„საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლით დადგენილი განათლების უფლება საქართველოში მცხოვრებ უცხოელზე გავრცელდება იმ შემთხვევაში, თუ თავად კონსტიტუციით სხვა რამ არ არის დადგენილი.
კონსტიტუციის 35–ე მუხლით გარანტირებული განათლების ხელმისაწვდომობისა და მისი ფორმების არჩევის უფლება ეკუთვნის ყველას.“
„განათლების ძირითადი უფლების დაცული სფეროს განსაზღვრისთვის, პირველ რიგში, აუცილებელია, განიმარტოს თავად განათლების უფლების არსი და მისი მიზნები. კერძოდ, რა სიკეთის დაცვას ემსახურება განათლების უფლება და რამდენად მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს იგი დემოკრატიული სახელწიფოს განვითარებაში.
საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტი უზრუნველყოფს განათლების მიღების შესაძლებლობას ყველა ადამიანისთვის. განათლების, როგორც ადამიანის ძირითადი უფლების, კონსტიტუციურ რანგში აყვანა ხაზს უსვამს მის განსაკუთრებულ მნიშვნელობას დემოკრატიულ სახელმწიფოში. განათლება წარმოადგენს სოციალური ცხოვრების განუყოფელ პროცესს, რომლის საშუალებითაც ინდივიდები თავიანთი შესაძლებლობებით და უნარებით სწავლობენ თვითგანვითარებას და ასევე სარგებლის მოტანას როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის.
ზოგადი განათლების ძირითადი მიზანია ინდივიდის უნარებისა და შესაძლებლობების სრულფასოვანი განვითარება, პირისთვის კრიტიკული ანალიზის უნარისა და შეხედულებების ჩამოყალიბება, ადამიანის ძირითადი უფლებებისადმი პატივისცემის გაძლიერება, პირის ეფექტური ინტეგრირება თავისუფალ საზოგადოებაში, ურთიერთგაგებისა და ტოლერანტობის გაღვივება ყველა ერს, რასას, ეთნიკურ, რელიგიურ თუ სხვა ჯგუფებს შორის.
განათლება ხელს უწყობს ინდივიდს, საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს საზოგადოებაში, დამოუკიდებლად გაუძღვეს და მოაწყოს საკუთარი ცხოვრება, ჰქონდეს სასურველი სამუშაო ადგილი, შექმნას მატერიალურად უზრუნველყოფილი ოჯახი, თუკი ამის სურვილი ექნება და ა.შ.
განათლების უფლებით სრულყოფილ რეალიზაციაზეა დამოკიდებული ადამიანის პიროვნული თავისუფლება, იმდენად, რამდენადაც შესაბამისი განათლების გარეშე ადამიანი რთულად თუ შეძლებს საკუთარი პიროვნების თავისუფალ განვითარებას. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებას. საზოგადოებაში საღი აზრის დემოკრატიული და სამართლებრივი სახელწიფოს ჩამოყალიბების უმნიშვნელოვანესი საფუძველია. ადამიანის უფლებების დაცვის საუკეთესო გარანტიას განათლებული საზოგადოება წარმოადგენს, რომელმაც იცის თავისი უფლებები და მოვალეობები. მნიშვნელოვანია აღნიშნოს, რომ განათლების უფლებით სარგებლობა მხოლოდ ამა თუ იმ პირისათვის ინფორმაციისა და ცოდნის მოგროვებას როდი ნიშნავს, მისი მიზანია, ასევე, საზოგადოებისათვის სარგებლის მოტანა. ამასთანავე, განათლების უფლების სოციალური ფუნქცია, სწორედ, თითოეული პირის საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას გულისხმობს.“