„კონსტიტუციის სულისკვეთებიდან გამომდინარე, ხელისუფლებათა დანაწილების არსებული მოდელის გათვალისწინებით, კონსტიტუციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტში, სწორედ ისეთ პრინციპზეა საუბარი, რომელიც არსებითად განსაზღვრავს საკანონმდებლო აქტით დასადგენი წესის, ე.ი. კონკურსის არსს და რომლის განხორციელებას განათლების სამინისტროს მიერ დასადგენი კონკრეტული გარემოებები და პირობებიც კი ვერ შეცვლის, ანუ იგი ვერ დაადგენს უფასო საშუალო განათლების მიღების წესს.“
საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/35, 29 დეკემბერი, 1997
„კონსტიტუციის 35-ე მუხლის მოთხოვნა – კანონით უფასო განათლების მიღების ფარგლების განსაზღვრისა და წესის დადგენის თაობაზე – თავისთავად არ გულისხმობს მხოლოდ ერთი კანონით აღნიშნული საკითხების მოწესრიგებას.
ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის სამი ძირითადი მოთხოვნაა:
ა) უფასო განათლების მიღების უფლების შესახებ საკითხი უნდა დარეგულირდეს ნორმატიული აქტის ისეთი სახეობით, როგორიცაა კანონი;
ბ) კანონმა უნდა დაადგინოს წესი;
გ) კანონმა უნდა განსაზღვროს ფარგლები.“
საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/35, 29 დეკემბერი, 1997
„…საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტში,.. დაშვებულია უფასო საშუალო განათლების წესი და ფარგლები, ე.ი. კონსტიტუცია გარკვეული პირობების არსებობისას არ გამორიცხავს ფასიან საშუალო განათლებას. ამდენად, ეს პირობა არაფრით არ ზღუდავს კანონმდებელს მის კონსტიტუციურ უფლებებში.“
საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/35, 29 დეკემბერი, 1997
„კონსტიტუციის 35–ე მუხლით გარანტირებული განათლების ხელმისაწვდომობისა და მისი ფორმების არჩევის უფლება ეკუთვნის ყველას. ამავე დროს კონსტიტუციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტი მიუთითებს, რომ „ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო. მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით, სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება“. აშკარაა, რომ განსხვავებით უმაღლესი და პროფესიული განათლებისაგან, კონსტიტუცია ზოგადი განათლების უსასყიდლოდ მიღების უფლებას არ ავიწროვებს მოქალაქეობის ნიშნით. საქართველოს კონსტიტუციაში არც სხვა რაიმე გამონაკლისი გვხვდება საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა მიმართ ზოგადი განათლების უფასოდ მიღების შესაძლებლობის დადგენასთან დაკავშირებით.
კონსტიტუციის სულისკვეთებას წარმოადგენს ზოგადი განათლების სრულად დაფინანსების უზრუნველყოფა, რომლის რეალიზების წესიც კანონით უნდა განისაზღვროს. აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციის 35-ე მუხლი არ აკონკრეტებს იმ პირთა წრეს, რომელმაც უნდა მიიღოს უფასო ზოგადი განათლება, მაშინ როდესაც სხვა კონსტიტუციურ ნორმებში ხშირად გვხდება რიგი უფლებები, რომლებიც ექსკლუზიურად მოქალაქეებს ეკუთვნით. შესაბამისად, კონსტიტუციის მიზნებისთვის ზოგადი განათლების დაფინანსების სუბიექტებად უცხოელებიც მოიაზრებიან.
ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია, საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის ისტორიული განმარტებაც. საქართველოს კონსტიტუცია, 2006 წლის 27 დეკემბრამდე მდგომარებით, განსაზღვრავდა, რომ მოქალაქეებს უფლება ჰქონდათ კანონით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ფარგლებში სახელმწიფო სასწავლებლებში უფასოდ მიეღოთ საშუალო, პროფესიული და უმაღლესი განათლება. აღნიშნული დანაწესი უფასო ზოგადი განათლების მიღების სუბიექტებს ავიწროვებდა საქართველოს მოქალაქემდე, ხოლო 2006 წლის 27 დეკემბრის ცვლილებებით, სიტყვები “საქართველოს მოქალაქე” უფასო ზოგადი განათლების მიღების კონტექსტიდან ამოღებულ იქნა და ხსენებული წინადადება ჩამოყალიბდა დღეის მდგომარეობით მოქმედი რედაქციით. მაშასადამე, არაორაზრვანია, რომ კონსტიტუციის 35-ე მუხლში განხორციელებული ცვლილების მიზანი და სულისკვეთება იყო, მათ შორის, უფასო ზოგადი განათლების უფლების სუბიექტთა წრის გაფართოება და მათში საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების მოაზრება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საშუალო განათლების უფასოდ მიღების უფლება თანაბრად ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებსა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელებზე.
ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოში მცხოვრებ უცხოელებზე კონსტიტუციის 35-ე მუხლით დაცული უფლებრივი სეგმენტის გავრცელება ავტომატურად არ გამორიცხავს საქართველოში არმცხოვრებ უცხოელებს კონსტიტუციის აღნიშნული დებულების დაცული სფეროდან.“
„საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზოგად განათლებას, კანონით დადგენილი წესით, სრულად აფინანსებს სახელმწიფო. ამგვარად, კონსტიტუციით გარანტირებული განათლების უფლება გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, სრულად დააფინანსოს ზოგადი განათლება. ამასთანავე, სრულად დაფინანსების წესი განისაზღვრება კანონით. კანონი, რომელიც განსაზღვრავს დაფინანსების ოდენობას, უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციის მატერიალურ მოთხოვნებს.
საკანონმდებლო ხელისუფლების კონსტიტუციურ-სამართლებრივი შეზღუდვა გულისხმობს, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციის მოთხოვნებს როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით. მოცემულ შემთხვევაში, კანონი, რომელიც განსაზღვრავს ზოგადი განათლების დაფინანსების პირობებს, ფორმალური და მატერიალური შინაარსით უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს.“
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ განათლების დაფინანსებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, როგორც განათლების სუბიექტისთვის, ისე თავად სახელმწიფოსთვის. განათლების დაფინანსებას ვერ განვიხილავთ როგორც სახელწიფოს მიერ პირისთვის მინიჭებულ პრივილეგიას ან შემწეობას. პირველ რიგში იმიტომ, რომ განათლების უფლების სრულფასოვანი რეალიზაცია სასიცოცხლოდ აუცილებელია დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებისთვის, ამავე დროს – განათლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა მთელი ცხოვრების განმავლობაში წაართმევს ადამიანს სრულფასოვანი არსებობის საშუალებას.
დღესდღეობით, შესაძლებელია ცალსახად ითქვას, რომ განათლების უფლების რეალიზაცია და საზოგადოებისთვის უფასო ზოგადი განათლების უზრუნველყოფა წარმოადგენს სახელმწიფოს ერთ-ერთ უმთავრეს მოვალეობას. განათლებას პრინციპული მნიშვნელობა აქვს კულტურული ღირებულებების ჩამოყალიბების პროცესში, მომდევნო პროფესიული ზრდისთვის და გარემოსთან ნორმალურად შეგუების საკითხში.
სახელმწიფოს პირდაპირ და უშუალო ინტერესს წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების, ეკონომიკური თავისუფლების, სოციალური და სამართლებრივი სახელწიფოს შექმნა, რომელიც, რა თქმა უნდა, ადეკვატური განათლების სისტემის გარეშე წარმოუდგენელია. განათლების უფლების ეფექტური რეალიზება არა მხოლოდ პირის ინდივიდუალურ ინტერესს, არამედ მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ღირებულებას წარმოადგენს. ხოლო ამ უფლების შეზღუდვა კი მნიშვნელოვან ზიანს აყენებს როგორც ინდივიდს, ასევე მთლიანად საზოგადოებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს, რომ ზოგადი განათლების დაფინასების ჭრილში სახელმწიფო თანაბრად უნდა ზრუნავდეს როგორც საქართველოს მოქალაქეზე, ისე საქართველოში მცხოვრებ უცხოელებზე.“