„საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტი იცავს ბრალდებულის უფლებას, მოითხოვოს თავისი მოწმეების ისეთსავე პირობებში გამოძახება და დაკითხვა, როგორიც აქვთ ბრალდების მოწმეებს. იმისათვის, რომ ბრალდებულს შეეძლოს საკუთარი პოზიციის ეფექტურად დაცვა, მოწინააღმდეგე მხარისათვის კონკურენციის გაწევა და პროცესის შედეგზე გავლენის მოხდენა, აუცილებელია, იგი უზრუნველყოფილი იყოს მტკიცებულებათა მოპოვებისა და წარდგენის ადეკვატური პროცესუალური შესაძლებლობებით და დაცული იყოს მხარეთა შორის სამართლიანი ბალანსი. სისხლის სამართლის პროცესში მოწმის მიერ მიცემული ჩვენება შესაძლოა განსაკუთრებით მნიშვნელოვან და, რიგ შემთხვევებში, გადამწყვეტ მტკიცებულებას წარმოადგენდეს. სწორედ მოწმის მიერ მიცემული ჩვენების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია 42-ე მუხლის მე-6 პუნქტში ცალკე, სახელდებით გამოყოფს ბრალდებულის ბრალდების მხარესთან თანასწორობის უფლებას საკუთარ მოწმეთა გამოძახებისა და დაკითხვის კონტექსტში“.
„აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის ტექსტის, შინაარსისა და ლოგიკის გათვალისწინებით, ცხადად იკითხება, რომ დაცვის მხარის მიერ მოწმეთა გამოძახებისა და დაკითხვის ბრალდების მხარის თანაბარ შესაძლებლობასთან დაკავშირებული კონსტიტუციური სტანდარტები დადგენილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-6 და არა პირველი პუნქტით. ამავე დროს, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტი არეგულირებს მხოლოდ დაცვის მხარის მოწმეების გამოძახებისა და დაკითხვის უფლებას. შესაბამისად, ბრალდების მოწმის ჯვარედინი დაკითხვის შესაძლებლობა არ ექცევა ხსენებული ნორმით დაცულ სფეროში. ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტში დაცვის მოწმეთა დაკითხვის წესის რეგლამენტირება არ გამორიცხავს მოწმის ჯვარედინ დაკითხვასთან დაკავშირებული კონსტიტუციური სტანდარტების საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის ფარგლებში განსაზღვრის შესაძლებლობას.
ხსენებული კონსტიტუციური პრინციპები საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლების შემადგენელი კომპონენტებია“.
„გამოძიების ეტაპზე დაცვის მხარის მიერ ბრალდების მხარის მოწმეების ჯვარედინი დაკითხვის შესაძლებლობის არქონის კონსტიტუციურობა შეფასებადია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, ხოლო დაცვის მხარის მიერ გამოძიების ეტაპზე მოწმის გამოძახებისა და დაკითხვის საკითხი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტთან მიმართებით“.
„ზოგადად, რთულია წინასწარ განისაზღვროს, თუ რა ინფორმაციას მიაწოდებს მოწმე სასამართლოს. აღნიშნული კიდევ უფრო რთულდება ისეთ პირობებში, როდესაც მხარეს არ მისცემია შესაძლებლობა, წინარე ეტაპებზე ჰქონოდა დასაკითხ პირთან კომუნიკაცია. ამ პირობებში, დაცვის მხარეს არსებით სხდომაზე მოწმის იძულებით დაბარებით, ფაქტობრივად უწევს გამოუკვლეველი მტკიცებულების წარდგენა ისე, რომ იგი წინასწარ ვერ განსაზღვრავს, თუ რა შედეგის მომტანი შეიძლება იყოს მისთვის მოწმის ჩვენება.
სისხლის სამართლის პროცესის მიზანი საქმეზე ჭეშმარიტების დადგენაა და ამ პროცესში დაცული ვერ იქნება ვერც ერთი მხარის ინტერესი, ხელოვნურად შეაფერხოს სასამართლო განხილვისას მისი პოზიციის საწინააღმდეგო მოწმის დაკითხვა. თუმცა, აღნიშნულისაგან განსხვავებით, მხარის მიერ წარდგენილი მოწმის მიერ ამავე მხარის საწინააღმდეგო ჩვენების მიცემამ, შეიძლება მომეტებულად მიანიშნოს მხარის პოზიციის სისუსტეზე. ასეთ პირობებში მოწმის ჩვენებას შესაძლოა შექმნას არასწორი განცდა, რომ მას იმაზე მეტი ღირებულება გააჩნია, ვიდრე ექნებოდა ხსენებული მოწმის მეორე მხარის მიერ გამოძახების შემთხვევაში. ამდენად, პროცესის მხარეებს გააჩნიათ ლეგიტიმური ინტერესი, მხოლოდ ის მოწმეები წარადგინონ სასამართლოში, რომლებიც მის სასარგებლო ჩვენებას აძლევენ“.