44 – ე მუხლის მე-2 პუნქტი

„ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები და თავისუფლებები.“ ამ ნორმის მიზნებისათვის, თუკი უცხოელებზე და აპატრიდებზე, რომლებიც არ ცხოვრობენ საქართველოში, არ გავრცელდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის ვალდებულება (მათზე საქართველოს იურისდიქციის გავრცელების ფარგლებში), მათ მიერ საქართველოში მცხოვრები პირების უფლებების და თავისუფლებების დარღვევის შემთხვევაში, ამაზე რეაგირების შესაძლებლობა არ იქნება. შესაბამისად, ეს ადამიანები საქართველოს კანონმდებლობის შეუსრულებლობით საქართველოში მცხოვრები პირების უფლებათავისუფლებათა დარღვევის გამო პასუხს არ აგებენ. ასეთ პირობებში კი აზრს კარგავს ადამიანის უფლებების ადამიანისვე უფლებებით შეზღუდვის კონსტიტუციური პრინციპი.

თუ კონსტიტუციის მიზანია ადამიანის უფლებების (თუნდაც მხოლოდ ქვეყნის მოქალაქეების ან მხოლოდ ქვეყანაში მცხოვრები პირების უფლებების) დაცვა, ეს სრულიად არაეფექტური იქნება, თუ კონსტიტუცია ყველა შესაძლო სუბიექტზე, ადამიანის უფლებების ყველა პოტენციურ დამრღვევზე არ გაავრცელებს ამ ვალდებულებას და მხოლოდ საქართველოში მცხოვრებ პირებს შეზღუდავს ამ თვალსაზრისით. ნიშანდობლივია, რომ თავად ნორმის ტექსტიც არ იძლევა ვიწრო განმარტების საფუძველს. 44- მუხლის მე-2 პუნქტი მოითხოვს კანონმდებლობით ინტერესთა ისეთ დაბალანსებას, როდესაც ყველა შესაძლო უფლების დამრღვევს (და არა მხოლოდ საქართველოში მცხოვრებ პირებს) ეკისრება ვალდებულება, არ დაარღვიოს სხვათა უფლებები საკუთარი თავისუფლების რეალიზების პროცესში.

მაშასადამე, საქართველოს კონსტიტუციის 44- და 47- მუხლები არ წარმოადგენენ დაბრკოლებას საქართველოში არმცხოვრები პირების საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სუბიექტებად მიჩნევისთვის.

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/466,  28 ივნისი, 2010

Back to Top

%d bloggers like this: