42-ე მუხლის პირველი პუნქტი

„საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქართველოს რესპუბლიკის შრომის კანონთა კოდექსის 213-ე მუხლი კი, ზოგიერთი კატეგორიის მუშაკებს, კერძოდ, იმ ხელმძღვანელ მუშაკებს, რომლებსაც ირჩევენ, ამტკიცებენ ან ნიშნავენ თანამდებობაზე სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლესი ორგანოები, მოსამართლეებს, პროკურორებს, მათ მოადგილეებს და თანაშემწეებს, აგრეთვე პროკურატურის გამომძიებლებს, ფაქტიურად ართმევს საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას – თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქართველოს რესპუბლიკის შრომის კანონთა კოდექსის 213-ე მუხლით დადგენილი წესი, რომლის თანახმად, ზემოთ აღნიშნული კატეგორიის მუშაკებს, არ შეუძლიათ თავიანთი უფლებების დასაცავად მიმართონ სასამართლოს, აშკარად არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ ადამიანის უფლებასა და თავისუფლებას.“
საქართველოს მოქალქე მოქალაქე ალექსანდრე ცხოვრებაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/3-13, 5 დეკემბერი, 1996

„ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაცია ადგენს ყოველი მოქალაქის უფლებას მიმართოს სასამართლოს კონსტიტუციით და კანონით მინიჭებული უფლებების დასაცავად და ეს უფლება ხელშეუხებელია, მაგრამ ეს არ გამორიცხავს ამ უფლებების რეალიზების ვადით შეზღუდვის შესაძლებლობას, რასაც იყენებს მსოფლიოს და მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობა (სასარჩელო ხანდაზმულობის ინსტიტუტი, მემკვიდრეობის სამართლის შემჭიდროებული ვადები და სხვა).
კოლეგიას მიაჩნია, რომ მოქალაქის უფლების რეალიზაციაზე რაიმე ვადის დაწესება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებებს.“
საქართველოს მოქალაქეები ნუგზარ გერგედავა და ვეფხვია გერგედავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/86/12, 3 ნოემბერი, 1999

„საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი უფლებას აძლევს ყოველ ადამიანს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. სასამართლო დაცვაზე უფლების რეალიზება პროცესუალური ნორმების და საშუალებების ერთობლიობით მიიღწევა, სამართალწარმოების პრინციპების დაცვით, რომლებიც უზრუნველყოფენ სამართლიანი მართლმსაჯულების აღდგენას, სასამართლოზე მიმართვის უფლება არ შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ სარჩელის შეტანით, იგი მოიცავს სამოქალაქო პროცესის ყველა სტადიას, მოქალაქეთა საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით აღიარებული უფლებების დაცვას ამ სტადიებზე. სასამართლოსადმი მიმართვის უფლება არა მარტო უნდა არსებობდეს, არამედ პრაქტიკულად რეალიზებადი უნდა იყოს.“
საქართველოს მოქალაქეები ავთანდილ რიჟამაძე და ნელი მუმლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/6/205,232, 3 ივლისი, 2003

„შეუძლებელია უფლება გამოყენებული ან გაგებული იქნეს შეუზღუდავად, გარკვეული სამართლებრივი ბოჭვის გარეშე. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.“ საერთო სასამართლოების სისტემა და სამართალწარმოების წესი კი დადგენილია კანონით, რომელიც უფრო დაწვრილებით განსაზღვრავს სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას. კონსტიტუციის 42-ე მუხლმა დაამკვიდრა სასამართლოსადმი მიმართვის ძირითადი პრინციპი, რაც განხორციელებული უნდა იქნეს სპეციალური საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე.“
საქართველოს მოქალაქეები ავთანდილ რიჟამაძე და ნელი მუმლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/6/205,232, 3 ივლისი, 2003

„სადავო ნორმა არ ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი კონსტიტუციური უფლების ამკრძალავ დებულებებს, მასში აღნიშნულია საკასაციო სასამართლოს მიერ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა, იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულ სასამართლოს საქმის ზეპირი განხილვა არ მიაჩნია საჭიროდ. საკასაციო პალატა, როგორც მესამე ინსტანციის სასამართლო, საქმეს განიხილავს მხოლოდ პირის მიერ მისდამი მიმართვის საფუძველზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, „საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად“. აღნიშნულიდან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ საკასაციო სასამართლო საქმეს ვერ განიხილავს (ვერც ზეპირად და ვერც ზეპირი განხილვის გარეშე) თუ არ იქნა რეალიზებული და განხორციელებული საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლება. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისიწინებული საქმის არაზეპირი განხილვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, სასამართლო უნდა გამოდიოდეს იქიდან, თუ რამდენად არის გამართლებული აღნიშნული გადაწყვეტილება და იგი უნდა ეფუძნებოდეს თანაზომიერების პრინციპს. აღნიშნული წესი, რომელსაც სადავო ნორმა ადგენს გამონაკლისის სახით უნდა გამოიყენებოდეს და ითვალისწინებდეს სასამართლოსადმი ნდობის განმტკიცების ინტერესს. კოდექსის სადავოდ გამხდარი დებულება უნდა განიხილებოდეს და გამოიყენებოდეს მთელ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმებთან ერთიან კონტექსტში, მათი შეჯიბრებითობის საფუძველზე და არა ამ ნორმათა სისტემისგან მოწყვეტილად, ინდივიდუალური გაგებით.“
საქართველოს მოქალაქეები ავთანდილ რიჟამაძე და ნელი მუმლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/6/205,232, 3 ივლისი, 2003

„სასამართლომ აღნიშნა, რომ ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი გულისხმობს არა მხოლოდ სასამართლოსადმი მიმართვი უფლებას, არამედ სასამართლოში საქმის განხილვის პრინციპებსაც. მივიჩნევთ, რომ მხარეები სასამართლოში საქმის წარმოებას იწყებენ სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, რითაც ახდენენ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლების რეალიზაციას და მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი ვისაუბროთ სამართალწარმოების შეჯიბრებითობის პრინციპის განხორციელების თაობაზე.“
საქართველოს მოქალაქეები ავთანდილ რიჟამაძე და ნელი მუმლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/6/205,232, 3 ივლისი, 2003

„სასამართლო კოლეგია, მოსარჩელეთა იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად „ყველა ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართლოს სასამართლოს“, აღნიშნავს, რომ ეს უფლება არ გულისხმობს სასამართლოსადმი მიმართვას საპროცესო-სამართლებრივი წესრიგების დაცვის გარეშე. სადავო ნორმა კი არ გამორიცხავს სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას, არამედ გარკვეულ პროცესუალურ წესრიგში ათავსებს მას. ამდენად, სასამართლოსადმი მიმართვის უფლება ვერ იქნება გაგებული აბსოლუტური სახით, პროცესუალურ-სამართლებრივი წესრიგის გარეშე, რაც უფლების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს. ამიტომაც, სასამართლო კოლეგია თვლის, რომ სადავო ნორმა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს.“
საქართველოს მოქალაქეები ოლღა სუმბათაშვილი და იგორ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/3/161, 30 აპრილი, 2003

„უფლება, როგორც ფასეულობა, არ შეიძლება მუდმივად, განუსაზღვრელად, საეჭვოობის (საცილოობის) ხასიათს ატარებდეს. თუკი კანონმდებლობა ახალად აღმოჩენილ გარემოებათა გამო უსასრულოდ დაუშვებდა უფლების საეჭვოობის შესაძლებლობას, ეს წინააღმდეგობაში მოვიდოდა თვით უფლების იდეასთან და საფუძველს გამოაცლიდა სამართლებრივ წესრიგს. უფლების დაუსრულებლად (მუდმივად), მხოლოდ ეპიზოდურად, გარკვეული დროის მონაკვეთებში ნამდვილობა, არ შეესაბამება უფლების არსებას. ამიტომაცაა, რომ სადავო ნორმამ მხოლოდ გარკვეული დროით, 5 წლიანი აღმკვეთი ვადით შემოსაზღვრა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის შესაძლებლობა. სადავო ნორმით გათვალისწინებული აღმკვეთი ვადა სწორედ უფლების იდეის, მისი ნამდვილობის გარანტიას ემსახურება.“
საქართველოს მოქალაქეები ოლღა სუმბათაშვილი და იგორ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/3/161, 30 აპრილი, 2003

„საკმარისია გაუქმდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სასამართლოსადმი მიმართვის 5 წლიანი ვადა, რომ დავა და კონფლიქტი საბოლოოდ ვერასდროს ვერ ჰპოვებს გადაწყვეტას და შედეგად „პროცესის უკვდავებას“ მივიღებთ, როგორც ამას ადგილი ჰქონდა საბჭოთა კავშირის დროს. სასამართლო კოლეგია ვერ დაეთანხმება მოსარჩელეთა პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ პირის კონსტიტუციური უფლება, რომ მან სასამართლოს მეშვეობით დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები, დროში არ უნდა იყოს შეზღუდული. კანონმდებლის მიერ 5 წლიანი იმპერატიული ვადის დადგენით ისპობა ამ უფლებასთან დაკავშირებით ახალი დავის წარმოშობის შესაძლებლობა.“
საქართველოს მოქალაქეები ოლღა სუმბათაშვილი და იგორ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/3/161, 30 აპრილი, 2003

„სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ ვადის უფლებაწარმომშობი და უფლებააღმკვეთი თვისება გამოკვეთილია არა მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო სამართალში, არამედ იგი დამახასიათებელია მთელი სამართლისათვის. დრო იწვევს სამართლებრივი სინამდვილის ტრანსფორმაციას, უფლების წარმოშობას, შეწყვეტას, უფლების სუბიექტის შეცვლას. მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად არის ვადით შეზღუდული. ასე მაგალითად, სასამართლო გადაწყვეტილების სააპელაციო და საკასაციო წესით გასაჩივრების ვადები. თუ განსაზღვრულ ვადებში, მხარე არ გამოიყენებს აღნიშნულ უფლებას, გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში და პირი კარგავს მისი გასაჩივრების შესაძლებლობას. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას. მხედველობაშია მისაღები, რომ უფლების წარმოშობა (გაჩენა) ყოველთვის როდი ხდება სამართლებრივად უნაკლო საფუძველზე. ზოგ შემთხვევაში უფლება გარკვეული დროის მანძილზე ქონების ფლობის ნიადაგზე წარმოიშობა, თუნდაც რომ ხარვეზიანი იყოს მისი საფუძველი. ასეთ შემთხვევას განეკუთნება საკუთრების შეძენა ხანდაზმულობით. ვადის გასვლის გამო დანაშაულის ჩამდენი  პირი შეიძლება გათავისუფლდეს პასუხისმგებლობიდან, რისი დასტურიცაა სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის ინსტიტუტი. აღნიშნული ნორმა, ემსახურება სასარჩელო შესაძლებლობების შეზღუდვასა და სამართლებრივ უსაფრთხოებას, რაც დგება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლით. სამართლიანობის პოზიციიდან სადავო ნორმის შეფასებისას, საყურადღებოა აღნიშნულ კომენტარებში გატარებული ის აზრი, რომ სამართლიანობა წარმოადგენს სამართლის ერთ-ერთ, მაგრამ არა ერთადერთ კომპონენტს.“
საქართველოს მოქალაქეები ოლღა სუმბათაშვილი და იგორ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/3/161, 30 აპრილი, 2003

„სასამართლო გადაწყვეტილების ხანგრძლივად გადასინჯვის დაშვება საფრთხეს შეუქმნიდა იმ მესამე პირთა ინტერესებს, რომლებმაც უფლება შეიძინეს იმათგან, რომელთაც სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ეკუთვნოდა იგი. საქმის განახლება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო წარმოადგენს გამონაკლის შემთხვევას. ამ გამონაკლისის დაშვებით საფრთხე არ უნდა შეექმნას იმ ზოგად წესს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არის საბოლოო, რომ იგი საბოლოოდ და შეუქცევადად ადგენს მხარეთა შორის ურთიერთობებს. ვინაიდან, უფლების შესახებ დავა ყოველთვის ქმნის ამ უფლების განუსაზღვრელობას, როგორც სპეციალისტის დასკვნაშია აღნიშნული, სასამართლო ვალდებულია წერტილი დაუსვას ასეთ მდგომარეობას და გადაწყვიტოს იგი. ის რაც იწვევდა კონფლიქტს მხარეებს შორის, სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ ითვლება დადგენილად და უდავოდ. დაუშვებელია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების მუდმივად ეჭქვეშ დაყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში საფუძველი გამოეცლებოდა სასამართლოსადმი სანდოობის ვარაუდს, არავინ არ არის დაზღვეული იმისგან, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოება, რომელიც ეჭქვეშ დააყენებს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, კვლავ არ გახდება საეჭვო.“
საქართველოს მოქალაქეები ოლღა სუმბათაშვილი და იგორ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/3/161, 30 აპრილი, 2003

„საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი უფლებას აძლევს ყოველ ადამიანს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. სასამართლო დაცვაზე უფლების რეალიზება პროცესუალური ნორმების და საშუალებების ერთობლიობით მიიღწევა, სამართალწარმოების პრინციპების დაცვით, რომლებიც უზრუნველყოფენ სამართლიანი მართლმსაჯულების აღდგენას, სასამართლოზე მიმართვის უფლება არ შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ სარჩელის შეტანით, იგი მოიცავს სამოქალაქო პროცესის ყველა სტადიას, მოქალაქეთა საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით აღიარებული უფლებების დაცვას ამ სტადიებზე. სასამართლოსადმი მიმართვის უფლება არა მარტო უნდა არსებობდეს, არამედ პრაქტიკულად რეალიზებადი უნდა იყოს.“
საქართველოს მოქალაქეები ავთანდილ რიჟამაძე და ნელი მუმლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/6/205,232,  3 ივლისი, 2003

„საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ზოგადად მიუთითებს პირის უფლებაზე თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, ხოლო რაც შეეხება სასამართლოს გადაწვეტილების – ასევე საპროცესო მოქმედებების ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილებათა – გასაჩივრების წესს, იგი მინდობილი აქვს შესაბამის საკანონმდებლო ან სხვა ნორმატიულ აქტებს. აქვე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ყოველი კონკრეტული საქმიდან გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილებათა გასაჩივრების წესი და საჩივრის განმხილველ სასამართლოთა ჩამონათვალი შესაძლებელია სხვადასხვა იყოს, მაგრამ კანონმდებელი ვალდებულია დაადგინოს გასაჩივრების ისეთი მექანიზმი და შესაძლებლობა, რომელიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის პრინციპთან. ამასთან, სასამართლო კოლეგიას ცალსახად მიაჩნია, რომ პირი სასამართლოს გადაწყვეტილების ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში  გასაჩივრებით, რეალიზაციას უკეთებს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს და დაცული უნდა იქნეს გონივრული თანაზომიერება შეზღუდვის გამოყენებულ საშუალებებსა და აღნიშნული შეზღუდვის კანონიერ მიზანს შორის. სასამართლო კოლეგია თვლის, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ამღებისა და ჩხრეკის კანონიერ მიზანს, ამავე კოდექსის 315-ე მუხლის პირვველი ნაწილიდან გამომდინარე, წარმოადგენს ის, რომ „აღმოაჩინონ“ და ამოიღონ დანაშაულის იარაღი, საგანი, რომელსაც დანაშაულის კვალი ატყვია, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთი და ფასეულობა, სხვა საგანი ან დოკუმენტი, რომლებიც საჭიროა საქმის გარემოებათა გასარკვევად“. ამრიგად, სადავო ნორმებით გათვალისწინებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვა უნდა ემსახურებოდეს ზემოთ ჩამოთვლილი ამოღების საგამოძიებო მოქმედების კანონიერი მიზნების განხორციელებას. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში დაინტერესებული პირისათვის მოსამართლის შესაბამისი გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების დაშვება არანაირად არ უშლის ხელს აღნიშნულ კანონიერ მიზანთა განხორციელებას, მითუმეტეს რომ გასაჩივრების შემთხვევაში, სადავოდ გამხდარი მოსამართლის გადაწყვეტილება და შესაბამისად მის საფუძველზე განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებები, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე არ უნდა შეჩერდეს, რათა არ შეეშალოს ხელი სამართლიან გამოძიებას. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია თვლის რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე უფლების უგულებელყოფის სახით არსებული შეზღუდვა არ არის პროპორციული და არ ემსახურება ამოღების საგამოძიებო მოქმედების ზემოაღნიშნულ მიზანს.“
შპს “უნისერვისის” კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/6/264, 21 დეკემბერი, 2004

„ზოგადი ადმინისტრაციული ხასიათის სირთულეები, რასაც შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს გასაჩივრების შემთხვევაში, არ შეიძლება გახდეს სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვის საფუძველი. ამასთან, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ კონსტიტუციური სარჩელით გათვალისწინებულ კონკრეტულ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლების შესაძლო დარღვევის საკითხს და იგი ვერ იმსჯელებს, თუ რა ფორმით უნდა განხორციელდეს საგამოძიებო მოქმედებების თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება, აღნიშნული საკითხი განეკუთვნება საქართველოს პარლამენტის კომპეტენციას, რომელმაც უნდა განსაზღვროს და დააწესოს გასაჩივრების ისეთი მექანიზმი, რაც, ერთი მხრივ, არ დაარღვევს სამართლიანი გამოძიებისა და მართლმსაჯულების განხორციელების ძირითად პრინციპებს, ხოლო მეორე მხრივ მაქსიმალურად დაიცავს პირის საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს. ამასთან, სასამართლო კოლეგია თვლის, რომ გასაჩივრების უფლება არ არის ცალმხრივი და შესაბამისად სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანოც უფლებამოსილია, მისი შუამდგომლობის არდაკმაყოფილების შემთხვევაში იდავოს მოსამართლის ამ გადაწყვეტილების კანონიერების თაობაზე.“
შპს “უნისერვისის” კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/6/264, 21 დეკემბერი, 2004

„სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე უფლების შეზღუდვის კანონიერი მიზანი არის წინასწარი გამოძიების გაჭიანურება და თავიდან აცილება. მაგრამ სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსაზრებას, რომ აღნიშნულ კანონიერ მიზანსა და მოცემულ სადავო შემთხვევებში სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე უფლების უგულებელყოფის სახით არსებულ შეზღუდვას შორის გონივრული თანაბარზომიერება დაცულია.“
შპს “უნისერვისის” კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/6/264, 21 დეკემბერი, 2004

„საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, მართალია, ზოგადად მიუთითებს ყოველი ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სასამართლო დაცვის უფლებაზე, სასამართლო დაცვის უფლების რეალიზაცია სწორედ იმ პროცესუალური საშუალებების ერთობლიობით ხორციელდება, რომლებიც სამართლიან მართლმსაჯულებას და მოქალაქეთა დარღვეული უფლებების აღდგენას უზრუნველყოფენ. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი მოიცავს არა მარტო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვას, არამედ ზემდგომ ინსტანციებში საჩივრის შეტანის უფლებასაც. აღნიშნული მუხლი მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გარანტიას წარმოადგენს.“
საქართველოს მოქალაქე ოლეგ სვინტრაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, № 2/3/286, 17 მარტი, 2005

„საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირისათვის მოსამართლის განკარგულების გასაჩივრების შესაძლებლობის ჩამორთმევა არსებითად არღვევს დაპატიმრებული პირის უფლებას სამართლიან სასამართლოზე. თავისუფლებაშეზღუდული პირის მდგომარეობა არ იცვლება იმის მიხედვით, თავისუფლება შეეზღუდა სასამართლოს განაჩენის, ბრძანების თუ განკარგულების საფუძველზე. ამიტომ მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ერთნაირად გაასაჩივროს თავისუფლების შეზღუდვის კანონიერება, მიუხედავად შეზღუდვის საფუძვლისა.“
საქართველოს მოქალაქეები-ვახტანგ მასურაშვილი და ონისე მებონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, N1/3/393,397, 16 დეკემბერი, 2006

სამართლიან სასამართლოზე უფლების ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს სასამართლოს მიუკერძოებლობა. ზოგადად სასამართლოს მიუკერძოებლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოში და ზუსტად ეს კრიტერიუმია გადამწყვეტი სასამართლო ხელისუფლების მიერ საზოგადოებაში ნდობის მოსაპოვებლად. ამიტომაც, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი სასამართლოებისაგან მიუკერძოებლობას მოითხოვე.“
საქართველოს მოქალაქეები — ვახტანგ მასურაშვილი და ონისე მებონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, N1/3/393,397, 16 დეკემბერი, 2006

„კანონის უზენაესობის პრინციპის ფარგლებში საჯარო ხელისუფლების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად განხორციელების უზრუნველყოფა არარეალური იქნებოდა მიკერძოებული და დამოუკიდებელი სასამართლოს ხელმისაწვდომობის გარეშე. აზრს კარგავს სამართლებრივი წესების შემქმნელი და აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მესამე ინსტანცია, რომელიც ქმედებების ამ წესებთან შესაბამისობას დაადგენდა.
საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ სასამართლო ხელისუფლების იურისდიქციის შეზღუდვა – სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის შეზღუდვით სასამართლო  კომპეტენციას განკუთვნილი საკითხების სასამართლო განსჯადობის სფეროდან გამოყვანა, prima facie საფრთხეს უქმნის როგორც ინდივიდის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, ისე სასამართლო ხელისუფლების უნარს, შეაკავოს და გააწონასწოროს პოლიტიკური ხელისუფლება. შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოს ყოველი ასეთი მოქმედება განსაკუთრებული ყურადღებით უნდა შემოწმდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.“
საქართველოს მოქალაქეები გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე  საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/3/421,422, 10 ნოემბერი, 2009

„იმისთვის, რომ კონსტიტუციურობის თვალსაზრისით კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს ნებისმიერი ნორმა, რომელიც ზღუდავს სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლებას, უპირველეს ყოვლისა, უნდა დასაბუთდეს, რომ ეს ნორმა აბრკოლებს პირს, თავისი უფლებების და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს; აუცილებელია იყოს prima facie უფლება, რომლის სასამართლო წესით დაცვაც სურს მოსარჩელეს. ამასთან, კონსტიტუციის 42-ე მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოს, უზრუნველყოს სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა არა მარტო უფლების დარღვევის შემთხვევაში, არამედ ნებისმიერი იმ საკითხის გადასაწყვეტად, რაც პირდაპირ თუ ირიბ გავლენას იქონიებს პირის უფლების შინაარსზე, მის ფარგლებსა თუ შეზღუდვებზე. ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, პირს არ გააჩნია სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობა. ნიშანდობლივია, რომ მოცემულ შემთხვევაში საუბარია არა სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვაზე, არამედ აკრძალვაზე.“
საქართველოს მოქალაქეები გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე  საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/3/421,422, 10 ნოემბერი, 2009

„საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს  და განამტკიცებს აზრისა და გამოხატვის უფლებას, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლებას, მაგრამ ამავე დროს ითვალისწინებს უფლების შეზღუდვის საფუძვლებსაც, მათ შორის ისეთი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, როგორიცაა სხვათა უფლებების დაცვა. გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, როდესაც გამოხატვა კვეთს ზღვარს, გავლებულს გამოხატვის თავისუფლებისა და სხვის უფლებას შორის .
მაუწყებლის მიერ დარღვეული უფლების აღდგენის, მათ შორის, უფლების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოსადმი მიმართვის აკრძალვა არღვევს კონსტიტუციის 42-ე პუნქტის პირველ პუნქტს.“
საქართველოს მოქალაქეები გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე  საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/3/421,422, 10 ნოემბერი, 2009

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ავალდებულებს სახელმწიფოს, უზრუნველყოს სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა არამარტო უფლების დარღვევის შემთხვევაში, არამედ ნებისმიერი იმ საკითხის გადასაწყვეტად, რაც პირდაპირ თუ ირიბ გავლენას იქონიებს პირის უფლების შინაარსზე თუ შეზღუდვებზე. პირის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური გარანტია. სასამართლოსადმი მიმართვის უფლება შეიძლება შეიზღუდოს გარკვეული პირობებით, რაც გამართლებული იქნება დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური საჯარო ინტერესებით.“
საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/2/434, 27 აგვისტო, 2009

„უფლებამოსილების დელეგირება არცერთ შემთხვევაში არ ნიშნავს დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების სასამართლო კონტროლიდან გაყვანას, პირიქით. მართალია, შინაარსობრივი სტანდარტის, კონკრეტული კრიტერიუმების გარეშე უფლებამოსილების დელეგირება სასამართლო კონტროლის განხორციელებას ართულებს, მაგრამ სასამართლოს ფუნქციას ვერც ამოწურავს და ვერც გამოხატავს.“
საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/2/434, 27 აგვისტო, 2009

„ძვირი მართლმსაჯულების თავიდან აცილების მიზანი საერთოდ კარგავს აქტუალობას, მნიშვნელობას თუ თავად მართლმსაჯულებაზე მოხდება უარის თქმა. იაფი მართლმსაჯულების მიღწევა უდავოდ ლეგიტიმური მიზანია თავად მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უფლებით ეფექტურად სარგებლობის უზრუნველყოფისთვის. მაგრამ სასამართლოსადმი  მიმართვის უფლებაზე უარის თქმის შემთხვევაში ამავე უფლებით ეფექტურად სარგებლობის მიღწევის ნებისმიერ მიზანზე საუბარი უსაგნო და ალოგიკური ხდება.“
საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/2/434, 27 აგვისტო, 2009

„ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა გაარკვიოს, მოსარჩელის მიერ დასახელებული კონკრეტული უფლება, რომელსაც მისი აზრით, სადავო ნორმა არღვევს, წარმოადგენს თუ არა საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ უფლებას, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება სოციალურ უფლებებს, ვინაიდან ყველა მათგანი არ არის დეკლარირებული კონსტიტუციაში.“
საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/2/434, 27 აგვისტო, 2009

„საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“. აღნიშნულ ნორმას დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის ფუძემდებლური მნიშვნელობა აქვს. ისინი ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა.“
საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/466, 28 ივნისი, 2010

„ამა თუ იმ უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი გარანტია ზუსტად მისი სასამართლოში დაცვის შესაძლებლობაა. თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. შესაბამისად, უფლება-თავისუფლებების დასაცავად სასამართლოსადმი მიმართვის აკრძალვა ან არათანაზომიერი შეზღუდვა არღვევს არა მხოლოდ სამართლიანი სასამართლოს უფლებას, არამედ, იმავდროულად, შეიცავს საფრთხეს თავად იმ უფლების უგულებელყოფისა, რომლის დასაცავადაც სასამართლოსადმი მიმართვაა აკრძალული (შეზღუდული).“
საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/466, 28 ივნისი, 2010

„სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს არა მარტო სასამართლოსადმი ფორმალურ ხელმისაწვდომობას, არამედ ასევე მოითხოვს, რომ საქმის განმხილველ სასამართლოს ჰქონდეს უფლების დარღვევის ფაქტზე რეაგირების ეფექტური საშუალება. ამ უკანასკნელის არარსებობის შემთხვევაში, სამართლიან სასამართლოზე ხელმისაწვდომობა იქნება თეორიული და ფიქციური და არა რეალური მექანიზმი უფლებების დასაცავად.“
საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/466, 28 ივნისი, 2010

„სამართლიანი სასამართლოს უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. ის შეიძლება შეიზღუდოს გარკვეული პირობებით, რაც გამართლებული იქნება დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური საჯარო ინტერესით.“
საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/466, 28 ივნისი, 2010

„მართალია, სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვა შესაძლებელია, თუმცა არა პირთა მოქალაქეობრივი კუთვნილების მიხედვით. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ზუსტად უფლების სუბიექტებზე აკეთებს საგანგებო მითითებას, კერძოდ, მასში აღნიშნულია, რომ სასამართლოსადმი მიმართვის უფლება აქვს ყოველ ადამიანს, რაც , როგორც უკვე აღვნიშნეთ, გულისხმობს ყველას, განურჩევლად მათი მოქალაქეობისა. ეს ჩანაწერი მით უფრო არ იძლევა საფუძველს ამ უფლებით დაცულ სფეროში მოვაქციოთ მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები.“
საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/466, 28 ივნისი, 2010

„ცხადია, რომ კონკრეტული უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია ამ უფლების სასამართლოში დაცვის შესაძლებლობის არსებობა, სხვაგვარად უფლება, როგორც ასეთი, დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. აქედან გამომდინარე, უფლება–თავისუფლებათა დასაცავად სასამართლოს ხელმისაწვდომობის არარსებობა ან სასამართლოსადმი მიმართვის უფლების არათანაზომიერი შეზღუდვა არღვევს არა მარტო სამართლიანი სასამართლოს უფლებას, არამედ საფრთხეს უქმნის ასევე იმ უფლებას, რომლის დაცვასაც უნდა ემსახურებოდეს სასამართლოსადმი მიმართვა. ამასთანავე, სამართლიანი სასამართლოს უფლება განამტკიცებს არა მხოლოდ სასამართლოსადმი ფორმალურ ხელმისაწვდომობას, არამედ ასევე მოითხოვს, რომ კონკრეტული საქმის განმხილველ სასამართლოს უნდა ჰქონდეს უფლების დარღვევაზე რეაგირების ეფექტური საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელმისაწვდომობა სამართლიან სასამართლოზე, როგორც უფლება, იქცევა ფიქციად და მიიღებს მხოლოდ თეორიულ სახეს. საბოლოო ჯამში, რადგან სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობა, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის უფლება–თავისუფლებათა სრულ რეალიზაციასა და ადეკვატურ დაცვას ემსახურება, სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოს გზით დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით წარმოადგენს უფლებას.“
საქართველოს მოქალაქეები ლევან იზორია და დავით-მიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/2/503,513, 11 აპრილი, 2013

„საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. აღნიშნულ ნორმას დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის ფუძემდებლური მნიშვნელობა აქვს. ის ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა.“
ისრაელის მოქალაქეები თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/531, 5 ნოემბერი, 2013

„სამართლიანი სასამართლოს უფლება, პირველ რიგში, ნიშნავს სახელმწიფო ხელისუფლების ყველა იმ გადაწყვეტილების (ქმედების) სასამართლოში გასაჩივრებისა და სამართლებრივი შეფასების შესაძლებლობას, რომელიც ადამიანის უფლებებს არღვევს.”
ისრაელის მოქალაქეები თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/531, 5 ნოემბერი, 2013

„ვინაიდან სამართლებრივი სახელმწიფოს პირველადი ფუნქციაა ადამიანის უფლება-თავისუფლებების სრული რეალიზაცია და ადეკვატური დაცვა, სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით  უფლებას წარმოადგენს.“
ისრაელის მოქალაქეები თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/531, 5 ნოემბერი, 2013

„სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს არა მარტო სასამართლოსადმი ფორმალურ ხელმისაწვდომობას, არამედ ასევე მოითხოვს, რომ საქმის განმხილველ სასამართლოს ჰქონდეს უფლების დარღვევის ფაქტზე რეაგირების ეფექტური საშუალება. ამ უკანასკნელის არარსებობის შემთხვევაში, სამართლიან სასამართლოზე ხელმისაწვდომობა იქნება თეორიული, ფიქციური და არა რეალური მექანიზმი უფლებების დასაცავად.“
ისრაელის მოქალაქეები თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/531, 5 ნოემბერი, 2013

„ზოგადად, საქმის წარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, შესაბამისი საფუძვლების, პირობების არსებობისას, სამართლიანი სასამართლოს უფლების მნიშვნელოვანი კომპონენტია. ეს ინსტიტუტი უდავოდ ემსახურება სამართლიანი მართლმსაჯულების მიღწევის ლეგიტიმურ მიზანს, რაც, საბოლოო ჯამში, ადამიანის უფლებების სრულყოფილ რეალიზაციას და ადეკვატურ დაცვას  უზრუნველყოფს. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობით იყოს შექმნილი ამ ინსტიტუტის ეფექტურად გამოყენებისთვის ადეკვატური და საკმარისი გარანტიები.“
ისრაელის მოქალაქეები თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/531, 5 ნოემბერი, 2013

„ზოგადად, ვადებს დიდი მნიშვნელობა აქვს სამართლებრივ ურთიერთობებში წესრიგის შეტანისთვის. დროის ფაქტორი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს პირთა შორის ურთიერთობების სამართლებრივ მოწესრიგებაში.  გარკვეული დროის დადგომას ან ვადის გასვლას უკავშირდება კონკრეტული იურიდიული შედეგები – სამართლებრივი ურთიერთობების (შესაბამისად პირთა უფლებებისა ან/და მოვალეობების) წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა…“
ისრაელის მოქალაქეები თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/531, 5 ნოემბერი, 2013

„ვადებს მნიშვნელოვანი წესრიგი შეაქვს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის პროცესშიც. დრო სამართლიანი სასამართლოს უფლებას გასდევს მთლიანად უფლებით სარგებლობის განმავლობაში. ხშირ შემთხვევაში, ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა თავიდანვე გარკვეული დროით არის პირობადებული – ამა თუ იმ უფლების, ინტერესის დასაცავად სასამართლოსადმი მიმართვა უფლების დარღვევიდან გარკვეული ვადით არის შეზღუდული (მაგალითად, საარჩევნო უფლების დაცვისას). ასევე კანონმდებლობა ვადებით ზღუდავს სამართლიანი სასამართლოს უფლების ისეთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტების გამოყენებას, როგორებიცაა – სასამართლოს გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციებში გასაჩივრების უფლება. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაც განსაზღვრავს სასამართლოში საქმეთა განხილვის წესს და მათ შორის ვადებს, რომლის განმავლობაშიც მხარემ უნდა შეასრულოს მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ მოქმედების მოგვიანებით შესრულების უფლებას…“
ისრაელის მოქალაქეები თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/531, 5 ნოემბერი, 2013

„მართლმსაჯულების უმნიშვნელოვანესი მიზანია ადამიანის უფლებების დაცვა, რაც შესაძლებელია საქმეზე მხოლოდ სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მიღების გზით. მართლმსაჯულების შედეგი  სამართლიანობის მიღწევა,  აღდგენა, უზრუნველყოფა უნდა იყოს… ამიტომ სასამართლოს გადაწყვეტილებები სწორედ ამის უზრუნველყოფისკენ უნდა იყოს მიმართული. ამ მიზნის მიღწევას ემსახურება სამართლიანი სასამართლოს უფლების არაერთი პროცესუალური გარანტია, უფლებრივი კომპონენტი, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილების გადასინჯვის, გასაჩივრების, დავის ხელახლა წარმოების უფლება საამისოდ შესაბამისი საფუძვლების, პირობების არსებობის შემთხვევაში.“
ისრაელის მოქალაქეები თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/531, 5 ნოემბერი, 2013

„სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ინსტიტუტის არსებობა, სამართლიანი სასამართლოს სხვა უფლებრივ კომპონენტებთან და გარანტიებთან ერთად, ემსახურება ზემოთ დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევას. თუმცა, იმავდროულად, ძალზე მნიშვნელოვანია თითოეული პროცესუალური გარანტიის, ხანდაზმულობის ვადების ინსტიტუტის ჩათვლით, კონკრეტული საკანონმდებლო რეგულაცია ეფუძნებოდეს ინტერესთა გონივრულ და სამართლიან ბალანსს, რათა, ერთი მხრივ, რეალურად ემსახურებოდეს საჯარო მიზნების მიღწევას, ხოლო, მეორე მხრივ, არ იწვევდეს კონკრეტული პირების უფლებაში გაუმართლებელ, არათანაზომიერ ჩარევას. ამისთვის კი კანონმდებლის მიერ შერჩეული რეგულაცია უნდა იყოს დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული.“
ისრაელის მოქალაქეები თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/531, 5 ნოემბერი, 2013

„გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით საქმის წარმოების განახლების კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაძლებლობის არსებობა მიზნად ისახავს პირის  უფლებების სრულყოფილად დაცვას, სამართლიანი სასამართლოს უფლების ეფექტურ რეალიზაციას და  კონკრეტულ საქმეზე სამართლიანი, ობიექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. მაგრამ სამართლიანი სასამართლოს უფლებით სრულყოფილად სარგებლობის ადეკვატური უფლებრივი კომპონენტების მხოლოდ საკანონმდებლო რეგლამენტაცია ვერ იქნება ამ უფლებით სარგებლობის გარანტია, თუკი კანონმდებლობით ასევე გარანტირებული არ იქნება მათზე (უფლებრივ კომპონენტებზე) ეფექტური, რეალური ხელმისაწვდომობა.“
ისრაელის მოქალაქეები თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/531, 5 ნოემბერი, 2013

„ცხადია, იმისათვის, რომ პირმა ისარგებლოს მის ინტერესებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, მას უნდა ჰქონდეს საკმარისი შესაძლებლობა, იცოდეს მასთან (მის უფლებებთან, ინტერესებთან) დაკავშირებული გადაწყვეტილების არსებობის თაობაზე. ამიტომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადით სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვა მხოლოდ მაშინ იქნება ლეგიტიმური მიზნის მიღწევის პროპორციული საშუალება, თუ პირი აღჭურვილი იქნება საკმარისი და ადეკვატური ბერკეტებით, იცოდეს კონკრეტული უფლების დაცვის საჭიროებისა და ხანდაზმულობის ვადის ფარგლებში სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობის თაობაზე.“
ისრაელის მოქალაქეები თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/531, 5 ნოემბერი, 2013

„კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ, უფლების თავიდან სადავოდ ქცევა უქმნის რა საფრთხეს ისეთ მნიშვნელოვან საჯარო ინტერესებს, როგორებიცაა სამართლებრივი უსაფრთხოება, სტაბილურობა, სასამართლოს გადაწყვეტილების იურიდიული ძალის მნიშვნელობა და, ზოგადად, მართლმსაჯულებისადმი სანდოობა, გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნა უფლებამოსილი პირებისათვის არსებობს იმ შემთხვევაში, როდესაც სწორედ ეს გზა არის რეალური შესაძლებლობა უფლების დასაცავად, ანუ, როდესაც გადაწყვეტილების ბათილად ცნობას პოტენციურად შეუძლია უზრუნველყოს უფლების თავდაპირველი სახით აღდგენა ან შესაბამისი კომპენსაციის მიღება, რაც შეუძლებელი იქნებოდა გადაწყვეტილების ბათილობის გარეშე. არ შეიძლება სასამართლოსადმი მიმართვა თვითმიზნურ ხასიათს ატარებდეს, მით უფრო, თუ საუბარია უკვე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილობის მოთხოვნაზე და დავის თავიდან დაწყებაზე. მართლმსაჯულების საბოლოო შედეგები მხოლოდ განსაკუთრებულ, იშვიათ  შემთხვევაში შეიძლება დადგეს ეჭვის ქვეშ და მხოლოდ მაშინ შეიძლება გაბათილდეს, თუ ეს აუცილებელი გზაა სავარაუდოდ დარღვეული უფლების აღდგენის, მისი დაცვისთვის. ამიტომ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ინსტიტუტი, თავისი დანიშნულებიდან და მიზნებიდან გამომდინარე, უკავშირდება  მხოლოდ ისეთ შემთხვევაში მისი გამოყენების შესაძლებლობას, როდესაც ის წარმოადგენს უშუალო გზას სავარაუდოდ დარღვეული უფლების დაცვისთვის, აღდგენისთვის. დაუშვებელია, კანონმდებლობა მართლმსაჯულების შედეგების საეჭვოობას ასეთი საფუძვლების გარეშე იწვევდეს და შედეგად მართლმსაჯულებისადმი სანდოობის შერყევისთვის საკანონმდებლო საფუძველს ქმნიდეს.“
ისრაელის მოქალაქეები თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/531, 5 ნოემბერი, 2013

„სასამართლო უნდა სარგებლობდეს მკაფიო და ხელშესახები კრიტერიუმებით იმის შესამოწმებლად და დასადგენად, რომ პირმა არ იცოდა და ობიექტურად არც შეიძლებოდა სცოდნოდა მის ინტერესებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების არსებობის შესახებ. უნდა მოხდეს იმის პრევენცია, რომ პირმა დროში უმიზეზოდ არ გაახანგრძლივოს უფლების განხორციელება, ის შეზღუდული უნდა იყოს შესაძლებლობაში, მიმართოს სასამართლოს იმ შემთხვევაში, თუ მას შეეძლო ეს თავის დროზე განეხორციელებინა და არ ისარგებლა ამ შესაძლებლობით. ხანდაზმულობის ვადის მიუხედავად, უფლების დაცვის შესაძლებლობა სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის გზით, უნდა უკავშირდებოდეს მხოლოდ რეალურ და ობიექტურ საჭიროებას და არა პირის დაუდევრობას ან საკუთარი უფლებებისადმი ინდიფერენტულ დამოკიდებულებას.“
ისრაელის მოქალაქეები თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/531, 5 ნოემბერი, 2013

„საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ეს ნორმა ადგენს უფლებას სამართლიან სასამართლოზე, რომლის შინაარსი და ფარგლები განსაზღვრულია თავად კონსტიტუციით და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით.”
საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/558, 27 თებერვალი, 2014

„საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით  უფლებას წარმოადგენს. სწორედ (უფლების სასამართლოში დაცვის) აღნიშნული შესაძლებლობა წარმოადგენს კონკრეტული უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანეს გარანტიას.“
საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/558, 27 თებერვალი, 2014

„პირის შესაძლებლობა, მის უფლებასთან დაკავშირებული საქმე განხილულ იქნეს საჯარო მოსმენით და ჰქონდეს საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა, ასევე, გაასაჩივროს მის უფლებასთან შემხებლობაში მყოფი აქტი, დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლებით. შესაბამისად, ნებისმიერი რეგულაცია, რომელიც ახდენს პირის აღნიშნული შესაძლებლობების შეზღუდვას, წარმოადგენს ჩარევას სამართლიანი სასამართლოს უფლებაში.“
საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/558, 27 თებერვალი, 2014

„მიუხედავად იმისა, რომ უფლებას სამართლიან სასამართლოზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თანამედროვე დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობისთვის, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლება არ არის აბსოლუტური. ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად. ამასთანავე, სამართლიან სასამართლოზე უფლების შეზღუდვისას კანონმდებელმა უნდა დაიცვას გონივრული ბალანსი შეზღუდვის გამოყენებულ საშუალებებსა და კანონიერ მიზანს შორის.“
საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/558, 27 თებერვალი, 2014

„სამართლიანი სასამართლოს უფლებაში ჩარევის შეფასებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჩარევის ინტენსივობას. ამასთანავე, მხედველობაშია მისაღები იმ უფლებისა თუ სამართლებრივი ინტერესის მნიშვნელობა, რომლის დაცვის შესაძლებლობაც არის შეზღუდული. ცხადია, შეფასების სტანდარტები განსხვავებული იქნება განსხვავებული მნიშვნელობის მქონე სამართლებრივი ინტერესების შემთხვევაში.“
საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/558, 27 თებერვალი, 2014

„საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ, როდესაც სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვა უკავშირდება ამა თუ იმ სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პროცედურებსა და მისი გასაჩივრების უფლებას, შეფასების სტანდარტები მკაცრია. პირს, რომელსაც სახელმწიფო სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, სრულად ისარგებლოს საქმის სამართლიანი განხილვის პროცედურული გარანტიებითა და გასაჩივრების უფლებით. ამასთანავე, სხვადასხვა სიმძიმის პასუხისმგებლობის დაკისრების მიმართ, შესაძლებელია არსებობდეს განსხვავებული პროცედურული გარანტიები. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, პირის უფლებრივი მდგომარეობა უნდა აკმაყოფილებდეს სამართლიანი სასამართლოს უფლების მინიმალურ სტანდარტებს.“
საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/558, 27 თებერვალი, 2014

„სასამართლო დარბაზში მყოფ პირთა უფლებები და თავისუფლებები შეიძლება შეიზღუდოს ისეთი მნიშვნელოვანი ინტერესების დასაცავად, როგორიცაა სასამართლოს ავტორიტეტი. მართლმსაჯულების ჯეროვანი განხორციელების უზრუნველსაყოფად, მოსამართლეს უნდა გააჩნდეს უფლებამოსილება, სასამართლოს ავტორიტეტის დაუსაბუთებელი და უხამსი ბრალდებებისაგან დასაცავად და პროცესის ჯეროვანი მიმდინარეობის უზრუნველყოფისათვის. შესაბამისად, სასამართლოსადმი უპატივცემულობის გამოხატვის შემთხვევაში, მოსამართლის მიერ პირის მიმართ კონკრეტული სანქციის დაკისრება სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვას ემსახურება.“
საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/558, 27 თებერვალი, 2014

„საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება შეიძლება შეიზღუდოს ისეთი მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, როგორებიც არის მართლმსაჯულების შეუფერხებელი განხორციელება, პროცესის მიმდინარეობისას წესრიგის, პროცესის მონაწილეთა ღირსებისა და დადგენილი ეტიკეტის დაცვა.“
საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/558, 27 თებერვალი, 2014

„საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პროცესის მონაწილის დაჯარიმების ან/და სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ განკარგულების ზეპირი მოსმენის გარეშე მიღების, ასევე სხდომაზე დამსწრის დაჯარიმების შესახებ განკარგულების ზეპირი მოსმენის გარეშე მიღების შემთხვევაში სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა გამოსადეგია ლეგიტიმური მიზნის მიღწევისათვის. კერძოდ, ზეპირი მოსმენის გარეშე განკარგულების მიღება, ნაკლებ დროს მოითხოვს და, შესაბამისად, უზრუნველყოფს სხდომაზე წესრიგის დარღვევის შემთხვევაში სასამართლო პროცესის გაჭიანურების თავიდან აცილებას. ცხადია, პროცედურის სიმარტივე განაპირობებს მართლმსაჯულების სისწრაფესა და ეფექტურობას.“
საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/558, 27 თებერვალი, 2014

„საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, საქმის ზეპირი მოსმენა სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთ უმთავრეს ელემენტს წარმოადგენს. იგი აძლევს პირს შესაძლებლობას საკუთარი ინტერესების დასაცავად გამოთქვას მოსაზრებები. საქმის ზეპირი განხილვა, ერთი მხრივ, ხელს უწყობს მხარეებს უკეთ დაასაბუთონ საკუთარი კანონიერი მოთხოვნები, ხოლო, მეორე მხრივ, ეხმარება მოსამართლეს საქმის ყოველმხრივი გამოკვლევის საფუძველზე გამოიტანოს ობიექტური, სამართლიანი  და დასაბუთებული გადაწყვეტილება.“
საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/558, 27 თებერვალი, 2014

„სასამართლოს განკარგულებაში მკაფიოდ, ნათლად და ამომწურავად უნდა იყოს ჩამოყალიბებული პირის მიმართ გაძევების ან/და დაჯარიმების გამოყენების მიზეზები და ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმები, რისი განხორციელებაც ზეპირი მოსმენის ჩატარების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია.“
საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/558, 27 თებერვალი, 2014

„სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა ხელს უწყობს გასაჩივრების უფლების სრულყოფილად გამოყენებას, საშუალებას აძლევს ზემდგომ სასამართლოს განახორციელოს გადაწყვეტილების კანონიერების და დასაბუთებულობის შემოწმება და წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან თვითნებობისაგან დაცვის ქმედით მექანიზმს.“
საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ – 2014 წლის 27 თებერვალი №2/2/558

„გასათვალისწინებელია პროცესის მონაწილეთა ის ინტერესიც, რომლის შეზღუდვისკენაც არის მიმართული სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიება. კერძოდ, სხდომის დარბაზიდან გაძევებასა და დაჯარიმებასთან დაკავშირებით პროცესის მონაწილის მიმართ მიღებული განკარგულება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს აღნიშნული სუბიექტების უფლებრივ მდგომარეობაზე. ამგვარი განკარგულების ზეპირი მოსმენისა და გასაჩივრების უფლების შეზღუდვა უარყოფითად აისახება აღნიშნულ პირთა უფლებაზე, დაესწრონ ძირითადი პროცესის განხილვას და დაიცვან საკუთარი ინტერესები. ამასთანავე, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის დაკისრების შიშით, პროცესის მონაწილეებმა შესაძლებელია თავი შეიკავონ ამა თუ იმ მოსაზრების გამოთქმისაგან. შესაბამისად, სადავო რეგულაცია გარკვეულწილად აფერხებს მხარეთა მიერ საქმის განხილვისას საკუთარი მოსაზრებებისა და პოზიციების წარმოჩენას, რაც ხაზს უსვამს სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვის მაღალ ინტენსივობას.“
საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/558, 27 თებერვალი, 2014

„ბუნებრივია, შეუძლებელია კანონმდებლობით სასამართლოსადმი უპატივცემულობის გამოხატვის შემთხვევების ცალსახა და ამომწურავად რეგლამენტაცია. შესაბამისად, საკითხი უპატივცემულობის ფაქტის არსებობის შესახებ უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებათა ერთობლიობის ანალიზის საფუძველზე. შესაბამისად, საკმაოდ დიდია მოსამართლის მხრიდან ცალკეული გარემოებების ინტერპრეტაციის და შეფასების ზღვარი, რაც, ცალკეულ შემთხვევებში, არ გამორიცხავს ერთი და იმავე ფაქტის განსხვავებულად შეფასების შესაძლებლობას (სხვადასხვა მოსამართლეების მიერ). სწორედ ამიტომ, პირს უნდა ჰქონდეს საკუთარი მოსაზრებების წარდგენის  და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების გადამოწმების შესაძლებლობა.“
საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/558, 27 თებერვალი, 2014

„სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარის მიერ საკუთარი მოსაზრებების წარდგენის უფლება ხელს უწყობს გადაწყვეტილების დასაბუთებულობას, აძლიერებს მომავალში მხარის გასაჩივრების უფლების რეალიზაციის შესაძლებლობას და  ამცირებს გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი საფუძვლების დაუსაბუთებლობის ან/და უკანონობის არსებობას/არსებობის ალბათობას.“
საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/558, 27 თებერვალი, 2014

„ზეპირი განხილვის უფლების დაცვის სტანდარტი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სამართალწარმოების შინაარსზე. იმ შემთხვევაში, როდესაც საქმის განხილვა უკავშირდება ფორმალურ-სამართლებრივი საკითხების დადგენას, ნაკლებია ზეპირი მოსმენის გამართვის ინტერესი. ამ შემთხვევაში მოქმედებს პრინციპი „jura novit curia” („სასამართლომ იცის კანონი”) და მხარეების მიერ სამართლებრივ გარემოებებზე მითითებას მხოლოდ დამხმარე ფუნქცია აქვს. განსხვავებულია მიდგომა იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო წყვეტს როგორც ფორმალურ-სამართლებრივ საკითხებს, ასევე – აფასებს ფაქტობრივ გარემოებებს. ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შემთხვევაში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ზეპირი მოსმენის ჩატარებასა და პირისთვის მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობის მინიჭებას.“
საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/558, 27 თებერვალი, 2014

„უფლება ზეპირ მოსმენაზე მოიცავს ურთიერთდაკავშირებულ პროცედურულ გარანტიათა ერთობლიობას. სადავო ნორმებით დადგენილი რეგულაცია სრულად გამორიცხავს პირის მიერ ზეპირი მოსმენის უფლების ყველა კომპონენტის რეალიზაციას, მათ შორის, პირის უფლებას, წარმოადგინოს მოსაზრებები მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმე ეხება ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ პროცესში პირი აღჭურვილი უნდა იყოს, სულ მცირე, საკუთარი მოსაზრებების წარდგენის უფლებით.“
საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/558, 27 თებერვალი, 2014

„კანონმდებელს აქვს შესაძლებლობა, გამოიყენოს უფლების  უფრო ნაკლებად მზღუდველი საშუალებები, რომლებიც, ერთი მხრივ, პირს შესაძლებლობას მიანიჭებს, სრულყოფილად ისარგებლოს კონსტიტუციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებით, ხოლო, მეორე მხრივ, მოახდენს სასამართლო პროცესის გაჭიანურების პრევენციას. მაგალითად, კანონმდებელს შეეძლო, პირის გაძევება/დაჯარიმება მოეხდინა ალტერნატიული სასამართლო პროცესის საფუძველზე ან გამოეყო პირისთვის გონივრული დრო გამოსაყენებელ ღონისძიებასთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრების წარმოსადგენად, რაც უზრუნველყოფს კერძო და საჯარო ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის მიღწევას.
საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრების პროცესში, სასამართლოს ადმინისტრაციული რესურსის დაზოგვა ვერ გამოდგება პირის სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვის საპირწონედ.“
საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/558, 27 თებერვალი, 2014

„სამართლიანი სასამართლოს უფლება უფლების რეალიზაციის უზრუნველყოფის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გარანტიად ამ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობას თვლის. უფლების დაცვის მიზნით, სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობის არსებობის გარეშე, თავად უფლებით სარგებლობა დგება კითხვის ნიშნის ქვეშ.“
საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/558, 27 თებერვალი, 2014

„პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება ასრულებს პრევენციულ ფუნქციას და, ერთი მხრივ, წარმოადგენს მოსამართლის მხრიდან თვითნებობის თავიდან აცილების მექანიზმს და მოსამართლეს უბიძგებს, თავიდან აიცილოს შესაძლო შეცდომები, ხოლო, მეორე მხრივ, ქმნის დაშვებული შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობას. ამასთანავე, გასაჩივრების უფლების სრულყოფილი რეალიზაცია ხელს უწყობს ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას და მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.“
საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/558, 27 თებერვალი, 2014

„სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების სასამართლო წესით დაცვა უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნებისმიერი პირისათვის, რომლის მიმართაც ადგილი აქვს სახელმწიფო იძულების ელემენტების მატარებელი ზომების გატარებას, სამართალწარმოებაში ამ პირის სამართლებრივი სტატუსის მიუხედავად. პირს, რომელსაც სახელმწიფო აკისრებს პასუხისმგებლობას სამართალდარღვევისათვის, უნდა ჰქონდეს გასაჩივრების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა. რეგულაცია, რომელიც სასამართლოსადმი მიმართვის ყველა საშუალებას გამორიცხავს, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების არსს და ვერ იქნება გამართლებული ლეგიტიმური საჯარო მიზნით.“
საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/558, 27 თებერვალი, 2014

„სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ისეთი უმნიშვნელოვანესი მიზნების მიღწევაც კი, როგორიცაა სასამართლო ინსტიტუტებისადმი პატივისცემა და მართლმსაჯულების შეუფერხებელი განხორციელება, პროცესის მონაწილეთა ღირსების, წესრიგის და დადგენილი ეთიკის დაცვა არ უნდა განხორციელდეს ადამიანის ფუნდამენტური უფლების შელახვის ხარჯზე. სამართალწარმოება, რომელიც ითვალისწინებს მოსამართლის უფლებამოსილებას, გაასამართლოს პირი, მათ შორის სასამართლოსადმი უპატივცემულობისათვის გამოტანილი განკარგულების გასაჩივრების შესაძლებლობის გარეშე, არათანაზომიერად ზღუდავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას.“
საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/558, 27 თებერვალი, 2014

„საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. აღნიშნულ ნორმას დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის ფუძემდებლური მნიშვნელობა აქვს. ის ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა.“
საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/574, 23 მაისი, 2014

„ვინაიდან სამართლებრივი სახელმწიფოს ძირითადი ფუნქციაა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სათანადო რეალიზაციის უზრუნველყოფა, სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით  უფლებას წარმოადგენს.“
საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/574, 23 მაისი, 2014

„სამართლიანი სასამართლოს უფლება არაერთი უფლებრივი კომპონენტისგან შედგება, რომელთა ერთობლიობამაც უნდა უზრუნველყოს, ერთი მხრივ, ადამიანების რეალური შესაძლებლობა, სრულყოფილად და ადეკვატურად დაიცვან, აღიდგინონ საკუთარი უფლებები, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლება-თავისუფლებებში ჩარევისას, დაიცვას ადამიანი სახელმწიფოს თვითნებობისაგან. შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლების თითოეული უფლებრივი კომპონენტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური შინაარსით საკმარისი პროცედურული უზრუნველყოფა სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა. სამართლიანი სასამართლოს უფლების კანონმდებლობით გათვალისწინებული გარანტიები უნდა უჩენდნენ ადამიანებს იმის განცდას, რომ ისინი შეძლებენ საკუთარი უფლებების/კანონიერი ინტერესების სასამართლოში დაცვას, ამასთან, უნდა იწვევდნენ სასამართლოს სამართლიანობის აღქმადობას საზოგადების მხრიდან. გამჭვირვალე, სრულყოფილი, ადეკვატური და საკმარისი პროცედურები უზრუნველყოფს სასამართლოს გადაწყვეტილებათა ლეგიტიმურობას, მათ საზოგადოებრივ აღიარებას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია სასამართლოსადმი და, საბოლოო ჯამში, მთლიანად ხელისუფლებისადმი საზოგადოების ნდობის ამაღლებისა და განმტკიცებისათვის.“
საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/574, 23 მაისი, 2014

„საქმის განხილვა ზეპირი მოსმენით სამართლიანი სასამართლოს უფლების უმნიშვნელოვანესი უფლებრივი კომპონენტია… საქმის ზეპირი მოსმენა ითვალისწინებს რა მხარეთა უშუალო მონაწილეობას საქმის განხილვაში, რაც ნიშნავს მათ შესაძლებლობას, წარადგინონ მტკიცებულებები, გამოთქვან მოსაზრებები, დაიცვან თავი პირადად ან დამცველის მეშვეობით, სწორედ ამ გზით, წარმოადგენს მნიშვნელოვან გარანტიას პროცესის შეჯიბრებითობის, დაცვის უფლებით ადეკვატურად სარგებლობისთვის, ამასთან, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს მხარეთა შესაძლებლობას, უკეთ დაიცვან საკუთარი ინტერესები, გავლენა მოახდინონ საქმის გადაწყვეტაზე, ხელი შეუწყონ სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას.“
საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/574, 23 მაისი, 2014

„სამართლიანი განხილვა ძნელად მიიღწევა ფაქტების საიდუმლო, ცალმხრივი გამოკვლევით. ზეპირი მოსმენა ხელს უწყობს სასამართლოს ყოველმხრივ ინფორმირებას ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ. ამასთან, დაცვის მხარესთან უშუალო ურთიერთობა უფრო მოსახერხებელია თავად სასამართლოსთვისაც, რადგან მას აქვს შესაძლებლობა, პასუხი მიიღოს ყველა კითხვაზე და ამით ნათელი მოჰფინოს საქმის ბუნდოვან გარემოებებს. ამიტომ, საქმის ზეპირი მოსმენის უფლება, ცხადია, მნიშვნელოვანი ბერკეტია სამართლიანი სამართალწარმოებით სარგებლობისთვის და, შესაბამისად, უფლების უკეთ დაცვისთვის.“
საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/574, 23 მაისი, 2014

„გარდა ამისა, საქმის საჯარო, ზეპირი მოსმენა გამორიცხავს რა „საიდუმლო მართლმსაჯულებას”, როდესაც კანონზომიერია ეჭვები როგორც მატერიალური, ისე საპროცესო ნორმების არასწორი, თვითნებური გამოყენებისა, აფერმკრთალებს როგორც ცდუნებას სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა, ისე ეჭვებს ასეთი თვითნებობისა. შესაბამისად, საქმის ზეპირი მოსმენა აძლიერებს როგორც მხარეთა, ისე საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულებისადმი, საბოლოო ჯამში კი, განაპირობებს სასამართლოს გადაწყვეტილებათა მეტ გამჭვირვალობას და ლეგიტიმურობას, ამცირებს შეცდომის დაშვების ალბათობას.“
საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/574, 23 მაისი, 2014

„სამართლიანი სასამართლოს უფლება შეიძლება შეიზღუდოს, მათ შორის, საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის გზითაც, მაგრამ ამ შემთხვევაშიც მხოლოდ იმ სავალდებულო პირობის დაცვით, რომ ამგვარი შეზღუდვა ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს და დაცულია თანაზომიერი ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ საქმის ზეპირი განხილვა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამართლიანი სასამართლოს უფლების მნიშვნელოვანი უფლებრივი კომპონენტია, ზეპირი მოსმენის გარეშე საკითხის განხილვა/გადაწყვეტა თავისთავად და ყოველთვის არ ნიშნავს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას, რაზეც საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა საკუთარ გადაწყვეტილებებში.“
საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/574, 23 მაისი, 2014

„სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა არ წარმოადგენს თვითმიზანს, ის არის მხოლოდ შესაძლებლობა სხვა უფლებების დაცვისა. შესაბამისად, მისი უფლებრივი კომპონენტებიც იმ შემთხვევაში და იმ მოცულობით უნდა გამოიყენებოდეს, რაც ობიექტურად აუცილებელია კონკრეტული უფლების დაცვისთვის/დარღვევის თავიდან აცილებისთვის. მაშასადამე, თითოეული უფლებრივი კომპონენტით სარგებლობა, საბოლოო ჯამში, ემსახურება რა სამართლიანი სასამართლოს უფლებით ეფექტურად სარგებლობას და, შესაბამისად, კონკრეტული უფლებების დაცვას, ამ უფლებრივი კომპონენტების გამოყენებაც არ უნდა იყოს თვითმიზანი. მათი უზრუნველყოფა საჭიროა მაშინ, როდესაც ამას ობიექტურად შეუძლია, გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.“
საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/574, 23 მაისი, 2014

„ზოგადად, სწრაფი მართლმსაჯულება – საქმის განხილვა გონივრულ, შემჭიდროებულ ვადებში სამართლიანი სასამართლოს უფლებრივი კომპონენტია. ამასთან, პროცესის ეკონომიურობა და სასამართლოს ხელოვნური გადატვირთვის თავიდან აცილება უმნიშვნელოვანესია მართლმსაჯულების ხარისხის უზრუნველყოფისთვის. მაშასადამე, სამართლიანი სასამართლოს უფლება შეიძლება შეიზღუდოს ზემოაღნიშნული ლეგიტიმური მიზნებით. თუმცა ჩარევის თანაზომიერების შეფასებისთვის მხედველობაშია მისაღები როგორც ჩარევის ინტენსივობა, ისე იმ უფლებისა თუ სამართლებრივი ინტერესის მნიშვნელობა, რომლის დაცვის შესაძლებლობაც არის შეზღუდული.“
საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/574, 23 მაისი, 2014

„ზეპირი მოსმენის გარეშე პროკურორის შუამდგომლობის განხილვა და პირის თანამდებობიდან დროებით გადაყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, ისევე როგორც ზეპირი მოსმენის გარეშე ნებისმიერი სხვა საკითხის გადაწყვეტა, ნაკლებ დროს მოითხოვს და, როგორც წესი, წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის – სწრაფი მართლმსაჯულების მიღწევის დასაშვებ, გამოსადეგ გზას.“
საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/574, 23 მაისი, 2014

„უმთავრესი საკითხი, რომელიც მხედველობაში მიიღება ზეპირი მოსმენით საქმის განხილვის უფლების შეზღუდვისას, არის – როგორია კონკრეტული საკითხის განმხილველი სასამართლოს კომპეტენცია იმ მოცემულ შემთხვევაში, კერძოდ კი, თვისობრივად რა საკითხების შესწავლა/შეფასება/გამოკვლევა უწევს სასამართლოს. ამ თვალსაზრისით, გადამწყვეტია, სასამართლო იხილავს მხოლოდ სამართლებრივ საკითხებს, თუ, იმავდროულად, ახდენს ფაქტების (ფაქტობრივი გარემოებების) შეფასება/შესწავლასაც.“
საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/574, 23 მაისი, 2014

„სწრაფი მართლმსაჯულება და საქმეთა განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილება, პროცესის ეკონომიურობა, ისევე, როგორც არდაშვება სასამართლოს ხელოვნური გადატვირთვისა, რაც, საბოლოო ჯამში, ნეგატიურ გავლენას ახდენს მართლმსაჯულების ხარისხზე, უმნიშვნელოვანესი ლეგიტიმური მიზნებია, ვინაიდან თითოეული მათგანის დაცვა ასევე სამართლიანი სასამართლოს უფლებით ეფექტურად სარგებლობას ემსახურება. თუმცა ამ ინტერესების დაცვის აუცილებლობა ვერ გაამართლებს ზეპირი მოსმენის გარეშე საქმეთა განხილვას, თუ ამის შედეგი იქნება კონკრეტული პირების უფლებების დარღვევა, უფლებების დაცვის შეუძლებლობა. სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების ლეგიტიმური მიზნების დაცვა ალოგიკურია, თუ ამის შედეგი ისევ სამართლიანი სასამართლოს უფლებით სრულყოფილად სარგებლობის შეუძლებლობაა.“
საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/574, 23 მაისი, 2014

„ზოგადად, პირველი ინსტანციის სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილების ზედა ინსტანციაში გასაჩივრების მექანიზმი ემსახურება პირველ ინსტანციაში დაშვებული შეცდომების, კანონის არასწორად გამოყენების გამოსწორებას და ამ გზით უფლების დარღვევის საფრთხის თავიდან აცილებას. რაც, თავისთავად, არ ნიშნავს პირველ ინსტანციაში უფლების დარღვევის კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობის დაშვებას და, მით უფრო, გამართლებას. მოცემულ შემთხვევაში, თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე სასამართლოს განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობა ვერც გამორიცხავს და ვერც  გაამართლებს პირველ ინსტანციაში უფლების დარღვევის კანონით გათვალისწინებულ ალბათობას. მით უფრო, რომ როგორც უკვე აღინიშნა, ასეთ შემთხვევებში არც სააპელაციო სასამართლოა კანონით შებოჭილი, საქმის ფაქტობრივი გარემოებები განიხილოს ზეპირი მოსმენით.“
საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/574, 23 მაისი, 2014

„სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც ინსტრუმენტული უფლება, არის სხვა უფლებების, მათ შორის, პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების დაცვის კონსტიტუციურ-სამართლებრივი  გარანტია.“
საქართველოს მოქალაქეები ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/4/532,533, 8 ოქტომბერი, 2014

„ცხადია, სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვის უშუალო შედეგი შეიძლება იყოს პიროვნების თავისუფალი განვითარების, საკუთრების, თავისუფლების, თანასწორობის და ნებისმიერი სხვა უფლების შეზღუდვა. თუმცა ეს, თავისთავად, არ ნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლების შემზღუდველი ნორმები, კონსტიტუციურობის თვალსაზრისით, იმავდროულად, წარმოადგენს ჩარევას ყველა იმ უფლებაში, რომელთა დასაცავადაც პირი სასამართლოსადმი მიმართვის საჭიროების წინაშე დგება.“
საქართველოს მოქალაქეები ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/4/532,533, 8 ოქტომბერი, 2014

„ძირითადი უფლებები,  მათი ადეკვატური დაცვის აუცილებლობას გულისხმობს, მათ შორის, ქმედუუნარო პირებთან მიმართებით. ასეთ უფლებებს მიეკუთვნება უფლება სასამართლო დაცვაზე, რომელიც უნივერსალური ხასიათის მატარებელი უფლებაა და, იმავდროულად, წარმოადგენს საპროცესო გარანტიას ყველა სხვა კონსტიტუციური უფლება-თავისუფლებების მიმართ.“
საქართველოს მოქალაქეები ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/4/532,533, 8 ოქტომბერი,2014

„სასამართლოსადმი მიმართვის უფლება სასამართლო ხელისუფლებას აკისრებს თვითნებობისგან დაცვის ინსტიტუციური გარანტის ფუნქციას. იმავდროულად, აღნიშნული უფლება მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას, არამედ საპროცესო გარანტიებს, რომლებიც იძლევა ამ უფლების სრული მოცულობით  რეალიზაციის   შესაძლებლობას და უზრუნველყოფს  პირის უფლებებში ეფექტიან აღდგენას სასამართლო განხილვის გზით, მათ შორის, პირის უფლებას, დამოუკიდებლად მიმართოს სასამართლოს და უშუალოდ იყოს წარმოდგენილი იმ სამართლებრივ პროცესზე, რომელიც მას ეხება. საკონსტიტუციო სასამართლომ, პირველ რიგში, უნდა გაარკვიოს, ახდენს თუ არა სადავო ნორმები სამართლიანი სასამართლოს უფლებაში ჩარევას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 327-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად განსაზღვრავს პირთა წრეს, რომელთაც უფლება აქვთ, პირის ქმედუნარიანობის აღდგენის მიზნით, მიმართონ სასამართლოს. ამ ჩამონათვალში არ არის გათვალისწინებული თავად ქმედუუნაროდ აღიარებული პირი.  სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის მე-5 ნაწილი კი ქმედუუნაროდ აღიარებულ პირს შესაძლებლობას ართმევს, დამოუკიდებლად, კანონიერი წარმომადგენლის გარეშე წამოიწყოს ნებისმიერი სამოქალაქო სამართალწარმოება, მათ შორის, ქმედუნარიანობის აღდგენის სამართლებრივი პროცესი და მიიღოს მასში მონაწილეობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ორივე სადავო ნორმას უფლებამზღუდავი ეფექტი გააჩნია. ამასთან, კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებაში ჩარევის შესაფასებლად, სასამართლომ ასევე უნდა გამოარკვიოს, არის თუ არა ქმედუნარიანობის აღდგენის მიზნით სასამართლოსთვის მიმართვა „უფლებათა დაცვის მიზნით სასამართლოსათვის მიმართვა“. ქმედუუნაროდ აღიარებული პირის სასამართლოსადმი მიმართვის მიზანია სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების დამოუკიდებლად განხორციელების შესაძლებლობის აღდგენა. შესაბამისად, პირისთვის ქმედუნარიანობის აღდგენის პროცედურის დამოუკიდებელი ინიცირების ან/და მასში პირადად მონაწილეობის შეზღუდვა კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ უფლებებში ჩარევას წარმოადგენს.“
საქართველოს მოქალაქეები ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/4/532,533, 8 ოქტომბერი, 2014

„საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასამართლოსადმი მიმართვისა და სასამართლო პროცესში მონაწილეობის უფლებები არ არის აბსოლუტური და ამ უფლებების შეზღუდვა შესაძლებელია,  რიგ შემთხვევებში, გამართლებული იყოს არა მხოლოდ ქმედუუნაროდ აღიარებულ, არამედ ქმედუნარიან პირებთან მიმართებითაც, თუმცა ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს და პასუხობდეს თანაზომიერების მოთხოვნებს.“
საქართველოს მოქალაქეები ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/4/532,533, 8 ოქტომბერი, 2014

„სასამართლო ითვალისწინებს, რომ ცალკეულ შემთხვევაში, ქმედუუნაროდ აღიარებული პირი შესაძლებელია მოკლებული იყოს საკუთარი მოსაზრებების გამოთქმის ან წარმომადგენლისათვის მითითებების მიცემის შესაძლებლობას. იმავდროულად, კოგნიტური უნარის დაქვეითების გამო პირისათვის მეურვის დანიშვნა უპირობოდ არ გულისხმობს მის უუნარობას, გამოთქვას მოსაზრებები თავის მდგომარეობასთან დაკავშირებით და კონფლიქტში მოვიდეს მეურვის ნებასთან. როდესაც ამგვარ ინტერესთა კონფლიქტს შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს  პირის სამართლებრივ მდგომარეობაზე, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოებას, რომ მეურვეობის ქვეშ მყოფი პირისათვის უზრუნველყოფილი იყოს სასამართლოსადმი მიმართვის უფლება და უფლება, მოსმენილი იყოს სასამართლოს მიერ პირადად, ან საჭიროების შემთხვევაში, მის მიერ შერჩეული წარმომადგენლის მეშვეობით. „სულით ავადმყოფობა“ ან „ჭკუასუსტობა“, შესაძლებელია იწვევდეს სასამართლოსადმი მიმართვის უფლებით სარგებლობის მოდიფიცირებას ან ნაწილობრივ შეზღუდვას, მაგრამ ასეთი ზომები არ უნდა ლახავდეს სასამართლოს ხელმისაწვდომობის და სამართლიან სასამართლო განხილვაზე  უფლების არსს.“
საქართველოს მოქალაქეები ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/4/532,533, 8 ოქტომბერი, 2014
„ქმედუნარიანობის აღდგენის პროცედურების წამოწყებისა და მასში მონაწილეობის უფლებას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ქმედუუნაროდ აღიარებული პირებისათვის.   აღნიშნული მათ  შესაძლებლობას მისცემს, გამოჯანმრთელების შემთხვევაში სწრაფად მოახდინონ ქმედუნარიანობის აღდგენა, რაც  დაიცავს მათ მეურვის, ოჯახის წევრის ან მესამე პირების მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისგან. ამდენად, ქმედუნარობის  აღდგენის არსებული მექანიზმი არ წარმოადგენს პირის მიერ საკუთარი ინიციატივით ქმედუნარიანობის გადასინჯვის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის ჯეროვან ალტერნატივას. იგი არ პასუხობს არც თანამედროვე საერთაშორისო სამართლებრივ ტენდენციას ქმედუუნარო პირებისთვის მათი ქმედუნარიანობის აღდგენის მოთხოვნით სასამართლოსათვის უშუალოდ და პირდაპირ მიმართვის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით.“
საქართველოს მოქალაქეები ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/4/532,533, 8 ოქტომბერი, 2014

„ქმედუუნარო პირის უფლება სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული მეურვის, ოჯახის წევრების ან/და ფსიქიატრიული-სამკურნალო  სამედიცინო დაწესებულების ნებაზე. მათთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა, რაც გულისხმობს არა მხოლოდ სასამართლოსადმი მიმართვის, არამედ სასამართლოსათვის საკუთარი არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობასაც.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო სისტემის ეფექტიანი მუშაობის მიზნის მისაღწევად ქმედუუნაროდ აღიარებული პირის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვა უფლებაში ჩარევის არათანაზომიერ საშუალებას წარმოადგენს.“
საქართველოს მოქალაქეები ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/4/532,533, 8 ოქტომბერი, 2014

„საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. აღნიშნულ ნორმას დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის ფუძემდებლური მნიშვნელობა აქვს. ის ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა.“
საქართველოს მოქალაქეები ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/4/557,571,576, 13 ნოემბერი, 2014

„სამართლიანი სასამართლოს უფლება არაერთი უფლებრივი კომპონენტისგან შედგება, რომელთა ერთობლიობამაც უნდა უზრუნველყოს, ერთი მხრივ, ადამიანის რეალური შესაძლებლობა, სრულყოფილად და ადეკვატურად დაიცვას, აღიდგინოს საკუთარი უფლებები, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლება-თავისუფლებებში ჩარევისას დაიცვას ადამიანი სახელმწიფოს თვითნებობისაგან. შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლების თითოეული უფლებრივი კომპონენტის როგორც ფორმალური, ისე მატერიალური შინაარსით საკმარისი პროცედურული უზრუნველყოფა სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა.“
საქართველოს მოქალაქეები ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/4/557,571,576, 13 ნოემბერი, 2014

„ნიშანდობლივია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთგზის მიუთითა ხელისუფლების ვალდებულებაზე, უზრუნველყოს მართლმსაჯულების სისტემის ადეკვატურობა მართლმსაჯულების ფუნქციის სრულყოფილი განხორციელებისა და, შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლებით ეფექტურად სარგებლობის გარანტირებისათვის.“
საქართველოს მოქალაქეები ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/4/557,571,576, 13 ნოემბერი, 2014

„ინსტიტუციურ გარანტიებზე ყურადღების გამახვილებისას ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს  მართლმსაჯულების ფარგლებში განსახორციელებელ ფუნქციებს, რომელთა არსებობა აუცილებელია კონკრეტული უფლებების დასაცავად. სწორედ ადამიანის უფლებების  დაცვის სამსახურში საჭირო, ადეკვატური, ეფექტური და საკმარისი ფუნქციების არსებობა არის ამოსავალი სამართლიანი სასამართლოს უფლების ფარგლების განსაზღვრისას. შესაბამისად, როგორ და რა მექანიზმებზე დაყრდნობით იქნება ეს ფუნქციები გადანაწილებული ასევე შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი სამართლიანი სასამართლოს უფლების ფარგლების საკითხზე მსჯელობისას იმის გათვალისწინებით, რამდენად პასუხობს არსებული სასამართლო სისტემა სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების მიზნებს.“
საქართველოს მოქალაქეები ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/4/557,571,576, 13 ნოემბერი, 2014

„ნებისმიერი სახელმწიფოს მიხედულების ფარგლები ფართოა სასამართლო სისტემის მოწყობასთან დაკავშირებით. მთავარი მოთხოვნა, რომლითაც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ხელისუფლებები მკაცრადაა შებოჭილი, არის ის, რომ სასამართლო ხელისუფლება მთლიანობაში პასუხობდეს მის წინაშე მდგარ მთავარ გამოწვევას – უზრუნველყოს სამართლიანი მართლმსაჯულება, რისთვისაც ის აღჭურვილი უნდა იყოს სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციისთვის აუცილებელი ყველა საჭირო, ადეკვატური და საკმარისი ბერკეტით. თავისთავად ცხადია, რომ არ არსებობს სასამართლო ხელისუფლების სისტემის ერთი მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ქმედით, დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ, კვალიფიციურ და სამართლიან მართლმსაჯულებას. სახელმწიფომ საკუთარი განვითარების ამა თუ იმ ეტაპზე, შესაძლოა განახორციელოს სასამართლო ხელისუფლების რეფორმა მისი განმტკიცების, დამოუკიდებლობის, ხელმისაწვდომობისა თუ სანდოობის ხარისხის ამაღლების მიზნით. ამ პროცესში სახეცვლილება შეიძლება განიცადოს სასამართლო სტრუქტურამ, ფორმირების წესმა, კომპეტენციისა თუ იურისდიქციის გასაზღვრამ და სხვა. ამ თვალსაზრისით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სახელმწიფოს მიერ სასამართლო ხელისუფლების რეფორმის გზაზე განხორციელებულ ერთ-ერთ ასეთ ეტაპს წარმოადგენს.“
საქართველოს მოქალაქეები ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/4/557,571,576, 13 ნოემბერი, 2014

„საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი განამტკიცებს სამართლიანი სასამართლოს უფლებას. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ  სამართლიანი სასამართლო წარმოადგენს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის,  კანონის უზენაესობისა და ხელისუფლების დანაწილების განხორციელების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ გარანტიას. „
ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/2/577, 24 დეკემბერი, 2014

„საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სასამართლო დაცვის ძირითადი უფლება ფორმალურად სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობას ნიშნავს, ხოლო შინაარსობრივად – ადამიანის უფლებების სრულყოფილ სამართლებრივ დაცვას უზრუნველყოფს. სრულყოფილი დაცვა კი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს კანონმდებლის ვალდებულებას, შექმნას ისეთი ნორმატიული წესრიგი, რომელიც  უზრუნველყოფს პირის უფლებას  დროულ, სამართლიან და   ეფექტიან სასამართლოზე, რათა პირმა სრულყოფილად შეძლოს მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა სასამართლოსადმი მიმართვის გზით.  საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა  სასამართლოსადმი მიმართვის უფლების სრულყოფილი რეალიზაციის მნიშვნელობა სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის.“
ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/2/577, 24 დეკემბერი, 2014

„სასამართლო დაცვა ეფექტიანია, თუ პასუხობს სწრაფი/დროული, სამართლიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულების მოთხოვნებს. სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლებიდან   გამომდინარე, სასამართლო გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს გონივრულად მისაღებ ვადებში, გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე, ვინაიდან მართლმსაჯულების გაუმართლებელი დაყოვნება ძირს უთხრის მისდამი საზოგადოების ნდობას.  იმავდროულად, საქმის განხილვისა და გადაწყვეტის ვადა უნდა იძლეოდეს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის ობიექტურ შესაძლებლობას. ამიტომ სამართალწარმოების ხანგრძლივობის გონივრულობა უნდა შეფასდეს საქმის კონკრეტული გარემოებების საფუძველზე.“
ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/2/577, 24 დეკემბერი, 2014

„საქმის სირთულის შეფასებისას საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტორი უნდა იქნეს გათვალისწინებული და შეფასებული. საქმის სირთულე შესაძლებელია უკავშირდებოდეს როგორც საქმის სამართლებრივ საკითხებს, ასევე ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის აუცილებლობას, პროცესზე ექსპერტის, სპეციალისტის ან/და მოწმის მოწვევის საჭიროებას, მათ რაოდენობას, მათ მიერ დასკვნის მომზადებისათვის საჭირო დროის ხანგრძლივობას, გასაჩივრებული აქტების სიმრავლეს ან/და მათ გასაჩივრებას საქართველოს კონსტიტუციის რიგ დებულებებთან მიმართებით და სხვა.“
ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/2/577, 24 დეკემბერი, 2014

„იმ შემთხვევაში, თუ საქმის განხილვის ვადა იქნება არაგონივრულად ხანგრძლივი, უფლების დაცვა გაჭიანურდება და დაკარგავს ეფექტიანობას. არაგონივრულად ხანმოკლე ვადის პირობებში კი  მხარეებს და სასამართლოს  შესაბამისად  ერთმევათ შესაძლებლობა, წარმოადგინონ სასამართლოში საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები,  სრულყოფილად გამოიკვლიონ საქმის გარემოებები და განახორციელონ საჭირო საპროცესო მოქმედებები, რაც უარყოფითად აისახება საქმის განხილვის ხარისხზე, საფრთხეს უქმნის იმ კონსტიტუციური უფლებების და თავისუფლებების დაცვას, რომელთა დასაცავად პირი მიმართავს სასამართლოს, აჩენს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღების  და, შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლების ხელყოფის საფრთხეს.“
ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/2/577, 24 დეკემბერი, 2014

„სამართლიანი სასამართლოს უფლების შემადგენელი ნაწილია ასევე უფლება დასაბუთებულ გადაწყვეტილებაზე. სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტიანობა და მისი სწორად აღქმა მხარეებისა და საზოგადოების მხრიდან მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობის ხარისხზე. დაუსაბუთებელმა, გაურკვეველმა და ზოგადმა ფორმულირებებმა შესაძლოა მხარეებს შეუქმნას შთაბეჭდილება, რომ მართლმსაჯულება იყო თვითნებური და  მას აკლდა გამჭვირვალობა. სასამართლომ საკმარისი სიცხადით უნდა წარმოადგინოს დასაბუთება, რომელსაც ეფუძნება მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. სასამართლოს ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს სადავო აქტის მოქმედების ცალკეული ასპექტები და ნორმის მოქმედების ყველა სეგმენტი კომპლექსურად უნდა იქნეს  შეფასებული.   სასამართლოს გადაწყვეტილებიდან  ცხადი უნდა იყოს, რომ საქმის ყველა არსებით საკითხს გაეცა პასუხი.“
ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/2/577, 24 დეკემბერი, 2014

„გადაწყვეტილების დასაბუთების მოთხოვნა მოსამართლეებს ავალდებულებს თავიანთი მსჯელობა დააფუძნონ ობიექტურ არგუმენტებზე. იმავდროულად, დასაბუთების ვალდებულების ხარისხი იცვლება სასამართლოს მიერ მიღებული აქტის ხასიათის და სამართალწარმოების ბუნების  მიხედვით. შესაბამისად, განსაკუთრებით მაღალია დასაბუთებულობის სტანდარტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან მიმართებით, რომელიც, ერთი  მხრივ, საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას, ხოლო,  მეორე მხრივ, როგორც წესი,  მიმართულია პირთა განუსაზღვრელი წრისადმი და, ხშირ შემთხვევაში,  ითვალისწინებს სამართლებრივი ურთიერთობის პრაქტიკულად ახლებური მოწესრიგების სტანდარტების შეთავაზებას ან სადავო აქტის  კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისი ინტერპრეტირების  კრიტერიუმების იდენტიფიცირებას.“
ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/2/577, 24 დეკემბერი, 2014

„სწრაფი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლების შეზღუდვის ხარჯზე გაუმართლებელია.“
ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/2/577, 24 დეკემბერი, 2014

„სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული უფლებაა. მისი უფლებრივი კომპონენტები იმ მოცულობით უნდა გამოიყენებოდეს, რაც ობიექტურად აუცილებელია კონკრეტული უფლების დაცვისათვის, როდესაც ამას ობიექტურად შეუძლია გავლენის მოხდენა სასამართლო დაცვის ეფექტიანობაზე.“
ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/2/577, 24 დეკემბერი, 2014

„საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული კომპეტენციების ფარგლებში განმარტავს კონსტიტუციას და უზრუნველყოფს კონსტიტუციის უზენაესობისა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი მოიცავს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას და ქმნის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კონსტიტუციურ-სამართლებრივ გარანტიას.“
ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/2/577, 24 დეკემბერი, 2014

„გარკვეულ შემთხვევაში  საქმის განხილვის შემჭიდროვებული ვადების არსებობა, შეზღუდვების დაწესება და სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის პროცესში გარკვეული წესრიგის შეტანა აუცილებელია. საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს კანონმდებლის უფლებამოსილებას,  დაადგინოს ცალკეული საპროცესო მოქმედებების განხორციელების ვადები. თუმცა ნებისმიერი შეზღუდვა  უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო მიზნის მიღწევის თანაზომიერ საშუალებას.  არცერთი საპროცესო ვადა არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს მართლმსაჯულებისა და კონსტიტუციური კონტროლის განხორციელებას. ნებისმიერ შემთხვევაში ვადა უნდა იყოს გონივრული და აკმაყოფილებდეს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს.“
ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/2/577, 24 დეკემბერი, 2014

„ნორმატიული აქტებით დადგენილი ქცევის ზოგადსავალდებულო წესები ემსახურება საზოგადოებრივი ცხოვრების შესაბამისი სფეროების მოწესრიგებას და კონკრეტული ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, კერძო და საჯარო ინტერესების დაცვას. რიგ შემთხვევებში სადავო ნორმატიული აქტის მოქმედების შეჩერებამ შესაძლებელია შეზღუდოს როგორც კერძო, ისე  საჯარო ინტერესები და დააზიანოს ის ღირებულება, რის დასაცავადაც არის მიღებული ეს აქტი, საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ  ნორმატიული აქტების მოქმედების შეჩერებით გამოწვეული  ნეგატიური ეფექტების ხანგრძლივი ვადით გაგრძელების თავიდან აცილება ემსახურება მნიშვნელოვანი კერძო და საჯარო ინტერესების დაცვას და წარმოადგენს იმ ლეგიტიმურ მიზანს, რომლის მისაღწევადაც დასაშვებია კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული უფლების შეზღუდვა.“
ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/2/577, 24 დეკემბერი, 2014

„სადავო აქტის მოქმედების შეჩერებით გამოწვეული ნეგატიური შედეგები, რიგ შემთხვევებში,  არ უკავშირდება ნორმის მოქმედების შეჩერების ხანგრძლივობას. თუ  ნეგატიური შედეგები უკავშირდება ნორმატიული აქტის მოქმედების შეჩერების ფაქტს და არა მის ხანგრძლივობას, იკარგება ლოგიკური კავშირი სადავო რეგულაციასა და დასაცავ ინტერესებს შორის. ასეთ შემთხვევებში საეჭვოა სადავო ნორმის გამოსადეგობა.“
ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/2/577, 24 დეკემბერი, 2014

„საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ შესაძლებელი იყო უფრო ნაკლებად მზღუდველი მექანიზმის შემოღება, რომლითაც დაცული იქნებოდა სამართლიანი ბალანსი, ერთი მხრივ, მოსარჩელის სასამართლოსადმი მიმართვის უფლებასა და, მეორე მხრივ, დასახელებული კერძო და საჯარო ინტერესების დაცვას შორის. მათ შორის მაგალითად, როგორც საქმის არსებითი განხილვისას აღინიშნა,  სასამართლოს მიერ სადავო ნორმის არა ზოგადად,  არამედ მხოლოდ  მოსარჩელესთან   მიმართებით შეჩერების შესაძლებლობა.  ზოგიერთ შემთხვევაში, მაგალითად, როდესაც მაღალია ნორმის შეჩერებით გამოწვეული სავარაუდო ზიანის ალბათობა, ამგვარი მექანიზმი შესაძლებელია მართლაც წარმოადგენდეს პრობლემის გადაჭრის უფრო ზუსტ, უკეთესად  მორგებულ მექანიზმს, რომელიც ერთი მხრივ, დაიცავს მოსარჩელის ინტერესს, არ მოხდეს მისი უფლებების შეუქცევადი დარღვევა, ხოლო, მეორე მხრივ, ნორმის მოქმედების შეჩერება ნაკლებად გამოიწვევდა  საჯარო ინტერესების ან მესამე პირების უფლებების დარღვევის საფრთხეს. შესაბამისად, შემცირებული იქნებოდა სადავო ნორმის მოქმედებით გამოწვეული უარყოფითი ეფექტები.“
ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/2/577, 24 დეკემბერი, 2014

„საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის უფლებასაც მოიცავს,  უნდა იყოს არა ილუზორული, არამედ ქმნიდეს პირის უფლებებში ჯეროვნად აღდგენის რეალურ შესაძლებლობას და წარმოადგენდეს უფლების დაცვის ეფექტურ საშუალებას. მოსარჩელეს  უნდა ჰქონდეს მოლოდინი და რეალური შესაძლებლობა, დაიცვას საკუთარი უფლებები საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური უფლებამოსილებების ფარგლებში.“
ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/2/577, 24 დეკემბერი, 2014

„კონსტიტუციური მართლმსაჯულების  არსებული სისტემის თავისებურებების გათვალისწინებით, სადავო აქტის მოქმედების შეჩერების   მექანიზმი იცავს მოსარჩელეს უფლების აუცდენელი და შეუქცევადი  დარღვევისაგან და ხელს უწყობს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის ეფექტიანობას.“
ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/2/577, 24 დეკემბერი, 2014

„საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის უფლების რეალიზაციის პროცესში სადავო ნორმის შეჩერების მნიშვნელობის მიუხედავად  მისი მოქმედება შესაძლებელია შეიზღუდოს. თუმცა ნებისმიერი შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მიზნის მიღწევის თანაზომიერად.“
ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/2/577, 24 დეკემბერი, 2014

„საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი შეიძლება იყოს ნორმატიული აქტები, რომლებიც აწესრიგებს მრავალფეროვან ურთიერთობებს და ემსახურება განსხვავებული მნიშვნელობის მქონე კერძო და საჯარო ინტერესების დაცვას. ამასთანავე,  როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა მიუთითებს, არსებობს შემთხვევები, როდესაც არ იკვეთება ის ლეგიტიმური მიზანი, რომლის მიღწევასაც შეიძლება ემსახურებოდეს ამ სადავო  აქტის არსებობა, ან არ დასტურდება სადავო აქტის შემხებლობა მესამე პირების უფლებებთან. ასეთ პირობებში სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება იმის მიუხედავად, თუ რა ვადით განხორციელდება ის, შესაძლოა, არ აჩენდეს კერძო და საჯარო ინტერესების დაზიანების საფრთხეს.“
ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/2/577, 24 დეკემბერი, 2014

„კანონმდებელს გააჩნია ფართო მიხედულება, საპროცესო წესრიგს დაუქვემდებაროს სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაცია, თუმცა ამ პროცესში უფლებაშემზღუდველი ღონისძიებები აუცილებლობის პროპორციულად  უნდა იქნეს გამოყენებული. კანონმდებელი ვალდებულია, საჭიროებებზე მორგებული, მოქნილი მექანიზმების შემოღებით უზრუნველყოს, ერთი მხრივ, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა და მეორე მხრივ, მომეტებულად არ შეზღუდოს უფლება.“
ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/2/577, 24 დეკემბერი, 2014

„საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით განმტკიცებულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. სამართლიანი სასამართლოს უფლების სრულყოფილ რეალიზაციას ფუძემდებლური მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის.“
საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 546-ე მუხლის და ამავე კოდექსის 518-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე, №3/3/601, 24 დეკემბერი, 2014

„სამართლიანი სასამართლოს უფლების მნიშვნელოვანი უფლებრივი კომპონენტია სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა. სასამართლოსადმი მიმართვა არ იქნება სრულყოფილი უფლებადაცვითი საშუალება, თუ პირი არ იქნება აღჭურვილი სასამართლოს გადაწყვეტილების გადასინჯვის შესაძლებლობით.“
საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 546-ე მუხლის და ამავე კოდექსის 518-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე, №3/3/601, 24 დეკემბერი, 2014

„საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება ასრულებს პრევენციულ ფუნქციას და, ერთი მხრივ, წარმოადგენს უფლების დაცვის ეფექტურ მექანიზმს და  უზრუნველყოფს შესაძლო შეცდომების თავიდან აცილებას, ხოლო, მეორე მხრივ, ქმნის დაშვებული შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობას. ამასთანავე, გასაჩივრების უფლების სრულყოფილი რეალიზაცია ხელს უწყობს ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას და მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.“
საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 546-ე მუხლის და ამავე კოდექსის 518-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე, №3/3/601, 24 დეკემბერი, 2014

„საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ქმნის სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციურ-სამართლებრივ გარანტიას და მოიაზრებს ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს უფლებებისა და კანონიერი ინტერესების სასამართლო წესით სრულყოფილი და ეფექტური დაცვის შესაძლებლობას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებული უფლების სასამართლო წესით დაცვის სისტემა მოიცავს კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლო ინსტიტუციებისადმი ხელმისაწვდომობის უფლებას. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოადგენს კონსტიტუციით გათვალისწინებულ უმნიშვნელოვანეს სასამართლო ინსტიტუციას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადგილი სასამართლო ხელისუფლებაში თავად კონსტიტუციითვეა განსაზღვრული. საქართველოს კონსტიტუციის 90-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლო არის საკასაციო სასამართლო. უზენაეს სასამართლოსადმი, როგორც კონსტიტუციით გათვალისწინებული საკასაციო სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლებას იცავს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი.  შესაძლებელია, საკასაციო სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას სპეციფიკური კონსტიტუციურ-სამართლებრივი სტანდარტები ჰქონდეს, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლო განსახილველ საქმეზე არ დგას უზენაესი სასამართლოსადმი მიმართვის უფლების ფარგლების ამომწურავი განმარტების საჭიროების წინაშე.“
საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 546-ე მუხლის და ამავე კოდექსის 518-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე, №3/3/601, 24 დეკემბერი, 2014

„სამართალდარღვევაზე რეაგირებასა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებული ურთიერთობების ფარგლებში არსებული უფლების დარღვევის საფრთხეების პრევენციის მიზნით, აუცილებელია, არსებობდეს უფლების დაცვის ეფექტიანი სისტემა. როგორც აღინიშნა, პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პროცესში უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება სამართლიანი სასამართლოს უფლებითა და საპროცესო გარანტიებით სრულყოფილ სარგებლობას. პასუხისმგებლობის დაკისრებისას ინდივიდი არ უნდა წარმოადგენდეს სამართალწარმოების ობიექტს და უნდა აღიჭურვოს დაცვის იმ მექანიზმებით, რასაც სამართლიანი სასამართლოს უფლება მოითხოვს.“
საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 546-ე მუხლის და ამავე კოდექსის 518-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე, №3/3/601, 24 დეკემბერი, 2014

„სასამართლოს მიერ ამ პროცესში მიღებული გადაწყვეტილებები პოტენციურად ზღუდავს პირის უფლებას. მართლმსაჯულების განხორციელებისას ვერ გამოირიცხება უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღების საფრთხეები. სწორედ ამ საფრთხის თავიდან აცილებას ემსახურება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება. ნორმა, რომელიც ზღუდავს იმ გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას, რომელიც შეიცავს პირის უფლების შესაძლო დარღვევის რისკებს, წარმოადგენს ჩარევას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებაში.“
საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 546-ე მუხლის და ამავე კოდექსის 518-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე, №3/3/601, 24 დეკემბერი, 2014

„პირისათვის სამართლიანი სასამართლოს უფლების გარანტიებით აღჭურვა ემსახურება უფლებების ადეკვატური, ეფექტიანი და საკმარისი საპროცესო მექანიზმებით უზრუნველყოფას. არცერთი საპროცესო მექანიზმი არ უნდა იქნეს განხილული, როგორც თვითმიზანი. ნებისმიერი გარანტია ემსახურება უფლების დარღვევის საფრთხის აღკვეთასა და უფლებებში აღდგენას. მაშასადამე, არც გადაწყვეტილების გასაჩივრება წარმოადგენს თვითმიზანს. იგი ემსახურება პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ადეკვატურ დაცვას გადაწყვეტილების ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში გასაჩივრების გზით. ამავდროულად, განაჩენის გასაჩივრება არ წარმოადგენს უფლების დაცვის ერთადერთ და შეუცვლელ საშუალებას. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობა ითვალისწინებს უფლების დაცვის საკმარის ალტერნატიულ სასამართლო მექანიზმებს, რომლებიც ადეკვატურად და სრულყოფილად იცავს პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობის შეზღუდვა, შესაძლებელია არც იქნეს განხილული, როგორც ჩარევა სამართლიანი სასამართლოს უფლებაში.“
საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 546-ე მუხლის და ამავე კოდექსის 518-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე, №3/3/601, 24 დეკემბერი, 2014

„გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებაც არ არის აბსოლუტური და დასაშვებია შეიზღუდოს ლეგიტიმური საჯარო მიზნების მისაღწევად მიზნის თანაზომიერი საშუალებების გამოყენებით.“
საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 546-ე მუხლის და ამავე კოდექსის 518-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე, №3/3/601, 24 დეკემბერი, 2014

„მოცემულ შემთხვევაში დადგინდა, რომ გამართლებულ პირებს შესაძლოა ჰქონდეთ გამამართლებელი განაჩენის გასაჩივრების კანონიერი ინტერესი. როგორც უკვე აღინიშნა, განაჩენის გასაჩივრების უფლების სრულყოფილ რეალიზაციას გამართლებული პირებისათვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს იმ შემთხვევაში, როდესაც გამამართლებელი განაჩენით იზღუდება მათი უფლებები და კანონიერი ინტერესები. განაჩენის გასაჩივრების უფლების გარეშე არსებობს რისკი, რომ პირები დარჩნენ უფლების დაცვის სამართლებრივი მექანიზმის გარეშე, რაც არა მხოლოდ სამართლიანი სასამართლოს უფლებას უქმნის საფრთხეს, არამედ – იმ უფლებათა და თავისუფლებათა ფართო სპექტრს, რომელთა დასაცავადაც პირი მიმართავს სასამართლოს და რომელთა შეზღუდვასაც შესაძლოა გამამართლებელი განაჩენი იწვევდეს.“
საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 546-ე მუხლის და ამავე კოდექსის 518-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე, №3/3/601, 24 დეკემბერი, 2014

„გამამართლებელი განაჩენის გასაჩივრება შესაძლებლობის შეზღუდვა იმ შემთხვევაში, როდესაც ამავე განაჩენით იზღუდება პირის სხვა უფლებები ან კანონიერი ინტერესები, წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს უფლებაში ინტენსიურ ჩარევას და  ხელს უშლის ამ უფლებით სრულყოფილად სარგებლობასა და უფლებებისა და თავისუფლებების ეფექტიანად დაცვას. შესაბამისად, ამ შემთხვევაში მხოლოდ პროცესის ეკონომიურობა ვერ გამოდგება უფლების ამგვარი შეზღუდვის საპირწონედ.“
საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 546-ე მუხლის და ამავე კოდექსის 518-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე, №3/3/601, 24 დეკემბერი, 2014

„უფლება სამართლიან სასამართლოზე არ არის აბსოლუტური და სამართლიანი სასამართლოს უფლება შეიძლება შეიზღუდოს, მათ შორის, საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის გზითაც. იმავდროულად, სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ უფლება ზეპირ სასამართლო განხილვაზე არ მიეკუთვნება აბსოლუტურ უფლებათა კატეგორიას და შესაძლებელია შეიზღუდოს ლეგიტიმური საჯარო ინტერესით, თუ დაცულია თანაზომიერების მოთხოვნა და არ ხდება უფლებაში გადამეტებელი ან/და გაუმართლებელი ჩარევა; შეზღუდვა წარმოადგენს მიზნის მიღწევის აუცილებელ და ვარგის საშუალებას.“
საქართველოს მოქალაქეები თეიმურაზ ჯანაშია და გიული ალასანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/1/631, 18 აპრილი, 2016

„სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვის თანაზომიერების პრინციპით შეფასებისთვის აუცილებელია შუამდგომლობის განხილვის წესის ანალიზი. კერძოდ, უნდა გაირკვეს შუამდგომლობის დამყენებელი მხარის მონაწილეობით განხილვის არსი. ევროკავშირის დირექტივა 2014/42/EU „ევროპის კავშირში დანაშაულის საშუალების და დანაშაულის შედეგად ქონების დაყადაღების და კონფისკაციის შესახებ“ ყურადღებას ამახვილებს ქონების მესაკუთრეთათვის სასამართლოს წინაშე წარდგენის უფლების მინიჭებაზე მათი ქონებრივი ინტერესების სასამართლო დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, მაგრამ აღნიშნულ შესაძლებლობას უკავშირებს ქონებაზე ყადაღის დადების გადაწყვეტილების აღსრულებას. კერძოდ, ადგენს, რომ ქონებაზე ყადაღის შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე უნდა ეცნობოს დაზარალებულ მესაკუთრეს [და იმ მესამე პირებს, რომლებიც მიუთითებენ, რომ არიან ქონების მესაკუთრეები, ან გააჩნიათ ქონებაზე საკუთრების სხვაგვარი უფლება] „გადაწყვეტილების აღსრულებიდან მაქსიმალურად მოკლე დროში. მიუხედავად ამისა, კომპეტენტურმა ორგანოებმა შესაძლოა, გადადონ დაზარალებული პირის ინფორმირება, გამოძიების საჭიროებებიდან გამომდინარე“
საქართველოს მოქალაქეები თეიმურაზ ჯანაშია და გიული ალასანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/1/631, 18 აპრილი, 2016

„სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული უფლებაა, იგი ქმნის მექანიზმს სხვა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების სასამართლოს მეშვეობით დასაცავად. შესაბამისად,  სასამართლოსათვის მიმართვა, ისევე როგორც ზეპირი მოსმენის ჩატარება, არ არის თვითმიზანი, მისი საჭიროება არსებობს მაშინ, როდესაც ზეპირი მოსმენის ჩატარება ობიექტურად აუცილებელია საქმის სრულყოფილი გამოკვლევისათვის და საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად.
„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/5/675,681,  30 სექტემბერი, 2016

„საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა ამარტივებს სამართალწარმოების პროცედურას და ხელს უწყობს სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. თუმცა აღნიშნული ლეგიტიმური მიზნის მიღწევისას საქმეში ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის ადეკვატურობა ეჭვქვეშ დგება მაშინ, როდესაც იგი შეიცავს ფაქტების არასწრულფასოვნად დადგენის და შესაბამსიდ საქმის არასრულყოფილი გამოკვლევის შედეგად გადაწყვეტილების მიღების რისკებს.“
„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/5/675,681,  30 სექტემბერი, 2016

„საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით განმტკიცებულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. სამართლიანი სასამართლოს უფლება ორგანულ კავშირშია კონსტიტუციით განსაზღვრული სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან და ამ უფლების სრულყოფილ რეალიზაციას ფუძემდებლური მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება არ შემოიფარგლება მხოლოდ სასამართლოსადმი მიმართვის, სასამართლოს პროცესის სრულყოფილად და კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისი პროცედურებით წარმართვის ან/და ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების უფლებით. იმისთვის, რომ პირმა სრულყოფილად ისარგებლოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული სამართლიანი სასამართლოს უფლებით, სახელმწიფო ვალდებულია, შეიმუშაოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შესაბამისი პროცედურები/რეგულაციები, რომლებიც თანაბრად დაიცავს აღსრულების პროცესში მონაწილე ყველა მხარის უფლებებს ან/და კანონიერ ინტერესებს.
საქართველოს მოქალაქე ნათია ყიფშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. №1/2/596, 30 სექტემბერი, 2016

„სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტური აღსრულების შესაძლებლობა, სამართლიანი სასამართლოს უფლების მნიშვნელოვანი უფლებრივი კომპონენტია. სასამართლოსადმი მიმართვა არ იქნება სრულყოფილი უფლებადაცვითი საშუალება, თუ პირს არ ექნება სათანადო საკანონმდებლო გარანტიები, რომ მის სასარგებლოდ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება  დროულად და ჯეროვნად აღსრულდება.“
საქართველოს მოქალაქე ნათია ყიფშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. №1/2/596, 30 სექტემბერი, 2016

„ნებისმიერი ნორმა, რომელიც ზღუდავს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დროულად და ეფექტურად აღსრულების შესაძლებლობას, წარმოადგენს ჩარევას საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებაში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, უდავოა, რომ გასაჩივრებული ნორმები იწვევს ჩარევას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სამართლიანი სასამართლოს უფლებაში და ექვემდებარება კონსტიტუციურ-სამართლებრივ შემოწმებას.“
საქართველოს მოქალაქე ნათია ყიფშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. №1/2/596, 30 სექტემბერი, 2016

„სამართლიანი სასამართლოს უფლება შესაძლოა შეიზღუდოს დემოკრატიულ სახელმწიფოში აუცილებელი და კონსტიტუციით  გათვალისწინებული ლეგიტიმური საჯარო მიზნების მისაღწევად. ამასთანავე, აღნიშნულ უფლებაში ჩარევა უნდა განხორციელდეს კანონის ნათლად ფორმულირებული წესის საფუძველზე, დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევისთვის აუცილებელი და პროპორციული/თანაზომიერი საშუალებით.“
საქართველოს მოქალაქე ნათია ყიფშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. №1/2/596, 30 სექტემბერი, 2016

„საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სასამართლოს გადაწყვეტილების დროული, ეფექტური და ჯეროვანი აღსრულება. ამასთანავე, აღნიშნული მოთხოვნა ვერ იქნება აბსოლუტური ხასიათის. საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, რომ, რიგ შემთხვევებში, შესაძლოა, აუცილებელი გახდეს აღსრულების როგორც შეწყვეტა, ასევე შეჩერება ან/და გაუქმება. ისევე როგორც გარკვეულ შემთხვევებში შესაძლებელია, აღსრულება პრაქტიკულად შეუძლებელიც კი გახდეს.“
საქართველოს მოქალაქე ნათია ყიფშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. №1/2/596, 30 სექტემბერი, 2016

„სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება სასამართლო კონტროლს უნდა ექვემდებარებოდეს და მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს,   თუმცა ეს არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ობიექტურ გარემოებათა არსებობისას, გამოსცეს დროებითი დასაბუთებული აქტი აღსრულების შეუძლებლობის და შეჩერების შესახებ და დაუყოვნებლივ მიმართოს სასამართლოს შეჩერების გადაწყვეტილების მოსაპოვებლად.“
საქართველოს მოქალაქე ნათია ყიფშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. №1/2/596, 30 სექტემბერი, 2016

„სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის და საქმეზე სპეციალისტად მოწვეული აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ კანონმდებლობით სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების უფლებამოსილების ადმინისტრაციული ორგანოსთვის გადაცემა თავისთავად ვერ იქნება კონსტიტუციის საწინააღმდეგო, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს უნდა იყოს დროებითი ხასიათის, მოიცავდეს მხოლოდ იმ გონივრულ დროს, რაც ობიექტურად საჭიროა დაუყოვნებლივ სასამართლოსადმი მიმართვისათვის. საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე უნდა მიიღოს თვით სასამართლომ.“
საქართველოს მოქალაქე ნათია ყიფშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. №1/2/596, 30 სექტემბერი, 2016

„ღირებული ლეგიტიმური საჯარო მიზნების არსებობა არ ათავისუფლებს კანონმდებელს ვალდებულებისგან, შეიმუშაოს აღსრულების შეჩერებასთან დაკავშირებული მკაფიო, განჭვრეტადი და არაორაზროვანი საკანონმდებლო რეგულაციები. ისევე როგორც სამართლიანი სასამართლოს უფლების ამ კომპონენტის შეზღუდვისას კანონმდებელმა უნდა გამოიყენოს უფლებაში ჩარევის ყველაზე ნაკლებად მზღუდავი და პროპორციული საშუალება.“
საქართველოს მოქალაქე ნათია ყიფშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. №1/2/596, 30 სექტემბერი, 2016

„სასამართლო იზიარებს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ განსაკუთრებული შემთხვევის (განსაკუთრებული ვითარების), როგორც აღსრულების შეჩერების წინა პირობის კანონმდებლობით ამომწურავად განსაზღვრა, შესაძლოა, შეუძლებელიც კი იყოს.“
საქართველოს მოქალაქე ნათია ყიფშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. №1/2/596, 30 სექტემბერი, 2016

„კანონმდებელი ვალდებულია, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების მაქსიმალურად განჭვრეტადი წესები დაადგინოს. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების განსაკუთრებულ შემთხვევად (განსაკუთრებულ ვითარებად) მიჩნევის შესახებ კანონმდებლის ნება კონსტიტუციური მოთხოვნის ადეკვატური იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი საკმარისად მკაფიოდ ჩამოაყალიბებს ზოგად კრიტერიუმებს და სახელმძღვანელო პრინციპებს, რის საფუძველზეც უნდა იმოქმედოს შესაბამისმა უფლებამოსილმა ორგანომ ან/და პირმა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას.“
საქართველოს მოქალაქე ნათია ყიფშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. №1/2/596, 30 სექტემბერი, 2016

„სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება მხოლოდ განსაკუთრებულ, არაორდინალურ შემთხვევებში უნდა მოხდეს, მაგალითად, როდესაც გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელია. შესაბამისად, აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებისას, ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ისევე როგორც სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებისას, უნდა ჰქონდეთ კანონმდებლობით განსაზღვრული მკაფიო, ნათელი და არაორაზროვანი კრიტერიუმები, რის საფუძველზეც მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება. თუ ობიექტურად არსებობს გადაუდებელი, მყისიერი რეაგირების აუცილებლობა, მაშინ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ შეიძლება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩეროს მხოლოდ იმ გონივრული ვადით, რაც ობიექტურად აუცილებელია დაუყოვნებლივ სასამართლოსადმი მიმართვისათვის სასამართლოს გადაწყვეტილების მოსაპოვებლად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო არ დაადგენს აღსრულების შეჩერების საჭიროებას, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება უნდა გაგრძელდეს. აღნიშნული წარმოადგენს კონსტიტუციით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებაში ჩარევის ნაკლებად მზღუდავ საშუალებას. ერთი მხრივ, კანონმდებელი ვალდებულია, მკაფიოდ გაწეროს იმ განსაკუთრებულ შემთხვევათა სახელმძღვანელო პრინციპები და კრიტერიუმები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება.  მეორე მხრივ, სადავო ნორმებით გათვალისწინებული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მხოლოდ სასამართლომ. ხოლო, გამონაკლის შემთხევაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ  სასამართლოს გადაწყვეტილების აღ სრულების დროებით შეჩერება სასამართლო კონტროლის განხორციელებას კი არ გამორიცხავს, არამედ დროში გადაანაცვლებს მხოლოდ იმ ვადით, რაც საჭირო იქნება დაუყოვნებლივ სასამართლოსადმი მიმართვისათვის და სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.“
საქართველოს მოქალაქე ნათია ყიფშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. №1/2/596, 30 სექტემბერი, 2016

„სასამართლოს, როგორც ნეიტრალური, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანოს ჩართულობა მნიშვნელოვნად შეამცირებს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან თვითნებურად მოქმედების და შეცდომის დაშვების რისკებს. მეორე მხრივ კი, აღნიშნული არ იქნება დაუძლეველი ტვირთი ადმინისტრაციული ორგანოსთვის, ვინაიდან პრაქტიკაში აღნიშნული კომპეტენცია იშვიათად გამოიყენება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, მას კვლავ დარჩება შესაძლებლობა მოახდინოს მყისიერი რეაგირება.“
საქართველოს მოქალაქე ნათია ყიფშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. №1/2/596, 30 სექტემბერი, 2016

„სამართლიანი სასამართლოს უფლება არის ინსტრუმენტული უფლება, უფლება უფლებისთვის – დარღვეული უფლებების დაცვის, აღდგენის ან/და უფლების დარღვევის თავიდან აცილების სამართლებრივი ბერკეტი. მაშასადამე, სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობისთვის აუცილებელი წინაპირობაა, არსებობდეს უფლება, სიკეთე, ინტერესი, რომლის სასამართლოს წესით დაცვის საჭიროების, აუცილებლობის წინაშეც პირი დგას.“
საქართველოს მოქალაქე ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/8/594, 30 სექტემბერი, 2016

„დანაშაული არის ერთი სუბიექტის მიერ მეორის წინააღმდეგ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება. შესაბამისად, თითოეულ დანაშაულს ჰყავს თავისი მსხვერპლი, რომელიც უშუალოდ ზიანდება/ზარალდება. სწორედ დაზარალებული არის პირი, რომელსაც დანაშულის შედეგად მიადგა ფიზიკური, მორალური თუ ქონებრივი ზიანი. ის საკუთარ თავზე განიცდის ამა თუ იმ დანაშაულის მავნე/უარყოფით შედეგებს – ზიანი ადგება მის ჯანმრთელობას, საკუთრებას, ღირსებას ან შესაძლოა მისი ოჯახის წევრი გახდა მკვლელობის მსხვერპლი და სხვა. მაშასადამე, დაზარალებული მთელი სიმწვავით განიცდის კონკრეტული დანაშაულის შედეგად ფიზიკურ, მორალურ, ფსიქოლოგიურ სტრესს, განსაცდელს, ტკივილს ან/და მატერიალურ დანაკარგს. შესაბამისად, პირველ რიგში, სწორედ დარღვეული უფლებების (სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ღირსების, საკუთრების და სხვა უფლებების) აღდგენის, დაცვის, ზიანის ანაზღაურების ინტერესი აქცევს დაზარალებულს სამართლიანი სასამართლოს უფლების სუბიექტად.“
საქართველოს მოქალაქე ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/8/594, 30 სექტემბერი, 2016

„დანაშაულმა მსხვერპლში შესაძლოა დაუცველობის, საზოგადოებისაგან იზოლაციის, შიშისა და აგრესიის შეგრძნება აღძრას. ამიტომ, ბუნებრივია, დაზარალებულს სჭირდება ამ განცდების დასაძლევად თავის დაცვა და ამ პროცესში სახელმწიფოს დახმარება. მას არ უნდა გაუჩნდეს შეგრძნება, რომ მისი პრობლემა დარჩება რეაგირების გარეშე, ესა თუ ის უფლება/ინტერესი შეუქცევადად დარღვეული იქნება, ამასთან, სახელმწიფომ დაზარალებულს თავიდან უნდა ააცილოს შიში, რომ სამომავლოდაც ის შეიძლება დადგეს იგივე/ახალი პრობლემის პირისპირ.  ყველა ადამიანს სჭირდება განცდა, იმედი და გარანტია, რომ სახელმწიფო არის ეფექტური და ქმედითი მისი უფლებების დარღვევის თავიდან ასაცილებლად,  მისი კანონიერი ინტერესების დასაცავად. ამიტომ ნებისმიერი დაზარალებულის ინტერესია, მოითხოვოს სახელმწიფოსგან მის მიმართ ჩადენილი დანაშაულის გახსნა, ამ მიზნისთვის ეფექტური გამოძიება, დანაშაულის სწორი კვალიფიკაცია, დამნაშავე პირის უტყუარად იდენტიფიცირება და კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება. ამასთან, არ შეიძლება იმ ფაქტის უგულებელყოფა, რომ დაზარალებული არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სისხლისსმართლებრივი პროცედურების დაწყებისა და მას ობიექტურად აქვს ყველაზე დიდი ინტერესი მართლმსაჯულების შედეგების მიმართ.“
საქართველოს მოქალაქე ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/8/594, 30 სექტემბერი, 2016

„დაზარალებულის ინტერესია, მის მიმართ ჩადენილი სავარაუდო დანაშაული იქნეს გამოძიებული, რეალური დამნაშავე  იდენტიფიცირებული, დანაშაული სწორად დაკვალიფიცირებული და, საბოლოოდ, საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილება იქნეს მიღებული. ეს, ერთი მხრივ, ხელს უწყობს კონკრეტული დანაშულის შედეგად მიყენებული ზიანის ეფექტურ, ადეკვატურ ანაზღაურებას, ხოლო, მეორე მხრივ, სამართლიანობის განცდის დაკმაყოფილებას იმ გაგებით, რომ მის მიმართ ჩადენილი დანაშული არ დარჩება რეაგირების გარეშე, რომ სახელმწიფო არ არის გულგრილი და ინდიფერენტული მისი პრობლემის მიმართ და რომ სწორედ სახელმწიფო წარმოადგენს გარანტიას მისი ინტერესების დაცვისთვის და უფლებების დარღვევის პრევენციისთვის. ადამიანს არ უნდა დარჩეს დაუცველობის განცდა ან შეგრძნება, რომ სახელმწიფო არ არის მონდომებული, მოტივირებული და ეფექტური ადამიანის უფლებების დაცვისა და უფლებების დარღვევის თავიდან აცილების უმთავრესი ფუნქციის შესრულებისას. ამ თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომაც: მიუხედავად მწყობრი, თანმიმდევრული პრაქტიკისა, იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-6 მუხლით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება სისხლის სამართლის ნაწილში ორიენტირებულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის ინტერესთა დაცვაზე, სასამართლოს წინაშე ასევე მკაფიოდ დადგა საკითხი კონვენციის მე-6 მუხლის დაზარალებულზე გავრცელების შესახებ. ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლო პროცესი უნდა იყოს სამართლიანი არა მარტო ბრალდებულის მდგომარეობის მიმართ, არამედ მოწმეებისა და დაზარალებულის მიმართაც. საქმეში Doorson v The Netherlands  სასამართლომ აღნიშნა: „მართალია, ზოგადი მიდგომის შესაბამისად, კონვენციის მე-6 მუხლი არ მოიცავს მოწმეთა და დაზარალებულთა ინტერესების გათვალისწინებას, თუმცა შესაძლოა, მათი სიცოცხლე, თავისუფლება და უსაფრთხოებაც კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდეს. შესაბამისად, მსგავს შემთხვევაში სამართლიანი სასამართლოს პრინციპის მოთხოვნაა, რომ დაბალანსდეს, ერთი მხრივ, დაცვის მხარისა და, მეორე მხრივ, მოწმეთა და დაზარალებულთა ინტერესები.“ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება დაზარალებულთა მიმართ სასამართლომ ამოიკითხა აგრეთვე კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებში. დაზარალებულის ინდივიდუალური უფლება ეფექტურ გამოძიებაზე ასევე მოაზრებულია კონვენციის მე-13 მუხლში, რომელიც იცავს უფლებას კომპენსაციის მიღებაზე. საქმეში „Kaya v. Turkey“ (განაცხადი: 158/1996/777/978, 1998, პარ.107) სასამართლომ აღნიშნა, რომ სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, იგი გულისხმობს არა მხოლოდ კომპენსაციის მიღების შესაძლებლობას, არამედ უფლებას ეფექტურ გამოძიებაზე, რომელიც ასევე პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირებისა და დასჯის წინაპირობაა.“
საქართველოს მოქალაქე ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/8/594, 30 სექტემბერი, 2016

„სისხლის სამართლის პროცესში არის ორი მხარე – დაცვის (ბრალდებული, მსჯავრდებული) და ბრალდების მხარე. ამასთან, ბრალმდებელს, როგორც წესი, სახელმწიფო წარმოადგენს, რადგან სისხლის სამართლის დევნაზე მონოპოლიას სწორედ სახელმწიფო (საამისოდ შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები) ფლობს.“
საქართველოს მოქალაქე ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/8/594, 30 სექტემბერი, 2016

„სახელმწიფოს დამნაშავის პასუხისგებაში მიცემის ლეგიტიმური ინტერესი გააჩნია. დანაშაული გავლენას ახდენს როგორც ერთ ან რამდენიმე ინდივიდზე (დაზარალებულზე), ისე მთელს საზოგადოებაზე, რადგან კონკრეტული ადამიანის გარდა, ზიანს აყენებს ადამიანებს შორის შეთანხმებულ საზოგადო წესრიგს. შედეგად, დანაშაულით გამოწვეული ზიანი გამოიხატება ორი ფორმით – ზიანი, რომელიც მიადგება დაზარალებულს და ზიანი, რომელიც გამოიხატება საზოგადოების თითოეული წევრისთვის შიშის, დაუცველობის, უნდობლობის გრძნობის გაჩენაში.“
საქართველოს მოქალაქე ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/8/594, 30 სექტემბერი, 2016

„ზოგადად, სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის ფარგლებში, დაზარალებულის მიერ დასაცავი ინტერესი არის დარღვეული უფლების (სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ღირსების, საკუთრების) აღდგენა, ზიანის ანაზღაურება. სახელმწიფო ვალდებულია, როგორც მთლიანად საზოგადოების დაცულობისა და ჰარმონიული, მშვიდი განვითარებისთვის, ისე დაზარალებულის სამომავლო საფრთხეებისგან დაცვისთვის, იმავდროულად, დაუცველობის განცდის დასაძლევად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გამოიყენოს პასუხისმგებლობის ადეკვატური, პროპორციული და საკმარისი ზომები. მაგრამ, როგორც უკვე აღინიშნა, პასუხისმგებლობის დაკისრება კონკრეტული ქმედებისთვის, არის ექსკლუზიურად სახელმწიფოს ინსტრუმენტი, მის მიერ გამოყენებადი იძულების ღონისძიება. შესაბამისად, სულ მცირე, სასჯელის დაკისრება, თავისი ბუნებით, არ არის უფლება, რომელიც შეიძლება/უნდა დაკმაყოფილდეს ადამიანების მოთხოვნების, სურვილების შესაბამისად. სასჯელის სიმძიმე ყოველთვის ვერ იქნება დაზარალებულის გამოხატული ემოციის პროპორციული. სასჯელი უნდა იყოს რეალურად ჩადენილი ქმედების თანაზომიერი, დაფუძნებული როგორც ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებაზე, ისე დანაშაულის ყველა ინდივიდუალური გარემოების გათვალისწინებაზე. მეორე მხრივ, დაზარალებულის სურვილი არის რა დანაშაულამდელ მდგომარეობაში დაბრუნება, ცალკეულ შემთხვევაში, მას (დაზარალებულს) შესაძლოა სულაც არ უნდოდეს დამნაშავის დასჯა. შედეგად, ამა თუ იმ ზომის პასუხისმგებლობის დაკისრება შეიძლება, მათ შორის, სულაც არ პასუხობდეს დაზარალებულის ინტერესებს. ამიტომ დაზარალებულს/მსხვერპლს უნდა შეეძლოს, ხელი შეუწყოს საქმის სწორ გამოძიებას, თუმცა როგორი არის/უნდა იყოს კონკრეტულ დანაშაულზე საკმარისი და ადეკვატური პასუხი, ეს სახელმწიფოს ასაწევი ტვირთია, რომელიც მან უნდა გადაწყვიტოს როგორც შესაბამისი კანონით, ისე სამართლიანი გამოძიებითა და მართლმსაჯულებით.“
საქართველოს მოქალაქე ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/8/594, 30 სექტემბერი, 2016

„დაზარალებულს უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს კონტროლის ეფექტური და საკმარისი ბერკეტები, თუმცა ეს არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს დაზარალებულის უფლებას, სრულად ჩაანაცვლოს სახელმწიფო, თავად განახორციელოს საჯარო ფუნქციები. ბუნებრივია, თითოეული ადამიანის უფლებაა, მოითხოვოს ეფექტური გამოძიება და სამართლიანი  მართლმსაჯულება, ამასთან, ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი ბერკეტები ამ პროცესის ხელშეწყობისთვის და სახელმწიფოს ეფექტური კონტროლისთვის. მოცემულ შემთხვევაშიც, დაზარალებულ პირს უნდა ჰქონდეს გამოძიების  არაკვალიფიციურობის, დაუდევრობის, მიკერძოებულობის ან ნებისმიერი სხვა მიზეზით დაშვებული შეცდომებისა თუ ჩადენილი კანონდარღვევებისგან თავის დაცვის ეფექტური საკანონმდებლო გარანტიები, თუმცა  არა თავად სახელმწიფოს ჩანაცვლების კანონისმიერი შესაძლებლობა.“
საქართველოს მოქალაქე ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/8/594, 30 სექტემბერი, 2016

„მართალია, დაზარალებული არის სამართლიანი სასამართლოს უფლების სუბიექტი, თუმცა, იმავდროულად, ვინაიდან პირის სისხლის სამართლებრივი დევნის, დასჯის/უფრო მკაცრი სასჯელის დაკისრების მოთხოვნა (თავად ამ ფუნქციის საჯარო ხასიათიდან გამომდინარე) არ წარმოადგენს დაზარალებულის კონსტიტუციურ უფლებას, ბრალმდებლად მისი სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის მოთხოვნა, ასევე ვერ ჩაითვლება დაზარალებულის სამართლიანი სასამართლოს უფლების განუყოფელ ნაწილად. მართალია, საქართველოს კონსტიტუცია, ერთი მხრივ, არ კრძალავს დაზარალებულის/მსხვერპლის პროცესში მხარედ მონაწილეობის შესაძლებლობას, თუმცა, მეორე მხრივ, ამას (მხარისთვის დამახასიათებელი ყველა უფლება-მოვალეობით დაზარალებულის აღჭურვას) უფლების აუცილებელ შემადგენელ კომპონენტად არ მოიაზრებს.“
საქართველოს მოქალაქე ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/8/594, 30 სექტემბერი, 2016

„პირის სისხლისსამართლებრივი დევნა, მისი ბრალეულობის მტკიცება და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება სახელმწიფოს ექსკლუზიური უფლებაა. ასეთივეა საერთაშორისო მიდგომაც. სამართლიანი სასამართლოს უფლება, მართალია, დაზარალებულისთვის გულისხმობს უფლებაში ადეკვატურად აღდგენის მისაღწევად დამნაშავის გამოვლენას, დანაშაულის სწორ კვალიფიკაციას და კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას, თუმცა არა ბრალმდებლის პოზიციიდან. როგორც აღინიშნა, სახელმწიფო არ არის შეზღუდული, არჩევანი გააკეთოს ისეთ მოდელზე, რომელშიც დაზარალებული სახელმწიფოსთან ერთად მხარე იქნება პროცესში, თუმცა ეს არ არის კონსტიტუციური უფლების შემადგენელი. ამიტომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოსადმი მიმართვის უფლებით დაზარალებულის არაღჭურვა, ისევე როგორც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო დავის განახლების მოთხოვნაზე გარანტირებული უფლების არარსებობა, გამომდინარეობს დაზარალებულის მხარედ მონაწილეობის კონსტიტუციური უფლების არარსებობიდან, შესაბამისად, არსებითად ეფუძნება იგივე გამართლებას.“
საქართველოს მოქალაქე ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/8/594, 30 სექტემბერი, 2016

„სასამართლოს უპირველესი დანიშნულებაა მართლმსაჯულების განხორციელება და სადავო საკითხების სწორად გადაწყვეტა. ბუნებრივია, არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ საქმის ზეპირი, საჯარო განხილვა არის რა შესაძლებლობა პოზიციების დაპირისპირებისა, ერთმანეთის მოსაზრებების საკუთარი მოსაზრებებით უარყოფისა, ის საზოგადოებისთვის კონკრეტული საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმული პოზიციების ხელმისაწვდომობის შესაძლებლობაცაა. თუმცა სწორედ ასეთ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფს საზოგადოების მხრიდან მართლმსაჯულების ეფექტურ კონტროლს, ამასთან, შეჯიბრებითი და საჯარო პროცესი დაპირისპირებული მოსაზრებებისა და მტკიცებულებების შეჯერების საფუძველზე უზრუნველყოფს სწორი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. შედეგად, საქმის ზეპირი მოსმენა და შეჯიბრებითობა, როგორც სამართლიანი სასამართლოს უფლების უმნიშვნელოვანესი უფლებრივი კომპონენტი, წარმოადგენს ეფექტურ ინსტრუმენტს სწორი და სამართლიანი მართლმსაჯულების მიღწევისთვის/განხორციელებისთვის.“
საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/6/561,568, 30 სექტემბერი, 2016

„სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურობაზე მსჯელობისას აუცილებელია, მხედველობაში იქნეს მიღებული ამ უფლების ინსტრუმენტალური ბუნება. კერძოდ, ამ უფლებით სრულყოფილი სარგებლობა განაპირობებს სხვა ძირითადი უფლებების დაცვას.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს პირის უფლებას, მისი კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს.“
საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეები – ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეები – ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/5/768,769,790,792, 29 დეკემბერი, 2016

„საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, სასამართლოსადმი მიმართვის უფლების უმნიშვნელოვანესი ელემენტია ეფექტიანობა… ანალოგიურად, სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს საქმის გონივრულ ვადებში განხილვის გარანტიასაც…“
საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეები – ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეები – ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/5/768,769,790,792 , 29 დეკემბერი, 2016

„საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციის ამა თუ იმ დებულებას განმარტავს კონსტიტუციის საერთო სტრუქტურის გათვალისწინებით, სისტემურად და მხედველობაში იღებს სხვა კონსტიტუციური დებულებების შინაარსს. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის და მასთან დაკავშირებული საკითხების კონსტიტუციურობის შემოწმებისა და კონსტიტუციის 42-ე მუხლით დაცული უფლების განმარტებისას, აუცილებელია მხედველობაში იქნეს მიღებული კონსტიტუციის 88-ე მუხლის მე-2 პუნქტის შინაარსი.“
საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეები – ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეები – ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/5/768,769,790,792, 29 დეკემბერი, 2016

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული უფლების ფარგლების განმარტებისა და ამ პროცესში საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციის მარეგულირებელი კონსტიტუციური ნორმების გათვალისწინებისას აუცილებელია, მხედველობაში იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც კონსტიტუციური ინსტიტუტი, ემსახურება სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციას.“
საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეები – ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეები – ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/5/768,769,790,792, 29 დეკემბერი, 2016

„კონსტიტუციით აღიარებული სამართლიანი სასამართლოს უფლება არსებობს სწორედ კონსტიტუციით დამკვიდრებულ ინსტიტუციურ სისტემაში. კერძოდ, უფლება სამართლიან სასამართლოზე არ არის აბსტრაქტული და მოიაზრებს უფლების დაცვის შესაძლებლობას კონსტიტუციის ინსტიტუციური სისტემით განსაზღვრული სასამართლო ხელისუფლების ორგანოების მეშვეობით, კონსტიტუციაში მოცემული ინსტიტუციური მოთხოვნების გათვალისწინებით.“
საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეები – ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეები – ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/5/768,769,790,792 , 29 დეკემბერი, 2016

„კონსტიტუციური უფლების განმარტებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული კონსტიტუციით დადგენილი ინსტიტუციური სისტემის ფარგლები. მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, დაცული იქნეს სამართლიანი სასამართლოს უფლება და, მეორე მხრივ, არ მოხდეს კონსტიტუციით ჩამოყალიბებული ინსტიტუციური სისტემის ფარგლების დარღვევა. ამავე დროს, ამა თუ იმ ინსტიტუციის კომპეტენციის და მასთან დაკავშირებული საკითხების განმსაზღვრელი კონსტიტუციური ნორმა, თავისთავად ვერ იქნება სამართლიანი სასამართლოს უფლების საწინააღმდეგო და ვერ გამორიცხავს ამ უფლებით სარგებლობას.“
საქართველოს კონსტიტუციის 88-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა უფლებამოსილების ვადაა 10 წელი“. მოცემული კონსტიტუციური დებულება ექსპლიციტურად მიუთითებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად განწესებული პირი მხოლოდ 10 კალენდარული წლის განმავლობაშია აღჭურვული შესაძლებლობით, შეასრულოს მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება და მიიღოს მონაწილეობა საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაში. აღნიშნული კონსტიტუციური ჩანაწერი კანონმდებელს არ უტოვებს საკითხის სხვაგვარად მოწესრიგების დისკრეციას. მაგალითისთვის, საქართველოს კონსტიტუციის 90-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი არანაკლებ 10 წლის ვადით“. მოცემული დებულების მიხედვით კონსტიტუცია ადგენს პარლამენტის დისკრეციის მხოლოდ ქვედა ზღვარს – „არანაკლებ 10 წლის ვადით“. აღნიშნული ჩანაწერისგან განსხვავებით, კონსტიტუციის 88-ე მუხლის მე-2 პუნქტი პირდაპირ განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების 10-წლიან ვადას. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადაში შეზღუდვა ემსახურება საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობის განახლებისა და ცვალებადობის პროცესის უზრუნველყოფას. ზოგადად, საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობის განახლების მიზანია საკონსტიტუციო კონტროლის მეშვეობით სამართლის დინამიკური განვითარება. უფლებამოსილების 10-წლიანი ვადის ზედა ზღვრის დაწესება ჩარჩოში აქცევს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების დამნიშნავი ორგანოების პოლიტიკურ გავლენას საკონსტიტუციო სასამართლოს ფორმირების პროცესზე. აღნიშნული ვადის უგულებელყოფის შემთხვევაში გაუმართლებლად გაიზრდება რომელიმე, კონკრეტულ დროში არჩეული პრეზიდენტის, პარლამენტისა და უზენაესი სასამართლოს შემადგენლობის გავლენა საკონსტიტუციო სასამართლოს ფორმირებაზე. იმ შემთხვევაში, თუ, მაგალითად, პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი აირჩია 10 წელზე მეტი ვადით, გადაჭარბებულად გაიზრდება პარლამენტის კონკრეტული პოლიტიკური შემადგენლობის გავლენა ამ პროცესზე და დაირღვევა კონსტიტუციით დადგენილი ბალანსი. საქართველოს კონსტიტუციის 88-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ასევე წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების დაცვის ინსტიტუციურ გარანტიას. აუცილებელია, უზრუნველყოფილ იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიერ უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა 10-წლიანი ვადის ფარგლებში. აღნიშნული გარანტია კრძალავს პირის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ განწესებას უფრო ნაკლები ვადით, ამ ვადაში უფლებამოსილების განხორციელებისათვის ხელშეშლას და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას ლეგიტიმური საფუძვლის გარეშე.
ამავე დროს, უფლებამოსილების 10-წლიანი ვადის მკაცრი დაცვის შემთხვევაში, შესაძლოა, საფრთხე შეექმნას, ზოგადად, საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც კონსტიტუციური ინსტიტუტის გამართულ ფუნქციონირებას. კერძოდ, შესაძლებელია, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების 10-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მხრიდან, ვერ მოხერხდეს მისი დროული ჩანაცვლება. აღნიშნული პროცესის დაყოვნება ხშირად განპირობებულია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების თანამდებობაზე განწესების წესის სპეციფიკით. ამ პროცესში მონაწილე ორი ორგანო – საქართველოს პარლამენტი და საქართველოს უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას იღებენ კოლეგიურად, კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების კვორუმით და შესაძლოა, არსებობდეს შემთხვევები, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის კანდიდატზე შეთანხმებამ დიდი დრო მოითხოვოს და ვერ განხორციელდეს შესაბამის ვადებში.
ასეთ პირობებში არსებობს რისკი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი დროულად ვერ ჩანაცვლდეს და, მოსამართლეთა სათანადო რაოდენობის არარსებობის გამო, საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ განახორციელოს მასზე კონსტიტუციით დაკისრებული უფლებამოსილება და ვიდრე არ მოხდება შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების ჩანაცვლება, საფრთხე ექმნება სასამართლოს, როგორც კონსტიტუციური ინსტიტუტის არსებობას, რაც, თავის მხრივ, ეჭვქვეშ აყენებს პირის მიერ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული უფლებით სარგებლობას.“
საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეები – ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეები – ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/5/768,769,790,792 , 29 დეკემბერი, 2016

„საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციის მარეგლამენტირებელი კონსტიტუციური ნორმების შინაარსის განსაზღვრას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს და ძირითადი უფლებების დაცვა სწორედ კონსტიტუციით დადგენილ ინსტიტუტუციურ ჩარჩოში უნდა მოხდეს.“
საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეები – ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეები – ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/5/768,769,790,792 , 29 დეკემბერი, 2016

„საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციის განმსაზღვრელი კონსტიტუციური ნორმები არ უნდა იქნეს განხილული როგორც კონსტიტუციის უმთავრესი მიზნის – ადამიანის ძირითადი უფლებებით სარგებლობის გამომრიცხავი დებულებები.“
საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეები – ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეები – ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/5/768,769,790,792 , 29 დეკემბერი, 2016

„იმ შემთხვევაში, როდესაც ამოიწურება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა და არ ხდება სათანადო სახელმწიფო ორგანოების მიერ მისი ჩანაცვლება და საქმის განხილვის კვორუმის არარსებობის გამო ეს იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირების შეფერხებას, აუცილებელია, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს გაუგრძელდეს უფლებამოსილების ვადა მისი ჩამნაცვლებელი წევრის განწესებამდე. სხვაგვარად, ეჭვქვეშ დგება საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც კონსტიტუციური ინსტიტუტის არსებობა, ილუზორული გახდება საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის გზით უფლების დაცვის შესაძლებლობა და, შესაბამისად, დაირღვევა კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების მოთხოვნა. ამ მოთხოვნას ვერ გადაწონის კონსტიტუციის 88-ე მუხლის მე-2 პუნქტის ექსპლიციტური მითითება უფლებამოსილების 10-წლიან ვადასთან დაკავშირებით.
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის გაგრძელება მისი ჩამნაცვლებელი წევრის განწესებამდე არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 88-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების 10წლიანი ვადის ზედა ზღვრის დაწესების მიზნებს. კერძოდ, ამით არ იზრდება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დამნიშნავი კონკრეტული სუბიექტის (დროის კონკრეტულ მომენტში არჩეული პრეზიდენტი, პარლამენტი, უზენაესი სასამართლო) გავლენა საკონსტიტუციო სასამართლოს ფორმირების პროცესზე.
ამდენად, იმ შემთხვევაში, როდესაც არ ხდება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დროული ჩანაცვლება და ეს იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირების შეფერხებას, აღნიშნული წევრის უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა გაგრძელებულად უნდა ჩაითვალოს ჩამნაცვლებელი წევრის თანამდებობაზე განწესებამდე. ამ კონტექსტში საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირების შეფერხებად ჩაითვლება ისეთი ვითარება, როდესაც შესაბამისმა სახელმწიფო ორგანომ კანონით დადგენილ ვადაში არ აირჩია ახალი წევრი და, საქმის განხილვის სათანადო კვორუმის არარსებობის გამო, შეუძლებელია საკონსტიტუციო სამართალწარმოების განხორციელება. საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტიტუციური პარალიზების თავიდან არიდების მიზნით აუცილებელია, ასეთ შემთხვევებში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა გაგრძელდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრის თანამდებობაზე განწესებამდე. საწინააღმდეგოს დაშვების შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციის განმსაზღვრელი ნორმა საფრთხეს შეუქმნიდა საკონსტიტუციო სასამართლოს როგორც ეფექტური ინსტიტუტის არსებობას და იქნებოდა მისი უმთავრესი მიზნის – ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის საწინააღმდეგო.“
საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეები – ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეები – ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/5/768,769,790,792, 29 დეკემბერი, 2016

„საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესში არსებობს შემთხვევები, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უწყდება უფლებამოსილება საქმის არსებითი განხილვის დასრულების შემდგომ, საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე. საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრის დანიშვნამდე, საკონსტიტუციო სასამართლო შესაბამისი საქმის განხილვის სათანადო კვორუმის არსებობის შემთხვევაში, ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ფუნქციონირებას და საქმეთა განხილვა-გადაწყვეტას. იმ შემთხვევაში, როდესაც ახალი წევრის დანიშვნამდე კვორუმის არარსებობის გამო ფერხდება საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირება, როგორც აღინიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უგრძელდება უფლებამოსილების ვადა მის ჩანაცვლებამდე. შესაბამისად, ასეთი მიზეზით საქმეთა განხილვისა და გადაწყვეტის შეფერხება გამოირიცხა. ხოლო თუ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრი შემადგენლობას დაემატა საქმის არსებითად გადაწყვეტამდე, იგი ამ ეტაპიდან ჩაებმება საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესში.
ასეთ შემთხვევებში წამოიჭრება ახლადდანიშნული წევრის მიერ საქმის გაცნობისა და გადაწყვეტის საჭიროება. ამასთანავე, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, „თუ განმწესრიგებელი სხდომის ან/და საქმის არსებითი განხილვის მიმდინარეობისას რომელიმე მოსამართლე სხვა მოსამართლით შეიცვალა, ამ უკანასკნელის მოთხოვნის შემთხვევაში საქმის განხილვის იგივე ეტაპი თავიდან იწყება“. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრისათვის უფლებამოსილების ვადის 10წლიანი ვადის ამოწურვისთანავე უფლებამოსილების შეწყვეტა, შესაძლოა, გარკვეულ შემთხვევებში ობიექტურად იწვევდეს საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დაყოვნებას იმ ვადით, რა ვადითაც ეს აუცილებელი იქნება ახლად დანიშნული წევრის მიერ საქმის გაცნობისა და, საჭიროების შემთხვევაში, საქმის განხილვის თავიდან დაწყებისთვის.
როგორც აღინიშნა, კონსტიტუციის 88-ე მუხლის მე-2 პუნქტით ექსპლიციტურად არის დადგენილი საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების 10წლიანი ვადა. ამასთანავე, კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვის საკითხის შეფასებისას მნიშვნელოვანია კონსტიტუციის სხვა ნორმების, მათ შორის 88-ე მუხლის მე-2 პუნქტის ექსპლიციტური მოთხოვნის მხედველობაში მიღება. ხოლო ეს მოთხოვნა ვერ გამორიცხავს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული უფლების ძალით საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის გაგრძელებას იმ უკიდურეს შემთხვევაში, თუ ეს თავისთავად უფლების საწინააღმდეგოა და ილუზორულს ხდის სამართლიანი სასამართლოს უფლებას. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დაყოვნება საგამონაკლისო შემთხვევებში იმ გონივრული ვადით, რაც აუცილებელია ახლადდანიშნული მოსამართლისათვის საქმისათვის აუცილებელი გარემოებების დასადგენად, ვერ ჩაითვლება თავისთავად სამართლიანი სასამართლოს უფლების იდეის საწინააღმდეგოდ და საკონსტიტუციო სასამართლოს როგორც ინსტიტუტის არსებობის გამომრიცხავად.
ამასთანავე, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ასეთ შემთხვევებში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის გაგრძელება იქნებოდა საქართველოს კონსტიტუციის 88-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების 10-წლიანი ვადის მიზნების საწინააღმდეგო.
საკონსტიტუციო სამართალწარმოების სპეციფიკიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა და გადაწყვეტა ხშირად ობიექტურად ხანგრძლივ ვადებს მოითხოვს.
ასეთ პირობებში არსებობს შესაძლებლობა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი საქმის არსებითი განხილვის დასრულების ეტაპის შემდგომ, გადაწყვეტილების მიღებამდე სათათბირო ოთახში იმყოფებოდეს ხანგრძლივი ვადით. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის გახანგრძლივება ზღუდავს საკონსტიტუციო სასამართლოს ახლადდანიშნული წევრის/წევრების საქართველოს კონსტიტუციის 88-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გარანტიას, 10 წლის განმავლობაში შეუფერხებლად განახორციელონ უფლებამოსილება. ასეთ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს ახლადგანწესებულ, სრულუფლებიან წევრს ეზღუდება შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეთა განხილვა-გადაწყვეტაში, რომელშიც მონაწილეობს საკონსტიტუციო სასამართლოს ის წევრი, ვისაც უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდა.
ამდენად, მსგავს საგამონაკლისო შემთხვევებში სადავო ნორმით გამოწვეული საქმის გადაწყვეტის დაყოვნება ვერ გადაწონის კონსტიტუციის 88-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნას და არ უნდა იქნეს განხილული სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვად.“
საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეები – ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეები – ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/5/768,769,790,792, 29 დეკემბერი, 2016

„საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს ადამიანის უფლებას, საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს. ზემოთ მოყვანილი საკითხები წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს სპეციალურ კომპეტენციებს, რომლის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ სპეციალური სუბიექტების მიერ მიმართვის საფუძველზე. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს არ აქვთ უფლება, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ, მაგალითად, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის დადგენის მოთხოვნით. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ საქმეზე გასაჩივრებული არ არის ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ამ კომპეტენციის ფარგლებში დავის შეუძლებლობა.
მოქმედი კანონმდებლობისა და მოცემული სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით, აღნიშნული კომპეტენციების ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის მომწესრიგებელი ნორმები არ არღვევს პირის სამართლიანი სასამართლოს უფლებას, არ აწესრიგებს მის მიერ საკუთარი უფლებების დასაცავად სასამართლოსადმი მიმართვის საკითხებს და, შესაბამისად, არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს.“
საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეები – ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეები – ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/5/768,769,790,792, 29 დეკემბერი, 2016

„საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი იცავს პირის უფლებას, საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის გზით დაიცვას მისი უფლებები და თავისუფლებები. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ორგანული კანონით მოწესრიგებულ საკითხებს აქვს შემხებლობა ადამიანის უფლებებთან და თავისუფლებებთან. პირის უფლება, საკონსტიტუციო სასამართლოში მოითხოვოს ორგანული კანონის ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა, ასევე, მისი საქმის განხილვისას საერთო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური წარდგინების გაკეთების შემთხვევაში ორგანული კანონის კონსტიტუციურობის საკითხი შეაფასოს საკონსტიტუციო სასამართლომ, დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ორგანული კანონის კონსტიტუციურობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების წესი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია ორგანული კანონის კონსტიტუციურობის საკითხებზე მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება სულ ცოტა 7 წევრი. აღნიშნული ნორმა წარმოადგენს გამონაკლისს ამავე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ზოგადი წესიდან, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაუნარიანობისთვის მოითხოვება სულ მცირე 6 წევრის დასწრება.“
საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეები – ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეები – ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/5/768,769,790,792 , 29 დეკემბერი, 2016

„საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ არ განსაზღვრავს, რამდენი წევრის დასწრებაა აუცილებელი იმისათვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილი იყოს, მიიღოს გადაწყვეტილება. საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებისა და საქმიანობის ეს ასპექტი, კონსტიტუციის თანახმად, განისაზღვრება კანონმდებლობით. ამავე დროს, კანონმდებელი ამ საკითხის მოწესრიგებისას შებოჭილია კონსტიტუციური სტანდარტებით. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაუნარიანობისთვის დამსწრე წევრების მინიმალური რაოდენობის განსაზღვრა არ უნდა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევით.“
საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეები – ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეები – ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/5/768,769,790,792 , 29 დეკემბერი, 2016

„საქართველოს კონსტიტუციით პირდაპირ არ არის დადგენილი, თუ როგორი უმრავლესობით უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი უმრავლესობის საკითხის გადაწყვეტაც კანონმდებლობით უნდა მოხდეს, ცხადია, კონსტიტუციის მოთხოვნათა შესაბამისად. კანონმდებლის დისკრეცია, განსაზღვროს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიმღები უმრავლესობა, შებოჭილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებით.“
საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეები – ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეები – ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/5/768,769,790,792 , 29 დეკემბერი, 2016

„საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტით აღიარებული სამართლიანი სასამართლოს უფლება მოითხოვს, რომ სასამართლომ მიიღოს სწორი, ობიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილება. ამავე დროს, ძირითადი უფლებების შინაარსისა და ფარგლების განსაზღვრა ხდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით. ამდენად, აუცილებელია განისაზღვროს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების როგორი უმრავლესობით მიღება იქნება საკმარისი იმისთვის, რომ იგი ჩაითვალოს სასამართლოს გადაწყვეტილებად კონსტიტუციის მიზნებისათვის.“
საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეები – ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეები – ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/5/768,769,790,792, 29 დეკემბერი, 2016

„საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის უფლებასაც მოიცავს, უნდა იყოს არა ილუზორული, არამედ ქმნიდეს პირის უფლებაში ჯეროვნად აღდგენის რეალურ შესაძლებლობას და წარმოადგენდეს უფლების დაცვის ეფექტურ საშუალებას. მოსარჩელეს უნდა ჰქონდეს მოლოდინი და რეალური შესაძლებლობა, დაიცვას საკუთარი უფლებები საკონსტიტუციო სასამართლოში. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ეფექტური მართლმსაჯულების მიზნებიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს სადავო ნორმის მოქმედება, თუ ჩათვლის, რომ მისი მოქმედებით შესაძლოა მოსარჩელეს გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს. ნათელია, რომ სადავო ნორმით დადგენილი წესი ამცირებს ნორმის მოქმედების შეჩერების მექანიზმის ეფექტურობას და შეიცავს უფლების შეუქცევადი დარღვევის რისკებს, რაც, თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის ეფექტიანობას.“
საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეები – ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეები – ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/5/768,769,790,792, 29 დეკემბერი, 2016

“კანონმდებლის გადასაწყვეტია, როგორი მოდელით და კონფიგურაციით მოაწყობს სასამართლოს სტრუქტურას და საქმიანობას ისე, რომ იგი პასუხობდეს კონსტიტუციურ სტანდარტებს, მათ შორის, თავსებადი იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან. როგორც აღინიშნა, დროული, სწრაფი და ეფექტიანი საკონსტიტუციო კონტროლი არის კონსტიტუციის მოთხოვნა და 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მიხედვით, ორგანული კანონის კონსტიტუციურობის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის კომპეტენციას მიეკუთვნება. საკონსტიტუციო სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ პლენუმის მიერ ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის საკითხის განხილვა თავისთავად ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. მოცემულ შემთხვევაში საკანონმდებლო ორგანომ მიიჩნია, რომ ორგანული კანონის სტატუსის და მის მიერ მოსაწესრიგებელ საკითხთა წრის გათვალისწინებით, მართებულია, აღნიშნულ საკითხებზე დავა სრულად განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს არა კოლეგიამ, არამედ – პლენუმმა, რაც თავსებადია პარლამენტის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებთან, შეარჩიოს პლენუმის იურისდიქციას მიკუთვნებულ საკითხთა წრე.“
საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეები – ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეები – ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/5/768,769,790,792, 29 დეკემბერი, 2016

„საქმის განხილვის მომენტისათვის არსებული საქმეების რაოდენობისა და გადანაწილების გათვალისწინებით ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის განხილვა პლენუმის მიერ არ იწვევს სასამართლოს გაუმართლებელ გადატვირთვას და არ უქმნის საფრთხეს სასამართლოს ეფექტურ ფუნქციონირებას. ამდენად, არ დგას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების ეფექტური რეალიზაციის საფრთხე.“
საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეები – ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეები – ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/5/768,769,790,792 , 29 დეკემბერი, 2016

„სადავო ნორმის შეჩერების მექანიზმი გამოიყენება დაუყოვნებელი, მყისიერი საფრთხის თავიდან ასაცილებლად. შექმნილი სამართლებრივი რეალობიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო არ შეაჩერებს სადავო ნორმის მოქმედებას იმ შემთხვევაში, თუ გამოუსწორებელი შედეგის დადგომის საფრთხე მყისიერი არ არის და შესაძლოა არსებობდეს სამომავლოდ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სხვა პერიოდში, რადგან ასეთი შესაძლებლობა მას შემდეგ მაინც ექნება.
როგორც აღინიშნა, კოლეგიისა და პლენუმის განსჯადობის საკითხების განსაზღვრა პარლამენტის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს. კონსტიტუცია არ შეიცავს რეგულირებას, თუ როგორ უნდა მოხდეს ფუნქციების გადანაწილება ამ ორ სასამართლო ერთეულს შორის. ამავდროულად, კანონმდებელმა ეს დისკრეციული უფლებამოსილება უნდა განახორციელოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა დაცვით იმგვარად, რომ არ შეიქმნას უფლების დაცვის გაუმართლებელი ბარიერები, უფლების დაცვა არ იყოს არაეფექტური.
სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების კონტექსტში გადაწყვეტილების მიღების გონივრული ვადა და სასამართლოსადმი მიმართვის ეფექტურობა ორგანულად ებმის ერთმანეთს. იმდენად, რამდენადაც სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება პრევენციული მექანიზმია, მისი ეფექტურობა უმეტეს შემთხვევაში დამოკიდებულია მის დროულ გამოყენებაზე, თუ დაგვიანდა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება და დადგა გამოუსწორებელი შედეგი, აზრს დაკარგავს ამ მექანიზმის გამოყენება და თავად სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა დადგება ეჭვქვეშ.
ამდენად, სადავო ნორმის შეჩერების თვალსაზრისით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების ეფექტიანობისა და საქმის გონივრულ ვადებში განხილვის სტანდარტები დაირღვევა იმ შემთხვევაში, თუ საქმის განხილვას ხმარდება იმაზე მეტი დრო, ვიდრე ეს ამისათვის ობიექტურად არის საჭირო და ეს იწვევს უფლების შეუქცევადი დარღვევის რისკებს.
სადავო ნორმის თანახმად, კოლეგიის განსჯადობას მიკუთვნებულ საქმეებზე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ საკითხის გადაწყვეტა ხდება შემდეგნაირად: თუ საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს, საკითხი განსახილველად გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე. ამავე დროს, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია ნორმის მოქმედების შეჩერებისა და საქმის პლენუმისათვის გადაცემის საკითხის განხილვამდე ვალდებულია, შეაფასოს თავად კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი, რაც კონსტიტუციური სარჩელების მოცულობისა და მათში წარმოდგენილი სამართლებრივი საკითხების სირთულის გათვალისწინებით, ასევე საკმაო დროს მოითხოვს და ეს კიდევ უფრო აყოვნებს ნორმის მოქმედების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას. ამდენად, სადავო ნორმით შემოთავაზებულია პროცედურა, რომლის მიხედვითაც ნორმის მოქმედების შეჩერების საკითხის განხილვა ფაქტობრივად ხდება ორჯერ – კოლეგიისა და პლენუმის მიერ.
ერთი და იგივე საკითხის ორჯერ განხილვა ჯერ კოლეგიისა და შემდგომ პლენუმის მიერ არ შეესაბამება საქმის ეფექტური განხილვის სტანდარტს და გადაწყვეტილების მიღებისათვის მოითხოვს იმაზე მეტ დროს, ვიდრე ეს ობიექტურად არის საჭირო. თუ კანონმდებელი საკუთარი დისკრეციის ფარგლებში მიიჩნევს, რომ ნორმის მოქმედების შეჩერების საკითხი მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე უნდა გადაწყდეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ, მაშინ გაუგებარია იმავე საკითხის ჯერ კოლეგიის ფორმატში შესწავლის საჭიროება. როგორც აღინიშნა, კანონმდებელი უფლებამოსილია, ამა თუ იმ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გადაანაწილოს განსჯადობა პლენუმსა და კოლეგიას შორის. კანონმდებელი არ არის შეზღუდული, მიიჩნიოს, რომ ნორმის მოქმედების შეჩერების საკითხი, მისი მნიშვნელობის გათვალისწინებით საჭიროებს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მონაწილეობას. ამავე დროს, შესაძლებელია უზრუნველყოფილ იქნეს სადავო ნორმის მოქმედების პროცესში საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მონაწილეობა, იმგვარად, რომ ნაკლებად მოხდეს ნორმის შეჩერების საკითხის გადაწყვეტის პროცესის დაყოვნება და არ შეიქმნას დამატებითი, არასაჭირო საპროცესო ბარიერები, რათა საფრთხე არ შეექმნას სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ეფექტურობას.
ამავე დროს, შესაძლოა არსებობდეს შემთხვევები, როდესაც უფლების დარღვევის გამოუსწორებელი შედეგის თავიდან აცილება ობიექტურად შეუძლებელია, როდესაც სასამართლო ობიექტურად ვერ ახერხებს საქმის შესწავლასა და გადაწყვეტილების მიღებას იმ ვადაში, რაც საჭიროა უფლების შეუქცევადი დარღვევის თავიდან ასაცილებლად. მაგრამ იმ პირობებში, როდესაც ამის მიზეზი ხდება არა ობიექტური გარემოებები, არამედ კანონმდებლობის მიერ ხელოვნურად შექმნილი პროცედურული ბარიერები, რომელთა არსებობაც აუცილებლობას არ წარმოადგენს, სახეზეა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა.“
საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეები – ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეები – ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/5/768,769,790,792, 29 დეკემბერი, 2016

„ამავე დროს, მნიშვნელოვანია მხედველობაში იქნეს მიღებული პლენუმის მიერ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი უმრავლესობის განმსაზღვრელი წესი. წინამდებარე გადაწყვეტილებით დადგენილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელი უმრავლესობის კონსტიტუციურსამართლებრივი სტანდარტები. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს ბუნებიდან გამომდინარე, კონსტიტუციის მოთხოვნაა, რომ ზოგადი წესი უნდა იყოს დამსწრეთა უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღება. შესაძლოა, ამ წესიდან გამონაკლისი კანონმდებლობით დადგინდეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში, სისტემური მნიშვნელობის კონსტიტუციურსამართლებრივი საკითხების გადაწყვეტასთან მიმართებით.
სადავო ნორმის თანახმად, სადავო ნორმის შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება თავისთავად არ წარმოადგენს სისტემური მნიშვნელობის კონსტიტუციურსამართლებრივ საკითხს. საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, რომ, რიგ შემთხვევებში, ნორმების შეჩერების საკითხი მართლაც უკავშირდებოდეს სისტემურ, სტრუქტურულ კონსტიტუციურსამართლებრივ პრობლემებს, თუმცა ეს ასე არ არის ყველა შემთხვევაში. ამდენად, სადავო ნორმით დადგენილია გაუმართლებელი, არაგონივრული გადახრა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების ზოგადი წესიდან.“
საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეები – ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეები – ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/5/768,769,790,792, 29 დეკემბერი, 2016

„სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით, სასამართლომ უნდა შეაფასოს 2 ძირითადი საკითხი: კერძოდ, კონსტიტუციურია თუ არა საქმის განმხილველი კოლეგიის წევრის მიერ პლენუმისთვის დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართვის შესაძლებლობა საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე და პლენუმის მიერ შუამდგომლობის განხილვის პროცედურა ხომ არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლების მოთხოვნებს.
სადავო ნორმის შემოღებით კანონმდებელმა კოლეგიაში მყოფ საკონსტიტუციო სასამართლოს ინდივიდუალურ წევრს მიანიჭა დამატებითი უფლებამოსილება, კანონით დადგენილ შემთხვევებში, მიმართოს პლენუმს დასაბუთებული მოთხოვნით საქმის პლენუმის მიერ განხილვის თაობაზე.
როგორც არაერთხელ აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს პირის შესაძლებლობას, საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის გზით დაიცვას მისი უფლებები და თავისუფლებები. სადავო ნორმით გათვალისწინებული პროცედურა იწვევს საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესის გახანგრძლივებას, რითაც გარკვეულწილად ართულებს უფლების დაცვას საკონსტიტუციო სასამართლოში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმა იწვევს ჩარევას სამართლიანი სასამართლოს უფლებაში.
სადავო ნორმით დადგენილი რეგულაციის მიზანია, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი აღჭურვოს უფლებამოსილებით, საქმე გადასცეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, რაც, თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისა და არსებული პრაქტიკის განვითარების ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება. აღნიშნული მიზნის მისაღწევად დასაშვებია საკონსტიტუციო სამართალწარმოების გონივრული ვადით შეყოვნება, თუმცა ეს მიზნის პროპორციულად უნდა განხორციელდეს.
საქმის განმხილველი კოლეგიის წევრის უფლებამოსილება პირობადებულია კონკრეტული მოთხოვნებით. კერძოდ, მოსამართლე უნდა მიიჩნევდეს, რომ მისი პოზიცია, რომელიც გამომდინარეობს განსახილველი საქმიდან, განსხვავდება სასამართლოს მიერ ადრე მიღებულ გადაწყვეტილებაში (გადაწყვეტილებებში) გამოხატული სამართლებრივი პოზიციისაგან; ან განსახილველი საქმე თავისი შინაარსით წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათ ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას. აღნიშნული პირობები ალტერნატიული ხასიათისაა და ერთ-ერთი მათგანის არსებობის დასაბუთებაც საკმარისია მოსამართლისთვის, შუამდგომლობით მიმართოს პლენუმს.
საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესში საქმის განხილვის ეტაპის დასრულების შემდეგ სასამართლოს კოლეგია ან პლენუმი გადის სათათბირო ოთახში საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად (საქმის გადაწყვეტის ეტაპი). ამავდროულად, სათათბირო ოთახში გასვლის და საქმის გადაწყვეტის ეტაპი არის ერთი უწყვეტი პროცესი. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, რომ საქმის განმხილველი კოლეგიის ინდივიდუალურ წევრს, სწორედ ამ ეტაპზე ჩამოუყალიბდეს პოზიცია, რომელიც განსხვავდება სასამართლოს მიერ ადრე მიღებულ გადაწყვეტილებაში (გადაწყვეტილებებში) გამოხატული სამართლებრივი პოზიციისაგან, ან მიიჩნიოს, რომ განსახილველი საქმე თავისი შინაარსით წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათ ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას.
სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმის თაობაზე, რომ კოლეგიის წევრი ვალდებულია, დაასაბუთოს მოთხოვნა. კერძოდ, უნდა დასაბუთდეს, თუ რატომ იწვევს განსახილველი საქმე ადრე მიღებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული პოზიციის ჩამოყალიბებას, ან/და აღნიშნული საქმე წარმოშობს კონსტიტუციის განმარტების ან/და მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემის გადაჭრის საჭიროებას. ამასთან, აღნიშნული საკითხები შესაძლოა დადგეს საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, მით უფრო, როდესაც საკითხი ეხება სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრეცედენტის დაძლევას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს საქმის განმხილველი კოლეგიის წევრის უფლებამოსილებას საქმის განხილვისა და გადაწყვეტის ნებისმიერ ეტაპზე მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს დასაბუთებული წერილობითი შუამდგომლობით, შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან.
ცალკე შეფასების საგანს წარმოადგენს, სადავო ნორმით გათვალისწინებული შუამდგომლობის თაობაზე პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი. გასაჩივრებული დებულებების მიხედვით, შუამდგომლობა პლენუმის მიერ განსახილველად მიღებულად ითვლება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პლენუმი აღნიშნული საქმის განხილვაზე უარს იტყვის განჩინებით, რომელიც მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. შესაბამისად, საქმის განმხილველი კოლეგიის წევრის შუამდგომლობა ყველა შემთხვევაში დასაშვებია, თუ პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობა საპირისპიროს არ დაასაბუთებს.
წინამდებარე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების ზოგადი წესი უნდა იყოს დამსწრეთა უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღება. ამ წესიდან გამონაკლისი კი დასაშვებია მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში, სისტემური მნიშვნელობის კონსტიტუციურსამართლებრივი საკითხების გადაწყვეტისას.
სადავო ნორმის თანახმად, კოლეგიის წევრის შუამდგომლობაზე უარის თქმის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა უნდა მიიღოს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. პლენუმზე საქმის გადაცემის თაობაზე კოლეგიის წევრის შუამდგომლობის განხილვა არ წარმოადგენს ისეთი სისტემური მნიშვნელობის კონსტიტუციურ პრობლემას, რომ დასაშვები იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების ზოგადი წესიდან გადახრა. აღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვა „სრული“ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.“

საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეები – ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეები – ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/5/768,769,790,792, 29 დეკემბერი, 2016

„მოქმედი კანონმდებლობის ანალიზი ცხადყოფს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შესაბამისი სასამართლო აქტების მიღება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც უკვე მომზადებულია შესაბამისი აქტის პროექტი. კერძოდ, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის 61-ე პუნქტის მიხედვით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41-ე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მომხსენებელი მოსამართლე არკვევს, არსებობს თუ არა სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის საფუძველი და, საჭიროების შემთხვევაში, მხარეებთან, კონსტიტუციური წარდგინების ავტორებთან ან/და მათ წარმომადგენლებთან აზუსტებს საქმესთან დაკავშირებულ საკითხებს. კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტის შემთხვევაში მომხსენებელი მოსამართლე განმწესრიგებელი სხდომისთვის ამზადებს განჩინების პროექტს. ამავე კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განჩინების ან საოქმო ჩანაწერის პროექტს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს/კოლეგიას წარუდგენს მომხსენებელი მოსამართლე. თუ არსებობს განჩინების ან საოქმო ჩანაწერის სხვა პროექტი, მას კენჭი ცალკე ეყრება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მომხსენებელი მოსამართლე წარუდგენს პლენუმს/კოლეგიას საოქმო ჩანაწერის/განჩინების პროექტს. განხილვის მონაწილე მოსამართლე უფლებამოსილია, კენჭისყრაზე დააყენოს წინადადება საოქმო ჩანაწერის/განჩინების პროექტში ცვლილების ან დამატების შეტანის შესახებ. წინადადებით გათვალისწინებულ თითოეულ ცვლილებას/დამატებას კენჭი ეყრება ცალ-ცალკე. ცვლილება/დამატება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა დამსწრე მოსამართლეთა ნახევარზე მეტმა. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ კენჭი ეყრება მომხსენებელი მოსამართლის მიერ წარდგენილი საოქმო ჩანაწერის/განჩინების პროექტს (მიღებული ცვლილებების და დამატებების გათვალისწინებით). საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, გადაწყვეტილების/დასკვნის მიღების, ხელმოწერისა და გამოცხადებისას შესაბამისად მოქმედებს ამ რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლებით გათვალისწინებული წესი. ამდენად, აღნიშნული რეგულაციების გათვალისწინებით, შეუძლებელია მიღებულ იქნეს სასამართლოს აქტი, თუ სახეზე არ არის მისი სრული ტექსტი.
ნიშანდობლივია, რომ სადავო ნორმების შემოღებამდეც, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, მხარეებს მოთხოვნისთანავე უნდა გადასცემოდათ გადაწყვეტილების სრული ტექსტი. შესაბამისად, სადავო ნორმებით არ მომხდარა არსებითად ახალი ვალდებულებების დაკისრება სასამართლოსთვის.
მოცემულ მსჯელობაზე დაყრდნობით საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების სრული ტექსტის საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების წინა პირობა არ აბრკოლებს გადაწყვეტილების ძალაში შესვლას. როგორც უკვე აღინიშნა, სასამართლოს მიერ შესაბამისი აქტის მიღებისას უკვე სახეზეა აღნიშნული აქტის სრული ტექსტი, შესაბამისად, მისი გამოქვეყნების ვალდებულება არ მოითხოვს რაიმე დამატებით დროს და არ შეიცავს იმ რისკებს, რომლებზეც მოსარჩელე მხარე აპელირებდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ადგენს, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებისა და ძალაში შესვლის წესი და პროცედურა არ იწვევს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების დარღვევას.“
საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეები – ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეები – ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/5/768,769,790,792, 29 დეკემბერი, 2016

„საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს უფლებას სამართლიან სასამართლოზე, რომლის შინაარსი და ფარგლები განსაზღვრულია თავად კონსტიტუციით და მხოლოდ საერთაშორისო-სამართლებრივი აქტებით. კერძოდ, ეს უფლება არა მხოლოდ სასამართლოსადმი მიმართვის (სარჩელის შეტანის) შესაძლებლობას გულისხმობს, არამედ უზრუნველყოფს ადამიანის სრულყოფილ სამართლებრივ დაცვას. სამართლიანი სასამართლოს უფლება, პირველ რიგში, ნიშნავს სახელმწიფო ხელისუფლების ყველა იმ გადაწყვეტილების (ქმედების) სასამართლოში გასაჩივრებას და სამართლებრივ შეფასებას, რომელიც ადამიანის უფლებებს არღვევს. ამასთან, იმისათვის რომ შედგეს კონკრეტული დავის სამართლიანი განხილვა და მიღებულ იქნეს ობიექტური გადაწყვეტილება, ეს უფლება მოიცავს შესაძლებლობათა შემდეგ მინიმუმს: პირის უფლებას, მიმართოს სასამართლოს, მოითხოვოს მისი საქმის სამართლიანი საჯარო მოსმენა, გამოთქვას თავისი მოსაზრებები და დაიცვას თავი პირადად ან დამცველის მეშვეობით, სასამართლო განხილვა მოხდეს გონივრულ, შემჭიდროებულ ვადებში და საქმე განიხილოს დამოუკიდებელმა, მიუკერძოებელმა სასამართლომ.
დაცვის უფლება სამართლიანი სასამართლოს შემადგენელი არსებითი ელემენტია და, ზოგადად, გულისხმობს პირის შესაძლებლობას, დაიცვას თავი პირადად ან მის მიერ არჩეული დამცველის მეშვეობით.“
საქართველოს მოქალაქეები-ვახტანგ მასურაშვილი და ონისე მებონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, N1/3/393,397, 16 დეკემბერი, 2016

„საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“. აღნიშნული კონსტიტუციური ნორმით დეკლარირებულია სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობას, არამედ მოიცავს სასამართლო განხილვასთან დაკავშირებულ არაერთ საპროცესო გარანტიას.“
საქართველოს მოქალაქეები ნადია ხურციძე და დიმიტრი ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, № 1/1/650,699, 27 იანვარი, 2017

„განსახილველ კონსტიტუციურ სარჩელში სადავო ნორმები მოთავსებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-16 თავში, რომელიც საგამოძიებო მოქმედებათა ზოგადი რეგულირებიდან გამოყოფს სპეციალურ ობიექტს – კომპიუტერულ მონაცემებს და ითვალისწინებს მოწესრიგების განსხვავებულ წესებს. აღნიშნულს უკავშირდება სადავო ნორმებით განსაზღვრული წესიც, რომელიც „კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში“ განთავსებული ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის შესახებ სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის სუბიექტად ითვალისწინებს მხოლოდ პროკურორს. რეგულაცია მართალია პირდაპირ არ უთითებს დაცვის მხარისათვის ხსენებული შუამდგომლობის დაყენების შეზღუდვის შესახებ, თუმცა კომპიუტერულ მონაცემებთან დაკავშირებით შუამდგომლობის დაყენების სპეციალური სუბიექტის ამომწურავად განსაზღვრით ცალსახად უსვამს ხაზს კანონმდებლის ნებას აღნიშნული უფლებამოსილების მხოლოდ ბრალდების მხარისთვის მინიჭების და დაცვის მხარის რეგულირებიდან გამორიცხვის შესახებ. გასათვალისწინებელია ამავე კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილიც, რომელიც ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ საპროცესო ინსტრუმენტზე ავრცელებს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისთვის განსაზღვრულ წესებს, რაც მხოლოდ ბრალდების მხარის უფლებამოსილებას წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აშკარაა, რომ სადავო ნორმები სისხლის სამართლის პროცესის მარეგულირებელი ზოგადი მოწესრიგებისგან, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 39-ე და 111-ე მუხლებისგან განსხვავებულ წესებს ითვალისწინებს და სადავო ნორმით განსაზღვრულ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე შუამდგომლობით სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას ექსკლუზიურად ბრალდების მხარეს ანიჭებს.
სადავო ნორმების ანალიზის შედეგად იკვეთება, რომ მხარეთა საგამოძიებო უფლებების ზოგადი რეგულირებისაგან განსხვავებული წესის დადგენის საფუძველს რეგულირების ობიექტი – კომპიუტერული წესით შენახული ინფორმაცია და დოკუმენტაცია წარმოადგენს. კანონმდებლობა არ განმარტავს, რას მოიცავს ნორმით გათვალისწინებული ტერმინი „ინფორმაცია და დოკუმენტი“, თუმცა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილი განმარტავს ტერმინ „მტკიცებულებას“ როგორც „სასამართლოში წარდგენილი ინფორმაცია… რომლის საფუძველზედაც მხარეები სასამართლოში ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, სამართლებრივად აფასებენ მათ, ასრულებენ მოვალეობებს, იცავენ თავიანთ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ხოლო სასამართლო ადგენს, არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი“, ხოლო ტერმინი დოკუმენტი განმარტებულია როგორც „ნებისმიერი წყარო, რომელშიც ინფორმაცია აღბეჭდილია სიტყვიერ-ნიშნობრივი ფორმით ან/და ფოტო-, კინო-, ვიდეო-, ბგერისა თუ სხვა ჩანაწერის სახით ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით“.
ამდენად, სადავო ნორმების მოქმედება ვრცელდება კომპიუტერული წესით შენახულ ნებისმიერ  მონაცემზე რომელიც ხასიათდება რელევანტურობით  და ეხება  სსსკ მე-3 მუხლის  23-ე ნაწილში მითითებულ საკითხებს.  მათ შორის,   კონსტიტუციურ სარჩელებში მითითებულ ვიდეო ჩანაწერებზეც. გასაჩივრებული ნორმების მოქმედება ასევე არ შემოისაზღვრება რომელიმე კონკრეტული  სახის დანაშაულთან დაკავშირებული გამოძიებით.  შესაბამისად, კანონმდებლობა სპეციალურ მოწესრიგებას ადგენს რა „კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში“ განთავსებულ მტკიცებულებათა სასამართლო წესით გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის დაყენებასთან დაკავშირებით, დაცვის მხარეს უზღუდავს ხსენებული შუამდგომლობის დაყენების უფლებას ნებისმიერ დანაშაულთან დაკავშირებული საქმის განხილვისას კომპიუტერული წესით შენახული ნებისმიერი მონაცემის ( მათ შორის საჯარო ინფორმაციის) მიმართ.
კომპიუტერული ტექნოლოგიის უპრეცედენტო სისწრაფით განვითარება ნებისმიერი ტიპის (წერილობითი დოკუმენტაცია, ვიდეო ან აუდიო ჩანაწერი თუ ფოტო მასალა, საჯარო თუ დაცული/კონფიდენციალური ან/და საიდუმლო ინფორმაცია) ინფორმაციის ელექტრონული დაარქივების საშუალებას იძლევა პორტატული სახით. საჯარო დაწესებულებები, კერძო ორგანიზაციები და ფიზიკური პირები მონაცემის შენახვა-დაარქივების პროცესში სულ უფრო ფართოდ იყენებენ ციფრულ ტექნოლოგიებს.  შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება-განხილვისას სულ უფრო ფართოდ ხდება ციფრული მტკიცებულებების სახით კომპიუტერული მონაცემების გამოყენება. მაგალითად, პოლიციელის ფორმაზე დამაგრებული ვიდეოტექნიკის გამოყენებით მოპოვებული ინფორმაცია, ე.წ. ქუჩის კამერების ჩანაწერები, მობილური ოპერატორების ინფორმაცია მომსახურე ანძების შესახებ, ინფორმაცია არქივიდან, საჯარო და სამოქალაქო რეესტრიდან, ინფორმაცია პირის მიერ სახელმწიფო საზღვრის კვეთის თაობაზე და ა.შ. აღნიშნულიდან გამომდინარე აშკარაა, რომ სადავო ნორმით იზღუდება დაცვის მხარის წვდომა სისხლის სამართლის საქმისათვის რელევანტური ინფორმაციის ფართო სპექტრზე. დაცვის მხარეს ერთმევა დაცვისათვის მნიშვნელოვანი ციფრული ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვების შესაძლებლობა და დაცვის ეფექტიანად განხორციელება მნიშვნელოვანწილად ხდება დამოკიდებული ბრალდების მხარეზე, რომელსაც მოქმედი სისხლის საპროცესო კანონმდებლობით უფლება აქვს არ დააკმაყოფილოს დაცვის მხარის შუამდგომლობა და არ  გამოითხოვოს დაცვისათვის მნიშვნელოვანი კომპიუტერული მონაცემების შემცველი ინფორმაცია. სადავო ნორმა ზღუდავს მხარეთა თანასწორობის პრინციპს და შესაბამისად ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებას.“
საქართველოს მოქალაქეები ნადია ხურციძე და დიმიტრი ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, № 1/1/650,699, 27 იანვარი, 2017

„სამართლიანი სასამართლოს უფლების სხვადასხვა კომპონენტების მსგავსად, სამართალწარმოებაში მხარეთა თანასწორობის პრინციპიც არ არის აბსოლუტური ხასიათის და არ გულისხმობს მტკიცებულებათა წარმდგენის უფლების შეუზღუდაობას. მთავარია შეზღუდვა არ იყოს აბსოლუტური, ბლანკეტური და არათანაზომიერი, არ ახდენდეს მხარის უფლებების ისეთ არსებით შეზღუდვას რაც პრაქტიკულად მხარის ფუნქციის განხორციელების შეუძლებლობას გამოიწვევს ან აზრს დაუკარგავს დეკლარირებულ უფლებას.
თანასწორობის და შეჯიბრებითობის უფლების შეზღუდვისას მნიშვნელოვანია დადგინდეს რა გავლენის მატარებელია შეზღუდვა მხარის უფლებების რეალიზაციაზე და რა გავლენის მოხდენა შეუძლია აღნიშნულ შეზღუდვას სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
საკონსტიტუციო სასამართლოს ჩამოყალიბებული მიდგომის თანახმად,  სადავო ნორმის მზღუდავი ხასიათის კონსტიტუციურობა დგინდება თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად…
განსახილველ საქმეში სადავო რეგულირებით კანონმდებელი სრულად ართმევს დაცვის მხარეს კომპიუტერული წესით შენახული ინფორმაციის, ანდა დოკუმენტის გამოთხოვის შესახებ სასამართლოსთვის მიმართვის უფლებას ნებისმიერი ტიპის ინფორმაციის მიმართ იმისდამიუხედავად ზღუდავს თუ არ ეს ინფორმაცია მესამე პირთა კონსტიტუციით დაცულ უფლებებს ან უქმნის თუ არა მისი გადაცემა საფრთხეს კონსტიტუციით დაცულ სხვა სიკეთეს. აღნიშნული უფლებამოსილების მხოლოდ პროკურორისთვის მინიჭებით იქმნება საპროცესო რეალობა, სადაც დაცვის მხარეს არ აქვს შესაძლებლობა ბრალდების პოზიციას დაუპირისპიროს დასაბუთებული კონტრარგუმენტები, როდესაც გამამართლებელი მტკიცებულებები შენახულია კომპიუტერული წესით.  დაცვის მხარის მიერ კომპიუტერული მტკიცებულების მოპოვება სრულად უკავშირდება ბრალდების მხარის „კეთილ ნებას“ მათ შორის, თუნდაც აღნიშნული აფუძნებდეს გონივრულ ეჭვს დაცვის ქვეშ მყოფი პირის ბრალეულობის შესახებ ანდა წარმოადგენდეს ალიბს.
სადავო რეგულირება ზღუდავს როგორც მხარეთა საპროცესო თანასწორობის, ასევე სამართალწარმოების შეჯიბრებითობის პრინციპის განხორციელებას, აბრკოლებს საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევის შესაძლებლობას ვინაიდან იმ პირობებეში როდესაც კანონმდებლობა სასამართლოს მედიატორის როლს ანიჭებს და უკრძალავს საკუთარი ინიციატივით მტკიცებულების მოპოვებასა თუ გამოკვლევას, დაცვის მხარე მისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვების ნაწილში დამოკიდებულია ბრალდების მხარის დისკრეციულ უფლებამოსილებაზე. სადავო რეგულირება ქმნის იმის საფრთხეს, რომ ცალკეულ შემთხვევებში სასამართლო განხილვის შედეგი   დაეფუძნოს ბრალდების მხარის გულგრილობას, შეცდომას, ანდა  უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და პირს პასუხისმგებლობა დაეკისროს ისე, რომ ვერ დაიცვას თავი ბრალდებისაგან.
კომპიუტერული სისტემებიდან ინფორმაციის გამოთხოვაზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. შესაბამისად, როგორც ბრალდების მხარის მიერ შუამდგომლობის დაყენებისას, ასევე დაცვის მხარისათვის ანოლოგიური უფლების მინიჭების შემთხვევაში ინფორმაციის გამოთხოვის საჭიროებას და გამოსათხოვი ინფორმაციის მნიშვნელობას მართლმსაჯულების განხორციელებისათვის წყვეტს სასამართლო… გაურკვეველია, რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს დაცვის მხარისთვის სასამართლოს წინაშე შუამდგომლობის დაყენების და ამ შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემთხვევაში გამამართლებელი მტკიცებულების მოპოვების შესაძლებლობის ჩამორთმევა იმ პირობებში, როდესაც სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა დაცვის მხარეს ანიჭებს სასამართლოსთვის, მათ შორის ისეთი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ შუამდგომლობით მიმართვის უფლებას, როგორიცაა ჩხრეკა-ამოღება, რაც შესაძლებელია ცალკეულ შემთხვევებში უფრო მაღალი ინტენსივობით ქმნიდეს მესამე პირთა პირად ცხოვრებასა, თუ კერძო საკუთრებაში ჩარევის საფრთხეს.“
საქართველოს მოქალაქეები ნადია ხურციძე და დიმიტრი ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, № 1/1/650,699, 27 იანვარი, 2017

„სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვის ჯეროვანი სტანდარტების უზრუნველყოფა არსებითად განაპირობებს კონკრეტული უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას.“
საქართველოს მოქალაქეები ნადია ხურციძე და დიმიტრი ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, № 1/1/650,699, 27 იანვარი, 2017

„საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები, ერთი მხრივ, იცავს ადამიანის შესაძლებლობას, წარმოადგინოს მისი უფლების შეზღუდვის საჭიროების კონტრარგუმენტები, გამოხატოს თავისი პოზიცია მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნასთან დაკავშირებით, ხოლო, მეორე მხრივ, ადგენს ზეპირი მოსმენის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლოს განხილვა საჭიროებს ფაქტების დადგენას.“
საქართველოს მოქალაქე ლევან ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/3/638, 14 თებერვალი, 2017

„სხვა სახელმწიფოსათვის ინფორმაციის გადაცემამ შესაძლოა გამოიწვიოს პირის მნიშვნელოვანი ინტერესების დაზიანება იმ შემთხვევებში, როდესაც გამჟღავნდება, მაგალითად, სავაჭრო, სამეწარმეო, სამრეწველო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოება. ხსენებული ინფორმაციების დაცვის ინტერესზე მიუთითებენ თავად საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომლებიც ხელშემკვრელ მხარეს ათავისუფლებენ ამგვარი ინფორმაციის მომთხოვნი სახელმწიფოსათვის მიწოდების ვალდებულებისგან. ამასთან, მოთხოვნილი ინფორმაციის გადაცემა, ხშირ შემთხვევაში, შესაძლოა უკავშირდებოდეს ინფორმაციის მომთხოვნ სახელმწიფოში გამოძიების დაწყებას, რამაც გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა გამოიწვიოს პირის საქმიანი რეპუტაციის შელახვა და ქონებრივი ზიანის მიყენება ბიზნეს საქმიანობაზე. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს გააჩნია მაღალი ინტერესი, რომ ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლების გარანტიებით და სასამართლოს გააცნოს თავისი მოსაზრება იმ ინფორმაციის/ინფორმაციის ნაწილის გადაცემასთან დაკავშირებით, რომლის მიღებასაც ელოდება მომთხოვნი სახელმწიფო.
ამდენად, პირის შესახებ კომერციულ ბანკში შენახული ფინანსური, კომერციული თუ სხვა სახის ინფორმაციის დაცვა და მისი გაუმჟღავნებლობა სახელმწიფოებისთვის და მესამე პირებისთვის წარმოადგენს ინფორმაციის სუბიექტის, როგორც კონსტიტუციით დაცული უფლების ნაწილს, ასევე კანონით დადგენილ ინტერესს.
ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა და მისი გადაცემის შემთხვევაში ზიანის მომტანი შედეგის დადგომა, ხშირ შემთხვევებში, შესაძლოა ინფორმაციის გადაცემამდე ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში პირის მონაწილეობას, მის მიერ ფაქტობრივი გარემოებებისა თუ არგუმენტაციის წარმოდგენას საჭიროებდეს. სასამართლომ უნდა შეამოწმოს საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის დასაბუთებულობა, მიზნები, პირისთვის შეტყობინების საჭიროება, გადასაცემი ინფორმაციის მოცულობა, რაც არ არის ფორმალური კრიტერიუმები და მოითხოვს საქმის შინაარსობრივ გამოკვლევას. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს გააჩნია მომეტებული ინტერესი, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინფორმაციის გადაცემასთან დაკავშირებით მიიღოს მონაწილეობა სამართალწარმოებაში, წარმოადგინოს ფაქტობრივი გარემოებები და დაუსვას საგადასახადო ორგანოს ის კითხვები, რომლებიც გულისხმობს საქმის შინაარსობრივ შესწავლას.
საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამართალწარმოება უცხო ქვეყნისათვის ამა თუ იმ ინფორმაციის გადაცემის შესახებ, სასამართლოს ნებართვის გაცემის თაობაზე, საჭიროებს მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების გამორკვევას და საქმის შინაარსობრივ შესწავლას. გადასახადის გადამხდელმა შესაძლოა წარმოადგინოს არგუმენტაცია ან ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც მიუთითებს მოთხოვნილი ინფორმაციის ან ინფორმაციის ნაწილის გადაცემის უსაფუძვლობაზე.
ამდენად, სადავო ნორმებით პირს შესაძლებლობა არ აქვს, სხვა სახელმწიფოსათვის ინფორმაციის გადაცემის მიზნით, კომერციული ბანკიდან კონფიდენციალური ინფორმაციის გამოთხოვისას სამართალწარმოებაში მონაწილეობა მიიღოს. ასევე მოკლებულია შესაძლებლობას, გაასაჩივროს მისი უფლებების შემზღუდველი ღონისძიება. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2150 მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული რეგულაციები, რომლებიც ახდენს ზემოაღნიშნული უფლებების რეალიზების შეზღუდვას, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით დაცულ უფლებებში ჩარევას.“
საქართველოს მოქალაქე ლევან ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/3/638, 14 თებერვალი, 2017

„დემოკრატიულ საზოგადოებაში მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლოს ხელმისაწვდომობით სარგებლობის მნიშვნელობის მიუხედავად, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით დაცული უფლებები არ არის აბსოლუტური ხასიათის.
აუცილებელია, სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვა განხორციელდეს თანაზომიერების პრინციპის დაცვით.“
საქართველოს მოქალაქე ლევან ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/3/638, 14 თებერვალი, 2017

„განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმებით სამართლიანი სასამართლოს უფლება იზღუდება ყველა  ვითარებაში, განურჩევლად იმისა, არსებობს თუ არა ზემოთ აღნიშნული ლეგიტიმური მიზნების დასაცავად პირის სამართალწარმოებიდან დისტანცირების ინტერესი. როგორც აღინიშნა, სხვა სახელმწიფოს მოთხოვნა ინფორმაციის გადაცემის თაობაზე, inter alia, შეიცავს დასაბუთებას, რამდენად სასწრაფოა პასუხის მიღება, ასევე მითითებას, შეატყობინონ თუ არა გადასახადის გადამხდელს ინფორმაციის გადაცემის შესახებ. აღნიშნული  ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს იმაზე, რომ ნებისმიერი მოთხოვნის შემთხვევაში არ არსებობს ინფორმაციის განსაკუთრებულად მოკლე ვადებში გადაცემისა და გადასახადის გადამხდელისათვის შეუტყობინებლობის ინტერესი.
გარკვეულ შემთხვევაში ინფორმაციის მომთხოვნმა სახელმწიფომ (უფლებამოსილმა პირმა) შესაძლოა წარმოადგინოს მყარი არგუმენტები იმის შესახებ, თუ რატომ არ უნდა შეიტყოს ინფორმაციის სუბიექტმა მის მიმართ სხვა სახელმწიფოში წარმოებული პროცედურების შესახებ (მაგ., მნიშვნელოვანი ფინანსური ინფორმაციის განადგურების რისკის არსებობა) ან რატომ არსებობს ინფორმაციის დაუყოვნებლივ, მაქსიმალურად მოკლე ვადებში გადაცემის ინტერესი. თუმცა, როგორც განსახილველ საქმეზე წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზით ირკვევა, არსებობს შემთხვევები, როდესაც არ არის სახეზე ზემოთ დასახელებული ინტერესების დაცვის საჭიროება. სადავო რეგულაციით ინფორმაციის სუბიექტს  ყველა შემთხვევაში  აქვს ჩამორთმეული ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის განხილვაში მონაწილეობის შესაძლებლობა.
ამდენად, სადავო რეგულაციებიდან გამომდინარე, სასამართლო ყოველ  ინდივიდუალურ შემთხვევაში ვერ აფასებს, რამდენად შეიცავს პირის სამართალწარმოებაში მონაწილეობა ზემოთ ხსენებულ საფრთხეებს და რამდენად არსებობს  ინფორმაციის სუბიექტისათვის შეუტყობინებლად საქმის განხილვის აუცილებლობა. სასამართლოს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ საქმე განიხილოს ინფორმაციის სუბიექტისთვის შეუტყობინებლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამის საჭიროება არსებობს. ასეთი საჭიროების არარსებობის შემთხვევაში ინფორმაციის სუბიექტი უნდა ჩართოს სამართალწარმოებაში.  აქედან გამომდინარე, სადავო ნორმები არაპროპორციულად ზღუდავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას.“
საქართველოს მოქალაქე ლევან ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/3/638, 14 თებერვალი, 2017

„სამართლიანი სასამართლოს უფლების ადეკვატური დაცვა მოითხოვს, რომ პირი სასამართლოში დაცვის გარანტიით იქნეს აღჭურვილი ყველა იმ ეტაპზე, რომელიც უფლების სრულყოფილად დაცვას უზრუნველყოფს. იმ პირობებშიც კი, როდესაც სასამართლომ ინფორმაციის სუბიექტის სამართალწარმოებიდან გამორიცხვის  აუცილებლობა დაინახა, ინფორმაციის სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ ინფორმაციის სუბიექტისათვის შეუტყობინებლობის საჭიროება ვერ გაგრძელდება უსასრულოდ.  შეუტყობინებლობის საჭიროება გაქრება იმ ეტაპზე, როდესაც ინფორმაციის მომთხოვნ სახელმწიფოში წარმოებული პროცედურები დასრულებულია ან სხვა მიზეზით აღარ არსებობს მათი ეფექტურად განხორციელების საფრთხე, მაგალითად, თუ გამოყენებულია პროცედურის უზრუნველმყოფი ღონისძიებები (მაგ., ყადაღის დადება) ან აღნიშნული მიზნის მისაღწევად  მიღებულია სხვა სათანადო ზომები.
საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ დროიდან, როდესაც აღარ იარსებებს ინფორმაციის გადაცემის შესახებ გადასახადის გადამხდელისათვის შეუტყობინებლობის ინტერესი, კერძოდ, როდესაც აღარ არსებობს ის საფრთხეები, რაც უკავშირდებოდა პირის მიერ ამ ინფორმაციის გადაცემის თაობაზე შეტყობას სხვა სახელმწიფოში მიმდინარე საგამოძიებო თუ სხვა პროცედურებისათვის, პირისათვის სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვის საჭიროება ქრება. აუცილებელია, ასეთ შემთხვევებში პირმა შეიტყოს ინფორმაციის გადაცემის შესახებ და ამავე დროს კანონმდებელმა უზრუნველყოს იგი სათანადო სამართლებრივი მექანიზმებით, რათა მან, post factum, მოახდინოს თავისი უფლებების დაცვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეზღუდვა არათანაზომიერად უნდა შეფასდეს.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, კანონმდებელი ვალდებულია, სადავო საკითხი მოაწესრიგოს ისე, რომ ინფორმაციის სუბიექტის მონაწილეობის გარეშე საქმის განხილვა დაუშვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საქმის გარემოებების გათვალისწინებით, ამის საჭიროება არსებობს. ასეთი პირობების არსებობის შემთხვევაშიც კი, მას შემდეგ, რაც გაქარწყლდება ინფორმაციის სუბიექტისათვის შეტყობინებიდან მომდინარე საფრთხეები, მას უნდა ეცნობოს ჩატარებული ღონისძიების შესახებ და მიეცეს შესაძლებლობა, სასამართლოში გაასაჩივროს ინფორმაციის კომერციული ბანკებისგან გამოთხოვა  და სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსათვის გადაცემა.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმები, მართალია, ემსახურება ლეგიტიმური მიზნების მიღწევას, მაგრამ არ წარმოადგენს ამ მიზნების მიღწევის ნაკლებად მზღუდავ და პროპორციულ საშუალებას.“
საქართველოს მოქალაქე ლევან ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/3/638, 14 თებერვალი, 2017

„საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით განმტკიცებულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. სამართლიანი სასამართლოს უფლება ორგანულ კავშირშია კონსტიტუციით განსაზღვრული სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან.
სამართლებრივი სახელმწიფოს უპირველესი მოთხოვნაა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სათანადო რეალიზაციის უზრუნველყოფა.“
საქართველოს მოქალაქეები მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/2/717, 7 აპრილი, 2017

„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარმოადგენს კონსტიტუციურ ორგანოს, რომელიც მოსამართლის დანიშვნისას ახორციელებს მის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას. აღნიშნული გარემოება არ გამორიცხავს ამ პროცესზე სასამართლო კონტროლის განხორციელების კონსტიტუციურსამართლებრივ უფლებამოსილებას.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სამართლიანი სასამართლოს უფლების მოთხოვნაა,  ნებისმიერი უფლებაშემზღუდველი აქტის სასამართლოში კონსტიტუციური სტანდარტების შესაბამისად გასაჩივრების უზრუნველყოფა.  კონსტიტუციის აღნიშნული მოთხოვნა, შესაბამისი თავისებურებების გათვალისწინებით, ვრცელდება სახელმწიფო თანამდებობაზე განწესებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე. სახელმწიფო თანამდებობაზე განწესებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების სასამართლო კონტროლი ემსახურება თვითნებური, დაუსაბუთებელი და მიკერძოებული გადაწყვეტილებების პრევენციას.
სამართლიანი სასამართლოს უფლების სტანდარტების განსაზღვრისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული გადასასინჯი უფლებაშემზღუდველი აქტისა თუ ქმედების კონსტიტუციურსამართლებრივი ბუნება. კერძოდ, როგორც აღინიშნა, პირის თანამდებობაზე განწესებისა და განწესებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება რიგ ობიექტურ და სუბიექტურ კრიტერიუმებს. ხოლო, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტი სარგებლობს გარკვეული ხარისხის მიხედულებით. სამართლიანი სასამართლოს უფლებრივი სტანდარტების განსაზღვრისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ ობიექტური, გადამოწმებადი კრიტერიუმების ფარგლებში გადაწყვეტილება ექვემდებარება სასამართლოს მიერ გადახედვას უფრო მკაცრი სტანდარტებით. სასამართლო კონტროლის სტანდარტი, ცხადია, ასეთივე მკაცრი ვერ იქნება ისეთ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება გადაწყვეტილებების გადახედვას სუბიექტური კრიტერიუმების ფარგლებში. როგორც უკვე აღინიშნა, სუბიექტური კრიტერიუმების ნაწილში, განსაკუთრებით ფართოა გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს მიხედულება და იკლებს გადაწყვეტილების დასაბუთებისა და გადასინჯვის ფარგლები.
პირის თანამდებობაზე განწესებაზე უარის თქმის გადაწყვეტილების გადასინჯვა სასამართლოს მიერ როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური კრიტერიუმების ფარგლებში უნდა მოხდეს იმ ხარისხით, რომ უზრუნველყოს სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების ეფექტური დაცვა.  სასამართლო კონტროლმა უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული და დისკრიმინაციული გადაწყვეტილებების მიღება. ცხადია, სასამართლო უფლებამოსილი არ არის, ჩაანაცვლოს გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტი, მის ნაცვლად განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება და მიიღოს გადაწყვეტილება, თუმცა, სასამართლომ უნდა შეამოწმოს აღნიშნული სუბიექტის მიერ საკუთარი მიხედულების გამოყენების მართებულობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ეჭვქვეშ დადგება არა მხოლოდ სამართლიანი სასამართლოს, არამედ – სახელმწიფო თანამდებობის დაკავების კონსტიტუციური უფლების გარანტიები.“
საქართველოს მოქალაქეები მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/2/717, 7 აპრილი, 2017

„საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის ისეთი უფლებამოსილების  მინიჭება, რომელიც არ არის დაკავშირებული მის მიერ საკასაციო საქმიანობის განხორციელებასთან, არ ათავისუფლებს კანონმდებელს იმ პროცესუალური უფლებების უზრუნველყოფის ვალდებულებისაგან, რომლებიც,ზოგადად, მომდინარეობს სამართლიანი სასამართლოს უფლებიდან. უმაღლესი მართლმსაჯულების ორგანოს მიერ მართლმსაჯულებას დაქვემდებარებული საქმის განხილვა წარმოადგენს მისი იურისდიქციის განუყოფელ ნაწილს. თუმცა, როგორც აღინიშნა, ამ ფუნქციის განხორციელებამ ხელი არ უნდა შეუშალოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური ვალდებულების განხორციელებას. ამასთანავე, იმ შემთხვევაში, თუკი მოხდება ამა თუ იმ უფლებამოსილების კონკრეტული სასამართლო ინსტიტუციისთვის მინიჭება, იმთავითვე უნდა იყოს უზრუნველყოფილი შესაბამისი პირობები, რომ დაბრკოლების გარეშე, სრულყოფილად მოხდეს პირის სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაცია.“
საქართველოს მოქალაქე ნუგზარ კანდელაკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. №2/1/598, 21 ივლისი, 2017

„იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობით საქართველოს უზენაესი სასამართლოსთვის ხდება პირველი ინსტანციით საქმის განხილვის ფუნქციის მინიჭება პროცესის მონაწილე უნდა სარგებლობდეს შესაბამისი პროცედურული გარანტიებით, რომლებიც თანხვედრაში იქნება მის სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან.“
საქართველოს მოქალაქე ნუგზარ კანდელაკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. №2/1/598, 21 ივლისი, 2017

„პრინციპი nullum juridicum sine lege, რომელიც წარმოადგენს სამართლებრივი უსაფრთხოებისა და განსაზღვრულობის პრინციპის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს, სახელმწიფოსგან მოითხოვოს სასამართლო სამართალწარმოების პროცედურის განჭვრეტადობის უზრუნველყოფას. იმისათვის, რომ პირმა შეძლოს საკუთარი უფლებების ჯეროვნად დაცვა, უნდა არსებობდეს სასამართლოსადმი მიმართვის და საქმის განხილვისთვის დადგენილი განჭვრეტადი წესები, რომელიც პირის სამართლიანი სასამართლოს ეფექტურად რეალიზაციის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. საგულისხმოა, რომ სამართალწარმოების პროცესში პროცედურული წესების მთავარ მიზანს პირის სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვა წარმოადგენს, რომლის დარღვევა შეიძლება გამოწვეული იყოს სასამართლო პროცედურების ნაკლებობითა თუ ბუნდოვანებით.“
საქართველოს მოქალაქე ნუგზარ კანდელაკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. №2/1/598, 21 ივლისი, 2017

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მართალია, სადავო ნორმით გაწერილი არ არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს რომელ პალატაში უნდა მოხდეს ეთიკის კომისიისგადაწყვეტილების გასაჩივრება და ამ ორგანოში როგორ უნდა წარიმართოს საქმის განხილვის პროცესი, რაც, უდავოდ, საკანონმდებლო ხარვეზად უნდა ჩაითვალოს, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მრავალწლიანი პრაქტიკის გათვალისწინებით, მოსარჩელისთვის ბუნდოვანი არ უნდა ყოფილიყო ის, თუ რომელი პალატის მიერ და რა წესების დაცვით მოხდებოდა ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების განხილვა და გადაწყვეტა, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე თავად ადვოკატია და მისდევს საადვოკატო საქმიანობას.“
საქართველოს მოქალაქე ნუგზარ კანდელაკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. №2/1/598, 21 ივლისი, 2017

„საკანონმდებლო დონეზე შესაბამისი სამართალწარმოების პროცედურების გაუწერლობა, მართალია, შეიძლება წარმოადგენდეს გარკვეულ საკანონმდებლო ხარვეზს, რაც შესაძლოა, საჭიროებდეს საკანონმდებლო ორგანოს მიერ გამოსწორებას, თუმცა მოცემული სამართლებრივი რეალობიდან გამომდინარე, აღნიშნულს პირის სამართლიანი სასამართლოს უფლების კომპონენტების დარღვევა არ გამოუწვევია, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების გადასინჯვის პროცედურა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილია მრავალწლიანი პრაქტიკით, რომელსაც ეს უკანასკნელი ახორციელებს „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის ანალოგიის გამოყენებით.“
საქართველოს მოქალაქე ნუგზარ კანდელაკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. №2/1/598, 21 ივლისი, 2017

„საქმის განხილვის პროცესში გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს მიერ შეცდომების დაშვების პრევენციასა და კანონიერი გადაწყვეტილების მიღების ალბათობის ზრდასთან ერთად, გასაჩივრების უფლება უზრუნველყოფს პირის განცდის ჩამოყალიბებას, რომ მას სამართლიანად მოექცნენ. კონკრეტული გადაწყვეტილების გასაჩივრება პირს შესაძლებლობას აძლევს, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანოს წინაშე კიდევ ერთხელ წარმოადგინოს საკუთარი პოზიციები და დაუპირისპირდეს მოპასუხე მხარეს, რაც ზრდის პირის სანდოობის აღქმას სასამართლო გადაწყვეტილების შედეგისადმი. ამდენად, თუ გასაჩივრების უფლების მთავარი დანიშნულება ზემოაღნიშნული ასპექტების დაკმაყოფილებაა, რაც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს პირის სამართლიანი სასამართლოს უფლების ეფექტურ დაცვას, სადავო ნორმით პირისთვის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების საქართველოს უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობის მინიჭება სწორედ ამ მიზნების მიღწევას უნდა ემსახურებოდეს.“
საქართველოს მოქალაქე ნუგზარ კანდელაკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. №2/1/598 , 21 ივლისი, 2017

„პირის დისციპლინური გადაცდომის საქმის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება ხდება ადვოკატთა ეთიკის კომისიის მიერ, ხოლო სადავო ნორმა მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას, ამ ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივროს საქართველოს უზენაეს სასამართლოში. შესაბამისად, მას არ აქვს წართმეული შესაძლებლობა, წარდგეს ობიექტური სასამართლოს წინაშე, წარადგინოს მისი არგუმენტები და მიიღოს დასაბუთებული პასუხი მოთხოვნის დაკმაყოფილების ან უარის თქმის შესახებ. აღნიშნული იძლევა როგორც გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაშვებული შეცდომის გამოსწორების შესაძლებლობას, ისე პირისთვის სამართლიანობის განცდის უზრუნველყოფას.“
საქართველოს მოქალაქე ნუგზარ კანდელაკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. №2/1/598 , 21 ივლისი, 2017

„გასაჩივრების უპირველესი მიზანი, სასამართლოს მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორება  არარელევანტურია საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებასთან მიმართებით. ამავე დროს, ცხადია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისას, არც ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის განვითარების ინტერესი არსებობს.“
საქართველოს მოქალაქე ნუგზარ კანდელაკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. №2/1/598 , 21 ივლისი, 2017

„საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტის შემთხვევაში, მისი გადაწყვეტილების გასაჩივრების ინტერესი მინიმალიზებულია. ამავე დროს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, რომ რიგ, შემთხვევებში, საქმის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, სამართლიანი სასამართლოს უფლების სრულყოფილი რეალიზებისთვის აუცილებელი იყოს პირს ჰქონდეს შესაძლებლობა, მისი საქმე ერთზე მეტ სასამართლო ინსტანციაში გაასაჩივროს, რაც  გამორიცხავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის პირველი ინსტანციით განხილვას. თუმცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეში ასეთი აუცილებლობა არ დგინდება.
იმ შემთხვევაში, როდესაც კანონმდებლობით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ენიჭება პირველი ინსტანციით საქმის განხილვის კომპეტენცია, უდავოა, რომ ამას თან უნდა სდევდეს პირის სასამართლო უფლებების დაცვის ჯეროვანი და ეფექტური გარანტიები, რომელებიც უზრუნველყოფენ საქართველოს კონსტიტუციის    42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების რეალიზებას.“
საქართველოს მოქალაქე ნუგზარ კანდელაკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. №2/1/598 , 21 ივლისი, 2017

“საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,  „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით განმტკიცებულია სამართლებრივი სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ელემენტი, სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომლის მთავარ მიზანსაც წარმოადგენს კონსტიტუციური უფლებების ეფექტური რეალიზაციის ხელშეწყობა და უფლებაში გაუმართლებელი ჩარევისაგან დაცვის ქმედითი მექანიზმების შექმნა.
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც ინსტრუმენტული უფლება, მოიცავს არამხოლოდ სასამართლოსადმი ფორმალურად მიმართვას, არამედ სასამართლოს შესაძლებლობას უფლების დარღვევის ფაქტზე მოახდინოს ეფექტური რეაგირება. სამართლიანი სასამართლოს უფლება თავის თავში გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან იმგვარი რეგულაციის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტურ აღსრულებას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს, რომ ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფისთვის საჭირო დროის განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს თითოეული საქმის ინდივიდუალური მახასიათებლები, მის განხორციელებასთან დაკავშირებული სირთულეები. აღნიშნული,ცხადია, განაპირობებს ინდივიდუალურ საქმეზე მორგებული ვადის დადგენას, რომლის განსაზღვრისას დაცულ უნდა იქნეს ბალანსი მხარეთა ინტერესებს შორის. ბუნებრივია, ეს ვადა განსხვავებულ დავებთან მიმართებით შეიძლება იყოს სხვადასხვა, თუმცა ეს არ იწვევს მხარეთა თანასწორობის დარღვევას. უფრო მეტიც, სწორედ ამაში მდგომარეობს უფლების უფრო ნაკლები ინტენსივობით შეზღუდვის არსი და მოცემულ შემთხვევაში, არ შეიძლება კონკრეტული საქმის ინდივიდუალურ გარემოებებზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილება აღქმული იქნეს მხარეთა თანასწორობის დარღვევის რისკის შემცველად.“
შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/6/746, 1 დეკემბერი, 2017

„საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით განმტკიცებულია სამართლებრივი სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ელემენტი, სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომლის მთავარ მიზანსაც წარმოადგენს კონსტიტუციური უფლებების ეფექტური რეალიზაციის ხელშეწყობა და უფლებაში გაუმართლებელი ჩარევისაგან დაცვის ქმედითი მექანიზმების შექმნა.
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზანია გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხების პრევენცია. იგი ქმნის მხარის მოლოდინს, რომ მის სასარგებლოდ გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებას ექნება შესაბამისი ეფექტი, არ დაბრკოლდება მისი აღსრულება.საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც ინსტრუმენტული უფლება, მოიცავს არამხოლოდ სასამართლოსადმი ფორმალურად მიმართვას, არამედ სასამართლოს შესაძლებლობას უფლების დარღვევის ფაქტზე მოახდინოს ეფექტური რეაგირება. სამართლიანი სასამართლოს უფლება თავის თავში გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან იმგვარი რეგულაციის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტურ აღსრულებას.
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნას პირის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას სასამართლოში. ამ ღონისძიების შეწყვეტა იმ პირობებში, როდესაც კვლავ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობის, აღსრულების გართულების რისკი ან სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის გამოყენების სხვაგვარი საჭიროება, მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის სამართლიანი სასამართლოს უფლებით სრულყოფილად სარგებლობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმა ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტით დაცულ უფლებას.“
შპს „ჯორჯიანმანგანეზი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/6/746, 1 დეკემბერი, 2017

“იმის მიუხედავად, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას, მისი დაუყოვნებლივ ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში საკითხი დარჩება მოწესრიგების გარეშე, და იმავდროულად, სასამართლოს არ ექნება შესაძლებლობა, განსაზღვროს მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის ვადა. საკითხის სამართლებრივი რეგულაციის გარეშე დატოვებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს მნიშვნელოვანი კერძო და საჯარო ინტერესების დარღვევა. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე გადაავადოს სადავო ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადება 2018 წლის 31 მარტამდე, რათა საქართველოს პარლამენტს მიეცეს გონივრული შესაძლებლობა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მოაწესრიგოს აღნიშნული საკითხი და დაიცვას გონივრული ბალანსი პროცესის მონაწილეთა ინტერესებს შორის.
შპს „ჯორჯიანმანგანეზი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/6/746, 1 დეკემბერი, 2017

„სამართლიანი სასამართლოს უფლების თითოეული უფლებრივი კომპონენტის ეფექტურად განხორციელება დაკავშირებულია სასამართლოს დროისა და რესურსების ხარჯვასთან. საქმის ზეპირი განხილვა, მხარეების მტკიცებულებების შესწავლა და მათი პოზიციის მოსმენა, შეჯიბრებითი და თანასწორი პროცესის ჩატარება, კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცესუალური უფლებების განხორციელება სასამართლოში მოითხოვს გარკვეული დროის დათმობას, რაც, თავის მხრივ, აისახება სასამართლოს მიერ საკითხის გადაწყვეტის ვადებზე. პროცესუალური უფლებების სიმრავლე და მათი განხორციელებისათვის განკუთვნილი დრო პირდაპირ ზეგავლენას ახდენს სამართალწარმოების სისწრაფეზე.
მართლმსაჯულება პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს. სამართალწარმოების სწრაფად დასრულება, ამ შემთხვევაში, სწორედ გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის ხანგრძლივად, უსაფუძვლოდ დადების თავიდან აცილებას ემსახურება. ამასთანავე, მართლმსაჯულების ინტერესები რთულად თუ მიიღწევა იმ შემთხვევაში, როდესაც პირი სრულყოფილად არ იქნება აღჭურვილი სამართლიანი სასამართლოს უფლების ცალკეული კომპონენტებით. გაუმართლებელია პირის სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვა მისივე ინტერესებზე მითითებით. როდესაც საქმის განხილვის სწრაფად დასრულება თავად პირის ინტერესებშია, შეუძლებელია, პირს გააჩნდეს საქმის ხელოვნურად გახანგრძლივების მოტივაცია. პირიქით, ასეთ შემთხვევაში იგი თავად უკეთ გადაწყვეტს, მის რომელ ინტერესს მიანიჭოს უპირატესობა და რა მოცულობით ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებრივი გარანტიებით. იმ შემთხვევაში, თუ სამართლიანი სასამართლოს უფლების ცალკეული კომპონენტებით სარგებლობა (მაგალითად, საკუთარი მოსაზრების წარდგენა ზეპირი მოსმენით) იწვევს სამართალწარმოების გახანგრძლივებას და, შედეგად, უფრო ხანგრძლივი ვადით იზღუდება პირის საკუთრების უფლება, მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, თავად გადაწყვიტოს, რომელ ინტერესს მიანიჭოს უპირატესობა, სრულად ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით თუ პირიქით – უარი თქვას გარკვეულ პროცედურებზე წარმოების სწრაფად დასრულების ინტერესის გათვალისწინებით.“
ააიპ „ფრემა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/8/734 , 28 დეკემბერიმ, 2017

„მხოლოდ ეფექტური მართლმსაჯულების მეშვეობით არის შესაძლებელი ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა. ამდენად, სამართალწარმოების ეფექტიანად განხორციელების მიზნის მისაღწევად, სახელმწიფომ შესაძლოა, შესაბამისი პროცედურების მომწესრიგებელი ნორმებით შეზღუდოს სამართლიანი სასამართლოს უფლების სხვადასხვა უფლებრივი კომპონენტები, მათ შორის, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის უფლება. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა წარმოადგენს მექანიზმს, რომელიც ამცირებს სასამართლოს მიერ დახარჯულ დროსა და რესურსს, ემსახურება პროცესის ეკონომიურობას, რაც, საბოლოო ჯამში, იცავს სასამართლოს გადატვირთულობისაგან.
იმის მიუხედავად, რომ სასამართლოს გადატვირთულობისაგან დაცვა ნამდვილად წარმოადგენს ღირებულ ლეგიტიმურ ინტერესს, აუცილებელია, გამოყენებული საშუალება წარმოადგენდეს მისი დაცვის გამოსადეგ ღონისძიებას და შეზღუდვა ლოგიკურად უკავშირდებოდეს ლეგიტიმურ მიზანს.
ცხადია, გარკვეული დროის გასვლის შემდგომ, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შეცვლისას, თუკი მოიმატებს სადავო ნორმით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენების შემთხვევები და მათი განხილვის შედეგად გაიზრდება სასამართლოს გადატვირთულობის ხარისხი, შესაძლოა, დღის წესრიგში დადგეს სასამართლოს გადატვირთვისგან დაცვის საჭიროება, მათ შორის, აღნიშნული ღონისძიებების შესახებ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის გზით და ასეთი მოცემულობა დამოუკიდებლად გახდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასების საგანი. თუმცა დღეის მდგომარეობით, საქმეთა რაოდენობიდან გამომდინარე, ასეთი საჭიროება არ არსებობს და მინიმალურია ის ტვირთი, რაც შესაძლოა, სადავო ნორმით გათვალისწინებული საქმეების ზეპირი მოსმენით დააწვეს სასამართლო სისტემას. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმით გათვალისწინებული ღონისძიება არ წარმოადგენს სასამართლოს გადატვირთვისგან დაცვის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებას.“
ააიპ „ფრემა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/8/734 , 28 დეკემბერი, 2017

„სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს უფლების დაცვის შესაძლებლობას საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული მართლმსაჯულების ინსტიტუციური გარანტიების, საერთო სასამართლოს სისტემის მეშვეობით. აღნიშნული, მათ შორის, გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრებას საერთო სასამართლოთა სისტემაში, ხოლო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას ამავე სისტემის ზემდგომ ინსტანციაში.“

საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/7/779, 19 ოქტომბერი, 2018      

     

„ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების საკითხის მოწესრიგება თავის თავში მოიაზრებს ორ ერთმანეთთან დაპირისპირებული მხარის სამართლიანი სასამართლოს უფლების რეგულირებას. ერთი მხრივ, სახეზეა განცხადების წარმდგენი პირის კონსტიტუციური ინტერესი, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის ეფექტური მექანიზმების არსებობასთან დაკავშირებით. მეორე მხრივ, კონსტიტუციით დაცულია სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების შეუქცევადობისა და აღსრულების უფლება.

სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შეფასებისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული იმ სამართლებრივი ინსტიტუტების ბუნება, რომელთა მოწესრიგებისკენაცაა მიმართული გასაჩივრებული რეგულაცია. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების საკითხის მოწესრიგებისას, ერთმანეთს უპირისპირდება კერძო პირების კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სხვადასხვა ლეგიტიმური ინტერესები.

ამდენად, აშკარაა, რომ იმ პირობებში, როდესაც არ დგინდება გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგების სრულად გაუქმების საჭიროება, გადაწყვეტილების გადახედვის საკითხთან მიმართებით, როგორც გადახედვის მომთხოვნ, ასევე მოწინააღმდეგე მხარეს შესაძლოა, ჰქონდეთ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით დაცული ინტერესები. მსგავს შემთხვევებში, ერთი მხრივ, სახეზეა განმცხადებლის სამართლიანი სასამართლოს უფლებით დაცული ინტერესი, რომ მოხდეს გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმება, რომელთან მიმართებითაც არსებობს გადახედვის საჭიროება. მეორე მხრივ, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ასევე იცავს პირის უფლებას, არ მოხდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვა იმ ნაწილში, რომელზეც გავლენას არ ახდენს ახლად აღმოჩენილი გარემოება. რიგ შემთხვევებში, შესაძლოა, განმცხადებლის უფლების დაცვა სრულად უზრუნველყოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მხოლოდ ნაწილობრივმა გაუქმებამ. რაც, ბუნებრივია, გადაწყვეტილების სრულად გაუქმებასთან შედარებით ნაკლებად მზღუდველი ღონისძიებაა.“

საქართველოს მოქალაქე დავით ძოწენიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/8/765, 7 დეკემბერი, 2018

 

„როდესაც გადაწყვეტილების მხოლოდ ნაწილის რევიზია შეუძლებელია, მისი სრულად გაუქმებით შელახული პირის ინტერესები შესაძლოა აღემატებოდეს გადაწყვეტილების გაუქმებით დაცული განმცხადებლის ინტერესებს. სადავო საკითხის საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების შესაბამისი რეგულირება უნდა იძლეოდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში  მხარეთა ინტერესების დაბალანსების შესაძლებლობას.

კერძოდ, კანონი უნდა აძლევდეს მოსამართლეს შესაძლებლობას, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში შეაფასოს მხარეთა ინტერესთა დაბალანსებას უკეთ უზრუნველყოფს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ გაუქმება თუ მისი ძალის შენარჩუნება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. თუ მოსამართლე მივა დასკვნამდე, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების შედეგების გაუქმებით შელახული ინტერესები აღემატება განმცხადებლის დაცულ ინტერესს, მაშინ მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, არ გააუქმოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება.

სადავო ნორმით არ ხდება დავის ორივე მხარის ზემოთ ხსენებული ინტერესების თანაბრად გათვალისწინება. მის საფუძველზე დადგენილია ბლანკეტური წესი, რომელიც საკითხს, ყველა შემთხვევაში, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გადახედვის მომთხოვნი მხარის სასარგებლოდ წყვეტს. სადავო რეგულირება საქმის განმხილველ მოსამართლეს ართმევს შესაძლებლობას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეაფასოს მხარეთა ინტერესები და გადაწყვეტილება სწორედ ამ ინტერესთა შეჯერების შედეგად მიიღოს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, წესი, რომელიც მოსამართლეს მისცემდა შესაძლებლობას, გადაწყვეტილება მიეღო ინდივიდუალური გარემოებების შეფასების გზით, წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ნაკლებად მზღუდველ საშუალებას. ხსენებული რეგულირების პირობებში შესაძლებელი გახდებოდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების მომთხოვნი მხარის ინტერესების დაცვა იმგვარად, რომ არ მომხდარიყო მეორე მხარის უფლების არაპროპორციულად შელახვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების  საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით გაუქმების შესაძლებლობას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას.“

საქართველოს მოქალაქე დავით ძოწენიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/8/765, 7 დეკემბერი, 2018

 

„საქმის ხელახალი განხილვა და  სასამართლოს უკვე ჩამოყალიბებულ პოზიციაზე გავლენის მოხდენა სჭირდება იმ მხარეს, რომლის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოხდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება. იგი მას აძლევს  დავის მის სასარგებლოდ დასრულების დამატებით შესაძლებლობას. ამდენად, მოსარჩელისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 431-ე მუხლს აღმჭურველი ხასიათი გააჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ სადავო ნორმა არ ზღუდავს მოსარჩელის მიერ სასამართლოს მეშვეობით უფლების დაცვის შესაძლებლობას და, შესაბამისად, არ არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებას.“

 

„კანონმდებელს გააჩნია კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგებისათვის ამა თუ იმ სამართლებრივი მოდელის არჩევის დისკრეცია, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შესაფასებელ მოცემულობას შეიძლება წარმოადგენდეს უკვე შერჩეული მოდელის ფარგლებში, რამდენად არის დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება.“

საქართველოს მოქალაქე დავით ძოწენიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/8/765, 7 დეკემბერი, 2018

 

„საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ინსტრუმენტული ხასიათის არის და იცავს ნებისმიერი სიკეთის, მათ შორის, კანონით მინიჭებული უფლებების დაცვის შესაძლებლობას.“

საქართველოს მოქალაქეები – ხვიჩა ყირმიზაშვილი, გია ფაცურია და გვანცა გაგნიაშვილი და „შპს ნიკანი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/12/1229, 1242, 1247, 1299, 14 დეკემბერი, 2018

 

„საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს პირის უფლებას, დაიცვას საკუთარი უფლებები ინსტიტუციურად და სისტემურად დამოუკიდებელ სასამართლო ორგანოში. ზემდგომ პროკურორთან გასაჩივრების შესაძლებლობა და სასამართლოს წესით გასაჩივრება არ არის უფლების დაცვის იდენტური საშუალებები. შესაბამისად, ზემდგომ პროკურორთან გასაჩივრების შესაძლებლობა ვერ ჩაანაცვლებს სამართლიანი სასამართლოს უფლებას.“

საქართველოს მოქალაქეები – ხვიჩა ყირმიზაშვილი, გია ფაცურია და გვანცა გაგნიაშვილი და „შპს ნიკანი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/12/1229, 1242, 1247, 1299, 14 დეკემბერი, 2018

 

„საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული შეჯიბრებითობის პრინციპის მოთხოვნაა, რომ პირის მსჯავრდებულად ცნობა არ მოხდეს იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლის გამოკვლევის შესაძლებლობაც მას სისხლის სამართლის პროცესის განმავლობაში ერთხელაც კი არ ჰქონია. ამასთანავე, მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევა, მათთან დაკავშირებით აზრის გამოთქმა და სანდოობის ეჭვქვეშ დაყენება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, როდესაც იმ მოსამართლის (ნაფიც მსაჯულთა) წინაშე ხდება მტკიცებულებათა წარდგენა, რომლებმაც უნდა მიიღონ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება. კონფრონტაციის უფლება, როგორც წესი, არსებით სხდომაზე რეალიზებადი უფლებაა და მის მიზანს წარმოადგენს ბრალდებულისათვის მოწინააღმდეგე მხარის მტკიცებულებებთან დაპირისპირებისა და მათი გაქარწყლების შესაძლებლობის მინიჭება“.

საქართველოს მოქალაქეები როინ მიქელაძე და გიორგი ბურჯანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/13/1234,1235, 14 დეკემბერი, 2018

 

„საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს ბრალდებულის უფლებას, ერთხელ მაინც მიეცეს მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის და მათთან დაპირისპირების შესაძლებლობა. როგორც უკვე დადგინდა, დაცვის მხარეს შეუძლია მტკიცებულებათა გამოკვლევის ყველაზე გადამწყვეტ და კრიტიკულ ეტაპზე, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, გადაწყვეტილების მიმღები სასამართლოს წინაშე ისარგებლოს მოწმის ჯვარედინი დაკითხვის უფლებით და ამ გზით მოახდინოს მოწმის ჩვენების სრულყოფილი გამოკვლევა, წარადგინოს საკუთარი პოზიცია მის შესახებ და იდაოს მის სისწორესა და სანდოობაზე. ამავე დროს, მოსარჩელეს არ მიუთითებია სათანადო არგუმენტაცია, რომლის საფუძველზეც წარმოჩნდებოდა, თუ რატომ წარმოადგენს მოწმესთან გამოძიების ეტაპზე კონფრონტაცია ჯვარედინი დაკითხვის უფლების ეფექტურად გამოყენების აუცილებელ წინაპირობას. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოქმედი კანონმდებლობა იძლევა მოწმის კონსტიტუციის 42-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით ჯვარედინი დაკითხვის შესაძლებლობას“.

საქართველოს მოქალაქეები როინ მიქელაძე და გიორგი ბურჯანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/13/1234,1235, 14 დეკემბერი, 2018

 

„საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი მიზნად ისახავს პირისათვის სამართლიანი სასამართლოს უფლებით სრულყოფილად სარგებლობის უზრუნველყოფას. იქიდან გამომდინარე, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება აერთიანებს პირის მრავალ საპროცესო შესაძლებლობასა თუ გარანტიას, მისი შემადგენელი უფლებრივი კომპონენტები შესაძლოა დაცული იყოს დასახელებული მუხლის სხვადასხვა პუნქტში. ამასთანავე, 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ახდენს სამართლიანი სასამართლოს უფლების ზოგად რეგლამენტაციას და თავის თავში მოიაზრებს ყველა იმ უფლებრივ კომპონენტს, რომლებიც დაცული არაა ამავე მუხლის სხვა პუნქტებით, თუმცა სამართლიანი სასამართლოს შემადგენელი ნაწილია. ამგვარ უფლებრივ კომპონენტს წარმოადგენს მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა, რომელიც სწორედ კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სფეროში ექცევა. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის ის არგუმენტაცია, რომელიც მიემართება დაცვის მხარის შუამდგომლობით მოპოვებული მტკიცებულების, ბრალდების მხარის მიერ, პირველად გამოკვლევას და, ამ მხრივ, მისთვის უპირატესობის მინიჭებას, შეფასებადი იქნება დასახელებულ კონსტიტუციურ დებულებასთან. რაც შეეხება „მსუსხავ“ ეფექტს, იმ კუთხით, რომ მსგავსი რეგულაციის პირობებში დაცვის მხარემ შესაძლოა საერთოდაც უარი თქვას მისი უფლების რეალიზაციაზე და არ მიმართოს სასამართლოს მტკიცებულების ამოღების შუამდგომლობით, აღნიშნული არგუმენტაცია არ უკავშირდება მხარეთა შორის თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევას და იგი მიემართება დაცვის მხარის მიერ მტკიცებულების მოპოვების პროცესს და შემდგომში ამ მტკიცებულების საკუთარი პოზიციის გასამყარებლად გამოყენებას“.

საქართველოს მოქალაქე ტიტიკო ჩორგოლიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/4/809, 14 დეკემბერი, 2018

 

„სასამართლომ დაცვის უფლების კონტექსტში განცალკევებით შეაფასა სადავო ნორმის კონსტიტუციურობა, რომელიც დაცვის მხარეს უზღუდავდა გარკვეული ტიპის მტკიცებულებათა მოპოვებას და დაადგინა, რომ, მართალია, მტკიცებულებათა მოპოვების პროცესში მხარეთა უფლებების თანასწორობა დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით, თუმცა მტკიცებულებათა მოპოვების უფლება, თანასწორობის ელემენტისგან განცალკევებით, მხარის პოზიციის დასაბუთების მიზნით გარანტირებულია კონსტიტუციის ამავე მუხლის მე-3 პუნქტით.

მხარეთა შორის თანასწორობა თავიდანვე პირობადებულია ამ პრინციპის ფარდობითი ხასიათით და მოწინააღმდეგე მხარესთან შედარების მიზანს წარმოადგენს მხარეთა შორის სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფა“.

საქართველოს მოქალაქე ტიტიკო ჩორგოლიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/4/809, 14 დეკემბერი, 2018

Back to Top