37 – ე მუხლის მე – 4 პუნქტი

„კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების რეგულირების მიზანია, ყველამ იზრუნოს არსებულ ბუნებრივ გარემოზე და სახელმწიფოსგან მოითხოვოს მისი დაცვა. გარემო პირობების მზარდმა დეგრადაციამ და მასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა გარდაუვალი გახადა ჯანმრთელობისთვის უვნებელი გარემოს კონსტიტუციური დაცვის საჭიროება. საქართველოს კონსტიტუციის ტექსტი მიუთითებს, რომ „ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში“ და გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები მხოლოდ გარემოს დაცვისაკენ მიმართულ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპებად იქნეს განხილული. საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შინაარსის, დანიშნულებისა და სულისკვეთების გათვალისწინებით უდავოა, რომ კონსტიტუცია ესწრაფვის ჯანსაღ გარემოზე უფლების მაღალი სტანდარტის ჩამოყალიბებას და მას ადამიანის ძირითად უფლებად განიხილავს. ეკოლოგიური უფლებების კონსტიტუციურ-სამართლებრივ სივრცეში მოქცევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფოს ანგარიშვალდებულების, გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, საზოგადოებრივი მონაწილეობისა და სხვა გარემოსდაცვითი მექანიზმების გამართული, ეფექტური მუშაობისა და კოორდინაციისათვის. ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლების დადგენით, საქართველოს კონსტიტუცია ადასტურებს და განამტკიცებს კონსტიტუციურ ღირებულებათა წესრიგში მდგრადი ეკოლოგიური განვითარების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.“

საქართველოს მოქალაქე გიორგი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/1/524, 10 აპრილი, 2013

 

„საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები სახელმწიფოს მიმართ ადგენენ ორი სახის ვალდებულებას: 1) სახელმწიფო ვალდებულია, მისი აქტიური ქმედების ფარგლებში, ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული და სხვა სახის პროექტებისა თუ სხვა ნებისმიერი ღონისძიების განხორციელებისას, გაითვალისწინოს და მაქსიმალურად შეამციროს საქმიანობის შედეგად გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება (ნეგატიური ვალდებულება); 2) სახელმწიფომ გარემო უნდა დაიცვას კერძო პირების მიერ დაზიანებისაგან (პოზიტიური ვალდებულება).“

საქართველოს მოქალაქე გიორგი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/1/524, 10 აპრილი, 2013

 

„საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები განამტკიცებენ ადამიანის უფლებას ბუნებრივ გარემოზე, კერძოდ, იმ გარემოზე, რომელიც,  თავისთავად, ადამიანის ზემოქმედების გარეშე არსებობს და ადგენენ ყველას ვალდებულებას, გაუფრთხილდეს მას. კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების დაცვის მიზანს არ წარმოადგენს სახელმწიფოს ვალდებულების ან უფლებამოსილების დადგენა, თავისი შეხედულებისამებრ, საზოგადოებასთან კონსულტაციის შედეგად ან სხვა ფორმით განსაზღვროს, რა არის ადამიანის ცხოვრებისთვის საუკეთესო გარემო და შემდგომში შეეცადოს, შექმნას იგი აქტიური ჩარევის გზით. ამის საპირისპიროდ, კონსტიტუციის ხსენებული დებულებები, კონსტიტუციურ ფასეულობად აცხადებენ იმ საცხოვრებელ გარემოს, რომელიც არსებობს ადამიანის ჩარევის გარეშე… კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტდებიდან გამომდინარე, სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის გონივრული მოლოდინის არსებობას, რომ გარემოს დაზიანების შემთხევევაში, ნებისმიერი პირის მიმართ გამოყენებული იქნება სამართლებრივი ზემოქმედების ადეკვატური საშუალებები. სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას ისეთი სამართლებრივი მექანიზმები, რომლებიც გარემოს დაზიანებისკენ მიმართულ ქმედებებთან დაკავშირებით პრევენციულ ფუნქციას შეასრულებენ.“

საქართველოს მოქალაქე გიორგი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/1/524, 10 აპრილი, 2013

 

„ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრების მარეგლამენტირებელი კონსტიტუციური დებულებების განმარტებისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-4 პუნქტის შინაარსი და დანიშნულება. საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტი მიმართულია ბუნებრივი გარემოსთვის რეალურ დროში არსებული საფრთხეების და გარემოსათვის მიყენებული ზიანის შეძლებისდაგვარად თავიდან აცილების ან/და გამოსწორებისაკენ. აღნიშნულისგან განსხვავებით, კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-4 პუნქტი შეეხება მომავალი თაობების ინტერესების დაცვის საჭიროებას და მიუთითებს, რომ ბუნებათსარგებლობა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ისე, რომ ეკონომიკური ინტერესების შესაბამისად, ქვეყნის მდგრადი განვითარების პარალელურად დაბალანსდეს ეკოლოგიური ინტერესები, რათა ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემო შენარჩუნდეს. შესაბამისად, ბუნებაზე ზემოქმედების შეზღუდვასთან დაკავშირებით, 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების რეგულირების სფეროს შესაძლებელია წარმოადგენდეს არა მხოლოდ უსაფრთხო გარემოსათვის დღეს არსებული (გარემოს სტატუს-ქვოსთვის შემცველი) საფრთხეების თავიდან აცილება, არამედ სამომავლო საფრთხეებისგან თავის დაცვაც.“

საქართველოს მოქალაქე გიორგი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/1/524, 10 აპრილი, 2013

 

„სახელმწიფოს განვითარება, ეკონომიკური და ტექნოლოგიური პროგრესი, ხშირ შემთხვევაში, თავისთავად იწვევს გარემოზე მავნე ზემოქმედების ზრდას. ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა სახელმწიფო ხელისუფლების უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს, შესაბამისად, სახელმწიფოს ხშირად უწევს ეკონომიკური და ეკოლოგიური ფაქტორების გათვალისწინება და დაბალანსება. სწორედ ამ ბალანსზე მიუთითებს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის თანახმად, სახელმწიფო უზრუნველყოფს „ბუნებრივი რესურსებით რაციონალურ სარგებლობას, ქვეყნის მდგრად განვითარებას საზოგადოების ეკონომიკური და ეკოლოგიური ინტერესების შესაბამისად.“ ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად ეკოლოგიის დაცვა შესაძლებელია ხშირად მოვიდეს კოლიზიაში სამეწარმეო თავისუფლების რეგულირების სფეროსთან. იმის გარკვევა, სახელმწიფოს, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიზნით, რა მოცულობით შეუძლია დაუშვას გარემოზე ზემოქმედება, ადამიანის ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში ცხოვრების ძირითადი უფლების პრაქტიკული რეალიზების ერთ-ერთ ურთულეს სამართლებრივ პრობლემას წარმოადგენს, რომელზეც ზოგადი და უნივერსალური მიდგომის ჩამოყალიბება შეუძლებელია. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინტერესთა ურთიერთშეპირისპირების გზით უნდა გაირკვეს, ამა თუ იმ ფორმით გარემოზე ზემოქმედება წარმოადგენს თუ არა ადამიანის ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლების დარღვევას.

პირის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით შეთანხმების დადება, ხშირ შემთხვევაში, ემსახურება კონკრეტული სამართალდარღვევების გამოვლენისა და ამ სამართალდარღვევაზე სახელმწიფოს ადეკვატური რეაგირების მოხდენის უზრუნველყოფას. ზოგადად, სამართალდარღვევის გამოვლენა და მასზე რეაგირება მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს. ამ მიზნის მისაღწევად, ადამიანის ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლების შეზღუდვა, გარკვეულ პირობებში, შესაძლებელია კონსტიტუციურ-სამართლებრივად გამართლებულიც იყოს. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმების მიღების ლეგიტიმურ მიზნად ვერ იქნება განხილული სამართალდარღვევების გამოვლენა, ვინაიდად შეთანხმება იდება იმგვარად, რომ შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს არ ეკისრებათ ვალდებულება, გაარკვიონ, რა სამართალდარღვევა ჩაიდინა დაინტერესებულმა პირმა. ამავდროულად, შეთანხმება შეიძლება დაიდოს  იმ ქმედებების კანონიერად ცნობაზე, რომელიც პირს ჯერ არ ჩაუდენია, მოცემულ შემთხვევაში რთულია განვსაზღვროთ, კონკრეტულად რა მიზანს ემსახურება სახელმწიფოს მიერ ასეთი რეგულირების დადგენა.

კანონით განსაზღვრული შეთანხმების ინსტიტუტის არსებობის გარკვეული ლეგიტიმური მიზნები რომც არსებობდეს, სადავო ნორმების არსებული რედაქციის პირობებში შეუძლებელი იქნება იმის მტკიცება, რომ დაცულია გონივრული ბალანსი ადამიანის ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლების შეზღუდვასა და სადავო ნორმის მოქმედების პოზიტიურ ეფექტებს შორის. მოცემულ შემთხვევაში, შეთანხმება ფორმდება ისე, რომ ცნობილი არ არის დაინტერესებულმა პირმა რა მოცულობის ზიანი მიაყენა გარემოს და, მითუმეტეს, შეუძლებელია იმის განსაზღვრა, რა ზიანი დადგენა მომავალში. შესაბამისად, შეუძლებელია საუბარი გონივრული ბალანსის არსებობაზე იმ პირობებში, როდესაც ჯანსაღი გარემოსათვის მიყენებული ზიანი შესაძლებელია განუზომლად დიდი იყოს. ყველაზე კეთილსინდისიერი სამართალშემფარდებელიც კი ვერ მოახერხებს, გონივრულად შეაფასოს გარემოსათვის მიყენებული ზიანის სათანადო კომპენსაცია იმ პირობებში, როდესაც არ იცის, რა მოცულობისაა იგი. მოცემულ შემთხვევაში შეუძლებელია, სახელმწიფომ ამტკიცოს, რომ გარემოზე ზემოქმედების დაშვების საპირწონედ იგი იცავს თანაზომად სიკეთეებს. შესაბამისად, დარღვეულია გონივრული ბალანსი სადავო ნორმით დადგენილი უფლების შეზღუდვასა და მისი მიღებით მიღწეულ პოზიტიურ შედეგებს შორის. სადავო ნორმების მიღებით სახელმწიფო არღვევს ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობის უზრუნველყოფის კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ ვალდებულებებს.“

საქართველოს მოქალაქე გიორგი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/1/524, 10 აპრილი, 2013

 

„კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებიდან გამომდინარე, სახელმწიფო ვალდებულია, გარემოს დაცვის მიზნით, დააწესოს გარკვეული აკრძალვები და ამ აკრძალვების შესრულების უზრუნველმყოფი სამართლებრივი პასუხისმგებლობის მექანიზმები. მართალია, ამა თუ იმ სამართალდარღვევისათვის შესაბამისი სანქციის შერჩევისას, სახელმწიფოს ფართო მიხედულება აქვს, მაგრამ სანქცია ისე არ უნდა იყოს გამოყენებული, რომ დაკარგოს თავისი მიზანი და დანიშნულება. კანონით გარკვეული ქმედების აკრძალვისა და ამ ქმედებისათვის სანქციის მოცულობის განსაზღვრის უმთავრესი მიზანი სამართალდარღვევის პრევენციაა. პირის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე მომავალი დროის გარკვეულ პერიოდში შეთანხმების დადებას, მის მიმართ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სფეროში დადგენილი აკრძალვების ფაქტობრივი გაუქმების ეფექტი აქვს. დაინტერესებული პირი კარგავს განცდას, რომ შესაძლებელია მას გარემოსთვის ზიანების მიყენების სანაცვლოდ, პასუხისმგებლობა დაეკისროს. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში მას დაუბრკოლებლად მოქმედების თავისუფლება ეძლევა, შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობის ის ნორმები, რომლებიც განსაზღვრავენ გარკვეული სამართალდარღვევების შინაარსს, დაინტერესებული პირის მიმართ გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების პრევენციის უმთავრეს ფუნქციას კარგავენ. სწორედ სამართალდარღვევის ჩადენის წახალისებას ასახელებდა მოსარჩელე სადავო ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობის უმთავრეს პრობლემად.

კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები უდავოდ მიმართულია პირისათვის ქმედების ამგვარი თავისუფლების მინიჭების აღკვეთისაკენ. სასამართლო იზიარებს მოსარჩელის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ შეთანხმების დადების შედეგად, დაინტერესებული პირების მიმართ კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვები კარგავენ „შემაკავებელ ეფექტს“. პირისთვის გარემოზე ზემოქმედების ფართო თავისუფლების მინიჭება კონფლიქტში მოდის სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასთან, უზრუნველყოს გარემოს დაცვა ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი გარემოს შესანარჩუნებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, იზღუდება მოსარჩელის საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დაცული უფლება.“

საქართველოს მოქალაქე გიორგი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/1/524, 10 აპრილი, 2013

 

„კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას, ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით, საზოგადოების ეკონომიკური და ეკოლოგიური ინტერესების შესაბამისად, უზრუნველყოს გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობა და ქვეყნის მდგრადი განვითარება ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად. კონსტიტუცია ნათლად მიუთითებს, რომ, ცალკეული ინდივიდებისგან განსხვავებით, სახელმწიფოს როლი არ შემოიფარგლება გარემოს მიმართ მხოლოდ აწმყოში არსებული საფრთხეების თავიდან აცილებითა და ამ გზით ინდივიდებზე ზრუნვით, არამედ, იმავდროულად, გულისხმობს მომავალი თაობების საჭიროებათა გათვალისწინებისა და საზოგადოების ეკონომიკური და ეკოლოგიური ინტერესების სწორად დაბალანსების ვალდებულებას.“

შპს „მადაი” და შპს “პალიასტომი 2004” საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის წინააღმდეგ, №1/3/611, 30 სექტემბერი, 2016

 

„გარემო და მისი შემადგენელი ბუნებრივი რესურსები წარმოადგენს კონსტიტუციურ დონეზე დაცულ საზოგადოებრივ სიკეთეს, რომლის განსაკუთრებული მნიშვნელობა ასეთი სიკეთით სარგებლობის პროცესში სახელმწიფოს აქტიურ როლს განაპირობებს. აღნიშნული განსაკუთრებით მიემართება ბუნებრივ რესურსებს, რომელთა გარკვეული ნაწილი ბუნებით ამოწურვადია და მათმა ირაციონალურმა გამოყენებამ შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას მათ არსებობას. იგივე შეიძლება ითქვას განახლებად ბუნებრივ რესურსებზე, რომლითაც შეუზღუდავი სარგებლობა, გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა იწვევდეს მის შეუქცევად რაოდენობრივ ან ხარისხობრივ ცვლილებებსა და დეგრადაციას.“

შპს „მადაი” და შპს “პალიასტომი 2004” საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის წინააღმდეგ, №1/3/611, 30 სექტემბერი, 2016

 

„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მართვისას სახელმწიფო შესაძლებელია იყენებდეს განსხვავებულ მეთოდებსა და მასშტაბებს თავად რესურსის ბუნებიდან და მნიშვნელობიდან, ასევე მის მიმართ სახელმწიფოს ეკონომიკური, მდგრადი განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე. ინტერესთა სფერო, ისევე როგორც ბუნებრივი რესურსების მნიშვნელობა, შესაძლებელია განაპირობებდეს, მათ შორის, კომპეტენციათა გამიჯვნის საჭიროებას სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს და ადგილობრივ ორგანოებს შორისაც.“

შპს „მადაი” და შპს “პალიასტომი 2004” საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის წინააღმდეგ, №1/3/611, 30 სექტემბერი, 2016

 

