42-ე მუხლის მე-8 პუნქტი

„კონსტიტუციის ხსენებული დებულების თანახმად, „არავინ არ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრეც განისაზღვრება კანონით“. ხსენებული დანაწესი მოიცავს ორ ასპექტს, თვითინკრიმინაციისგან დაცვის პრივილეგიას და  კანონით განსაზღვრულ ახლობელთა წრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის ვალდებულების არარსებობას. განსახილველ საქმეში სადავო ნორმის კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურობის მტკიცებისას მოსარჩელის არგუმენტაცია შეეხება მხოლოდ თვითინკრიმინაციის იძულებისაგან დაცვის პრივილეგიას, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო შემოიფარგლება მხოლოდ ხსენებულ პრივილეგიაზე მსჯელობით. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ დგას ხსენებული უფლების ფარგლების ამომწურავად განსაზღვრის საჭიროების წინაშე. არსებული დავის ფარგლებში უნდა შეფასდეს დაცვის მხარის ინიციატივით მოპოვებულ მტკიცებულებაზე ბრალდების მხარის მიერ წვდომის განხორციელების ხსენებულ უფლებასთან შესაბამისობის საკითხი“.

საქართველოს მოქალაქე ტიტიკო ჩორგოლიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/4/809, 14 დეკემბერი, 2018

 

„თვითინკრიმინაციისგან დაცვის პრივილეგია წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს უფლების ფუნდამენტურ კომპონენტს, იცავს რა პირს საკუთარი თავის წინააღმდეგ მაინკრიმინირებელი ჩვენების რაიმე ფორმით მიცემის დავალდებულებისა და იძულებისაგან. ხსენებული უფლება მჭიდრო კავშირშია არა მარტო სამართლიანი სასამართლოს უფლების სხვა კომპონენტებთან, როგორებიცაა უდანაშაულობის პრეზუმფცია და დაცვის უფლება, არამედ რიგ ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპებთან. თვითინკრიმინაციის იძულებისაგან დაცვა წარმოადგენს ადამიანის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უმთავრესი პრინციპის გამოძახილს, რომლის თანახმადაც, დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანი არ შეიძლება აღქმული იყოს როგორც ობიექტი, მიზნის მიღწევის საშუალება, არამედ იგი თავად უნდა იყოს ის მიზანი, ორიენტირი, რომელსაც ეფუძნება სახელმწიფოს პოლიტიკა ნებისმიერი მიმართულებით“.

საქართველოს მოქალაქე ტიტიკო ჩორგოლიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/4/809, 14 დეკემბერი, 2018

 

„საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტის კონტექსტში ჩვენების მიცემა გულისხმობს ვერბალურ, წერილობით ან სხვა ნებისმიერი ფორმის ქმედებაში საკუთარი ნებელობითი ელემენტის რეალიზებას, გამოხატვას. ხოლო თვითინკრიმინაციის დაცვის პრივილეგია კრძალავს სწორედ პირის ნებაზე ზემოქმედებას, მისცეს ჩვენება რაიმე ფორმით, საკუთარი თავის წინააღმდეგ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხსენებული უფლების შეზღუდვას ვერ გამოიწვევს რეგულირება, რომლის ფარგლებშიც არ ხდება პირის ნებაზე ზემოქმედება მისგან მტკიცებულების მოპოვების მიზნით“.

 

საქართველოს მოქალაქე ტიტიკო ჩორგოლიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/4/809, 14 დეკემბერი, 2018

 

„განსახილველ საქმეში სადავო ნორმით განსაზღვრულია წესი, რომლის შესაბამისადაც დაცვის მხარის შუამდგომლობით ამოღებული მტკიცებულებები პირველადი გამოკვლევის მიზნით გადაეცემა ბრალდების მხარეს. მოსარჩელემ განმარტა, რომ მისი ნების გაუთვალისწინებლად ამოღებული მტკიცებულების ბრალდების მხარისათვის მიწოდება ზღუდავს თვითინკრიმინაციისგან დაცვის პრივილეგიით მისთვის მინიჭებულ უფლებას“.

საქართველოს მოქალაქე ტიტიკო ჩორგოლიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/4/809, 14 დეკემბერი, 2018

 

„აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმა მართლაც არ ითვალისწინებს დაცვის მხარის ნების საწინააღმდეგოდ, ბრალდების მხარისათვის ამოღებული ნივთის, საგნის, ნივთიერებისა და დოკუმენტის ავტომატური გადაცემის წესს. თუმცა აღნიშნული ვერ იქნება აღქმული ნებელობაზე ზემოქმედებად კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტის მიზნებისათვის. სადავო რეგულირება ადგენს შედეგს, რომელიც მოჰყვება დაცვის მხარის მიერ მისი ნების თავისუფლების პირობებში სასამართლოს წინაშე საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შუამდგომლობის წარდგენას. ნების თავისუფლებით განხორციელებული ქმედების შედეგის შესაძლო არასასურველობა ვერ იქნება კონსტიტუციის მითითებული ნორმის შემზღუდველი ფაქტორი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური სარჩელი იმ ნაწილში, რომელიც ეხება სადავო ნორმის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტთან მიმართებით, არ უნდა დაკმაყოფილდეს“.

საქართველოს მოქალაქე ტიტიკო ჩორგოლიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/4/809, 14 დეკემბერი, 2018

Back to Top