42 მუხლი

„სამართლიანი სასამართლოს უფლება წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მექანიზმს, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და უფლებებში გაუმართლებელი ჩარევისაგან დაცვას.“

კანადის მოქალაქე ჰუსეინ ალი და საქართველოს მოქალაქე ელენე კირაკოსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,  №1/1/403,427, 19 დეკემბერი, 2008

 

„სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება  ინდივიდის უფლების და თავისუფლების დაცვის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა. ის ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც, ერთი მხრივ წარმოადგენს სხვა უფლებებისა და ინტერესების დაცვის საშუალებას, ხოლო მეორე მხრივ, ხელისუფლების შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების არქიტექტურის უმნიშვნელოვანეს ნაწილს. ინდივიდების სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა ის საშუალებაა, რომელიც ახდენს სასამართლო ხელისუფლების განხორციელების ინიცირებას და, შესაბამისად, ამ მხრივ, მისი კონსტიტუციური წონა მჭიდროდ არის დაკავშირებული ზოგადად სასამართლო ხელისუფლების ეფექტურად განხორციელებასთან.“

საქართველოს მოქალაქეები გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე  საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/3/421,422, 10 ნოემბერი, 2009

 

„საქართველოს კონსტიტუციის 42- მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს როგორც საერთო იურისდიქციის სასამარლოებში, ისე საკონსტიტუციო სასამართლოში უფლების დაცვის შესაძლებლობას.

საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის აკრძალვა მაშინ ჩაითვლება სამართლიანი სასამართლოს უფლების არაპროპორციულად შეზღუდვად, უფლების დარღვევად, თუ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა კონკრეტული უფლების დაცვის ერთადერთ, ან უფლებაში აღდგენის განსხვავებულ, იმავდროულად უფლების დაცვის აუცილებელ საშუალებას წარმოადგენს, რომლის გარეშეც, უფლების სრულყოფილი, ადეკვატური დაცვა შეუძლებელი იქნება.

ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოსადმი პირებს მხოლოდ მაშინ აქვთ მიმართვის უფლება, როდესაც ნორმატიული აქტით ირღვევა მათი კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები, ისინი საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის უფლების არარსებობის პირობებში, შეიძლება აღმოჩნდნენ შემდეგი პრობლემის წინაშე: მათი უფლების შემლახველი ნორმატიული აქტების კანონიერების საერთო სასამართლოში გადაწყვეტის შემთხვევაშიც კი პრობლემა ვერ ამოიწურება, როდესაც უფლების სავარაუდო დარღვევის მიზეზი კანონია.

შესაბამისად, ცალკეულ შემთხვევებში, საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა უფლების დარღვევის თავიდან აცილების პრევენციის თვალსაზრისით, უფლების დაცვის ერთადერთი საშუალებაა.

მაშასადამე: ) უცხოელები და აპატრიდები არიან საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის უფლებების სუბიექტები; ) საქართველოს კონსტიტუციის 42- მუხლის პირველი პუნქტის სუბიექტი არის ყველა ადამიანი (მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები უცხოელები და აპატრიდები); ) 42- მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს ამ პირების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობას; ) საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მათი მიმართვა ცალკეულ შემთხვევაში, ერთადერთი შესაძლებლობა ან საჭირო ბერკეტია უფლების სრულყოფილად დასაცავად; ) არ არსებობს ლეგიტიმური მიზანი, რისთვისაც ამ პირებს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა უნდა ეკრძალებოდეთ; ) მეტიც, უფლებაში ჩარევის ლეგიტიმური მიზნის რეალურად არსებობის შემთხვევაშიც კი, ადამიანი არ შეიძლება დარჩეს საკუთარი უფლებების დარღვევის პირისპირ, ყოველგვარი სამართლებრივი ბერკეტის და მთ უფრო დარღვეული უფლებების სასამართლოში დაცვის შესაძლებლობის გარეშე.

 საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,  №1/466, 28 ივნისი, 2010

 

„კონსტიტუციის 42- მუხლი მოითხოვს, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს სასამართლო ხელისუფლების კომპეტენციის იმგვარად განსაზღვრა, რომელიც პასუხობს სასამართლოს გზით კონსტიტუციური უფლებების ადეკვატურ დაცვას. სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება და ამ გზით უფლების დაცვის ეფექტური სამართლებრივი საშუალების მოთხოვნა თანმხვედრი უნდა იყოს სასამართლოს კომპეტენციისა, ადეკვატურად მოახდინოს უფლების დარღვევაზე რეაგირება. წინააღმდეგ შემთხვევაში თავად უფლებით სარგებლობა დგება საფრთხის ქვეშ.

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,  2/3/416, 11 ივლისი, 2011

 

„ფუნდამენტური კონსტიტუციური უფლებებიც, მათი სასამართლოში დაცვის ადეკვატური შესაძლებლობის გარეშე, იქნება ფორმალური, ილუზორული, ამიტომ სასამართლო ხელისუფლების (მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს) უფლებამოსილება უნდა წარმოადგენდეს 42- მუხლის რეალიზაციის ეფექტურ შესაძლებლობას და, იმავდროულად, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლებით სრულყოფილად სარგებლობის კონსტიტუციურ გარანტიას.

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,  2/3/416, 11 ივლისი, 2011

 

„საქართველოს კონსტიტუციის 42– მუხლი კონსტიტუციაში დაცვის უფლების ზოგად რეგლამენტაციას ახდენს. დაცვის უფლების არსი იმაში მდგომარეობს, რომ პირს, რომლის მიმართაც გარკვეული პროცესუალური ზომები ტარდება, უნდა გააჩნდეს შესაბამის პროცედურასა და მის შედეგზე ეფექტური ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა. სასამართლო განმარტავს, რომ დაცვის უფლების მოქმედება, რომელსაც კონსტიტუციური ნორმა განსაზღვრავს, არ შემოიფარგლება სისხლის სამართლის სფეროთი და ვრცელდება როგორც სამოქალაქო, ასევე ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაზე.“

საქართველოს მოქალაქეებილევან იზორია და დავითმიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,  №1/2/503,513, 11 აპრილი, 2013

 

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი პირს აღჭურავს გარანტიით, რომ გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ამ გზით იცავს მას დაუსაბუთებელი და უკანონო სასამართლო გადაწყვეტილებების შედეგად უფლების დარღვევისაგან.“

საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 546-ე მუხლის და ამავე კოდექსის 518-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე, №3/3/601, 24 დეკემბერი, 2014

Back to Top