42 – ე მუხლის მე – 4 პუნქტი

“არავის არ შეიძლება განმეორებით დაედოს მსჯავრი ერთი და იმავე დანაშაულისათვის”. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება საყოველთაოდ აღიარებული “ne bis in idem” პრინციპის ხორცშესხმაა, აღნიშნული პრინციპი ერთი მხრივ იცავს ინდივიდს ერთი და იმავე ქმედების გამო განმეორებითი სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდებისგან, მეორე მხრივ კი, ემსახურება სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულების პროცესში მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებებით სახელმწიფო ორგანოების ბოჭვას. აღნიშნული პრინციპი სახელმწიფო ორგანოებს აკისრებს პასუხისმგებლობას სისხლისსამართლებრივი დევნის სათანადოდ განხორციელებისთვის, რადგან ხელისუფლების ორგანოები არ არიან უფლებამოსილი, წარუდგინონ პირს დამატებითი ან უფრო მძიმე ბრალდება იმ ქმედების გამო, რომლისთვისაც პირი უკვე გასამართლებული იყო. შესაბამისად, კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს უმნიშვნელოვანეს გარანტიას ინდივიდების ხელისუფლების თვითნებობისგან დასაცავად, რამდენადაც უზრუნველყოფს, რომ, თუ პირს ერთხელ დაეკისრება მსჯავრი და მოიხდის სასჯელს ან გამართლდება კონკრეტული ქმედებისთვის, ის თავისუფალი უნდა იყოს შიშისგან, რომ ხელისუფლება იმავე ქმედების გამო კიდევ განახორციელებს მის მიმართ დევნას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე,. № 3/1/608,609 (2015 წლის 29 სექტემბერი).
განმეორებით მსჯავრდების აკრძალვის პრინციპიდან გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევები, როდესაც ქმედების გამო სამართალწარმოება შეიძლება განახლდეს ახლად გამოვლენილი ან აღმოჩენილი მტკიცებულებების გამო ან როდესაც გამოვლინდება სამართალწარმოების მნიშვნელოვანი ხარვეზები, რასაც შეეძლო გავლენა მოეხდინა სამართალწარმოების შედეგზე და რაც მისი ხელახლა დაწყების საფუძველს ქმნის ნათელი, განჭვრეტადი და წინასწარმიღებული კანონმდებლობის საფუძველზე. თუმცა აღნიშნული გამონაკლისების გარდა, განმეორებით მსჯავრდების აკრძალვის პრინციპი აბსოლუტურ და იმპერატიულ კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს. ერთი და იმავე ქმედებისთვის პირის განმეორებით მსჯავრდება წარმოადგენს პირის თავისუფლების ცალსახა უგულებელყოფას და აზრს უკარგავს სამართლებრივი სახელმწიფოს იმგვარ ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიცაა სამართლის განჭვრეტადობა და კანონის გარეშე პასუხისმგებლობისა და დასჯის აკრძალვა. თუ პირს კანონით დადგენილი პასუხისმგებლობა ერთი ქმედებისთვის რამდენჯერმე შეიძლება დაეკისროს და ხელისუფლება არ იზღუდება ამ მიმართებით, იმპერატიული მოთხოვნა, რომ პირმა წინასწარ იცოდეს, რა სასჯელი დაეკისრება კონკრეტული ქმედებისთვის და შეეძლოს საკუთარი ქცევის შესაბამისად კონტროლი, თავისთავად აზრს მოკლებული ხდება. შესაბამისად, პირის განმეორებით მსჯავრდება არის კონსტიტუციის და მისი ფუნდამენტური პრინციპების მიუღებელი და უხეში დარღვევა, რომელიც არ შეიძლება ექვემდებარებოდეს გამართლებას რაიმე ლეგიტიმური მიზნის მიღწევის საბაბით.“
საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე, № 3/1/608,609, 29 სექტემბერი, 2015

„საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „არავის არ შეიძლება განმეორებით დაედოს მსჯავრი ერთი და იმავე დანაშაულისათვის“. ხსენებული კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს განმეორებითი მსჯავრდების აკრძალვის კონსტიტუციურ პრინციპს (ne bis in idem).
განმეორებითი მსჯავრდების აკრძალვა სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტური პრინციპის არსებითი გამოვლინებაა, კერძოდ, სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულების პროცესში სახელმწიფო ორგანოების ბოჭვა, მათ მიერვე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებებით, არ განახორციელონ ერთი და იმავე ქმედებისათვის პირის განმეორებითი დევნა, პირდაპირ უკავშირდება სამართლებრივი განსაზღვრულობისა და უსაფრთხოების პრინციპებს. ინდივიდის უფლებაშემზღუდავი კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განჭვრეტადობა, მისი სამართლებრივი განსაზღვრულობის ხარისხი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად და რა ფარგლებში ხდება მართლმსაჯულების პროცესში მიღებული საბოლოო ხასიათის გადაწყვეტილებების პატივისცემა.“
საქართველოს მოქალაქე დავით ცინცქილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/7/636, 29 დეკემბერი, 2016

„განმეორებითი მსჯავრდების აკრძალვის კონსტიტუციური პრინციპიდან გამონაკლისების არსებობა მიზნად ისახავს გონივრული ბალანსის უზრუნველყოფას სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულების ორ უმნიშვნელოვანეს ინტერესს შორის. ხაზგასმით უნდა აღნიშნოს, რომ კონსტიტუციური მართლწესრიგის იდეა, მისი მიზნების განმტკიცება არსებითად არის დამოკიდებული კანონშემოქმედების პროცესში სამართლებრივი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კონსტიტუციური პრინციპების პატივისცემაზე. ამგვარად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, კანონმდებლობამ მოახდინოს იმ სამართლებრივი ეფექტების შედეგად შექმნილი რეალობის დაცვა, რისი დადგომაც ძალაში შესულმა საბოლოო გადაწყვეტილებებმა გამოიწვია. მეორე მხრივ, ასევე აუცილებელია ისეთი სამართლებრივი მექანიზმების არსებობა, რომელიც ხელს შეუწყობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების სიზუსტის დადგენას და გამოასწორებს სისხლისსამართლებრივი პროცესის მიმდინარეობისას დაშვებულ უხეშ ცდომილებებს.“
საქართველოს მოქალაქე დავით ცინცქილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/7/636, 29 დეკემბერი, 2016

„საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტი აერთიანებს განმეორებითი მსჯავრდების აკრძალვის (ne bis in idem) კონსტიტუციური უფლების შემადგენელ რამდენიმე ელემენტს, რომელთა მართებულ აღქმას, მათი შინაარსის ჯეროვან დადგენას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხსენებული უფლების პრაქტიკული განხორციელების პროცესში. კერძოდ, კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტში საუბარია განმეორებითი მსჯავრის აკრძალვაზე ერთი და იმავე დანაშაულისათვის. აღნიშნული ჩანაწერიდან იკვეთება სამი ძირითადი ელემენტი, რომელთა მიხედვითაც, იმისათვის, რომ სახეზე იყოს კონსტიტუციით აკრძალული ორმაგი მსჯავრდება, ა) პირის მიმართ უნდა არსებობდეს დასრულებული სისხლისსამართლებრივი პროცედურა კონკრეტული დანაშაულთან მიმართებით, ბ) მას უნდა ემუქრებოდეს „განმეორებით“ მსჯავრდება (bis), გ) „ერთი და იმავე დანაშაულისათვის“ (idem). საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტით დაცული უფლების სრულყოფილი გააზრებისათვის მნიშვნელოვანია, მოხდეს თითოეული ელემენტის გაანალიზება.“
საქართველოს მოქალაქე დავით ცინცქილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/7/636, 29 დეკემბერი, 2016

„უნდა აღინიშნოს, რომ კონსტიტუციის მიზნებისთვის პრინციპულად არასწორი იქნებოდა განმეორებითი მსჯავრდებისგან დაცვის კონსტიტუციური გარანტიების მიღმა ისეთი სახის იძულებითი ღონისძიებების დატოვება, რომელიც, მართალია, ფორმალურად საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით არ იქნებოდა გათვალისწინებული, თუმცა პირის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის ინტენსივობით გაუტოლდებოდა სისხლისსამართლებრივი ხასიათის იძულებით ღონისძიებას და შესაბამისად, ჩაითვლებოდა ,,მსჯავრის დადებად“. ამგვარი დაშვება გაუმართლებლად გაზრდიდა კანონმდებლის დისკრეციას უფლებაშემზუდავი ღონისძიებების მომწესრიგებელი ნორმების მიღების პროცესში, რაც აშკარა წინააღმდეგობაში მოვიდოდა კონსტიტუციის მიზნებთან.
შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიზნებისთვის, ტერმინები ,,მსჯავრის დადება“ და ,,დანაშაული“ უნდა განიმარტოს ავტონომიური კონსტიტუციური მნიშვნელობით, მათი ბუნებისა და პრაქტიკული შინაარსის გათვალისწინებით, ხოლო საკანონმდებლო დეფინიციებს ამ თვალსაზრისით დამხმარე ხასიათი ექნება. ცხადია, საკონსტიტუციო სასამართლო გულისყურით მოეკიდება კონკრეტული ქმედებისა თუ ღონისძიების სამართლებრივ კლასიფიკაციას, მის ადგილს კანონმდებლობაში, თუმცა შესაფასებელი ქმედების/ღონისძიების სისხლისსამართლებრივი ბუნების განსაზღვრის პროცესში მას არ ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უფრო დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს სახელმწიფოს მიერ განხორციელებული იძულებითი ღონისძიების ბუნებას, მის რეალურ არსს და ასევე მისი სიმკაცრის ხარისხს. კერძოდ, ყოველი კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით უნდა შეფასდეს, პირის მიერ ჩადენილი ქმედების საპასუხოდ, სახელმწიფოს მიერ გამოყენებული იძულებითი ღონისძიების მიზანი და ის საჯარო თუ კერძო ინტერესები, რის მიღწევასაც ემსახურება იგი. ამასთანავე, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული პირის მიმართ გამოყენებული ღონისძიების/სასჯელის სიმკაცრე, რომელიც უნდა შეფასდეს სასჯელის ზომის იმ უმაღლესი ზღვრის გათვალისწინებით, რასაც ადგენს გამოყენებული სამართლებრივი ნორმა და არა იმ ფარგლებში, რისი გამოყენებაც მოცემულ შემთხვევაში მოხდა სამართალშემფარდებლის მიერ.“
საქართველოს მოქალაქე დავით ცინცქილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/7/636, 29 დეკემბერი, 2016

„იმისათვის, რომ ცხადი გახდეს, გვაქვს თუ არა სახეზე პირის განმეორებითი მსჯავრდება, მნიშვნელოვანია, განისაზღვროს რას გულისხმობს კონსტიტუცია „ერთი და იმავე დანაშაულის“ (idem) ცნებაში და რა არის ის გარემოებები, რის საფუძველზედაც შეიძლება დადგინდეს მსგავსება ორ ან რამდენიმე დანაშაულის შემადგენლობებს შორის, რასაც საფუძვლად ერთი და იმავე ქმედება უდევს. ბუნებრივია, თუ მოხდება ამგვარი მსგავსების დადგენა, მაშინ ინდივიდი მოექცევა კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტით გარანტირებული უფლების დაცვის ქვეშ.
საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი განმეორებითი მსჯავრდების აკრძალვის მიზნებისათვის არ არის გადამწყვეტი ქმედების სხვადასხვა შემადგენლობას შორის კანონმდებლობით დადგენილი კლასიფიკაცია.
ამასთანავე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი გარანტია გულისხმობს მსჯავრდების აკრძალვას ისეთ შემთხვევებში, როდესაც პირის მიმართ განმეორებით წარდგენილი ბრალდება ეფუძნება იგივე ან არსებითად იგივე ფაქტობრივ გარემოებებს, რაზეც პირის მიმართ უკვე არსებობს ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება. უფრო კონკრეტულად, პირვანდელი სისხლისსამართლებრივი პროცედურის შედეგად მიღებულ საბოლოო გადაწყვეტილებაში, ისევე როგორც იმავე პროცესის მანძილზე გამოცემულ სხვადასხვა ფორმალურ აქტებში მითითებული საფუძვლები, როგორც წესი, წარმოადგენს ფაქტობრივი გარემოებების ამომწურავ ჩამონათვალს, რომლის საფუძველზედაც მოხდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება პირის მსჯავრდების ან გამართლების შესახებ. ამგვარად, შესადარებელ დანაშაულთა (ქმედების) შემადგენლობებს შორის მსგავსების დადგენისათვის მნიშვნელოვანია, მოხდეს არსებითი ფაქტობრივი გარემოებების მკაფიო იდენტიფიცირება, რომელიც განუყოფელი უნდა იყოს სივრცესა და დროში მოქმედების თვალსაზრისით და მიემართებოდეს ერთსა და იმავე ინდივიდს (ბრალდებულს). მაგალითად, თუ პირი საერთო განზრახვით ჩაიდენს ორ ან მეტ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას სხვადასხვა ადგილას (სივრცითი ელემენტი) ან დროის სხვადასხვა მონაკვეთში (დროითი ელემენტი), მაშინ მის მიმართ არ გავრცელდება განმეორებითი მსჯავრდების აკრძალვის კონსტიტუციური გარანტია. ხოლო, თუ პირი ერთსა და იმავე ადგილას დროის კონკრეტულ მონაკვეთში განხორციელებული ქმედების (ქმედებების) გამო დაექვემდებარება განმეორებით დევნას განსხვავებული სისხლისსამართლებრივი საფუძვლით, რომლის ქმედების შემადგენლობის ელემენტები (სუბიექტური (mens rea) და ობიექტური (actus reus) ელემენტები, დანაშაულის მიზნები, საჯარო და კერძო ინტერესების შეფასება) არსებითად მსგავსია პირვანდელი მსჯავრდებისას გამოყენებული სამართლებრივი ნორმისა და განმეორებით დევნას საფუძვლად არსებითად მსგავსი ფაქტობრივი გარემოებები დაედო, ასეთი შემთხვევა მოექცევა კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტით დაცული უფლების სფეროში.“
საქართველოს მოქალაქე დავით ცინცქილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/7/636, 29 დეკემბერი, 2016

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარანტიების გავრცელებისათვის ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს, არის თუ არა სახეზე პროცესის დუბლირება, ანუ განმეორებითი მსჯავრდება (bis). უნდა აღინიშნოს, რომ განმეორებითი მსჯავრდების აკრძალვის კონსტიტუციური გარანტია გავრცელდება ისეთი სისხლისსამართლებრივი პროცედურის განმეორებაზე, რომელიც ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილებით არის დასრულებული. ამგვარად, მნიშვნელოვანია განიმარტოს, კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიზნებისთვის, გადაწვეტილება დროის რა მომენტიდან მიიჩნევა საბოლოოდ.
საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიზნებისათვის პირველადი მსჯავრდება დასრულებულად უნდა იქნეს მიჩნეული როგორც საქმის არსებითი განხილვის შედეგად გადაწყვეტილების მიღებისას, რომელშიც ხდება საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასება, ასევე რიგი პროცედურული საკითხების გადაწყვეტის მომენტიდან. ბუნებრივია, საქმის არსებითი გარემოებების შეფასება ხდება სასამართლოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის შესაბამისად, რომელიც განმეორებითი მსჯავრდების აკრძალვის კონსტიტუციური უფლების მიზნებისათვის მაშინ იქნება მიჩნეული დასრულებულად, როდესაც სასამართლოს მიერ მოხდება საქმეში არსებული არსებითი ფაქტობრივი გარემოებების ამომწურავი შეფასება. რაც შეეხება პროცედურულ საკითხებს, სისხლისსამართლებრივი პროცედურა დასრულებულად მიიჩნევა, მაგალითად, თუ ბრალდების მხარის მიერ მოხდება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება საქმეში არასაკმარისი მტკიცებულებათა არსებობის გამო; ასევე, დანაშაულის ხანდაზმულობის ვადის გასვლის, შეწყალების ან ამნისტიის გამო. ნიშანდობლივია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი აღიარებს აღნიშნულ მიდგომას და ითვალისწინებს გამოძიების შეწყვეტისა და სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების ან მისი შეწყვეტის როგორც მატერიალურ, ისე პროცედურულ საფუძვლებს. კერძოდ, კანონმდებლობით დადგენილია, რომ „გამოძიება უნდა შეწყდეს, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს ან უნდა შეწყდეს: თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა; თუ გამოცემულია ამნისტიის აქტი, რომელიც პირს ათავისუფლებს ჩადენილი ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან; თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი იმავე ბრალდების გამო ან/და სასამართლოს განჩინება იმავე ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე; თუ არსებობს პროკურორის დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ“ (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები).
რაც შეეხება დროის მომენტს, როდესაც გადაწყვეტილება იძენს საბოლოო ეფექტს (res judicata), საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კონსტიტუციის მიზნებისათვის საკანონმდებლო განმარტებები არ არის საკმარისი დადგინდეს სამართალწარმოების საბოლოობის ფაქტი. გადაწყვეტილების საბოლოო ეფექტს (res judicata) ავტონომიური კონსტიტუციური შინაარსი გააჩნია. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილება საბოლოო გახდება მას შემდეგ, რაც მის მოქმედებას შეუქცევადი ხასიათი ექნება და არ იარსებებს გასაჩივრების კანონმდებლობით გათვალისწინებული გონივრული მექანიზმები. ასეთ შემთხვევას მაშინ შეიძლება ჰქონდეს ადგილი, როდესაც გადაწყვეტილება უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს მიერ იქნა მიღებული ან გასულია კანონით დადგენილი გასაჩივრების გონივრული ვადები, რის გამოყენებაზე მხარეებმა ნებაყოფლობით თქვეს უარი. აქედან გამომდინარე, ცხადია, ისეთი სახის გადაწყვეტილებები, რომელთა გასაჩივრება შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტული პროცედურის შესაბამისად გონივრული ვადის განმავლობაში, რჩება განმეორებითი მსჯავრდების აკრძალვის კონსტიტუციური უფლების მოქმედების მიღმა.“
საქართველოს მოქალაქე დავით ცინცქილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/7/636, 29 დეკემბერი, 2016

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტის დაცული სფერო არ ფარავს კანონმდებლობით დადგენილ განსაკუთრებულ შემთხვევებს, რომელიც ითვალისწინებს სამართალწარმოების განახლების შესაძლებლობას ახლად გამოვლენილი ან აღმოჩენილი მტკიცებულებების გამო ან როდესაც გამოვლინდება სამართალწარმოების მნიშვნელოვანი ხარვეზები, რასაც შეეძლო გავლენა მოეხდინა სამართალწარმოების შედეგზე და რაც მისი ხელახლა დაწყების საფუძველს ქმნის ნათელი, განჭვრეტადი და წინასწარმიღებული კანონმდებლობის საფუძველზე. ხსენებული საგამონაკლისო შემთხვევების არსებობა/არ არსებობის საკითხი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს, რაც, ბუნებრივია, არ წარმოადგენს შეფასების საგანს განსახილველი საქმის ფარგლებში.
საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული არაორდინალური შემთხვევები, როგორც უკვე აღინიშნა, გამონაკლისის სახით არსებობს და ხელს არ უშლის სამართალწარმოებისას მიღებულ გადაწყვეტილებებს, შეიძინონ საბოლოო, შეუქცევადი ეფექტი, იმის მიუხედავად, მოხდება თუ არა სამომავლოდ საქმის განახლება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის შესაძლებლობას, თუ „წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო“; ან „თუ წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო“ (სისხლის სამართლის კოდექსის 310-ე მუხლის „ზ“ და „ზ1“ ქვეპუნქტები).
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტის დაცული სფერო ვრცელდება სისხლისსამართლებრივ მართლმსაჯულებაზე, ფართო გაგებით, მისი ავტონომიური, კონსტიტუციურ-სამართლებრივი განმარტების მნიშვნელობით. ამასთანავე, კონსტიტუციის ხსენებული დებულება გულისხმობს დაცვის გარანტიებს განმეორებითი დევნის დაწყების წინააღმდეგ, დროსა და სივრცეში ერთიან, არსებითად მსგავსი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე წარმოშობილი ორი ან უფრო მეტი ქმედების მიმართ, როდესაც პირის მიმართ უკვე არსებობს კანონიერ ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება, მისი მსჯავრდების ან გამართლების შესახებ ან ასევე რიგი პროცედურული გარემოებები, რაც, თავისი არსით, სამართალწარმოების დასრულებას გულისხმობს (ბრალდების მხარის მიერ დევნის შეწყვეტა, ხანდაზმულობის ვადების ამოწურვა, ამნისტია).“
საქართველოს მოქალაქე დავით ცინცქილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/7/636, 29 დეკემბერი, 2016

„როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე განმარტა, განმეორებით მსჯავრდების აკრძალვის პრინციპი მნიშვნელოვან, იმპერატიულ კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს. სახელმწიფო (კანონმდებელი) ვალდებულია, კანონის გამომყენებელი აღჭურვოს ისეთი სახელმძღვანელო ნორმებით, რომლებიც გამორიცხავს ერთი და იმავე ქმედებისათვის პირის განმეორებით მსჯავრდებას, უზრუნველყოფს ხსენებული ფუნდამენტური კონსტიტუციური პრინციპის პრაქტიკულ განხორციელებას. ამასთან, ყურადსაღებია, რომ კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტის აკრძალვის მიღმა ექცევა რამდენიმე საგამონაკლისო შემთხვევა, რომელიც ნათელი, განჭვრეტადი და წინასწარმიღებული კანონმდებლობის საფუძველზე უნდა განხორციელდეს.
ბრალდების მხარისათვის გასაჩივრების უფლების მინიჭებით, კანონმდებლობა ემსახურება როგორც კერძო, ისე საჯარო ინტერესების დაცვას. სააპელაციო და საკასაციო წესით საჩივრის წარდგენა შეიძლება, inter alia, მიზნად ისახავდეს პირველი ინსტანციის ან სააპელაციო სასამართლო განხილვისას პოტენციურად დაშვებული შეცდომის გამოსწორების მიზანს… პოტენციურად არასწორი გადაწყვეტილების გასაჩივრება ემსახურება საჯარო ინტერესს – მოხდეს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა. აღნიშნული ასევე ხელს უწყობს დაზარალებულის ინტერესების რეალიზებას – სწორი გადაწყვეტილების მიღების საფუძველზე შეძლოს მიყენებული ზიანის ადეკვატური ანაზღაურება.“
საქართველოს მოქალაქე დავით ცინცქილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/7/636, 29 დეკემბერი, 2016

„საკონსტიტუციო სასამართლომ, კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტის დაცული სფეროს განმარტებისას მიუთითა, რომ საბოლოო გადაწყვეტილების ეფექტს (res judicata) მაშინ შეიძენს სასამართლოს მიერ მიღებული აქტი, თუ კანონით დადგენილი გონივრული და სათანადო მექანიზმები არ უშვებს მისი გასაჩივრების შესაძლებლობას ან მხარეთა მიერ წინასწარი შეცნობით მოხდა გასაჩივრების ვადის დინების ამოწურვა. განსახილველ საქმეში მოსარჩელე აღნიშნავს, რომ, ვინაიდან იგი დაექვემდებარა სისხლისსამართლებრივ სასჯელს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, რისი აღსრულება სრულად მოხდა, აპელაციის ეტაპზე მიმდინარე სამართალწარმოება იმავე საქმეზე უნდა გაუტოლდეს განმეორებით მსჯავრდებას. საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, შეაფასოს სააპელაციო და საკასაციო წესით საჩივრის განხილვის ვადები და დაადგინოს, რამდენად შეიძლება გაუჩინოს მან მოსარჩელის მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირებს, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიმართ, საბოლოობის განცდა, აპელაციის/კასაციის წესით საქმის განხილვის ვადების არაგონივრული ბუნებიდან გამომდინარე.
საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, სააპელაციო და საკასაციო საჩივრის წარდგენისათვის ითვალისწინებს 1 თვიან ვადას განაჩენის გამომტან სასამართლოში მისი გამოცხადების მომენტიდან (მუხლები 293, 302). ამასთან, კანონმდებლობის მიხედვით (სსსკ-ის 295-ე მუხლი) სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოაქვს საჩივრის დასაშვებად ცნობიდან (საჩივრის დასაშვებობის გადასაწყვეტად სააპელაციო სასამართლოს 10 დღიანი ვადა აქვს) 2 თვის ვადაში. რაც შეეხება საკასაციო საჩივრის განხილვის ვადას, საკასაციო სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილება გამოაქვს საქმისა და საჩივრის შესვლიდან არა უგვიანეს 6 თვის ვადაში (სსსკ-ის 303-ე მუხლი). აღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვის ვადებმა არ შეიძლება გაუჩინოს პირს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისადმი საბოლოობის განცდა (მოლოდინი).
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიზნებისათვის საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, განსახილველი დავის ფარგლებში, არ წარმოადგენენ საბოლოო ეფექტის მქონე (res judicata) აქტებს, ვინაიდან კანონმდებლობით ერთმნიშვნელოვნადაა გარანტირებული გასაჩივრების შესაძლებლობა და მისი შემდგომი განხილვისათვის დადგენილია გონივრული ვადები. ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლო ასკვნის, რომ სადავო ნორმები, რომლებიც განსაზღვრავენ ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრების წარდგენის და ამ ინსტანციის სასამართლოების მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას, არ იწვევენ პირის განმეორებით მსჯავრდებას და, ამგვარად, არ არღვევენ კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტს.“
საქართველოს მოქალაქე დავით ცინცქილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/7/636, 29 დეკემბერი, 2016

„უკუძალის აკრძალვა ზღუდავს კანონმდებლის თავისუფლებას, შემოიღოს ისეთი კანონი, რომელიც ადამიანს პასუხისმგებლობას დააკისრებდა იმ ქმედებისათვის, რაც მისი ჩადენის მომენტში არ იყო დასჯადი. ამით კონსტიტუცია აღიარებს, რომ აღნიშნული პრინციპი ატარებს აბსოლუტურ ხასიათს და მისი დარღვევა დაუშვებელია. ამ პრინციპის დაუცველობის შემთხვევაში საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებოდა არა მარტო ცალკეული ადამიანის კონსტიტუციური უფლებები, არამედ ღირებულებათა წესრიგი, სამართლებრივი უსაფრთხოება, რომელიც თავად წარმოადგენს კონსტიტუციურ უფლებათა არსებობის (დაცვის) საძირკველს. ღირებულებათა ნორმატიული წესრიგი ცალკეული მოქალაქის ქცევათა დეტერმინაციის საშუალებაა. ასეთი წესრიგის პირობებში ადამიანებს აქვთ გონივრული მოლოდინი იმისა, რომ სახელმწიფო იმოქმედებს სამართლით დადგენილ ფარგლებში და მის მიერ ჩადენილ მოქმედებას შეაფასებს არსებული ნორმატიული სინამდვილის პირობებში. ამდენად, კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის აღნიშნული წინადადებები ორგანულ ერთიანობას ქმნიან და უზრუნველყოფენ, რომ სამართალდარღვევა, რომელიც პასუხისმგებლობის საფუძველია და თავად პასუხისმგებლობა ამ სამართალდარღვევის გამო, როგორც სახელმწიფოს მიერ გატარებული იძულებითი ღონისძიებების ერთობლიობა, იქნება იმგვარი , როგორც ამას განსზღვრავდა სამართალდარღვევის ჩადენის მომენტში მოქმედი კანონმდებლობა. ამ აბსოლუტური კონსტიტუციური მოთხოვნიდან არსებობს მხოლოდ ერთი გამონაკლისი – 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის დაცვის სფეროში კანონმდებელს შეუძლია მიანიჭოს უკუძალა, თუ ის გააუქმებს სამართალდარღვევის ჩადენის დროს მოქმედი კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, ან ამსუბუქებს მას. ამ უკანასკნელი დანაწესით კონსტიტუცია გამოხატავს მოქალაქის უფლებებისადმი ჰუმანურ დამოკიდებულებას და ამ გზით ახდენს მათი მხრიდან პოზიტიური ქმედებების სტიმულირებას. ახალი ნორმატიული სინამდვილე იკავებს ძველის ადგილს და შესაბამისად აძლიერებს სამართალდამრღვევის უფლებების დაცვის გარანტიებს.“
საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქე ელგუჯა საბაური და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ზვიად მანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, № 1/1/428,447,459, 1 მაისი, 2009

„კანონის უკუძალის აკრძალვის პრინციპი აკრძალვის პრინციპი კონსტიტუციის ამ პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, გულისხმობს იურიდიული პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი კანონისათვის უკუძალის აკრძალვას. პასუხისმგებლობა, როგორც სამართლის ობიექტური კატეგორია და ნორმატიული სინამდვილე, დაკავშირებულია ქმედებასთან საზოგადოდ, ხოლო პასუხისმგებლობა, როგორც კონკრეტული პირის პასუხისმგებლობა, როგორც სუბიექტური კატეგორია, იმავდროულად დაკავშირებული კონკრეტულ ქმედებასთან, კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტში იგულისხმება ორივე შემთხვევა. უკუძალის აკრძალვით კონსტიტუცია იძლევა იმის გარანტიას, რომ სამართის სუბიექტები დაცული იქნენ კანონთა მოქმედების შედეგად გამოწვეული უარყოფითი შედეგებისაგან, ვინაიდან, ნებისმიერი კანონი საზოგადოების ცხოვრების უშუალო პროდუქტია, არ არის გამორიცხული, რომ ახალი კანონი წინასთან შედარებით აუარესებდეს სუბიექტის მდგომარეობას.“
საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქე ელგუჯა საბაური და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ზვიად მანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, № 1/1/428,447,459, 1 მაისი, 2009

„ნამდვილი უკუძალა გულისხმობს კანონის მოქმედების გავრცელებას იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშვა და განხორციელდა ახალი კანონის ამოქმედებამდე და იწვევს წარსულში მომხდარი სამართლებრივი ურთიერთობების შედეგების შეცვლას. კანონის ასეთი უკუძალა ესაა კლასიკური, ინსტიტუციური ხასიათის უკუძალა, რაც, როგორც წესი, აკრძალულია და დაშვებელია გამონაკლისის სახით, როცა ახალი კანონი უკეთეს პირობებში აყენებს უფლების სუბიექტს.
კანონის არანამდვილი უკუძალა ნიშნავს, კანონის მოქმედების გავრცელებას იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობიან ახალი კანონის მიღებამდე, მაგრამ არსებობას აგრძელებენ მისი მოქმედების პერიოდშიც. კანონის არანამდვილი უკუძალა არ იწვევს ახალი კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილი და დასრულებული სამართლებრივი შედეგების შეცვლას.“
საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქე ელგუჯა საბაური და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ზვიად მანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, № 1/1/428,447,459, 1 მაისი, 2009

„ვინაიდან არანამდვილმა უკუძალამ შეიძლება გამოიწვიოს სუბიექტის უფლებრივი მდგომარეობის შეცვლა, როგორც პოზიტიური ისე ნეგატიური მიმართულებით, სამართალშემფარდებელი ვალდებულია, მკვეთრად გამიჯნოს ერთმანეთისაგან კანონის ნამდვილი და არანამდვილი უკუძალა, რათა არ მოხდეს მათი ერთმანეთში აღრევა. საკმარისია ნამდვილი უკუძალა იქნეს გამოყენებული იქ, სადაც არაა მისი ადგილი, ყოველი ახალი კანონიდან, მის ძალაში შესვლამდე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოსაყენებელი იქნება მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც აუმჯობესებს სუბიექტის მდგომარეობას და ამდენად, კანონი ნაწილობრივ იქნება სავალდებულო სუბიექტისათვის. თუკი კანონმდებელი საპირისპიროდ მოიქცევა და არანამდვილ უკუძალას გამოიყენებს იქ სადაც ნამდვილი უკუძალის ადგილია, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება უკუძალის აკრძალვით დაცული სიკეთე და ახალი კანონები თავისი შედეგებით ყოველგვარი წინაღობის გარეშე გავრცელდება, როგორც წარსულზე, ისე მომავალზე, არანამდვილი უკუძალა შთანთქავს ნამდვილ უკუძალას და ადამიანები კონსტიტუციური დაცვის მიღმა დარჩებიან.
არანამდვილი უკუძალის შემთხვევაშიც კანონთა თვისობრივი ტრანსფორმაცია ისე უნდა მოხდეს, რომ პიროვნების უფლებრივი მდგომარეობის გაუარესება განსაკუთრებული და გარდაუვალი აუცილებლობით იყოს ნაკარნახევი, რათა ამან არ გამოიწვიოს კანონისაგან მისი სუბიექტების გაუცხოება. უფლების ნებისმიერი შეზღუდვა პიროვნებამ შეიძლება მტკივნეულად აღიქვას, მაგრამ როცა სახეზეა ამისი ნორმატიული აუცილებლობის შეგნება, იმისი შეგნება, რომ კანონმდებლის ადგილზე რომ ყოფილიყო, თვითონაც ასე მოიქცეოდა, როგორც მოიქცა კანონმდებელი, ამ გაუცხოებას საფუძველი გამოეცლებოდა. ამიტომაცაა, რომ კანონებისადმი სანდოობა მათი კონსტიტუციურობის პრეზუმციის მნიშვნელოვანი ნაწილია.“
საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქე ელგუჯა საბაური და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ზვიად მანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, № 1/1/428,447,459, 1 მაისი, 2009

„მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს კანონის დასაშვები და აუცილებელი მოქმედების ფარგლები. ვინაიდან სისხლის სამართალი, პასუხისმგებლობის სამართალია, იგი ადეკვატურად უნდა ასახავდეს კონსტიტუციის იმ დებულებას, რომ კანონს არა აქვს უკუძალა, თუ არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას. კერძოდ, სისხლის სამართალმა უნდა ასახოს ჯერ ერთი, ის ფაქტი, თუ როდის არა აქვთ პასუხისმგებლობის მომწესრიგებელ ნორმებს უკუძალა და მეორეც, ის შემთხვევები, როდესაც აქედან გამონაკლისი სახით, მათ ექნება უკუძალა. უკუძალის აკრძალვის გარანტიაში კი იგულისხმება პასუხისმგებლობის უარყოფითი შედეგებისაგან თავდაცვის გარანტია, რაც სისხლი სამართალმა კონსტიტუციის ადეკვატურად უნდა გადმოსცეს. ვინაიდან ძირითადი უფლებები ესაა მოქალაქეთა, თავდაცვითი უფლებები სახელმწიფოს წინააღმდეგ, კანონმდებელი ვალდებულია ნორმატიულად განსაზღვროს უკუძალის აკრძალვით დაცული სიკეთე. გასათვალისწინებელია, რომ როგორც კონსტიტუციის, ისე სისხლის სამართლის კოდექსის სწორად განმარტებისათვის აუცილებელია ყველა იმ ნორმის ერთიანობაში ანალიზი, რომლებიც კანონთა დროში მოქმედების საკითხს აწესრიგებენ ასევე მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ნებისმიერი დარგი კონსტიტუციით გათვალისწინებულ სამართლებრივ სიკეთეებს გადმოსცემს მისთვის დამახასიათებელი კატეგორიებით, მათთვის წაყენებული მთავარი მოთხოვნა ის არის, რომ ისინი, ყველა შემთხვევაში სწორად და სრულყოფილად გადმოსცემდნენ კონსტიტუციით გათვალისწინებული ნორმების შინაარსს.“
საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქე ელგუჯა საბაური და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ზვიად მანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, № 1/1/428,447,459, 1 მაისი, 2009

„დანაშაული შეფასებითი კატეგორიაა. კერძოდ, ნორმატიული შეფასებით იწყება მისი, როგორც დანაშაულისა და დასჯადი ქმედების არსებობა (სიცოცხლე). როცა ესა თუ ის კონკრეტული ქმედება არ იყო ნორმატიული შეფასების საგანი მისი ჩადენის დროს, ის ასეთად ვერ იქცევა იმის გამო, რომ მსგავსი ქმედებანი მომავალში გახდა ამ შეფასების ობიექტი.“
საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქე ელგუჯა საბაური და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ზვიად მანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, № 1/1/428,447,459, 1 მაისი, 2009

Back to Top

%d bloggers like this: