41 – ე მუხლის მე – 2 პუნქტი

„41-ე მუხლის მე-2 პუნქტის მთავარი სუბიექტი არის პირი, რომლის კერძო სფეროს მიკუთვნებული მონაცემებიც დაცულია ოფიციალურ წყაროებში. შესაბამისად, ამ პუნქტით დაცული სიკეთე არის პირის კერძო, პრივატული სფეროს ხელშეუხებლობა, პირადი მონაცემების საიდუმლოება. ეს ნორმა იცავს პირის ფუნდამენტური უფლებას, მოითხოვოს სახელმწიფოსაგან ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული, მის ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამხელისაგან დაცვა. ამ უფლებას სახელმწიფოს შესაბამისი ვალდებულება შეესატყვისება – არ დაუშვას აღნიშნული მონაცემების ხელმისაწვდომობა, გარდა კონსტიტუციით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა. კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია ძირითადი უფლების პროპორციული შეზღუდვისთვის ტიპიურ პირობებში – შეზღუდვა კანონით უნდა იყოს განსაზღვრული და ამ პუნქტში ჩამოთვლილთაგან ერთერთ ლეგიტიმურ მიზანს მაინც უნდა ემსახურებოდეს.“

საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/3/406,408, 30 ოქტომბერი, 2008

 

 

„41-ე მუხლის მე-2 პუნქტი კავშირშია საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლთან, რომლითაც დაცულია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, რადგანაც მასში სწორედ ის მონაცემებია მითითებული, რომელიც პირის პრივატულ სფეროს შეეხება. ამ შემთხვევაში მოქმედებს პრეზუმცია, რომ პირს არ სურს მის კერძო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნება. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას პირის კერძო სფერო, სანამ თავად ეს პირი არ გამოხატავს საწინააღმდეგო ნებას და არ მოითხოვს ინფორმაციის გაცემას. ამ დროს კონსტიტუციით დაცული მთავარი ფასეულობაა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. ეს არსებითად განსხვავდება 41-ე მუხლის პირველი პუნქტისაგან. რომლით გათვალისწინებული ინფორმაციის გასაიდუმლოებაც შესაბამისი სუბიექტის ნების გამოვლენის შემდეგ ხდება და სხვა ამოცანებს ემსახურება.“

საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/3/406,408, 30 ოქტომბერი, 2008

 

„ფინანსებთან დაკავშირებული ინფორმაცია“ მოიცავს ფულად ურთიერთობებთან დაკავშირებულ ინფორმაციას და ე.ი საგადასახადო ურთიერთობებთან დაკავშირებულ ინფორმაციას. ამდენად, საგადასახადო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია, რომელიც სწორედ საგადასახადო ურთიერთობებს უკავშირდება, წარმოადგენს „ფინანსებთან დაკავშირებულ ინფორმაციას“ და მოქცეულია საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ კონსტიტუციურ სამართლებრივ რეჟიმში.“

საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/3/406,408, 30 ოქტომბერი, 2008

 

„მთავარია ის სფერო, რომელსაც შეეხება ინფორმაცია და არა ის, თუ რა მასშტაბის წარმოდგენას შეგვიქმნის კონკრეტული მონაცემი პირის ფინანსურ მდგომარეობაზე, რამდენად არის ის კომერციულად ღირებული და როგორი იქნება ამ ინფორმაციის  გახმაურების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელისათვის მიყენებული ზიანის მასშტაბები. საქართველოს კონსტიტუციის 41-ე  მუხლის მე-2  პუნქტით დაცული სიკეთეა პირის უფლება არ გახდეს ხელმისაწვდომი ოფიციალურ წყაროებში მის კერძო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია. ამ ინფორმაციის გასაიდუმლოება, მიუხედავად გახმაურების თანმდევი შედეგებისა და მათი სიმწვავისა, უკვე თავისთავად წარმოადგენს კონსტიტუციით დაცული უფლების დარღვევას და არ არის საჭირო შესაძლო თანმდევ შედეგებში ჩაღრმავება.“

საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/3/406,408, 30 ოქტომბერი, 2008

„ფინანსებთან დაკავშირებულ ინფორმაციაში უნდა ვიგულისხმოთ მონაცემები, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად ასახავს პირის კერძო სფეროს მატერიალურ მხარეს, მისი არსებობის თუ საქმიანობის მატერიალურ საფუძვლებს. ამ ინფორმაციის დაცვის პატივსადები კონსტიტუციური ინტერესი არსებობს, რამდენადაც კერძო საკითხები გარდა არამატერიალურისა, მატერიალურ მხარეებსაც მოიცავს. ამ სფეროში ინფორმაციის საიდუმლოების დაცვას არანაკლები და ხშირ შემთხვევაში მეტი მნიშვნელობაც კი აქვს იმ პირისათვის, ვისაც შეეხება ინფორმაცია.“

საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/3/406,408,  30 ოქტომბერი. 2008

 

„საქართველო არის რიგი საერთაშორისო ხელშეკრულებების, მათ შორის, შემოსავლებზე  და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულებების, ხელშემკვრელი მხარე. აღნიშნული ხელშეკრულებებით საქართველოს საერთაშორისოსამართლებრივი ვალდებულება აქვს აღებული  გადასახადის გადამხდელთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემასთან დაკავშირებით. ამასთან, აღნიშნული ვალდებულება უნდა შესრულდეს იმგვარად, რომ მიღწეულ იქნეს ხელშეკრულების მიზანი და ხელშემკვრელ სახელმწიფოებს მიეცეთ შესაძლებლობა, განახორციელონ ის ღონისძიებები, რომელთათვისაც ესაჭიროებათ გადასაცემი ინფორმაცია.

აღნიშნულის გათვალისწინებით, შესაძლოა, არსებობდეს შემთხვევები, როდესაც სხვა სახელმწიფოსათვის ინფორმაციის გადაცემასთან დაკავშირებულ სამართალწარმოებაში პირის მონაწილეობა ეჭვქვეშ აყენებდეს სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის (ინფორმაციის გადაცემის) ეფექტურობას და, შესაბამისად, საქართველოს საერთაშორისოსამართლებრივი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებას. საქართველოს საერთაშორისო თანამშრომლობა საგადასახადო სფეროში, რომელიც ემსახურება გადასახადებისაგან თავის არიდების ფაქტების აღკვეთასა და პრევენციას, ნამდვილად წარმოადგენს იმ ლეგიტიმურ მიზანს, რომლის მისაღწევადაც შესაძლებელია შეიზღუდოს სამართლიანი სასამართლოს უფლება. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ ხსენებული საერთაშორისო ხელშეკრულებები ეფუძნება ორმხრივ თანამშრომლობას. შესაბამისად, სადავო ნორმის საფუძველზე ინფორმაციის გადაცემა ხელს უწყობს არა მხოლოდ უცხო ქვეყნის საგადასახადო ორგანოების მიერ გადასახადის დამალვის ფაქტების აღკვეთასა და პრევენციას, არამედ, ასევე საქართველოს საგადასახადო ორგანოების ეფექტურ მუშაობას, ვინაიდან საჭიროების შემთხვევაში ნაცვალგების პრინციპის გათვალისწინებით, მათაც ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ სათანადო ინფორმაცია უცხო ქვეყნის შესაბამისი ორგანოებიდან.

ინფორმაციის გადაცემის შესახებ მოთხოვნა შეიძლება ეფუძნებოდეს ისეთ შემთხვევას, როდესაც გადასახადის გადამხდელისთვის შეტყობინება ხელს შეუშლის ინფორმაციის მომთხოვნ სახელმწიფოში მიმდინარე პროცედურების (გამოძიების, საგადასახადო შემოწმების და ა.შ.) ჯეროვნად განხორციელებას. ასევე, შესაძლებელია სახელმწიფოს მიერ ინფორმაციის მოთხოვნა თავისი ბუნებით უკავშირდებოდეს ისეთ გარემოებას, რომელიც მის დროულ და სწრაფ გადაცემას საჭიროებს. ინფორმაციის დაგვიანებული გადაცემა შესაძლოა აზრს უკარგავდეს იმ პროცედურების ადეკვატურად განხორციელებას, რომელთა ჩატარების მიზნებისთვის იქნა მოთხოვნილი ინფორმაცია. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ მოთხოვნის მიმღებმა სახელმწიფომ დროულად ჩაატაროს შიდა პროცედურები და მოიპოვოს გადასაცემი ინფორმაცია.

სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვები უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, სამართალწარმოებიდან ინფორმაციის სუბიექტის დისტანცირების საშუალებით  სხვა სახელმწიფოში მიმდინარე პროცედურების ეფექტურობას და, მეორე მხრივ, ინფორმაციის გადაცემის შესახებ შუამდგომლობის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმით დადგენილი ღონისძიება წარმოადგენს დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევის გამოსადეგ საშუალებას. როგორც აღინიშნა, უფლების შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მიზნის მიღწევის არა მხოლოდ გამოსადეგ, არამედ ყველაზე ნაკლებად მზღუდველ, თანაზომიერ საშუალებასაც.“

საქართველოს მოქალაქე ლევან ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/3/638, 14 თებერვალი, 2017

Back to Top

%d bloggers like this: