„საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საქართველოს ყოველი მოქალაქე ვალდებულია ზრუნავდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა – შენარჩუნებაზე. კულტურულ მემკვიდრეობას სახელმწიფო იცავს კანონით“. დასახელებული კონსტიტუციური დანაწესი ადგენს საქართველოს თითოეული მოქალაქისა და სახელმწიფოს ვალდებულებას, იზრუნოს და დაიცვას კულტურული მემკვიდრეობა. აღნიშნული პოზიტიური ვალდებულების სახელმწიფოს მიერ ჯეროვნად შესრულება წარმოადგენს აუცილებელ საფუძველს კულტურული გარემოთი სარგებლობის უფლების რეალიზებისათვის. სახელმწიფოს მიერ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ვალდებულებაში უპირველესად მოიაზრება არსებულ მატერიალურ კულტურულ ფასეულობებზე ზრუნვა და მათი შენარჩუნება. სახელმწიფოს ევალება, გონივრულ ფარგლებში მიმართოს საკუთარი რესურსები, რათა თავიდან იქნეს აცილებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დაზიანება და მაქსიმალურად იქნეს შენარჩუნებული მისი თავდაპირველი მდგომარეობა, რაც მის მნიშვნელობასა და ღირებულებას განაპირობებს.
საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის ფორმულირებიდან გამომდინარე, გამორიცხულია, რომ ხსენებული კონსტიტუციური დებულება მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის დაცვისკენ მიმართულ ნორმა-პრინციპად იქნეს განხილული. მისი სულისკვეთება ცალსახად მეტყველებს იმაზე, რომ კონსტიტუცია სახელმწიფოს უდგენს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონკრეტულ ვალდებულებას, რათა უზრუნველყოფილი იქნეს კულტურული გარემოს არსებობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც ადამიანის ძირითად კონსტიტუციურ უფლებას წარმოადგენს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ადამიანის ძირითად უფლებად აღიარებით, საქართველოს კონსტიტუციამ არაორაზროვნად მიუთითა, რომ კულტურული მემკვიდრეობა წარმოადგენს განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივ ღირებულებას, რომლის დაცვაც მინდობილი ვერ იქნება სახელმწიფოს კეთილ ნებაზე.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონსტიტუციური დანაწესი სახელმწიფოს უდგენს კულტურული მემკვიდრეობისათვის მიყენებული ზიანის შეძლებისდაგვარად თავიდან აცილების ან/და მისი გამოსწორების ვალდებულებას. ამასთან, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა იმგვარად, რომ ის გადაეცეს მომავალ თაობებს. აღნიშნული მიზანი მიღწეული შეიძლება იქნეს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების კონსერვაციითა და რესტავრაციის გზით. შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია, კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად შექმნას ისეთი პირობები, რაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს სხვადასხვა გარემო პირობებიდან მომდინარე საფრთხის პრევენციას. ამასთანავე, დაზიანების შემთხვევაში შეძლებისდაგვარად მოახდინოს ძეგლის რესტავრაცია, რაც მიმართული უნდა იყოს ძეგლის თავდაპირველი იერსახის აღდგენისკენ შესაძლებლობის ფარგლებში.
საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტი სახელმწიფოს მიმართ ადგენს ორი სახის ვალდებულებას: 1) სახელმწიფო ვალდებულია, მისი აქტიური ქმედების ფარგლებში, სხვადასხვა სახის ღონისძიებათა განხორციელებისას მაქსიმალურად აიცილოს თავიდან კულტურული მემკვიდრეობისათვის ზიანის მიყენება; 2) სახელმწიფომ კულტურული მემკვიდრეობა უნდა დაიცვას კერძო პირების მიერ დაზიანებისგან.“
„სახელმწიფო ვალდებულია, მესამე პირებს არ მისცეს კულტურულ მემკვიდრეობაზე შეუზღუდავი ზემოქმედების მოხდენის შესაძლებლობა. ეს უნდა გამოიხატოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ადამიანთა გარკვეული ქმედებების აკრძალვაში და ამ ქმედების ჩადენისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაწესებაში. ამასთან, სახელმწიფომ უნდა შექმნას ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის გონივრული მოლოდინის არსებობას, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების შემთხვევაში, ნებისმიერი პირის მიმართ გამოყენებული იქნება სამართლებრივი ზემოქმედების ადეკვატური საშუალებები.
აღსანიშნავია ისიც, რომ კულტურული მემკვიდრეობის ადეკვატური დაცვა გარანტირებული ვერ იქნება მხოლოდ გარკვეულ ქმედებათა აკრძალვით და პირთა მიმართ პასუხისმგებლობის დაწესებით. კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ადამიანების აქტიური მოქმედება, ასევე მათი უმოქმედობაც. კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ღირებულებას ძირითადად განსაზღვრავს მისი სიძველე და ისტორიულობა. შესაბამისად, ისტორიული სიძველის მქონე ობიექტების უნიკალურობის შენარჩუნება საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას და მზრუნველობას. აქედან გამომდინარე, თუკი პირი მის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ კულტურულ მემკვიდრეობას ვერ უვლის სათანადოდ არასაკმარისი რესურსის გამო, სახელმწიფო ვალდებულია, გაატაროს ყველა გონივრული ღონისძიება, რომლებიც აუცილებელია ძეგლის შესანარჩუნებლად.“
„კულტურული მემკვიდრეობა“ წარმოადგენს კონსტიტუციურ ტერმინს და მას ავტონომიური მნიშვნელობა გააჩნია. ამ ტერმინის შინაარსი და ფარგლები დამოკიდებული ვერ იქნება კულტურული მემკვიდრეობის საკანონმდებლო დეფინიციაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში გათვალისწინებულ ინსტიტუტებსა და კონსტიტუციის დებულებებს შორის ტერმინოლოგიური მსგავსება, თავისთავად, ვერ განაპირობებს ხსენებული კანონით კულტურ მემკვიდრეობად მიჩნეული ნებისმიერი ობიექტის საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის რეგულირების სფეროში მოხვედრას.“
„საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ვალდებულებას. კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დაცვის ვალდებულება თავის თავში აუცილებლად არ მოიცავს მხოლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. სახელმწიფოს ვალდებულება მიემართება როგორც მის, ასევე სხვა სუბიექტების საკუთრებაში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, რის ნათელ მაგალითსაც წარმოადგენს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე-30-ე მუხლები.“
„საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტით დაცული უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის. სხვა კონსტიტუციური უფლებების მსგავსად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უფლების რეალიზებასაც მოჰყვება სხვადასხვა კონსტიტუციური უფლებებსა და ლეგიტიმურ სახელმწიფო ინტერესებთან შემხებლობა და ერთგვარი კონკურენცია. სწორედ ასეთ შემთხვევაში დგება სახელმწიფოს მიერ გონივრული ბალანსის დაცვის აუცილებლობა.“
„რელიგიის თავისუფლება დემოკრატიული სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია. აღმსარებლობის თავისუფლად განხორციელების ხელშეშლა ადამიანის უფლებების შეზღუდვის მძიმე ფორმას წარმოადგენს. შესაბამისად, რელიგიური ჯგუფებისათვის მათი მრწამსის შესაბამისად ცხოვრების შესაძლებლობის შექმნა, დემოკრატიული საზოგადოების უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს. ამდენად, რელიგიის თავისუფალი რეალიზების ხელშეწყობა მნიშვნელოვანი ლეგიტიმურ მიზანია, რომლის დასაცავადაც დასაშვებია საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტით დაცული უფლების შეზღუდვა.“
„გარკვეულ შემთხვევებში შესაძლებელია რელიგიური ორგანიზაციის საჭიროება არ ემთხვეოდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან მომდინარე სახელმწიფოს ამოცანებს. შესაძლებელია კულტურული დანიშნულების ობიექტის რელიგიური დანიშნულებით გამოყენება ხელს უშლიდეს კულტურული მემკვიდრეობით დაცვის მიზნით ობიექტის კონსერვაციის მოთხოვნებს ან/და აფერხებდეს ობიექტის რეაბილიტაციის პროცესს. თუმცა ხსენებული ორი ფასეულობა ყველა შემთხვევაში თავისთავად კონფლიქტური არ არის. როგორც წესი, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის სათანადოდ მოვლა თავად რელიგიური კონფესიის ინტერესებსაც ემსახურება. ხოლო რელიგიის თავისუფლების რეალიზებასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ინტერესებს შორის კონფლიქტი იშვიათ, საგამონაკლისო შემთხვევებშია სახეზე.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვა სახელმწიფოს ამოცანას წარმოადგენს და, შესაბამისად, სწორედ ის არის კომპეტენტური, განსაზღვროს კულტურული ძეგლის დაცვისათვის საჭირო ღონისძიებები. ინდივიდების მიერ ძეგლის დაზიანების პრევენცია და მისი მოვლისათვის სათანადო ღონისძიებების განსაზღვრაც სახელმწიფოს და არა რელიგიური კონფესიების კონსტიტუციური ვალდებულებაა. სადავო ნორმიდან გამომდინარე, სახელმწიფო არ ახდენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე არასათანადო ზემოქმედების შემთხვევების პრევენციასა და აღმოფხვრას, მათ შორის იმ შემთხვევებშიც, როდესაც თავად რელიგიური კონფესიები ხედავენ ამ კუთხით სახელმწიფოს მიერ გარკვეული ქმედებების გატარების აუცილებლობას.“
„საქართველოს კონსტიტუცია ყველას თანაბრად უდგენს კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვის ვალდებულებას. ამავე დროს, ზოგადად, სამართალდარღვევის ჩადენის მოტივაცია შესაძლოა გავლენას ახდენდეს გასაკიცხაობის ხარისხზე. ქმედებისათვის პასუხისმგებლობის განსაზღვრის პროცესში, შესაძლოა, მხედველობაში იქნეს მიღებული პირის მიერ აღნიშნული ქმედების რწმენის თავისუფლებიდან გამომდინარე ჩადენის ფაქტი. პირი, რომელიც ქმედებას ჩადის რწმენის კარნახით, შესაძლოა, არ იყოს იმ პირის არსებითად თანასწორი, რომლის ქმედებაც არ არის განპირობებული რწმენის თავისუფლებით.“