„ლიცენზიას, რომელიც უკავშირდება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობას, მათ შორის თევზჭერას, სახელმწიფო გასცემს აუქციონის წესით, რომელშიც მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ საქართველოს რეზიდენტ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ კანონმდებლობით დადგენილ სალიცენზიო პირობებს და იკისრებენ ვალდებულებას, დააკმაყოფილონ ლიცენზიის გამცემის მიერ განსაზღვრული მოთხოვნები. ლიცენზიის მფლობელ სუბიექტთა წრე შეზღუდულია. ბუნებრივ რესურსებზე წვდომის რეგულირება ასეთი სახით ხაზს უსვამს ამგვარი რესურსის, როგორც საზოგადოებრივი სიკეთის მნიშვნელობას (კონცეფციას) და ემსახურება ბუნებრივი და კულტურული გარემოთი სარგებლობის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების რეალიზაციას. ლიცენზიის მაძიებელ თითოეულ სუბიექტს აქვს თანაბარი შანსი, კანონმდებლობით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ჰქონდეს წვდომა კონკრეტულ რესურსზე, სახელმწიფოსათვის კი ქმნის შესაძლებლობას, ეფექტურად განახორციელოს რაციონალური ბუნებათსარგებლობის ასევე კონსტიტუციით განსაზღვრული ვალდებულება.“

შპს „მადაი” და შპს “პალიასტომი 2004” საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის წინააღმდეგ, №1/3/611, 30 სექტემბერი, 2016

 

„ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის, რაციონალური გამოყენების, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და შავი ზღვის იქთიოფაუნის ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნების მიზნები თანაბრად მიემართება ამ სფეროში კონკრეტული რესურსებით სარგებლობისათვის როგორც მოსაკრებლის დაწესებას, აგრეთვე ამგვარი მოსაკრებლის სადავო ნორმით დადგენილ გამოთვლის წესს. დასახელებული მიზნების მიღწევისთვის მნიშვნელოვანია თევზის რესურსის ათვისება განხორციელდეს თითოეული ლიცენზიანტის მიერ იმ მთლიანი კვოტის ფარგლებში, რაც განისაზღვრება ყოველწლიურად. თევზჭერის ფაქტობრივი განხორციელება თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც საზოგადოებისთვის, ასევე სახელმწიფოს ეკონომიკური წინსვლისათვის. რესურსის მაქსიმალურად ათვისება განაპირობებს ბაზრის რეგულარულ მომარაგებას და ამგვარად მოსახლეობას უზრუნველყოფს თევზის პროდუქტით.“

შპს „მადაი” და შპს “პალიასტომი 2004” საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის წინააღმდეგ, №1/3/611, 30 სექტემბერი, 2016

 

„გარემოს დაცვასა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის კონსტიტუციურსამართლებრივი მოწესრიგების თავისებურების, ამ სფეროში მნიშვნელოვანი ინტერესებისა და სახელმწიფოს განსაკუთრებული როლის გათვალისწინებით, მოცემულობას წარმოადგენს სპეციფიკურად დაცული სფერო, რომელიც საჭიროებს სასამართლოს მხრიდან თანაბრად სპეციფიკურ მიდგომას. ბუნებრივი რესურსების განკარგვისა და ამ პროცესში საჯარო და კერძო ინტერესების დაბალანსებისას კანონმდებელი ფართო მიხედულების ფარგლებით სარგებლობს.

საკონსტიტუციო სასამართლო მსგავს შემთხვევაში საკუთრების უფლების დარღვევას დაადგენს მხოლოდ მაშინ, როდესაც კანონმდებელი უხეშად სცდება საკუთარი დისკრეციის ფარგლებს და აშკარაა საკუთრების უფლების გაუმართლებელი, დაუსაბუთებელი შეზღუდვა.“

შპს „მადაი” და შპს “პალიასტომი 2004” საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის წინააღმდეგ, №1/3/611, 30 სექტემბერი, 2016

 

„ლიცენზიანტის მიერ მთლიანი წლიური კვოტიდან მისი პროცენტული წილის აუთვისებლობის შემთხვევაში სახელმწიფო არ არის უფლებამოსილი, თავად აითვისოს ეს მარაგი ან ლიცენზიით გადასცეს სხვა პირს. თევზჭერის ლიცენზიის მფლობელი ფლობს ექსკლუზიურ უფლებას, ისარგებლოს კონკრეტული მოცულობის ბუნებრივი რესურსით. სახელმწიფოს ამოცანას კი წარმოადგენს მათთვის ხელშეწყობა, მაქსიმალურად სრულად აითვისონ კუთვნილი რესურსი.“

შპს „მადაი” და შპს “პალიასტომი 2004” საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის წინააღმდეგ, №1/3/611, 30 სექტემბერი, 2016

Back to Top

%d bloggers like this: