„კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტი წარმოადგენს პირის მიერ ინფორმაციის მიღების უფლების სპეციალურ შემთხვევას. იგი წარმოშობს სახელმწიფოს ვალდებულებას, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მიაწოდოს გარემოს მდგომარეობის შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაცია. ამასთანავე, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის დამდგენი კონსტიტუციური უფლებებისაგან განსხვავებით, 37-ე მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, მუდმივად აწარმოოს გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი, რათა საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილ იქნეს ასეთი ინფორმაციის საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობა. ნათელია, რომ ეს ორი ვალდებულება ერთმანეთთან ორგანულად არის დაკავშირებული, რადგან ამ ტიპის ინფორმაციის შეგროვებისა და დამუშავების გარეშე, შეუძლებელი იქნება ადამიანის უფლების ეფექტური რეალიზება.
საქართველოს კონსტიტუციის გარდა, გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობს უფლება განმტკიცებულია არაერთი საერთაშორისო დოკუმენტით. მაგალითისთვის, „გარემოსა და განვითარების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1992 წლის რიო-დე-ჟანეიროს დეკლარაცია და „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ 1998 წლის ორჰუსის კონვენცია. აღნიშნული საერთაშორისო დოკუმენტები ხელისუფლების ორგანოებს აკისრებენ ვალდებულებას, საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახადონ გარემოსდაცვითი ინფორმაცია.“
საქართველოს მოქალაქე გიორგი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/1/524, 10 აპრილი, 2013
„გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის სფეროში საზოგადოების მონაწილეობის თვალსაზრისით. შესაბამისად, გარემოს მდგომარეობის შესახებ შესაგროვებელი ინფორმაცია უნდა აკმაყოფილებდეს იმ შინაარსობრივ მინიმუმს, რაც აუცილებელია გარემოს დაცვის სფეროში საზოგადოების მონაწილეობის რეალიზაციისთვის. კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტის ფარგლებში სახელმწიფო ვალდებულია, შეაგროვოს ინფორმაცია, რომელიც შეეხება გარემოს მდგომარეობას და იმ ფაქტორებს, რომლებიც ზემოქმედებას ახდენენ მასზე. პირველ რიგში, ასეთად უნდა იქნეს განხილული ინფორმაცია გარემოს შემადგენელი ელემენტების – ჰაერის, ატმოსფეროს, წყლის, ნიადაგის, მიწის, ლანდშაფტისა და ბუნებრივი ობიექტების მდგომარეობის, ბიოლოგიური მრავალფეროვნებისა და მისი კომპონენტების, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების დ ამ ელემენტების ურთიერთქმედების შესახებ. ასევე მნიშვნელოვანია, ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია სახელმწიფო პოლიტიკის, გეგმების, პროგრამებისა და კანონმდებლობის შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენენ ან შესაძლოა მოახდინონ გარემოზე.“
საქართველოს მოქალაქე გიორგი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/1/524, 10 აპრილი, 2013
„საქართველოს კანონმდებლობის ანალიზი ცხადყოფს, რომ საჯარო ხელისუფლების ორგანოები გარემოს მდგომარეობაზე მონიტორინგს ახორციელებენ ორი ძირითადი მიმართულებით. ერთი მხრივ, სახელმწიფოს ორგანოები ახდენენ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სფეროში სამართალდარღვევათა გამოვლენასა და, შესაბამისად, მათზე რეაგირებას. აღნიშნული მონიტორინგის ფარგლებში ხდება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი პირის შემოწმება და, სამართალდარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მის მიმართ პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება…
ხსენებულის პარალელურად, სხვა სახელმწიფო ორგანოები ახდენენ გარემოს მდგომარეობის გამოკვლევასა და შესწავლას არა კონკრეტული პირის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის გამოსავლენად, არამედ უშუალოდ გარემოს მდგომარების შესასწავლად… აღნიშნული საქმიანობის უმთავრესი მიზანია საზოგადოებისათვის გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, ხორციელდება მთელი რიგი ღონისძიებები. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი მექანიზმია ეროვნული მოხსენება გარემოს მდგომარების შესახებ. აღნიშნულ მოხსენებას საზოგადოებრიობის ინფორმირების მიზნით, 3 წელიწადში ერთხელ ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების ძირითადი მიზანია, უზრუნველყოს სახელმწიფოს მიერ კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების ეფექტური რეალიზაცია.“
საქართველოს მოქალაქე გიორგი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/1/524, 10 აპრილი, 2013
„გარემოს მდგომარეობის გამოკვლევას საზოგადოების ინფორმირების გარდა, შესაძლებელია, სხვა მრავალი დანიშნულებაც ჰქონდეს. მაგალითად, გარემოს დაბინძურების აღმოჩენა, შესაბამისი რეაგირების მოხდენა და ა.შ. თუმცა კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიზნებისათვის საინტერესოა თავად გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვების საკითხი. ხოლო მსჯელობა იმის შესახებ, თუ რა აღმოაჩენს გარემოს დაბინძურების ან სხვაგვარი დაზიანების ფაქტებს, სცდება კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტის რეგულირების სფეროს. მნიშვნელოვანია, ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით დაცული სფერო. კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტი იცავს მხოლოდ გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, ხოლო გარემოს დაბინძურების ან სხვაგვარ დაზიანებასთან დაკავშირებული საკითხები შესაძლებელია წარმოადგენდეს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების რეგულირების საგანს.“
საქართველოს მოქალაქე გიორგი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/1/524, 10 აპრილი, 2013
„საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი უფლება მოიცავს სახელმწიფოს ვალდებულებას, შეაგროვოს და საზოგადოებას მიაწოდოს გარემოს შესახებ ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი ინფორმაციის შეგროვებისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ვალდებულება შესაძლებელია შესრულდეს სხვადასხვა ფორმით, იმ პირობით, რომ საზოგადოება სრულყოფილად იქნება ინფორმირებული გარემოს მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული ვალდებულება შესაძლოა შესრულდეს უშუალოდ სახელმწიფოს მიერ გარემოს მდგომარეობის პარამეტრების შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გზით. ამავდროულად, შესაძლებელია, სახელმწიფომ საკუთარი პოზიტიური ვალდებულება შეასრულოს სხვა პირებისათვის აღნიშნული ინფორმაციის შეგროვებისა და საზოგადოებისათვის ინფორმირების ვალდებულების დაწესებით. საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტით დაწესებული მოთხოვნები შესრულებული იქნება, თუ საზოგადოება მიიღებს სრულყოფილ ინფორმაციას გარემოს მდგომარეობის შესახებ, იმის მიუხედავად, ამ ინფორმაციას სახელმწიფო თავად შეაგროვებს და მიაწვდის, თუ უზრუნველყოფს კერძო პირების მიერ შეგროვებულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტი არ იცავს საჯარო დაწესებულებაში არსებულ გარემოს შესახებ ინფორმაციის შემცველ დოკუმენტებზე წვდომის უნივერსალურ უფლებას. კონსტიტუციის ხსენებული უფლების მიზანია გარემოს მდგომარეობის შესახებ პირების ინფორმირება და არა საჯარო დაწესებულებაში არსებულ დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობის გზით სახელმწიფოს საქმიანობის კონტროლის განხორციელება. საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტისაგან განსხვავებით, გარემოს შესახებ ინფორმაციის ქონის უფლების დაცვის ობიექტი ვერ იქნება კონკრეტულ დოკუმენტზე წვდომის გზით მოქალაქეთაგან სახელმწიფოს კონტროლის განხორციელება ღია მმართველობის დამკვიდრების მიზნით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, პირი ვერ მოითხოვს საჯარო დაწესებულებაში არსებულ ნებისმიერ დოკუმენტზე წვდომას. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ ამა თუ იმ სამოქალაქო საქმეზე კერძო პირებს შორის დავისას მოწმის ან ექსპერტის ჩვენება შეეხება გარემოს მდგომარეობას, ხსენებული ჩვენება თავისთავად საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტით დაცულ უფლებრივ სფეროში ვერ მოექცევა“.
ა(ა)იპ „მწვანე ალტერნატივა” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/752, 14 დეკემბერი, 2018
„საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტით გარანტირებული გარემოს შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირებისათვის აუცილებელია, დადასტურდეს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ გარემოს შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ვალდებულებას. ვინაიდან სახელმწიფო არ არის ვალდებული, გარემოს შესახებ საზოგადოებისათვის მისაწოდებელი ინფორმაცია მიიღოს კონკრეტული დოკუმენტიდან, საჯარო დაწესებულებაში არსებულ რომელიმე დოკუმენტზე საზოგადოების წვდომის შეზღუდვა თავისთავად ვერ იქნება კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტით გარანტირებული უფლების შეზღუდვად მიჩნეული. ხსენებული უფლების რეალიზებისათვის არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა გარემოს შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მის ხელთ არსებული დოკუმენტაციიდან მოიპოვებს თუ ამისათვის სხვა ფორმას გამოიყენებს“.
ა(ა)იპ „მწვანე ალტერნატივა” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/752, 14 დეკემბერი, 2018
„სადავო ნორმა არ განაპირობებს გარემოს შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და საზოგადოებისათვის მიწოდების სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების ფარგლების შემცირებას ან/და სახელმწიფოს მიერ ინფორმაციის შეგროვების რაიმე ფორმით შეფერხებას. შესაბამისად, სახეზე არ არის ჩარევა გარემოს შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებით დაცულ სფეროში და „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის სიტყვები „დაუშვებელია სახელმწიფო საინფორმაციო ფონდებში შეტანილი ინფორმაციის გაცემა სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირზე ინფორმაციის მესაკუთრის თანხმობის გარეშე“ არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტით გარანტირებულ უფლებას“.
ა(ა)იპ „მწვანე ალტერნატივა” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/752, 14 დეკემბერი, 2018