49 – ე მუხლის პირველი პუნქტი

„კოლეგიას მიაჩნია, რომ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს საქართველოს პარლამენტში ჰყავთ წარმომადგენლები, მათ შორის მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატები, რომლებიც არჩეულნი არიან საქართველოს იურისდიქციის დარღვევამდე ავტონომიური რესპუბლიკის მცხოვრებთა მონაწილეობით და საკანონმდებლო ცვლილებების შეტანამდე ერთმანდატიანი ოლქის არჩევნებში მათი მონაწილეობა და კიდევ ერთი მაჟორიტარის არჩევა ამომრჩეველზე ერთი ხმის უფლების დარღვევას გამოიწვევდა, რასაც ყველა ამომრჩევლის თანასწორობის პრინციპის დარღვევა მოჰყვებოდა.“

საქართველოს მოქალაქეები ბესარიონ ფანცულაია, ელგუჯა გულედანი და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/97/3, 21 დეკემბერი, 2000

„საპარლამენტო არჩევნების დროს დევნილები სარგებლობენ არჩევნებში პროპორციული წესით მონაწილეობის უფლებით. რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატების არჩევნებს – „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ ორგანული კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქები იქმნება ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის გათვალისწინებით, ესე იგი მხოლოდ ამ ადგილის მაცხოვრებლები იღებენ მასში მონაწილეობას. ის გარემოება, რომ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები სარგებლობენ დევნილთა სტატუსით და სახელმწიფოს მხრიდან იღებენ დახმარებას და ეს სტატუსი მათ სადავოდ არ გაუხდიათ, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ პირთა საცხოვრებელ ადგილად აფხაზეთის ტერიტორია მიიჩნევა, რომელიც დღეს გასულია საქართველოს იურისდიქციიდან და მაშასადამე, მაჟორიტარული არჩევნების ჩატარება დევნილთა მონაწილეობით არ არის შესაძლებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში თვით მაჟორიტარული არჩევნების გაგება აზრს დაკარგავდა, ვინაიდან იგი ადგილებზე არჩევნებს გულისხმობს.“

ბესარიონ ფანცულაია, ელგუჯა გულედანი და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №2/97/3, 21 დეკემბერი, 2000

„ხელახალი ხმის მიცემა, გარკვეულ პირობებში, საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისი დებულებების მართებულად განხორციელების ერთ-ერთი გარანტიაა.“

საქართველოს პარლამენტის წევრთა სამი ჯგუფი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ, №6/134-139-140, 30 მარტი, 2001

„სწორედ კენჭისყრა, ხმის მიცემა წარმოადგენს არჩევნების კონსტიტუციურ (სუბსტანციურ) ნიშან-თვისებას… …შეუძლებელია ლაპარაკი არჩევნების შედეგების ბათილობაზე იქ, სადაც არ ყოფილა კენჭისყრა. შეუძლებელია გაბათილდეს ამომრჩევლის ნება, რომელიც არ გამოხატულა. ამომრჩეველმა ნება რომ გამოავლინოს, ამისათვის ორგანული კანონი საუბნო საარჩევნო კომისიას ვალდებულს ხდის ჩაატაროს კენჭისყრა.“

საქართველოს პარლამენტის წევრთა სამი ჯგუფი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ, №6/134-139-140, 30 მარტი, 2001

Back to Top

%d bloggers like this: