37 – ე მუხლის მე – 5 პუნქტი

„კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტი წარმოადგენს პირის მიერ ინფორმაციის მიღების უფლების სპეციალურ შემთხვევას. იგი წარმოშობს სახელმწიფოს ვალდებულებას, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მიაწოდოს გარემოს მდგომარეობის შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაცია. ამასთანავე, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის დამდგენი კონსტიტუციური უფლებებისაგან განსხვავებით, 37-ე მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, მუდმივად აწარმოოს გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი, რათა საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილ იქნეს ასეთი ინფორმაციის საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობა. ნათელია, რომ ეს ორი ვალდებულება ერთმანეთთან ორგანულად არის დაკავშირებული, რადგან ამ ტიპის ინფორმაციის შეგროვებისა და დამუშავების გარეშე, შეუძლებელი იქნება ადამიანის უფლების ეფექტური რეალიზება.

საქართველოს კონსტიტუციის გარდა, გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობს უფლება განმტკიცებულია არაერთი საერთაშორისო დოკუმენტით. მაგალითისთვის, „გარემოსა და განვითარების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1992 წლის რიო-დე-ჟანეიროს დეკლარაცია და „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ 1998 წლის ორჰუსის კონვენცია. აღნიშნული საერთაშორისო დოკუმენტები ხელისუფლების ორგანოებს აკისრებენ ვალდებულებას, საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახადონ გარემოსდაცვითი ინფორმაცია.“

საქართველოს მოქალაქე გიორგი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/1/524, 10 აპრილი, 2013

 

„გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის სფეროში საზოგადოების მონაწილეობის თვალსაზრისით. შესაბამისად, გარემოს მდგომარეობის შესახებ შესაგროვებელი ინფორმაცია უნდა აკმაყოფილებდეს იმ შინაარსობრივ მინიმუმს, რაც აუცილებელია გარემოს დაცვის სფეროში საზოგადოების მონაწილეობის რეალიზაციისთვის. კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტის ფარგლებში სახელმწიფო ვალდებულია, შეაგროვოს ინფორმაცია, რომელიც შეეხება გარემოს მდგომარეობას და იმ ფაქტორებს, რომლებიც ზემოქმედებას ახდენენ მასზე. პირველ რიგში, ასეთად უნდა იქნეს განხილული ინფორმაცია  გარემოს შემადგენელი ელემენტების – ჰაერის, ატმოსფეროს, წყლის, ნიადაგის, მიწის, ლანდშაფტისა და ბუნებრივი ობიექტების მდგომარეობის, ბიოლოგიური მრავალფეროვნებისა და მისი კომპონენტების, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების დ ამ ელემენტების ურთიერთქმედების შესახებ. ასევე მნიშვნელოვანია, ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია სახელმწიფო პოლიტიკის, გეგმების, პროგრამებისა და კანონმდებლობის შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენენ ან შესაძლოა მოახდინონ გარემოზე.“

საქართველოს მოქალაქე გიორგი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/1/524, 10 აპრილი, 2013

 

„საქართველოს კანონმდებლობის ანალიზი ცხადყოფს, რომ საჯარო ხელისუფლების ორგანოები გარემოს მდგომარეობაზე მონიტორინგს ახორციელებენ ორი ძირითადი მიმართულებით. ერთი მხრივ, სახელმწიფოს ორგანოები ახდენენ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სფეროში სამართალდარღვევათა გამოვლენასა და, შესაბამისად, მათზე რეაგირებას. აღნიშნული მონიტორინგის ფარგლებში ხდება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი პირის შემოწმება და, სამართალდარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მის მიმართ პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება…

ხსენებულის პარალელურად, სხვა სახელმწიფო ორგანოები ახდენენ გარემოს მდგომარეობის გამოკვლევასა და შესწავლას არა კონკრეტული პირის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის გამოსავლენად, არამედ უშუალოდ გარემოს მდგომარების შესასწავლად… აღნიშნული საქმიანობის უმთავრესი მიზანია საზოგადოებისათვის გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, ხორციელდება მთელი რიგი ღონისძიებები. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი მექანიზმია ეროვნული მოხსენება გარემოს მდგომარების შესახებ. აღნიშნულ მოხსენებას საზოგადოებრიობის ინფორმირების მიზნით, 3 წელიწადში ერთხელ ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების ძირითადი მიზანია, უზრუნველყოს სახელმწიფოს მიერ კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების ეფექტური რეალიზაცია.“

საქართველოს მოქალაქე გიორგი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/1/524, 10 აპრილი, 2013

 

„გარემოს მდგომარეობის გამოკვლევას საზოგადოების ინფორმირების გარდა, შესაძლებელია, სხვა მრავალი დანიშნულებაც ჰქონდეს. მაგალითად, გარემოს დაბინძურების აღმოჩენა, შესაბამისი რეაგირების მოხდენა და ა.შ. თუმცა კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიზნებისათვის საინტერესოა თავად გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვების საკითხი. ხოლო მსჯელობა იმის შესახებ, თუ რა აღმოაჩენს გარემოს დაბინძურების ან სხვაგვარი დაზიანების ფაქტებს, სცდება კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტის რეგულირების სფეროს. მნიშვნელოვანია, ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით დაცული სფერო. კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტი იცავს მხოლოდ გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, ხოლო გარემოს დაბინძურების ან სხვაგვარ დაზიანებასთან დაკავშირებული საკითხები შესაძლებელია წარმოადგენდეს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების რეგულირების საგანს.“

საქართველოს მოქალაქე გიორგი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/1/524, 10 აპრილი, 2013

Back to Top