„საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება, მიიღოს სახელმწიფო დაწესებულებაში მასზე არსებული ინფორმაცია, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. მაშასადამე, კონსტიტუციას დასაშვებად მიაჩნია სახელმწიფო დაწესებულებაში კომერციული საიდუმლოების მქონე ინფორმაციის არსებობა.“
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/359, 6 ივნისი, 2006
„სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტი ინფორმაციის თავისუფლებას უკავშირდება. შეიძლება ითქვას, რომ ეს ნორმა ინფორმაციის თავისუფლების კონკრეტულ შემთხვევას – ოფიციალური წყაროებიდან ინფორმაციის მიღების უფლებას იცავს.“
„საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს პირის უფლებას, ჰქონდეს ხელმისაწვდომობა გარკვეული კატეგორიის ინფორმაციაზე, რომელიც დაცულია სახელმწიფო დაწესებულებებში. მაშასადამე, სადავო ნორმა რომ შეფასდეს აღნიშნულ კონსტიტუციურ უფლებასთან მიმართებით, უპირველეს ყოვლისა, სახეზე უნდა იყოს „სახელმწიფო დაწესებულებაში“ არსებული ინფორმაცია. შესაბამისად, განსახილველი დავის ფარგლებში, მნიშვნელოვანია განიმარტოს, შეიძლება თუ არა კონსტიტუციის 41-ე მუხლით განსაზღვრული „სახელმწიფო დაწესებულებები“ მოიაზრებდეს ფსიქიატრიულ დაწესებულებებსაც.
„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ფსიქიატრიული დაწესებულება არის შესაბამისი ლიცენზიის მქონე სამედიცინო დაწესებულება ან სამედიცინო დაწესებულების განყოფილება, რომლის საქმიანობის მიზანია პირისათვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა. სამკურნალო დაწესებულება, რომლის მიზანია ფსიქიატრიული დახმარების გაწევა, ვერ მიიჩნევა საჯარო ხელისუფლების განმახორციელებელ ორგანოდ. ამ შეფასებას არ ცვლის ის გარემოება, რომ ზოგიერთი ფსიქიატრიული დაწესებულება, შესაძლებელია, სახელმწიფო საკუთრებაში იყოს.“
„საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის რეგულირების სფეროში ექცევა საჯარო დაწესებულებაში დაცული ოფიციალური ინფორმაცია.“
საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, №1/4/757, 27 მარტი, 2017
„საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს პირის უფლებას, ხელი მიუწვდებოდეს საჯარო დაწესებულებაში დაცულ ოფიციალურ დოკუმენტებზე დატანილ ნებისმიერ ინფორმაციაზე.“
საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, №1/4/757, 27 მარტი, 2017
„საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული უფლების შეზღუდვის დასადგენად, მოცემულ შემთხვევაში, უნდა შეფასდეს, წარმოადგენს თუ არა სამეცნიერო ფონდი სახელმწიფო დაწესებულებას, ხოლო დამოუკიდებელი ექსპერტების ვინაობა ოფიციალურ დოკუმენტებში არსებულ ინფორმაციას დასახელებული კონსტიტუციური დებულების მიზნებისათვის და იზღუდება თუ არა აღნიშნულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა.
სამეცნიერო ფონდი საჯარო დაწესებულებად შეიძლება ჩაითვალოს იმ შემთხვევაში, თუ იგი კონსტიტუციით ან/და კანონით დადგენილი წესით ასრულებს სახელმწიფო ფუნქციებს, ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას ან/და მასზე ხდება ამა თუ იმ სახელმწიფო ფუნქციის დელეგირება.
სამეცნიერო ფონდის ერთ-ერთი მთავარი საჯაროსამართლებრივი ფუნქციაა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ფუნდამენტური კვლევებისათვის კონკურსის ჩატარება და სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემა. კერძოდ, სამეცნიერო ფონდი აცხადებს კონკურსს და მისი ჩატარების წესს, რის საფუძველზედაც მიიღება საკონკურსო დოკუმენტაცია, იმ დოკუმენტების ერთობლიობა, რომელთა წარდგენა აუცილებელია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. ფონდი უზრუნველყოფს დამოუკიდებელი ექსპერტების შერჩევას და, მათ მიერ გაკეთებულ შეფასებებზე დაყრდნობით, ავლენს გამარჯვებულ პროექტს, რომელსაც გადასცემს სახელმწიფო სამეცნიერო გრანტს და მონიტორინგს უწევს მის განხორციელებას.
ამდენად, სამეცნიერო ფონდი არის სახელმწიფოს მიერ შექმნილი და მისი დაფინანსებით მოქმედი საჯარო დაწესებულება, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამეცნიერო ფონდი წარმოადგენს „სახელმწიფო დაწესებულებას“ საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის.
მთავრობის N84 დადგენილების მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამოუკიდებელი ექსპერტი არის „პირი, რომელიც აფასებს საგრანტო კონკურსის ფარგლებში წარდგენილ პროექტს“. ხოლო ამავე დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამეცნიერო ფონდი უზრუნველყოფს, დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან მიღებულ შეფასებებზე დაყრდნობით, დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გამოვლენას, დამტკიცებას, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, პროექტში ცვლილებების შეტანას. სასამართლო აღნიშნავს, რომ ექსპერტის ვინაობის შესახებ ინფორმაცია, იმავდროულად, უკავშირდება საჯარო უფლებამოსილების განხორციელების პროცესში მისი მონაწილეობის საკითხს. კერძოდ, ექსპერტი მონაწილეობს სამეცნიერო ფონდის მიერ გადაწყვეტილების მიღებაში, მისი შეფასებები ხელს უწყობს ფონდს გრანტების გაცემის საკითხის გადაწყვეტაში. ექსპერტის საქმიანობის საჯარო ბუნებიდან გამომდინარე, მისი ვინაობა ვერ მიიჩნევა პირის კერძო საკითხებთან დაკავშირებულ ინფორმაციად. ამგვარად, დამოუკიდებელი ექსპერტის ვინაობა წარმოადგენს საჯარო (სახელმწიფო) დაწესებულებაში არსებულ საჯარო ინფორმაციას, რომლის ხელმისაწვდომობაზეც ვრცელდება საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი სტანდარტები.“
საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, №1/4/757, 27 მარტი, 2017
„მთავრობის №84 დადგენილება ითვალისწინებს ინტერესთა კონფლიქტის იმ შემთხვევებს, როდესაც დაუშვებელია პირის დამოუკიდებელ ექსპერტად განწესება. იმ შემთხვევაში, თუკი ექსპერტის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ინფორმაცია ფონდისთვის ცნობილი გახდება დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცებამდე, ფონდი უფლებამოსილია, იმსჯელოს ექსპერტის მიერ გაკეთებული შეფასების გაუქმების შესახებ. თუმცა აღნიშნული არ არის საკმარისი ფონდის მიერ განხორციელებული/განსახორციელებელი საჯარო უფლებამოსილების – ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის გამჭვირვალობის შესაფასებლად. ექსპერტის ვინაობის ცოდნა მნიშვნელოვანია მის მიერ გაკეთებული დასკვნის შესაფასებლად. კერძოდ, დაინტერესებულ პირს, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ექსპერტების დასკვნებთან დაკავშირებით ეჭვქვეშ დააყენოს შეფასების როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური ფაქტორები. საჯარო ფუნქციების განმახორციელებელი პირის/ორგანოს ქმედება საზოგადოებრივ კონტროლს ეფექტურად ექვემდებარება მაშინ, როდესაც უზრუნველყოფილია საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლება. სამეცნიერო ფონდის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ინტერესთა კონფლიქტის არსებობა, ექსპერტის მიუკერძოებლობა და კომპეტენტურობა მოიცავს იმ საკითხებს, რომელთა შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლოა წარმოადგენდეს დაინტერესებული პირის, საზოგადოების ინტერესის საგანს. დემოკრატიულ საზოგადოებაში აღნიშნული საკითხები ადმინისტრაციული ორგანოს შეუზღუდავ დისკრეციას არ უნდა იყოს მინდობილი, თითოეულ აქტიურ მოქალაქეს უნდა შეეძლოს ეფექტიანი საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება. რადგან დისკრეციული უფლებამოსილება სამართლებრივად შებოჭილი თავისუფლებაა, მისი გამოყენება ყოველთვის გულისხმობს მიღებული გადაწყვეტილების, დაინტერესებულ პირთა მხრიდან, გადამოწმების შესაძლებლობის არსებობას იმის გასარკვევად, მიღებული იქნა თუ არა უშეცდომო გადაწყვეტილება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმით არალეგიტიმურად იზღუდება საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული პირის უფლება, ხელი მიუწვდებოდეს საჯარო დაწესებულებაში დაცულ ოფიციალურ დოკუმენტებზე დატანილ ნებისმიერ ინფორმაციაზე, ასევე ისეთი ინფორმაციის გაცნობაზე, რომლის ღიაობის საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს.
აღსანიშნავია, რომ ექსპერტის შეფასება, როგორც წესი, განაპირობებს გადაწყვეტილების მიმღები ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ საზოგადოების ნდობის უზრუნველყოფას. მოცემულ შემთხვევაში კონკურსის მონაწილე პირებისგან საჯარო სამართლებრივი წარმოებისადმი ნდობის არსებითი განმაპირობებელი ფაქტორია კონკურსის გამჭვირვალედ ჩატარება, რაც, მათ შორის, ექსპერტის ვინაობის გამჟღავნებით მიიღწევა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ აღნიშნული ინფორმაციის მიღების ინტერესი დაინტერესებულ პირს შესაძლოა გააჩნდეს ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში სამართლებრივი დავის წარმართვის მიზნებისათვის. კონკურსის მონაწილეს არ შეიძლება შეეზღუდოს ექსპერტის ვინაობის შესახებ ინფორმაციის მიღება საჯარო დაწესებულებებიდან. ექსპერტის ვინაობის ცოდნა პირდაპირ არის დაკავშირებული კონკურსის მონაწილის კანონიერი ინტერესების, უფლებების რეალიზებასთან (მაგალითად, ექსპერტის მიერ გაკეთებული შეფასების ეჭვქვეშ დაყენება მისი აცილების საფუძვლების გამოვლენის/დამტკიცების შემთხვევაში).“
საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, №1/4/757, 27 მარტი, 2017
„კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კონსტიტუციის შესაბამისად და მის საფუძველზე. უფლების შეზღუდვის ძირითადი ბაზისი უნდა იყოს საკანონმდებლო რეგულაცია, რომელიც გამომდინარეობს კონსტიტუციიდან.
საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სახელმწიფო დაწესებულებებში არსებული ოფიციალურ დოკუმენტების „კანონით დადგენილი წესით“ გაცნობის უფლებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია ადგენს სახელმწიფო დაწესებულებების ოფიციალურ დოკუმენტებში არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული საკითხების კანონით მოწესრიგების ფორმალურ მოთხოვნას. კონსტიტუციით გათვალისწინებული კანონით მოწესრიგების ფორმალური მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, როდესაც (1) საკითხი უშუალოდ მოწესრიგებულია კანონით; ან (2) კანონმდებელმა კანონით მოახდინა საკითხის მოწესრიგების უფლებამოსილების დელეგირება სხვა კომპეტენტურ ორგანოზე.
კონსტიტუციით დადგენილი ფორმალური მოთხოვნა, რომ ესა თუ ის საკითხი მოწესრიგდეს კანონით, კონკრეტულ საკითხზე გადაწყვეტილების მიმღებ ლეგიტიმურ ორგანოდ, საქართველოს პარლამენტის განსაზღვრას ემსახურება. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუცია სახელდებით მიუთითებს იმ საკითხებს, რომელთა მოწესრიგების უფლებამოსილება მხოლოდ საქართველოს პარლამენტს გააჩნია (კანონით წესრიგდება). ამასთან, პარლამენტის მიერ სხვა ორგანოსთვის უფლებამოსილების გადანდობა, მოაწესრიგოს ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული საკითხები, თავისი არსით, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, მიიჩნევა ამ საკითხის კანონის ძალით მოწესრიგებად (თუ კონსტიტუცია სახელდებით არ მიუთითებს უფლებამოსილების დელეგირების აკრძალვას) და აკმაყოფილებს კონსტიტუციის ფორმალურ მოთხოვნებს. ამასთან, კანონითვე უნდა განისაზღვროს ის კომპეტენტური ორგანო, რომელზეც ხდება კანონმდებლის მხრიდან უფლებამოსილების დელეგირება. გასათვალისწინებელია, რომ დელეგირებული უფლებამოსილების განმახორციელებელი ორგანოს მიხედულების ფარგლები შეზღუდულია ადამიანის უფლებებითა და კონსტიტუციური პრინციპებით.“
საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, №1/4/757, 27 მარტი, 2017
„საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირებისთვის უნდა დადგინდეს, იზღუდება თუ არა საჯარო დაწესებულებაში არსებულ ოფიციალურ დოკუმენტზე ხელმისაწვდომობა. განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულირება ვრცელდება სახელმწიფო საინფორმაციო ფონდებში დაცულ დოკუმენტებზე და შეეხება წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს. აღნიშნული დოკუმენტები, როგორც წესი, სახელმწიფო საინფორმაციო ფონდებს წარედგინება წიაღით მოსარგებლის მიერ, წიაღით სარგებლობის ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელების პროცესში“.
ა(ა)იპ „მწვანე ალტერნატივა” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/752, 14 დეკემბერი, 2018
„ზოგადად, საზოგადოებას აქვს კონსტიტუციით დაცული ინტერესი, რომ ჰქონდეს წვდომა სახელმწიფო დაწესებულებებში არსებულ დოკუმენტებზე. ხელისუფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირება დემოკრატიული მმართველობისა და ხელისუფლების ანგარიშვალდებულებისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. ამავდროულად, საზოგადოების ინტერესი, ჰქონდეს სახელმწიფო დაწესებულებაში არსებულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, არ არის ყველა კატეგორიის ინფორმაციასთან მიმართებით იდენტური. ცალკეულ შემთხვევაში, როდესაც ინფორმაცია ეხება უშუალოდ საჯარო ხელისუფლების განხორციელებას, საბიუჯეტო და სხვა მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებს, გაცილებით მაღალია ინტერესი, საზოგადოებრივი კონტროლის დატვირთვაც და საჭიროებაც. ზოგიერთ შემთხვევაში კი, ინფორმაციის შინაარსიდან და ურთიერთობის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლებელია, საზოგადოებრივი კონტროლის ინტერესი არ იყოს ამდენად მაღალი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურობის შეფასებისას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში მიიღებს სახელმწიფო დაწესებულებაში არსებული ინფორმაციის ხასიათს და მის მნიშვნელობას ხელისუფლების საზოგადოებრივი კონტროლის თვალსაზრისით“.
ა(ა)იპ „მწვანე ალტერნატივა” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/752, 14 დეკემბერი, 2018
„წიაღის გარკვეული პარამეტრების შესახებ ინფორმირებულობაზე საზოგადოების ინტერესს უპირისპირდება სადავო ნორმით გათვალისწინებული ინფორმაციის მესაკუთრის ეკონომიკური ინტერესები, სამეწარმეო თავისუფლების დაცვის და წიაღით სარგებლობის სფეროს განვითარების უზრუნველყოფის ინტერესები. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმით გათვალისწინებული ინფორმაციის გავრცელებით მნიშვნელოვანი ზარალი მიადგებათ აღნიშნული ინფორმაციის მესაკუთრეებს. შესაძლებელი გახდება სხვა პირების მიერ ამ ინფორმაციის ეკონომიკური გამოყენება და შეფერხდება, ზოგადად, წიაღისეულით სარგებლობის სფეროს განვითარება. განსახილველ შემთხვევაში დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მათი დაცვის ინტერესი გადაწონის საზოგადოების ინტერესს, რომ მიიღოს ტექნიკური ინფორმაცია წიაღის გეოლოგიური პარამეტრების შესახებ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმით არ არის დადგენილი არაგონივრული და უსამართლო ბალანსი შეპირისპირებულ ინტერესებს შორის და დაცულია პროპორციულობა ვიწრო გაგებით. ამრიგად, „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის სიტყვები „დაუშვებელია სახელმწიფო საინფორმაციო ფონდებში შეტანილი ინფორმაციის გაცემა სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირზე ინფორმაციის მესაკუთრის თანხმობის გარეშე” არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებას“.
ა(ა)იპ „მწვანე ალტერნატივა” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/752, 14 დეკემბერი, 2018