36 – ე მუხლის პირველი პუნქტი

„საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტი მრავალმხრივი მნიშვნელობის ნორმაა. აქ კონსტიტუციურ დონეზეა დაცული და განმტკიცებული ისეთი ტრადიციული და საზოგადოებისათვის სასიცოცხლო ეთიკური და ეგზისტენციალური მნიშვნელობის ინსტიტუტები და ფასეულობები, როგორიცაა ქორწინება და ოჯახი. კონსტიტუცია იცავს ქორწინებისა და ოჯახის ინსტიტუტებს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი მოქმედებებისაგან, რაც ხელყოფდა და გამოფიტავდა მათ არსს, მნიშვნელობას, უმთავრეს პრინციპებს.“

საქართველოს მოქალაქე სალომე წერეთელი-სტივენსი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/425, 23 ივნისი, 2008

 

„ქორწინება და ოჯახი ადამიანის პირადი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ამ სფეროში ინდივიდის თავისუფლების ხარისხი განსაკუთრებით მაღალია. სწორედ, პიროვნული თავისუფლებისა და თავისუფალი განვითარების უფლების გამოხატულება და ნაწილია ქორწინების თავისუფლება. ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტი, გარდა ინსტიტუციური გარანტიისა, ძირითადი უფლების დამდგენი ნორმაცაა.“

საქართველოს მოქალაქე სალომე წერეთელი-სტივენსი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/425, 23 ივნისი, 2008

 

„საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის მიზნები და შინაარსი გაცილებით უფრო ფართოა, ვიდრე ეს მისი სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობიდან გამომდინარეობს. ამ მუხლით დაცული სფერო საკმაოდ ვრცელია და მოიცავს როგორც დაქორწინებას, ასევე, საოჯახო თანაცხოვრებასა და განქორწინებას.“

საქართველოს მოქალაქე სალომე წერეთელი-სტივენსი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/425, 23 ივნისი, 2008

 

„პირის თავისუფალი განვითარების უფლება, რომლის ერთერთ გამოხატულებასაც ქორწინების თავისუფლება წარმოადგენს, მოიცავს როგორც პოზიტიური ასევე, ნეგატიური ქცევის თავისუფლებას. ამდენად, დაცულია ქორწინების როგორც პოზიტიური ასევე ნეგატიური თავისუფლება. 36-ე მუხლის პირველი პუნქტი უზრუნველყოფს ყველასთვის, მათ შორის უცხო სახელმწიფოს მოქალაქისათვის, თავისუფლებას დაქორწინდეს მის მიერ არჩეულ პარტნიორზე. დაუშვებელია პირის იძულება შექმნას ოჯახი. ასევე, დაუშვებელია დაბრკოლებების შექმნა სახელმწიფოს მხრიდან დაქორწინების მსურველთათვის არაპროპორციული და დემოკრატიული საზოგადოებისათვის მიუღებელი, ხელისშემშლელი ჩარევის გზით.“

საქართველოს მოქალაქე სალომე წერეთელი-სტივენსი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/425, 23 ივნისი, 2008

 

„კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სიკეთე არ არის პირთა ქორწინების მსგავსი ან ქორწინების გარეშე თანაცხოვრება, აქ საუბარია ქორწინების სამართლებრივად დადგენილ და აღიარებულ ფორმაზე.“

საქართველოს მოქალაქე სალომე წერეთელი-სტივენსი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/425, 23 ივნისი, 2008

 

„ქორწინების ინსტიტუტი სამართლებრივ რეგულირებას ექვემდებარება. ეს, თავისთავად, ნიშნავს კანონმდებლის მიერ გარკვეული პირობების დაწესებას დაქორწინების მსურველთათვის. საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით, ქორწინებასთან დაკავშირებით დადგენილი პირობები უნდა ემსახურებოდეს ამ უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი ინსტიტუტის არსის, მისი ფუნდამენტური პრინციპების დაცვას, წონად და შეზღუდვის არაორაზროვნად გამართლებულ ლეგიტიმურ მიზნებს.“

საქართველოს მოქალაქე სალომე წერეთელი-სტივენსი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/425, 23 ივნისი, 2008

 

„საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას“. ამგვარად, კონსტიტუცია აღიარებს პირის თავისუფლებას, ნებაყოფლობით დაქორწინდეს მის მიერ არჩეულ პარტნიორზე.

ამავე დროს, კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ ქორწინების უფლებას აქვს ავტონომიური კონსტიტუციური შინაარსი და იგი არ შემოიფარგლება ამ ინსტიტუტის კანონმდებლობაში არსებული განსაზღვრებით. ქორწინების კონსტიტუციურ-სამართლებრივი დატვირთვა ბევრად უფრო ფართოა და მოიცავს მრავალმხრივი ურთიერთობების ვრცელ სპექტრს. ქორწინება წარმოადგენს ნებაყოფლობით და გაცნობიერებულ კავშირს, რომლის მიზანია წარმოშვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი, სოციალური და პიროვნული შედეგები. ეს არის პირთა შესაძლებლობა, სტატუსი შესძინონ მათ ურთიერთობას, დაამყარონ სამართლებრივად მბოჭავი კავშირი და მოიპოვონ მათი კავშირის სოციალური აღიარება. წყვილის კავშირის საზოგადოებრივი აღიარება და სოციუმში ინტეგრაცია ქორწინების ინსტიტუტის ცენტრალური კომპონენტია. ქორწინების უპირველესი მიზანია ოჯახის შექმნა და ამგვარად, ქორწინების უფლების რეალიზაცია წარმოადგენს საზოგადოებრივად აღიარებული ოჯახის შექმნის საშუალებას. ქორწინება როგორც მნიშვნელოვანი პიროვნული და, ამავე დროს, საჯარო აქტი, ემსახურება ახლად შექმნილი ოჯახის საზოგადოებაში ინტეგრაციას. ქორწინების უმნიშვნელოვანესი პირობაა წყვილის ურთიერთკავშირის აღიარება საზოგადოებისა და სახელმწიფოსაგან. დაუშვებელია დაქორწინების მსურველთათვის დაბრკოლებების შექმნა არაპროპორციული და დემოკრატიული საზოგადოებისათვის მიუღებელი ჩარევის გზით. ნებისმიერი შეზღუდვა, რომლითაც სახელმწიფო ხელს უშლის ქორწინების სამართლებრივ თუ სოციალურ აღიარებას, უნდა ეფუძნებოდეს მნიშვნელოვან კონსტიტუციურ-სამართლებრივ საფუძველს.“

საქართველოს მოქალაქეები – ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/4/532,533, 8 ოქტომბერი, 2014

 

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია უფლებამოსილ ორგანოში. საქართველოს კანონმდებლობა ქორწინებას უკავშირებს განსაზღვრულ სამართლებრივ შედეგებს. მაგალითად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონით დადგენილი წესით, ქორწინების შედეგად წარმოიშობა გარკვეული ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები და ვალდებულებები. კერძოდ, ქორწინება წარმოშობს მეუღლეთა თანასაკუთრებას, ურთიერთრჩენის ვალდებულებებსა და მემკვიდრეობით-სამართლებრივ გარანტიებს. ქორწინებას შესაძლებელია ასევე უკავშირდებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გარანტიები (მაგალითად, მეუღლეები დაცული იყვნენ ერთმანეთის საწინააღმდეგოდ ჩვენების მიცემის ვალდებულებისაგან, საგადასახადო შეღავათები და სხვა).

ქორწინება არ არის მხოლოდ სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგება, რომლის დადებასაც უკავშირდება რიგი ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლება-მოვალეობების შეძენა. ქორწინება, რთული სოციალური ინსტიტუტია და არ შემოიფარგლება მხოლოდ კანონით გაწერილი სამართლებრივი შედეგებით. ქორწინების უფლება, პირველ რიგში, უკავშირდება „ოჯახის შექმნაზე“ ბუნებითი და ფუნდამენტური უფლების რეალიზაციას/დაცვას. ეს არის პირის უფლება მოიპოვოს ურთიერთობის სამართლებრივი სტატუსი და საზოგადოებრივი აღიარება. დადგენილი წესით ქორწინება არის სამართლებრივი საშუალება, რომ პირებმა სახელმწიფოსაგან და საზოგადოებისაგან მოიპოვონ მათი ურთიერთობის, როგორც ქორწინების ლეგიტიმაცია.“

საქართველოს მოქალაქეები – ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/4/532,533, 8 ოქტომბერი, 2014

 

„როგორც აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ არ ხდება პირის კავშირის სამართლებრივი და საზოგადოებრივი აღიარება. ქმედუუნაროდ აღიარებულ პირს ერთმევა შესაძლებლობა, შექმნას ოჯახი და შესძინოს მის პირად ურთიერთობებს სამართლებრივი და სოციალური სტატუსი. ამგვარად, სახელმწიფო აფერხებს შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებრივ ინტეგრაციას. ამგვარი რეგულაციით ხდება ისედაც მოწყვლადი სოციალური ჯგუფების – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სტიგმატიზება.

მოპასუხე ქმედუუნაროდ აღიარებულ პირთათვის ქორწინების უფლების შეზღუდვის ორ ლეგიტიმურ მიზანზე მიუთითებდა: ქმედუუნარო პირის არანებაყოფლობითი ქორწინებისაგან დაცვა და მისი ქონებრივი ინტერესების უზრუნველყოფა.

