის შეზღუდვამ, ხშირ შემთხვევაში, შეიძლება პირდაპირი გავლენა მოახდინოს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაზე. იმისათვის, რომ საკუთრებით თავისუფალი სარგებლობის, დისკრიმინაციის ან/და სხვა ფაქტორებზე დაყრდნობით დადგინდეს საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტში ჩარევა, საჭიროა, წარმოჩინდეს რა გავლენას ახდენს თავად დისკრიმინაციის ფაქტი სამეწარმეო თავისუფლების განხორციელებაზე, მაგალითად, კონკურენტულ გარემოზე და ა.შ.“

სს „ტელენეტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/7/667,  28 დეკემბერი, 2017

 

 

Back to Top

%d bloggers like this: