„საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი. ყველა ვალდებულია გაუფრთხილდეს ბუნებრივ და კულტურულ გარემოს.“ აღნიშნული კონსტიტუციური დანაწესი, ერთი მხრივ, განამტკიცებს ადამიანის ძირითად უფლებას, ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, ხოლო მეორე მხრივ, ადგენს, საზოგადოების თითოეული წევრის ვალდებულებას, გაუფრთხილდეს ბუნებრივ და კულტურულ გარემოს. აქედან გამომდინარე, სასამართლომ კონსტიტუციის 37-ე მუხლის შინაარსი უნდა განმარტოს ამ ორი მნიშვნელოვანი კომპონენტის შინაარსის გათვალისწინებით. ამავდროულად, კონსტიტუციური უფლების შინაარსისა და ფარგლების განსაზღვრისას, უნდა ვიხელმძღვანელოთ ადამიანის ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოზე ხელმისაწვდომობის სტანდარტით. კონსტიტუციის აღნიშნული დებულებებით დაცული ვერ იქნება პირის უფლება, იცხოვროს მისთვის კომფორტულ ან/და ესთეტიკურად მისაღებ გარემოში და სახელმწიფოსგან მოითხოვოს აღნიშნულის უზრუნველყოფა. კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების რეგულირების მიზანია, ყველამ იზრუნოს არსებულ ბუნებრივ გარემოზე და სახელმწიფოსგან მოითხოვოს მისი დაცვა. გარემო პირობების მზარდმა დეგრადაციამ და მასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა გარდაუვალი გახადა ჯანმრთელობისთვის უვნებელი გარემოს კონსტიტუციური დაცვის საჭიროება. საქართველოს კონსტიტუციის ტექსტი მიუთითებს, რომ „ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში“ და გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები მხოლოდ გარემოს დაცვისაკენ მიმართულ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპებად იქნეს განხილული. საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შინაარსის, დანიშნულებისა და სულისკვეთების გათვალისწინებით უდავოა, რომ კონსტიტუცია ესწრაფვის ჯანსაღ გარემოზე უფლების მაღალი სტანდარტის ჩამოყალიბებას და მას ადამიანის ძირითად უფლებად განიხილავს. ეკოლოგიური უფლებების კონსტიტუციურ-სამართლებრივ სივრცეში მოქცევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფოს ანგარიშვალდებულების, გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, საზოგადოებრივი მონაწილეობისა და სხვა გარემოსდაცვითი მექანიზმების გამართული, ეფექტური მუშაობისა და კოორდინაციისათვის. ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლების დადგენით, საქართველოს კონსტიტუცია ადასტურებს და განამტკიცებს კონსტიტუციურ ღირებულებათა წესრიგში მდგრადი ეკოლოგიური განვითარების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.“
საქართველოს მოქალაქე გიორგი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/1/524, 10 აპრილი, 2013
„საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები სახელმწიფოს მიმართ ადგენენ ორი სახის ვალდებულებას: 1) სახელმწიფო ვალდებულია, მისი აქტიური ქმედების ფარგლებში, ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული და სხვა სახის პროექტებისა თუ სხვა ნებისმიერი ღონისძიების განხორციელებისას, გაითვალისწინოს და მაქსიმალურად შეამციროს საქმიანობის შედეგად გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება (ნეგატიური ვალდებულება); 2) სახელმწიფომ გარემო უნდა დაიცვას კერძო პირების მიერ დაზიანებისაგან (პოზიტიური ვალდებულება).“
საქართველოს მოქალაქე გიორგი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/1/524, 10 აპრილი, 2013
„ჯანმრთელ გარემოში ცხოვრების უფლების შინაარსის განსაზღვრისას ასევე ყურადღება უნდა მიექცეს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვებს: „ყველას აქვს უფლება … სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი. ყველა ვალდებულია გაუფრთხილდეს ბუნებრივ და კულტურულ გარემოს.“ აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები განამტკიცებენ ადამიანის უფლებას ბუნებრივ გარემოზე, კერძოდ, იმ გარემოზე, რომელიც, თავისთავად, ადამიანის ზემოქმედების გარეშე არსებობს და ადგენენ ყველას ვალდებულებას, გაუფრთხილდეს მას. კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების დაცვის მიზანს არ წარმოადგენს სახელმწიფოს ვალდებულების ან უფლებამოსილების დადგენა, თავისი შეხედულებისამებრ, საზოგადოებასთან კონსულტაციის შედეგად ან სხვა ფორმით განსაზღვროს, რა არის ადამიანის ცხოვრებისთვის საუკეთესო გარემო და შემდგომში შეეცადოს, შექმნას იგი აქტიური ჩარევის გზით. ამის საპირისპიროდ, კონსტიტუციის ხსენებული დებულებები, კონსტიტუციურ ფასეულობად აცხადებენ იმ საცხოვრებელ გარემოს, რომელიც არსებობს ადამიანის ჩარევის გარეშე. კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიზანია ადამიანის ზემოქმედებისაგან მაქსიმალურად თავისუფალი გარემოს შენარჩუნება. შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია, არ მისცეს მესამე პირებს გარემოზე განუზომელი ზემოქმედების მოხდენის შესაძლებლობა. ეს უნდა გამოიხატოს გარემოს დაცვის სფეროში ადამიანთა გარკვეული ქმედებების აკრძალვაში და ამ ქმედებების ჩადენისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაწესებაში. კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებიდან გამომდინარე, სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის გონივრული მოლოდინის არსებობას, რომ გარემოს დაზიანების შემთხევევაში, ნებისმიერი პირის მიმართ გამოყენებული იქნება სამართლებრივი ზემოქმედების ადეკვატური საშუალებები. სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას ისეთი სამართლებრივი მექანიზმები, რომლებიც გარემოს დაზიანებისკენ მიმართულ ქმედებებთან დაკავშირებით პრევენციულ ფუნქციას შეასრულებენ.“
საქართველოს მოქალაქე გიორგი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/1/524, 10 აპრილი, 2013
„კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებიდან გამომდინარე, სახელმწიფო ვალდებულია, გარემოს დაცვის მიზნით, დააწესოს გარკვეული აკრძალვები და ამ აკრძალვების შესრულების უზრუნველმყოფი სამართლებრივი პასუხისმგებლობის მექანიზმები. მართალია, ამა თუ იმ სამართალდარღვევისათვის შესაბამისი სანქციის შერჩევისას, სახელმწიფოს ფართო მიხედულება აქვს, მაგრამ სანქცია ისე არ უნდა იყოს გამოყენებული, რომ დაკარგოს თავისი მიზანი და დანიშნულება. კანონით გარკვეული ქმედების აკრძალვისა და ამ ქმედებისათვის სანქციის მოცულობის განსაზღვრის უმთავრესი მიზანი სამართალდარღვევის პრევენციაა. პირის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე მომავალი დროის გარკვეულ პერიოდში შეთანხმების დადებას, მის მიმართ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სფეროში დადგენილი აკრძალვების ფაქტობრივი გაუქმების ეფექტი აქვს. დაინტერესებული პირი კარგავს განცდას, რომ შესაძლებელია მას გარემოსთვის ზიანების მიყენების სანაცვლოდ, პასუხისმგებლობა დაეკისროს. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში მას დაუბრკოლებლად მოქმედების თავისუფლება ეძლევა, შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობის ის ნორმები, რომლებიც განსაზღვრავენ გარკვეული სამართალდარღვევების შინაარსს, დაინტერესებული პირის მიმართ გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების პრევენციის უმთავრეს ფუნქციას კარგავენ. სწორედ სამართალდარღვევის ჩადენის წახალისებას ასახელებდა მოსარჩელე სადავო ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობის უმთავრეს პრობლემად.
კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები უდავოდ მიმართულია პირისათვის ქმედების ამგვარი თავისუფლების მინიჭების აღკვეთისაკენ. სასამართლო იზიარებს მოსარჩელის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ შეთანხმების დადების შედეგად, დაინტერესებული პირების მიმართ კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვები კარგავენ „შემაკავებელ ეფექტს“. პირისთვის გარემოზე ზემოქმედების ფართო თავისუფლების მინიჭება კონფლიქტში მოდის სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასთან, უზრუნველყოს გარემოს დაცვა ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი გარემოს შესანარჩუნებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, იზღუდება მოსარჩელის საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დაცული უფლება.“
საქართველოს მოქალაქე გიორგი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/1/524, 10 აპრილი, 2013
„აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი კანონი, რომელიც შესაძლებელია გარემოზე გარვეული ზემოქმედების შესაძლებლობას უშვებდეს, ა პრიორი არ უნდა იქნეს მიჩნეული არაკონსტიტუციურად… ადამიანის სხვა უფლებების მსგავსად, ჯანმრთელ გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზებასაც მოჰყვება სხვადასხვა კონსტიტუციური უფლებებისა თუ ლეგიტიმური სახელმწიფო ინტერესებთან შემხებლობა და ერთგვარი კონკურენცია. სწორედ ამ დროს დგება სახელმწიფოს მიერ გონივრული ბალანსის დადგენის საჭიროება.“
საქართველოს მოქალაქე გიორგი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/1/524, 10 აპრილი, 2013
„კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტი, ერთი მხრივ, ადგენს თითოეული ინდივიდის უფლებას, „სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი“, ხოლო, მეორე მხრივ, განსაზღვრავს მის თანმდევ ვალდებულებას, ცხოვრებისა და საქმიანობის პროცესში გაუფრთხილდეს ბუნებრივ და კულტურულ გარემოს. აღნიშნული დანაწესი განამტკიცებს ინდივიდის უფლებას იმ გარემოზე, რომელიც, თავისთავად, ადამიანის ზემოქმედების გარეშე არსებობს და, იმავდროულად, ადგენს მის ვალდებულებას, გაუფრთხილდეს ამგვარი სახით არსებულ გარემოს, მაქსიმალურად შეინარჩუნოს იგი ხელოვნური ზემოქმედებისგან თავისუფალ მდგომარეობაში.“