არანებაყოფლობითი ქორწინებისაგან დაცვა საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლით დაცული ქორწინების თავისუფლების მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს. ქორწინების ნებაყოფლობითობის აღიარება პირის ავტონომიურობის პატივისცემის გამოხატულებაა. კონსტიტუციის 36-ე მუხლის შესაბამისად,  ქორწინება ნებაყოფლობითია , თუ ის პირის ნების თავისუფალ და გაცნობიერებულ გამოვლენას ემყარება. ნების გამოვლენის თავისუფლება გულისხმობს პირის მიერ საკუთარი სურვილის ძალდაუტანებელ გამოვლინებას. ხოლო, გაცნობიერებულობა მოიცავს პირის უნარს, სათანადოდ აღიქვას და გააანალიზოს ქორწინების აქტი და მისი თანმდევი პიროვნული, სოციალური და სამართლებრივი შედეგები.

ამგვარად, თუ პირი შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების გამო თავისუფლად და გაცნობიერებულად ვერ გამოხატავს ნებას ქორწინების შესახებ, ქორწინება ვერ იქნება შესაბამისობაში პირის უფლებასთან, დაცული იყოს არანებაყოფლობითი ქორწინებისგან და პიროვნული ავტონომიის ხელყოფისგან. ამდენად, აშკარაა, რომ სადავო ნორმების ლეგიტიმურ მიზანს შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობის მქონე პირების არანებაყოფლობითი ქორწინებისაგან დაცვა წარმოადგენს.

სასამართლო ასევე იზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ სადავო ნორმა მიზნად ისახავს ქმედუუნაროდ აღიარებული პირის ქონებრივი ინტერესების დაცვას ანგარებით მოქმედი მეუღლისგან.  საზოგადოებრივ ცხოვრებაში ვერ გამოირიცხება შემთხვევები, როდესაც ანგარებით მოქმედი პირები ბოროტად იყენებენ პირის შეზღუდულ გონებრივ შესაძლებლობებს ქონებრივი სარგებლის მისაღებად. შესაბამისად, კანონმდებელი ღირებული ინტერესის დაცვას ახდენს.“

საქართველოს მოქალაქეები – ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/4/532,533, 8 ოქტომბერი, 2014

 

„გამოსადეგობასთან ერთად, მზღუდავი ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის აუცილებელ საშუალებას. კერძოდ, არ უნდა არსებობდეს ამავე ლეგიტიმური მიზნის ნაკლებად მზღუდველი საშუალებით მიღწევის გონივრული შესაძლებლობა. ნორმის მზღუდავი ეფექტის ლეგიტიმურ მიზნებთან თანაზომიერება მოითხოვს უფლებაში ჩარევის ინდივიდუალიზაციასა და საჭიროებებზე მაქსიმალურ მორგებას. ნორმა, რომელიც  უპირობოდ და სრულად ზღუდავს უფლებას, რთულად თუ დააკმაყოფილებს კონსტიტუციურობის სტანდარტს. ამავდროულად, უფლებამზღუდავი რეგულაციის საჭიროებებზე მორგება მთელ რიგ გამოწვევებთანაა დაკავშირებული. ამგვარი გამოწვევები კი უდავოდ არსებობს შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობის მქონე პირებთან მიმართებით. სამედიცინო, სოციალური და სამართლებრივი თვალსაზრისით, რთულია განისაზღვროს, სად გადის თანაზომიერების ზღვარი შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობის მქონე პირების დაცულობასა და ქორწინების თავისუფლებას შორის.

საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ სახელმწიფოები შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე პირებთან მიმართებით პირადი ავტონომიის უფრო და უფრო ნაკლებად მზღუდავ მექანიზმებს იყენებენ. მათ შორის ქორწინების თავისუფლებასთან, როგორც პიროვნული ავტონომიის მნიშვნელოვან გამოვლინებასთან მიმართებით. კერძოდ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ენიჭებათ ქორწინების უფლების რეალიზაციის შესაძლებლობა მეურვის ან კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს თანხმობითა და მეთვალყურეობით. ამასთან, ცალკეულ შემთხვევაში მეურვის უფლებამოსილება სამეურვეო პირის ქორწინებაზე თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით მხოლოდ ქონებრივი ასპექტებით იზღუდება და მისი კომპეტენცია პირადი არაქონებრივი შინაარსის ურთიერთობებზე არ ვრცელდება.“

საქართველოს მოქალაქეები – ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/4/532,533, 8 ოქტომბერი, 2014

 

„ქორწინება უნიკალური ხასიათის სამოქალაქო გარიგებაა, რომელიც სხვა გარიგებებისაგან განსხვავებით, პირადი არაქონებრივი ურთიერთობების კომპონენტებსაც მოიცავს.  ამდენად, ქორწინების მნიშვნელობის გაცნობიერება განსხვავებულ სოციალურ უნარებს მოითხოვს, ვიდრე ეს წმინდა ქონებრივი შინაარსის გარიგებების გააზრებისთვისაა საჭირო.

საკონსტიტუციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სადავო რეგულირებით სახელმწიფო ესწრაფვის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნის მიღწევას – პირის ქონებრივი ინტერესებისა და პირადი ავტონომიის დაცვას. სასამართლო დასაშვებად მიიჩნევს ისეთ რეგულირებას, რომელიც ზღუდავს ქმედუუნარო პირთა ქორწინების ქონებრივ შედეგებს და ემსახურება შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვას. თუმცა შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს ამ მიზნის მიღწევის თანაზომიერ საშუალებას და არ უნდა იწვევდეს პირის შეუზღუდავი გონებრივი და სოციალური უნარების იგნორირებას. განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ არსებობს ქმედუუნარო პირის ქონებრივი უფლებების ნაკლებადმზღუდველი საშუალებით დაცვის ასეთი გონივრული შესაძლებლობა. მათ შორის, მეურვის ან კომპეტენტური ორგანოს თანხმობის დაწესება, ქორწინების შემოფარგვლა მხოლოდ სოციალური და პირადი შედეგებით, საქორწინო კონტრაქტის სავალდებულოობა და ა.შ.

ქორწინების ქონებრივი და არაქონებრივი შედეგების გაცნობიერების უნარები შესაძლებელია ინდივიდუალურ შემთხვევაში განსხვავებული იყოს. ქორწინების ქონებრივი შედეგები, რომლებიც უკავშირდება გარკვეული ქონებრივი ვალდებულებების აღებას, განსხვავებულ განჭვრეტას საჭიროებს, განსხვავებით ქორწინების არაქონებრივი სოციალური შედეგებისა.“

საქართველოს მოქალაქეები – ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/4/532,533, 8 ოქტომბერი, 2014

 

„ქმედუუნაროდ აღიარებულ პირებს არა მხოლოდ ქორწინების ქონებრივი შედეგები ეზღუდებათ, არამედ შეზღუდულია მათი ქორწინების შედეგად პირადი არაქონებრივი უფლებების შეძენის უფლებაც. ასევე არ ხდება ქმედუუნაროდ აღიარებული პირისა და მისი პარტნიორის ურთიერთობის სოციალური აღიარება. სახელმწიფო არ ახდენს ასეთი პირების კავშირის ლეგიტიმაციას.

კანონმდებლობა არ კრძალავს ქმედუუნარო პირების ფაქტობრივ თანაცხოვრებასა და მათ მიერ შვილების ყოლას. ამავე დროს, შვილის ყოლას თან სდევს შესაბამისი ქონებრივი და პირადი არაქონებრივი ვალდებულებები, იქნება ეს საალიმენტო, აღზრდისა და სათანადო პირობების შექმნის ვალდებულება თუ სხვა. ყურადსაღებია, რომ კანონმდებელი ამგვარ აუცდენელ შემთხვევებში თავადვე აკისრებს ქმედუუნაროდ აღიარებულ პირებს გარკვეულ საოჯახო-სამართლებრივ ვალდებულებებს.

სხვა პირთან ერთად, ოჯახის შექმნის გაცნობიერებული სურვილი, შესაძლებელია, არსებობდეს ქონებრივი შედეგების გაცნობიერების გარეშეც. სადავო რეგულაცია არ ითვალისწინებს იმის ალბათობას, რომ „სულით ავადმყოფობისა“ და „ჭკუასუსტობის“ გამო ქმედუუნაროდ აღიარებულ პირთა გარკვეულ კატეგორიას, შესაძლოა, არ ჰქონდეს დაკარგული უნარი, შეიგნოს ქორწინების, როგორც სოციალური აქტის მნიშვნელობა, გაიაზროს ის პირადი და სოციალური შედეგები, რაც ქორწინებას ახლავს. სადავო ნორმების შესაბამისად, არ ხდება პირის უნარების შემოწმება სოციალური ცხოვრების იმ სფეროს მიხედვით, რომელსაც შეეხება მისაღები გადაწყვეტილება და, ამდენად, უგულებელყოფილია ქმედუუნაროდ აღიარებული პირების შეუზღუდავი უნარები.“

საქართველოს მოქალაქეები – ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/4/532,533, 8 ოქტომბერი, 2014

Back to Top

%d bloggers like this: