42-ე მუხლის მე-7 პუნქტი

„საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტის კონსტიტუციური დებულება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის გამოხატულებაა, რომლის თანახმად,  კანონისა და ადამიანის უფლებათა დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დაუშვებელია პირის სისხლის სამართლებრივი დევნა და მსჯავრდება.”

საქართველოს მოქალაქე მაია რობაქიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/579, 31 ივლისი, 2015

 

„სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას, შეიმუშაოს მტკიცების წესი, რომელიც უზრუნველყოფს საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დადგენას, კონკრეტული პირის სამართლიან მსჯავრდებას საქართველოს კანონმდებლობის და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სამართლის სტანდარტების შესაბამისად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე.”

საქართველოს მოქალაქე მაია რობაქიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/579, 31 ივლისი, 2015

“მტკიცებულების უტყუარობა უკავშირდება, პირველ რიგში, მისი მოპოვების ხერხის კანონიერებას.   კონსტიტუციით დადგენილი ღირებულებათა სისტემა მოთხოვს,  მართლმსაჯულების განხორციელებას პიროვნული თავისუფლების და ადამიანის ღირსების  პატივისცემით, კონსტიტუციური სტანდარტების შესაბამისი ხერხითა და საშუალებებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, სისხლის სამართალწარმოების და მტკიცებულებათა მოპოვების წესის მკაცრი საკანონმდებლო რეგულირების გარეშე, იქმნება სახელმწიფოს მხრიდან თვითნებობის საფრთხე.”

საქართველოს მოქალაქე მაია რობაქიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/579, 31 ივლისი, 2015

 

“კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით მოპოვებული მტკიცებულების აკრძალვით საქართველოს კონსტიტუცია მიზნად ისახავს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას, პროცესის მონაწილეთა კონსტიტუციური უფლება-თავისუფლებების დაცვას, მართლმსაჯულებისადმი მოსახლეობის და პროცესის მონაწილეების ნდობის და სისხლისსამართლებრივი დევნის მწარმოებელი ორგანოების პასუხისმგებლობის ამაღლებას, რაც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს მთლიანად პროცესის სამართლიანობას და სამართლიან სასამართლოზე ბრალდებულის უფლების რეალიზაციას.”

საქართველოს მოქალაქე მაია რობაქიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/579, 31 ივლისი, 2015

 

“სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით ბრალდებულის უფლებების შეზღუდვის ინტენსივობის გათვალისწინებით, ბრალდებულის უფლებების დარღვევის ეფექტური პრევენციის და სამართლიანი სასამართლოს უზრუნელყოფის რეალური გარანტიების შექმნისათვის მტკიცებულების უკანონოდ მომპოვებელი სუბიექტისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება არ არის საკმარისი მექანიზმი. ამიტომ, კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულების დაუშვებლად ცნობით, საქართველოს კონსტიტუცია ადგენს პროცესის მონაწილეების მხრიდან თვითნებობისგან შემაკავებელ ქმედით მექანიზმს. მტკიცებულებათა დასაშვებობის კრიტერიუმის საკანონმდებლო წესით განსაზღვრა წარმოადგენს ბრალდებულის  უფლებების და თავისუფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას, კრძალავს  მხარეების მიერ საკუთარი საპროცესო ინტერესების რეალიზაციას სხვა პირთა  ღირსების და კონსტიტუციით აღიარებული ფუნდამენტური უფლება-თავისუფლებების უკანონო ხელყოფის ხარჯზე.    მტკიცებულებათა უკანონოდ მოპოვება არ შეიძლება იქნეს გამართლებული ყველაზე მძიმე კატეგორიის დანაშაულში პირის მხილების ან/და ორგანიზებული დანაშაულის გამოძიების სირთულეებითაც კი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მართლმსაჯულების განხორციელება გასცდება კანონის ჩარჩოებს და გადაიქცევა შეუზღუდავი ძალაუფლების იარაღად, რაც ეწინააღმდეგება ადამიანის პიროვნული თავისუფლების აღიარების კონსტიტუციურ სტანდარტს.”

საქართველოს მოქალაქე მაია რობაქიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/579, 31 ივლისი, 2015

 

“სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს „დასაშვები მტკიცებულების“ ცნებას. მტკიცებულებათა დაუშვებლობა ე.წ. ნეგატიური ენუმერაციის პრინციპით არის გადაწყვეტილი და მტკიცებულება დასაშვებად მიიჩნევა, თუ მისი დაუშვებლად ცნობის საფუძველი არ არსებობს.”

საქართველოს მოქალაქე მაია რობაქიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/579, 31 ივლისი, 2015

 

“სასამართლოს განაჩენი ვერ ჩაითვლება უკანონოდ, თუ მოსამართლე დაეყრდნო სსსკ-ით დასაშვებად ცნობილ, ანუ იმ მტკიცებულებებს, რომელთა გამოყენებაც კანონიერად არის მიჩნეული; სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილი მიუთითებს განაჩენის კანონიერებაზე, მაგრამ არაფერს ამბობს განჩინების გამოტანისათვის დადგენილ სტანდარტზე. შესაბამისად, სსსკ არ ითვალისწინებს ჩანაწერს, რომელიც გამორიცხავდა ასეთი მტკიცებულების გამოყენებას კონსტიტუციური უფლება-თავისუფლებათა შემზღუდველი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებაზე სასამართლოს ნებართვის გასაცემად (მაგალითად, სასამართლოს ნებართვა ჩხრეკა-ამოღების, ქონებაზე ყადაღის დადების, პირის დაკავებისთვის); სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, მტკიცებულებების დასაშვებობა  მოწმდება წინასასამართლო სხდომის ეტაპზე. სსსკ-ის 239-ე მუხლის საფუძველზე არსებითი სასამართლო განხილვის ეტაპზე დამატებითი ახალი მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაშიც კი სასამართლო მოკლებულია აღნიშნული მტკიცებულების დასაშვებობის შესახებ მსჯელობის შესაძლებლობას და ამოწმებს მხოლოდ ასეთი მტკიცებულების სასამართლო განხილვაზე დაშვების საკითხს; საკითხი დამატებით აქტუალობას იძენს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ საქმის განხილვის შემთხვევებთან მიმართებით. თუ სასამართლოს განაჩენის დადგენისას სსსკ-ის 259-ე მუხლზე დაყრდნობით შეუძლია, არ გაითვალისწინოს ცალკეული მტკიცებულებები, ანალოგიურ შესაძლებლობას სსსკ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან მიმართებით არ ითვალისწინებს. სსსკ ადგენს, რომ ნაფიც მსაჯულებს უნდა წარედგინოს დასაშვები მტკიცებულებები. შესაბამისად, თუ მტკიცებულება ფორმალურად შეესაბამება სსსკ დადგენილ მოთხოვნებს, მაგრამ მოპოვებულია სხვა საკანონმდებლო აქტით დადგენილი მოთხოვნების უხეში დარღვევით, არ არსებობს სსსკ-ის 72-ე მუხლის საფუძველზე მისი დაუშვებლად ცნობის საფუძველი და  აღნიშნული მტკიცებულება წარედგინება ნაფიც მსაჯულებს.”

საქართველოს მოქალაქე მაია რობაქიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. №2/2/579  (2015 წლის 31 ივლისი)

 

“საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტში  გამოყენებულ ტერმინ „მოპოვებას“ ავტონომიური კონსტიტუციური მნიშვნელობა აქვს და უნდა განიმარტოს საქართველოს კონსტიტუციის ამ დებულების მიზნებიდან გამომდინარე. როგორც აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი გარანტია ემსახურება მტკიცებულებების მოპოვებისას საკანონმდებლო პროცედურებისა და ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვის უზრუნველყოფას. აღნიშნული გარანტია მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ეფექტური, თუ იგი მოიცავს ყველა იმ ურთიერთობას, რომელიც უკავშირდება მტკიცებულების მოპოვების მიზნით უფლებამოსილი ორგანოების მიერ ინფორმაციის შემცველი ობიექტების მიღების პროცესს. იმ შემთხვევაში, თუ კონსტიტუციური დაცვა გავრცელდება მხოლოდ კონკრეტულ ეტაპზე ან მხოლოდ კონკრეტულ სუბიექტებზე და არა ყველა იმ სახელმწიფო ორგანოზე, რომელიც მოიპოვებს მტკიცებულებას, წარმოიშობა თვითნებობისა და კონსტიტუციური გარანტიის არაეფექტიანობის საფრთხე. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტის სულისკვეთებიდან  გამომდინარე, კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას არ გააჩნია იურიდიული ძალა, იმის მიუხედავად, თუ რომელი სუბიექტის მიერ არის იგი მოპოვებული და მტკიცებულების მოპოვების რა ეტაპზე დაარღვია შესაბამისმა ორგანომ კანონმდებლობის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროცესის მწარმოებელ ორგანოს  ექნებოდა შესაძლებლობა, თვითნებურად აერიდებინა თავი კანონმდებლობის მოთხოვნებისათვის მტკიცებულებების მოპოვების ამა თუ იმ ეტაპზე ან/და ამა თუ იმ ღონისძიების ჩატარება მიენდოთ სხვა პირებისთვის და ამ გზით იურიდიული ძალა მიენიჭებინათ კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებებისთვის, რაც  ეჭვქვეშ დააყენებდა კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტით განმტკიცებული გარანტიის ქმედითობას.

საქართველოს მოქალაქე მაია რობაქიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/579, 31 ივლისი, 2015

 

“საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტის მსგავსად, სსსკ-ის 72-ე მუხლის პირველი ნაწილი უთითებს სსსკ-ის არსებითი დარღვევით „მოპოვებულ“ მტკიცებულებებზე. გამოყენებული სიტყვების იდენტურობის მიუხედავად, კანონით გათვალისწინებულ „მოპოვებას“ ავტონომიური საკანონმდებლო შინაარსი აქვს და განსხვავდება კონსტიტუციური ტერმინის მნიშვნელობისაგან.     სსსკ-ის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა.  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიზნებისთვის „მოპოვება“ წარმოადგენს, სასამართლოში წარდგენის მიზნით, კანონით განსაზღვრული სუბიექტების (მხარეების) მიერ ინფორმაციის შემცველი ობიექტის მიღებას. აქედან გამომდინარე, სხვა სუბიექტების მიერ (მაგალითად, დაზარალებული, მოწმე, ექსპერტი) ინფორმაციის შემცველი ობიექტის მიღება არ წარმოადგენს მოპოვებას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მნიშვნელობით. შესაბამისად, სადავო ნორმა  არ ვრცელდება შემთხვევებზე, როდესაც მტკიცებულების მიღების პროცესში კანონი დაარღვია პროცესის სხვა მონაწილემ, რომელიც არ წარმოადგენს მხარეს სისხლის სამართლის საქმეზე ან არ მოქმედებს მხარის დავალებით. ამდენად, ინფორმაცია, რომელიც მოპოვებულია პროცესის მონაწილის მიერ სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნათა უხეში დარღვევით, მაგრამ მხარისათვის მისი გადაცემა საპროცესო წესების დაცვით არის განხორციელებული, 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მოცემული რედაქციის საფუძველზე დასაშვები მტკიცებულებაა. ანალოგიურად, როდესაც სამართალდამცავი ორგანოს მიერ მტკიცებულებითი ინფორმაციის მოპოვება ხორციელდება სხვა სპეციალური კანონის მოთხოვნათა დარღვევით, მაგრამ მისი საპროცესო დამაგრება/ფიქსაცია განხორციელებულია სსსკ-ის მოთხოვნების დაცვით, ასეთი ინფორმაციაც, სადავო ნორმის შესაბამისად, დასაშვები მტკიცებულებაა.”

საქართველოს მოქალაქე მაია რობაქიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/579, 31 ივლისი, 2015

 

“საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს თავისუფალი მტკიცების პრინციპს, არ შეიცავს მტკიცებულებითი ინფორმაციის მატარებელი ობიექტების  ამომწურავ ჩამონათვალს და ქმნის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებად საქმისათვის მნიშვნელოვანი  ნებისმიერი სახის ინფორმაციის შემცველი ობიექტის წარდგენის შესაძლებლობას. სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების მოპოვება ხდება მრავალგვარი წყაროდან, განსხვავებული ფორმებითა და მეთოდებით და მტკიცებულებათა მოპოვების  პროცესი მოიცავს სამართალურთიერთობების ფართო სპექტრს.”

საქართველოს მოქალაქე მაია რობაქიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/579, 31 ივლისი, 2015

 

“მტკიცებულებების მოპოვების პროცედურა წესრიგდება არაერთი საკანონმდებლო აქტით. კანონმდებელს არ აკისრია ვალდებულება,  სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვების ყველა ხერხი და საშუალება ამომწურავად განსაზღვროს  მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. შესაბამისად, სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას ასევე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული კანონმდებლის ლეგიტიმური შესაძლებლობა, საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვროს მტკიცებულების ან/და მტკიცებულებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის მოპოვების მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების ადგილი საკანონმდებლო აქტების სისტემაში, ასევე,  ნებისმიერ დროს გადაიტანოს მტკიცებულებების მოპოვების წესები სხვა აქტებში.”

საქართველოს მოქალაქე მაია რობაქიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/579, 31 ივლისი, 2015

 

„მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს  ცალკეული მტკიცებულებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის მოპოვების წესებს არა მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, არამედ სხვა   საკანონმდებლო აქტებშიც. მაგალითად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი, „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი და სხვა საკანონმდებლო აქტები ადგენენ გარკვეულ რეგულაციებს, რომლებიც ადგენს საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობას.  მაგალითად, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის თანახმად, პენიტენციარულ დაწესებულებებში, დაკავებისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში მოთავსებულ პირთა მიერ საქართველოს სახალხო დამცველისათვის გაგზავნილი განცხადებები, საჩივრები და წერილები კონფიდენციალურია. მათი გახსნა და ცენზურა აკრძალულია“, ამავე კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი,  „საქართველოს სახალხო დამცველის/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის შეხვედრა დაკავებულებთან, პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირებთან და მსჯავრდებულებთან, აგრეთვე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში მოთავსებულ პირებთან კონფიდენციალურია. რაიმე სახის მიყურადება ან თვალთვალი დაუშვებელია“. შესაბამისად, ინფორმაცია, რომელიც მოპოვებულია აღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევით [ საქართველოს სახალხო დამცველთან საუბრის მიყურადებით ან მის სახელზე გაგზავნილი წერილის შინაარსის გაცნობით], მაგრამ დაცულია მისი საპროცესო დამაგრების ფორმა (მაგალითად, შესაბამისი პირის  დაკითხვა სასამართლოში, მოწმის სახით), სადავო ნორმის საფუძველზე შესაძლებელია გამოყენებული იქნეს მტკიცებულებად. ასევე, „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს სუბიექტის თანხმობის გარეშე  პროფესიული საიდუმლოების გამჟღავნების აკრძალვას. ანალოგიურად, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს რიგი საპოლიციო მოქმედებების განხორციელების წესებს. მაგალითად –  ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება (მუხლი 22), სპეციალური შემოწმება და დათვალიერება, მათ შორის, პირის, ნივთისა და სატრანსპორტო შემოწმების დათვალიერება (მუხლი 23), სპეციალური საპოლიციო კონტროლი (მუხლი 24) და სხვა ღონისძიებები, რომელთა განხორციელებისას პოლიციელმა შესაძლოა მოიპოვოს საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ანალოგიურად, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იმ პირის მიერ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამსახველი ცნობების გახმაურება, რომელსაც ეს ცნობები განდობილი ჰქონდა ან რომლისთვისაც ისინი ცნობილი გახდა სამსახურებრივ ან სხვა მოვალეობასთან დაკავშირებით, იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურებისათვის. თუ  მტკიცებულების მოპოვება უკავშირდება ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი საიდუმლო თანამშრომლის მიერ მისთვის განდობილი/ცნობილი ცნობების გამჟღავნებას მესამე პირისთვის კანონმდებლობის  მოთხოვნების დარღვევით, შესაბამისი მესამე პირის ირიბი ჩვენება   ჩაითვლება დასაშვებ მტკიცებულებად სისხლის სამართლის საქმეზე. ამავე დროს, კანონის დარღვევის ფაქტი ვერ გახდება ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის უკანონოდ ცნობის საფუძველი და მის საფუძველზე მოპოვებული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა ვერ მოხდება „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზეც, მიუხედავად იმისა, რომ პირს შეიძლება დაეკისროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების ან/და სამოხელეო დანაშაულისთვის.

სსსკ არ კრძალავს, სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებას და წარდგენას მხარის პროცესუალური სტატუსის არმქონე  საკუთარი ინიციატივით მოქმედი სხვა პირების მიერ.  

სსსკ და მისი 72-ე მუხლის მოქმედი რედაქცია პირდაპირ არ კრძალავს  არც კერძო პირების  მხრიდან სსკ-ით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გზით მოპოვებული ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას სისხლის სამართალწარმოებაში (მაგალითად, უკანონო თვალთვალის, პირად ცხოვრებაში უკანონოდ შეჭრის, სხვისი კომპიუტერული სისტემის უნებართვოდ გამოყენებით)  მხარის მიერ.  მიუხედავად იმისა, რომ სსსკ-ის 78-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს მოწმის სახით იმ პირის დაკითხვას, ვინც მოიპოვა აღნიშნული ინფორმაცია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო დაადგენს პირის მიერ ინფორმაციის დანაშაულებრივი გზით  მოპოვების ფაქტს, აღნიშნული არ გამორიცხავს  ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებელობას, თუ მოწმის მხრიდან აღნიშნული ქმედება განხორციელდა მხარეთა ნება-სურვილის ან/და დავალებისგან დამოუკიდებლად. ასეთი ინფორმაციის დაუშვებლად გამოცხადება დამატებით სირთულეებთან არის დაკავშირებული, როდესაც ინფორმაცია ხასიათდება სანდოობით და რელევანტურობით.  მოპოვებული ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენებას არ გამორიცხავს არც ის გარემოება, რომ მისი მომპოვებელი  კერძო პირი პასუხისგებაში მიეცემა მის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის.“

საქართველოს მოქალაქე მაია რობაქიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/579, 31 ივლისი, 2015

 

„აღნიშნული ვითარება თანაბრად ეხება როგორც იმ ინფორმაციას, რომლის მოპოვებაც საგამოძიებო ორგანოებს შეეძლოთ სსსკ-ით დადგენილი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების განხორციელების გზით, ასევე ინფორმაციას, რომლის მოპოვება მხარეებისათვის კანონიერი გზებით და მეთოდებით შეუძლებელი იქნებოდა. ამასთან, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, კერძო პირის მხრიდან კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში დაექვემდებარება თუ არა იგი სისხლის სამართლებრივ დევნას, მაგალითად, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევისთვის, შვილად აყვანის საიდუმლოების დარღვევისთვის, იძულების ან/და მუქარისთვის,  თუ ამ გზით მის მიერ მოპოვებული საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოყენება შესაძლებელი იქნება სამართალწარმოებაში ბრალდებულის მამხილებელ მტკიცებულებად. განსხვავებულია ვითარება, როდესაც გამოძიების ორგანოები კერძო პირების მეშვეობით ახდენენ მტკიცებულებების მოპოვებას. თუ კანონმდებლობა შექმნის ადამიანის  ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გზით მოპოვებული ინფორმაციის სამართალწარმოებაში მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას ის წააქეზებს კერძო პირების მხრიდან კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევას და შექმნის მხარეების მიერ აღნიშნული შესაძლებლობით მანიპულირების საფრთხეს.“

საქართველოს მოქალაქე მაია რობაქიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/579, 31 ივლისი, 2015

 

„სსსკ-ის პირდაპირი აკრძალვის  არარსებობის მიუხედავად, ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევით მტკიცებულების მოპოვება შეუთავსებელია სამართლებრივი სახელმწიფოს არსთან, მათ შორის იმ შემთხვევაში, როდესაც ინფორმაციის მოპოვება ხდება კერძო პირის მიერ ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან წაქეზების შედეგად.   განაჩენის ან/და ნებისმიერი სხვა შემაჯამებელი  გადაწყვეტილების ლეგიტიმურობა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული პროცესის მწარმოებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების დასაბუთებისათვის გამოყენებული მტკიცებულებების დასაშვებობასა და სარწმუნოობაზე. ამიტომ, თუ კერძო პირების მიერ არაკანონიერი გზით მოპოვებული ინფორმაციის მტკიცებულებად დაშვება ბრალდებულის ფუნდამენტურ უფლებებს არსებით ზიანს მიაყენებს,  ასეთი ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენება დაუშვებელია.“

საქართველოს მოქალაქე მაია რობაქიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/579, 31 ივლისი, 2015

 

„მტკიცებულებების მოპოვებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს ხშირ შემთხვევაში შეხება აქვთ  კონვენციით   გარანტირებულ უფლებებთან. მაგალითად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო კრძალავს სახელმწიფო მოსამსახურეების მიერ დანაშაულის პროვოკაციის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენებას (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე „ხუდობინი რუსეთის წინააღმდეგ“ (საჩივრის N59696/00), § 133-135), ვინაიდან დანაშაულის პროვოკაციის გზით მოპოვებული მტკიცებულებების სისხლის სამართალწაროებაში გამოყენებამ შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს პროცესის სამართლიანობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2005 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „ვანიანი რუსეთის წინააღმდეგ“ (საჩივრის N53203/99), § 47). ევროპული სასამართლო ადგენს მკაცრ სტანდარტებს სისხლის სამართალწარმოებაში ანონიმური ჩვენებების გამოყენების დასაშვებ ფარგლებთან და შემთხვევებთან მიმართებით ( იხ. მაგალითად ალ-ხავაჯა და ტაჰერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 2011 წლის 11 დეკემბერი, [GC], §46) და სხვა.  შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების მოპოვების პროცესში დაირღვეს კონვენციით განსაზღვრული სტანდარტები, იმისდა მიუხედავად, ითვალისწინებს თუ არა ამ სტანდარტებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.“

საქართველოს მოქალაქე მაია რობაქიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/579, 31 ივლისი, 2015

 

„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და საქართველოს კონსტიტუცია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიღმაც ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმეზე წარსადგენი მტკიცებულებების მოპოვების წესებს, ხოლო სსსკ-ის 72-ე მუხლის პირველი ნაწილი ქმნის  ზემოთ დასახელებული აქტების დარღვევით მოპოვებული მტკიცებულების  დასაშვებობის შესაძლებლობას სისხლის სამართლის საქმეზე.“

საქართველოს მოქალაქე მაია რობაქიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/579, 31 ივლისი, 2015

 

კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებების იურიდიული ძალის არმქონედ გამოცხადება, ხშირ შემთხვევაში, შესაძლებელია იწვევდეს უტყუარი მტკიცებულებების იურიდიული ძალის არმქონედ გამოცხადებას. საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, რომ რიგ შემთხვევებში დადგინდეს გამონაკლისები და კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს მიენიჭოს იურიდიული ძალა. მაგრამ აღნიშნული არ უნდა ახდენდეს პროცესის მონაწილეების ან/და მესამე პირების  კონსტიტუციური უფლებების გაუმართლებელ შეზღუდვას. საგამონაკლისო შემთხვევების განსაზღვრისას უნდა გამოირიცხოს  სახელმწიფო ორგანოების თვითნებობის წახალისების და ბრალდების მხარის მიერ მტკიცებულებების მოპოვებისას კანონის გამიზნული და გაცნობიერებული დარღვევის საფრთხე, და ასეთი მტკიცებულების საფუძველზე ბრალდებულის მსჯავრდებისათვის  შესაძლებლობა.

საქართველოს მოქალაქე მაია რობაქიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/579, 31 ივლისი, 2015

 

„განსახილველ შემთხვევაში სსსკ-ის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის  მოცემული ნორმით განსაზღვრული წესი არსებობს გამონაკლისების გარეშე. აღნიშნული ნორმა მოქმედებს ზოგადად და არ უთითებს იმ წინა პირობებზე, რომლებიც დაავიწროებდა და საგამონაკლისო სახეს მისცემდა კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებებისთვის იურიდიული ძალის მინიჭების შემთხვევებს. კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებებისთვის იურიდიული ძალის მინიჭება ყველა შემთხვევაში, ნებისმიერი გამონაკლისისა და დავიწროების გარეშე, ახალისებს მტკიცებულებების მომპოვებელი სახელმწიფო ორგანოების თვითნებობას და შეიცავს პირის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის შეუქცევად საფრთხეებს. ასეთი მიდგომა შეიცავს მტკიცებულებების მოპოვების პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის საფრთხეს და ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტის სულისკვეთებას.“

საქართველოს მოქალაქე მაია რობაქიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/579, 31 ივლისი, 2015

Back to Top