47 – ე მუხლის პირველი პუნქტი

47- მუხლის პირველი პუნქტის დანიშნულება არის საქართველოში მცხოვრები უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების უფლებრივი გათანაბრება საქართველოს მოქალაქეებთან, კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა. ამ ნორმის მიზანი არ არის საქართველოს ტერიტორიაზე შემოღებული გარკვეული რეგულაციის საქართველოს ტერიტორიაზე არმცხოვრები პირების მიმართ გავრცელების აკრძალვა. ნორმის შინაარსი ამოიწურება იმით, რომ საქართველოში მცხოვრებ უცხოელებსა და აპატრიდებს საქართველოს მოქალაქის თანაბარი უფლებები და მოვალეობები აქვთ, გარდა კონსტიტუციით და კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. ის საერთოდ არ ეხება საქართველოში არმცხოვრები უცხოელებისა და აპატრიდების უფლებრივ მდგომარეობას. ვინაიდან ნორმაში არ არის უშუალო მითითება საქართველოში არმცხოვრები უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების საქართველოს მოქალაქეებთან უფლებრივი გათანაბრების აკრძალვის თაობაზე, ამდენად, ის არ გამორიცხავს კონსტიტუციის სხვა ნორმებით ამ პირების გათანაბრების შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 47- მუხლის პირველი პუნქტი ვერ დაავიწროებს, პირთა წრის მიხედვით, იმ კონსტიტუციური უფლებების ფარგლებს, რომელთა სუბიექტიც ადამიანია. სულ მცირე, აზრს დაკარგავს მეორე თავში ტერმინებისადამიანი“, „პირი“, „ყველაგამოყენება. ამიტომ გადამწყვეტი ამ თვალსაზრისით არის ის, რომ თითოეული კონსტიტუციური უფლება თავად განსაზღვრავს ამ უფლების სუბიექტებს, შესაბამისად, საქართველოში არმცხოვრები უცხოელების კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობის საკითხი უნდა გაირკვეს თავად ამ უფლების მარეგლამენტირებელი კონსტიტუციური ნორმის (ყოველი კონკრეტული უფლების) ფარგლებში. ბუნებრივია, ეს წარმოშობს კანონმდებლის ვალდებულებას, 47- მუხლზე დაყრდნობით კანონით გამონაკლისების დადგენისას, გაითვალისწინოს კონკრეტული კონსტიტუციური უფლების მარეგლამენტირებელი ნორმების მოთხოვნები.

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, № 1/466, 28 ივნისი, 2010

 

„საქართველოს კონსტიტუციის 47- მუხლის პირველი პუნქტის მიზანია საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მიერ კონსტიტუციური უფლებების გავრცელების ფარგლების განსაზღვრა. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს კონსტიტუციური უფლებების მოქმედებას პირთა წრის მიმართ და ადგენს გარანტიას, რომ კონსტიტუციის მე-2 თავით გარანტირებული  კონსტიტუციური უფლებები საქართველოში მცხოვრებ უცხოელებზე ვრცელდება საქართველოს მოქალაქეთა თანაბრად, თუ საწინააღმდეგო თავად კონსტიტუციიდან არ გამომდინარეობს.

საქართველოში მცხოვრები უცხოელები მჭიდროდ არიან დაკავშირებული სახელმწიფოსთან, ისინი წარმოადგენენ ქართული საზოგადოების წევრებს და საქართველოს მოქალაქეების მსგავსად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის ყოფაცხოვრებაში, მის წინსვლასა და განვითარებაში. უცხოელები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, ინტენსიურად ექცევიან საქართველოს სამართლებრივი რეგულირების სფეროში და ნორმატიული წესრიგის ფორმირება, როგორც წესი, საქართველოს მოქალაქის თანაბრად ახდენს გავლენას მათ საქმიანობაზე, არსებობასა და განვითარებაზე.

დემოკრატიული საზოგადოების არსებობა მოითხოვს მისი თითოეული წევრის უფლების პატივისცემას. საზოგადოების წევრებისათვის განვითარების თანაბარი შესაძლებლობების შექმნას. სწორედ საქართველოში მცხოვრები უცხოელის სახელმწიფოსთან მჭიდრო კავშირი განაპირობებს იმას, რომ კონსტიტუციამ მათ განსაკუთრებული სტატუსი მიანიჭა და კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობის კონტექსტში მნიშვნელოვნად გაუთანაბრა საქართველოს მოქალაქეებს.

საქართველოში მცხოვრებ უცხოელს კონსტიტუციის 47- მუხლის პირველი პუნქტი აძლევს იმის გარანტიას, რომ კონსტიტუციური უფლებები, თავისი შინაარსის მიუხედავად, მის მიმართ გავრცელდება ისევე, როგორც იგი ვრცელდება საქართველოს მოქალაქის მიმართ, თუ კონსტიტუცია რომელიმე კონსტიტუციურ უფლებას პირდაპირ არ განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქის ექსკლუზიურ უფლებად.

დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, N3/1/512, 26 ივნისი, 2012

Back to Top