42-ე მუხლის მე-2 პუნქტი

„საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია სამართლიანი სასამართლოს  უფლება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს – სასამართლო განხილვა მოხდეს განსჯადობის წესების დაცვით… სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამართალწარმოება განხორციელდეს განსჯადობის წესების დაცვით, საქმის განხილვა და გადაწყვეტა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომელსაც კონსტიტუციისა და კანონის მიხედვით შესაბამისი უფლებამოსილება, კომპეტენცია გააჩნია.“   

საქართველოს მოქალაქეები ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/4/557,571,576, 13 ნოემბერი, 2014

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტი ქმნის გარანტიას, რომ პირის საქმის განხილვა მოხდება საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი იურისდიქციის ფარგლებში, რათა გამოირიცხოს ყოველგვარი თვითნებობა და არ მოხდეს პირის უფლებებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა იმ სასამართლოს მიერ, რომელსაც კანონმდებლობით მისი საქმე არ ექვემდებარება.“

საქართველოს მოქალაქე ნუგზარ კანდელაკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. №2/1/598 , 21 ივლისი, 2017

 

„საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნაა, რომ პირის საქმის განხილვა მოხდეს კონსტიტუციურ ჩარჩოში მოაზრებული საამისო კომპეტენციის მქონე სასამართლოების მიერ, რათა პირს შესაძლებლობა ჰქონდეს ეფექტურად ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოსთვის დადგენილი კონსტიტუციურსამართლებრივი გარანტიებით უფლების იმ სასამართლოში დაცვის გზით, რომელსაც ექვემდებარება საქმე საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისად.“ „

საქართველოს მოქალაქე ნუგზარ კანდელაკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. №2/1/598 , 21 ივლისი, 2017

Back to Top

%d bloggers like this: