42-ე მუხლის მე-3 პუნქტი

„საქართველოს კონსტიტუციის 42- მუხლის მე-3 პუნქტის დებულებიდან –დაცვის უფლება გარანტირებულია“გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს უნდა ჰქონდეს გონივრული, საკმარისი დრო და შესაძლებლობა, რათა მოემზადოს თავის დასაცავად და შეხვდეს მის მიერ არჩეულ დამცველს. სასამართლოს აზრით, დამცველთან პირისპირ შეხვედრის, კანონმდებლის მიერ დადგენილი ერთსაათიანი შეზღუდვა შეუსაბამობაშია საქართველოს კონსტიტუციის დადგენილ დებულებებთან, ვინაიდან იგი უნდა განისაზღვროს ყოველი კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის სირთულის გათვალისწინებით. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად, „დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილის დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 72 საათს…“, რაც ასევე დროით ზღუდავს სამართალდამცავ ორგანოებს ეჭვმიტანილთან ურთიერთობაში. ამრიგად, სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ დამცველთან პირისპირ შეხვედრების დრო კი არ უნდა იყოს შეუზღუდავი, არამედ იგი უნდა შეიზღუდოს გონივრული ვადით, რაც ყოველი კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის სირთულის გათვალისწინებით საქართველოს კონსტიტუციის მიერ გარანტირებული დაცვის უფლებიდან და გამოძიების ინტერესებიდან უნდა გამომდინარეობდეს. ამასთან, იგი არ უნდა იყოს პროცესის ორივე თანასწორუფლებიანი მონაწილისთვის განზრახ ხელის შემშლელი.

საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები უნდა იყოს მაქსიმალურად გასაგები, რათა არ მოხდეს მათი ორაზროვნად განმარტება და პრაქტიკაში არასწორი განხორციელება.

სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ დაცვის მხარეს უნდა მიეცეს გონივრული, საკმარისი დრო და შესაძლებლობა განახორციელოს სრულფასოვანი დაცვა, რაც გულისხმობს ისეთ დროს და შესაძლებლობას, რომელიც სისხლის სამართლის ყოველი კონკრეტული საქმის სირთულიდან გამომდინარე, დაცვის მხარეს მისცემდა სრულფასოვანი მომზადების შესაძლებლობას. ამასთან, სასამართლოს მეორე კოლეგიის აზრით, საქართველოს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს ისეთ შემთხვევებს, რომელთა დროსაც დამცველი ავადმყოფობის, გამგზავრების ან სხვა სახის, თუნდაც საპატიო მიზეზით, თვითონ არის მოკლებული შესაძლებლობას, უშუალოდ განახორციელოს თავისი ფუნქციები. სასამართლო აღნიშნავს, რომ დასახელებული საკითხები მოწესრიგებულია სპეციალური კანონმდებლობით, კერძოდ კი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო  კოდექსით.

საქართველოს კონსტიტუციის 42- მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დაცვის მხარეს უნდა ჰქონდეს არა მარტო გონივრული დრო, არამედ აგრეთვე შესაძლებლობაც, განახორციელოს სრულფასოვანი დაცვა.

საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს დაცვის უფლების ისეთ პირობებს, როდესაც უპირატესობა ენიჭება დასაცავი პირის სურვილსა და უნარს, ჰყავდეს დამცველი, ან პირის სურვილს, მაგრამ უუნარობას, იყოლიოს დამცველი. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონსტიტუციით არ არის გადაწყვეტილი დაკავებული ან დაპატიმრებული პირის ეგრეთ წოდებულიიძულებითი დაცვა.“

საქარველოს მოქალაქეები ფირუზ ბერიაშვილი, რევაზ ჯიმშელეიშვილი და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/3/182,185,191,   29 იანვარი, 2003

 

სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ კანონმდებელი არ განმარტავს, თუ რას ნიშნავს „საკმარისი მონაცემები.“. მისი შინაარსის გაგება მთლიანად მოსამართლის შეხედულებაზე, სასამართლოზე არის დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, მართლაც შესაძლებელია რომ განჩინება პროცესში წარმომდგენლად დაშვებაზე უარის თქმის შესახებ ზოგჯერ უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად იქნეს მიღებული. ამგვარი განჩინების გასაჩივრების აკრძალვა კი, წარმომადგენლის ფუნქციის, მისი დანიშნულების გათვალისწინებით, შესაბამისი მხარის დაცვის კონსტიტუციური უფლების სერიოზული შეზღუდვის მომასწავებელია.“

საქართველოს მოქალაქე გიორგი წაქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/186, 16 თებერვალი, 2004

 

დაცვის უფლება საქმის განხილვის დროს საჭიროებისამებრ სათანადო აქტების გასაჩივრების – სასამართლოსადმი საჩივრით მიმართვის შესაძლებლობასაც გულისხმობს.“

საქართველოს მოქალაქე გიორგი წაქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/186, 16 თებერვალი, 2004

 

„კოლეგია აღნიშნავს რომ იმ განჩინების გასაჩივრების აკრძალვით, რომლითაც სასამართლო პროცესში არ დაიშვება წარმომადგენლად დანიშნული ადვოკატის სტატუსის არმქონე პირი, ერთგვარად იზღუდება აგრეთვე შესაბამისი მხარის სამოქალაქო საპროცესო ქმედუნარიანობა. ასეთ ვითარებაში არაა გამორიცხული, რომ მას მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში წაერთვას, უსაფუძვლოდ აღეკვეთოს, შესაძლებლობა განახორციელოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლება – „დაავალოს საქმის წარმოება წარმომადგენელს“. შეზღუდულ მატერიალურ შესაძლებლობათა გამო მხარე არა თუ იშვიათად უარს ამბობს ადვოკატის აყვანაზე და წარმომადგენლად თავის ახლობელს, ნათესავს ნიშნავს, რაც ურთიერთდახმარებისა და თანადგომის ქართული ისტორიული ტრადიციის თავისებური გამოხატულებაა. ასეთი პირის წარმომადგენლად დაშვებაზე უსაფუძვლოს უარის თქმისა და სათანადო განჩინების გასაჩივრების აკრძალვის შედეგად შეიძლება შესაბამისი მხარე აღმოჩნდეს არათანასწორ პირობებში.“

საქართველოს მოქალაქე გიორგი წაქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/186, 16 თებერვალი, 2004

 

„სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპების შესაბამისად უზრუნველყოფილი უნდა იყოს მხარის უფლება, რომ სასამართლოში საქმე აწარმოოს თავისი ნება-სურვილით  შერჩეული წარმომდგენლის მეშვეობით. ამიტომაც, სასამართლოს განჩინებაზე ადვოკატის სტატუსის არმქონე პირის წარმომადგენლად დაშვებაზე უარის თქმის შესახებ უნდა შეიძლებოდეს კერძო საჩივრის შეტანა. ამით მხარეს ექნება ასეთი განჩინების გასაჩივრების უფლება შესაბამისი გადაწყვეტილებისაგან განცალკევებით და მის გამოტანამდე. ეს იქნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ პრინციპის შესატყვისი, რომლის თანახმადაც კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება საქმის განხილვის დამაბრკოლებელ განჩინებებზე.“

საქართველოს მოქალაქე გიორგი წაქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/186, 16 თებერვალი, 2004

    

„საქართველოს კონსტიტუციის 42- მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დაცვის უფლება არ შემოიფარგლება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის პირობებით. ამ დებულების მიხედვით, პირს დაცვით სარგებლობის უფლება უჩნდება დაკავების ან დაპატიმრების მომენტიდან. თუმცა ეს არ გამორიცხავს პირის უფლებას, ისარგებლოს დაცვის შესაძლებლობით მისთვის თავისუფლების აღკვეთის შეფარდებისას, ისე როგორც ამას ითვალისწინებს კონსტიტუციის 42- მუხლის მე-3 პუნქტი.

კონსტიტუციის 42- მუხლის მე-3 პუნქტი გულისხმობს პირის დაცვის უფლებას იმ დროსაც, როდესაც მას სასამართლომ კონკრეტული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს.

პირს, რომელსაც თავისუფლების აღკვეთას უფარდებენ, უნდა ჰქონდეს საკუთარი თავის დასაცავად პოზიციის პირადად გამოხატვის ან/და დამცველით უზრუნველყოფის უფლება, რისი მიღწევაც, უმეტეს შემთხვევაში, პრაქტიკულად შეუძლებელია, როდესაც საქმე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე ან ადგილზე თათბირით.

მიუხედავად ამისა, საკონსტიტუციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს, აღნიშნოს, რომ მსგავსი კატეგორიის საქმეებზე .. გამარტივებული სამართალწარმოების“პროცედურა ფართოდაა გავრცელებული როგორც კონტინენტური, ისე საერთო სამართლის ქვეყნებში. ეს პროცედურა გულისხმობს, რომ სხდომის თავჯდომარე (მოსამართლე) უფლებამოსილია, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები სამართალდარღვევის აღსაკვეთად. თუმცა სახელმწიფოთა უმეტესობის კანონმდებლობა გამარტივებული პროცედურით თავისუფლების აღკვეთის შეფარდების დროს ითვალისწინებს პირის იმ პირობებით უზრუნველყოფის მინიმუმს, რასაც ითხოვს უფლება სამართლიან სასამართლოზე. კერძოდ, რიგ სახელმწიფოებში (აშშ, ინგლისი, შოტლანდია და სხვა) ეს პირობებია: 1. საქმის განხილვის შეჩერება და მცირე დროის გამოყოფა, რათა პირი დაუფიქრდეს თავის ქცევას და გააანალიზოს იგი. 2. მოსამართლის ვალდებულება, დეტალურად ამცნოს პირს სამართალდარღვევის შინაარსისა და მისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომის თაობაზე, 3. პირის შესაძლებლობა, წარმოადგინოს განმარტებები მისი ქმედების შესახებ ან/და ბოდიში მოიხადოს, 4. იურიდიული წარმომადგენლობის საკითხის გადაწყვეტა.

მსგავს გამოცდილებას იზიარებს არაერთი სახელმწიფო, თუმცა კონტინენტური სამართლის უმეტეს ქვეყნებში ძირითადად საქმეს სასამართლოს უპატივცემულობის საქმე ცალკე წარმოებად გამოეყოფა და შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო მასზე ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართალწარმოებას იწყებს.

 საქართველოს მოქალაქეები – ვახტანგ მასურაშვილი და ონისე მებონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, N1/3/393,397, 16 დეკემბერი, 2006   

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავის პრაქტიკაში განმარტა კონსტიტუციის მე–18 მუხლის მეხუთე პუნქტისა და 42– მუხლის მესამე პუნქტის ურთიერთმიმართების საკითხი. სასამართლო კონსტიტუციის 42– მუხლის მესამე პუნქტს, მე–18 მუხლის მეხუთე პუნქტთან შედარებით, უფრო ფართო დანაწესად განიხილავს. სასამართლო მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის 42– მუხლის მესამე პუნქტი მოიცავს მე–18 მუხლის მეხუთე პუნქტს, თუმცა არ შემოიფარგლება ამ უკანასკნელი ნორმით რეგლამენტირებული მოთხოვნებით.“

საქართველოს მოქალაქეები  ლევან იზორია და დავითმიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/2/503,513,  11 აპრილი, 2013

 

„სწორედ დაცვის უფლებით სარგებლობა არის უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი ბერკეტი, რაც საქმის ზეპირი მოსმენით განხილვას კიდევ უფრო ეფექტურს ხდის უფლების დაცვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ბუნებრივია, ცალკეულ შემთხვევაში, დაცვის უფლებით სარგებლობა შესაძლებელია საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის დროსაც. ანუ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა თავისთავად და ყოველთვის არ გულისხმობს პირის დაცვის უფლების დარღვევასაც. მაგრამ, როდესაც საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა აუცილებელია უფლების სრულყოფილი დაცვისთვის, ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის განხილვა არღვევს არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს, არამედ მე-3 პუნქტით გარანტირებულ დაცვის უფლებასაც, როგორც სამართლიანი სასამართლოს უფლების უმნიშვნელოვანეს უფლებრივ კომპონენტს.“

საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/574, 23 მაისი, 2014

 

„ზეპირი განხილვა უდავოდ უწყობს ხელს როგორც მხარეებს საკუთარი ინტერესების და უფლებების დაცვაში ასევე სასამართლოს კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებაში. ზეპირი მოსმენის არარსებობა ართულებს დაცვის უფლების განხორციელებასაც. განსახილველ შემთხვევაში, მხარეს არ გააჩნია შესაძლებლობა,  ზეგავლენა მოახდინოს ყადაღის დადების შესახებ სასამართლოს [ მაგისტრატი მოსამართლის] გადაწყვეტილებაზე საკუთარი მოსაზრებების/მტკიცებულებების წარდგენის გზით, დაიცვას თავისი სამართლებრივი ინტერესები პირადად ან დამცველის მეშვეობით.“

საქართველოს მოქალაქეები თეიმურაზ ჯანაშია და გიული ალასანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/1/631, 18 აპრილი, 2016

 

„მოსარჩელის მოსაზრება კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტით აღიარებული დაცვის უფლების დარღვევის თაობაზე უკავშირდება შემდეგ არგუმენტს: მისი მტკიცებით, დაზარალებულის დაცვის უფლება ირღვევა იმის გამო, რომ სადავო ნორმებით მას არ აქვს პროცესში, როგორც მხარეს, საკუთარი ინტერესების პირადად ან დამცველის მეშვეობით დაცვის, ისევე, როგორც საკუთარი ინტერესების ზემდგომ ინსტანციებში დაცვის შესაძლებლობა. ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმები არ იწვევს დაზარალებულის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას საქმეში მისი მხარედ არჩართვის გამო, ამ კონტექსტში მოსარჩელეს ვერც დაცვის უფლება დაერღვევა, ვინაიდან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის დაცვის უფლებით სარგებლობას უკავშირებს სწორედ მისი პროცესში მხარედ სრულფასოვნად მონაწილეობის შესაძლებლობის მოთხოვნას.

მაშასადამე, სადავო ნორმების კონსტიტუციურობა განპირობებულია იმ მთავარი არგუმენტით, რომ დაზარალებულის სამართლიანი სასამართლოს უფლების სუბიექტად მიჩნევის მიუხედავად, მხარედ მისი პროცესში ჩართვა, არ არის კონსტიტუციური უფლების თავისთავადი შემადგენელი. თუმცა, იმავდროულად, დაზარალებულს უნდა ჰქონდეს ყველა საჭირო მტკიცებულების და ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობა შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებისთვის, რათა დახმარება გაუწიოს სწორი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ამასთან, სახელმწიფო ორგანოების ქმედების კანონიერების შემოწმების, კონტროლის და პასუხის მოთხოვნის ეფექტური ბერკეტები, რათა დაზარალებულმა შეძლოს სახელმწიფოს დახმარებით საკუთარი უფლებების დაცვა/აღდგენა. როგორც უკვე აღინიშნა, დაზარალებულს, ერთი მხრივ, უნდა ჰქონდეს დანაშაულის შედეგად დარღვეული უფლებების (ჯანმრთელობის, სიცოცხლის, საკუთრების, ღირსების და სხვა) აღდგენის, დაცვის საკმარისი ბერკეტები. მეორე მხრივ, დაზარალებულს აქვს ინტერესი, სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულ იქნეს სწორი გადაწყვეტილება, რაც, მათ შორის, მნიშვნელოვანია მიყენებული ზიანის ადეკვატური ანაზღაურებისთვის. ამიტომ, ამ თვალსაზრისით, დაზარალებულის ინტერესია, მონაწილეობა მიიღოს გამოძიებასა თუ სასამართლო პროცესში იმ ფორმითა და დოზით, რაც ობიექტურად აუცილებელი და საკმარისია საქმეზე სწორი გადაწყვეტილების ხელშეწყობისთვის. ამასთან, დაზარალებულს უნდა ჰქონდეს ბერკეტები სახელმწიფოზე ზემოქმედებისათვის, მისი კონტროლისთვის, რათა თავიდან აიცილოს სახელმწიფოს მხრიდან თვითნებობა, დაუდევრობა, შეცდომა, რაც შეუძლებელს გახდის დაზარალებულის კანონიერი ინტერესების დაცვას, დაკმაყოფილებას. ბრალდების მხარე, ცალკეულ შემთხვევაში, შესაძლოა მართლაც იყოს არსებითად უუნარო, მხედველობაში მიიღოს დაზარალებულის ყველა კერძო ინტერესი და ეფექტურად მოახდინოს მისი წარმოდგენა და დაცვა სასამართლოს სხდომაზე. ამასთან შესაძლოა, ის ყოველთვის ვერ/არ იყოს სათანადოდ მოტივირებული, სრულყოფილად გამოიკვლიოს ყველა რელევანტური გარემოება. ზოგჯერ საქმეთა სიმრავლის მოტივით, შესაძლოა ფიზიკურად რთული იყოს ერთნაირი გულმოდგინებითა და ენთუზიაზმით, ამასთან თანაგრძნობით ყველა საქმის სკურპულოზური შესწავლა. შედეგად, გამოძიებისა და მართლმსაჯულების პროცესში ვერ გამოირიცხება შეცდომები, გულგრილობა და სხვა ფაქტორები, რამაც  შესაძლოა დააზარალოს საქმის ეფექტურად გახსნისა და სწორი გადაწყვეტილების მიღების პროცესი.“

საქართველოს მოქალაქე ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,  №1/8/594, 30 სექტემბერი, 2016

 

„დაზარალებულს უნდა ჰქონდეს საქმეზე სწორი გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობის საკმარისი ბერკეტები, შესაძლებლობები,  მისი ჩართულობა უნდა იყოს იმ დოზისა და ხარისხის, რაც დაეხმარება გამოძიებას, მართლმსაჯულებას ფაქტებისა და საჭირო, საკმარისი მტკიცებულებების მოძიებასა და საბოლოოდ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში, რაც გამორიცხავს/მინიმუმამდე დაიყვანს დანაშაულზე თვალის დახუჭვის, გამოძიების გულგრილობის, შეცდომის ან განზრახ არასწორი ქმედების რისკებს. ამასთან, დაზარალებულის საკმარისი დოზით მონაწილეობა შესაძლოა მნიშვნელოვნად დაეხმაროს სასამართლოს, გაიაზროს ის გამოცდილება, სტრესი, რეალური ზიანი/ზარალი, რომელიც დაზარალებულმა მისი ვიქტიმიზაციის შედეგად განიცადა.“

საქართველოს მოქალაქე ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,  №1/8/594, 30 სექტემბერი, 2016

 

„დაზარალებულის საკმარისი მონაწილეობა განაპირობებს გარკვეულ სარგებელს მთლიანად მართლმსაჯულების სისტემისთვის, ვინაიდან დაზარალებულის ჩართულობა შესაძლოა მნიშვნელოვანი დამხმარე ფაქტორი იყოს გამოძიებისთვის და ხელის შემწყობი აღმოჩნდეს ჭეშმარიტების დადგენის პროცესისთვის. დაზარალებულის ეფექტური ჩართულობა ასევე ხელს შეუწყობს გამოძიებისა და მართლმსაჯულებისადმი ნდობის ამაღლებას. სიმართლის დადგენის პროცესში დაზარალებული, ხშირ შემთხვევაში, როგორც დანაშაულის უშუალო თვითმხილველი, განსაკუთრებულ როლს ასრულებს. მას შეუძლია, სასამართლოში საქმის განხილვაში მონაწილეობით, კერძოდ, საქმისთვის რელევანტურ გარემოებათა დასადგენად ახსნა-განმარტებების მიცემის გზით, მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა სიმართლის დადგენაში. გარდა ამისა, დაზარალებულის გადმოსახედიდან ფაქტების შეფასება, ხშირ შემთხვევაში, შესაძლოა, უზრუნველყოფდეს პროცესის შედეგების დამატებით გამჭვირვალობას, მიუკერძოებლობას და მთლიანად პროცესის ლეგიტიმურობას. ამასთან, დაზარალებულის აქტიური ჩართულობა განაპირობებს მისი კმაყოფილების განცდას და სამართლიანობის შეგრძნებას სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

მაშასადამე, დაზარალებულმა, ერთი მხრივ, არ უნდა ჩაანაცვლოს ბრალდების მხარე და, შედეგად, სახელმწიფო, თუმცა, მეორე მხრივ, გარანტირებული უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ხელი შეუწყოს ამ პროცესში სახელმწიფოს ფუნქციის გამართულად შესრულებას, უნდა შეეძლოს, მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია, რომელსაც ფლობს და რომელსაც ობიექტურად შეუძლია დანაშაულის გახსნაზე გავლენის მოხდენა, ამასთან, აღჭურვილი უნდა იყოს საკმარისი გარანტიებით, გამორიცხოს ბრალდების მხარის (სახელმწიფოს) გულგრილობის, დაუდევრობის, არაკომპეტენტურობის, შეცდომის თუ კანონდარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი, უსამართლო გადაწყვეტილების მიღების რისკები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფომ დანაშაულის გამოძიების, გახსნის და დამნაშავისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მონოპოლიის განხორციელების პარალელურად აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს დაზარალებულის კანონიერი ინტერესები და მოთხოვნები. სამართლებრივი სახელმწიფო ვალდებულია, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს დანაშაულის მსხვერპლს და მისცეს მას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მისი ინტერესების რეალიზაციის შესაძლებლობა.  მართალია, სახელმწიფო ვალდებული არ არის, დაზარალებულის ნებისმიერი მოთხოვნა და სურვილი დააკმაყოფილოს, მაგრამ  მან, იმავდროულად, უნდა აღჭურვოს დაზარალებული მისი ინტერესებისა და უფლებების დაცვის საკმარისი და ეფექტური ბერკეტებით, ასევე უნდა გაუქარწყლოს დაუცველობის განცდა, გამორიცხოს მისი შემდგომი ვიქტიმიზაცია და ამ გზით უზრუნველყოს მართლმსაჯულებისადმი მისი ნდობა.

ამ თვალსაზრისით, ყურადსაღებია ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1985 წლის 28 ივნისის რეკომენდაცია No. R (85) 11  „სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის ფარგლებში დაზარალებულის მდგომარეობის შესახებ“, რომელიც პრინციპების დონეზე განსაზღვრავს დაზარალებულის როლს პროცესის სხვადასხვა ეტაპზე. დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია დაზარალებულის ინფორმირების მნიშვნელობაზე, როგორც გამოძიების, ისე სისხლისსამართლებრივი დევნისა და შემდგომში სასამართლო პროცესის ეტაპებზე. აგრეთვე, რეკომენდაციის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისას საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ბრალმდებელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს დაზარალებულის ინტერესები და მისი კომპენსაციის საკითხი; დაზარალებულს უნდა ჰქონდეს დევნის არდაწყებაზე ბრალმდებლის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება შესაბამის კომპეტენტურ ორგანოში. რაც შეეხება დაკითხვის პროცესს, დაცული უნდა იქნეს დაზარალებულის უფლებები და ღირსება, რის უზრუნველსაყოფადაც შესაძლოა იგი დაიკითხოს დისტანციური წესით.  ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1987 წლის 17 სექტემბრის რეკომენდაცია No. R (87) 18 „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების გამარტივების შესახებ“ წინა რეკომენდაციის მსგავსად, სისხლისსამართლებრივი დევნის დისკრეციის გათვალისწინებით, საუბრობს დაზარალებულის ინტერესების მხედველობაში მიღებაზე და კონკრეტული სახელმწიფოს სამართლებრივი ტრადიციების გათვალისწინებით შესაძლებლადაა მიჩნეული მსხვერპლის მიერ პროკურორისათვის სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნა, ასევე კომპენსაციის მოთხოვნა სამოქალაქო წესით ან სისხლის სამართლის პროცესშივე. 

ევროპის კავშირის 2012/29/EU დირექტივით „დაზარალებულთა უფლებების მინიმალური სტანდარტების, მათი დახმარებისა და დაცვის შესახებ“,  განსაზღვრულია ის მინიმალური უფლებები, რომლითაც  სისხლის სამართლის პროცესში დაზარალებული უნდა სარგებლობდეს. სხვა ძირითად უფლებებთან ერთად, როგორებიცაა: ინფორმაციის მიღების, პირადი ცხოვრების და უსაფრთხოების დაცვის და სხვა, დადგენილია ასევე ორი მნიშვნელოვანი უფლება, რომელიც სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობას უკავშირდება. დირექტივით აღიარებულია დაზარალებულის უფლება, წარადგინოს მოსაზრებები სასამართლოში და, ასევე, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შემთხვევაში, დაზარალებულის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება. დირექტივის მე-10 მუხლით აღიარებულია დაზარალებულის უფლება, მოუსმინონ სასამართლო პროცესის დროს. შესაბამისი დირექტივის ინპლემენტაციის სახელმძღვანელო დოკუმენტში (Ref. Ares(2013)3763804 – 19/12/2013) მითითებულია, რომ მე-10 მუხლის მიზანია, სისხლის სამართლის პროცესში უზრუნველყოს ყველა დაზარალებული ინფორმაციის, შეხედულების და მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობით. შესაბამისი პროცედურული წესების (როდის და რა ფორმით მიეცემა დაზარალებულს ამის შესაძლებლობა) განსაზღვრის უფლება აქვს სახელმწიფოს, თუმცა ამგვარი უფლება შეიძლება გულისხმობდეს როგორც კომუნიკაციას და მტკიცებულების მიწოდებას კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოსთვის, ასევე უფრო ფართო უფლებებს, როგორიცაა უფლება, მის მიერ წარდგენილი მტკიცებულების გათვალისწინებასთან დაკავშირებით, ასევე უფლება, მტკიცებულება წარდგენილი იყოს სასამართლოში. დოკუმენტში მოცემულია ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს C 404/07 გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, სახელმწიფო ვალდებული არ არის, დაზარალებულს, როგორც კერძო ბრალმდებელს, მისცეს შესაძლებლობა, წარადგინოს მტკიცებულებები. თუმცა, ასეთი შესაძლებლობის არქონა სახელმწიფოს ავალდებულებს, დაზარალებულს მისცეს შესაძლებლობა, წარადგინოს ჩვენება სასამართლოში, რომელიც მიიღება მხედველობაში ისე, როგორც მტკიცებულება. აღნიშნული უფლების დაცვის ერთ-ერთი მექანიზმია დაზარალებულისთვის შესაძლებლობის მიცემა, წარადგინოს „victim personal/impact statement (VPS)“, სადაც ის აღწერს იმ ემოციურ, ფიზიკურ და ფინანსურ ზიანს, რომელიც მას მიადგა. ამგვარი ზიანის მხედველობაში მიღება სასჯელის განსაზღვრის დროს სავალდებულოა სასამართლოსთვის. დირექტივის მე-11 მუხლით კი განისაზღვრება დაზარალებულის უფლებები იმ შემთხვევაში, როდესაც ბრალდების მხარე იღებს გადაწყვეტილებას სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტასთან დაკავშირებით. დირექტივის თანახმად, პროცედურული საკითხების მოწესრიგება განეკუთვნება სახელმწიფოების ავტონომიას. თუმცა, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ დაზარალებულის მიერ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის გადაწყვეტილების გადახედვის შესაძლებლობა იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება მძიმე დანაშაულს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, სისხლისსამართლებრივი პროცედურები გაწერილი იყოს იმგვარად, რომ დაზარალებულს შეეძლოს, მოითხოვოს სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გადახედვა. ამგვარი პროცესი უნდა იყოს ნათელი, გამჭვირვალე და არ მოიცავდეს ბიუროკრატიულ პროცედურებს. განაჩენის გასაჩივრების საკითხთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ დირექტივა არ ავალდებულებს სახელმწიფოებს, მისცეს დაზარალებულ პირს განაჩენის გასაჩივრების უფლება.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 2005 წლის 29 ნოემბრის დეკლარაცია „სისხლისსამართლებრივი დანაშაულების მსხვერპლთა დაცვისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მართლმსაჯულების ძირითადი პრინციპების შესახებ“ აღიარებს დაზარალებულის ძირითად უფლებებს, როგორებიცაა: უფლება, მოეპყრონ თანაგრძნობით, სამართალწარმოების შესაბამის ეტაპზე საკუთარი შეხედულებების და პრობლემების წარმოდგენის უფლება, ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებული უფლებები და სხვ. თუმცა დეკლარაციით აღიარებული არ არის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება. აღსანიშნავია, რომ დეკლარაცია არ არის ამომწურავი ხასიათის და მხოლოდ ძირითად სტანდარტებს ადგენს სახელმწიფოებისთვის. შესაბამისად, არსებობს სახელმწიფოს მიერ უფრო მაღალი სტანდარტების დადგენის შესაძლებლობაც.

დასახელებული დოკუმენტები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ დაზარალებულის უფლებაზე, გაასაჩივროს/შეამოწმოს სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების/დევნის დაწყებაზე უარის თქმის თაობაზე შესაბამისი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ერთია, რომ სისხლისსმაათლებრივი დევნა სახელმწიფოს პრეროგატივაა, მას აქვს კომპეტენცია და შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები, რომლებმაც უნდა გამოიძიონ ნებისმიერი დანაშაული, გამოავლინონ დამნაშავე და მის მიმართ გამოიყენონ პასუხისმგებლობის პროპორციული ზომა, მაგრამ, იმავდროულად, ცხადია, სისტემა უნდა იყოს ეფექტურად აწყობილი საიმისოდ, რომ არსებობდეს როგორც გამოძიების დაწყება-არდაწყების, ისე პროცესის და შედეგების სისწორის, მართლზომიერების შემოწმების შესაძლებლობა, რადგან კონტროლის ბერკეტების არარსებობა არის თავისთავადი პროვოკაცია ინდიფერენტული მიდგომისა და, შედეგად, შეცდომისთვის, ისევე როგორც თვითნებობისა თუ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისთვის. შედეგად, ზიანი ადგება როგორც კერძო, ისე საჯარო ინტერესს. მნიშვნელოვანია, არსებობდეს სახელმწიფოს კონტროლის მექანიზმები, რათა მან არ დაუშვას შეცდომა ან თვალი არ დახუჭოს მასზე. ამიტომ, დაზარალებულს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გადაამოწმოს დევნის დაწყებაზე უარის საფუძვლიანობა, კანონიერება, ცხადია, ისევ სახელმწიფო ორგანოების მეშვეობით. სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, დაასაბუთოს, რომ არ არსებობდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლები კონკრეტულ ფაქტზე ან/და კონკრეტული პირის მიმართ დევნის დასაწყებად. იმავე მოთხოვნების არსებობა საფუძვლიანია დევნის შეწყვეტის გადაწყვეტილების გადასინჯვის შესაძლებლობასთან/აუცილებლობასთან დაკავშირებით. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გამოძიების აქტების კანონიერების სასამართლოში გასაჩივრების გზით შემოწმებას. სასამართლო კონტროლი არის ყველაზე ძლიერი და ეფექტური გზა, პროკურორი აიძულოს, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას იყოს მიუკერძოებელი.

დასახელებული დოკუმენტები ცხადყოფს, რომ სახელმწიფო ვალდებულია, მხედველობაში მიიღოს, არ უგულებელყოს დაზარალებულის ინტერესები. თუმცა კონსტიტუციის მიზნებისთვის ზემოაღნიშნულ დოკუმენტებში მოცემული სახელმძღვანელო მითითებები არ წარმოადგენს ერთადერთ აუცილებელ და უალტერნატივო წესებს. ისინი შეიცავს სასარგებლო მითითებებსა და სტანდარტებს, რომლებიც მიზნად ისახავს დაზარალებულის უფლების სათანადო დაცვას, მისი ინტერესების გათვალისწინებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულდან გამომდინარე, დაზარალებული თავისი ინტერესით ბუნებრივად არის უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ მოწმე, რაც, თავისთავად, მოითხოვს მის სათანადო და საკმარის ჩართულობას პროცესში. დაზარალებული ინფორმირებული უნდა იყოს საქმის მსვლელობის შესახებ მის ყველა ეტაპზე, ყველა კატეგორიის დანაშაულზე ჰქონდეს შესაძლებლობა, გაასაჩივროს, მათ შორის, სასამართლოში, დაზარალებულად ცნობასა და დევნის დაწყებაზე უარის თქმის, ისევე როგორც დევნის/გამოძიების შეწყვეტის შესახებ პროკურორის გადაწყვეტილება, მიიღოს სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს, უნდა მიეცეს პროცესზე დასწრების და განცხადებების, მოსაზრებების, მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა. დანაშაულის მსხვერპლს, როგორც წესი, აქვს სურვილი და მისწრაფება, სისხლის სამართლის პროცესში მოისმინონ მისი ისტორია, განიხილონ და მხედველობაში მიიღონ მისი პოზიცია. დაზარალებულმა თავი უნდა იგრძნოს დაკმაყოფილებულად, ვინაიდან ის არის დანაშაულის ყველაზე პირდაპირი, უშუალო ობიექტი.

ამ თვალსაზრისით, რამდენად ეფექტურია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ესა თუ ის ინსტიტუტი, ცალკე, დამოუკიდებლად შეიძლება გახდეს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასების საგანი. მოცემული დავის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამოწმოს ან/და დაადგინოს დაზარალებულის ინტერესების დაცვის ზემოაღნიშნული ან ნებისმიერი სხვა საკანონმდებლო ბერკეტების საკმარისობა, ეფექტურობა და, შედეგად, კონსტიტუციურობა.“

საქართველოს მოქალაქე ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,  №1/8/594, 30 სექტემბერი, 2016

 

 

„სამართლიანი სასამართლოს უფლება, სხვა კომპონენტებთან ერთად, ასევე მოიცავს დაცვის უფლებას. აღნიშნული უფლების მნიშვნელობა განსაკუთრებით დიდია სისხლის სამართლის პროცესში, რადგან დაცვის მხარეს აღჭურავს შესაბამისი საპროცესო ინსტრუმენტით, რათა მან ბრალდების პოზიციას დაუპირისპიროს კონტრარგუმენტები, გამამართლებელი მტკიცებულებები და სასამართლო პროცესი წარიმართოს სამართლიანი სასამართლოს პრინციპის შესაბამისად.

დაცვის უფლება იმავდროულად დამოუკიდებელი კონსტიტუციური გარანტიაა. სამართლიანი სასამართლოს უფლება ირღვევა იმ შემთხვევაშიც, როდესაც  ნორმა მართალია არ არღვევს სასამართლო პროცესში თანასწორობის პრინციპს ან სამართლიანი სასამართლოს სხვა კომპონენტს, თუმცა მნიშვნელოვნად ზღუდავს პირის შესაძლებლობას დაიცვას თავი წაყენებული ბრალდებისაგან.“

საქართველოს მოქალაქეები ნადია ხურციძე და დიმიტრი ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, № 1/1/650,699,  27 იანვარი, 2017

 

„სისხლის სამართალწარმოებაში დაცვის უფლება, ბრალდებულისათვის მინიჭებულ სხვა საპროცესო გარანტიებთან ერთად, წარმოადგენს სახელმწიფოსა და ბრალდებულის ხელთ არსებული შესაძლებლობების დამაბალანსებელ ინსტრუმენტს. სისხლისსამართალწარმოებაში მხარეს, ერთი მხრივ, წარმოადგენს სახელმწიფო, რომელიც წარმართავს გამოძიებას მის ხელთ არსებული უზარმაზარი რესურსებითა და უფლებამოსილებით, ხოლო მეორე მხრივ – ბრალდებული, რომლის შესაძლებლობები (მათ შორის ფინანსური, ადამიანური რესურსები), როგორც წესი, შეზღუდულია. აქედან გამომდინარე, სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა შორის არსებული ობიექტური სხვაობა კომპენსირებული უნდა იყოს დაცვის მხარისათვის მინიჭებული სხვადასხვა საპროცესო ინსტრუმენტებით იმგვარად, რომ ბრალდებული არ აღმოჩნდეს არსებითად არახელსაყრელ მდგომარეობაში ბრალდების მხარესთან შედარებით.

მიუხედავად იმისა, რომ სსსკ მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე ბრალდების მხარეს აკისრებს გონივრულ ეჭვს მიღმა ბრალდებულის ბრალეულობის დასაბუთების ვალდებულებას, დაცვის მხარეს უნდა ჰქონდეს რეალური შესაძლებლობა შეიტანოს ეჭვი ბრალდების დასაბუთებულობაში და ამისთვის ჰქონდეს წვდომა ინფორმაციისადმი. ხშირ შემთხვევაში აღნიშნული მიზნის მიღწევა შეუძლებელია ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულების მხოლოდ კრიტიკული შეფასების გზით (რაც დასტურდება სარჩელში მითითებული საქმის ფაქტორივი გარემოებებითაც) და უკავშირდება კონკრეტული ინფორმაციის მოპოვებას, რომელიც ქმნის გონივრულ ეჭვს ბრალდების დასაბუთებულობაში. აღნიშნული შეუძლებელია თუ დაცვის მხარეს სჭირდება ისეთი კომპიუტერული ინფორმაციის გამოთხოვა რომლის მოპოვებაც არ შედის ბრალდების მხარის ინტერესებში, ბრალდების მხარის აზრით წარდგენილი ბრალდება აღნიშნული ინფორმაციის გარეშეც დასაბუთებულია და არ არსებობს შუამდგოლობის დაკმაყოფილების აუცილებლობა. შესაბამისად, ბრალდების მხარეს ენიჭება დისკრეციული უფლებამოსილება არ დააკმაყოფილოს დაცვის მხარის შუამდგომლობა და არ მიმართოს სასამართლოს დაცვის მხარის მიერ მოთხოვილი კომპიუტერული ინფორმაციის გამოთხოვის შუამდგომლობით. ვინაიდან მტკიცებულების მოპოვება და წარდგენა მხარის უფლებაა, სწორედ მხარე წყვეტს რომელი სახის, რომელი მტკიცებულება, რა რაოდენობით და ფორმით, მოიპოვოს და წარმოადგინოს სასამართლოში.

მიუხედავად იმისა რომ სსსკ ითვალისწინებს მტკიცებულებათა გაცვლის წესს და ადგენს ბრალდების მხარის ვალდებულებას მიაწოდოს დაცვის მხარეს მის ხელთ არსებული გამამართლებელი მტკიცებულებები იმისდამიუხედავად აპირებს თუ არა სასამართლოში მათ გამოყენებას, საპროცესო კანონდებლობა ფუნქციათა მკაფიო გამიჯნვის პირობებში, ბრალდების მხარეს არ აკისრებს ბრალდებულის გამამართლებელი მტკიცებულებების მოძიების ცალსახა ვალდებულებას. მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებათა გამჟღავნება უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია ბრალდებულის საპროცესო გარანტიების დაცვისათვის, ის სრულად ვერ უზრუნველყოფს „შესაძლებლობათა ბალანსის“ დაცვას სისხლისსამართლებრივ პროცესში. რეგულირების ფარგლებს გარეთ რჩება მტკიცებულებები, რომლებიც მესამე პირთა ხელში იმყოფება. არსებული ვაკუუმის შევსებას ემსახურება მხარეთა მიერ მტკიცებულებათა უერთიერთგაცვლის ვალდებულებასთან ( საქართველოს სსსკ 83-ე მუხლი) ერთად Subpoena duces tecum, რაც გულისხმობს მხარის შუამდგომლობით სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის პროცესში მესამე მხარის დავალდებულებას გარკვეული დოკუმენტის წარმოდგენაზე.“

საქართველოს მოქალაქეები ნადია ხურციძე და დიმიტრი ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, № 1/1/650,699, 27 იანვარი, 2017

 

„დაცვის უფლების გარანტირებით კონსტიტუცია მიზნად ისახავს, პირის მსჯავრდების პრევენციას უსამართლო სამართალწარმოების შედეგად. შეჯიბრებითი სამართალწარმოების ფარგლებში აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელია მხარეთათვის პირველ რიგში მტკიცებულებათა მოპოვების და წარდგენის მაქსიმალურად თანაბარი შესაძლებლობების მინიჭებით. სწორედ ამიტომ ბრალდებულს აქვს პირადად ან დამცველის მეშვეობით თავის დაცვის უფლება –  შესაძლებლობა, გამოიყენოს როგორც ფაქტობრივი ცოდნა, ასევე სამართლებრივი დახმარება, გააჩნია ბრალდების თანასწორი უფლებები, ხოლო სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს დაცვის მხარის მიერ ბრალდებისაგან თავის დაცვის შესაძლებლობა სხვადასხვა პროცედურული ინსტრუმენტებით.“

საქართველოს მოქალაქეები ნადია ხურციძე და დიმიტრი ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, № 1/1/650,699, 27 იანვარი, 2017

 

„თანამედროვე რეალობაში, ტექნოლოგიური პროგრესის გათვალისწინებით, ციფრული ხასიათის ინფორმაციის მოცულობის სფერო დღითი დღე იზრდება. შესაბამისად, ბრალდებულის ხელმისაწვდომობის მიღმა რჩება ინფორმაციის უზარმაზარი სპექტრი, რომელიც სხვადასხვა დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით, შესაძლოა არა მხოლოდ არსებითი, რელევანტური და აუცილებელი იყოს მისი პოზიციის დასაბუთებისა და არგუმენტირებისათვის, არამედ ცალკეულ შეთხვევებში დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე წარმოადგენდეს ერთადერთ გამამართლებელ მტკიცებულებას.

საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ნორმების არაპროპორციულად მზღუდავი ხასიათი სამართლიანი სასამართლოს უფლების ჭრილში გამოიხატება არა მხოლოდ სასამართლო პროცესში მხარეთა თანასწორობის პრინციპის შეზღუდვასა და უგულებელყოფაში, არამედ დაცვის უფლების განხორციელებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვების და წარდგენის შესაძლებლობის არარსებობაშიც. შესაბამისად, კომპიუტერული წესით შენახულ ინფორმაციაზე წვდომის ორივე მხარისთვის შეზღუდვის შემთხვევაშიც კი, ვინაიდან ბრალდებულს ეზღუდება გამამართლებელი მტკიცებულებების მოპოვების საშუალება ინფორმაციის მნიშვნელოვნად ფართო სპექტრზე, ილახება მისი დაცვის უფლება სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციური უფლების სხვა კომპონენტების შეზღუდვისგან დამოუკიდებლად.“

საქართველოს მოქალაქეები ნადია ხურციძე და დიმიტრი ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, № 1/1/650,699, 27 იანვარი, 2017

Back to Top

%d bloggers like this: