40 – ე მუხლის პირველი პუნქტი

“ის ფაქტი, რომ სისხლის სამართალწარმოების ფარგლებში ბრალდებულის ერთ-ერთი  ინტერესი არის მისი რეპუტაცია, განსაკუთრებით ნათლად ჩანს უდანაშაულობის პრეზუმფციასთან დაკავშირებულ საერთაშორისო და ეროვნული სასამართლოების პრაქტიკაში. უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას მაშინაც შეიძლება ჰქონდეს ადგილი, როდესაც პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა წყდება გამამტყუნებელი განაჩენის ან რაიმე სასჯელის დაკისრების გარეშე, თუ სასამართლო ან სხვა ხელისუფლების ორგანო პირს ეპყრობა იმგვარად, თითქოს დადასტურებული იყოს პირის დამნაშავეობა მისთვის ბრალად შერაცხულ ქმედებაში. აღნიშნული მიუთითებს, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია არა მხოლოდ “შედეგზე-ორიენტირებული” გარანტიაა, რომლის მიზანია, მიკერძოებისა და წინასწარ შექმნილი მოსაზრებებისგან თავისუფალი, სამართლიანი სასამართლო განხილვის უზრუნველყოფა, უდანაშაულობის პრეზუმპციის მიზანია აგრეთვე პირის რეპუტაციის დაცვა მას შემდეგ, რაც სამართალწარმოება მის სასარგებლოდ დასრულდება, რათა საზოგადოების სხვა წევრების მიერ ის არ იქნეს აღქმული დამნაშავედ, როდესაც დამნაშავეობა არ დადასტურებულა სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენით.”

საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის და 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე,  № 3/1/633, 634 , 13 აპრილი, 2016

 

“აღნიშნული ანალოგია უდანაშაულობის პრეზუმფციის პრაქტიკასთან ემსახურება იმის ხაზგასმას, რომ რეპუტაციის დაცვა არის ბრალდებულის ერთ-ერთი კანონიერი ინტერესი, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება სისხლის სამართალწარმოების პროცესში. პირის დამნაშავედ ცნობა და ნაგულისხმევი გაკიცხვა ახდენს ზეგავლენას მის რეპუტაციაზე. ამდენად, დამნაშავედ ცნობის და სასჯელის დაკისრების მომენტიდან პირი ექვემდებარება, სახელმწიფოს მხრიდან, უარყოფით და არასასურველ ზეგავლენას, რომელიც მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგია და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამოვლენის პირველადი ფორმაა, ამასთან, ყველა სხვა ღონისძიების საფუძველია.”

საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის და 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე,  № 3/1/633, 634 , 13 აპრილი, 2016

 

„უდანაშაულობის პრეზუმფციის კონსტიტუციური გარანტია, ერთ მხრივ, ვრცელდება კონკრეტულ საქმეზე, სისხლის სამართლის მთელი პროცესის მანძილზე, რომლის მიზანს მიკერძოებისა და წინასწარ შექმნილი მოსაზრებებისგან თავისუფალი სამართლიანი სასამართლო განხილვის უზრუნველყოფა წარმოადგენს, მეორე მხრივ, კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველი პუნქტი ასევე მოიცავს სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოების დასრულების შემდეგ იმ პირთა წრის რეპუტაციის დაცვას, რომელთა დამნაშავეობა არ დადასტურებულა სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენით. აღნიშნული გარანტია მიზნად ისახავს, გააქარწყლოს საზოგადოებაში ჩამოყალიბებული შესაძლო არაჯანსაღი შეხედულება გამართლებული პირის დამნაშავეობასთან მიმართებით, რათა არ მოხდეს ინდივიდის უსამართლო სტიგმატიზაცია.“

საქართველოს მოქალაქე დავით ცინცქილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/7/636, 29 დეკემბერი, 2016

 

„კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველი პუნქტი კანონმდებელს აკისრებს ვალდებულებას, შექმნას მართლმსაჯულების ისეთი სისტემა, რომელიც შეძლებს სისხლისსამართლებრივ პროცესს დაქვემდებარებული პირის ინტერესების ჯეროვან დაცვას, არ ჩააყენებს მას არათანაბარ (არასამართლიან) პირობებში და გამორიცხავს სახელწიფო ორგანოთა მიერ თვითნებური გადაწყვეტილებების მიღების რისკს.“

საქართველოს მოქალაქე დავით ცინცქილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/7/636, 29 დეკემბერი, 2016

 

„საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნას წარმოადგენს, რომ კანონმდებლობამ სისტემურად არ დაუშვას სისხლის სამართლის პროცესს დაქვემდებარებული პირის ისეთ მდგომარეობაში ჩაყენება, რომელიც გაუმართლებლად, სათანადო პროცედურის გამოყენების გარეშე გახდის შესაძლებელს მის ბრალდებასა და დამნაშავედ აღიარებას. ცხადია, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში უმნიშვნელოვანესია სასამართლოს, როგორც მიუკერძოებელი, ობიექტური და დამოუკიდებელი ინსტიტუტის როლი. სისხლის სამართლის საქმის განმხილველ სასამართლოს, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, აქვს ვალდებულება, სამართალწარმოების მთელი პროცესის მანძილზე იმოქმედოს განსაკუთრებული სიფრთხილით, რათა საკუთარი ქმედებით ობიექტურ დამკვირვებელს არ გაუჩინოს პროცესს დაქვემდებარებული პირის ბრალეულობის ვარაუდის საფუძველი. ბუნებრივია, უდანაშაულობის პრეზუმფციის კონსტიტუციური პრინციპი განსაკუთრებით მკაცრ მოთხოვნებს უწესებს საქმის განმხილველ სასამართლოს, მართლმსაჯულების სისტემაში მისი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციური როლის გათვალისწინებით, ზედამხედველობა გაუწიოს სამართალწარმოების მიმდინარეობას და დაიცვას პროცესის მიუკერძოებლობა, ობიექტურობა და სამართლიანობა.“

საქართველოს მოქალაქე დავით ცინცქილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/7/636, 29 დეკემბერი, 2016

 

„საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით დადგენილი წესი უკავშირდება ბრალდების მხარის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას და ზედა ინსტანციის სასამართლოს უფლებამოსილებას, შეცვალოს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. აღნიშნული საკანონმდებლო რეგულაცია, per se, არ ქმნის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის საფრთხეს, ვინაიდან არ ადგენს ისეთ წესს, რომელიც რაიმე ფორმით ეჭვქვეშ დააყენებდა სისხლის სამართლის პროცესს დაქვემდებარებული პირის ბრალეულობას. ცხადია, სასამართლო, როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო ინსტანცია, საქმის განხილვის დაწყების მომენტიდან ვალდებულია, იმოქმედოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად და, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგის მიუხედავად, დაიცვას პირის უდანაშაულობის პრეზუმფცია. აღსანიშნავია მოსარჩელე მხარის პოზიცია, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოები იმთავითვე არღვევენ კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, როდესაც საქმეს განიხილავენ ბრალდების მხარის საჩივრის საფუძველზე. აღნიშნულის საპასუხოდ, საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო ნორმები არ აწესრიგებს სააპელაციო და საკასაციო სასამართლოების მიერ საქმის განხილვის წესსა და პროცედურას, არ შეეხება სასამართლოს (მოსამართლის) მოქმედების ფარგლებს, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აღნიშნული არგუმენტი სადავო ნორმების შინაარსის არასწორ აღქმას ეფუძნება და არ ექვემდებარება შეფასებას სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შეფასების კონტექსტში.“

საქართველოს მოქალაქე დავით ცინცქილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/7/636, 29 დეკემბერი, 2016

Back to Top

%d bloggers like this: