30 – მუხლი მე – 4 პუნქტი

„ქვეყნის მთელი სასამართლო სისტემის მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას (თანამდებობიდან დათხოვნას) ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, აშკარად არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მეოთხე პუნქტს.“

ავთანდილ ჭაჭუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/80-9, 3 ნოემბერი, 1998

 

„შრომითი საქმიანობისათვის გაღებული გასამრჯელო სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს დახარჯული შრომის ღირებულებასთან. მიუხედავად იმისა, რომ საპენსიო უზრუნველყოფა წარმოადგენს სოციალური უზრუნველყოფის უფლებას, იგი ასევე ემორჩილება სამართლიანი ანაზღაურების პრინციპებს.“

ტრისტან ხანიშვილი, გიორგი ქავთარაძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/2/174,199, 15 ოქტომბერი, 2002

 

„საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი და მე-4 მუხლების მიზანია, უზრუნველყოს ადამიანის ღირსებასთან თავსებადი, მეტწილად მისი სურვილით არჩეული შრომითი პროცესი. სამუშაო დროის ხანგრძლივობა მნიშვნელოვანი ელემენტია ადამიანის შრომის თავისუფლების ეფექტური რეალიზებისათვის. გადაჭარბებულად დიდმა სამუშაო დროის ხანგრძლივობამ, რომელიც არ აძლევს დასაქმებულს ნორმალურად დასვენების და ენერგიის აღდგენის შესაძლებლობას, შეიძლება შეუქმნას საფრთხე მის ჯანმრთელობას ან ნორმალურ სოციალურ ყოფაცხოვრებას. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო არ დაიცავს ადამიანებს ასეთ პირობებში მუშაობისაგან, ის ფაქტობრივად აიძულებს მათ, იმუშაონ საკუთარი ჯანმრთელობის ან სოციალური ცხოვრების ხარჯზე, ან დარჩნენ შემოსავლის გარეშე. აშკარაა, რომ პირის მიერ ასეთ პირობებში მუშაობის არჩევა გამოწვეულია მხოლოდ მისთვის სხვა არჩევანის არარსებობით, შესაბამისად, მის მიერ სამუშაოს შესრულება უფრო მეტად ემსგავსება იძულებას, ვიდრე შრომის თავისუფლების რეალიზებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ გარკვეულ პირობებში საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტები ავალდებულებს სახელმწიფოს, შეზღუდოს დამსაქმებლის მიერ სამუშაო დროის ხანგრძლივობის თავისუფლად არჩევა. ეს უკანასკნელი დასაქმებულისათვის ქმნის მნიშვნელოვან გარანტიას, არ იყოს მსხვერპლი შეუზღუდავი დროის განმავლობაში სამუშაოს განხორციელების იძულებისა, რაც შესაძლებელია, დამსაქმებლის მხრიდან განხორციელდეს როგორც პირდაპირი, ისე ირიბი ფორმით. გარდა ამისა, მისი მაქსიმალური ხანგრძლივობის საკანონმდებლო რეგლამენტაცია სწორედ დამსაქმებელთა შეუზღუდავი დისკრეციის და საკუთარი ძალაუფლებისა თუ დომინანტური მდგომარეობისთვის ერთგვარ ზღუდედ გვევლინება და განსაზღვრავს იმ საზღვრებს, რომლის ფარგლებშიც დამსაქმებელი თავისუფალია იმოქმედოს.“

საქართველოს მოქალაქეები – ილია ლეჟავა და ლევან როსტომაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/565, 19 აპრილი, 2016

 

„სამუშაო დრო მჭიდრო კავშირშია მისი განმახორციელებელი პირების უსაფრთხო გარემოში მუშაობასა და მათ ჯანმრთელობასთან. უსაფრთხო, ჯანსაღი გარემო არ უნდა იქნეს გაგებული როგორც მხოლოდ სამუშაოს შესრულების ადგილის უსაფრთხოება. არაგონივრულად ხანგრძლივი სამუშაო დრო გავლენას ახდენს პირის შრომით უნარებზე, იწვევს გადაღლას, რაც უარყოფითად აისახება დასაქმებულის ჯანმრთელობაზე.“

საქართველოს მოქალაქეები – ილია ლეჟავა და ლევან როსტომაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/565, 19 აპრილი, 2016

 

„მაქსიმალური სამუშაო დროისათვის გარკვეული ლიმიტის დაწესება და მყარი რეგულაციების დადგენა მნიშვნელოვანი გარანტიაა დასაქმებულისათვის. ის ემსახურება დასაქმებულთა ინტერესებს, თავს გრძნობდნენ სტაბილურად, რომ არ მოხდება მათთვის იმ ხანგრძლივობის სამუშაო დროის განსაზღვრა, რომელიც ზიანს მიაყენებს მის ჯანმრთელობას, მოუსპობს შესაძლებლობას, ღირსეულად წარმართოს საკუთარი პირადი ცხოვრება. შესაბამისად, სახელმწიფოს მოეთხოვება, მაქსიმალური დროის ხანგრძლივობა იყოს გონივრული, რათა დასახელებული მიზნები რელურად იყოს შესრულებადი.

48 საათიანი ვადა, არ უნდა იქნეს აღქმული სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ ვადად. ეს წარმოადგენს დროის მაქსიმალურ ხანგრძლივობას, რომლის ფარგლებშიც მხოლოდ მხარეები, საკუთარი თავისუფალი ნებიდან გამომდინარე, განსაზღვრავენ სამუშაო კვირის ხანგრძლივობას. სადავო ნორმით გადმოცემული დროის ოდენობა წარმოადგენს ერთგვარ ბერკეტს, ლიმიტს, რომლის შემდგომაც დამსაქმებელი (და დასაქმებულიც) შეზღუდულია საკუთარი ნების გამოვლენისა და 48 საათზე მეტი სამუშაო დროის დადგენაში.“

საქართველოს მოქალაქეები – ილია ლეჟავა და ლევან როსტომაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/565, 19 აპრილი, 2016

 

„სამუშაო დროის ხანგრძლივობის დადგენის კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლის მიერ საკითხის მოწესრიგებით, არ იქნეს დადგენილი ერთი მხრივ არაგონივრულად ხანგრძლივი სამუშაო კვირა, რომელიც შეუსაბამო იქნება კონსტიტუციითა და სასამართლოს მიერ დასაქმებულთათვის გარანტორად განსაზღვრულ კრიტერიუმებთან, ხოლო მეორე მხრივ გაუმართლებლად დაბალი სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, რაც დამატებით ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული დამსაქმებლისათვის. ამასთან, დასაქმებულთათვის სამართლიან შრომის პირობებსა და მეწარმეობის თავისუფლებას შორის გონივრული ბალანსის დადგენისას აუცილებელია მისი რეალიზაცია მოხდეს სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების გათვალისწინებით, ვინაიდან სადავო 48 საათიანი სამუშაო კვირის არსებობას სწორედ სპეციფიკური რეჟიმის სამუშაოს განხორციელების აუცილებლობა უდევს საფუძვლად.

სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია სამუშაო დროის განსაზღვრისათვის კონსტიტუციით დადგენილი მოთხოვნები  ერთიან კონტექსტში იქნეს განხილული, ვინაიდან მათ მჭიდრო კავშირი გააჩნიათ ერთმანეთთან. არაგონივრული იქნებოდა კონსტიტუციის მოთხოვნა, რომელიც განსაზღვრავდა წამებისა და წუთების სიზუსტით იმ დროს, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ვალდებულია, შეასრულოს შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო. წარმოუდგენელია კონკრეტული დროის განსაზღვრა, რომლის შემდგომაც, თუნდაც ერთი საათის გადამეტებით მუშაობა საზიანო იქნება ჯანმრთელობისთვის ან ხელს შეუშლის პირადი ცხოვრების განვითარებას. ანალოგიურია მიდგომა ადამიანის პროდუქტიულობასთან მიმართებით. შეუძლებელია ზუსტად განისაზღვროს, კონკრეტული პირისათვის რა ოდენობის სამუშაოს განხორციელების შემდეგ იწყებს მისი შრომითი უნარები შენელებას ან მისი ორგანიზმი დაღლას, გამოფიტვას. თითოეული აღნიშნული ასპექტი მკაცრად ინდივიდუალურ ხასიათს ატარებს და მჭიდროდ არის დაკავშირებული უშუალოდ სამუშაოს განმახორციელებელ პიროვნებასთან, მის აგებულებასა თუ ჯანმრთელობასთან. შესაბამისად, კონსტიტუციურ მოთხოვნას წარმოადგენს ის, რომ ზოგადი, პირთა განუსაზღვრელი წრისადმი დადგენილი რეგულაცია არ იყოს არაგონივრული, რომელიც იქნება დასახელებულ მოთხოვნებთან აშკარად შეუსაბამო.“

საქართველოს მოქალაქეები – ილია ლეჟავა და ლევან როსტომაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/565, 19 აპრილი, 2016

Back to Top

%d bloggers like this: